ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 4 августа 2013 г.

უკეთუ არა იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა მათე 18, 1-9

მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით

მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი: წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

უკეთუ არა იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა მათე 18, 1-9

კაპერნაუმისაკენ მიმავალი მოწაფენი გზაზე კამათობდნენ ერთმანეთში: ვინ იყო მათში მეტი ზეციურ სამეფოში? უფალს არ უნდოდა, უცხოთა თანდასწრებით ემხილებინა ისინი პატივმოყვარეობაში. მაგრამ, როცა მან ისევ გამოიჩინა განსაკუთრებული ყურადღება პეტრეს მიმართ, დაავალა გადაეხადა ტაძრისთვის განკუთვნილი სასწაულებრივი სატირით, მოწაფეებში ხელახლა ალაპარაკდა პატივმოყვარეობის ვნება. მას ჟამსა შინა მოუხდეს იესოს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინმე უფროს იყოს სასუფეველსა ცათასა? „ერცხვინებოდათ რა, - ამბობს წმ. ოქროპირი, - გამოემჟღავნებინათ ვნება, რითაც იყვნენ დაავადებულნი, ისინი პირდაპირ არ ამბობენ: რატომ მიანიჭე შენ პეტრეს უპირატესობა ჩვენზე? ნუთუ იგი ჩვენზე მეტია? - ამისი რცხვენიათ მათ. ეკითხებიან გაურკვევლად: „ვინ უფროსი იყოს?“ როცა იესომ მოწაფეთაგან სამს მიანიჭა უპირატესობა, მათში მსგავსი არაფერი მომხდარა, ხოლო როცა მხოლოდ ერთს მიაგო პატივი, ისინი შეწუხდნენ“. ამასთან, მათ გაახსენდათ ისიც, რომ უფალმა ნეტარი უწოდა პეტრეს,, როცა მან აღიარა იგი, გაახსენდათ პეტრეს დიდი კადნიერებაც უფლისადმი. „რაღაც ადამიანური მოქმედებდა მოწაფეებში, - ამბობს წმ. ოქროპირი, - მაგრამ შენ გაიაზრე პირველად ის, რომ ისინი ახლაც მიწიერს არაფერს ეძიებდნენ; მეორედ, რომ მათ შემდგომში დასთმეს ეს სისუსტეც და პირველობა დაუთმეს ერთმანეთს. ჩვენ კი არ შეგვიძლია ავმაღლდეთ მათ ცოდვიან მდგომარეობამდეც; არ ვკითხულობთ, თუ ვინ არის მეტი ცათა სასუფეველში, არამედ ვკითხულობთ, თუ ვინ არის მეტი ქვეყნიურ სამეფოში, აქ ვინ უფრო მდიდარი და ძლიერია“.

უფალი კი? მან უკვე მისცა მათ მაგალითი თვითდამდაბლებისა, როცა დათანხმდა იმის გადახდაზე, რაც არ ეკუთვნოდა; და ახლაც, სურს რა ცხადად დაანახოს მოწაფეებს თავმდაბლობის აუცილებლობა, იგი ხსნის მათ სინდისს და პასუხობს არა მათ სიტყვებზე, არამედ მათ მგრძნობიარობას. და მოუწოდა იესო ყრმასა (გადმოცემის მიხედვით, ეს იყო წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი), და დაადგინა შორის მათსა და ჰრქუა: თქვენ ეძიებთ, თუ ვინ არის დიდი და კამათობთ პირველობაზე; ხოლო მე გეტყვი თქვენ: ვინც არ იქნება სხვებზე უფრო დაბლა, იგი არ იქნება ცათა სასუფევლის ღირსი. ამინ გეტყვი თქუენ, უკუეთუ არა მოიქცეთ პატივმოყვარეობიდან ბრძნული სიმდაბლისაკენ, ბოროტებიდან უბოროტებისაკენ, თუ არ შეიცვლით თქვენს ცრუ წარმოდგენებს ჩემს მეფობაზე, თუ არ მიატოვებთ ცუდ მედიდურ იმედებს ცათა სასუფეველში გამორჩეული ადგილის დაკავებაზე და იქმნეთ ვითარცა ყრმანი, - არა ასაკით, არამედ გულის მდგომარეობით, თუ არ იქნებით ასევე მდაბალნი და გულით უბრალონი, ღვთის ნებისდამი ისევე უანგაროდ მინდობლნი, როგორც ბავშვები, მაშინ არა მარტო ვერ დაიკავებთ უმაღლეს ადგილს, არამედ საერთოდ ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა. უფალმა თავის მოწაფეებს მიუთითა ბავშვებზე, სრული გაგებით ვნებათაგან გათავისუფლებაზე, ბავშვებზე, რომელთათვისაც უცხოა სიამაყე და ცუდმედიდურობა, შური და ჭირვეულობა, ბავშვებზე, რომლებიც შემკულნი არიან უამრავი სათნოებით: გულკეთილობითა და უბოროტობით, თავმდაბლობითა და სიმშვიდით, ბავშვებზე, რომლებიც არცერთი ამ სათნოებათაგანით თავს არ იწონებენ და იმაღლებენ - რაც უმაღლესი სიბრძნისათვისაა დამახასიათებელი, - ჰქონდეს სათნოებები და არ ამაყობდეს იმით. „როცა ჩვენ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - არა გაქვს ეს სათნოებები, რაც უნდა დიდი იყოს ჩვენი საქმენი, საეჭვო იქნება ჩვენი გადარჩენა. ჩვილი გინდა ლანძღო, გინდა აქო, გინდ დასაჯო და გინდ ადიდო, იგი არც გისაყვედურებს და არც გაამაყდება“ - იესო ქრისტეს ღვთაებრივმა სიმდაბლემ არ მისცა ნება სიმდაბლეზე სწავლებისას მიეთითებინა საკუთარ თავზე. უფალი სათუთი სიყვარულით მიეფერა ბავშვს და განაგრძო: რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ვითარცა ყრმაი ესე, ვინც თავს ჩათვლის სხვაზე უარესად, იგი უფროის იყოს სასუფეველსა ცათასა. რაც ბავშვს აქვს თავისი ბუნებრივი სისუფთავითა და უდანაშაულობით, მას თქვენ უნდა მიაღწიოთ თვითიძულებით, გმირობით, თავის დატანებით, საკუთარ ვნებათა და ბოროტებათა მოკვეთით; მე იმდენად მიყვარს თავმდაბლობა და გულკეთილობა, რომ არა მარტო მაშინ მიიღებთ დიდ ჯილდოს, როცა თავად ასეთები გახდებით, არამედ მაშინაც კი, როცა და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაი ესევითარი სახელითა ჩემითა, ვინც ჩემი სიყვარულისათვის მიიღებს ჩემს მორწმუნეს, იქნება ის ბავშვი, თუ ბავშვს მიმსგავსებული უბრალოებაში და მდაბალი გულით ჩემი მიმდევარი, - ვინც დაეხმარება მას გასაჭირში, არა პირადი ანგარიშით, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი მოწაფეა, ქრისტიანია, მე შემიწყნარებს და ჯილდოსაც ჩემგან მიიღებს; ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის მიიღებს ჩემს მომავლინებელ მამას. მაგრამ თუ მე ასე დიდად ვაფასებ სიმდაბლესა და გულკეთილობას, ამიტომ მეტად მკაცრად დავსჯი მათ, რომლებიც ამ მდაბალთა და გულკეთილებს აწყენინებენ, აბრკოლებენ, ან ცოდვისაკენ მისდრიკავენ: და რომელმან დააბრკოლოს ან აწყენინოს ერთი მცირეთა ამათგანი არა მარტო ბავშვი, არამედ ნებისმიერი ჩემდა მომართ მორწმუნეთა უბრალო გულით, უმჯობეს არს მისა ასეთი მაცდურისათვის, რათა დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა, წისქვილის მძიმე დოლაბი, რომელიც მოძრაობაში მოჰყავს მხოლოდ სახედარს და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა. „არა თქვა უფალმა: დოლაბი მოეკიდება მას კისერზე. ამითაც აჩვენებს, რომ უბედურს ელის სხვა, უფრო მკაცრი ბოროტება: თუ ის აუტანელია, მით უფრო საბოლოო. ხედავ, როგორი საშინელი მუქარაა? ხედავ, როგორ საფუძვლამდე უარყოფს მაღალ წარმოდგენას საკუთარ თავზე, როგორ ჩააგონებს პირველობის მაძიებელთ ყველგან ეძიონ უკანასკნელი ადგილი? მართლაც, არ არსებობს მაღალ წარმოდგენაზე უარესი! იგი გვაკარგვინებს ჩვენ თვით ჩვეულებრივ კეთილგონიერებასაც და სრულად უგუნურებად გვხდის. რამეთუ თუ კი ვინმე, სამი მტკაველის სიმაღლე, მოინდომებდა მთაზე მაღალი ყოფილიყო და ასეთად წარმოიდგენდა თავს, განა უგუნურად არ ჩავთვლიდით მას? ასე, როცა შენ დაინახავ ქედამაღალ ადამიანს, რომელსაც ყველაზე უკეთესად მიაჩნია თავი და უპატიოებად მიაჩნია ცხოვრება უბრალო ადამიანების გვერდით, ნუღარ ეძებ სხვა დასაბუთებას მისი უგუნურობისათვის“ (წმ. ოქროპირი).

უყურებდა რა თავისი ღვთაებრივი ხედვით ქვეყანას, რომელიც ბოროტებაში იყო ჩაძირული და ცოდვით შებურვილი, კაცთმოყვარე უფალმა ღრმა მწუხარებით შესძახა: ვაი, სოფლისა ამის საცთურთა მათგან! „ღმერთი იყო, - ამბობს წმ. ოქროპირი, - და იესო ქრისტე შენთვის იქცა ადამიანად, მიიღო მონის სახე, თავს დაიტეხა ლანძღვა-გინებანი და არაფერი დატოვა, რაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ რამდენადაც ყოველივე ამან უმადურ ხალხს ვერავითარი სარგებელი ვერ მოუტანა, ამიტომ წუხს მათზე, რომ ასეთი მკურნალობის შემდეგაც ვერ გათავისუფლდნენ თავიანთ სატკივართაგან, როგორც სნეული, რომელმაც არ ისურვა დამორჩილებოდა მკურნალის მოთხოვნას! მაგრამ იქ სიბრალულისგან არავითარი სარგებელია, აქ კი განკურნებას წაადგება უკვე ისიც, რომ იესო ქრისტე წინასწარ აუწყებს მომავალს და წუხს ქვეყანაზე“. „ხშირად ხდება, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, - რომ ისინი, რომელთაც ადრე უშედეგოდ ვარწმუნებდით, სარგებელს ღებულობენ, როცა მათზე ტირილს ვიწყებთ, ისინი ამით გონს მოდიან“. ხალხს, ვისგანაც საცდური მოდის, რომ გადაეწყვიტა ბოროტება აღარ ჩაედინა, მაშინ აღარც საცდური იქნებოდა. მაგრამ რამდენადაც ისინი მიეცნენ ბოროტებას და ჩავარდნენ უკურნებელ სნეულებაში, მაცხოვარი ხედავს რა, რომ ისინი აღარ ისურვებენ გამოსწორებას, ამბობს: რამეთუ უნებლიაითცა მომავალ არიან საცთურნი, ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მაცდურნი და შეცდომილნი, მაგრამ რაღატომ არ სპობს უფალი საცდურთ? რაღატომ უშვებს მათ? ამაზე წმ. ოქროპირი პასუხობს: „რისთვის უნდა მოსპოს ისინი? მათთვის, რომლებიც მათგან ზიანს იღებენ? მაგრამ მათ ევნება არა საცდურთაგან, არამედ თავიანთი დაუდევრობისაგან. კეთილისმოქმედი ადამიანები არა მარტო არ ღებულობენ საცთურთაგან ზიანს, არამედ ღებულობენ უდიდეს სარგებელს. ასეთები იყვნენ: იობი, იოსები და სხვა მართალნი. საცდურები ძილისაგან აფხიზლებს ადამიანებს, ხდის მათ ყურადღებიანს, არა მარტო იმისგან, ვინც მათგან თავს იცავს, არამედ დაცემულსაც მალე აღადგენს: იგი ასწავლის ადამიანს სიფრთხილეს და უძლეველს ხდის მას. თუკი უამრავ მტრებსა და განსაცდელებში უღონონი ვართ, რა იქნებოდა, თუ უსაფრთხოებაში ვიცხოვრებდით? ამრიგად, საცდურთან შეხება საჭიროა, მაგრამ არ არის საჭირო მათგან თავის დაღუპვა. ბოროტება აუცილებელი რომ ყოფილიყო, მაშინ იესო არ იტყოდა: ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისგანაც მოვიდეს საცდური; მას, როგორც ეშმაკის მსახურს, ელის საშინელი სასჯელი. ხოლო თუ გინდა გაექცე საცდურს, მაშინ უფალი გაჩვენებს იმ გზასაც, რითაც უნდა განერიდო მას: უკუეთუ ხელი შენი ანუ ფერხი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა შესლვაი ცხოვრებასა მკელობელისა, გინა უხელოისა, ვიდრე ორნი ხელნი და ორნი ფერხნი თუ გესხნეს და შთავარდე ცეცხლსა მას საუკუნესა, საუკუნო სატანჯველში. მაცხოვარი აქ ამბობს არა სხეულის ნაწილებზე, არამედ მეგობრებსა და ახლობლებზე, რომლებიც ჩვენთვის ისე ძვირფასნი არიან, როგორც ჩვენი საკუთარი ორგანოები. შეწყვიტე მეგობრობა არაწმიდა ადამიანებთან, როგორც არ უნდა საყვარელნი იყვნენ ისინი, ნურაფერს დაინანებ, ყველაფერზე თქვი უარი, რაც კი შენ ცხონებაში ხელს გიშლის, როგორც გინდა მტკივნეული იყოს ეს შენთვის. უმსხვერპლოდ, თავის უარყოფისა და გმირობის გარეშე, ვერ შეხვალ სასუფეველში...

Комментариев нет:

Отправить комментарий