ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 2 февраля 2014 г.

ინდუიზმის თავდასხმა ქრისტიანულ სამყაროზე

"რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფსალმ. 95,5).





ეს თავი დაიწერა ერთი ქალის გამოცდილების საფუძველზე, რომელიც ოდესღაც კათოლიკურ მონასტერთან არსებულ უმაღლეს სკოლაში სწავლობდა და იმავე დროს 20 წლის მანძილზე ინდუიზმის მიმდევარი იყო, მაგრამ ღმრთის წყალობით ბოლოს მართლმადიდებლობა მიიღო და საზღვარგარეთის რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი გახდა. ამჟამად იგი დასავლეთის სანაპიროზე ცხოვრობს. იქნებ მისი მონათხრობი დაეხმაროს იმ გზააბნეულ ქრისტიანებს, რომლებიც მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო ხანს ესოდენ მომრავლებულმა "ლიბერალმა ღმრთისმეტყველებმა" აცთუნეს. ქრისტეს ეკლესიაზე ინდუიზმის შეტევის პასუხად მათ დიალოგი გაუმართეს ამ წარმართული რელიგიების "მოგვებს" და ფაქტიურად მათთან ერთად თაყვანს სცემენ წარმართთა ღმერთებს.





1. ინდუიზმის საცთურნი





ის-ის იყო 16 წელი შემისრულდა, რომ მოხდა ორი ამბავი, რომლებმაც ჩემი შემდგომი ცხოვრება განსაზღვრეს. ჯერ ერთი, სან რაფაელოში (კალიფორნიის შტატი), დომინიკანელთა კათოლიკურ მონასტერში აღმოვჩნდი, სადაც პირველად გავეცანი ქრისტიანობას; და მეორე, იმავე წელს შედგა ჩემი შეხვედრა ინდუიზმთან – ინდუისტი ბერის, სვამის სახით, რომელიც ჩემი დამრიგებელი ანუ გურუ გახდა. სწორედ აქედან დაიწყო შინაგანი ბრძოლა, რომლის არსებობის შესახებ თითქმის ოცი წლის მანძილზე არაფერი ვიცოდი.



მონასტერში ქრისტიანული სარწმუნოების ძირითად ჭეშმარიტებებს მასწავლიდნენ. მეუბნებოდნენ, ძალა სიმდაბლეშია და ამპარტავნების ხაფანგს უნდა ერიდოო. მართალს ამბობს იაკობ მოციქული: "ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი" (იაკ.4,6). მერედა რა ამპარტავანი ვიყავი! მე არ მსურდა პირველქმნილი ცოდვის აღიარება და არ მჯეროდა ჯოჯოხეთის არსებობა, თანაც ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად უამრავი საბუთიც მზად მქონდა. მონასტრის ერთ-ერთმა დამ, დიდი მოწყალებით გამორჩეულმა, გამოსავალზე მიმითითა: ილოცე, რომ ღმერთმა სარწმუნოება მოგანიჭოსო. მაგრამ სვამის გაკვეთილებმა უკვე გამოიღეს ნაყოფი და მე ვიფიქრე, დამამცირებელია ვინმეს, თუნდაც ღმერთს, რაიმე სთხოვო-მეთქი. და მხოლოდ მოგვიანებით, დიდი ხნის შემდეგ მომაგონდა ამ დის სიტყვები, თუმცა ამის მერე კიდევ მრავალი წელი დამჭირდა, ვიდრე სასოწარკვეთილების უკიდეგანო უდაბნოში ჩემს სულში ოდესღაც ჩაგდებული ქრისტიანული სარწმუნოების თესლი გაიხარებდა.



წიგნები, რომლებიც მე მონასტერში ჩავიტანე – "ბჰაგავადგიტა", "უპანიშადები", "ვედანტასარა", "აშტავაკრა სამჰიტა" – მალე იპოვეს. ჩემი საიდუმლო ნაწილობრივ გამომჟღავნდა, მაგრამ ამას დიდი მითქმა-მოთქმა არ მოჰყოლია: დებს მიაჩნდათ, რომ დრო ამასაც ისევე წაშლიდა, როგორც ყმაწვილქალობის მრავალ სხვა "სიბრძნეს" შლის. მაგრამ ერთმა გაბედულმა მონაზონმა მითხრა სიმართლე – ის სიმართლე, რომელიც დღეს ესოდენ არაპოპულარულია და ამიტომ იშვიათად თუ გაიგონებს კაცი. კერძოდ, მან მითხრა, რომ თუკი მას შემდეგ, რაც ქრისტიანობის ჭეშმარიტება შევიცანი, მაინც ინდუისტი დავრჩებოდი, ჯოჯოხეთი არ ამცდებოდა. ამის შესახებ წმ. პეტრე მოციქული ამბობს: "რომლისაგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ. რამეთუ რომელნი-იგი განერნეს შეგინებათაგან ამის სოფლისათა მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, მათვე კუალად აღერინეს და იძლინეს, ექმნა მათ უკუანაჲსკნელი იგი უძვირეს პირველისა. უმჯობეს იყო მათდა, ეცნა-ვე თუმცა არა გზაჲ იგი სიმართლისაჲ, ვიდრე ცნობასა და მართლუკუნ ქცევასა მოცემულისა მისგან მათდა წმიდისა მცნებისა" (2 პეტრ. 2,19-21). რა ზემოდან ვუყურებდი ამ დას მისი ფანატიზმის გამო! მაგრამ ახლა რომ ცოცხალი იყოს, მთელი გულით ვეტყოდი მადლობას. მისი სიტყვები მაღიზიანებდა, როგორც ეს ხშირად ხდება, როდესაც სიმართლეს გვეუბნებიან – და მაინც, სწორედ ამ სიმართლემ მიმიყვანა ბოლოს და ბოლოს წმ. მართლმადიდებლობის შეცნობამდე. მონასტერმა მნიშვნელოვანი რამ მომცა: სასინჯი ქვა, რომლის მეშვეობითაც შემდგომში ინდუიზმის სიყალბე დავინახე.



მას შემდეგ, რაც მე სკოლაში ვსწავლობდი, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: ინდუიზმით დაავადების ერთეული შემთხვევები ნამდვილ ეპიდემიად იქცა. ახლა კაცს კარგად უნდა ესმოდეს ინდუისტური დოგმატიკა, რომ მან ხელი შეუშალოს აღმოსავლური რელიგიების პირისპირ აღმოჩენილ ახალგაზრდა ქრისტიანებს სულიერი თვითმკვლელობის ჩადენაში.



ინდუიზმი თავისი ყოვლისმომცველობით არის ძლიერი და მომხიბლავი. იგი ცდილობს მიიზიდოს ადამიანი ნებისმიერი უნარის წახალისებით, ნებისმიერი სისუსტისა და, განსაკუთრებით, ამპარტავნების ნებაზე მიშვებით; და მეც, საკმაოდ ამპარტავანი ჩემი 16 წლის კვალობაზე, ამ სატყუარას მსხვერპლი გავხდი. მე ვერასგზით ვერ გადავწყვიტე პირველქმნილი ცოდვის, ჯოჯოხეთისა და საუკუნო სატანჯველის პრობლემა. მონასტერში მოსვლამდე ამ საკითხებს სერიოზულად არც ვუფიქრდებოდი. და აი, სვამიმ შემომთავაზა "უხერხული" ქრისტიანული დოგმატების "ინტელექტუალურად დამაკმაყოფილებელი" ალტერნატივა. ჯოჯოხეთი თურმე სულის დროებითი მდგომარეობა ყოფილა, ჩვენი საკუთარი ცუდი კარმის (წარსული ქმედებების) შედეგი, სასრულ მიზეზებს კი, ცხადია, შეუძლებელია უსასრულო შედეგები ჰქონდეთ. პირველქმნილი ცოდვა რაღაც სასწაულით "პირველქმნილ ღმრთაებრიობად" იქცა, რომელიც ჩემი თანდაყოლილი უფლებაა და ვერავითარი ჩემი საქმეები, აზრები თუ გრძნობები ვერ შეუშლიან ხელს მის საბოლოო გამარჯვებას. მე ვიყავი ღმრთაებრივი, მე ვიყავი ღმერთი, "უსასრულო მესიზმრე, რომელიც სასრულ სიზმრებს ხედავს".



რაც შეეხება ტანჯვას, ვედანტას სახელით ცნობილმა ინდუისტურმა ფილოსოფიამ ჭეშმარიტად "ელეგანტური" სისტემა შეიმუშავა, რომელიც ზრუნავს ამ პრობლემაზე. ეს ფილოსოფია ორი სიტყვით ამგვარად შეიძლება გადმოიცეს: ტანჯვა ილუზიაა, სინამდვილეში იგი არ არსებობს, და ადვაიტა თავს იდებს ამის დამტკიცებას! სხვა სფეროში ინდუიზმი გარეგნულად ასევე ფრიად რესპექტაბელურ ცრუსწავლებას იყენებს, რომლის თანახმადაც ადამიანს თვითონვე შეუძლია სრულყოფილების მიღწევა აღზრდის საშუალებით (ინდუიზმი აღზრდაში გურუს სისტემას გულისხმობს) და "ევოლუციის" გზით ("ევოლუცია" ადამიანის მუდმივ სულიერ სრულყოფას აღნიშნავს). ამ დებულების არგუმენტირება კულტურების რელატივიზმის (შედარებითობის) პოზიციიდან ხდება. ეს თეორია დღეს იმდენად უდავოდ არის მიჩნეული, რომ ყოველივეს შეფარდებითობაში დაეჭვებას ნამდვილად ცოდვად თვლიან – სწორედ ისინი, ვისაც საერთოდ არა სწამს ცოდვის არსებობა. მათი აზრით, სრულიადაც არ არის არაბუნებრივი, რომ სხვადასხვა ერები და ხალხები სხვადასხვაგვარად სცემენ ღმერთს თაყვანს: ღმერთი, ბოლოს და ბოლოს, ერთია, ხოლო მისი თაყვანისცემის საშუალებათა სხვადასხვაობა მხოლოდ ხელს უწყობს საყოველთაო რელიგიურ "ურთიერთგამდიდრებას".



მაგრამ ინდუიზმის ყველაზე მომხიბლავი სატყუარა მაინც პრაგმატიზმია. მის მთლიან ფილოსოფიურ კონსტრუქციას აძლიერებს პრაქტიკული დარიგებები, რომლებსაც მოწაფეს მისი გურუ აძლევს. ამ პრაქტიკული ბაგაჟით დატვირთულ მოწაფეს სთავაზობენ გამოსცადოს და დარწმუნდეს, ჭეშმარიტია თუ არა ინდუიზმის ფილოსოფია, ანუ რაიმეს ბრმად დაჯერებას არ მოითხოვენ. საყოველთაოდ გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, ინდუიზმში არავითარი საიდუმლოებები არ არსებობს – არსებობს მხოლოდ უზარმაზარი ეზოთერული ცოდნა, რომელიც სრულიად გამორიცხავს რაიმე რწმენის აუცილებლობას. გეუბნებიან: "შენ თვითონ გამოსცადე ეს და შეამოწმე, მიიღებ თუ არა სასურველ შედეგს". ამგვარი პრაგმატული მიდგომა დასავლური გონებისათვის ზედმიწევნით მომხიბლავია, რადგან იგი ერთობ "მეცნიერულად" გამოიყურება. ასე რომ, ინდუიზმის თითქმის ყველა მიმდევარი ერთგვარი სოფიზმის მსხვერპლი ხდება. კერძოდ, თუკი ვარჯიშები შედეგს იძლევიან (ისინი კი მართლაც იძლევიან შედეგს), ადამიანი იჯერებს, რომ მთელი სისტემა ჭეშმარიტი და, შესაბამისად ხარისხიანია. მაგრამ ამგვარი დასკვნებისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობს: ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ისაა, რომ თუკი ვარჯიშები შედეგს იძლევიან, მაშასადამე, ისინი შედეგს იძლევიან. და რადგანაც ეს მომენტი მხედველობიდან რჩება, საბრალო მოწაფე უმნიშვნელო ფსიქიკური ცდების გამო უდიდეს სასჯელს უმზადებს თავის თავს.



ახლა კი უკანასკნელ, "სულიერი გამოცდილების" საცთურს ვუახლოვდები. ეს გამოცდილება ფსიქიკურია და სატანური წარმოშობისაა. მაგრამ ვისა აქვს ინდუიზმის პრაქტიკის მიმდევართა შორის ხიბლისა და ჭეშმარიტი სულიერი გამოცდილების ერთმანეთისაგან გარჩევის უნარი? ამისათვის მათ არავითარი საზომი არ გააჩნიათ. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ ყოველივე, რასაც ისინი ხედავენ, ესმით თუ იყნოსავენ ამ ცდების დროს, უბრალოდ აღქმის დარღვევის შედეგია. საქმე ასე იოლად როდი გახლავთ. აქ ჩვენ ვაწყდებით სწორედ იმ მოვლენას, რასაც მართლმადიდებლური ტრადიცია "ხიბლს" უწოდებს. ხიბლი ძალიან მნიშვნელოვანი ცნებაა, იგი ზუსტად განსაზღვრავს იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელსაც ინდუისტური "სულიერი გამოცდილება" აქვს. ინგლისურ ენაში სიტყვა "ხიბლის" ზუსტი ეკვივალენტი არ არსებობს. ხიბლი ყალბი სულიერი განცდებისა და მდგომარეობების მთელ დიაპაზონს მოიცავს: უბრალო ილუზიებითა თუ ტყუილით დაწყებული ნამდვილი ეშმაკეულობით დამთავრებული. ნებისმიერ შემთხვევაში ნაყალბევი სინამდვილედ აღიქმება, საბოლოო შედეგი კი ადამიანში ამპარტავნების სულის სულ უფრო მეტად გაღვივებაა. ხიბლის მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს ეუფლება და ათბობს საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნება, რომელიც აჯილდოებს მას ასკეტური მოღვაწეობისა და ტანჯვისათვის.



თავის ეპისტოლეში წმ. იოანე ღმრთისმეტყველი პირველ ქრისტიანებს აფრთხილებს: "საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყვნენ" (1 იოან. 4,1).



ღირსი გრიგოლ სინელი დაბეჯითებით აფრთხილებდა თავის ბერებს იმ საშიშროების თაობაზე, ამგვარ განცდებსა და მდგომარეობას რომ ახლავს თან: "ახალმოსულებისა და თავნება ბერების გარშემო ყველაფერი დემონებითაა სავსე, რომლებიც ბოროტი გულისსიტყვებისა და წარმწყმედელი წარმოდგენების ბადეებს ხლართავენ და წყლით სავსე თხრილებს უმზადებენ მათ დასანთქმელად". მოწაფემ ჰკითხა: "რა უნდა ვქნათ, თუკი დემონი ნათლის ანგელოზად გარდაისახება?" ღირსმა მამამ მიუგო: "ამ დროს ადამიანს დიდი ნიჭი სჭირდება გარჩევისა, რომ სწორად განასხვაოს კეთილი ბოროტისგან. ხოლო შენ გულუბრყვილოდ მაშინვე ნუკი აჰყვები იმას, რასაც ხედავ, არამედ დინჯად განსაჯე, დაწვრილებით გამოიძიე და კეთილი მიიღე, ბოროტი კი განაგდე. ყოველთვის ასე უნდა მოიქცე: ჯერ შეამოწმო და მხოლოდ ამის შემდეგ ენდო. იცოდე, მადლის მოქმედება აშკარაა და ეშმაკი როგორც არ უნდა გარდაისახოს, იმავე მოქმედებას ვერ მოახდენს. ვგულისხმობ სიმშვიდეს, თანალმობას, სიმდაბლეს, სოფლის უარყოფას, ვნებებისა და გულისთქმების მოკვეთას – ყოველივე ეს მხოლოდ მადლის ნაყოფია. ეშმაკის მოქმედება კი არის ქედმაღლობა, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენა, ამაო შიში და ყოველი სხვა ბოროტება. ამით შეგიძლია განასხვაო, საიდან მოდის შენს გულში გაბრწყინებული სინათლე: ღმერთისგან თუ სატანისგან. ღორის ქადა[1] მდოგვს წააგავს, ძმარი კი ფერით ღვინოს მოგვაგონებს, მაგრამ სასა სცნობს მათ და გასინჯვისთანავე განასხვავებს ერთს მეორისაგან. ასევე სულიც, თუკი მას გარჩევის უნარი აქვს, ადვილად გაარჩევს სული წმიდის ნიჭებს ეშმაკის ცრუ მოჩვენებისაგან".



გზასაცდენილი, ამპარტავნებით სავსე ახალბედა, რომელიც სულიერი ცხოვრებისაკენ მიისწრაფვის, განსაკუთრებით იოლი საკბილოა ხიბლისათვის – ინდუიზმის ასეთი წარმატება და სიმტკიცე სწორედ ამ ყალბი მისტიციზმის ბრალია. რა მიმზიდველია იგი ახალგაზრდა სულიერი ნარკომანისათვის, რომელსაც უკვე გამოუცდია ამ მდგომარეობის სიტკბო! ბოლო წლები სვამების აყვავებისა და გავრცელების წლებად იქცა: მათ დაინახეს, რომ უკვე მომზადდა ბაზარი, რომელიც დიდებასა და სიმდიდრეს ჰპირდებოდათ – ისღა დარჩენოდათ, დაეპყროთ იგი.





2. დოგმატების ომი





ჩვენს დროში ქრისტიანობას უამრავ დარტყმას აყენებს საშინელი მტერი, რომელიც ცდილობს, მორწმუნეთათვის უხილავი დარჩეს. რომ შეეძლოს, იგი უმალ ქრისტიანობის თვით გულს განგმირავდა, ვიდრე თავის ვინაობას გაამჟღავნებდა – ეს მტერი ინდუიზმი გახლავთ, ხოლო ომი, რომელიც მან ქრისტიანობას გაუმართა, დოგმატების ომია. როდესაც XIX საუკუნის ბოლოს ამერიკაში ვედანტას შემსწავლელი პირველი წრეები ჩამოყალიბდა, მთელი მათი ძალისხმევა იქითკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოებაში შექმნილიყო აზრი, თითქოს ინდუიზმსა და ქრისტიანობას შორის არავითარი პრინციპული განსხვავება და არც რაიმე კონფლიქტი არსებობდეს – მეტიც, კარგი ქრისტიანი კიდევ უკეთესი ქრისტიანი დადგება, თუკი ის შეისწავლის და პრაქტიკულად აითვისებს ვედანტას; სწორედ მაშინ ჩასწვდება ჭეშმარიტ ქრისტიანობას. თავიანთ ადრეულ ლექციებში სვამები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ძირი იმ იდეებისა, რომლებიც თითქოს განუყოფელნი არიან ქრისტიანობისგან – მაგალითად, ჯვარი, ლოგოსი – სინამდვილეში ინდოეთში უნდა ვეძიოთ. და პირიქით, ერთი შეხედვით მხოლოდ ინდუიზმისთვის დამახასიათებელი იდეები: რეინკარნაცია, სულთა გადასახლება, სამადჰი (ტრანსი) წმ. წერილში შეიძლება აღმოვაჩინოთ, ცხადია, შესაფერისი განმარტების შემდეგ.



ამ სატყუარას ბევრი გულწრფელი, მაგრამ გზააბნეული ქრისტიანი წაეტანა. ინდუიზმის პირველი შეტევა მის მიერ "სექტანტურად" შერაცხილი დოგმატების წინააღმდეგ იყო მიმართული და მხარს უჭერდა ე.წ. "მეცნიერულ რელიგიას", რომელიც ყველა რელიგიის შედარებით შესწავლას ეფუძნებოდა. თავდაპირველი მომზადება ყოველთვის ამ მიმართულებით მიმდინარეობს: ცხადდება, რომ არავითარი სხვაობა არ არსებობს – არსებობს ერთი ღმერთი, სხვაობები კი პირობითი და ფორმალური, ანუ ილუზორულია, და მაშასადამე, არც არსებობს. დასაბუთების ეს პრინციპი კარგად ჩანს 900-იან წლებში გამოქვეყნებული ლექციებიდან, და დღეს ჩვენ სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ სწორედ იმიტომ, რომ ინდუიზმის მაშინდელი მცდელობა წარმატებით დასრულდა.



საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენს დროში სიტყვა "დოგმამ" ყოფით ხმარებაში ირონიული ელფერი შეიძინა. ცხადია, ამისათვის პასუხს ისინი არ აგებენ, ვისაც ესმის, რომ ეს სიტყვა ქრისტიანობის ზუსტ გადმოცემას, ეკლესიის ძვირფას მემკვიდრეობას იტევს. მაგრამ რაკიღა ენაში ეს მცდარი განმარტება დამკვიდრდა, ამიტომ მშიშარა ადამიანი, რომელიც მიჩვეულია თავი აარიდოს ყოველივე არაპოპულარულს, იწყებს ლაპარაკს "მოუქნელ" დოგმებზე, რომლებზეც თურმე უარი უნდა ვთქვათ. დოგმატს თითქოს მთლიანად არ უარყოფენ, მაგრამ მის შესახებ ერთგვარი არაკეთილგანწყობით ლაპარაკობენ; ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა დანერგეს "თავისუფლად მოაზროვნე" კრიტიკოსებმა, რომლებმაც ან არ იციან, რომ დოგმატში ქრისტიანული მოძღვრების თვით არსი მტკიცდება, ანდა დიდად არც თვითონ ქრისტიანობა მოსწონთ. სხვათა შორის, ინდუიზმის აყვავებას ძალიან შეუწყო ხელი ზოგიერთი ქრისტიანის სწორედ ამ მიდრეკილებამ – დათმოს პოზიცია, როდესაც მას დოგმატების ერთგულებაში ადანაშაულებენ: ეს მხარდაჭერა ქრისტიანობის შიგნიდან ინდუისტებს გარკვეულ სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებდა. უცნაურია, მაგრამ ცოტა ვინმე თუ ხვდება, რომ სწორედ ის ძალა, რომელიც ქრისტიანული დოგმატების უარყოფას ცდილობს, სხვა არაფერია, თუ არა საპირისპირო დოგმატური სისტემა, და ამ ორი სისტემის შერწყმა ან "ურთიერთგამდიდრება" შეუძლებელია, რადგან ისინი სრულიად შეუთავსებელნი არიან.



ქრისტიანები რომ თავიანთი დოგმატების უარყოფასა ან (რაც ტაქტიკურად უფრო ჭკვიანურია) შეცვლაზე დაითანხმონ, თანამედროვე ანუ "უნივერსალური" ქრისტიანობის მოთხოვნების შესაბამისად, ეს ყველაფრის დაკარგვის ტოლფასი იქნებოდა, რადგანაც ყოველივე, რასაც თაყვანს სცემენ ქრისტიანები თუ ინდუისტები, სწორედ მათ დოგმატებშია დაცული. მაგრამ ინდუისტური დოგმატები ქრისტიანული დოგმატების პირდაპირი უარყოფაა, ამას კი მოულოდნელ დასკვნამდე მივყავართ: ის, რასაც ქრისტიანები ბოროტებად მიიჩნევენ, ინდუისტებისთვის სიკეთეა, და პირიქით – რაც ქრისტიანებისთვის სიკეთეა, იმას ინდუისტები ბოროტებად თვლიან.



სწორედ აქ მიმდინარეობს არსებითი ბრძოლა: ის, რაც ქრისტიანებს საბოლოო ცოდვით დაცემად მიაჩნიათ, ინდუისტებს სიკეთის აბსოლუტურ რეალიზაციად ესახებათ. ქრისტიანები ამპარტავნებას ყოველთვის უდიდეს ცოდვად – დანარჩენი ცოდვების საწყისად თვლიდნენ. ლუციფერი, ამპარტავნების სრული განსახიერება, ამბობს: "ზეცად მიმართ აღვიდე, ზედაჲთ ვარსკვლავთა ცისათასა დავდგა საყდარი ჩემი... აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მაღლისა" (ეს. 14, 13-14). რაღაც საფეხურზე ამპარტავნებას ადამიანის სათნოებების ცოდვებად ქცევაც კი ძალუძს. მაგრამ ინდუისტებისა და განსაკუთრებით კი "ადვაიტა ვედანტას" მიმდევართათვის ერთადერთი ცოდვა ის არის, რომ არ გწამდეს საკუთარი თავი და კაცობრიობა ზუსტად ისევე, როგორც ღმერთი. როგორც სვამი ვივეკანანდა ამბობდა (მას ვედანტას თანამედროვე აპოლოგეტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს): "თქვენ ჯერ კიდევ არ იცნობთ ინდოეთს. ჩვენ, ინდოელები, საბოლოო ჯამში კაცთთაყვანისმცემლები ვართ. ჩვენი ღმერთი ადამიანია!" ამაზეა აგებული მუქტის, ანუ "ხსნის" მთელი დოქტრინა: "ადამიანი მოწოდებულია გახდეს ღმერთი თავისი ღმრთაებრიობის შეცნობის გზით". თუნდაც მარტო აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ინდუისტური და ქრისტიანული დოგმატები შეპირისპირებისას გამორიცხავენ ერთმანეთს ყველაფერში, რაც შეეხება ღმერთის ბუნებას, კაცის ბუნებას და ადამიანის არსებობის აზრს.



მაგრამ როდესაც ქრისტიანები ეთანხმებიან ინდუიზმის მქადაგებლებს, თითქოს არავითარი იდეების ბრძოლა არ არსებობს და განსხვავება ქრისტიანობასა და ინდუიზმს შორის მხოლოდ მოჩვენებითია და არა რეალური, მაშინ ინდუისტური იდეები თავისუფლად პოულობენ გზას ქრისტიანთა სულებისკენ და ომს უბრძოლველად იგებენ. ამ დამარცხების საბოლოო შედეგი კი ქრისტიანობისათვის საშინელია, რადგანაც ინდუიზმს უზარმაზარი გამხრწნელი ძალა აქვს. მეც ასე დამემართა: მონასტერში მიღებული ჯანსაღი მარცვლის მიუხედავად ინდუიზმით ოცწლიანმა გატაცებამ საბედისწერო ზღვარამდე მიმიყვანა, რომლის იქითაც ბოროტების სიყვარული იწყება. საქმე ის გახლავთ, რომ ინდოეთში არსებობს ღმერთის, როგორც ბოროტების თაყვანისცემა ქალღმერთ კალის სახით – მაგრამ ამაზე უკვე შემდეგ თავში ვილაპარაკებ, რომელიც ინდუიზმის წეს-ჩვეულებებს ეხება.



და აი, სრულ სულიერ ბანკროტად იქცევი, როდესაც შენთვის უკვე აღარ არსებობს ქრისტიანული დოგმატები. ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცი – მე ხომ თაყვანს ვცემდი კალის ინდოეთშიც და ჩემს სამშობლოშიც. ხოლო ის ფაქტი, რომ კალი თვითონ სატანაა, სასაცილო აღარ არის. უნდა იცოდე რომ თუკი ცხოველ ღმერთს უარყოფ, მისი ტახტი ცარიელი არ დარჩება.





3. ინდუიზმის წეს-ჩვეულებები და წმიდა ადგილები





1956 წლის საველე სეზონს ფილიპინებზე, თავის ქალების მაძიებლებთან ერთად ვატარებდი. პრიმიტიულ რელიგიებს ვსწავლობდი, განსაკუთრებით იმათ, ე.წ. "არაგაკულტურულებულ" რეგიონებში რომ არსებობენ, სადაც ცოტა მისიონერი იყო ნამყოფი. როდესაც იფუგაოებთან (ტომის დასახელებაა) ჩავედი, მე ჯერ კიდევ არ მჯეროდა შავი მაგიის არსებობა, მაგრამ იქიდან დაბრუნებული უკვე მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული საპირისპიროში. იფუგაოს ქურუმი (მუნბაკი), სახელად ტალუპა, ჩემი უახლოესი მეგობარი და ინფორმაციის წყარო გახდა. მალე შევიტყვე, რომ იგი განთქმულია შავი მაგიის ცოდნით. ერთხელ მან წამიყვანა "ბაკიზე" – ასე ეწოდება რიტუალურ მაგიურ წეს-ჩვეულებას, რომელიც თითქმის ყოველღამ ტარდება მოსავლის აღების სეზონზე. რომელიმე ქოხში თორმეტიოდე ქურუმი იკრიბება, ისინი მთელი ღამე მოუხმობენ წინაპართა ღმერთებსა და სულებს, სვამენ ბრინჯის ღვინოს და მსხვერპლს სწირავენ ორ მომცრო გამოსახულებას, რომლებსაც "ბულოლები" ეწოდებათ. მათ ასხურებენ ლანგრით მორთმეული დაკლული წიწილების სისხლს, რომელსაც მანამდე მომავლის საწინასწარმეტყველოდ იყენებენ – ამისთვის სწავლობენ სისხლის ბურთულების ზომასა და რაოდენობას, დროს, რომელიც მის შედედებას სჭირდება, აგრეთვე შინაგანი ორგანოების ფერსა და ფორმას. მე დიდი გულმოდგინებით ვიწერდი ყველაფერს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. იფუგაოს მაგიის დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები, იმის თქმაც საკმარისია, რომ იქ ყოფნის პერიოდში იმდენი და იმდენნაირი ზებუნებრივი მოვლენის მომსწრე გავხდი, რომ მათთვის რაიმე მეცნიერული ახსნა-განმარტების მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი მეჩვენება. მე რომ წინასწარ ვყოფილიყავი განწყობილი ყველაფრის სარწმუნებლად, კიდევ შეიძლებოდა მთელი ამ მაგიისათვის ფსიქოლოგიური ახსნის გამონახვა, თანაც უნდა გითხრათ, რომ მშიშარა არა ვარ. და აი, იფუგაოდან წამოვედი დარწმუნებული, რომ მათი რიტუალები ზემოქმედებას ახდენენ – მეტიც, ზემოქმედებას ახდენენ პირადად ჩემზე.



ყოველივე ამას იმისთვის მოგახსენებთ, რომ ჩემი შემდგომი მონათხრობი ინდუიზმის რიტუალებისა და წმიდა ადგილების შესახებ ნაკლებ სარწმუნოდ, "აღგზნებული ფანტაზიის " ნაყოფად არ მოგეჩვენოთ. იფუგაოს მონახულებიდან 11 წლის შემდეგ ამარნაჰტის გამოქვაბულს ვეწვიე, რომელიც ჰიმალაის მთების სიღრმეში მდებარეობს. ინდუისტური ტრადიცია მას შივას თაყვანისცემის ყველაზე წმიდა ადგილად მიიჩნევს; აქ იგი ეცხადება თავის თაყვანისმცემლებს და საჩუქრებსაც კი უგზავნის. იქამდე გრძელი და ძნელი გზა მიდის მაჰაგუნუს გავლით, შუაში 4000 ფუტის სიმაღლის უღელტეხილი და მყინვარი ძევს. ამგვარად, საკმარისი დრო მქონდა იმისათვის, რომ გონებაში თაყვანი მეცა ინდუისტური ღმერთისათვის, მით უმეტეს, რომ ჩემი გამყოლი ბიჭი ერთ სიტყვასაც ვერ იტყოდა ინგლისურად, მე კიდევ ჰინდი არ ვიცოდი. ამჯერად უკვე წინასწარ ვიყავი განწყობილი, რომ მეფიქრა: ღმერთი, რომლის წინაშეც ვლოცულობდი და რომელსაც ამდენი წელია თაყვანს ვცემდი, მოწყალედ გადმომხედავდა.



შივას გამოსახულება გამოქვაბულში თავისთავად საოცარია: ესაა ყინულის ქანდაკება, რომელსაც წყლის წვეთები ქმნიან. მთვარის ფაზების შესაბამისად იგი ხან იზრდება, ხანაც პატარავდება. მთვარის აღვსებისას ეს ბუნებრივი ქანდაკება გამოქვაბულის ჭერს – დაახლოებით 15 ფუტს აღწევს, ახალი მთვარის დროს კი მისგან თითქმის აღარაფერი რჩება. და ეს კლება-მატება ყოველთვიურად მეორდება. რამდენადაც ვიცი, შივას ქანდაკების ფენომენი ჯერაც აუხსნელია. გამოქვაბულთან სწორედ კარგ დროს მივედი – როდესაც გამოსახულებამ თავის სრულ სიმაღლეს მიაღწია. ჩემს ღმერთს შესაწირავიც მოვუმზადე: მწვანე ქოქოსის კაკალი, სურნელოვანი ნივთიერებანი, თეთრი და წითელი ქსოვილის ნაჭრები, კაკალი, ქიშმიში და შაქარი – ყველაფერი, რასაც რიტუალი მავალებდა. გამოქვაბულში რომ შევედი, თვალზე მოწიწების ცრემლი მომადგა, მაგრამ იმის აღწერა, რაც იქ მოხდა, ძალიან ძნელია. გამოქვაბული ზანზარებდა – სწორედ ისე, როგორც იფუგაოს ქოხი "ბაკის" დროს. ამ ადგილის ენით აუწერელი უწმინდურებით შეძრწუნებული გარეთ გავვარდი, ისე რომ ვერ დაველოდე, სანამ ქურუმი უზარმაზარი კერპისთვის მსხვერპლის შეწირვას დაამთავრებდა.



შივას გამოქვაბულში შესვლის შემდეგ ინდუიზმის ფასადი ჩემს სულში გაიბზარა, მაგრამ საბოლოო განთავისუფლებისათვის დრო მჭირდებოდა. ამ დროს მე ჯერ კიდევ ვეძებდი, როგორ შემემაგრებინა მორყეული შენობა, თუმცა ხელმოსაკიდს ვერაფერს ვპოულობდი. ახლა, როდესაც უკან ვიხედები, ვფიქრობ: ძალიან ხშირად ამა თუ იმ საგნის სიავკარგეში კარგა ხნით ადრე გვებადება ეჭვი, ვიდრე ამას საბოლოოდ გავაცნობიერებდეთ, ეს ეხება როგორც ინდუისტურ "სულიერ ვარჯიშებს", ისევე "წმიდა ადგილებსაც".



როდესაც მოწაფე გურუსგან "ინიციაციას" ღებულობს, მას ეძლევა სანსკრიტული მანტრა (პირადი მაგიური ფორმულა) და ინდივიდუალური რელიგიური სავარჯიშოები. ყოველივე ეს ეზოთერულ სფეროს ეკუთვნის და მხოლოდ ზეპირ ტრადიციაში არსებობს – "განდობილთაგან" ბევრს ვერაფერს შეიტყობთ, რადგანაც ისინი სერიოზული მუქარის შიშით დუმილს არჩევენ. გურუ სთავაზობს მოწაფეს, ვარჯიშების საშუალებით საკუთარ თავზე გამოსცადოს ინდუისტური ფილოსოფიის სისწორე. ირკვევა, რომ ეს ვარჯიშები მართლაც იძლევიან შედეგს: მოწაფე ეშმაკის დახმარებით ცრუსასწაულებს ახდენს. მაგრამ რაც ყველაზე უარესია, ამ დროს ადამიანი აუცილებლად ხიბლის მდგომარეობაში ვარდება, როდესაც ილუზიას რეალობად აღიქვამს: მას უჩნდება უსაზღვრო "ნეტარებითა" და "სიმშვიდით" სავსე სულიერი განცდები, ეჩვენება, რომ "ღმერთი" და "სინათლე" ეცხადება (გავიხსენოთ, რომ ნათლის ანგელოზის სახით თვით სატანა შეიძლება გამოგვეცხადოს). ილუზიებზე რომ ვლაპარაკობ, იმას როდი ვგულისხმობ, თითქოს ის, რასაც კაცი აღიქვამს, სინამდვილეში არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველივე ეს ღმერთისგან არ მოდის. ინდუიზმის ქადაგნი, ცხადია, ფილოსოფიურ მსჯელობებსაც იშველიებენ ამ განცდების გასამართლებლად – ამდენად, პრაქტიკა და ფილოსოფია მხარს უმაგრებენ ერთმანეთს, რის შედეგადაც მთელი ეს სისტემა ერთობ მყარი ხდება.



ფაქტიურად, ინდუიზმი იმდენად ფილოსოფიური ძიება არ არის, რამდენადაც პრაქტიკული მიღწევების გამოყენება, ეს პრაქტიკა კი არც მეტი, არც ნაკლები, შავი მაგია გახლავთ. თუ X-ს შეასრულებთ, მიიღებთ Y-ს – მარტივი გარიგებაა. მაგრამ ამ გარიგების პირობები შეთანხმებული არ გახლავთ, და მოწაფე იშვიათად თუ კითხულობს, რა წყაროებიდან იღებს სათავეს მისი განცდები ან ვინ აძლევს მაგიური ძალებისა და "მშვენიერი" განცდების კრედიტს. ესაა კლასიკური ფაუსტური სიტუაცია, ოღონდ ამ შემთხვევაში კაცმა არ იცის, რომ ყოველივე შეიძლება თავისი უკვდავი სულით ზღოს.



არსებობს ვარჯიშების დიდი არჩევანი, ამ ვარჯიშებს ნებისმიერი ტემპერამენტის დაკმაყოფილება შეუძლიათ. ღვთაებას შეიძლება ჰქონდეს ღმერთის ან ქალღმერთის ფორმა, ან სრულიად უფორმოც იყოს – აბსოლუტური ბრაჰმანი. არჩეული იდეალისადმი დამოკიდებულებაც ასევე იცვლება. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა ბავშვის, დედის, მამის, მეგობრის, სატრფოსა თუ მსახურის პოზიციიდან, ანდა, როგორც ეს ადვაიტა ვედანტას შემთხვევაში ხდება, "ღვთაებასთან გაიგივება". მანტრა, რომელსაც გურუ თავის მოწაფეს აძლევს, განსაზღვრავს მის შემდგომ გზას, მასში მოცემულია აგრეთვე მოწაფის მიერ შესასრულებელი ვარჯიშები. გურუ ადგენს იმასაც, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვედანტა (მონისტური სისტემა) ცალკეულ მოწაფეებს არ აძლევს ქორწინების უფლებას, რათა მთელი მათი ენერგია პრაქტიკაში სრულყოფას მოხმარდეს. ბეჯითი მოწაფე არც ხორცს უნდა ჭამდეს, რადგანაც ხორცი აღქმის უნარს ადუნებს. ვედანტაში გურუს ზუსტად ისეთივე პატივს მიაგებენ, როგორსაც ღმერთს – მოწაფისათვის ის მხსნელი გახლავთ.



"სულიერი" ვარჯიშების უმრავლესობას საფუძვლად პრაქტიკული ხერხები უდევს. მოკლედ მიმოვიხილავ ამ ხერხებს: პირველ ყოვლისა, ეს გახლავთ კერპთაყვანისცემა. შეიძლება თაყვანს სცემდნენ ქანდაკებას ან გამოსახულებას, რასაც მსხვერპლშეწირვაც თან ახლავს – ცეცხლის, ქაფურის, სურნელოვანი ნივთიერებების, წყლისა და ტკბილეულის სახით. ქანდაკებას იაკის კუდის საგრილობლით უნიავებენ, აბანავებენ, ტანისამოსს აცმევენ, დასაძინებლად აწვენენ და ა.შ. ერთი შეხედვით ეს იქნებ ბავშვურ თამაშად მოგეჩვენოთ, მაგრამ მისი ემოციური ზემოქმედების სათანადოდ შეუფასებლობა შეცდომა იქნებოდა. ვედანტას კერპთაყვანისცემა საკუთარი თავის თაყვანისცემის ფორმაა მთელი მისი რიტუალური რეკვიზიტის გამოყენებით. ინდოეთში გავრცელებული აფორისტული გამონათქვამი "სო ჰამ, სო ჰამ" ანუ "მე ვარ ის (ღმერთი)" საკუთარი თავის თაყვანისცემის ამ პრინციპის მოკლე ფორმულირებაა.



გარდა ამისა, გამოიყენება "ჯაპა", ანუ მოწაფის მიერ მიღებული მანტრის მრავალგზისი გამეორება – სინამდვილეში ეს მაგიური ფორმულაა. "ჯაპასთან" ერთად მიმართავენ "პრანაიამას", რომელიც სუნთქვითი ვარჯიშებისაგან შედგება. არსებობს აგრეთვე სხვა პრაქტიკული სისტემები, რომლებიც ტანტრიზმს ეკუთვნიან, მაგალითად, დედა ღმერთის თაყვანისცემა. ამაში შედის ქალური საწყისის, ძალის, ენერგიის, განვითარების პრინციპის, მოქმედების საფუძვლის თაყვანისცემა. ამ ვარჯიშებს ხუთი "მ" ეწოდებათ – ისინი შეუფარავი ბოროტებით სავსენი და საძაგელნი არიან, ამიტომ მათ აღწერას აღარ შევუდგები, იმასღა დავუმატებ, რომ მათაც იპოვეს აშშ-ში დამკვიდრების გზა. სვამი ვივეკანანდა ინდუიზმის ამ შტოს ვედანტას პარალელურად ნერგავდა. იგი ამბობდა: "მე თაყვანს ვცემ საშინელებას. მცდარია წარმოდგენა, თითქოს ყველა ადამიანს ტკბობისადმი ლტოლვა ამოძრავებდეს: სინამდვილეში ბევრსა აქვს თანდაყოლილი მიდრეკილება ტანჯვისაკენ. ასე რომ, თაყვანი ვცეთ საშინელებას მხოლოდ მისი გულისათვის! ცოტა ვინმეს თუ გაუბედავს კალის ანდა სიკვდილის თაყვანისცემა. მაშ მოდი, თაყვანი ვცეთ სიკვდილს!" აი, კიდევ რას ამბობს სვამი ქალღმერთ კალის შესახებ: "არიან ისეთებიც, ვინც დასცინის კალის, მაგრამ დღეს იგი აქ არის – ბრბოში. ადამიანები შიშისაგან ძრწიან, ჯარისკაცები კი სიკვდილის სათესად ემზადებიან. ვის ძალუძს იმის მტკიცება, რომ ღმერთი ისევე არ გაცხადდება ბოროტებაში, როგორც სიკეთეში? მაგრამ მხოლოდ ინდუისტი ბედავს თაყვანი სცეს მას, როგორც ბოროტებას"[2].



ძალიან სამწუხაროა, რომ ბოროტების აშკარა მსახურება ამჟამად იმის მტკიცე რწმენით ხორციელდება, თითქოს ეს სიკეთე იყოს. სინამდვილეში ხსნა, რომლის მოპოვებაც ადამიანებს ინდუიზმის ერთგული სამსახურით სურთ, მხოლოდ ღმერთისგან შეიძლება მიიღონ ქრისტიანული სიმდაბლის გზით.





4. დასავლეთის "მოქცევა"





1893 წელს ჩიკაგოში, რელიგიათა პარლამენტში, გამოჩნდა ყველასათვის უცნობი ინდუისტი ბერი: ეს იყო სვამი ვივეკანანდა, რომლის შესახებაც მე უკვე მოგახსენეთ. მან გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა პარლამენტარებზე არა მარტო თავისი გარეგნობით – თავზე ჩალმით, ნარინჯისფერი და ჟოლოსფერი შესამოსელით – არამედ იმითაც, რასაც ლაპარაკობდა. იგი უმალვე მიიღეს ბოსტონისა და ნიუ იორკის მაღალ საზოგადოებაში, ჰარვარდის ფილოსოფოსებიც საერთო განწყობის ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ და მოკლე ხანში მის გარშემო მოწაფეების ძლიერი ბირთვი გაჩნდა, რომელიც მხარს უჭერდა თვითონ ვივეკანანდასაც და მის გრანდიოზულ ოცნებასაც: მთელი მსოფლიოსთვის "ეხარებინა" ინდუიზმი, უფრო სწორად, ვედანტური (ანუ მონისტური) ინდუიზმი. ევროპისა და ამერიკის დიდ ქალაქებში ვედანტას საზოგადოებები შეიქმნა, მაგრამ ეს მისი ამოცანის მხოლოდ ნაწილი გახლდათ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ვედანტას იდეის აკადემიური აზროვნების სისტემაში ჩართვა – მთავარ მიზანს იდეის გავრცელება წარმოადგენდა. ვივეკანანდა დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, ენდობოდნენ თუ არა ინდუიზმს, მთავარი ის იყო, ყველასა და ყოველს გაეგო ვედანტას შესახებ. იგი ხშირად უმეორებდა თავის მოწაფეებს: "მიაკაკუნეთ ნებისმიერ კარზე, უთხარით თითოეულ ადამიანს, რომ იგი ღმრთაებრივია".



დღეს მისი მოძღვრების ფრაგმენტები იაფფასიან გამოცემებში ქვეყნდება, ყოველი წიგნის მაღაზიაში რომ წააწყდებით. ესენია ოლდოს ჰაქსლის, კრისტოფერ იშერვუდის, სომერსეტ მოემისა და თვით თომას მერტონის წიგნები. თომას მერტონის თხზულებები, უეჭველია, ქრისტიანობისთვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს, რადგანაც ავტორი თავს ქრისტიან ბერად ასაღებს, ამ დროს კი მისი ნაწერები პირდაპირ ძირს უთხრის კათოლიციზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს – მონაზვნობას. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მამა მერტონმა დაწერა საქები წინასიტყვაობა "ბჰაგავადგიტას" ახალი გამოცემისათვის, რომელიც ინდუისტებისათვის ერთგვარი ბიბლიაა – ესაა ყოველი ინდუისტის სულიერი სახელმძღვანელო, მონიზმის ანუ ადვაიტა ვედანტას ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ "გიტა" ქრისტეს სწავლების თითქმის ყველა მთავარ დებულებას უპირისპირდება. გავიხსენოთ აგრეთვე მერტონის სიკვდილის შემდეგ გამოსული წიგნი, რომელსაც საფუძვლად უდევს მცდარი (და თავისი შედეგების მიხედვით მზაკვრული) ვარაუდი, თითქოს ყველა ე.წ. "სულიერი განცდა", რომელ რელიგიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, ჭეშმარიტია. საკითხისადმი ამგვარი მიდგომის წინააღმდეგ გარკვევით გვაფრთხილებს როგორც საღმრთო წერილი, ასევე წმიდა მამები – მერტონი ამაში წესით უკეთ უნდა ერკვეოდეს.



მე ვიცი ერთი კათოლიკური მონასტერი კალიფორნიაში, სადაც დაყუდებული ბერები ინდუიზმის რელიგიურ ვარჯიშებს იყენებენ. მათ ასწავლის ინდოელი, რომელიც კათოლიკე მღვდელი გახდა. ვფიქრობ, ნიადაგი რომ არ ყოფილიყო მომზადებული, ამგვარი მოვლენების არსებობა შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ვივეკანანდას მიზანიც ხომ სწორედ ეს იყო – ნიადაგის მომზადება.



ვივეკანანდას მიერ გადმოცემული ვედანტას შინაარსი საკმაოდ მარტივია. იგი უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, ვიდრე იმსახურებს, რასაც თხრობის ხერხებს უნდა უმადლოდეს – თავისებური ხატოვანი ჟარგონი, რომელიც სანსკრიტს ემყარება, დახლართული ფილოსოფიური სტრუქტურა. ყოველივე ეს შემდეგ ძირითად მტკიცებამდე დადის: ყველა რელიგია ჭეშმარიტია, მაგრამ საბოლოო ჭეშმარიტებას ვედანტა შეიცავს – განსხვავება მხოლოდ ჭეშმარიტების დონეებშია. ვივეკანანდა ამბობს: "ადამიანი შეცდომებიდან ჭეშმარიტებებისაკენ კი არ მიიკვლევს გზას, არამედ ერთი ჭეშმარიტებიდან მეორემდე მაღლდება – უფრო დაბალიდან უფრო მაღალ ჭეშმარიტებამდე. ის, რაც დღეს მატერიალურია, ხვალ სულიერი იქნება. დღევანდელი მატლი ხვალ ღმერთი გახდება". ვედანტა იმას ეფუძნება, რომ ადამიანი ღმერთია, ადამიანის ხსნა თვითონ ადამიანის ხელთაა. აი, რას ამბობს ამის შესახებ ვივეკანანდა: "ვის შეუძლია დაეხმაროს უსასრულოს? სიბნელიდან შენთვის გამოწვდილი ხელიც კი შენი საკუთარი ხელი უნდა იყოს".



ვივეკანანდა საკმაოდ გამოცდილი იყო საიმისოდ, რომ მიხვედრილიყო: საეჭვოა, ქრისტიანები სრულიად შეუნიღბავი ვედანტას გავლენის ქვეშ მოქცეულიყვნენ. და სწორედ "ჭეშმარიტების გათანაბრების" პრინციპი შეიძლებოდა გამხდარიყო ეკუმენიზმამდე მისასვლელი ხიდი, რადგანაც კონფლიქტებს სპობდა და აცხადებდა, ყველა მართალიაო. ვივეკანანდა ამბობდა: "თუკი ერთი რელიგია ჭეშმარიტია, მაშინ ყველა სხვა რელიგიაც ასევე ჭეშმარიტი უნდა იყოს. ასე რომ, ინდოეთის რელიგია იმდენადვეა თქვენი, რამდენადაც ჩემი. ჩვენ, ინდუისტები, არა მხოლოდ შემწყნარებელნი ვართ, არამედ ყველა რელიგიას ვუერთდებით: მაჰმადიანთან ერთად ვლოცულობთ მეჩეთში, ზოროასტრისტთან ერთად თაყვანს ვცემთ ცეცხლს და ქრისტიანთან ერთად მუხლს ვიდრეკთ ჯვარის წინაშე. ჩვენ ვიცით, რომ ყველა რელიგია მსგავსია და თითოეული მათგანი – უმარტივესი ფეტიშიზმიდან მოყოლებული აბსოლუტის უმაღლეს თაყვანისცემამდე – სხვა არა არის რა, თუ არა ადამიანის სულის მცდელობა, ჩასწვდეს და შეიცნოს უსასრულო. ამიტომ ჩვენ ვაგროვებთ ყველა ამ ყვავილს, სიყვარულის ძაფით ვკრავთ მათ და ამგვარად ღმრთისმსახურების საოცარ თაიგულს ვკონავთ".



მაგრამ ყველა რელიგია, ვივეკანანდას აზრით, მხოლოდ საფეხურებია უმაღლესი რელიგიის – ადვაიტა ვედანტასაკენ. ქრისტიანობას ვივეკანანდა განსაკუთრებული ზიზღით ეკიდებოდა; საუკეთესო შემთხვევაში იგი მისთვის "ყველაზე დაბალი ჭეშმარიტება" – დუალისტური ჭეშმარიტება იყო. ერთ-ერთ კერძო საუბარში ისიც კი თქვა, მხოლოდ მხდალს შეუძლია შეუშვიროს მეორე ყვრიმალი, როცა ერთში უკვე გაარტყესო. მაგრამ რაც არ უნდა ეთქვა სვამის სხვა რელიგიებზე, იგი ყოველთვის ადვაიტა ვედანტას აუცილებლობამდე მიდიოდა. მისი თქმით, "ხელოვნება, მეცნიერება და რელიგია მხოლოდ ერთი ჭეშმარიტების გამოხატვის სამი საშუალებაა. მაგრამ ამის გასაგებად ჩვენ ადვაიტას თეორია გვჭირდება". ვედანტა არ შემცდარა, როდესაც თანამედროვე ახალგაზრდობას მიმართა – იგი ხომ იმას ქადაგებს, რომ ყველას აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის. ვედანტა უარყოფს ყოველგვარ განსხვავებას სამღვდელოსა და საეროს შორის, რადგან ეს თურმე ერთი ჭეშმარიტების გამოხატვის სხვადასხვა საშუალებები ყოფილა. რელიგიის ერთადერთ მიზნად ცხადდება ნებისმიერი ტემპერამენტის ახირებების დაკმაყოფილება; მან უნდა მისცეს თითოეულ ადამიანს მისთვის შესაფერისი ღმერთი და წეს-ჩვეულებები. მოკლედ, რელიგია ნიშნავს, რომ "ყველამ თავ-თავისი საქმე აკეთოს". შეიძლება ეჭვიც გაუჩნდეს კაცს, ავტორი რაიმეს ხომ არ აჭარბებსო, მაგრამ ფაქტია: ის, რაც მაშინ ვივეკანანდამ დაიწყო, დღეს წარმატებით გრძელდება და ვითარდება. ახლა გიჩვენებთ, თუ რა საფუძვლიანად დანერგა ვივეკანანდამ ინდუისტური იდეები რომის კათოლიციზმში, სადაც მისი წარმატებები განსაკუთრებით გასაოცარია.



სვამი ვივეკანანდა ამერიკაში ჩამოვიდა, რათა რელიგიათა პარლამენტში ინდუიზმი წარედგინა – ეს იყო 1893 წელს. 1968 წელს ამ მოვლენიდან 75 წლისთავის აღსანიშნავად ჩატარდა რელიგიათა სიმპოზიუმი ჩიკაგოს ვივეკანანდას ვედანტისტური საზოგადოების ხელშეწყობით. რომის კათოლიციზმს წარმოადგენდა დომინიკელი ღმრთისმეტყველი პავლე მოციქულის სახელობის უნივერსიტეტიდან, მამა რობერტ კემპბელი. სხდომა გახსნა სვამი ბჰაშიანანდამ, რომელმაც სამი ერთობ წარჩინებული პირის მისალმება წაიკითხა; მეორე იყო ამერიკის კარდინალის წერილი. სხდომა სადილის შემდეგ მამა კემპბელმა თანამედროვე კათოლიციზმში მიმდინარე კონფლიქტის მიმოხილვით დაიწყო (ტრადიციონალისტებსა და მოდერნისტებს შორის). მან თქვა: "ჩემს უნივერსიტეტში კათოლიკე სტუდენტებს შორის ჩატარებული გამოკითხვები მოწმობს, რომ ბოლო ხუთი-ექვსი წლის მანძილზე დიდი გარდატეხა მოხდა მსოფლმხედველობის ლიბერალიზაციის მხრივ. მე ვიცი, დიდი სვამი ვივეკანანდა მოიწონებდა იმ ტენდენციებს, რომლებსაც ქრისტიანობის ლიბერალიზაციისკენ მივყავართ". მაგრამ არის ერთი რამ, რასაც მამა კემპბელი, როგორც ჩანს, ვერც კი ხვდებოდა: მის მიერ ნახსენებ მოდერნისტულ დოქტრინებს არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანობასთან – ეს თავიდან ბოლომდე ვედანტაა და სხვა არაფერი.



და რათა ეჭვი არავის შეეპაროს არასწორი ინტერპრეტაციის მცდელობაში, მე აქ მოვახდენ მამა კემპბელის გამონათქვამების ციტირებას სამი საერთაშორისო ჟურნალიდან.



დოქტრინების შესახებ: "ჭეშმარიტება შედარებითია, დოქტრინები და დოგმები (მაგ. ღმერთის ბუნება, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, საუკუნო ცხოვრება) გაყინული ცნებები როდია, ისინი იცვლებიან, და ჩვენ ყოველთვის იქამდე მივდივართ, რომ უარვყოფთ ზოგიერთ რამეს, რაც ადრე უცთომელ ჭეშმარიტებად მიგვაჩნდა".



ღმერთის შესახებ: "იესო ქრისტე ღმრთაებრივია – ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ ნებისმიერ ჩვენგანსაც შეუძლია ღმრთაებრივი იყოს. ვფიქრობ, თქვენც დაინახავთ, რომ მრავალ პუნქტში ლიბერალი ქრისტიანების შეხედულებები თანდათან უახლოვდება აღმოსავლეთს: როგორც უპიროვნო ღმერთის კონცეფციით, ისევე იმის მტკიცებით, რომ ჩვენ ყველანი ღმრთაებრივნი ვართ".



ამა სოფლის შესახებ: "... ლიბერალი ამტკიცებს, რომ ამა სოფლის გაუმჯობესება შესაძლებელია და ჩვენ საკუთარი თავი უფრო ჰუმანური საზოგადოების შექმნას უნდა მივუძღვნათ, იმის ნაცვლად, რომ ზეცაში დამკვიდრებას ვესწრაფვოდეთ"



სხვა რელიგიების შესახებ: "ლიბერალური დაჯგუფება მოგვიწოდებს: "ნუ ზრუნავთ ისეთ ძველმოდურ საკითხებზე, როგორიცაა ვინმეს მოქცევა და ა.შ. უმჯობესია სხვა რელიგიებთან ურთიერთობა განავითაროთ".



პირველქმნილი ცოდვის შესახებ: "ეს კონცეფცია უკიდურესად შეურაცხმყოფელია ლიბერალური ქრისტიანობისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანს შეუძლია სრულყოფილების მიღწევა სწავლისა და სწორი აღზრდის მეშვეობით".



ასეთი გახლავთ მოდერნისტ კათოლიკეთა შეხედულებები მამა კემპბელის გადმოცემით. მოდერნისტებს პატარა ბავშვებივით იზიდავენ უმაღლესი სიმართლის, ყველაზე ბრძნული ფილოსოფიისა და ყველაზე ღირსეული სიდიადის უხვი დაპირებებით, და ყოველივე ეს შეიძლება სულ "მცირე" საფასურად – ცხოველი ღმერთის, იესო ქრისტეს თანამედროვე ადამიანის დონეზე დაყვანით მივიღოთ.



ამგვარად, ჩვენს წინაშეა ინდუიზმის, სვამი ვივეკანანდასა და მათ უკან მდგომი ძალების ეფექტური წარმატება. მათ კარგად გაქურდეს რომის კათოლიციზმი, რომლის მოდარაჯე ნაგაზებმა ქურდი პატრონის მეგობრად მიიღეს და სახლი თავიანთ თვალწინ "მოასუფთავებინეს". ქურდმა შესთავაზა: "მოდი, რელიგიებს შორის ურთიერთგაგება დავამყაროთო", და ისიც თავისუფლად შეუშვეს ჭიშკარში. ნახეთ, რა უბრალო ხერხი მოიგონეს "ქრისტიანმა" ინდოელებმა (სვამებმა): მათ ქრისტიანული ტერმინებით გადმოსცეს ვედანტას ფილოსოფია. ინდუისტ "ქრისტიანებს" კი (მოდერნისტ კათოლიკეებს) მოუხდათ თავიანთი რელიგიის ჩარჩოების გაფართოება, რათა შიგნით ინდუიზმი შეეშვათ. ამასობაში ჭეშმარიტება გარდუვალად იქცევა ტყუილად, ხოლო ტყუილი – ჭეშმარიტებად. და აი, ამ იავარქმნილ სახლში ვიღაც-ვიღაცეებს მართლმადიდებელი ეკლესიის შეყვანა სურთ. მაგრამ დაე, ამ მოდერნისტებმა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები გაიხსენონ: "ვაჲ, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ! ვაჲ, რომელნი ბრძენ არიან თავით თვისით და წინაშე მათსა ზედმიწევნულებ (მცოდნე)!" (ეს. 5,20-21).





5. ინდუიზმის მიზანი – უნივერსალური რელიგია





გაოგნებული დავრჩი, როდესაც აღმოვაჩინე, თუ რა შედეგებს მიაღწია ინდუიზმმა იმ პერიოდში, ვიდრე მე დაშორებული ვიყავი ქრისტიანობას. იქნებ უცნაურადაც ჩანდეს, რომ ეს აღმოჩენა ასე უეცრად გავაკეთე, მაგრამ ყოველივე მარტივად აიხსნება: ჩემს გურუს მუდმივად კონტროლქვეშ ვყავდი და მთელი ამ ხნის განმავლობაში პირდაპირ "აღკვეცილი" გახლდით, თუმცა კი ერში ვცხოვრობდი. სვამის მკაცრი მითითებები მიკრძალავდა ქრისტიანული ლიტერატურის კითხვასა და ქრისტიანებთან ურთიერთობას. საქმე ის არის, რომ მიუხედავად პრეტენზიული მსჯელობისა იმის თაობაზე, რომ ყველა რელიგია თანაბარია, სვამებმა იციან: ქრისტე მათი შურისგებაა. ამრიგად, ოცი წლის მანძილზე მთლიანად აღმოსავლური ფილოსოფიის შესწავლითა და მისი დისციპლინების პრაქტიკული ათვისებით ვიყავი დაკავებული. გურუს მითითებით მივიღე სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიასა და ანთროპოლოგიაში, მაგრამ ეს მხოლოდ გასართობი იყო – მას უნდა შეევსო ის დრო, რომელიც ჩემი ცხოვრების ძირითადი საქმით: სვამისთან ურთიერთობით, ვედანტას პრაქტიკითა და თეორიით არ იყო დაკავებული.



სვამი ვივეკანანდას მისია მრავალ კერძო პუნქტში უკვე შესრულებულია, მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ მოელის დაბოლოებას – ვგულისხმობ საყოველთაო რელიგიის შექმნას. და ამაში მდგომარეობს სატანის საბოლოო გამარჯვება, ვინაიდან საყოველთაო რელიგია ვერ შეურიგდება თავის შიგნით რაიმე "ინდივიდუალისტური, სექტანტური" იდეების არსებობას – იგი მთლიანად გაწყვეტს კავშირს ქრისტიანობასთან, თუმცა მის სემანტიკას შეინარჩუნებს. დაე, დაიქცეს ქვეყანა და ყოველივე ცოცხალი, საყოველთაო რელიგია ეცდება ბოლომდე გაანადგუროს ქრისტიანობა. საინტერესოა, რომ იეზუიტმა მღვდელმა ტეიარ დე შარდენმა უკვე ჩაუყარა საფუძველი "ახალ ქრისტიანობას", რომელიც ზუსტად შეესატყვისება ვივეკანანდას საყოველთაო რელიგიის ელემენტების ერთობლიობას.



ტეიარ დე შარდენი ანომალიური მოვლენაა: განსწავლული სამღვდელოება მას ტრადიციული კათოლიკე თეოლოგებისგან განსხვავებით ძალიან აფასებს, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლომდე არ ესმის მისი გამონათქვამების აზრი. სინამდვილეში ტეიარის იდეები ტანტრასა და ვედანტადანაა ნასესხები, ფსევდოქრისტიანულ ჟარგონზე გადმოტანილი და ევოლუციონიზმის იდეებით შეფერილი. თავს უფლებას მივცემ მოვიყვანო ერთი ნაწყვეტი მისი შრომებიდან: "სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ, ღმრთაებრივი ხდება. მაგრამ მე არ ვესწრაფვი მის ალში გადნობას, მის წყლებთან შერწყმას, რადგანაც, მონიზმის ყალბი მოწოდების საპირისპიროდ, პასიურობის გზით არაცნობიერისკენ რომ გვიბიძგებს, პანქრისტიანობა, რომელსაც მე მივდევ, აქტიური დიფერენციაციის ადგილას ერთიანობას აყენებს. მე შემიძლია ვეზიარო სულს იმ შემთხვევაში, თუკი მთლიანად და სავსებით გავათავისუფლებ მატერიის ყველა ძალას. მე ვაცნობიერებ, რომ ვბაძავ რა განხორციელებული ღმერთის მაგალითს, რომელიც კათოლიკურმა სარწმუნოებამ გამიმჟღავნა, ცხონებას მხოლოდ მაშინ მოვიპოვებ, თუკი სამყაროს შევერწყმი". ეს აშკარა ინდუიზმია. აქ ყველაფერია ცოტ-ცოტა: უპანიშადების ნაწყვეტებიც და ზოგიერთი ფილოსოფიური სისტემის ფრაგმენტებიც თავიანთი პრაქტიკული გამოყენებითურთ.



1965 წელს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე იეზუიტების ორდენის გენერალმა, მამა პედრო არუპემ ტეიარ დე შარდენის დაცვა ითავა. იგი მას იმით ამართლებდა, რომ "ტეიარი არ ყოფილა პროფესიონალი თეოლოგი და ამიტომ ვერ გააცნობიერებდა ყველა იმ დასკვნას, რომლებიც მისი ინტუიციური გამონათქვამებიდან გამომდინარეობს". შემდეგ პედრო არუპემ ქება-დიდება შეასხა ტეიარ დე შარდენს: "პადრე ტეიარი თანამედროვე აზროვნების ერთ-ერთი უდიდესი ოსტატთაგანია, ამიტომ მისი წარმატება არ უნდა გვაოცებდეს. ფაქტიურად, მან განახორციელა მეცნიერების სამყაროს სარწმუნოების სამყაროსთან შეერთების დიდებული ცდა". ამ შეერთების შედეგია ახალი რელიგია. თვით ტეიარის თქმით, "ახალი რელიგია ჩვენი ძველი ქრისტიანობის მსგავსი იქნება, მაგრამ მას ახალი სიცოცხლე მიეცემა ევოლუციური განვითარებისა და ძველი დოგმატების ახალი იდეებით გამდიდრების შედეგად". ამ ფონზე განვიხილოთ ვივეკანანდას საყოველთაო რელიგია და ტეიარის "ახალი ქრისტიანობა".



საყოველთაო რელიგიას, როგორადაც მას ვივეკანანდა წარმოადგენს, ხუთი რამ უნდა ახასიათებდეს. პირველ ყოვლისა, იგი მკაცრად მეცნიერული უნდა იყოს: ეს რელიგია სულიერი სამყაროს კანონების საფუძველზე აიგება, მაშასადამე, ჭეშმარიტი და მეცნიერული რელიგია იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტეიარიცა და ვივეკანანდაც თავიანთ სარწმუნოების სიმბოლოში თეორიულ მეცნიერებებს რთავენ. მეორეც, საყოველთაო რელიგიის საფუძველი ევოლუციის პრინციპია. ტეიარის თქმით, "აქამდე უცნობი რელიგია, რომლის წარმოდგენა ანდა აღწერა დღემდე არავის ძალუძს, რადგან თვით სამყარო არ არის იმდენად გრანდიოზული, რომ დაიტიოს იგი – ეს რელიგია ადამიანთა გულებში ევოლუციის მიერ ჩაგდებული თესლიდან აღმოცენდება." და კვლავ: "პირველქმნილი ცოდვა ხელ-ფეხს გვიკრავს და სისხლს გვწოვს", ვინაიდან, "როგორც ახლა დამტკიცდა, იგი სტატიკური ცნებების გადმონაშთია, რომლებიც ჩვენი ევოლუციური აზროვნების სისტემაში ანაქრონიზმად იქცნენ". ევოლუციონიზმის ამგვარი ფსევდორელიგიური კონცეფცია, რომელსაც ქრისტიანული აზროვნება სავსებით შეგნებულად უარყოფს, ათასწლეულების მანძილზე ინდუისტური მსოფლმხედველობის საფუძვლად გვევლინება: მას ინდუიზმის ნებისმიერი პრაქტიკული სისტემა შეიცავს.



მესამეც, საყოველთაო რელიგია ერთი კონკრეტული პიროვნების გარშემო კი არ შეიქმნება, არამედ "მარადიული პრინციპების" ფუნდამენტზე აიგება. ტეიარი თავისი უპიროვნო ღმერთის ძიების ერთგული რჩება, როდესაც წერს: "ქრისტე ჩემთვის სულ უფრო აუცილებელია... მაგრამ ამავე დროს ისტორიული ქრისტეს ფიგურა სულ უფრო ნაკლებად რეალური და გარკვეული ხდება". "...მისი ჩემეული აღქმა სულ უფრო შორს და მაღლა მიმიძღვის (მე იმედი მაქვს!) ჭეშმარიტი რწმენისაკენ". ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არაისტორიული "ქრისტეს" ასეთი ხედვა ინდუისტური რწმენაა და არა ქრისტიანული.



მეოთხეც, საყოველთაო რელიგიის მთავარი მიზანი სხვადასხვა ტიპის ადამიანების სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. ინდივიდუალისტური, სექტანტური რელიგიები ამ მიზანს ვერ აღწევენ. ტეიარს მიაჩნია, რომ ქრისტიანობა ყოველი ადამიანის რელიგიურ ძიებებს ვერ პასუხობს. თავისი დაუკმაყოფილებლობა მან ამ სიტყვებით გამოხატა: "ქრისტიანობა გარკვეულწილად ჯერ კიდევ წარმოადგენს თავშესაფარს, მაგრამ იგი მეტად ვეღარ მოიცავს, ვეღარ აკმაყოფილებს და ვეღარც მიუძღვის "თანამედროვე სულს".



და ბოლოს, მეხუთე: საყოველთაო რელიგია (ანუ ახალი ქრისტიანობა) ერთი საბოლოო მიზნისკენაა მიმართული. ტეიარ დე შარდენისთვის ესაა წერტილი ომეგა, რომელიც რაღაც ისეთს ეკუთვნის, რაც ყოველგვარი წარმოდგენის მიღმა დგას. ვივეკანანდასთვის ეს არის "ომ"-ი, ინდუისტური წმიდა მარცვალი: "მთელი კაცობრიობა ამ წმიდა ადგილის ფერხთით იკრიბება, სადაც მოთავსებულია სიმბოლო, რომელიც არ არის სიმბოლო, და სახელი, რომელიც ყოველგვარი ბგერის მიღმა დგას".



არსებობს თუ არა ქრისტიანობის გაუკუღმართებისა და ინდუიზმის ტრიუმფის საზღვარი? ...





თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ

მღვდელმონაზონ სერაფიმე როუზის წიგნიდან „მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია“.





[1] ღორის ქადა – მცენარე (მთარგმნელის შენიშვნა).





[2] მათ შორის, ვინც აღმოსავლურ რელიგიებთან "დიალოგისკენ" ისწრაფვის და საერთო რელიგიური საფუძვლის მოძებნა სურს, ცოტას თუ აქვს ასე თუ ისე მკაფიო წარმოდგენა წარმართულ წეს-ჩვეულებებსა და რწმენაზე, რომელთა ტირანიისგანაც კაცობრიობა ქრისტეს ნათელმა და მისმა კურთხეულმა უღელმა გაათავისუფლა. ქალღმერთი კალი, ინდუიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაება, ჩვეულებრივ საზარელი სისხლისღვრის ფონზე გამოისახება, მას თავის ქალებისა და მოკვეთილი თავების ყელსაბამი ამკობს, ენა გამოყოფილი აქვს – ეს იმის ნიშანია, რომ კვლავ სისხლი სწყურია. ინდუისტურ ტაძრებში კალის დაკლულ თხებს სწირავენ მსხვერპლად (სვამი ვივეკანანდა ამართლებს ამას: "რატომ არ უნდა დაიღვაროს ცოტაოდენი სისხლი სრული სურათის შესაქმნელად?"). ქალღმერთ კალიზე სვამი ვივეკანანდა მისი მოწაფის, "და ნივედიტას" მოწმობით, ამასაც ამბობდა: "მე მწამს, რომ იგი წარმართავს ყველა ჩემს მოქმედებას და მაკეთებინებს ყველაფერს, რაც თვითონ სურს". ვივეკანანდა ყოველ წამს გრძნობდა კალის სიახლოვეს, თითქოს იგი მასთან ერთად იყო ოთახში, და ევედრებოდა: "მოდი, დედაო, მოდი! რამეთუ სახელი შენი არის საშინელება!" მისი რელიგიური იდეალი იყო "სამუდამოდ შევუერთდეთ საშინელს". ნუთუ მიტროპოლიტ გეორგ კოდრეს აზრით ეს უნდა ჩაითვალოს "მოუნათლავთა ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების" ნიმუშად, იმ სულიერი სიმდიდრის ნაწილად, რომელიც ჩვენ არაქრისტიანული რელიგიებისგან უნდა გადმოვიღოთ? ვფიქრობთ, ეს უფრო მეფსალმუნის სიტყვების დადასტურებაა: "რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფსალმ. 95,5). ინგლ. ტექსტის რედ. შენიშვნა.



www.martlmadidebloba.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий