ღმერთი

ღმერთი

пятница, 21 февраля 2014 г.

მრავალი შეცდება მაშინ....

მათეს სახარება

თავი ოცდამეოთხე


1. გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა; მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის შენობები ეჩვენებინათ მისთვის.

2. ხოლო იესომ მიუგო მათ: ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა.

3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?

4. იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.

5. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ.

6. გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.

7. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ.

8. ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია.

9. მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო.

10. მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს.

11. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს.

12. და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული.

13. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.

14. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული.

15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს),

16. მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ.

17. და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად.

16. ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად.

19. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად.

20. ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს.

21. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება.

22. და რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი.

23. მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ – იქო, ნუ ერწმუნებით.

24. რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.

25. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ.

26. ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და, აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით.

27. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.

28. რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც.

29. და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.

30. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით.

31. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე.

32. ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.

33. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი.

34. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვეს: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება.

35. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.

36. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ.

37. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.

38. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში,

39. და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც.

40. მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.

41. ორი ქალი იქნება წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.

42. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.

43. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის.

44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.

45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ?

46. ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა.

47. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას.

48. მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას,

49. და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას,

50. მაშინ მოვა მონის პატრონი იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის,

51. შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.



Комментариев нет:

Отправить комментарий