თბილისის ქუჩების ერთ–ერთი კოლორიტული ფიგურა იყო თავზე ხილით სავსე თაბახშემოდგმული, ან ვიწრო ქუჩაში ვირშებმული პატარა “ტაჩკით” მიმავალი კინტო.
კინტოების კასტა შუა საუკუნეების ირანში ჩამოყალიბდა. სპარსეთის სახელმწიფოში კინტოთა ორი ძირითადი კატეგორია არსებობდა: ერთნი იყვნენ ე.წ. ხელის ბიჭები, რომლებიც დიდგვაროვნების კარზე მსახურობდნენ, ან ქალაქის წყლის მზიდავებად და თამბაქოს გამყიდველებად მუშაობდნენ.
სპარსეთში მცხოვრები კინტოების მეორე ნაწილი ვაჭრობითა და აფერისტობით ირჩენდა თავს.
აი, რას წერს ერთ-ერთი ძველი ირანელი ისტორიკოსი: “კინტომ რომ არ მოიტყუოს, ალბათ, მოკვდება. მაგათ ტყუილი და აფერისტობა ისე აქვთ გვამში გამჯდარი, რომ ერთმანთსაც ხშირად ატყუებენ და ეს არც კი უკვირთ”.
ზოგი მკვლევარის აზრით, კინტოები ირანში ძირითადად სომხები იყვნენ. ზოგის აზრით, სპარსეთის იმპერია გატენილი იყო ათასი ჯურის და ჯიშის ხალხით, და კინტოს ნაციონალობის იდენტიფიკაცია არ აქვს, უფრო სექტას წარმოადგენდა, რომელთა რიგებს ყველა დეკლასირებული ფენის ხალხი ავსებდა (მათ შორის გადაჯიშებული და დასაჭურისებული ქართველიც).
თბილისში კინტოები სპარსეთის ბატონობის პერიოდიდან არსებობდნენ. ისინი “როსტომ მეფემ” (მირზა ხანმა) ჩამოათესლა ქართლის ზნეობრივი გახრწნის მიზნით, რათა ირანს გაადვილებოდა ამ ქვეყნის ინტეგრირება. კინტომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახე მხოლოდ მე-19 საუკუნეში შეიძინა, როდესაც ირანი რუსეთმა შეცვალა და კინტოები ახალ ცხოვრებასთან შეგუებას ცდილობდნენ. თუკი ირანში კინტოების ორი კატეგორია არსებობდა, თბილისელმა კინტოებმა ყველა ის თვისება გააერთიანეს საკუთარ თავში რომელიც იმ ორ კატეგორიას ჰქონდა, ანუ ქართველი კინტო ვაჭარიც იყო, აფერისტიც და ხელზე მოსამსახურეც.
ირანელი მოგზაური მეჯოდ-ოს-სალტანე 1865 წელს წერდა: “კავკასიაში ბევრი ირანული ყოფის ხალხია, ტფილისში ყველგან გადააწყდებით ირანელი კინტოებივით გამოწყობილ ნახევარკაცებს რომლებიც ხალხს ატყუებენ”.
დავით ორბელიანი წერდა ”რაც თურქებმა ვერ ქნეს იმას კინტოები გვიშვრებიან! ქალაქელებს რყვნას ასწავლიან ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ”.
იაკობ გოგებაშვილი გაზეთ “კვალ”-ში წერდა: ”ტფილისში დღეს იმდენი სასირცხვო ხალხი ცხოვრობს, სათვალავი, რო აერევა კაცსა. ქალაქში კინტო-მატრაბაზები ყველას ყვლიფავენ და შავზე თეთრს იმტკიცებიან”.
კინტო, ძველ თბილისში ხელზე მოვაჭრე, განეკუთვნებოდა წვრილ ვაჭართა კლასს. გამოირჩეოდა მოსწრებული სიტყვა-პასუხით და თავისებური ჩაცმა-დახურვით. კინტო თბილისის ყოფას XX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩა.
ბევრს ყარაჩოხელები და კინტოები, ეს ორი სრულიად განსხვავებული კატეგორიის ხალხი ერთმანეთში ერევა. რატომღაც, კომუნისტების დროს, კინტოების უაზრო იდეალიზება ხდებოდა და ყველას ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, თითქოს კინტო წმინდა ქართული მოვლენა იყო, რეალურად კი, ჩვენ სულ სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე.
ყარაჩოღელი იმდროინდელი მოქალაქეა, როცა ,,ქართლის ცხოვრების” სიტყვით: ,,ქალაქი ტფილისი ჯერეთ არა სრულიად შემოყვანებულიყო უღელსა ქვეშე მორჩილებასა”. ყარაჩოღელი სინთეზია ქასრთული და აღმოსავლური ქვეყნების ურთიერთობისა. კინტო კი ბაზრის წიაღში შეიქმნა, როცა ვაჭრობამ ხელობას გაუსწრო!
ყარაჩოღელის სიტყვა თამამი იყო და გულუბრყვილო. კინტოს მეტყველება – გაცვეთილი ფრაზები, შაბლონური, მშიშარა, ლაქუცა, მატყუარა. კინტოები შეუცვლელი მსმენელნი იყვნენ სხვისი საუბრისა და ასევე შეუცვლელნი ენის მიმტან-მომტანები გახლდნენ.
ყარაჩოღელი გარეგნულად წარმოსადეგი პიროვნებაა, მხარბეჭიანი, ბრგეე, დარბაისელი, ჩასპანდი, გულმართალი, პატიოსანი, რაინდი. თასებით ხელში დადიოდნენ. თავის, თუ ძმაკაცის შეყვარებულებს უმღერდნენ, ქვრივ-ობოლზე ზრუნავდნენ, გაჭირვებულს უვლიდნენ, ავადმყოფს ეხმარებოდნენ, ქალაქზე ზრუნავდნენ.
კინტოს ვაჟკაცური არაფერი ეცხო: თვალმანკიერია, ჩიკორა კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, სიარული დამტვრეული და ოკრო-ბოკრო, ცუღლუტი, ლაზღანდარა, მასხარა, გაქსუებული, დაღლარა, თახსირი და მცირე უნარისა. ყარაჩოღელის გადაგვარებულ სახეს კინტო ეწოდა (კვინტო ძველად კუდიანს ნიშნავდა). მიუხედავად იმისა რომ უდარდელი და ზანტი კინტო მთელ სიცოცხლეს ლაზღანდარობასა და ყალთაბანდობაში ატარებდა, გულით მაინც სევდა და ნაღველი დაჰქონდა. ცხოვრებამ აიძულა იგი ქუჩა–ქუჩა ეხეტიალა. ცოცხალი, მკვირცხლი, მოძრავი, “ლოთიანი” ქეიფის მოყვარული კინტო, რომელსაც თავზე ღვინით სავსე ბოთლი ედგა, არღანის ხმაზე ბაღდადით ხელში ცეკვავდა კინტოურს. მისი სიმღერა იყო “ავარ, ავარ დავდივარ”…
კინტო ყარაჩოხელის ანტიპოდი იყო ჩაცმით და მიხვრა–მოხვრით:
ყარაჩოღელი ანუ, ყარაჩოხხელი ნიჩნავს, ჩავ ჩოხიანს. ყარაჩოღელს აცვია; შავი შალის ჩოხა, გრძელკალთებიანი, მოკლე ნაოჭიანი, შიგნიდან აცვიათ წითელი აბრეშუმის, გულამოჭრილი პერანგი, ზედ-შავი ატლასის ან ყარამანდული წვრილნაოჭიანი ახალუხი. მათი განიერი შარვალი შალისაგან იკერებოდა, თავებში აბრეშუმის ფოჩებიანი ხონჯარი ჰქონდა გაყრილი. საშინაოდ იცვამდნენ, ქოშებს, საგარეოდ ხმარობდნენ წაღებს. მათი სამკაული იყო, ვერცხლის გობაკებიანი ქამარი, ქამარში მწვანე ბაღდადი, ” გალიბანდის” ქუდი, წელში ვერცხლის ჩიბუხი და ჩიბუხისთვის ქისა…
კინტოს აცვია ჩითის პერანგი წინწკლებიანი, მაღალსაყელოიანი, რომელსაც შესაკვრელი აქვს გვერდზე, მარცხენა მხარეს, საყელოზე ოთხი ღილაკი აკერია, მაგრამ საკინძე ყოველთვის შემოხსნილი (გაღეღილი) აქვს. აცვია მოკლე, ნაოჭიანი, შავი ნაშურის ახალუხი; წვრილ ფეხებს უმოსავს წინდებში ჩატანებული უბეგანიერი, მონაოჭებული, შავი სატინის შარვალი, იმდენად განიერი, რომ მის ტოტებს ხშირად ფოთლებივით შრიალი გააქვთ. თავზე ქეჩის ბრტყელი ქუდი ახურავს, ან ,,კოზინოკიანი შლაპა”. ფეხზე უქუსლო ჩუსტები (მესტები), ზოგჯერ ყელდაკეცილი „დაწყობილი ჩექმები“. გულზე ძეწკვიანი საათი, წელზე აბრეშუმის წითელი სარტყელი ან ვერცხლის აბზინდიანი, ვიწრო ქამარი, ქამარში აბრეშუმის ან ჩითის ხელსახოცი. ჩოხას სულ არ ხმარობენ. კინტო ნიშნავს კინწით თაბახით მზიდველს. თაბახზე გაწყობილ ხილსა და ბოსტნეულს გასაყიდად ქუჩებში თავით დაატარებდა.
მკვლევართა აზრით, კინტოების ტანსაცმელი წმინდა სპარსული სამოსია და ქართულ კულტურასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ასევე შეიძლება ითქვას ცეკვა კინტოურზეც, რომლის ფესვები ძველ სპარსეთში უნდა ვეძებოთ. არსებობს ვერსია, რომ კინტოური თავიდან ქალების ცეკვა იყო და მამაკაცებმა მისი შესრულება მხოლოდ მე-19 საუკუნიდან დაიწყეს.
ყარაჩოღლის ხმა–ტკბილი და შთამბეჭდავი..
კინტოს ხმა-ხრინწმოკიდებული და ხმელი..
ყარაჩოღლის მიხვრა მოხვრა მტკიცეა..
კინტოსი-ოკრობოკრო..
ყარაჩოღელი – ქმნის სიტყვის შედევრებს..
კინტო -ამ სიტყვებს ამახინჯებას..
ყარაჩოღელი მღეროდა:
” გამიფრინდა სიხარულის ფრინველი,
მიზეზისა სხვისა და სხვისა”
კინტო მღერის:
“არღანჩიკ დაუკარ,
ფაიტონჩიკ გარეკე”
ყარაჩოღელის რეპერტუარიდან:
“ნაჭერ-ნაჭერ ღრუბელ მოდის მაღლა ციდანა,
დაბეჭდილი წიგნი მომდის საყვარლისგანა”
კინტო ამ სიმღერას ასე ასრულებს:
“კუსოკ-კუსოკ ობლაკ იძოტ სვისოკ ნებესა-ო
ზაპეჩატან პისმო ნესიოტ ოტ ნუბოვნიცაო-ო”
ყარაჩოღლის მუსიკა —დუდუკია,
კინტოსი —არღნი..
http://ucnauri.com/29659/კინტო-ძველი-თბილისის-კოლ/
Комментариев нет:
Отправить комментарий