ღმერთი

ღმერთი

вторник, 20 августа 2013 г.

მშვიდობა.

სადაც მშვიდობა არ არის, იქ არ არის ღმერთი.


სადაც მშვიდობაა, იქვეა სიმშვიდის ღმერთი.

ადამიანებთან მშვიდობა იქონიე, ცოდვებთან კი მტრობა.

შვიდობა ღმერთთან ნიშნავს მშვიდობას საკუთარ თავთან და მოყვასთან.

ვისაც მშვიდობისმოყვარე სახელი არა აქვს, მას არ შეიძლება, ღვთის შვილი ერქვას.

ქრისტიანობა რელიგიაა მშვიდობისა, სრულყოფილი სიყვარულისა და მარადიული სიხარულისა.

მშვიდობამ ჯერ ადამიანში უნდა დაივანოს, ამის შემდეგ იგი ადამიანთა შორის განივრცობა.

ვინც ვერ ჰპოვა შემწეობა ბრძოლის ჟამს, არც ის ძალუძს, რომ ირწმუნოს მშვიდობის დადგომა.

მშვიდობა ადამიანის სულში რომ დაივანებს, საზოგადოებას მთლიანად მოიცავს. ასევეა შფოთიც.

ყველასთვის სასურველი მშვიდობა კიდევ უფრო მეტად სასურველია მშვიდობის დამარღვეველთათვის.

მშვიდობის შვილებს არამშვიდობიან ხელისუფალთანაც შეუძლიათ, მოთმინებით შეინარჩუნონ მშვიდობა.

ჭეშმარიტებას და თავისუფლებას სიმშვიდე მოაქვს, მშვიდობის მატარებელი სული კი სიხარულს ასხივებს.

ამქვეყნიური მშვიდობა ყოველი ადამიანის შინაგან განახლებას მოსდევს, ადამიანისა, ღმერთი რომ შეიცნო და საკუთარი სულისთვის ზრუნავს.

მშვიდობა, სიყვარული, ერთიანობა - საზოგადოების ყველაზე უფრო მტკიცე საყრდენი და ყველაზე ძლიერი ჯაჭვია, რომელიც მის წევრებს ერთმანეთთან აკავშირებს.

სულიერი მშვიდობის შესანარჩუნებლად საჭიროა ყოველი ღონე იხმარო, რათა თავი აარიდო სხვის განკითხვას. მდუმარებითა და დათმობით მოიპოვებ სულიერ მშვიდობას.

ბიბლიაში თითქმის ორასჯერ მეორდება მოწოდება ღვთისა იმის თაობაზე, რომ ვესწრაფვოდეთ ხალხთა შორის მშვიდობიან ურთიერთობას, გვიყვარდეს მშვიდობა, ველტვოდეთ მას.

ჩვენს საუკუნეს თავისუფლება თვითნებობამდე დაჰყავს, დამოუკიდებლობა - ანარქიამდე, დათმენა - ინდეფერენტიზმამდე, მშვიდობა - სამხედრო მდგომარეობამდე, პროგრესი - ზნეობის დაცემამდე.

ბელადებსა და ლიდერებს მოეთხოვებათ, რომ თავისი მოვალეობა უფლის წინაშე მუდამ ახსოვდეთ. მათ მშვიდობა უნდა მოუტანონ ხალხს და არა განხეთქილება. მათი ვალია ხალხის მონაპოვარი კეთილსინდისიერად განაგონ.

ადამიანი, რომელიც თავის გულს ვერ იმორჩილებს, მით უფრო ვერ დაიმორჩილებს ენას; თუ თავის თავში სიმშვიდეს ვერ პოვებს, მით უფრო ვერ დაამყარებს სახელმწიფოში მშვიდობას; თუ სხვის ტკივილს ვერ თანაუგრძნობს, ნაკლებად შესწევს სხვისი სიხარულის გაზიარების უნარი.

მართლმადიდებლობა მშვიდობასა და ერთობას გვასწავლის. მშვიდობისა და ერთობისკენ მიმავალი გზა ციცაბოა და რთული. მშვიდობის ჰანგი მონოტონური არ არის, იგი ჰარმონიულია. ერთობა არა დაუძლურებას, არამედ გაძლიერებას ნიშნავს. მშვიდობა და ერთობა უფალთან დედამიწაზე ყოველგვარი მშვიდობისა და ერთობის დასაბამია.

ღმერთს უყვარს მშვიდობა და მყუდროება. საღმრთო წერილში ღმერთი თავის თავს უწოდებს ღმერთად მშვიდობისა და მამად მოწყალებისა. თვინც კაცს კაცთან შეარიგებს, მშვიდობას და შერიგებას მოახდენს მოყვასთა თვისთა შორის, ამით იგი დაემსგავსება თვით უფალსა იესო ქრისტესა, ანუ შეეწევა მას. აჰა რა დიდი და პატიოსანი საქმე არის მშვიდობის მოხდენა ქვეყანასა ზედა. ყოველი ქრისტიანე უნდა ცდილობდეს, რომ შეიძინოს ეს სათნოება.


დიდი და ძნელი საქმე არის, ძმანო ჩემნო, მოპოება ანუ შეძენა სულიერისა მშვიდობისა. იგი მიეცემა და გაუჩნდება გულში მხოლოდ იმ კაცს, რომელმან, დასთრგუნა ყოველნი თვისნი ვნებანი, დიდხანს და მრავალი იღვაწა. ამ სახით მშვიდობა არის განსვენება გულისა და სულისა ღმერთსა შორის. მაშასადამე, იგი არ არის დაძინება ცოდვათა შინა, არამედ მღვიძარება კეთილთა საქმეთათვის; იგი არ არის უქმად ყოფნა, არამედ შრომა, მოღვაწეობა სულიერი.


ყოველნაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც, წარმწყმედელი ერთიანობა. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა და ჭეშმარიტი ერთიანობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი. რადგან როცა საქმე აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლში შესვლასაც არ უნდა მოვერიდოთ... არც დროისა და ხელმწიფეთა მოთხოვნებს უნდა დავემორჩილოთ... და არ უნდა მივემთხვიოთ სენშეყრილს.


როგორც საღმრთო წერილი გვასწავლის, ყოველ კაცს უნდა ჰქონდეს მშვიდობა, პირველად ღმერთთან, მეორედ თავის თავთან, მესამედ ყოველ მოყვასთან. რა სახით უნდა ჰქონდეს კაცს ღმერთთან მშვიდობა? ღმერთთან ჩვენი მშვიდობა მოახდინა, ანუ შეგვარიგა ღმერთთან უფალმან იესო ქრისტემან, რადგანაც მან მიიღო თავის თავზედ ყოველი ჩვენი ბრალი და შეცოდება ღვთისადმი, მაგრამ იმ პირობით, თუ ჩვენ გვახსოვს მისი სწავლა, ვემორჩილებით და ვასრულებთ მისთა მცნებათა. თავის თავთან მშვიდობა მაშინ აქვს კაცსა, როდესაც მას თვისი ჭკუა და სვინიდისი არაფერში არ ამტყუნებს და არ არცხვენს, როდესაც იგი არ ემორჩილება ისრეთთა ცუდთა სურვილთა, ვნებათა, მიდრეკილებათა, რომელნიც დაარღვევენ კაცის მშვიდობასა და მოსვენებასა, შთააგდებენ მას ურვასა და შფოთსა შინა, წარიტაცებენ და დაატყვევენ მას.


ნუ ჰგონებ შენ, ძმაო, რომ მშვიდობა ჰნიშნავს რომელსამე დაძინებასა, ანუ განსვენებასა, ანუ სულირსა უძრაობასა და უგრძნობელობასა. იგი ჰნიშნავს სრულიად ამის წინააღმდეგსა. მშვიდობა არის სულიერი ძალი და მოქმედება; ის მშვიდობა, რომელიც მაცხოვარმან, მკვდრეთით აღდგომილმან, უწინარეს ყოვლისა ახარა მოწაფეთა თვისთა, მეტყველმან: „მშვიდობა თქვენთანა“, და არომელი იყო უდიდესი და უტკბილესი ხარება შორის პირველთა ქრისტეანეთა; ის ზეგარდამო მშვიდობა, რომელსა ჩვენ ყოველ წირვა–ლოცვაზედ, უწინარეს ყოვლისა გამოვითხოვთ ღვთისაგან; ის მშვიდობა, რომლითა, სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, უნდა იყოს შეზღუდული გული, სული და გონება ქრისტიანეთა. იგი არის ერთი უმაღლესთა ნიჭთაგანი სულისა წმიდისა. მხოლოდ ის გრძნობს ამ მშვიდობას, რომლისა გული და სული სულმან წმიდამან გასწმინდა ყოვლისა ცოდვისაგან. მშვიდობა არის სიყვარული და ერთობა შორის კაცისა და მოყვასისა მისისა; არის შეერთება შორის კაცისა და სინიდისისა მისისა; ბოლოს – შერიგება შორის კაცისა და ღვთისა.


რით ვარღვევთ თანხმობასა და მშვიდობას? ჩვენ ვართ ჯიუტნი და თავნებანი, უკიდურესად დაჟინებულნი საკუთარ აზრსა და სურვილებში, ვართ პატივმოყვარენი და დიდებისმოყვარენი. თავს ვთვლით სხვებზე ჭკვიანად და უკეთესად და არაფრის დათმობა არ გვინდა. ნამცეციც კი არ მოგვეპოვება თავმდაბლობისა, მოკრძალებისა. სხვისი თითქმის ყველაფერი გვშურს: სიმდიდრე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ნიჭი, წარმატება და ამიტომაც ვცდილობთ მათი დამსახურების ჩრდილის მიყენებას, ცილისწამებას. თანხმობისა და მშვიდობის რღვევის შემდეგი მიზეზია ძალაუფლების, სხვისი დამოძღვრის სურვილი; ანგარება, ანუ საკუთარი გამორჩენისთვის ზრუნვა. თუ მშვიდობა როგორღაც დარღვეულია, მაშინ ძმური სიყვარული მოითხოვს უთანხმოების ნაპერწკლის სასწრაფოდ ჩაქრობას. თუ ჩვენ მივეცით მიზეზი ვისმეს შეურაცხყოფისათვის, სასწრაფოდ უნდა ავუხსნათ ჩვენი განზრახვა და საქციელის მოტივი, რომელიც მას თურმე მცდარად ჰქონია გაგებული, ხოლო თუ ვინმე მართლაც დაზარალდა, ან შეურაცხყოფილია, მაშინ მდაბლად უნდა შევთხოვოთ პატიება და ავუნაზღაუროთ ზარალი. თუ კი ჩვენ მოგვაყენეს შეურაცხყოფა, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენს მაწუხებელს მივცეთ შერიგების შესაძლებლობა. როცა მაწუხებელი ჩვენი შერიგებას გვთხოვს, სასწრაფოდ უნდა დავეთანხმოთ და მივუტევოთ. ზოგჯერ ორმხრივი კეთილდღეობისათვის უფრო სასარგებლოც კი იქნება, რომ დაზარალებულმა მხარემ ითხოვოს შერიგება, რამეთუ შეურაცხმყოფელი, თავისი სასტიკი ხასიათის გამო, არ ზრუნავს ამაზე.


sibrdzne.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий