ღმერთი

ღმერთი

четверг, 30 мая 2013 г.

,,რეგიონალიზმი არის უდიდესი ბოროტება''

მეუფე ანანია: ,,რეგიონალიზმი არის უდიდესი ბოროტება''
ნატო გიორგაძე.

ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ეკლესიისათვის არის ეროვნული კონსოლიდაცია, ეროვნული მთლიანობა, ეროვნული სიძლიერე, ყველა საკითხში ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საღვთო სჯული. ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ძალზედ ხშირად ამბობს, რომ ღმერთი აერთიანებს, ხოლო ეშმაკი ჰყოფს. ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად საჭირო არის ხელი შეეწყოს ჩვენს ეროვნულ კონსოლიდაციას., საუკუნეთა მანძილზე საქართველოს ეკლესია აერთიანებდა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და დღესაც ეს მოვალეობა აქვს ჩვენს ეკლესიას. მან ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის გაერთიანებას, განსაკუთრებით სულიერ გაერთიანებას.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა უდევს საფუძვლად ჩვენში თვალნათელ კუთხურობას, ეთნიკურ გათიშულობას, რომელიც ძალზედ ხშირად ჩნდება დღეს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამას ჰქონდა ისტორიული მიზეზები. როგორც ვიცით XV-XVI საუკუნეებში დაიშალა ერთიანი საქართველოს სახელმწიფო და შემდგომ თანდათანობით ჩამოყალიბდა კუთხური სახელმწიფოებრივი ერთეულები. ამ მოვლენას განსაკუთრებით ხელს უწყობდნენ უცხო იმპერიები. ერთიანი საქართველოს დაშლის შემდგომ შექმნილი სამეფოები მართალია ქართული იყო, მაგრამ ეს იყო კუთხური სამეფოები თავისი სახელმწიფოებრიობით, თავისი ზედაფენით, თავისი არმიით, საკუთარი ინტერესებით. კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო, ქართლის სამეფო და ასევე სამთავროები ხშირად ერთმანეთისადმი მტრულად იყვნენ განწყობილნი და მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე საუკუნეების ისტორია არის სწორედ ამ სახელმწიფოებრივ ერთეულთა შორის მუდმივი ომის ისტორია. თითქმის სამასი წელი არსებობდა ეს სახელმწიფოები. სახელმწიფოს კი აქვს ისეთი თვისება, რომ თავისი საზღვრების შიგნით მცხოვრებლებს უყალიბებს ეთნიკურ ვინაობას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩამოყალიბდა კახელობა-კუთხურობა, ჩამოყალიბდა იმერლობა და ა.შ., ჩამოყალიბდა ქართული ცალ-ცალკე ეთნო-ჯგუფები და დაიშალა ერთიანი თვითშეგნება. მანამდე იყო ერთიანი ერი, ერთიანი საქართველოს სახელმწიფო. დაიშალა ერთიანი სახელმწიფო და ერი დაიშალა ეთნიკურ ჯგუფებად. ეს იყო უდიდესი ტრაგედია. დღესაც ეს არის უდიდესი ტრაგედია და მიზეზი მრავალი უბედურებისა.

ჩვენმა დიდმა წმიდანმა ილია ჭავჭავაძემ და თერგდალეულებმა კარგად შეამჩნიეს კუთხურობის საფრთხე და ჩვენი ინტელიგენცია სათავეში ჩაუდგა ერის კონსოლიდაციის პროცესს. ჩვენი ერის კონსოლიდაცია დაიწყო მეცხრამეტე საუკუნეში. ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი პროცესი გამთლიანებისა, კუთხურობის აღმოფხვრისა. კახელობის, იმერლობის, ქართლელობის და სხვათა ეთნოგრაფიული გათიშულობის აღმოფხვრის პროცესი. ეს იყო ჩვენი ინტელიგენციის უდიდესი მიზანი და სურვილი.

ეროვნული კონსოლიდაციის პროცესი კომუნისტური დიქტატურის დროს შენელდა.

ახლა ღვთის მადლით და ღვთის შეწევნით გვაქვს ეროვნული სახელმწიფო. დაწყებულია ჩვენი ერის გამთლიანების, კონსოლიდაციის პროცესი კვლავ. ჩვენი ერი არის ცოცხალი ორგანიზმი, ჯანსაღი ორგანიზმი და ბუნებრივად მომდინარეობს მისი გაერთიანების პროცესი ეროვნულ სახელმწიფოში. ახლა მთავარი არის, სწორედ ამიტომ მოგახსენებთ ჩვენს სიტყვებს, რომ ხელი არ შევუშალოთ ერის კონსოლიდაციას. ზედაფენამ, თუ გნებავთ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ინტელიგენციამ ნებით თუ უნებლიეთ არ უნდა შეაფერხოს გამთლიანების პროცესი.

ჩვენ უნდა გავიცნობიეროთ, რომ კუთხურობა ძალზედ ცუდია. სწორედ იგია მიზეზი, რომ ამდენი პრობლემა არის ამჟამად საქართველოში.

ბოლშევიკებმაც კი ვერ გაბედეს საქართველოს კუთხური ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა სუბ-ეთნიკური ნიშნით. მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ილიას პლეადა, როცა ბოლშევიკები აწყობდნენ ადმინისტრაციულ სისტემას საქართველოში. როგორც ვთქვით, მათ ვერ გაბედეს და კუთხური პრინციპი საფუძვლად არ დაუდეს მმართველობას ანუ არ შექმნეს კახეთის რეგიონი, მხარე ან გუბერნია. მათ რეგიონული პრინციპით კი არ დაყვეს საქართველო, არამედ პავლე ინგოროყვას მეცადინეობით ქვეყანა დაყვეს რაიონებად. რაიონს კი საფუძვლად არ უდევს კუთხური პრინციპი. მაგალითად კახეთში არსებობდა მრავალი რაიონი და ეს რაიონები ექვემდებარებოდნენ არა კახეთის გუბერნატორს, კახეთის პროკურორს, ან შინაგან საქმეთა მინისტრს, არამედ უშუალოდ თბილისს. ეს იყო ფაქტიურად უნიტარული, ცენტრალიზებული სისტემა.

ასეთი სისტემა საჭიროა იმისათვის, რომ დღესაც გაგრძელდეს ჩვენი ერის კონსოლიდაციის პროცესი. რეგიონალიზმი არის ძალზედ ცუდი ქართველი ერისათვის. ის ხელს უშლის ერის გამთლიანებას. რეგიონალიზმი არის უდიდსი ბოროტება და ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც ინტელიგენციამ, ასევე განსაკუთრებით მე გთხოვთ და გლოცავთ თქვენ და ეს მიიღეთ როგორც კურთხევა, თქვენმა პარტიამ გაითვალისწინოს, რომ რეგიონალიზმი ცუდია და ვებრძოლოთ რეგიონალიზმს. უნდა მოისპოს საქართველოს დაყოფა რეგიონებად.

საქართველო უნდა იყოს ერთიანი უნიტარული სახელმწიფო, იმისათვის, რათა ქართველი ერი გამთლიანდეს ისევე, როგორც იყო XII-XIII საუკუნეებში, საქართველოს ოქროს ხანაში.

ასე რომ გლოცავთ და გაკურთხებთ, ეს არის ჩვენი თხოვნა თქვენთან.

http://www.georoyal.ge/?m=1000&id=1251

Комментариев нет:

Отправить комментарий