ღმერთი

ღმერთი

среда, 29 января 2014 г.

განსაცდელების ჯვარი.

- წმიდაო მამაო, გამუდმებით ვატარებ ჯვარს, რომლითაც თქვენ მაკურთხეთ და ეს ჯვარი სირთულეების დაძლევაში მეხმარება.

- იცით, თითოეული ჩვენგანის ჯვარი (რომელიც ცხოვრებაში დაგვეკისრა) სწორედ ასეთივე ჯვრებია. ისინი სწორედ რომ იმ პატარა გულსაკიდ ჯვრებს ჰგვანან, რომლებსაც ვატარებთ და რომლებიც ცხოვრების განმავლობაში გვიცავენ. აბა, რა გგონია, ჩვენ რაიმე განსაკუთრებული სიმძიმის ჯვრის ზიდვა გვეკისრება? მხოლოდ ქრისტეს ჯვარი იყო მეტისმეტად მძიმე, იმიტომ, რომ მან კაცთა მოდგმისადმი უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარე არ მოისურვა, საღმრთო ძალები თავისთვის გამოეყენებინა. ხოლო ჯვარცმის შემდეგ მან თავის თავზე იტვირთა, ტვირთულობს და კვლავაც იტვირთავს ყოველი ადამიანის ჯვრის სიმძიმეს და თავისი საღმრთო შეწევნით, თავისი ტკბილი ნუგეშით შეგვიმსუბუქებს განსაცდელის ტკივილებს.

სახიერი ღმერთი თითოეულ ადამიანს მისი ძალების შესაბამის ჯვარს აკისრებს. ღმერთი ადამიანს ჯვარს იმისთვის კი არ აძლევს, რომ იგი დაიტანჯოს, არამედ იმისათვის, რომ ჯვრის მიერ კაცი ზეცაში ავიდეს. არსობრივად ხომ ჯვარი სწორედაც რომ ცაში ასასვლელი კიბეა. თუკი მივხვდებით, თუ რაგვარ ზეციურ საუნჯეს ვაგროვებთ ჩვენთვის, როდესაც განსაცდელების ტკივილებს ვუძლებთ, აღარ ვიდრტვინებთ, არამედ ღვთის სადიდებელს აღვავლენთ იმ მცირე ჯვრის ზიდვისას, რომელიც მან მოგვანიჭა. თუ ასე მოვიქცევით, უკვე ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე აღგვავსებს სიხარული, ხოლო იმქვეყნიური ცხოვრებისათვის მოვიპოვებთ პენსიასაც და „ერთჯერად დახმარებასაც“. იქ, ზეცაში ჩვენ გარანტირებული სამფლობელო და მამულები გვექნება, რომელთაც ღმერთი გვიმზადებს. თუმცა, თუკი ვითხოვთ, რომ ღმერთმა განსაცდელი აგვარიდოს, მაშინ იგი ამ სამფლობელოსა და მამულებს სხვებს მისცემს, ჩვენ კი ყოველივე ამას მოვაკლდებით. ხოლო, თუკი მოვითმენთ, მაშინ ღმერთი ყოველივე ამას სულიერ პროცენტებს დაუმატებს.

ადამიანი, რომელიც აქ იტანჯება, ნეტარია, იმიტომ, რაც უფრო მეტად ეწამება ამქვეყნიურ ცხოვრებაში მით მეტ სიკეთეს მიიღებს იგი იმქვეყნად. ეს იმიტომ ხდება, რომ ის აქვე იხდის თავისი ცოდვებისათვის. განსაცდელის ჯვრები გაცილებით აღმატებულია, ვიდრე ის ტალანტები და ნიჭები, რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგვანიჭა. ნეტარია ის ადამიანი, რომელსაც ერთი კი არა, არამედ - ხუთი ჯვარი აქვს დაკისრებული. ტანჯვასა თუ მოწამეობრივ სიკვდილს თან უდიდესი საზღაური მოაქვს. ამიტომ ყოველი ახალი განსაცდელის მოვლინებისას უნდა ვთქვათ: „გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი აუცილებელი იყო ჩემი ხსნისათვის“.



მამა პაისი მთაწმინდელი





Комментариев нет:

Отправить комментарий