ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 4 августа 2013 г.

ჯვარი ქრისტესი - გზა, ძალა და ნიშანი ეკლესიისა.

ეკლესიის დოგმატური სწავლება უმჭიდროესად უკავშირდება და სწორ მიმართულებას აძლევს ქრისტიანული ცხოვრების მთელს ზნეობრივ წყობას. დოგმატური ჭეშმარიტებებიდან ნებისმიერ გადახვევას ქრისტიანის ზნეობრივი მოვალეობის არასწორად გაგებამდე მივყავართ. რწმენა „რწმენით ცხოვრებას“ ითხოვს.

მაცხოვარმა ადამიანებს მათი ზნეობრივი ვალი რჯულის ორი მცნებით განუსაზღვრა: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა სა ყოვლითა გონებითა შენითა“ და შეიყვარო მოყვასი შენი „ვითარცა თავი თჳსი“ (მთ. 22,37-39). ამასთან უფალი ასწავლიდა, რომ ამ მცნებათა ჯეროვნად შესრულება შეუძლებელია საკუთარი თავის ამა თუ იმ ხარისხით უარყოფისა და მსხვერპლის გაღების გარეშე. მათი აღსრულება ღვაწლს ითხოვს.

სად იპოვოს მორწმუნემ საამისო ძალა? იგი მას მიიღებს ქრისტესთან ერთობითა და მისდამი სიყვარულით, რაც ადამიანს აღძრავს, შეუდგეს მაცხოვარს. ამ ღვაწლს ქრისტემ უწოდა „უღელი ჩემი“: „აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა... რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მთ. 11,29-30); უფალი მას აგრეთვე უწოდებს „ჯვარს“, თავის ჯვარცმამდე დიდი ხნით ადრე ქრისტე ასწავლიდა: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თვსი და შემომიდეგინ მე“ (მთ. 16,24).

„რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვსი და შემომიდგეს მე, იგი არა ჩემდა ღირს არს“ (მთ. 10,38).

მართლმადიდებელი ქრისტიანის გზა - ეს არის გზა ჯვარისა და ღვაწლისა. სხვა სიტყვებით, ეს არის დათმენის გზა, ქრისტეს სახელით მწუხარებათა, დევნისა და მძლავრობის გაძლების, მტერთაგან საფრთხისა და მუქარის ატანის, ქრისტესთვის ამქვეყნიურ სიკეთეთა უგულვებელყოფისა და საკუთარ ვნებებსა და გულისთქმებთან ბრძოლისა.

ქრისტეს შედგომის ასეთი გზა განვლეს მოციქულებმა. პავლე მოციქული წერს: „ქრისტეს-თანა ჯუარცმულ ვარ... ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისათვს სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე სოფლისა“ (გალ. 2,19; 6,14). ისინი შეუდგნენ ქრისტეს გზას და თავიანთი ღვაწლი მოწამებრივი სიკვდილით დაასრულეს.

ყოველი მორწმუნე მოწოდებულია, შეძლებისდაგვარად აღასრულოს ღვაწლი: „ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით“ (გალ. 5,24). ზნეობრივ ცხოვრებაში შინაგან ბრძოლასა და თავშეკავებას ვერ გაექცევი. „რამეთუ მრავალნი ვინმე ვლენან, რომელთათვს მრავალგზის გეტყოდე თქუენ, ხოლო აწ ტირილით გითხრობ თქუენ მტერთა მათთჳს ქრისტეს ჯუარისათა... რომელთა ღმერთ მუცელი არს და დიდებაი - სირცხვილსა შინა მათსა, რომელნი ქუეყანისასა ზრახავნ“ (ფილიპ. 3,18-19).

ეკლესიის მთელი ისტორია ღვაწლზე შენდებოღა: თავდაპირველაღ იყო პირველ ქრისტიან მოწამეთა ტანჯვა, ეკლესიის სვეტების - მღვდელმთავრების თავგანიწრული შრომა; შემდგომ პიროვნული ასკეტური მოსაგრეობა, მეუდაბნოეთა და სხვა მოღვაწეთა სულიერი მიღწევები ხორცთან ბრძოლაში. ეს „მართალნი“ თუ „მიწიერი ანგელოზები და ზეციური ადამიანები“ ამქვეყნად ცხოვრობდნენ, მაგრამ მისგან არ წაბილწულან. ქრისტიანობას დღევანდლამდე ამშვენებენ ქრისტეს რწმენისათვის წამებულნი და მისი აღმსარებელნი. და წმიდა ეკლესიაც სახარებიდან და მთელი წმიდა წერილიდან აღებული დარიგებებითა და მაგალითებით, წმიდანთა ცხოვრებებით, საეკლესიო ტიპიკონით, მღვიძარებით, მარხვითა და სინანულისაკენ მოწოდებით განაცხოველებს მორწმუნეებში თავშეკავებისა და სულიერი განწმენდის მოვალეობის გრძნობას.

ასეთია არა მარტო ქრისტიანის, არამედ მთელი კათოლიკე ეკლესიის ხვედრი: „იყოს დევნული ქრისტეს ჯვარისათვის“. როგორც ეს მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისშია წარმოდგენილი. ეკლესია თავისი ისტორიის მანძილზე უსასრულოდ უძლებდა ძლიერ განსაცდელს, დევნასა და საუკეთესო მსახურთა მოწამებრივ სიკვდილს - ამას ერთმა თანამედროვე მღვდელმსახურმა და საეკლესიო მწერალმა „ღვთის მოსავალი“ დაარქვა. თვით აშკარა კეთილდღეობის პერიოდებშიც კი ეკლესია იტანდა და იტანს მისი შინაგანი მტრებისაგან წამოსულ ხრიკებს და მისი წევრების, კერძოდ მსახურებად დანიშნული ადამიანების, უღირსი ცხოვრების წესით გამოწვეულ განსაცდელებს.

ჯვრის დოგმატი ასე განისაზღვრება:

ჯვარი გზაა ქრისტიანისა და ეკლესიისა. ამასთან იგი ეკლესიის ძალაც არის. ქრისტიანი ფიქრებით ჭვრეტს „სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღვარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს“- (ებრ. 12,2) და მას სულიერ ძალას აძლევს იმის შეგნება, რომ უფლის სიკვდილს მოჰყვა აღდგომა და ჯვრით „დაიძლია ქუეყანა“; რომ უფალთან „თანა-დაფლვა“მასთან ერთად მეფობასაც ნიშნავს: „გამოჩინებასაცა დიდებისა მისისასა გიხაროდენ და მხიარულ იყვენით“ (I პეტ. 4,13).

დაბოლოს, ჯვარი ეკლესიის ნიშანია იმ დღიდან, როცა მაცხოვარმა თავისი მხრებით ატარა იგი გოლგოთისკენ, სადაც იგი მასზე გააკრეს; მას შემდეგ ჯვარი ქრისტიანობის, ეკლესიის, თითოეული მორწმუნე ქრისტიანის ხილული ნიშანი და სასწაული გახდა.

ყველას ვინც „ფართო ქრისტიანობას“ ეკუთვნის, ასე არ ესმის სახარება. ზოგი მრავალრიცხოვანი ქრისტიანული საზოგადება უარყოფს ჯვარს, როგორც ხილულ ნიშანს და თვლის, რომ იგი იყო და დარჩა დამცირების იარაღად. ჯერ კიდევ პავლე მოციქული აფრთხილებდა, არ მიეღოთ „საცთური იგი ჯუარისაჲ“ (გალ. 5,11), რათა „არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი. რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს“ (I კორ. 1,17-18). მოციქული არწმუნებდა, არ ეთაკილათ ჯვარი, როგორც დამცირების ნიშანი: „განვიდეთ მისა გარეშე ბანაკსა და ყუედრება იგი მისი (უფლისა) მოვიღოთ“ (ებრ. 13,13) - არიგებდა იგი. რამეთუ ჯვარზე დამცირებას დიდებით აღდგომა მოჰყვა. ჯვარი კი ცხონების იარაღად და დიდებისაკენ სავალ გზად მოგვევლინა.

ქრისტიანს მარად თვალწინ უდგას ჯვრის ხატება; იგი პირჯვრის გამოსახვით თავისთავს შეახსენებს, რომ ჯერ ერთი, მოწოდებულია შეუდგეს ქრისტეს კვალს, ქრისტეს სახელით გაუძლოს თავისი რწმენის გამო მოვლენილ განსაცდელსა და გაჭირვებას; მეორე, ქრისტეს ჯვრის ძალით იგი საკუთარ თავსა და ამქვეყნად არსებულ ბოროტებასთან საბრძოლველად ძლიერდება; და მესამე, ქრისტიანი აღიარებს, რომ მოელის ქრისტეს დიდებით გამოჩენას, უფლის მეორედ მოსვლას, რომელსაც, თავად მაცხოვრის სიტყვების თანახმად, წინ გაუსწრებს ზეცაზე ძე კაცისას ნიშნის გამოჩენა (მთ. 24,30). ეს სასწაული, ეკლესიის მამების ერთსულოვანი აზრით, ცაზე ჯვრის დიდებული გამოსახვა იქნება.

ჩვენს მიერ გადასახული პირჯვარი თუ ხელის მოძრაობით ჯვრის ნიშნის გამოსახვა არის ჩვენი სარწმუნოების უსიტყვო და იმავდროულად ხმამაღალი, დიადი აღიარება.

მაშასადამე, ჯვართან არის დაკავშირებული ჩვენი გამოსყიდვის მთელი სიდიადე. იგი შეგვახსენებს, რომ ქრისტიანისათვის აუცილებელია პირადი ღვაწლი. ჯვარი არის მთელი სახარებისეული ისტორიის, ყველა დროის მოწამებრივი და აღმსარებლობითი ქრისტიანობის განხორციელება.

ეკლესია ღრმად აცნობიერებს ჯვართან დაკავშირებულ ნააზრევთა სიმდიდრეს და უგალობს მის ძალას: „უძლეველო და მიუწვდომელო, და საღვთო ძალო პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისაო, ნუ განგვეშორები ჩვენ ცოდვილთ“.


Комментариев нет:

Отправить комментарий