ღმერთი

ღმერთი

четверг, 27 февраля 2014 г.

„ფინეთის ვარიანტი“ რუსეთისთვის მისაღები იქნება

26 თებერვალი, 2014

უკრაინაში შექმნილი ქაოსისა და რუსეთის მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის საფრთხის ფონზე, ნათელი ხდება, რომ დასავლეთი ვითარებიდან კონსტრუქციული გამოსავლის პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს, ვიქტორ იანუკოვიჩი მატყუარა ინტრიგანი, მხდალი და ქურდი აღმოჩნდა. გაღატაკებულ ქვეყანაში მისი მდიდრული რეზიდენცია ყველაფერზე მეტყველებს. ვლადიმირ პუტინი დიდ შედომას დაუშვებს თუ მას დაეხმარება. რუსეთს კიდევ შეუძლია უკრაინა მთელი მსოფლიოსთვის საშიშ, დამანგრეველ სამოქალაქო ომში ჩაითრიოს. დიდი შანსია ხელი შეუწყოს ყირიმისა და სამრეწველო აღმოსავლეთ რეგიონების ქვეყნიდან გამოყოფის მცდელობას და შემდეგ დაეხმაროს მათ. პუტინი არად დაგიდევთ, რომ მსგავსი აგრესია უკრაინელთა უმრავლესობას რუსეთის წინაღმდეგ განაწყობს. თუმცა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ევრაზიული კავშირის შექმნის მცდელობა ძალის გამოყენებასა და დაშინების პოლიტიკას ეფუძნება – ეს კი, არც თუ სახარბიელო პერსპექტივაა ყოფილი საბჭოთა და ამჟამად სუვერენული სახელმწფიოებისთვის.

გამორიცხული არ არის უკრაინელთა მზაობამ დაიცვას ეროვნული ინტერესები, შუა აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს, უმთავრესად ყაზახეთსა და უზბეკეთს საკუთარი სუვერენიტეტის აქტიური დაცვისკენ უბიძგოს. ამ ქვეყნების ნაციონალისტურად განწყობილ, მოძლიერებულ ელიტას, დიდად არ ხიბლავს რუსეთის იმპერიის ფარგლებში კიდევ ერთხელ მოხვედრა.

უკრაინაში რეგიონთაშორის მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად დასავლეთმა კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულოს, ეს კი აშშ-სა და ევროკავშირისგან კოორდინირებულ ქმედებებს მოითხოვს.

აშშ-ს შეუძლია და ვალდებულია დაარწმუნოს პუტინი, რომ მზად არის თავისი გავლენა გამოიყენოს, რათა რეალურად დამოუკიდებელმა უკრაინამ რუსეთთან მიმართებაში ფინეთის მსგავსი პოლიტიკა გაატაროს: ფართო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე დამყარებული კეთილმეზობლური ურთიერთობა. უკრაინამ არ უნდა ითანამშრომლოს არც ერთ სამხედრო ალიანსთან, რომელთაც რუსეთი თავისთვის საშიშად მიიჩნევს, მაგრამ ამასთან უნდა გააფართოოს ევროპასთან კავშირები.

ფინური მოდელი იდეალური ვარიანტია უკრაინის, ევროკავშირისა და რუსეთისთვის. იმისათვის, რომ აშშ-ს განზრახვა რუსეთისთვის დამაჯერებელი იყოს, ამერიკელებმა საქვეყნოდ უნდა განაცხადონ, რომ კიევში დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესისთვის ხელის შეშლა, იქნება ეს ტერიტორიების ჩამოცილების მცდელობა, ან ქვეყნის საშინაო საქმეებში ღია თუ ფარული ჩარევა, იძულებულს გახდის ვაშინგტონს გამოიყენოს თავისი საერთაშორისო გავლენა ისეთი ზომების მისაღებად, რომლებიც მოსკოვისთვის ეკონომიურად ძალიან წამგებიანი იქნება. მსგავსი ნაბიჯების ვარიანტებად განიხილება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის სტატუსის გადახედვა და მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსური სანქციების დაწესება. ამ ქმედებებში ევროკავშირმა სრული მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს აშშ-ს, რადგან ე.კ-ს დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს რუსეთთან.

ასევე აუცილებელია, უკრაინის დასახმარებლად სასწრაფო ფინანსური პაკეტის შემუშავება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას სერიოზული ფინანსური ქაოსი ელოდება.

ევროპაში უმთავრესი როლი გერმანიამ და ბრიტანეთმა უნდა იკისრონ. ეს უკანასკნელი უკრაინელი და რუსი ოლიგარქების ფინანსური ნავსაყუდელია და ამდენად ლონდონს დამატებითი ბერკეტების ამოქმედების საშუალებას აძლევს. ევროკავშირის ყველა ქვეყანამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, რათა უკრაინაში ეკონომიკური კატასტროფა თავიდან აიცილოს. თუ ევროპელები და განსაკუთრებით ბრიტანელები კოლექტიური ძალისხმევით „დაიყოლიებენ“ 10 უკრაინელ ოლიგარქს ქვეყნის ფინანსური რეაბილიტაციისთვის თითო მილიარდი გაიღონ, საქმე მნიშვნელოვნად გაიოლდება.

განათლებით კბილის ექიმ, იანუკოვიჩის ვაჟს, თამამად შეუძლია თავის მხრივ 10 მილიარდი დოლარი გაიღოს. უკრაინის საზოგადოება ასეთ კოლექტიურ დახმარებას, რა თქმა უნდა, მიესალმება. ამავე დროს, აშშ და ევროკავშირი, რუსეთის კონსტრუქციული დახმარებით უნდა ეცადონ კიევის დემოკრატიული ძალები შურისძიების გზით არ წავიდნენ და პოლიტიკური თავშეკავება გამოიჩინონ. ეს სავსებით შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ მაიდანის ძირითადი ლიდერები ზომიერ ძალებს წარმოადგენენ.

მიუხედავად იმისა რა მოხდება უახლოეს ხანებში, მჯერა, რომ ადრე თუ გვიან უკრაინა დემოკრატიული ევროპის ნაწილი გახდება. მალე მას რუსეთიც შეუერთდება, თუ არ უნდა ქვეყანა იზოლაციაში მოექცეს და წარსულის იმპერიალისტურ გადმონაშთად იქცეს.

ზბიგნევ ბჟეზინსკი


თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ

Комментариев нет:

Отправить комментарий