ღმერთი

ღმერთი

пятница, 20 декабря 2013 г.

ფიქრები, მოგონება და ოცნება.ვაჟა-ფშაველა.

კაციც ბევრშია გასამტყუნარი. იქამდის მამაცია, დაფიქრდება და იტყვის: ერთხელაც იქნება მოვკვდებიო, მაგრამ იმდენად მხნე და გონიერია, არა გიჟდება. ამ ფიქრს ინელებს ადვილად, აღარა ფიქრობს ბევრს და იმავ წამს თავს არ იკლავს. მეტიჩარა არ არის, მონელება უნდა. აკვანი და კუბო ტყუპნი არიან; ვიბადებით, აკვანში გვაწვენენ და გვარწებენ. ვიხოცებით – კუბოში გვასვენებენ და სამარისაკენ ქანაობით მიგვათრევენ.

–––––

ერთმა ქვამ, დიდმა ლოდმა, გამიჭირა საქმე: ჭალაში გდია სწორედ გზის თავში. რაც გავჩნდი მას აქეთ სულ ერთს ადგილას არის წამოყუნთებული კალმიკების ღმერთივით, ზედ ხავსი მწვანედ გადაჰკრია და მხოლოდ ერთი წვეტი ცხვირიღა გამოჰშვირს ხავსით დაუფარავი. ვეღარაფერმა დაძრა ის მუდრეგი იმ ადგილიდამ, აღარც ღვარი ჰხვდება, აღარც ზვავი, სწორედ გულის გამასიებელია და მე კი გული გამისივა; ვეღარ მოვითმინე და მივედი ამ ქვასთან ახლო, – ვუცქერი, თითქოს საგანია, სიგრძეცა აქვს, სისქეც, სიმძიმე ათასის კაცის ტოლა. – მივედი ახლო მაინც, წარბს არ იხრის და ბრაზმოსულმა ჯოხი დავუშინე: ადეგ შე მუდრეგო, თუ გძინავს, გაიღვიძე, თუ გღვიძავს, დაიძინე, ერთი რამა ქმენი, აბა რას უგდიხარ ეგრე ოხრად და ტიალად? რასა ჰგავს შენი ყოფნა? ვაცქერდები, თითქოს დამცინის და მეუბნება: „შენ მოჰკვდები, მე კი ისევ ესრე ვიქნები აქ დარბაისლურად წამომჯდარი და გამვლელ-გამომვლელი მნახავს, მზე გამათბობს, ცის ნამი დამნამავსო!“ ჰაი, ბეჩავო, ბეჩავო, არც ერთი არ არის შენთვის! ეს მხოლოდ ჩემი ოცნებაა, მაინც მკვდარი ხარ, მაინც შენ ვერაფერსა ჰგრძნობ და კიდეც ეგ მიკლავს გულსა, მხოლოდ კი ხარ, არსებობ და განა მე კი არ ვიქნები მკვდარი? მაგრამ დღეს რომ ცოცხალი ვარ, – ეს მეტი მადლია ჩემთვის ღვთისაგან მონიჭებული და ვცდილობ სიცოცხლე რაშიმე გამოვიყენო. ვფიქრობ, ვგრძნობ, მიყვარს, მძულს და კაცი მქვიან, დიაღ, კაცი საუკეთესო ბუნების წევრი ვარ, – ალბათ სიცოცხლესთან სიკვდილიც ერთი მადლია, ერთი მშვენიერებათაგანი, დამამძიმებელი, ამამაღლებელი ჩემის კაცობისა.

–––––

კაცმა იცოცხლოს მანამ, სანამ ავს რასმე იქმოდეს, თუ არა და წინად სიკვდილი ურჩევნავ, კეთილი ხსოვნა და მოგონება მაინც დაგვრჩება იმისა და საუკეთესო ნაწილი კაცობრიობისა ხომ იმისათვის იკლავს თავს და იღწვის, რომ სიკვდილის შემდეგ კეთილი სახელი დასტოვოს ქვეყანაზე.
პოეტს ნიჭი მანამ შესწევს, უფლება აქვს იპოეტოს, განამტკიცოს კაცთა შორის მაღალი აზრი, მაღალი გრძნობა, წყლულიანი გული გაგვიმთელოს და, როცა საჭიროა, მთელი გული გაგვიწყლულიანოს და უკეთუ თავის თავს ატყობს, რომ ძალ-ღონე ელევა, სჯობს, დასტოვოს საზოგადოება და გაიხიზნოს სადმე უდაბნოში, რადგან იგი მკვდარია მაშინ ცოცხლებში გამორეული, – ისეთი მკვდარი, რომელსაც თუმცა სული კიდევ უდგა, მაგრამ ეს სული ჰკლავს კიდეც იმას და სიცოცხლეს უმწარებს. გულსაკლავია, ძნელი ასატანი და მოსათმენია მტრის ჯარიდამ გამოსული მხედარი მოპირდაპირეს ითხოვდეს და შენის ქვეყნის ლაშქარში კი დალეულიყოს მამაცი და შენნი თანამოძმენი შერცხვენილნი თავდაკიდებით უცდიდენ ციდამ მოვლენილს ვაჟკაცს, იმათში კი გაწყვეტილიყოს…







Комментариев нет:

Отправить комментарий