ღმერთი

ღმერთი

пятница, 31 мая 2013 г.

"იმედის" გადაცემა "მთავარი ფაქტორის" წინააღმდეგ საჩივარი მზადდება

ტელეწამყვანის მიერ ჰომოფობიური გამონათქვამის გამო ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “მთავარი ფაქტორის” წინააღმდეგ საჩივარი მზადდება.


საჩივარი ეხება 2013 წლის 27 მაისის გადაცემაში ერთ–ერთი თანაწამყვანის, რამაზ საყვარელიძის მიერ გამოთქმულ ფრაზას, რომელიც საჩივრის ავტორების თქმით "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონითა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილ ნორმებს ეწინააღმდეგება:


“რამაზ საყვარელიძემ წარმოთქვა შემდეგი ფრაზა: "კარგი რა, არავის არ უნდა ჰომიკი სახლში." გადაცემის სტუმარმა თამარ გურჩიანმა რამაზ საყვარელიძე გააფრთხილა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შესაძლო დარღვევის შესახებ, ხოლო არაფორმალურმა მთავარმა წამყვანმა, რევაზ საყევარიშვილმა კი განაცხადა, რომ ასეთ განცხადებებს შეეძლო დარტყმის ქვეშ დაეყენებინა ტელევიზია, თუმცა არცერთ სხვა თანაწამყვანს რამაზ საყვარელიძის შეურაცხმყოფელი ფრაზა არ დაუგმია", – ნათქვამია განცხადებაში

საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ რამაზ საყვარელიძის გამონათქვამი ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს, რომელთა თანახმად:

2. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას

საჩივარში ასევე განმარტებულია, რომ რამაზ საყვარელიძის გამონათქვამი ეწინააღმდეგება მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამაუწყებლო პრინციპით:

“სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება განურჩევლად მათი პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, რელიგიური, რეგიონული, ენობრივი, ასაკობრივი თუ გენდერული კუთვნილებისა.”

საჩივრის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ 17 მაისის მოვლენების შემდეგ ლგბტ პირთა დევნამ განსაკუთრებით იმატა და ამ ფონიდან გამომდინარე მედიას განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებს. მათი მოთხოვნა შემდეგია:

1. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14, აგრეთვე 59-ე პრიმა მუხლის თანახმად, განიხილოთ წინამდებარე საჩივარი და მასზე დროული და დასაბუთებული რეაგირება მოახდინოთ

2. დაადგინოთ ზემოაღნიშნული გამონათქვამის შეუსაბამობა ეთიკურ სტანდარტებთან და მიღებული გადაწყვეტილება შეუსაბამობის შესახებ გამოაქვეყნოთ იმავე გადაცემაში.

საჩივარს ხელს ათი ადამიანი აწერს, მათ შორის იურისტი თამარ გურჩიანი, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" ხელმძღვანელი ეკატერინე აღდგომელაშვილი, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელი, იურისტი ვახუშტი მენაბდე, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა.

ავტორები საჩივრით "იმედის" თვითრეგულირების ორგანოს 6 ივნისს მიმართავენ, მანამდე კი საჩივარზე ელექტრონულად ხელმოწერა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც მის შინაარსს ეთანხმება.

Комментариев нет:

Отправить комментарий