ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 2 февраля 2014 г.

სიყვარულის გაცივება.8

თავი 8


სიყვარულის გაცივება



"და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული" (მათე 24:12)

კაცობრიობის სულიერი ისტორიის მოცემული მომენტი სამართლიანად იწოდება "აპოსტასიად". ეს ბერძნული სიტყვა ბიბლიურ კონტექსტში ადამიანთა ღმრთისგან განდგომას (იხ. მაგ.: 1 ტიმ. 4:1), ანუ ღმრთისგან გაუცხოებას ნიშნავს. აპოსტასიის ეპოქა ანტიქრისტეს მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის ჟამის მოახლოვებას მოასწავებს. "არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე" (2 თესალონიკ. 2:3).

ღმრთისგან ადამიანთა მასობრივი განდგომა ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან დაიწყო "ღმერთი მოკვდა, ჩვენ ის მოვკალით", - აუწყა მსოფლიოს ნიცშემ ზარატუშტრას პირით, როდესაც ახასიათებდა თავის დროის სულიერ ვითარებას (უფრო ზუსტად, სულიერ ტრაგედიას), როდესაც ღმერთი მართლა მოკვდა ადამიანთა გულებში; და დაუცხრომლად დაიწყეს იმის ძიება, რაც მათთვის ღმერთს შეცვლიდა. "აბსოლუტური ჭეშმარიტების წყურვილი გაქრა, ის გაამსოფლიურებამ ჩაყლაპა", - წერს ამ დროების შესახებ მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი (Иером. Серафим (Роуз). Человек против Бога. С. 29).

ნიცშე ერთ ერთი უმთავრესი ქადაგია გაუცხოებისა. სულის სიღრმეში ის ღმერთს აღიარებდა, მაგრამ რჩებოდა მეამბოხედ და ღმრთისმბრძოლად რჩებოდა, რომელიც "ღირებულებათა გადაადგილებას" შეეცადა. კაცობრიობას ნიცშე სინდისის, პასუხისმგებლობის, ასკეტიკის, ეკლესიის, გონიერების, ჭეშმარიტებისა და ღმრთისგან გათავისუფლებას (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის მხეცად გარდაქმნას) სთავაზობდა. ადამიანის ნაცვლად უნდა ვადიდოთო "ქერა ბესტია", "ზეკაცი".

კაცობრიობის ბოლო ათწლეულები განსაკუთრებული აპოსტასიურობით ხასიათდება. "ჩვენი დროისთვის, - წერდა სერაფიმ როუზი, - დამახასიათებელია სიყვარულის გაციება, რომელიც სახარებაში ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოვების ერთ ერთ უმთავრეს ნიშნად მიიჩნევა, და დამახასიათებელია ის უფრო მეტად, ვიდრე ისტორიის სხვა რომელიმე პერიოდისთვის" (Иером. Серафим (Роуз). Знамения времен. Тайны книги Апокалипсис).

ამ აპოკალიფსურ ნიშანს დღეს მრავალი ამჩნევს. მკვეთრად შეიგრძნობა მსოფლიო ცხოვრებისა და ადამიანურ ურთიერთობათა სიცივე. ურთიერთგაუცხოება და მზაკვრობა (რომელსაც საფუძვლად შიში და სხვა ადამიანების მოწინააღმდეგეებად აღქმა უდევს) თანამედროვე ცხოვრების გაბატონებული ტონი გახდა. მსოფლიოს "გამხეცებასმ" საშინელ მასშტაბებს მიაღწია. მსოფლიო მხეცებით სავსე უდაბნოს დაემსგავსა, რადგან არ იგრძნობა მასში ღმრთის სულის მოვანება, რომელიც გააცოცხლებდა და გაამხნევებდა დაწყურებულ სულებს. ადამიანები გაუცხოვდნენ ღმრთისგან და გაბოროტდნენ.

თვით ურწმუნო ან მცირედმორწმუნე ადამიანებისგანაც კი გაიგებ დღეს ასეთ ფრაზას: "ადამიანები პირუტყვებზე უარესები გახდნენ". მართლაც, დღეს ადამიანები იმდენად დაშორდნენ ღმერთს, რომ პირუტყვულ-მხეცური სფეროდან გადადიან დემონურ სფეროში, უფრო და უფრო ეფლობიან სატანურ უფსკრულში. თანამედროვე ადამიანი-მხეცი - ეს არა მარტო არაადამიანია (როგორც ჩვეულებრივი მხეცი), არამედ ანტი-ადამიანი და დემონოადამიანია.

მართლმადიდებელი ფსიქოლოგები ი. მედვედევა და ტ. შიშოვა თავიანთ სტატიაში "Задержка развития души" ("სულის განვითრების შეჩერება"), რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში "Первый и Последний" (2004. № 10 г.), დამაჯერებლად აჩვენებენ, რომ თანამედროვე ადამიანები უკვე აღარ არიან "ღმრთის ხატნი, არამედ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ესენი დემონს მიმსგავსებული არსებები არიან".

ჩვენს დროში მიზანსწრაფულად და დაჩქარებით ინგრევა მორალური ღირებულებები, გასაოცარი სისწრაფით იზრდება ეგოიზმი და წყურვილი მატერიალური სიკეთეებისადმი. ინგრევა ოჯახის ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის იყო ღირსეული ადამიანური ცხოვრებისა და პიროვნების ჩამოყალიბების საფუძველი. შეიმჩნევა უიმედობის საერთო-საზოგადო განწყობა, ადამიანთა არნახული დამნაშავეობა და გარყვნილება, რომლებიც ებრძვიან ღმრთის განგებას ადამიანში და ადამიანურ ბუნებაში. ქრისტეანული სარწმუნოებიდან განდგომა, ჭეშმარიტი სულიერებისა და რელიგიური ცხოვრების გარყვნა - თანამედროვე ცხოვრების საყოველთაო ნიშანი გახდა.

იცვლება ადამიანურობის ხატი, ურთიერთობა ადამიანებს შორის. ურთიერთგაუცხოება ნორმა გახდა. მიზანმიმართულად ირღვევა ტრადიციული ადამიანური კავშირები. იკარგება სიღრმისეული კავშირი მამაკაცებსა და დედაკაცებს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის.

თანამედროვე ბავშვებმა არ იციან ზნეობრიობის ელემენტარული ნორმები, რომელთა გარეშე შეუძლებელია ადამიანური პიროვნების ჩამოყალიბება, სამაგიეროდ საკმაოდ სწრაფად ეუფლებიან პრაქტიკულობას. თუმცა, მათი პრაქტიკულობა საზიანოა. ერთის მხრივ განსაკუთრებულად არ მიელტვიან ამქვეყნიურ სიმდიდრეს, მაგრამ მეორეს მხრივ, არ სურთ რაიმეში დათრგუნონ საკუთარი სურვილები. ცხოველთა მსგავსად, სრულიად ემონებიან წუთიერ და ვნებიან მიდრეკილებებს.

მეცნიერებისა და ტექნიკის არნახული განვითარების პარალელურად მიმდინარეობს სულიერი ცხოვრების უკუსვლა, იზრდება გულგრილობა და მტრობა ყოველივე სულიერისადმი. ქცევის ნორმები, რომელსაც რელიგია იძლევა, წარსულს ბარდება. თანამედროვე ცხოვრება კარნახობს რეკომენდაციებს, რომელიც ითვალისწინებს ახალ ნორმებს, უფრო მსუბუქს და სასიამოვნოს, ვიდრე ის ნორმებია, რომლის მიხედვითაც კაცობრიობა ცხოვრობდა ათასწლეულების განმავლობაში. ადამიანებს მეტი უფლებები მიეცათ, მაგრამ უფრო და უფრო ნაკლები ზნეობრივი მოვალეობები.

გარდა ამისა, ყველგან კვდება თავისუფლება - პოლიტიკური, ეკონომიკური და პირადი. თავისუფლება ადამიანს სჭირდება თავისი უმაღლესი სულიერი და შემოქმედებითი მოთხოვნილებების განსახორციელებლად. მატერიალური სიკეთეების გამოსაყენებლად თავისუფლება საჭირო არ არის. არსებობს მრავალი ადამიანი, ვინც არ აფასებს თავისუფლებას და არც საჭიროებს მას. იმ ქვეყნებშიაც კი, რომლებიც ტოტალიტარულად არ ითვლებიან და ჯერ კიდევ სრულად არ დაუკარგავთ თავისუფლება, თითქმის ყველა შეიწყნარებს ახალ კანონებს და სულ უფრო უმორჩილებს ქვეყნის მოსახლეობას მის მმართველებს. თავისუფლების გარეშე ცხოვრება ადვილია. რამდენი ადამიანი მისცემდა თავის თავისუფლებას მშვიდი და კომფორტული ცხოვრებისთვის. ადვილია უპასუხისმგებლო ცხოვრება, როდესაც არავინ არაფრისთვის პასუხს არ გთხოვს, მაგრამ ამასთან იკარგება ყველაზე მნიშვნელოვანი - უპასუხისმგებლო ცხოვრება ყოველთვის არასულიერია.

პასუხისმგებლობის გრძნობა პიროვნების განვითარების ერთ ერთი უმთავრესი ნიშანია, ნორმალური ადამიანის ერთ ერთი უმთავრესი თვისებაა. დღეს ყალიბდება სულიერ დეგენერატთა საზოგადოება, რომლებიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი შეიტყობენ, რომ მათი დედა ან შვილი მანქანამ გაიტანა, ადგილიდანაც კი არ დაიძვრებიან, სანამ კომპიუტერული თამაშის მორიგ "დონეს" არ მიაღწევენ. თანამედროვე ადამიანის ეგოცენტრული ქცევა ატომიზირებს მას, განყოფს სხვებისგან. ის არ რეაგირებს ნათესავებისა და ახლობლების გაჭირვებაზე, უარს ამბობს ოჯახურ უღელზე, ბავშვების გაზრდის პასუხისმგებლობაზე, ერისა და სამშობლოს ბედ-იღბალზე.

იცვლება დამოკიდებულება შრომისა და შემოქმედებისადმი. სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი გაურბის ჯანსაღ შრომას. უკვე შემოქმედებით ღვაწლსაც კი არ მოაქვს სიხარული. ნებისმიერი ძალისხმევა არასასიამოვნო და არასაჭირო გახდა. ცხოვრება გართობისა და ახალი შეგრძნებების გამუდმებულ ძიებამდე დავიდა, თუნდაც წამიერი იყოს ეს სიამოვნება და გართობანი. ადამიანებს დაავიწყდათ, რომ შინაარსს მოკლებული ცხოვრება, არასაჭიროა და ფუჭი.

კატასტროფულად კლებულობს იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ადამიანურად ცხოვრობს. მრავალ ადამიანს ზნეობრივი გრძნობა სრულიად ატროფირებული აქვს. მრავალმა უკვე სრულიად დაკარგა ის, რაც უმთავრესად უნდა განასხვავებდეს კაცს პირუტყვისგან: სიყვარული, თანაგრძნობა, სხვებზე მზრუნველობა, გულწრფელობა ურთიერთობებში, სირცხვილის გრძნობა, მოკრძალება, პატიოსნება, ადამიანური ღირსება. სიკეთისა და სიყვარულისადმი გულგრილობის ლაფსა და ტალახში დანთქმულა მთელი პლანეტა. მატერიალური შესაძლებლობების წარმოუდგენელ მიღწევებთან ერთად ჩვენ ვცხოვრობთ მორალური დეგრადაციისა და სულიერების დაკარგვის ეპოქაში. და ამგვარი მდგომარეობის ძირითადი სულიერი მიზეზი გახლავთ პირადი, სულიერი ცხოვრების უარყოფა, საკუთარი თავის მიცემა უსახურ-პირუტყვული ჟინისა და სტიქიებისადმი.

ტელევიზორის ეკრანები, რადიო, გაზეთები, პოპულარული ლექციები - რის შესახებ მსჯელობენ ტვინის გამომრეცხავი ეს საშუალებები? უამრავი ტყუილი, მოწოდებები სიამოვნებისკენ, ყოველგვარი გართობისკენ და რაც მთავარია - სულ ახალი და ახალი იდეებისა და "აღმოჩენებისკენ", რომლებიც არც თუ იშვიათად ჭეშმარიტების საპირისპიროა. ყოველივე ამას მივყავართ იმისკენ, რომ ადამიანებს უკვე აღარაფრის სჯერათ, გარდა იმისა, რაც შეიძლება შეიგრძნონ თავიანთი გრძნობათა ორგანოების მიერ. თანამედროვე ადამიანების მასებს მხოლოდ მიწიერი რეალობის სჯერათ. მათ სჯერათ მეცნიერების, უფრო ზუსტად იმისი, რასაც ის მეცნიერებად მიიჩნევს, და არ სჯერათ არაფერი არამატერიალურის. რელიგიის მოთხოვნები მისთვის არარსებული და არასავალდებულოა. მსოფლიო მისთვის მხოლოდ მატერიაა და თანაც არასულიერი.

თანამედროვე ადამიანს, უპირველეს ყოვლისა სჭირდება მოგება, წარმატება, შემოსავალი. მისთვის უმთავრესი ღირებულებაა საქმოსნობა და შეთანხმება, და არა მარტო აღებ-მიცემობაში, არამედ საერთოდ, ცხოვრებაში. "ღმრთის სუნთქვის" მაგიერ თანამედროვე ადამიანებში, მთელი მათი "ჭკვიანური" სიბრძნისა და განათლების მიუხედავად, გამოვლინდა მათი სულის შინაგანი მზაკვარება. ადამიანთა ცხოვრებიდან იკარგება სულიერი, რადგან იქ, სადაც მრავალი მზაკვარებაა, სულ სხვა სტიქია, მხეცობა ბობოქრობს. და რაც უფრო იზრდებიან ადამიანები, მით უფრო მზაკვარი ხდება მათი სული. პირით აქებენ და ადიდებენ ერთურთს, მაგრამ არა გულით. "პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან" (ფსალმ. 61:5). "ტყუილს ეტყვიან ერთიმეორეს, ქლესა ტუჩებით ორპირულად ლაპარაკობენ" (ფსალმ. 11:3), - წინასწარმეტყველებდა ადამიანთა ამგვარ მდგომარეობაზე წინასწარმეტყველი და ფსალმუნთმგალობელი დავითი.

როდესაც თანამედროვე ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობაში შედიან, თვით ერთმანეთის პიროვნებას კი არ მიმართავენ, არამედ მის უნიფიცირებულ სოციალურ როლს, რადგან ადამიანში ხედავენ მხოლოდ ამა თუ იმ ფუნქციას, ნივთს, საგანს. თანამედროვე ადამიანთა ურთიერთობა უკვე აღარ არის პიროვნებათა ურთიერთობა, არამედ პიროვნებათშორისი ურთიერთობაა, რომელიც წმიდად სათამაშო, "მსახიობურ", როლურ ურთერთობად იქცა. ადამიანები გახდნენ ინფორმაციის ავტომატური გადამცემები, რომლის უკან, როგორც წესი, დგას ცივი ანგარიში, საკუთარი მოგების ეგოისტური სურვილი.

საშინელია თანამედროვე მსოფლიო თავისი პრაგმატიზმით. მასში ყოველივე დაქვემდებარებია უტილიტარულ მიზნებს. ადამიანთა ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ნივთიერია, საგნობრივია, სუბიექტები მანიპულიაციის ობიექტებად იქცნენ. ადამიანი ერთგვარი ფუნქციების მატარებლად იქცა. ადამიანი დავიდა ნივთის დონემდე. თანამედროვე "განივთებული" ადამიანის ცხოვრება მოექცა გარკვეული წინაპირობების ჩარჩოებში. ადამიანი უკვე გამოდის როგორც მზა როლის შემსრულებელი, როგორც საგნების მომსახურეობის ფუნქციონალური საშუალება."თვით ადამიანი, - წერდა მარქსი, - განიხილება როგორც სამუშაო ძალა, ბუნების საგანი, თუმცა ცოცხალი და შეგნების მქონე ნივთი" (Цит. по: Философский словарь / Под ред. И. Т. Фролова. С. 315).

ერთის მხრივ, მიმდინარეობს ადამიანის გაუსახურების, მისი დეპერსონიფიკაციის პროცესი, მეორეს მხრივ კი - ობიექტებს (მათ შორის სხვადასხვა სახის აპარატებს, მოწყობილობებსა და მექანიზმებს) ენიჭებათ სუბიექტის თვისებები, ხდება ნივთების პერსონიფიკაცია, ფეტიშიზაცია. განსაკუთრებულად კარგად ჩანს ეს თანამედროვე რეკლამაში: "მე, შენ და როტმანსი (სიგარეტი - რედ.)" (უსახური შესატყვისობა "ნივთი - მომხმარებელი" აქ დამატებით იტვირთება პიროვნული აზრით). ფეტიშიაცია ვლინდება ასევე: ფულის კულტში, რომელსაც ადამიანებზე ძალაუფლება და დამოუკიდებლობა ენიჭება; ძალაუფლების პოლიტიკური და საზოგადოებრივი სიმბოლოების წინაშე ფანატიკურ ქედმოდრეკაში; იდეოლოგიური წარმოდგენების მაგიურ ზემოქმედებაში, ლოზუნგებში (ავიღოთ, მაგალითად, "საერთაშორისო ტერორიზმის" წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგი) და ა. შ.

ისტორიაში არნახულ მეცნიერულ-ტექნიკურ და "სოციალურ" "მიღწევებს" თან ახლავს ასევე არნახული ძალის კატასტროფები და ვერც ფილოსოფიას, მით უმეტეს მეცნიერებას, რომლისთვისაც სულიერი კატეგორიები საერთოდ "არამეცნიერულია", ამ პროცესის შეჩერება არ ძალუძთ. არა მარტო მეცნიერება, ფილოსოფია და კულტურა, არამედ ცხოვრების მთელი ატმოსფერო სულ უფრო და უფრო გადაჭრით და მიზანმიმართულად გამორიცხავს ადამიანთა საზოგადოებიდან ღმრთისა და მოყვასისადმი სიყვარულს. ი. ს. აკსაკოვი წერდა: "პროგრესი, რომელიც ღმერთსა და ქრისტეს უარყოფს, ბოლოს და ბოლოს ხდება რეგრესი; ცივილიზაცია დამთავრდება გაველურებით; თავისუფლება - დესპოტიზმითა და მონობით. ის ჩამოიხსნის ადამიანურობის ნიღაბს და შემოსება მხეცით" (Цит. по: Букварь: Наука, философия, религия. Кн. 2. С. 1529).

თანამედროვე ადამიანები მომხმარებელ მანქანებად გარდაიქცნენ, დაკარგეს საკუთარი შინაგანი სამყარო, დაივიწყეს სულიერი მოთხოვნილებები და თავისუფლება გადაადგილებასა და მოთხოვნებზე შეზღუდვების მოხსნასთან გააიგივეს.

დიდი ქალაქების ცხოვრების გიჟური ტემპი სულ უფრო და უფრო მატულობს. ახალი "კეთილმოწყობებს": მობილურს, კომპიუტერებსა და მანქანებს არა თუ შვება არ მოაქვთ ადამიანებისთვის, არამედ აიძულებენ მას სულ უფრო და უფრო სწრაფად იტრიალოს ციყვის ბორბალში. ადამიანი ემსგავსება მანქანაში გამომწყვდეულ ცხოველს თუნდა იმიტომ, რომ მას უკვე ერთმევა ღმერთზე ფიქრის შესაძლებლობა. ყველა ამ ღონისძიების საბოლოო მიზანია ის, რომ ადამიანს არ ჰქონდეს ლოცვის დრო არც დღისით და არც ღამით, და ამ საშუალებებით მოწყვიტონ ის არა მარტო ლოცვას, არამედ ღმერთზე ფიქრსაც კი.

მაგრამ ღმრთისგან განდომას მოჰყვება განდგომა თვით ცხოვრებისგან. ადამიანი, რომელიც მოკლებულია "შინაგან ზამბარას", შინაგან საფუძველს, მოწყენილობასა და დარდს ეძლევა. დარდი კი ადამიანს უსპობს წინააღმდეგობის შესაძლებლობას და აიძულებს მას მისდიოს დინებას, როგორი ბინძურიცა და მღვრიეც უნდა იყოს იგი.

ცნობილმა ღვთისმეტყველმა იუსტინე პოპოვიჩმა თანამედროვე ცივილიზაციას "ადამიანის პიროვნების წინააღმდეგ ორგანიზებული ამხედრება" უწოდა. ის სისტემატურად აჩლუნგებს პიროვნებას ადამიანში იმ დრომდე, სანამ სრულიად არ ჩააცხრობს მასში და თანამედროვე "კულტურის" ადამიანი იტყვის: "მე ვარ ხორცი და მხოლოდ ხორცი; მე ვარ მიწა და მხოლოდ მიწა. "დროის სულისკვეთება, - წერს იუსტინე პოპოვიჩი, - ბოჭავს ადამიანს თავისი თვითმპყრობელური ტირანიით, ახდენს მის მექანიზირებას: შენ მხოლოდ ერთი ჭანჭიკი ხარ თანამედროვეობაში - ამიტომაც უნდა იარსებო, როგორც ჭანჭიკმა; შენ ხარ კლავიშა ამჟამინდელი დროების დაშლილ როიალზე, კლავიატურა, რომელსაც ეხება დროის სული, ამიტომაც იარსებე როგორც კლავიშამ" (Прп. Иустин Попович. Прогресс в мельнице смерти. Минск, 2001. С. 41-42).

იუსტინე პოპოვიჩი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ "ევროპული ჰუმანისტური პროგრესის" თანამედროვე ადამიანი საშინლად ცარიელია იმ მიზეზით, რომ მისი შეგნებისგან სრულიად განდევნილია "პირადი უკვდავების გრძნობა", რომლის გარეშეც ადამიანი არ შეიძლება იყოს ადამიანი... ო, როგორ არის შევიწროებული ევროპელი ადამიანი, ფენომენალურად შევიწროებულია და დამცირებული, დაკნინებული, დამახინჯებული, მიყვანილია ადამიანის ნამტვრევისა და ნაგლეჯის დონემდე, რადგან მისგან გამოდევნილია უსასრულობისა და მარადიულობის ყოველგვარი გრძნობა. "მაგრამ რა არის ადამიანი მარადისობის გარეშე? განა მკვდარი არ არის იგი ამ გრძნობის გარეშე? განა ნივთი არ ხდება იგი ნივთებს შორის და პიუტყვი პირუტყვებს შორის?"

"ჰუმანისტური ადამიანი, - აგრძელებს იუსტინე პოპოვიჩი, - დაპატარავებულია, დამჭკნარია, განივთიერებულია, ამიტომაც, სულაც ბუნებრივია და არ უნდა გვიკვირდეს, როდესაც ამგვარი არსება თავისი ფილოსოფოსების პირით აცხადებს, რომ მისი წინაპარი იყო მაიმუნი.

წარმომავლობით ცხოველებთან გაიგივებული, რატომ მორალითაც არ უნდა უიგივებდეს მათ თავს? და თუ თავისი არსით მეტაფიზიკურად განეკუთვნება ცხოველებისა და პიტურტყვების კლასს, მათვე ეკუთვნის მორალური თვალსაზრისით... რადგან თუ ადამიანში არაფერია მარადიული და უკვდავი, მთელი ეს ეთიკა, ბოლოს და ბოლოს, მივა ინსტინქტურ მისწრაფებამდე. და ჰუმანისტური ადამიანი, რომელიც თანამიმდევრულია თავის ლოგიკაში, ეთიკურადაც თავის "წინაპრებს", მაიმუნებსა და მხეცებს მიემსგავსება და მისი ცხოვრების უმთავრესი პრინციპი გახდება დევიზი: homo homini lupus est (ადამიანი ადამიანისთვის მგელია) (Прп. Иустин Попович. Прогресс в мельнице смерти. Минск, 2001. С. 30-31).

ადამიანი დღეს იმდენად გაბოროტებულია, იმდენად გაქვავებულია, დაბნელებულია და მიცემულია ამაოებას, რომ სულიერი ცხოვრებისთვის უკვე არც ძალა ყოფნის და არც ადგილი აქვს გულში. პაისი მთაწმინდელი ამბობს, რომ "ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ არის ის, ვინც ამაოებას არის მიძალებული. ამაოებით დატყვევებული გული აბრკოლებს სულის განვითარებას და აბნელებს გონებას. და მაშინ, ადამიანი მხოლოდ გარეგნულად ჩანს ადამიანად, არსებითად კი ის არის სულიერად უმწიფარი" (Старец Паисий Святогорец. С болью и любовью о современном человеке. С. 65). ანუ ეს არის ადამიანი პიროვნულობის დაბალი დონით. ამაოებაში დანთქმული ნახევარკაცი, არც თვითონ ცხოვრობს როგორც სულიერი არსება, და არც სხვაში აღიარებს პიროვნებას (მათ შორის ახლობლებსა და ნათესავებშიც), დამოუკიდებლად იმისა, ხშირად ურთიერთობს მათთან თუ არა. მოყვასში უკვდავი პიროვნულობის უარყოფა მათ უსიყვარულობას ნიშნავს, მათგან შინაგან გაუცხოებას, მათი, როგორც პიროვნებების არსებობის უარყოფას, ანუ - სულიერ პლანში - მათ მოკვლას საკუთარ თავში, საკუთარ ცნობიერებაში.

მიწიერი, ეგოისტური ცხოვრება უფრო რომ გაიხანგრძლივონ, და მეტიც, მარადიული შექმნან, ყველაზე თანამედროვე მეცნიერულ "მიღწევებს" იყენებენ. "ახალი ტექნოლოგიების" დახმარებით თანამედროვე, ღმრთისგან განმდგარი კაცობრიობა, უკვდავებას ელტვის. მაგრამ უკვდავება მათ მიერ გაიგება, როგორც სხეულის უკვდავება.

"უკვდავება, ახალ ტექნოლოგიებს ავადმყოფ "მიცვალებულთა" უკვდავებად ესმის, - აღნიშნავს ი. სილუიანოვა. - ადამიანის "სათადარიგო ნაწილებით" "რემონტის" იდეოლოგთა, ამ ადამიანის მსგავს პირუტყვთა აზრით - უკვდავება წარმოადგენს თვითშენარჩუნების ინსტინქტის გარდაქმნილ ფორმას, და ის გაიგება როგორც უზენაესი მიზანი, რომლის მისაღწევად ყველა საშუალებაა მისაღები. ამგვარი "უკვდავება" - სხეულის უკვდავება - ანგრევს ზნეობრივ წყობას" (Силуянова И. Искушение «клонированием» или человек как подобие человека. Этические проблемы современной генетики. С. 62)

სულ უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიები, რასაც ყველაზე ძვირფასი ზნეობრივი ღირებულების, სიყვარულის გაუფასურების გზით, ზნეობრივი ღირებულებების მთელი სისტემის ნგრევასთან მივყავართ. ტრადიციული ზნეობრიობის უარყოფასა და ქორწინების დაშლაში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ "ხელოვნური გამრავლების ახალი მეთოდების" დანერგვაში, შეუძლებელია არ დავინახოთ სასტიკი და ულმობელი კავშირი.

ამ თვალსაზრისით მეტად საგულისხმოა ო. ჰაკსლის რომანი-ანტიუტოპია "ო, საკვირველი სამყარო". მასში ლოგიკურად არის ნაჩვენები ადამიანთა ხელოვნური გამრავლების შესაძლებლობები და შედეგები. ახალ სახელმწიფოში ხელოვნური გამრავლების კანონმდებლობა ლოგიკურად იწვევს ოჯახის, დედობის, ცოლ-ქმრობის უარყოფას. ახალ საზოგადოებაში ეს ყოველივე განიხილება როგორც ძლიერ და არასასურველი განცდების წყარო, რომელიც იწვევს სულიერ ტკივილს, შედეგად კი - მრავალგვარ დაავადებებს. სიყვარულის ადგილს იკავებს "ურთიერთგამოყენება", რომელიც აფიქსირებს ადამიანის ღირსებისადმი ზიზღსა და პირადი თავისუფლების უარყოფას.

"კომფორტთაყვანისმცემელთა" თანამედროვე ცივილიზაცია თავს ინუგეშებს იმ აკვიატებული აზრით, რომ მთელი სამყარო პროგრესს განიცდის და უკეთესისკენ მიდის. მაგრამ ღმრთის გამოცხადება გვამცნებს არა სამყაროს პროგრესზე, არამედ მის დეგრადაციაზე. პროგრესს თუ არ შეუძლია ადამიანს მოუტანოს უკვდავება, მაშინ ეს არის ცრუპროგრესი, შენიღბული რეგრესი. ხოლო ჭეშმარიტი პროგრესი შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ მკვდრეთით აღმდგარ იესუ ქრისტეს. "ყოველი პროგრესი, რომელიც არ ეფუძნება ადამიანის პიროვნების უკვდავებას, - წერს იუსტინე პოპოვიჩი, - წარმოადგენს ჯადოსნურ ზღაპარს და გამონაგონს, რაც ეზმანება სიკვდილის დრაკონს ჩახუტებულ უბედურ ადამიანს" (Прп. Иустин Попович. Прогресс в мельнице смерти. С. 25).

თანამედროვე ადამიანი მოექცა ტექნიკური პროგრესის ზეგავლენის ქვეშ და გახდა მისი მოხმარების, მდაბიო ვნებების დაკმაყოფილების საგანი. მსოფლიო სულ უფრო და უფრო ეფლობა ვნებათა ჭაობში, მისი არსებობა გაჭიანურებულ აგონიაში გადადის. კაცობრიობამ, რომელიც საკუთარ "ღიპში" ცხოვრობს (დოსტოევსკი გამოთქმა), თავისი ვნებების დაკმაყოფილების ზღვარი არ იცის. უმეტესწილად, ადამიანები, როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობდა, "მუცლისთვის ცხოვრობენ, მიეწებნენ აწმყოს და თავიანთი ვნებიანობითა და სიხარბით არაფრით ჯობიან ღორებსა და თხებს, რომლებმაც მარტო ის იციან, რა ჭამონ, რა სვან, ვის ეჩხუბონ და ა. შ." (ჰომილიიდან "იუდეველთა წინააღმდეგ").

ახლა მიდის კაცობრიობის გამოკვება. დიახაც, რომ გამოკვება. რადგან, როგორც გლეხი ჰკვებავს დასაკლავად გამეტებულ თავის საქონელსა და ფრინველს, ასევე კაცობრიობაც ემზადება თავისი სიკვდილისთვის, უპირველესად სულიერი სიკვდილისთვის" ("Духовные беседы и наставления старца Антония", часть 1-я). დღეს სრულიად დამახინჯებულია წარმოდგენა ჭეშმარიტ და მარადიულ ღირებულებებზე. ვნებები და ცოდვები მიყვანილია ყველაზე პრიმიტიულ, ზოოლოგიურ დონემდე. დაკარგულია ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტალური კატეგორიები - სიკეთისა და ბოროტების ცნებები. ადამიანთა ცნობიერებაში აქტიურად იქადაგება და ინერგება ანტიადამიანური ფორმულა: "სიკეთე" - ეს არის ის, როდესაც მე კარგად ვარ, ხოლო "ბოროტებაა" ის, როდესაც მე ცუდად ვარ.

ადამიანმა დაჰკარგა თავისი სახე, ჩამოყალიბდა ახალი ადამიანი, რომლისთვისაც არაფერია წმიდა და ღვთაებრივი. მარადიულ ღირებულებათა იერარქია განზეა გაწეული, როგორც კიბე, რომელზე ასვლასაც არავინ აპირებს. ადრე ღმრთისკენ მიდიოდნენ, საკუთარ ცხოვრებას სახარებისეულ მცნებებს უდარებდნენ. ახლა კი ადამიანს თავს ახვევენ მოდის წუთიერ მოთხოვნებს. ადამიანის სახით ზრდიან მაიმუნს, რომელიც მზადაა თავი მოირთოს მოხმარებისთვის.

თანამედროვე "ცივილიზებული" ადამიანი გამოცხადებულია ყველა საგნის საზომად, მაგრამ ეს არ არის ღმრთის ხატი და მსგავსი ადამიანი, არამედ ადამიანი თავისი "სისუსტეებით" (ვნებებით), ცოდვებით, არასრულყოფილებებით, ანუ "გაუცხოებული ადამიანი", რომელიც გამხეცებულია. ეს არის "ადამიანი-მხეცი".

მოხდა ადამიანის ცოდვილიანობასთან (სიმხეცესთან, გაუცხოებასთან) შერიგება, თანხმობა იმასთან, რომ ცოდვა (სიმხეცე, გაუცხოება) - ეს არის ადამიანის ნორმალური, ბუნებრივი მდგომარეობა. ამიტომაც, თანამედროვე ცივილიზაციას შეიძლება ვუწოდოთ "მხეცობის ცივილიზაცია", "მხეცის ცივილიზაცია".

"დააკვირდით ჩვენი ქალაქების ქუჩებს, - წერს ვალენტინა სოლოგუბი, - განსაკუთრებით ზაფხულში: როგორ გამოფენილან გარყვნილი, ნახევრად შიშველი, ბილწად მოსაუბრე, ცინიკური, სოციალურად საშიში, კრიმინალიზირებული, დაბოლილი, ნასვამი, აგრესიული და გონებრივად დაჩლუნგებული ბიოლოგიური არსებები, რომლებმაც არც კი იციან თავიანთი წარმომავლობა და ფესვები. და საერთოდ, თავს არ იწუხებენ ინტელექტუალური საკითხებით. დღეს ეს არის საზოგადოების ფიზიკურად მოწიფული ნაწილი, რომელიც უფრო პირუტყვებს მოგვაგონებს, ვიდრე ადამიანებს... არადა ჰორიზონტზე უკვე მათი შთამომავლობა, ახალი თაობა მოსჩანს, რომელიც მათზე არაფრითაა უკეთესი... (Сологуб В. Союз извращенцев и иноверцев, Или кто нами правит? // «Русь Православная» (rusprav.ru)).

თანამედროვე კულტურა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, სიამოვნების კულტს წარმოადგენს. გართობის ინდუსტრია დღეს უფრო ძლიერია ვიდრე გუშინ. სულიერ პლანში ეს იწვევს, როგორც საკუთარი, ასევე სხვა პიროვნებისგან გაუცხოებას. მიჰყავს რა ადამიანი ქვეცნობიერისკენ, გართობისა და სიამოვნებების ინდუსტრია უსახო სტიქიაში ძირავს ადამიანს, სიამოვნებები განაშორებენ მას ღმრთისაგან. ასეთი ცხოვრება, თავისი მრავალსახოვანი "კულტურით" და ხმაურიანი "პროგრესით" მხოლოდ "პირუტყუვლი ფუფუნებისთვის" არის დამახასიათებელი.

მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) საზოგადოების ამგვარ მდგომარეობას "ბრიყვთა სამოთხეს" უწოდებდა. ჯერ კიდევ 1982 წელს წაკითხულ თავის მოხსენებაში "მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა", სერაფიმ როუზი თანამედროვე ცხოვრების არანორმალურობას სამყაროს აღსასრულის ერთ ერთი უტყუარ ნიშნად მიიჩნევდა:

"ყოველი, ვინც კი ჩვენს თანამედროვე ცხოვრებას ადრინდელი, ნორმალური ცხოვრების პერსპექტივაში დააკვირდება, არ შეიძლება არ გააოგნოს იმან, რამდენად არანორმალური გახდა იგი... ცხოვრების აზრი "გართობათა" გაუთავებელი ძიება გახდა, რომელიც იმდენად არის მოკლებული ყოველგვარ სერიზულ მნიშვნელობას, რომ XIX საუკუნის ნებისმიერი ქვეყნის მცხოვრებს რომ შეეხედა ჩვენი პოპულარული ტელეგადაცემებისთვის, ატრაქციონებისთვის, რეკლამებისთვის, კინოფილმებისა და მუსიკისთვის, მოკლედ, ჩვენი თანამედროვე კულტურის ნებისმიერი ასპექტისთვის, - იფიქრებდა, რომ მოხვდა გიჟების ქვეყანაში, რომელთაც ყოველდღიურ რეალობასთან ყოველგვარი შეხება დაუკარგავთ. ჩვენ ხშირად არ ვფიქრდებით იმაზე, რომ ვცხოვრობთ ამ საზოგადოებაში და შევიწყნარებთ მას, როგორც ჩვეულებრივ მოცემულობას.

თანამედროვე ცხოვრების მკვლევარებმა დღევანდელ ახალგაზრდა თაობას უწოდეს "მე", ხოლო ჩვენს დროებას "ნარცისიზმის საუკუნე", რომელსაც საკუთარი თავისადმი თაყვანისცმეა და საკუთარი თავის გაღმერთება ახასიათებს. ეს ყოველივე ხელს უშლის ნორმალური ადამიანური ცხოვრების განვითარებას. ზოგიერთი "პლასტმასის" ან ფანტასტიკურ სამყაროზე მსჯელობს, სადაც დღეს ხალხთა უზარმაზარი მასები ცხოვრობენ, მაგრამ უუნარონი არიან გარემომცველი სამყაროს რეალობას გაუსწორდნენ ან შეეთანაწყონ მას და საკუთარ, შინაგან პრობლემებს მიუბრუნდნენ... და ბოლოს, არაინ ადამიანები, ვინც შეგნებულად ხელს უწყობენ ყოველივე ამას..." (Приношение православного американца. Сборник трудов отца Серафима Платинского. М., 1998. С. 10-13, 23).

წარღვნამდელი პერიოდის მსგავსად, კაცობრიობის წარწყმედას ეშმაკი დღესაც ცდილობს, რისთვისაც მის გულსა და გონებას წარმართავს მხოლოდ გრძნობიერისკენ. ამის გამო გამეფებულია საყოველთაო გარყვნილება, ნივთიერი პროგრესი, რომელიც სამყაროს აღსასრულსა და ქრისტეს მეორედ მოსვლას გვაახლოვებს.

თანამედროვე ადამიანები, "გარყვნილებას მისცემიან გრძნობამიხდილნი და მზად არიან ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით" (ეფეს. 4:19). მამაკაცთა და დედაკაცთ შორის ურთიერთობებში უპირატესობს პრინციპი: "უნდა შეგეძლოს სიამოვნების მიღება ისე, რომ არანაირი ვალდებულებებით არ დაიმძიმო თავი". ტელევიზია, გაზეთები, რეკლამა, და საერთოდ, თანამედროვე ადამიანის ყოველი სიტყვა თუ ქმედება პირდაპირ თუ ირიბად სიძვა-მრუშობის ცოდვისკენ არის მიმართული. თანამედროვე იუმორი, ხუმრობები, მახვილსიტყვაობანი, განცდები, ხელოვნების ნიმუშთა სიუჟეტები, სიხარული და მწუხარება, ტრაგიზმისა და ბედნიერების შეგრძნებები ძირითადად ტრიალებენ მრუში ვნებების ირგვლივ. ცოდვის მონები მოუწოდებენ "თავისუფლებისკენ", ყველგან ისმის: "ძირს ცრურწმენები!", "მივუახლოვდეთ ბუნებას და ბუნებრივ გრძნობებს!", "ძირს სირცხვილი!" – "ყველანი უკან, ბუნებისკენ!".

გემოთმოყვარეობა უცხოა კაცობრივი ბუნებისთვის, გვასწავლიან წმიდა მამები. ძლიერ ცდებიან ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ხორციელი სურვილები ადამიანის სხეულის ბუნებრივი თვისებაა, ხოლო მათი დაკმაყოფილება ბუნებრივი აუცილებლობა. არა! ცოდვით დაცემის გამო ადამიანის სხეული დამდაბლდა პირუტყვის დონემდე. ბუნებრივი ხორციელი მოსურვებანი მხოლოდ დაცემული ბუნებისთვისაა დამახასიათებელი, ისინი არაბუნებრივია ადამიანისთვის იმ მდგომარეობაში, რაშიც ის პირველად იყო შექმნილი. წმ. იოანე ოქროპირი, თავის ცნობილ ჰომილიაში "ქალწულების შესახებ" აღნიშნავს, რომ ადამიანს რომ არ შეეცოდა, შემოქმედს შეეძლო ხორციელი კავშირის გარეშეც გაემრავლებინა ადამიანები, როგორც მაგალითად, შექმნა ევა და ურიცხვნი ანგელოზნი. ამის შესახებ მსჯელობს წმ. გრიგოლ ნოსელიც თავის ტრაქტატში "შესაქმისათვის კაცისა" (Григорий Нисский. Человек есть образ Божий. С. 26-29).

ადამიანის სულიერი სიჯანსაღისთვის განსაკუთრებულად მავნეა სირცხვილის ბუნებრივი გრძნობის დათრგუნვა და გადალახვა. უსირცხვობა - ეს არის ადამიანის პიროვნების "გაფუჭების", მისი სულის გახრწნის უტყუარი ნიშანი. პიროვნების დეგრადაცია გამოიხატება ფსიქიკისა და ქცევის დარღვევებში (ასევე, ხორციელ სნეულებებში) და ის უეჭველად არის ზნეობრივი გახრწნის შედეგი. ადამიანის სული კარგავს მისთვის დამახასიათებელ ისეთ ნორმალურ, ბუნებრივ თვისებებს, როგორიცაა: გონების სიმკვეთრე და ნათელმოსილება, გამჭრიახობა, აღქმის სიცოცხლე, გულის სიხარული და ა. შ. გახრწნილ ადამიანში ადამიანის მხოლოდ სახეღაა დარჩენილი, რადგან სული თანდათანობით იხრწნება და კვდება.

გარყვნილ, ხორციელი სიამოვნებებისკენ პათოლოგიურად მიდრეკილ ადამიანს უკვე აღარა აქვს იმის შეგნება, რომ იმის მიღმა, რასაც ის "სიყვარულს" უწოდებს, იმალება ღრმა გაუცხოება, მტრობა მოყვასისადმი, იმალება სულიერი მკვლელობა და თვითმკვლელობა.

ღირ. ანტონი დიდის თქმით "ბილწი ვნებებით აღძრული ადამიანი, ღმრთის წინაშე არაფრით განსხვავდება უგუნური პირუტყვისგან" (Отечник, составленный епископом Игнатием (Брянчаниновым). М., 1993. С. 6). წმ. იოანე ოქროპირი თავის სიტყვაში " იუდეველთა წინააღმდეგ" გარყვნილ ადამიანთა პირუტყვულობაზე ასე მსჯელობს: "თავიანთი ვნებიანობით განა არ აღემატნენ ისინი (იუდეველნი - რედ.) ყველაზე ვნებიან პირუტყვებს? ისმინე, რას ამბობს მათ შესახებ წინასწარმეტყველი: "ატეხილი, ნასუქარი ულაყები არიან, ერთიმეორის ცოლებს შეჭიხვინებენ" (იერ. 5:8); არ ამბობს: ყოველი ვნებით იყო აღძრული თავისი მოყვასის ცოლისადმიო, არამედ განსაკუთრებული სიმძაფრით გამოხატავს მათ ვნებას და ნასუქარი ულაყის ჭიხვინს ადარებს". წინასწარმეტყველ ეზეკიელთან ნათქვამნია: "მათ ხარჭებზე უფრო ავხორცი გახდა, რომელთა სხეული ვირების სხეულია და ულაყებივით არიან ატეხილნი" (ეზეკ. 23:20). მოციქულ პეტრეს თქმითაც, ხორციელ ვნებებსა და გარყვნილებაში მცხოვრებნი, ძაღლთა მსგავსად უბრუნდებიან თავიანთ ნანთხევს და დაბანილი ღორებივით კვლავ ტლაპოში გორაობენ (იხ. 2 პეტრე 2:18, 22).

ეკლესიისთვის ცნობილია წმიდა მამები, რომლებიც გარეგნულად გარეულ პირუტყვთა მსგავსად ცხოვრობდნენ (მაგ. წმ. ბარბაროსი, ყოფილი ყაჩაღი. ხს. 6 მაისი (ძვ. სტ.)), მაგრამ ამგვარ ცხოვრებას ისინი საკუთარი ვნებების თასათრგუნად და ღმრთის მადლის მოსაპოვებლად მიმართავდნენ. ძველი მამები პირუტყვთა მსგავს საცხოვრებელ პირობებს იქმნიდნენ, რათა დაეძლიათ ფუფუნება და განწმენდილიყვნენ, ხოლო თანამედროვე ადამიანები, პირიქით, პირუტყვებს თავიანთ თვისებებში ბაძავენ და პირუტყვზე უარესად ცხოვრობენ. "ადამიანები დღეს უფრო განწყობილნი არიან დემონური შთაგონებებისკენ, ვიდრე უწინ და უფრო დაქვემდებარებულნი არიან დემონიზაციას", - ამბობს წმ. პაისი მთაწმინდელი. ლავრენტი ჩერნიგოველის (†1950) აზრით, ბოლო ჟამს დემონები ჯოჯოხეთიდან დედამიწაზე გამოვლენ და ადამიანებში იცხოვრებენ. რაზე მსჯელობენ სახარებები? ადამიანთა სულიერ გაღატაკებაზე. და ამას უკვე გაღატაკებაც კი არ შეიძლება ეწოდოეს. ეს არის კაცობრიობის დემონიზაცია" (

ხელოვნურად შექმნილ, უსულგულო, მანქანურ-ციფრულ ცივილიზაციაში, ჩვენი საუკუნის ამ ბაბილონში, უკვე ადგილი აღარ დარჩა თბილ, ადამიანურ ურთიერთობას. სამყარო, სადაც ადამიანის გულს "მხურვალე მოტორი" და ელექტრონიკა ცვლის, უეჭველად უახლოვდება თავის აღსასრულს.

თავისუფლება და ზნეობრიობა - აი, სულის ჭეშმარიტი ატრიბუტები, რომელთა გარეშე ადამიანი ხდება მხეცი. თანამედროვე ადამიანი შეპყრობილია და დამონებულია მექანიკურ რიტმებს. ადამიანები მიწიერი ბუნების კანონებით ცხოვრობენ და ქრისტეანული იდეალების სიმაღლეზე ასვლას არც კი ცდილობენ. მათ უკვე აღარ ძალუძთ უყვარდეთ ისე, როგორც ქრისტეს. ისინი პირუტყვებს მიემსგავსნენ და უყვართ მხოლოდ ისინი, ვინც ამა თუ იმ მოთხოვნილებებს დაუკმაყოფილებენ. ამგვარი მიდგომა კი უეჭველად იწვევს პიროვნების დეგრადაციას, როგორც სხვისი, ასევე საკუთარი პიროვნების პატივისცემის დაკარგვას და საერთოდ, პიროვნულობის დაკარგვას.

აი, რატომ დაავალა უფალმა იოანეს, - სიყვარულის მოციქულს, - აპოკალიფსისის ავტორობა. ეს ბიბლიური წიგნი მოგვითხრობს სიყვარულის განქარვებაზე, კაცობრიობაში მის დაკარგვაზე და ადამიანების გამხეცებაზე.



გაგრძელება

თავი 9

"ვაჲ თქუენდა, რომელნი იცინით…"

Комментариев нет:

Отправить комментарий