ღმერთი

ღმერთი

вторник, 25 февраля 2014 г.

ჩვენ ხომ ღმერთმა ისეთი ქვეყანა გვარგუნა, რომელიც ყოველთვის გადასარჩენი იყო!

თამარ ერისთავი – “ჩვენ ხომ ღმერთმა ისეთი ქვეყანა გვარგუნა, რომელიც ყოველთვის გადასარჩენი იყო!”



სტოლიპინი გაოგნებულა ამ ხალხის კეთილშობილებითა და განსწავლულობით

ეს მიწა თითოეული ჩვენგანის შესანახია იმის მიხედვით, ვის რა შეგვიძლია

ჩვენი ისტორია მხოლოდ ალესილი ხმლების ქნევით არ იქმნებოდა. არც მხოლოდ დასავლეთსა თუ აღმოსავლეთს მიჩერებულ მეფეთა თავგანწირვით, – მას უსახელო ქართველების ხელიც ქმნიდა. ეს ხელი მარადიული სიჯიუტით უვლიდა ერის მარადიულობას. თუკი ყურს მივუგდებთ, დღესაც ვიგრძნობთ იმ ჯიუტი ძარღვის ფეთქვას, რომელიც საქართველოს ინარჩუნებს. ამიტომაც – მიუხედავად იმისა, რომ ისევ ისე ვირწევით “ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”, ჩვენ არასოდეს გადავშენდებით! თამარ ერისთავიც წარსულს უვლის, – მომავლისთვის ინახავს. ქალბატონი დიდებულთა გვარიდან მორჩილი მსახურია თავისი ერისა. ჩაიხედეთ ჩვენს წარსულში და ერის ყოფნა-არყოფნისა აღარ შეგეშინდებათ.

* * *

მე მხოლოდ ერთი უმნიშვნელო ნაწილი ვარ საქართველოსი. როცა მეკითხებიან, მეფობის აღდგენაზე რა აზრისა ხართო, ვპასუხობ, – მხოლოდ ბაგრატიონობას რა აზრი აქვს, კაცი უნდა გამოჩნდეს, ვისაც ერის პატრონობა შეუძლია-მეთქი. თავად მე, მაშინ, როცა 17 წლის მაია ჩიბურდანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჭადრაკში, – ვთქვი: აი, გამობრწყინდა ახალი ვარსკვლავი და ბევრი არისტოკრატიული გვარი განზე უნდა გადგეს-მეთქი. გვარები და გვარიშვილები წავლენ და მოვლენ, ხოლო საქართველო დარჩება. ამას მასწავლიდა ჩემი მამა-პაპა და ამას ვასწავლი ჩემს შეგირდებს. ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანის შესანახია იმის მიხედვით, ვის რა შეგვიძლია. ასე იყო მუდამ და ასე იქნება მომავალში…

* * *

ვინც კი ამქვეყნად გამაჩნდა და გამაჩნია, ყველა სამშობლოს გადარჩენის მცდელობაში იყო. დეიდაჩემიც და მამიდაჩემიც – მარო მაყაშვილი და ნათელა ერისთავი მოწყალების დები იყვნენ კოჯრის ფრონტზე. მარო მაყაშვილი იქ დაიღუპა – ქვეყანას იმ დროს ეს სისხლი დასჭირდა. მაგრამ ბაბუაჩემი – ალექსანდრე ერისთავი ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მიმავალ ვანელ გლეხებს წინ გადაუდგა, არ გაუშვა – ტყუილად დაიხოცებით, სად მიდიხართ, თქვენი მთავრობა მოდის, გასწავლით და გამუშავებთ, თოხებითა და ცულებით როგორ უნდა იომოთო. ბაბუას მიზეზი ჰქონდა ბოლშევიკების სიძულვილისა, მაგრამ ვისი სისხლით უნდა ეძია შური? თავადაც ბედს დამორჩილდა და ისეთ სამშობლოზე ზრუნავდა, როგორიც ბედმა არგუნა. მას შემდეგაც, რაც ოცდარვა წლის მამაჩემი, ლევან ერისთავი დახვრიტეს 1937-ში.

მამაჩემის აშენებულია აჭარის წყალზე ელექტროსადგური. ამ მშენებლობის ნაწილი მოსკოვში დაუმტკიცეს და ორჯონიკიძემ უთხრა, – თუ თბილისში ბინა არ გაქვს, აგიშენებთო. ჩვენ იქ ვიღა გვაცხოვრებდა!.. მე და ჩემი უმცროსი ძმა ვანში, ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდით, დედა და უფროსი ძმა – თბილისში იყვნენ. დედა კოტე მაყაშვილის ქალიშვილი იყო. აი ასე გავნაწილდით. მაგრამ არავის დაუწუწუნია, ასეთ ქვეყანაში რატომ დავრჩითო – გულმა არ დაანებათ ამ ქვეყნიდან წასვლა – სამშობლო მაშინაც სამშობლოა, როცა დაპყრობილი, დაჩაგრულია, ღატაკია და ცუდად ხარ.

**** * *

ან გალაღებულები როდის ვიყავით? ჩვენ ხომ ღმერთმა ისეთი ქვეყანა გვარგუნა, რომელიც ყოველთვის გადასარჩენი იყო! 1905 წელს, გურიის აჯანყებისას, გურიის სოფლები რომ გადაწვეს, იმერეთის სოფლების გადაწვაც უნდოდათ. ხუთი ასეთი სოფელი ჰქონდა სიაში დამსჯელი რაზმის მეთაურს ლარიონოვს. თავზარდაცემული ბაბუაჩემი ქუთაისში გავარდნილა. მაშინ დასავლეთ საქართველოში ასე თუ ისე დემოკრატი რუსი გუბერნატორი სტაროსელსკი მჯდარა და მასთან მივარდნილა, – გვიშველეო. იმას – შეწყვიტეთო, დაუწერია და ბრძანება ბაბუაჩემისთვის გაუტანებია. ჭენებითა და თეთრი ცხვირსახოცის ფრიალით მივარდა ლარიონოვს. იმას უკვე ორი-სამი სახლი გადამწვარი ჰქონდა და ბაბუაჩემმა ბრძანება რომ გადასცა, ისე დაიბოღმა, რომ მერე მოსაკლავად დასდევდა.

უფრო დიდი საშინელებისგან ქართველები ბაბუაჩემის ცოლისძმამ, დავით ნიჟარაძემ გადაარჩინა. დავითი იმერეთის თავადაზნაურთა წინამძღოლი იყო, როცა იქ გუბერნატორი სლავიჩინსკი დასვეს (შემდეგ სვოლოჩინსკის ეძახდა). სწორედ ამ გუბერნტორმა მისწერა რაპორტი რუსეთის იმპერატორს: ქართველები ყალთაბანდები, მოქეიფეები და უმსგავსოები არიან, მაგრამ თავად ქვეყანაა სამოთხის მსგავსი და ამიტომ ეს ხალხი აქედან გადავასახლოთ და რუსები ჩამოვასახლოთო. კანცელარიაში თავადაზნაურებს ნიკოლიკა თაყაიშვილი ჰყავდათ მსტოვრად და იმან გამოიტანა ეს ამბავი. განსაკუთრებით მეგრელებს ლანძღავდა ეს სლავიჩინსკი – ველურები არიანო. დავით ნიჟარაძემ სასწრაფოდ იხმო სამსონ თოფურია და პეტერბურგში წაიყვანა. ეს სამსონ თოფურია ევროპაში განათლებამიღებული ექიმი იყო. ჩავიდნენ პეტერბურგში. მეფეს ვერა, მაგრამ სტოლიპინს შეხვდნენ, სახელმწიფოს პირველ კაცს…

სტოლიპინი იმდენად გაოგნდა ამ ხალხის კეთილშობილებითა და განსწავლულობით, მაშინვე მოახსენა იმპერატორს ეს ამბავი. იმპერატორმა თავისი გულისნადების გახმაურება არ აპატია გუბერნატორს და ქუთაისიდან გაიწვია. სხვათა შორის, ეს ნიჟარაძეები ძალზე ლამაზი ხალხი იყო. იმდენად ლამაზი, რომ იმპერატორმა დავით ნიჟარაძის ძმის, გურიის დრუჟინის მეთაურის ერმალოზ ნიჟარაძის ფოტო ღია ბარათზე დააბეჭდვინა და მთელ იმპერიაში გაავრცელა.

* * *

აი, ასე გახლდათ ეს ამბავი. უნდა გახსოვდეს, როგორი ქვეყნის შვილი ხარ და რა შეიძლება მისთვის გააკეთო. ბაბუაჩემმა, ბაღდათიდან საირმემდე რომ რკინიგზა გაეყვანა, ქუთაისში სახლ-კარი გაყიდა. საირმე მისი აღმოჩენილია – საერთოდ აჭარა-ახალციხის ქედის ნაწილი ერისთავებს ეკუთვნოდათ, ბაბუაჩემი კი პეტერბურგში განსწავლული მეტყევე იყო და ხშირად დადიოდა აქაურ ტყეებში. ხედავდა, როგორ ჩამოდიოდნენ მთიდან ირმები და მჟავე წყალს სვამდნენ. ცნობილი ლიტველი წყლების სპეციალისტი კუფცისი ჩამოიყვანა წყლის შესასწავლად და კურორტის მშენებლობა დაიწყო, რომ ქვეყანას ამ წყლებით შემოსავალი ჰქონოდა. მაგრამ მიწები მენშევიკებმა ჩამოართვეს. მაინც გააცილა სამშობლოდან მიმავლები. თურმე ცივი დღე იყო, ბაბუაჩემს კრაველის ქურქი ეცვა და ბოხოხი ეხურა. ნოე რამიშვილს უთქვამს, თუ არ წამოხვალ, ბოლშევიკები მოვლენ და მაგ ქუდს და ქურქს წაგართმევენო. ბაბუას უპასუხია – ტყე და მიწა თქვენ წამართვით და ესენიც ფეშქაში იყოს, აქაურობას ვერ დავტოვებო… ვერც დატოვა – ერთხელ ბებიაჩემი ქედზე აუყვანია, რიონის დაბლობი დაუნახვებია და უთქვამს, – ეს მიწა როგორ დამეტოვებინაო…

ბაბუა და ბებიაჩემი როსკანი ოთხივე შვილს სამშობლოს სიყვარულით ზრდიდნენ. ორი მამიდა დამრჩა – მზია და ნათელა. ნათელა კოჯრის ომში იყო. ვემუდარებოდი, კოჯორზე რაიმე დაწერე-მეთქი. უარობდა… მზია მამიდა მიამბობდა, – თებერვლის ერთ დილას წყლის ხმამ გამაღვიძა. მზიანი დღე იყო – მივიხედე. კუთხეში ნათელა ზის და ცრემლები იატაკზე სცვივა. შემომხედა: – დავიღუპეთ, საბოლოოდ დავმარცხდითო. მზია მამიდა პიონერთა სასახლეში ასწავლიდა და ყოველ ზაფხულს ბავშვებს დაატარებდა მთელ საქართველოში. მზია უთმელიძემ მიამბო, – მამიდაშენმა რომ დიდგორში აგვიყვანა და დიდგორის ომზე მოყოლა დაიწყო, სახე ისე შეეცვალა, გეგონებოდა, პირდაპირ ომიდან მოდისო. მეც თან დავყავდი. ერთხელ, ურმებით იმერეთიდან რაჭაში გადავედით. სასაფლაოსთან შემოგვაღამდა. თურმე სოფელში ვყოფილვართ. დილით მზე რომ ამოდიოდა, გავიხედე და ვაჟა რომ ამბობს, “სადაც კი გაიხედავდი, ყოველი გასაშტერონიო” – ისე ლამაზი იყო იქაურობა… დღესაც გულით დამაქვს მამიდაჩემის ნათქვამი გრიშაშვილის ლექსი “თამარ მეფის გაბზარული სახე”… როგორი ხატია? ახლა ამ ხატის წინ ბავშვს რომ დააყენებ, როგორ ქართველად გაიზრდება?!

* * *

1921 წელს, როცა დედაჩემის ძმა, 17 წლის შალვა მაყაშვილი საქართველოს მტერთან საბრძოლველად არმიაში ჩაეწერა, ერთადერთ ვაჟს ბაბუაჩემმა კოტე მაყაშვილმა ასეთი ლექსი დაუწერა: – “შენც მიდიხარ იქ, საითკენ ქართველები იჩქარიან, გული სევდით მეკუმშება და თან… და თან მიხარიან! ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და მისმინე, რის ვარ მთქმელი: შენ მიყვარხარ მე იმდენად, რამდენადაც ხარ ქართველი. საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა, ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა.”

როცა ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართა: “ქართველსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო”… სწავლა მოიცდის, სამშობლოს დაცვა სჭირდებაო, მთელი უნივერსიტეტი გაემზადა საომრად. გოგონები მოწყალების დებად ეწერებოდნენ, მარომ, შემდგომში ცნობილ მომღერალს, ქეთო ჯაფარიძეს ხვეწნით დაათმობინა სიაში ადგილი – შენ მერე ჩაეწერეო… მხოლოდ 17 წლის იყო, როცა დღიურში წერდა, – რა დროს პირად გრძნობებზეა ლაპარაკი, საქართველოს ბედ-იღბალი წყდებაო… დის დაკრძალვაზე შალვა მაყაშვილი ბიძამ, პოლკოვნიკმა კოტე ჯანდიერმა გამოიყვანა ფრონტიდან და გზაში მკაცრად გააფრთხილა, – აღარ გაბედო ნაწილში დაბრუნება. კმარა შენი ოჯახისთვის მსხვერპლიო, მაგრამ მარო დაკრძალეს თუ არა, შალვა გორში წავიდა. მშიერ, ტიტველ, გაყინულ ქართულ არმიას ბათუმის თურქებისგან გასათავისუფლებლად გაჰყვა.

მარო ქაშვეთიდან გაასვენეს. საქართველოს პატრიარქმა აღუსრულა პანაშვიდი. იუნკრებთან ერთად სამხედრო ტაძრის გალავნის ახლოს დაკრძალეს. მერე ის ეკლესია დაანგრიეს, მთავრობის სასახლე ააშენეს და დეიდაჩემის საფლავიც დაიკარგა…

* * *

ქართველობას დღესაც საფრთხე ემუქრება. ყველა თითქოს ჩვენს ჩანთქმას ცდილობს. ბევრი რამ უნდა მოვიგერიოთ, მათ შორის – უწიგნურობასთან ომი. წიგნი და წიგნიერება მომავალ თაობას უნდა შევუნახოთ და ამით წარსულიც შეინახება… მე შოტლანდიური პოეზიის მთარგმნელი ვარ, 25 შოტლანდიელი პოეტის ლექსები მაქვს ნათარგმნი, საგანგებოდ ავირჩიე შოტლანდია, – მიყვარს იმიტომ, რომ ქართველებს გვგვანან თავისუფლების სიყვარულითა და ხასიათითაც კი, – აი, რობერტ ბერნსის “კაცი ვარ, და ქუდი მხურავს”, ჩემი ნათარგმნია, ხომ გვგავს? და იცით ვინ გაამძაფრა XX საუკუნეში მათში ეროვნული გრძნობები? სწორედ პოეტმა – ჰიუ მაკდაირმედმა (სხვათა შორის, ის ამბობდა, შოტლანდიელები საქართველოდან არიან წამოსულებიო). შოტლანდიელებს კი უფრო საშინლად მოექცნენ ინგლისელები, ვიდრე ჩვენ რუსები. ისე გადაწვეს მთის სოფლები, რომ გემები ნავსადგურს ვეღარ აგნებდნენ. მაგრამ შოტლანდიელების ეროვნულობა სწორედ გლობალიზაციის ხანაში გამძაფრდა და ამ ეროვნულობის გამოხატვას არსად არ ერიდებიან. ჩვენც არ უნდა დავკარგოთ ჩვენი თავი. ვინც არ უნდა მოინდომოს, – თურქმა, რუსმა თუ მოდაში შემოსულმა ამერიკელმა, ჩვენი გადაჯიშება არ უნდა გამოუვიდეს. ასეც იქნება!


ესაუბრა ეთერ ერაძე

კვირის პალიტრა

21-27 იანვარი, 2008 წელი


Комментариев нет:

Отправить комментарий