ის საქმე, რომელიც ნამდვილად შეუფერებელია, ჩვენ არ შეგვიძლია შეუფერებლად არ მივიჩნიოთ, რამეთუ სხვაგვარად, როგორ გავექცევით მისგან წარმოშობილ ზიანს, უფლის სიტყვის თანახმად, რომელმაც თქვა: „ეკრძალენით ცრუწინასწარმეტყუელთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ. ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათე 7, 15-16). ის, ვინც ასეთ საქმეს სჩადის, არ უნდა განვიკითხოთ, რამეთუ წერილი ამბობს: „ნუ განიკითხავთ და არა განიკითხნეთ“ (ლუკ. 6, 37). ასე იმიტომაცაა, რომ ჩვენ საკუთარი თავი ყველაზე უფრო ცოდვილებად უნდა მიგვაჩნდეს და კიდევ იმიტომ, რომ ძმის შეცოდებას საკუთარ ცოდვად უნდა ვთვლიდეთ და მხოლოდ ეშმაკი უნდა გვძულდეს, რომელიც მას ხიბლავს. თუკი ვინმეს ხელს ჰკრავენ და ორმოში ჩააგდებენ, მაშინ ჩვენ ხელის მკვრელს ვკიცხავთ და არა მას; ზუსტად ასევეა აქ. ზოგჯერ ადამიანი ისეთ საქმეს აკეთებს, რომელიც მაყურებლებს შეუფერებლად ეჩვენებათ, მაგრამ ის მკეთებლის კეთილი განზრახვით აღესრულება, როგორც ეს ერთ ცნობილ წმინდა ბერს შეემთხვა: გაიარა რა იპოდრომის ახლოს, ის განზრახ შევიდა იქ, რომ ენახა როგორ გაშმაგებით ცდილობდნენ ცხენზე ამხედრებული ადამიანები ერთი-მეორის გასწრებას და უთხრა თავის აზრს: „ხედავ, რა გულმოდგინედ იღწვიან ეშმაკის მსახურნი? მით უფრო არ უნდა ვიღვაწოთ ჩვენ - ცათა სასუფევლის მემკვიდრეებმა?“, და ამ სანახაობიდან სულიერი გზისა და მოღვაწეობისადმი უწინდელზე უფრო დიდი გულმოდგინებით აღძრული წავიდა. ზუსტად ასევე, ჩვენ რა ვიცით, იქნებ შემცოდე ძმამ თავი დაიმდაბლოს და ცოდვები აღიაროს და სინანულის მეშვეობით სათნო-ეყოს ღმერთს. ფარისეველს თავის განდიდების გამო მსჯავრი დაედო. ჩვენც, თუ გამართლება გვსურს მეზვერის სიმდაბლეს მივბაძოთ და საკუთარი თავი განვიკითხოთ. და თუ გვინდა, რომ არ განგვიკითხონ, ფარისევლურ მედიდურობას გავექცეთ.
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
Комментариев нет:
Отправить комментарий