ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 4 августа 2013 г.

მარიამ მაგდალინელი.

  4 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა მოციქულთასწორი მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელის ხსენების დღეს აღნიშნავს. მარიამ მაგდალინელი გენესარეთის ტბის პირას, კაპერნაუმსა და ტიბერიადას შორის მდებარე პატარა ქალაქ მაგდალაში დაიბადა და აღიზარდა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მშვენიერი და მომხიბლავი მარიამ მაგდალინელი, ყმაწვილქალობაში თავშეუკავებლად ცხოვრობდა. სახარება მიხედვით, მომავალ წმიდანში შვიდი ეშმაკი ბუდობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სნეული მარიამი იესო ქრისტემ განკურნა, ის ღვთაებრივი სიყვარულით აენთო და მაცხოვრის ერთგული მოწაფე და მიმდევარი გახდა.

მარიამ მაგდალინელი თან ახლდა მაცხოვარს, როცა იგი მოციქულებთან ერთად იუდეისა და გალილეის ქალაქებსა და დაბებში მოგზაურობდა სახარების ქადაგებით. მარიამ მაგდალინელი ღვთისმშობელთან და მოციქულ იოანესთან ერთად მოძღვრის გვერდით იდგა მაშინაც, როცა მას – ჯვარცმულსა და დამცირებულს – ყველა მოწაფე შემოეფანტა. სიყვარულითა და მადლიერებით აღვსილი მარიამი მაცხოვრის თანმხლებ დედებთან ერთად, სურნელოვანი ნელსაცხებლებით ხელში პირველი გაეშურა მოძღვრის წმიდა ცხედრისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. სწორედ ის მიეახლა აკლდამას და ჰპოვა “ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან”. შეშინებულმა მარიამმა იესოს მოწაფეებს სიმონ-პეტრესა და იოანეს მაცხოვრის გაუჩინარება ამცნო. შეძრწუნებული მოწაფეები იქაურობას განერიდნენ, მარიამ მაგდალინელი კი აცრემლებული თვალებით დაეძებდა გამოქვაბულში იესოს. სურდა დარწმუნებულიყო რომ ადგილი ცარიელი იყო. ამ დროს მას გამოეცხადა მაცხოვარი და ამცნო: “ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა; წარვედ ძმათა ჩემთა და არქუ მათ: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა”.


მარიამმა სიხარულით აუწყა მოწაფეებს, “რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა” უფალი. ეს იყო აღდგომის პირველი ქადაგება ამქვეყნად.

წმიდა გადმოცემის მიხედვით, საქადაგებლად, მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა. მან იტალიაში ტიბერიუს კეისრის კარზეც შეაღწია და ძღვნად წითელი კვერცხი მიართვა და ახარა: – ქრისტე აღდგა!. “ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება”- ჩაიღიმა იმპერატორმა და სიტყვა არც დაესრულებინა, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. განცვიფრებულ ტიბერიუსს მარიამმა მოუთხრო იესო ქრსიტეს ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე. ისიც აუწყა რომ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, წითელი კვერცხი – მაცხოვრის აღდგომისა, ხოლო ქრისტიანთათვის საუკუნო სიცოცხლის მინიჭებისა. ეს გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ. კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება.

წმიდა მარიამ მაგდალინელმა ეფესოში შეჰვედრა სული უფალს და იქვე მიაბარეს მიწას. დღეს ნაწილი ნეტარი დედის წმიდა ნაწილებისა საფრანგეთში, მარსელის მახლობლად, მისი სახელობის ტაძარშია დასვენებული.


http://www.ambioni.ge/mariam-magdalineli

Комментариев нет:

Отправить комментарий