ღმერთი

ღმერთი

суббота, 12 апреля 2014 г.

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან. და ახალმან ნინო მოაქცია და ჰჱლენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ. და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს, და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაწარმეტყუელმან, რამეთუ: წელი ათასი ვითარცა ერთი დღჱ. და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა. და ესე არს ოთხი დღჱ და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მის თანავე დაფლული სიკუდილითა ნათლის ღებისა მისისაჲთა.

და ესე ენაჲ, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა. და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელ წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ასი ესე წილი ანბანისაჲ.

ლოცვა-ყავთ, წმიდანო ღმრთისანო, ლოცვა-ყავთ!

ქრისტე, შეიწყალე მჩხრეკალი ამისი იოვანე. ამენ.


იოანე ზოსიმე


****



იოანე ზოსიმე (X)

პოეტი, ლიტურგისტი, მწიგნობარი, მეცნიერი.

მოღვაწეობდა ჯერ პალესტინაში, წმ. საბას ლავრაში, შემდეგ-სინას მთაზე. ორივე სამონასტრო ცენტრში ქართველ მოღვაწეთა ლიტერატურული ცხოვრების ორგანიზატორი იყო.

საბაწმინდის ლავრაში შეადგინა ლიტურგიკული კრებული. ამ კრებულში გაერთიანებული სხვადასხვა ლიტერატურული მასალა იოანეს მიერ კრიტიკულადაა შეფასებული. მასში შესულია უძველესი ქართული იადგარი ("საგალობელნი იადგარნი"), უნიკალური მნიშვნელობის კალენდარი "კრებაჲ თთვეთაჲ წელიწდისათაჲ", რომლის შესადგენად იოანე ზოსიმეს გამოუყენებია კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, საბაწმინდის კალენდრები და სხვა.

იოანე ზოსიმეს სახელს უკავშირდება კრებული - "მცირე იადგარი", რომლის მეორე ნაწილი მთლიანად მის მიერაა დაწერილი. იადგარი შეიცავს საუფლო და დიდ დღესასწაულთა საგალობლებს, თუმცა იოანე ზოსიმემ ქართულ მწერლობაში სახელი დაიმკვიდრა, პირველ რიგში, როგორც პოეტმა. კ. კეკელიძე მას მიაკუთვნებს ეროვნული თვითშეგნების აღმავლობით აღბეჭდილ საგალობელს "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ". ნაწარმოები იქმნებოდა არაბთა ბატონობის პერიოდში, როცა ტაო-კლარჯეთში საფუძველი ეყრებოდა საქართველოს გაერთიანებას და როდესაც უკვე იგრძნობოდა ქართული მიწის გამაერთიანებელი ძალის პულსაცია. ყოველივე ეს სიხარულით აღავსებს იოანეს და ქებათა ქებას უძღვნის ქვეყნის გამაერთიანებელ ქართულ ენას: "და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა... მოელის დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა... რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა". ავტორის ღრმა რწმენით "ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს". ავტორს ჩამოთვლილი აქვს ქრისტიანული სიმბოლიკები, რომლებზე დაყრდნობითაც იგი ხსნის ქართული ენის მესიანისტური კონცეფციის ეზოთერულ საფუძველს. მიუხედავად მრავალი მეცნიერის მცდელობისა, ყველა სიმბოლოს ბოლომდე გახსნა კიდევ ვერ მოხერხდა, თუმცა ძეგლის საერთო ჩანაფიქრი, იდეა გამოკვეთილია: ქართული ენა საღმრთო ენაა, რომელიც წმინდად ინახავს თავს მეორედ მოსვლამდე.



Комментариев нет:

Отправить комментарий