ღმერთი

ღმერთი

четверг, 9 мая 2013 г.

ვიცანი, ღმერთო, სამყარო.

ვიცანი, ღმერთო, სამყარო, -
ეს შენი დანაბადები, -
იმისი ავლა-დიდება
და შიგ საგძალი ნადები;
მბოჭავს, არ მათავისუფლებს
გარს შემორტყმული ბარდები;
დღეს გულსაცა სწვავს, კუჭსაცა
გუშინ ნაჭამი ქადები.
რად გვინდა, ნეტავ, სიცოცხლე,
ეს ამოდენა ამბები,
თავში სიცილი, მოლხენა,
ბოლოს – ვაი და დარდები!
განგების სათამაშოდა,
გასართობად ვართ გამხდრები;
ერთია, თუნდა ჩვენ ვიყვნეთ
და თუნდა მინდვრის თაგვები:
გავერანდება ერთხელაც
ტურფად შემკული ბაღები,
ჩამოინგრევა დარბაზი
და სრა-სახლების თაღები;
ცრემლს დაუწყებენ ფრქვევასა
დღეს მოლხინარი ბალღები.
ამას ბჭობს, ვისც აბარია
განგების ბჭეთა საღები.
ასეა, ვიცით კარგადა,
ამ წუთისოფლის თვისება,
ვერაფერს ვიზამთ ომითა,
არას გვიშველის გინება,
ქრთამი და ხვეწნა-მუდარა,
ხმალ-ზარბაზნების ღირება,
დიდი ჭკვა, გამოცდილება,
ქველობის გამოჩინება.
განგების გასართობნი ვართ
ჩვენის ჭირით და ლხინითა,
ამის მეტს ვერ თუ შესძლებდა,
ღმერთმა ინება იმითა -
დაგვღალოს, ოფლი გვადინოს,
მერე გაგვაძღოს ძილითა,
რომ ბოლოს სიტკბო ვიგემოთ
გამსჭვალულებმა ჭირითა.
ალბათ, ასე სჯობს, ჩვენ ვცდებით,
ვერ ვსაზღვრავთ ჩვენის ტვინითა
იმას, რაც წარმოსდინდება
სიწმინდის ჭურჭლის პირითა!

1903 წ.

>>>>>>>>>>>>>>

კიდევ ხმა მესმის ციდამა.

(სიმღერა)

კიდევ ხმა მესმის ციდამა,
ცამ გრძნობა გამიზიარა:
სამოთხის კარი გამიღო,
ბნელეთი გამიმზიანა,
დაკუტებული ოცნება
განკურნა, გააფთიანა;
საამო ჟრჟოლამ შემიპყრო,
მთელს ტანში ჩამომიარა…
სხვა თვალზე ვნახე სამყარო
ჭალა-ველებით, მთიანა.
გუშინ რო გული ეჭვობდა,
დაკოდილიყო მძიმედა,
თავსაც სწყევლიდა, ბედსაცა,
ნუგეშს გვაძლევდა მცირედა,
დღეს ნავთსადგური იპოვნა
იმ ვრცელს განგების მხარესა,
ხან რომ გვალაღებს, ტკბილს გვასმევს,
ხან მოგვაწოდებს მწარესა,
ულევ-უვსები რა შექმნა,
თუნდა შევხედოთ მთვარესა!
დღეს მტირალს, ბედის მომდურავს,
ხვალ ისევ გაახარებსა.
ღარიბს ამდიდრებს, მდიდრისას
სიმდიდრეს გაათავებსა,
დაბმულს აუშვებს და ახსნილს
დააბამს, გააკავებსა…
საწუთროს ჟინი შეიგნო,
დღე-ღამეობა ჟამისა;
ხვალ განთიადის მომლოდნეს
შიში არა აქვ ღამისა;
ზამთარს ზაფხული მოჰყვება.
ყნოსვითა ვსტკბებით მწვანისა…
სულდგმულს რად დაეძინაო,
ვისა აქვს ღონე დავისა?!
აქ საკვირველი რა არი,
დიდად სახეთქი თავისა?!.

1899 წ.

ვაჟა-ფშაველა

Комментариев нет:

Отправить комментарий