ღმერთი

ღმერთი

вторник, 31 декабря 2013 г.

საახალწლოდ.

ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის, რისთვის გვიხარიან იესო ქრისტეს შობის დღე. გვესმის ეს დიდი დღე რისთვის არის დიდი, რისთვის არის ყოველ-წლივ სიხარულით და მილოცვით მისაგებებელი, რისთვის არის სადღესასწაულო დიდისა და პატარისათვის. ამ დღეს დაიბადა სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი და ცხოვრების მომნიჭებელი მაცხოვარი ქვეყნისა, ღმერთი ყოვლად მოწყალებისა და ყოვლად მსხნელის სიყვარულისა. ღმერთი ნუგეშინისმცემელი უძლურისა და უღონოსი, დავრდომილთა აღმადგენელი, სნეულთა მაურვებელი, ცოდვილთა შემწყნარებელი, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მეოხ-პატრონი და მწყალობელი. მან აღამაღლა ღირსება და პატივი ადამიანისა იქამდე, სადამდინაც მისდა მოსვლამდე ვერ მიმწვდარიყო ადამიანის შეშინებული გონება და გაუღვიძებელი გრძნობა. „ვით მამა ზეცის, იყავ შენცა სრულიო“, უმოძღვრა კაცს და ამით გვამცნო, რომ კაცი შემძლებელ არს აღსვლად ღვთაების სისრულემდე. რაოდენი დიდებაა და პატივი კაცის ბუნებისა ამ ექვსს სიტყვაში, ღვთისა ბაგეთაგან წარმოთქმულში!… იღვაწე და ღვთის სისრულემდე შენც შეგიძლიან ახვიდე და მიახწიოო. ესოდენი განდიდება და აღმატება ადამიანის ღირსებისა ჯერ მინამდე არა ადამიანს არ გაეგონა და საკვირველია განა, რომ ყოველ ამის შემდეგ ყოველ-წლივ იესო ქრისტეს შობის დღეს დიდებით ვადიდებთ, ერთმანეთს სიხარულით ვულოცავთ, ვმხიარულობთ და თვითოეულის გული მოწყალებისათვის და მადლისათვის სძგერს.


ხოლო არ გვესმის, რა მიზეზით ამისთანავე, თუ არ მეტის, სიხარულით ვეგებებით ხოლმე პირველ დღეს ახალი წლისას. აი ესეც ახალი წელიწადი და არ ვიცით რა მოგილოცოთ: წასვლა ძველისა, თუ მოსვლა ახლისა. ან ერთში რა ყრია, ან მეორეში, ვერ გამოგციცვნია. წასვლა ძველისა თავის-თავად ბევრი არაფერი სასიხარულოა. პირიქით, სანაღვლელი უფროა. ჯერ იმიტომ, რომ კარგი იყო თუ ავი, მაინც შეჩვეული ჭირი იყო და შეჩვეული ჭირი ხომ ზოგჯერ ქართველისათვის შეუჩვეველ ლხინსა სჯობია. მეორე იმიტომ, რომ ძველი წელიწადი წავიდა და სასიცოცხლოდ მოთვლილ დღეთაგან თვითოეულს ჩვენგანს მოაკლდა მთელი სამას– სამოც–და–ხუთი დღე და სამას– სამოც–და–ხუთის დღით ახლო მიუვედით იმ აუცილებელს სადგურს, საცა შესვლაა და გამოსვლა–კი აღარა. ნუთუ ეს მისალოცველია და სასიხარულო!… ხუმრობაა, მთელი სამას–სამოც–და–ხუთი თორმეტ-საათიანი დღე და მთელი სამას–სამოც–და–ხუთი თორმეტი საათიანივე ღამე!… წავიდა და დაიღუპა ეს ამოდენა დღე და ღამე, ეს ამოდენა დრო და ჟამი იქ, საცა სიცოცხლე უამისოდაც წუთია. დროთა ბრუნვამ რომ ეს ამოდენა ღალა წაართვა ჩვენს სიცოცხლესა, სამაგიეროდ რა ნუგეში მოგვცა, რა გვათესინა, რა მოგვამკევინა, რა დაგვამუნათა? რომ გვეთქმოდეს – ბევრი არაფერიო, ცოტა მაინც საგულვებელი გვექნებოდა. საქმე ის არის, რომ სულ არაფერი მოუცია, და ეს რა ნუგეშია. მიდიან დღენი, მიდიან წელნი და ჩვენ ისევ ისე პირდაღებულნი ვართ, ისევ ისე ხელცარიელნი, როგორც ვყოფილვართ, და ვიძახით: სად წავიდეთ, ვის შევჩივლოთ, ვის ვუთხრათ, ვინ განგვიღებს დახშულ კარსა ბედისას?..

ბედის კარის გაღებას ვინ სჩივის. ეს ის ძეხვია ჩვენთვის, რომელსაც მშიერი კატა ვერ შესწვდა და თავი იმით ინუგეშა, რომ პარასკევიაო. ჩვენთვის ისიც დიდი ბედნიერება იქნებოდა, რომ უბედურების კარის დახურვას და შიგნიდან ჩაკეტას მაინც ვღირსებოდით. ეს რომ მაინც ეწყალობებინა ძველს წელიწადს, კიდევ ღმერთს მადლობას ვეტყოდით და არ დავინანებდით ამისთვის იმ ძვირფას საფასურის გაცემას, რომელსაც დღენი სიცოცხლისანი ჰქვიან, და რომელიც მით უფრო ძნელი გასამეტებელია, რომ ჩვენდა დაუკითხავად მიდის და აღარ ბრუნდება უკან. სხვა ყველა გაცემული ისევ ხელახლად მოიხვეჭება და სიცოცხლის წარსული დღენი-კი აღარა. ვაი ფუჭად განვლილს სამას–სამოც–დ–ხუთს დღეს და ღამეს! ჩვენს სიცოცხლეს ეს ამოდენა ხანი მოაკლდა და ერთის ბეწვის ოდენიც-კი არა შეგვამტნია რა. უნდა ვტიროდეთ და არ გვიხაროდეს–კი, რომ ესე უგემურად, ურგებად დღენი ჩვენნი დავლიეთ. აქ სინანულს უფრო მეტი ადგილი აქვს, ვიდრე სიხარულს, გლოვას და სამძიმარს, ვიდრე მხიარულებასა და მილოცვ-მოლოცვას.

სინანულიც კაი საქმეა, კაი საქონელია, თუ მართლა საგონებელში რაშიმე ჩავგაგდო და ნამუსი და სინდისი თავისის უტყუარის სასწორით ხელში კარზე მოგვაყენა ჩვენდა განსაკითხავად. განკითხვა თავის–თავისა ბევრს მიზეზს დაგვანახვებდა ჩვენის უბედურებისას და ქარისაგან მოტანილს სიხარულს ძველის წასვლისას და ახალის მოსვლისას ქარსავე გაატანდა, მაგრამ სად არის. სინანულისა და განკითხვისათვის აღარც გული გვაქვს გულის ადგილას და აღარც ჭკუა ჭკუის ადგილას და ვიძახით წარამარად „დრონი მეფობენო“ მაშინ, დრო მხოლოდ იგი ქვევრია, რომელიც მარტო იმას ამოიძახებს ხოლმე, რასაც თვითონ კაცი ჩასძახებს.

რაღა საკვირველია, რომ ჩვენ, ძველის წელიწადისაგან გულგატეხილნი და ასე უნუგეშოდ დარჩენილნი, ახალ წელიწადს რაღაც იმედით ვებღაუჭებით, რაღაც სიხარულით შევნატრით. მეტი რა გზაა, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. ჩვენც ასე მოგვდის. ხოლო საკითხი ეს არის: ეს კარზე მოსული ახალი წელიწადი ჯერ ხომ გაუჭრელი ნესვია და რა საბუთია, რომ შევხარით. ქრისტეს აქეთ სრული ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი წელიწადი გასთენებია ადამიანს საერთოდ და ჩვენ, ქართველებს ცალკე და ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტჯერ სიხარულით და მილოცვით მივგეგებივართ და ამდენჯერვე მოვტყუებულვართ, იმედი და სიხარული გაგვცრუებია და ათას რვაას ოთხმოცდამეცხრამეტე წელიწადისაგან რაღას უნდა მოველოდეთ, ჩვენ, ქართველები მაინც.
მართალია, დღევანდელის დღის გამწარებული კაცი ხვალის იმედზეა ხოლმე, მაგრამ ესეც კი უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალე შვილია დღევანდელის დღისა და დღევანდელი დღე შვილია გუშინდელისა. რაკი ასეა, მაშ დედა ვუნახოთ, მამა ვუნახოთ და შვილი ისე გამოვნახოთ, ქართულის ანდაზისამებრ, და მაშინ დავინახავთ, – რა წითელი კოჭი უნდა ბრძანდებოდეს ჩვენთვის ეს ახლად შობილი ახალი წელიწადი, რომლის მზე და მთვარე, ნათელი და ბნელი პირველ შეხედვით თვალად არა სჩანს, აბა ერთი გვიბრძანეთ, – რა მოვუხანით, რა მოვუთესეთ, რომ რა მოგვამკევინოს.

„ყოველი მსგავსი მსგავსსა ჰშობსო“, ნათქვამია, და უხეირო, უსაქმურ წელიწადისაგან ნაშობი რა ხეირს მოგვიტანს. განა ამისთანა წელიწადი ერთი და ორია!.. ეს რამდენი დრო და ჟამია, რაც ჩვენ ვიძახით: „წახდნენ ყოველნი ჩვენთვისა, რაიც გვქონდა ქონებანიო“. ვინ არის ამის მიზეზი? არავინ, ჩვენს მეტი, და ამის მაგიერ, რომ ყოველმა ახალმა წელიწადმა ჩვენს თავზე მიგვახედოს, დაგვიჟინია „შემოვდგით ფეხი და გწყალობდეთ ღმერთიო“ და გვგონია, რომ რაკი ეს ვთქვით, ციდან მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდება. ის-კი აღარ გვახსოვს, რომ ღმერთი მარტო გამრჯელის მწყალობელია და უხეიროს, უქმს, უსაქმურს პირს არიდებს. დღენი დღესა სცვლიან, წელიწადნი წელიწადს და ჩვენი თავი კი ისევ ისე წყალს მიაქვს, ანდაზისა არ იყოს, – ურია წყალს მიჰქონდა და გზაც ის იყოვო. გაურჯელს კაცს წყალი წაიღებს, მაშ რა მოუვა. ამას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა.

„ღმერთმა ტკბილად დაგაბეროსო“, ერთმანეთისათვის ვნატრულობთ ხოლმე, როცა-კი ახალი წელიწადი კარს დაგვირაკუნებს. რა დიდად სანატრელი რამ არის ეს დაბერება. დაბერებიდან ერთი ფეხის გადადგმა–ღაა სიკვდილამდე, და რაკი ამაზე მიდგება საქმე, მაშინ ყოველისფერი მწარეა. ან თვითონ სიბერე თავის-თავად მწარეზე უმწარესი არ არის განა? თუ ესეა, აბა ეხლა სთარგმნეთ, რას ნიშნავს ტკბილად დაბერება? აშკარაა, ტკბილად დამწარებას და ნუთუ ამაზე უკეთესი სანატრელი აღარა გაგვაჩნია-რა. ამაზე უკეთესი სანატრელი ვეღარა გვიპოვია-რა. ნატვრის უნარიც კი დაგვკარგვია, მოდი და წყალი ნუ წაგიღებს ამისთანას. სხვა რა გზაა?
სხვა გზა ის არის, რომ ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ „მხნე იყავ და განძლიერდი“ – აი ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა.

ილია ჭავჭავაძე
[31 დეკემბერი, 1898 წ.]

Комментариев нет:

Отправить комментарий