ღმერთი

ღმერთი

вторник, 25 февраля 2014 г.

ფული-იოსებ თავართქილაძე

10.01.2012

"ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს" - ეს ყოვლისშემძლე ფულია,
ოქროს "მოჩილებს ყოველი, იგიცა ვინც ორგულია",
"სმა-ჭამა დიდად შესარგი" - ფულის გარეშე რთულია,
ვინც ფულს შოულობს "კაცია" - ვინც არა დაკარგულია.

მე ხორბალს ვთესავ, ბევრი მაქვს - შენ კი ცხვარ-ძროხა მრავალი,
ვიღაცას ღვინო, მარილი, თევზი, ხალათი, შარვალი,
გაცვლა-გამოცვლით, ვაჭრობით, მონახეს გამოსავალი,
ასე შეიქმნა ფული და მისი თავგადასავალი.

ფული ვერ ფულობს, მის უკან, თუ არ დგას მეფე ძლიერი,
ხალხისგან ფულის აკრეფის მრავალი ხერხი ცბიერი,
მეფის მდიდრული სასახლე, უბრალო ხალხი მშიერი,
ასეთი იყო ყოველთვის, ხელმწიფე ნებისმიერი.

"წყალნი წავლენ და წამოვლენ და დარჩებიან ქვიშანი",
მეფე იცვლება - უცვლელი რჩება ფულადი ნიშანი,
მეფესა ოქრო მრავალსა, შიში არა აქვს მტრისანი,
სულ სავსე ჰქონდეს ხაზინა - აი მეფეთა მიზანი.

ფული ხომ ხელის ჭუჭყია - ამბობს ანდაზა ქართული,
სინამდვილეში მსოფლიო, ამ ჭუჭყით არის მართული.
დღეს რეალური მეფენი - ბანკები მრავალსართული,
ფულის "ეშმაკის ბორბალში" მთელი მსოფლიო ჩართული.

კაცი თუ რამეს აკეთებს, ქვია საქმე თუ ხელობა,
ფულის შოვნაა მთავარი, მისი აზრი და მცდელობა.
იყო, არის და იქნება ფულის გულისთვის მკვლელობა,
ღმერთზე დიდი აქვს ამ ეშმაკს, ვერაგი მომნუსხველობა.

მარადიული პრობლემა - უკმარისობა საკვების,
იმედი შემოდგომის და უხვი მოსავლის აღების,
ჩართული ფულის მანქანა, მილიონერი "თავების"
ციებ-ცხელება ბირჟების, ვნება მოგება-წაგების.

საბაზრო გაცვლა-ვაჭრობა, არის მსოფლიო მისია,
თანასწორობის პრინციპით ეს წესი უვარგისია,
ვინც მილიონებს იშოვნის, დიდი პატივის "ღირსია"
ვერ ათქმევინებ ამ "ბიჭებს" - რაცა მაქვს საკმარისია.

ყიდვა, იაფად-გაყიდვა მომატებული ფასებით,
ბევრი ახერხებს ამ საქმეს ყოჩაღად და წარმატებით,
იბრძვიან უფრო მეტისთვის, მთელი თავისი არსებით,
შემდეგ რომ თავს იწონებენ, ნაშოვნი მილიარდებით.

ჩვენ ყველამ ვიცით რომ ფულის, ძალა ძალია დიდია,
იგი მეძავი ქალივით, მოღალატე და ფლიდია,
შენია მაგრამ გაგირბის, პატრონი ფეხზე "ჰკიდია",
სიკეთის გზიდან ბოროტში, გადასასვლელი ხიდია.

თუმცა შენ ფულებს იცავენ, ხელისუფლების ჯარები,
დაგაკარგვინებს ყველაფერს, თუ "მეფეს" არ ეყვარები.
აგროვე ცოდნა საჭირო, ხალხისთვის გასახარები,
თუ გინდა ხალხმაც გაგიხსნას, შენ სიყვარულის კარები.





Комментариев нет:

Отправить комментарий