ღმერთი

ღმერთი

вторник, 21 января 2014 г.

ფანატიზმის შესახებ.ნიკოლაი ბერდიაევი

ნაწყვეტი წიგნიდან „ადამიანის დანიშნულების შესახებ“ (1931 წელი)

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა


ფანატიზმი სინდისის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გაუკუღმართება და სიმახინჯეა. ფანატიკოსში თითქმის მთლიანად ქრება სინდისის თავისუფლება, სუფთა და პირველქმნილი ზნეობრივი შეფასების უნარი. თუმცა, ფანატიკოსი ხშირად წმინდა ადამიანია, იდეური, მორწმუნე, უანგარო, ხშირად სრულიად ასკეტურიც. ფანატიზმი ადამიანური ფსიქიკის ტრანსფორმაციის საინტერესო მოვლენას წარმოადგენს, ტრანსფორმაციას ბოროტებისკენ, რომელიც მოტივირებულია იმგვარი მოვლენებით, რომლებსაც თავისთავად ბოროტს ვერ ვუწოდებთ და დაკავშირებულია რაიმე სახის იდეითა თუ რწმენით გატაცებასთან. ფანატიკოსი მუდამ „იდეალისტია“, იმ გაგებით, რომ „იდეა“ ადამიანზე, ცოცხალ არსებაზე მაღლა დგას და ის მზად არის ამ იდეის გამო იძალადოს, აწამოს, სტანჯოს და ხოცოს ადამიანები. და არ აქვს მნიშვნელობა ეს „იდეა“ ღვთისა და თეოკრატიის იქნება, თუ – სამართლიანობისა და კომუნისტური წყობილების. ფანატიზმი ერთგვარი გონებრივი აშლილობაა, რომელიც ჭეშმარიტების სისრულის დატევის უუნარობისგან იშვება.

ამგვარ აშლილობას იყო დაქვემდებარებული ქრისტიანული სამყარო. ქვეცნობიერი – ძალადობრივი, სასტიკი, ტირანული ინსტიქტები, თავის უხეშ ფორმებში გამოდევნილი ქრისტიანული ცნობიერებიდან, ზეიმობდნენ, ქრისტიანულ სათნოებებს – სიყვარულსა და რწმენას ამოფარებულნი. ინკვიზიცია ღვთის რწმენის, ადამიანთა მიმართ სიყვარულის, ზრუნვისა და გადარჩენის სახელით განმტკიცდებოდა. ქრისტიანული გამოცხადების სისავსეს ღვთივკაცობრიობის, სიყვარულისა და თავისუფლების შესახებ რთულად იტევდა ქრისტიანული სამყარო. ფანატიკოსისთვის უცხოა თავისუფლების საიდუმლო, ქრისტიანული თავისუფლება, ეს გადაულახავი ზღვარია მისთვის. ის, რომელიც ასე ამაყია თავისი რწმენის გამო, ყველაზე ნაკლებად ემსგავსება ღმერთს, უფრო ნაკლებად უახლოვდება ზეციური მამის სრულყოფილებას, რამეთუ ღმერთი იწყნარებს ბოროტებსა და ბოროტებას. ის კაცობრიობისა და ადამიანის შექმნის საფუძვლად თავისუფლებას დებს და თავისუფლების გარეშე უფლისთვის ყოველგვარი სიკეთე, სათნოება, რწმენადა ღვთისმოსაობა ინტერეს მოკლებულია. ღმერთი მუდამ შემწყნარებელი იყო ბოროტებისა და ბოროტი ადამიანების მიმართ და ამას არასოდეს ექცეოდა სათანადო ყურადღება, მაშინ როცა ამას ონტოლოგიური მნიშვნელობა გააჩნია. თუ ჩვენ გვსურს ვისწრაფოთ სრულყოფილებისკენ, მსგავსად ზეციერი მამისა, მაშინ უნდა ვიყოთ კიდეც შემწყნარებლები და მოვიზღუდოთ თავი ფანატიზმისაგან. შემწყნარებლობა არ ნიშნავს გულგრილობას სიკეთისა და ბოროტების მიმართ, შემწყნარებლობა თავისუფლებისა და კაცთმოყვარეობის სათნოებაა; ადამიანთა სულების, მათი ცხოვრებისეული გზის მიმართ ფაქიზი დამოკიდებულებაა, რომელიც სირთულით და ტანჯვითაა აღსავსე ყოველთვის. ფანატიკოსი იმგვარი ადამიანია, რომელსაც ერთ აზრზე მეტის დატევის უნარი არ შესწევს, რომელიც ყველაფერს სწორხაზოვნად ხედავს და არ აბრუნებს თავს სხვა მიმართულებით, რათა ღვთაებრივი სამყაროს მთელი სირთულე და სახესხვაობა დაინახოს. ფანატიკოსი არ ხედავს და არ ინტერესდება ადამიანით. ის მხოლოდ იდეას ხედავს და მხოლოდ იდეით არის დაინტერესებული. ის უსაზღვროდ ერგულია ღმერთის შესახებ თავისი იდეისა, მაგრამ თითქმის სრულად აქვს დაკარგული უნარი განჭვრიტოს ცოცხალი ღმერთი.
ადამიანური გრძნობებისა და ვნებების დიალექტიკისასთვის ყურადსაღებია, რომ ფანატიზმი, რომელიც თავისუფლების მიმართ უსიყვარულობა და მისი დატევის უუნარობაა, თავისუფლების იდეით შეპყრობილობის ნიადაგზე შეინიშნება. არსებობენ თავისუფლებით შეპყრობილი ფანატიკოსები, რომლებიც თავისუფლებისთვის უდიდეს ძალადობებს ჩადიან. თავისუფლებით შეპყრობილი ფანატიკოსებისთვის მხოლოდ თავისუფლების იდეა არსებობს, რომლის სახელითად ყველა ხერხი დასაშვებია, მაგრამ მათთვის არ არსებობს თავად თავისუფლება. და ამ თავისუფლების იდეით ფანატიკოსი იმდენადაა შეპყრობილი, რომ მისთვის ყველა სხვა იდეა გამოდევნილია. ფანატიზმი ერთი იდეით ყოველთვის ავიწროებს ყველა სხვა იდეას. ანუ, სცოდავს ცხოვრების სისავსის წინაშე. სიყვარულით შეპყრობილ ფანატიკოსს სიყვარულის სახელით უზომოდ დიდი ბოროტების ჩადენა და ძალადობა შეუძლია, რომელმაც უკუაგდო თავისუფლება, სამართლიანობა, შემეცნება და ა.შ. ზუსტად ასე იქცევიან სამართლიანობისთვის მებრძოლი ფანატიკოსებიც. ცხოვრების სისავსისკენ სწრაფვა ეთიკური იმპერატივია, რომელიც ვერასოდეს განახორციელდება ფანატიკოსის მიერ. აი რატომ არის ეთიკური მაქსიმალიზმი სიცრუე, ის ჩვეულებრივ არა ცხოვრებისეულ სისავსეს ეფუძნება, არამედ ერთი რომელიმე იდეით შეპყრობილობას. აი, ასე შეიძლება ეთიკის პარადოქსალური პრინციპის ფორმულირება: სრულყოფილებისკენ სწრაფვისას არასოდეს ისწრაფო იმისკენ, რომ ზნეობრივი საწყისი თავისთავად უპირატესი გახდეს და გამოაძევოს სხვა დანარჩენი, ისწრაფე ცხოვრების სრული სისავსიკენ. ფანატიკოსმა სიცოცხლეში შეიძლება უდიდესი აქტივობა გამოიჩინოს, მაგრამ ის სიცოცხლის მტერია. ის ვერ ხედავს სიცოცხლეს და ამახინჯებს მას. ასკეზას თავისი სიმართლე გააჩნია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ზნეობირივი ცხოვრება, მაგრამ ფანატიზმი ასკეზის მიმართ, სიცოცხლის მიმართ სიძულვილი, კასცთმოძულეობაა. იგივე შეიძლება ითქვას რელიგიური ფანატიზმის შესახებაც. ის შეპყრობილია იდეით, რომელიც გამოაძევებს ყველა სხვა დანარჩენს და მისი სახელით ამახინჯებს სიცოცხლეს, ძალმომრეობს ადამიანებზე. ყველა იდეა შეიცავს უნარს გადაიქცეს ფანატიკურ შეპრობილობად — იდეა ღმერთის შესახებ, ზნეობრივი სრულყოფილების იდეა, სამართლიანობის იდეა, სიყვარულის იდეა, თავისუფლების, მეცნიერების და ა.შ…. და ამ დროს ცოცხალი ღმერთი, ცოცხალი სრულყოფილება, ცოცხალი სამართლიანობა, სიყვარული, თავისუფლება, ქრება, რადგანაც ყველაფერი ცოცხალი მხოლოდ თავის სისრულეში არსებობს, ერთიანი მთლიანის სხვადასხვა ნაწილის ჰარმონიულ თანხმობაში. ყველაფერი ფასეული, გაკერპებული, იქცევა სიცრუედ. მეტად საინტერესოა ამასთან მიმართებაში „ერესის“ იდეის ბედი, რომელიც ყველაზე დიდი ფანატიზმის, სისასტიკის, ძალადობისა და სიბოროტის წყაროდ არის ქცეული. ქრისტიანობის ისტორიაში, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ერესი ნიშნავდა ჭეშმარიტების სისრულის დატევის უუნარობას, ცალმხრივობას, სულიერი და ინტელექტუალური ჰარმონისს დარღვევას. ყველა ერესში არსებობდა ჭეშმარიტების გარკვეული წილი, რაიმე სახის სწორი იდეა, მაგრამ იმგვარი ცალმხრივობით და ჭეშმარიტების სხვა მხარეთა იმგვარი გამოძევებით, რომ საბოლოო ჯამში ცრუსწავლება გამოდიოდა. ეკლესიის მართლმორწმუნე ნაწილი, რომელიც იბრძოდა ერესების ცალმხივ დამოკიდებულებასთან და რომელიც ცდილობდა გამოეხატა ჭეშმარიტების სისავსე, ადამიანთა სულებში ფანატიზმად გარდაისახებოდა. მათთვის გამოცხადებითი ჭეშმარიტების სისავსე და ჰარმონია ამ სისრულის იდეის ფანატიკურ შეპყრობილობად იქცეოდა. მართლმორწმუნე ფანატიკოსი არ ცხოვრობს გამოცხადებითი ჭეშმარიტების სისავსითა და ჰარმონიით, ის შეპყრობილია ამ „იდეით“, რომელიც გამოაძევებს ყველა სხვა დანარჩენს, ცხოვრების მთელ სირთულეს და მრავალსახეობას. აი, სწორედ აქ, ჩვენ ვხედავთ ადამიანური გრძნობებისა და ვნებების მთელს ავისმომასწავებელ დიალექტიკას, მათ გარდასახვას სიკეთიდან ბოროტებისკენ. მართლმორწმუნე ფანატიკოსი, ერესთა მამხილებელი და ერეტიკოსთა გამანადგურებელი, თავად ხდება სასიცოცხლო სისავსისა და ჭეშმარიტების ჰარმონიის ნაკლული. ის მხოლოდ ერთი აფექტითაა შეპრობილი – გარშემო მხოლოდ ერესებსა და ერეტიკოსებს ხედავს და სხვა არაფერს. ის ბოროტდება, ავიწყდება სულის თავისუფლება, აღარ არის ხალხისა და მათი რთული ცხოვრების ბედის მიმართ ყურადღებიანი. ღმერთმა გვაშოროს ერესის იდეით შეპყრობილობა. თუმცაღა ეს შეპყრობილობა უდიდეს როლს თამაშობს ქრისტიანობის ისტორიაში და ძალიან რთულია მისგან გათავისუფლება. საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა იმგვარი აზრი, რომ სარწმუნოებრივი ფანატიკოსი, ერესთა და ერეტიკოსთა უმოწყალო მამხილებელი, ყველაზე მეტად მორწმუნე ადამიანია და მათ პატივს სცემენ ისინი, ვისაც საკუთარი რწმენა სუსტად მიაჩნიათ. მაგრამ სინამდვილეში, სარწმუნოებრივი ფანატიკოსი არის ადამიანი, რომელიც შეპყრობილია საკუთარი იდეით, რისაც თავდავიწყებით სწამს, ანდა თითქოსდა არც არის ადამიანი და ცოცხალ ღმერთთან არის ურთიერთობაში. არადა, პირიქით, ის გათიშულია ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობისგან. ამიტომ აუცილებელია საკუთარ თავში დაიძლიოს ერესთა უარყოფისა და ერეტიკოსთა მხილების ბოროტი ნება, ღვთაებრივი ჭეშმარიტების სისავსის, უფალთან ურთიერთობის, თავისუფლებისა და სიყვარულის სახელით. ერესის საპირისპირო სიცოცხლის სისავსეა და არა მისი მხილება ან აუგადმეტყველება. ერესის მამხილებელი ფანატიკოსები სიყვარულსაც კი იფარებენ, აცხადებენ რა, რომ სიყვარულის სახელით ამხელენ და ეცოდებათ ერეტიკოსები. მაგრამ ეს თავის მოტყუება და სიცრუეა. ისინი ამით თავს იმშვიდებენ ამაყობენ რა საკუთარი მართლმორწმუნეობით.
ობიექტური კუთხიდან თუ შევხედავთ საკითხს, მართლმორწმუნეობის პათოსი სოციალური ხასიათისაა. ის სოციალურ ყოველდღიურობაში იშვება, რაც გულისხმობს აღნიშნულ დაჯგუფებაში სწამდეთ ერთი და იგივე და სხვასაც დაავალდებულონ სწამდეს იგივე. ამას არაფერი საერთო არ აქვს უფალთან და ცოცხალი ჭეშმარიტების ჭვრეტასთან. სულიერ სამყაროსა და სულიერ ცხოვრებაში არ არსებობს მართლმორწმუნეობის იმგვარი სოციალური პათოსი, რომელიც ითვალისწინებს ერესთა გარდაუვალ ძიებას. ჭეშმარიტებისა და სიცოცხლის სულიერი ერთობა სრულიად სხვა სახის ერთობაა. მარტოოდენ სულიერი ცხოვრება, რომელიც სოციალურ ყოველდღიურობაშია პროეცირებული, შობს მართლმორწმუნეობრივ ფანატიზმს და ერესთა მუდმივ მხილებას. მუდმივად ეჭვიანობა და უნდობლობა, ყველგან ბოროტების, ერესისა და სიკვდილის ხედვა, ფსიქიური აშლილობის საწყისია და სულიერი ცხოვრების ჰარმონიის დარღვევა. ეთიკური მოთხოვნა კი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის მარცხდებოდეს სულიერად ამგვარი ეჭვიანობისა და უნდობლობის აფექტური მდგომარეობა, რათა აღარასოდეს აღარ გააჩნდეს ადამიანს ეჭვი და უნდობლობა ვინმეს მიმართ. სხვაში ბოროტების ეჭვის თვალით ხედვა, საკუთარ თავში ბოროტების არასაკმარისად ხედვითაა ყოველთვის გამოწვეული. ზნეობრივი და სულიერი ჰიგიენის უმთავრესი ამოცანაა აირიდოს ეჭვიანობასა და უნდობლობაში მყოფობა. ამასთან არის დაკავშირებული ერესთა ძიებისა და მხილების ფსიქოლოგიაც. აღნიშნული ფსიქოლოგია ზუსტად ერთგვარი კანონზომიერებით ლაგდება როგორც მართლმადიდებლურ ან კათოლიკურ „მართლმორწმუნეობაში“, ასევე კომუნისტურ ან რევოლუციონერულში, როგორც რელიგიურ, ასევე თავისუფალი აზრის „მართლმორწმუნეობაში“. რუსი კომუნისტი ზუსტად ისევე ეძიებს „ერეტიკოსებს“ და ისევე ექცევა მათ, როგორც უწინ იქცეოდნენ მორწმუნეები, მართლმორწმუნე ქრისტიანები. ზუსტად ასევე, სოციალური ხასიათის მატარებელია და სოციალური ყოველდღიურობაა, კონსერვატირული თუ რევოლუციური, რელიგიური თუ ანტირელიგიური, რომელიც ერთნაირად გარდასახავს ადამიანის ფსიქიკას და ადამიანთა ქვეცნობიერ ინსტიქტებს და თავის ინტერესებში იყენებს. ამის საპირისპირო კი ნამდვილი სულიერი ცხოვრებაა, ცხოვრება დაფუძნებული მადლზე, თავისუფლებასა და სიყვარულზე. მაგრამ მცდარია იმგვარად ფიქრი, თითქოს ფანატიზმი მხოლოდ გარეგანი ფორმით გამოიხატება. უფრო მეტად ის შინაგან ძალადობაში პოულობს გამოხატულებას. არსებობს ნებისყოფის ძალა და ენერგია, რომელიც ანადგურებს ადამიანის სულს და შეიძლება მოკლას კიდეც, სხეულს კი ცოცხლად ტოვებს. და ეს უფრო მეტად საშინელია. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში, სადაც თავისუფლება და კეთილდღეობა უფლებებით არის გარანტირებული, ადამიანთა სხეულები, მათი სიცოცხლე შედარებით დაცულია ფანატიკოსთა თავდასხმებისგან. მაგრამ ადამიანთა სულები შეიძლება დაზიანდეს და დამახინჯდეს ფანატიზმის მიერ გამოცემული ენერგიის ზემოქმედებით. და შიში იმათ მიმართ ვისაც შეუძლია სულის განადგურება, უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე მათ მიმართ ვისაც სხეულის მოკვდინება შეუძლია. ეს თანაბრად ეხება ყველა ფანატიკოსს – როგორც მართლმორწმუნეს, ასევე უღმერთო-რევოლუციონერსაც. არაფერში არ შეიძლება ფანატიზმის დაშვება. საჭიროა ბრძოლა სულიერი თავისულებისათვის და აზროვნების სულიერი განთავისუფლებისთვის სახელმწიფოში, სახლსა თუ ყოფაცხოვრებაში. ეს ეთიკური მოთხოვნაა. მაგრამ არ შეიძლება იმის დაშვება, რომ თავისუფლება ფანატიკურ იდეად იქცეს, რომ ადამიანი შეპყრობილი აღმოჩნდეს მისით, რადგან ასეთ შემთხვევაში იგი ნადგურდება და მოძალადეთ გარდაისახება. ისწრაფე თავისუფლებისკენ, მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ ჭეშმარიტება, სიყვარული, სამართლიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თავისუფლება დაცარიელდება და ფუჭ და ცრუ იდეად გადაიქცევა. ისწრაფე სიცოცხლისკენ მთელი სისავსით. ისწრაფე ჭეშმარიტებისკენ, სიყვარულისკენ, სამართლიანობისკენ, მაგრამ არ დაგავიწყდეს თავისულფლების შესახებ. ისწაფე სიკეთისკენ, სრულყოფილებისკენ, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, რომ დაივიწყო თავისუფლების შესახებ და აკეთო სიკეთე და სრულყოფილება ძალმომრეობით. ისწრაფე რეალური სულიერი ერთობისკენ, სულიერი ძმობისკენ. მაგრამ თუკი ის რეალურად სულიერი, შინაგანი, ონტოლოგიურად არ არსებობს, მაშინ მიეცი საშუალება თავისუფლად გამოვლინდეს მრავალფეროვნება, თავისუფალი ძიება ჯერ კიდევ გამოუძიებელი ერთიანი ჭეშმარიტებისა. ისწრაფე ადამიანური გრძნობების გათავისუფლებისკენ, მაგრამ არ დაუშვა შეპყრობილობა გრძნობათა მიერ, არ დაუშვა მათი მოწყვეტა ცხოვრების სისავსისგან, რომელშიც ერთიანდება აზროვნება, გააზრებული ცხოვრება და ნებისყოფა, ზნეობრივი ცხოვრება და დამოკიდებულება ღვთის მიმართ, რელიგიური ცხოვრება. მხოლოდ სულისგან წარმოიშვება სულიერი ცხოვრება, სულის გარეშე სამშვინველი დაიშლებოდა ფიქრებად, შეგრძენებებად, ნებად, ემოციებად და ა.შ. ისწრაფე სულიერებისკენ, ანუ, სიცოცხლის სისავსისკენ და შემოქმედებისკენ ცხოვრების ყოველ სფეროში. ფანატიზმი კი აღკვეთს შემოქმედებითობას და ანადგურებს სიცოცხლის სისავსეს. სწორედ ამიტომაა ის სილამაზის ჭვრეტის საპირისპირო მოვლენა.


orthodoxtheology.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий