ღმერთი

ღმერთი

пятница, 21 февраля 2014 г.

ბუდიზმი

ბუდიზმი ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიაა, რომელიც რამდენიმე ასეულ მილიონ მორწმუნეს აერთიანებს. იგი ჩრდილო ინდოეთში ჩაისახა ძვ. წ. VI-V საუკუნეებში. მისი დამაარსებელია საკიას ტომის უფლისწული სიდჰართა გაუტამა, ანუ საკია მუნი (განდეგილი საკიას ტომიდან). იგი დღევანდელ ქალაქ ბენარესის მახლობლად მდებარე ქალაქ კაპიტალავასტში დაიბადა. მამამისი საკიას ტომის მეფე სუდოგანა იყო. დედას მაია-დევი ერქვა. მამა სიდჰართას ფუფუნებით ზრდიდა და ყველანაირად უმალავდა ამ ქვეყნად არსებულ ტანჯვასა და უბედურებას, მაგრამ გაუტამამ ყოველივე ამის შესახებ მაინც შეიტყო. იგი შეაძრწუნა საკუთარმა ბედნიერებამ, მიატოვა სასახლე, მშობლები, ცოლი, ვაჟიშვილი და ამ ქვეყნის ბოროტების დასათრგუნავი საშუალების საძებნელად წავიდა. მან მრავალი მოძღვარი მოინახულა და, ბოლოს, ერთ ღამეს წმიდა ხის ქვეშ მყოფს ჭეშმარიტება ეუწყა, რის შედეგადაც იგი გახდა ბუდა და (სანსკ. ბუდდჰა - განათლებული, გასხივოსნებული, სხვიფენილი) ამის შემდგომად მან ხსნის შესახებ დაიწყო ქადაგება. მალე მას მრავალი მიმდევარი და მოწაფე გაუჩნდა (მათ შორის ყველაზე საყვარელი მოწაფე ანანდა იყო). ბუდა 80 წელს მიღწეული გარდაიცვალა. მისი ნეშტი თაყვანისცემის საგანი გახდა. ბუდას არაფერი დაუწერია, რამაც მისი მოძღვრების ირგვლივ დავა გამოიწვია. ჭეშმარიტების დასადგენად კრებებს იწვევდნენ, რომელთა შორისაც უმთავრესია ძვ. წ. 250 წ. პაშალიპუტრაში მეფე აშოკას დროს ჩატარებული კრება, რომლის დადგენილების ძალით ბუდიზმი, რომელიც მანამდე იდევნებოდა, სახელმწიფო რელიგია გახდა. ამ დროისათვის მოხდა ბუდას მოძღვრების წერილეობითი ფიქსაცია. ეს ნაწერები 3 ნაწილად - 3 ტიპიტიკად იყოფა (ტიპიტიკა - სიბრძნის კალათა): 1. სუტრა (მოძღვრება), 2. ვინაია (დისციპლინა) და 3. აბჰიდჰართა (მეტაფიზიკა). მეფე აშოკამ მისიონერები სხვა ქვეყნებშიც გაგზავნა ბუდიზმის გასავრცელებლად. თუმცა შემდეგ ინდოეთში ბარაჰმანიზმმა კვლავ მოიკრიბა ძალა და ბუდიზმი ძალზედ შეავიწროვა. დღეისათვის ინდოეთში მხოლოდ 4 მილიონამდე ბუდისტია, სამაგიეროდ იგი ყველაზე გავრცელებული რელიგიაა შრი-ლანკაში, მიანმაში (ყოფ. ბირმა), ტაილანდში, კამბოჯაში, ვიეტნამსა და ლაოსში. ბევრია ბუდისტი ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში, აგრეთვე, მონგოლეთში.

ბუდიზმი არაა ერთგვაროვანი. სამხრეთული ბუდიზმი, რომელიც შრი-ლანკასა და ინდოჩინეთშია გავრცელებული და ჰინაიანას სახელითაა ცნობილი, უფრო ახლოა ბუდიზმის პირვანდელ ფორმასთან (ჰინაიანა მცირე ეტლს ნიშნავს). მისი პანთეონი ღარიბია, კულტი ძალზე მარტივი. ჩრდილოეთის ბუდიზმი - მაჰაიანა (დიდი ეტლი) - გავრცელებულია ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში. მას დოგმატიკა და კულტი უფრო რთული აქვს, იერარქია მდიდარია, ძლიერაა განვითარებული სამონასტრო ცხოვრება, რომელიც მკაცრი წესებით გამოირჩევა. (1)

ტერავადას შტო გავრცელებულია სამხრეთში: ცეილონზე, ბირმაში, კამბოჯასა და ტაილანდში. მისი სწავლება ეფუძნება ტიპიტაკას წიგნებს, რომელიც ცხოვრებისაკენ მოუწოდებს ადამიანს. მისთვის მთავარი სათნობა - სიბრძნეა. ტერავადას სკოლა გაურბის რიტუალებს და მეტ ყურადღებას უთმობს მედიტაციას.


ბუდიზმის ფორმაა აგრეთვე ლამაიზმი. იგი ტიბეტში ჩაისახა XIV საუკუნეში - მაჰაიანასა და ტანტრიზმის, აგრეთვე ტიბეტელთა ძველი სარწმუნოების ბონ-პოს ბაზაზე, XVI საუკუნიდან ლამაიზმი გავრცელდა მონღოლებში, ხოლო XVII საუკუნეში შეაღწია რუსეთის ტერიტორიაზე - ბურიატებში, ტუველებსა და ყალმუხებში. მასში ბუდიზმი შეერწყა ადგილობრივ წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს, რის გამოც ლამაიზმში ძლიერაა განვითარებული სხვადასხვა წეს-ჩვეულება, მაგალითად, შამანიზმი. ლამაისტების მეთაურია დალაი-ლამა, რომელიც დიდი უფლებამოსილების მქონეა და მას, როგორც ცოცხალ (განსხეულებულ) ბუდას, ისე სცემენ თაყვანს. ლამაიზმის კანონიკურ საფუძველს წარმოადგენს წმიდა ტექსტთა კრებულები: განჯური (108 ტომი) და დანჯური (225 ტომი). ლამაიზმისათვის დამახასიათებელია თეატრალური მისტერიები, ფუფუნებით აღსავსე მსახურებები, რომლებიც სრულდება დაცანებში (სამონასტრო დაწესებულებებში), „ათ შავ ცოდვად“ ლამაიზმი ასახელებს: მკვლელობას, ქურდობას, „არასწორ შეერთებას“, ტყუილს, ცილისწამებას, ბოროტისმეტყველებას, ამაოდმეტყველებას, სიხარბეს, მრისხანებას, „ცრუ წარმოდგენებს“.


არსებობს აგრეთვე ძენ-ბუდიზმი. იგი VI საუკუნეში აღმოცენდა ინდოეთში. მისი დამაარსებელია ბოდჰიდჰარმა, აქედან გავრცელდა იგი ჯერ ჩინეთში, შემდეგ იაპონიაში, სადაც VII-VIII საუკუნეებში დასრულებული სახე მიიღო (2). ძენ-ბუდიზმი საკმაოდ დასცილდა ტრადიციულ ბუდიზმს. იგი ერთგვარი ბუდისტური სუპერეგზისტენციალიზმია. იგია ბუდიზმი ბუდას გარეშე, ადოგმატური სწავლება, რომელიც არ ცნობს არანაირ ავტორიტეტს, არავითარ ტრადიციას. მისი კულტია დაცინვა, რომელიც ყველას, მათ შორის საკუთარი თავის წინააღმდეგაა მიმართული. იგია ფილოსოფიის სიძულვილი, მაგრამ ფილოსოფიური პარადოქსების სიყვარული. ძენი უარყოფს იმ ლოგიკის კანონებსა და ცნებით კატეგორიებს, რომლებიც ინდუიზმსა და ბუდიზმშია გავრცელებული. ძენ-ბუდიზმი დაახლოებით ისე მიემართება კლასიკურ ბუდიზმს, როგორც ძველ ცინიკოსთა სწავლება პლატონიზმს. ძენ-ბუდიზმი ერთგვარად თანამედროვე ევროპულ ეგზისტენციალიზმსაც ეხმაურება, რის გამოც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება დასავლეთის ქვეყნებში. ამ პოპულარობას ხელი შეუწყო ძენ-ბუდიზმის ცნობილმა თანამედროვე პოპულარიზატორმა დაითაცუ ტეიტარო სუძუკიმ (1870-1966 წწ).


ძენში ლიგუკური ანალიზი ტაბუდადებულია. მისი მიხედვით ადმაინი უნდა გათავისუფლდეს სხვათა აზრების ზეგავლებისაგან, რჩევებისაგან და სწავლებებისაგან და არც თვითონ უნდა ასწავლოს სხვას რაიმე. ძენი უარყოფს სასწაულებს და ზებუნებრივ მოვლენებს. იგი ასწავლის, რომ რეალობას არ გააჩნია ობიექტური შინაარსი, არსეობს მხოლოდ სუბიექტური აღქმა. „ჭეშმარიტებები“ ცნობიერდება უშუალოდ, ინტუიტიურად - როდესაც შესაცნობი და შემცნობი ერთმანეთში შეირწყმიან. ძენის დოქტრინა ქაოტურია. ინდუიზმის მსგავსად ძენი აცხადებს, რომ ადამიანი და ღმერთი - ერთი არსებაა. ძენი არ აღიარებს არც მადლს, არც ცოდვას, რადგან მათ სუბიექტური აღქმის ნაყოფად მიიჩნევს, ძენის მოძღვრებით განსაკუთრებით ისინი ინტერესდებიან, ვინც გაურბის დოგმებსა და ავტორიტეტებს.

ბუდიზმის ძირითადი პოსტულატები შემდეგია: იგი არ აღიარებს არც შემოქმედს და არც ქმნილებას. მისთვის ერთადერთი ჭეშმარიტად არსებული არის არარა, ანუ არყოფნა, რომელსაც მარადიული, დამოუკიდებელი და თვითმყოფადი არსებობა აქვს. ყველა სხვა არსებობა, რასაც საწყისი და დასასრული აქვს, ცვლილებას ექვემდებარება და დროითა და სივრცითაა შეზღუდული, მოკლებულია ჭეშმარიტ ყოფიერებას. ყოველივე არსებული არარასაგან წამოსდგა და კვლავ მას უბრუნდება, მაშასადამე, არყოფნა ყველაფრის თავი და ბოლოა. ამდენად, თუკი იგი ჭეშმარიტი არსი და სამყაროს ერთ-ერთი საფუძველია, მაშინ სამყარო, ყოველივე იმასთან ერთად, რაც მასში არსებობს და ცოცხლობს, უკანონო და არასაჭირო არსებობის შედეგია და, ამდენად, ბოროტებაა.

ბუდიზმს არ გააჩნია პასუხი კითხვაზე, თუ როგორ წარმოიშვა თავდაპირველად ყოველივე. იგი იყენებს სწავლებას უსასრულოდ მრავალი სამყაროსა და მათში არსებულ არსებათა შესახებ, რომლებიც აუცილებლად ისპობიან და სხვას უთმობენ ადგილს, რომელთაც თავის მხრივ იგივე ელით.


მაშასდამე, ბუდიზმი რელიგია კი არა, ფილოსოფიური აგნოსტიციზმი უფროა, რადგან რელიგია, კლასიკური გაგებით, კავშირს გულისხმობს, კავშირს ადამიანსა და ღმერთს შორის. ბუდიზმში კი არ არსებობს აბსოლუტური პიროვნების ცნება, არსებობა ბოროტებაა, ცხოვრება ტანჯვათა ჯაჭვია, ხოლო ბუდიზმის მიზანი ამ ტანჯვისგან გათავისუფლებაა. რადგან ტანჯვა თვით ყოფიერების ცნებას ერწყმის, ამიტომ მისგან გათავისუფლება თვით ყოფიერების მოსპობით უნდა მოხდეს. ტანჯვისგან გათავისუფლებისათვის თვითმკვლელობა უაზრობაა, რადგან ბუდიზმი, ისევე როგორც ინდუიზმი, რეინკარნაციას აღიარებს, რასაც კვლავ ახალი ტანჯვა მოჰყვება (3). ამიტომ ბუდა მიიჩნევს, რომ უნდა მოისპოს თვით სიცოცხლის სურვილი, რაც შემდგომი რეინკარნაციის შეწყვეტასა და სანსარისგან თავის დაღწევის საწინდარია. ასე გადადის ადამიანი ნირვანაში, რომელიც ღმერთთან ურთიერთობა კი არ არის, არამედ სიცოცხლიდან გაქცევა და სულიერი ვაკუუმის მდგომარეობაა. ნირვანა სიტყვასიტყვით ჩაქრობას ნიშნავს. იგი ბუდიზმში უდიდესი სიკეთე და ადამიანის საბოლოო მიზანია. იგი ტანჯვის, უბედურების და საერთოდ ყოფიერების ყოველგვარი გამოვლინების მოსპობაა. უკვდავება ბუდიზმს ესმის, როგორც აბსოლუტურ უმოქმედობასა და სრულ განურჩევლობაში გადასვლა.

როგორც უკვე ვთქვით, ბუდისტისათვის ბოროტების სათავე თვით სიცოცხლე, ადამიანის არსებობა და მისი სურვილებია, სადაც სიცოცხლეა, იქ აუცილებლად ბოროტებაცაა, როგორც მისი ძირეული და არსებითი ნიშანი. შესაბამისად ბუდიზმის თანახმად სიცოცხლის გაქრობა სიკეთეა, მაგრამ, მეორე მხრივ, ბუდიზმი არ იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ რატომაა სიცოცხლის სურვილი ბოროტება. იგი მხოლოდ ფაქტების ემპირიულ მხარეს აფიქსირებს.

ბოროტებაზე ამგვარი შეხედულება ბუდიზმს სოციალურ სფეროშიც გადააქვს. ოჯახური, ეროვნული და სხვა ურთირთობები, ბუდისტური მსოფლმხედველობის მიხედვით, ბოროტებაა, რომელთაგანაც ასევე აუცილებელია გათავისუფლება.

თუ ქრისტიანი ასკეტისათვის უმთავრესი ამოცანა საკუთარ ვნებებთან ბრძოლაა და ამ ვნებათაგან გათავისუფლების შემდეგ იგი სიცოცხლისკენ ისწრაფვის, რათა ღირს იქნეს აბსოლუტთან თანაზიარებისა და მის სასუფეველში დამკვიდრებისა, ბუდისტი საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, მისთვის მთავარი სიცოცხლის სურვილია და, ამის კვალობაზე, თავად სიცოცხლის გაქრობაა, ანუ როგორც მართებულად შენიშნავს ნ.ლოსკი: „სხეულებრივი სიკვდილით შეშინებული გაუტამა ხსნას აბსოლუტურ სიკვდილში, ყოფიერების სრულ მოსპობაში ეძიებს“, ხოლო გ.კ.ჩესტერტონი ამბობს: „ქრისტეს ეცოდება ადამიანები იმიტომ, რომ ისინი კვდებიან, ხოლო ბუდას ეცოდება იმიტომ, რომ ისინი ცოცხლობენ“. თუ მაცხოვარი ამბობს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“ (მათე 5, 3), ბუდა ამ სიტყვების ამგვარ პერიფრაზს „ახდენს“: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათ ელოდებათ არყოფნა“.

ქრისტიანსაც და ბუდისტსაც გრძნობადი ბუნებისაგან გათავისუფლება სწადიათ, მაგრამ თუ ბუდისტი ბიბლიური სამსონივით მტრების მოსპობით საკუთარ თავსაც სპობს, ქრისტიანი, რომელიც სძლევს მტერს, ნეტარი ცხოვრების ღირსი ხდება.

ბუდისტი, რომელიც არ ცნობს პიროვნულ ღმერთს, ვერ ახერხებს დადებითი შინაარსი შესძინოს საკუთარ ზნეობრივ თავისუფლებას. ამიტომ მისთვის თავისუფლება უმიზნო სიცოცხლის უარყოფაში მდგომარეობს. ამის გამო კი იქ, სადაც პოზიტიური მიზანი არ არსებობს, აუცილებლად ხდება ყოველგვარი მიზანშეწონილი მოქმედების პარალიზება. პასიური სათნოებანი (მოთმინება, დათმობა) ბუდიზმში ყოველთვის ჭარბობს აქტიურს. ბუდიზმში ვხედავთ თანაგრძნობისმიერ სიყვარულს, მაგრამ იქ არ მოიპოვება მოქმედი, განმათავისუფლებელი და შემოქმედებითი სიყვარული. უფრო მეტიც, თვით ეს პასიური სიყვარულიც კი, რომელიც მხოლოდ თანაგრძნობას გამოხატავს და სიხარულს არ ანიჭებს, უკანა პლანზე იწევს და ადგილს უთმობს თვითჭვრეტისა და თვითმოსპობის სურვილიდან გამომდინარე კვიეტიზმს. ასე რომ, ბუდიზმი თავისი არსით ნიჰილიზმია, და ამის გამო იყო, რომ მან ამგვარი ფორმით დიდხანს ვერ იარსება. ამიტომაც მას ყოველთვის შეცვლილი და შერბილებული სახით წარმოადგენდნენ ხოლმე: კერძოდ, ნირვანას რაღაც სამოთხის მსგავსი თვისებები მიანიჭეს, დააწესეს კულტი, წეს-ჩვეულებები, შემოიღეს თეორია უმაღლეს არსებათა მიერ ადამიანის შეწევნის შესახებ. ყოველივე ამან კი ბუდას თავდაპირველი, წმინდა ფილოსოფიურ-ეთიკური სწავლება რელიგიად აქცია.

ასეთია მოკლედ ბუდიზმის შინაარსი. იგი ტანჯვის, უბედურების და ამდენად ბოროტების დაძლევისა და მისგან თავის დაღწევის თავისთავად კეთილშობილ მიზანს ისახავს, მაგრამ არ აღიარებს რა შემოქმედს, პიროვნულ ღმერთს, და ცხადია არ იცნობს ჭეშმარიტ მხსნელს - იესო ქრისტეს, ამ დიადი მიზნის მიღწევას გაუტამას გონების მიერ შექმნილი რეცეპტით - ნირვანათი აპირებს. ეს კი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მოძღვრებას არყოფნის, სიკვდილისა და ვოიდიზმის (4) მქადაგებლად აქცევს.

გამოყენებული ლიტერატურა: „აპოლოგეტიკური წერილები“,

თბილისი, 2001 წ. ავტორ-შემდგენელი: ზურაბ ეკალაძე

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 30, 1999 წ. 


(1) მაჰაიანურ ბუდიზმს ახასიათებს აგრეთვე „ბოდჰისატვების“ ინსტიტუტის არსებობა. ბოდჰისატვა ის ადამიანია, რომელიც საკმარის განათლებულობას მიაღწევს, მაგრამ სხვა ადამიანთა ხსნის სურვილის გამო არ გადადის ნირვანაში და ამ ქვეყნად რჩება.

(2) თვით სიტყვა „ძენი“ (ჩინურად „ჩანი“) სანსკრიტული სიტყვიდან „დჰიანა“ მომდინარეობს, რაც პოზას, ასკეტურ ხერხს, გონების შემოკრებას ნიშნავს.

(3) უნდა აღვნიშნოთ, რომ რეინკარნაცია ტრადიციული გაგებითმ როცა პიროვნების სული შემდგომში სხვა სხეულებრივ გარსში აგრძელებს ცხოვრებას, ბუდიზმისათვის უცხოა (ყოველ შემთხვევაში, ასე არ იყო თავდაპირველ ბუდიზმში). ბუდიზმის მიხედვით, არავითარი „პიროვნება“ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ „სულის“ ილუზია, ამიტომაც ახალ ცხოვრებას იძენს არა ადამიანის პიროვნება, არამედ ის ელემენტები, რომლებიც ამ ადამიანის სიცოცხლეს შეადგენენ (როგორც სხეულებრივი , ისე ფსიქიკური) ე.წ. დჰარმები. ამ ახლად შექმნილი ადამიანის ცხოვრებას კი კარმა განსაზღვრავს.

(4) ვოიდიზმი - სიცარიელის, არარაობის ფილოსოფიაა. სხვათა შორის თვით ბუდიზმშიც, კერძოდ მისი მაჰაიანური განშტოების მადჰიამიკას სკოლაში (იგი II ს-ში დააარსა ნიგარჯუნამ), ერთ-ერთ მთავარ ფილოსოფიურ ცნებას სწორედ „შუნია“ - სიცარიელე წარმოადგენს. ესაა სიცარიელის განცდის ფსიქიკური მდგომარეობა, რაც „ყოფნა-არყოფნის“, „რეალურისა და არარეალურის“, „სუბიექტისა და ობიექტის“ და სხვა ასეთი პრობლემების მოხსნის სინონიმი და ნირვანას დადგომის ნიშანია.



http://www.orthodoxy.ge/apologetika/religiebi/budizmi.htm

Комментариев нет:

Отправить комментарий