ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 11 августа 2013 г.

„როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“

სამშობლო, პირველ ყოვლისა, გულისხმობს სიყვარულს. სიყვარული კი უპირატესი მცნებაა, რადგან „ღმერთი სიყვარულია“. ამდენად, რაც მისგან მომდინარეობს ღვთიურია, კურთხეულია, მაცხოვნებელია. იქნებ ვცდები, მაგრამ მგონია, რომ ქართველი ხალხი ყველაზე უკეთ ჩასწვდა სახარების არსს - სიყვარულის უზენაესობას. ალბათ ამიტომაც შედუღაბდა ასე ქართველის ცნობიერებაში სჯული და მამული.

რამოდენიმე წლის წინ საქართველოში ერთი ინგლისელი ექიმი ჩამოვიდა ურთულესი ოპერაციების ჩასატარებლად. წასვლის წინ ჰკითხეს, საქართველოზე რას იტყვითო. მან მიუგო: „მე მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი ხალხი არსად შემხვედრია. თქვენ - ქართველები - ყველაფერს გულით აკეთებთო“. რომ დავფიქრდი, მართლაც ასეა. მაშ, გამოდის, რომ ჩვენი მამოძრავებელი ძალა სიყვარული ყოფილა, რადგან გული სიყვარულის საბრძანისია.

აქედან გამომდინარე, ქართველებისათვის სამშობლოს სიყვარული ღვთიური მცნების აღსრულებაა, უფლის დიდებაა, მისი მსახურებაა.

ამქვეყნიური სამშობლო ზეციური სამშობლოს ერთგვარი ხატია, ამდენად, ქართველებისათვის სამშობლოსათვის თავის შეწირვა მიწიდან ზეცად ამაღლებაა, უფრო დიდ, მარადიულ სამშობლოში გადასახლებაა.

სამშობლო - ერთად ყოფნის ბედნიერებაა, მოყვასის ტკივილსა და სიხარულში თანამონაწილეობაა, სტუმრის ღვთის კაცად ჩათვლაა, მიმტევებლობაა.

ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ქვეყანა უფლის სამკვიდროს, სამოთხეს დაამსგავსეს, სადაც ყველაფერი ღვთის სადიდებლად არსებობდა: წიგნიერება - ღმერთს ემსახურებოდა, ხელოვნება - ღვთის სიდიადეს წარმოაჩენდა და განადიდებდა, მუსიკა - ღმერთს უგალობდა, თავად სიცოცხლეც ღმერთს ეკუთვნოდა, რადგან ქართველს სარწმუნოების უარყოფას ყველაფერი ერჩივნა.

ქართველებს ეს სულისკვეთება გენეტიკურად გადაეცემათ თაობიდან თაობაში და ის ყველაფერში იჩენს თავს, თუმცა ამას ჩვენზე უკეთ, რატომღაც, სხვები გრძნობენ. მახსენდება ერთი ამბავი, რომელიც ჩემმა ახლობელმა მიამბო. იგი მივლინებით პალესტინაში გაგზავნეს. თან ქართული ხალხური სიმღერების აუდიო ჩანაწერი წაიღო. ერთ დღეს ერთ არაბ ტაქსის მძღოლს გამოლაპარაკებია, რომელსაც თურმე ასეთი ჰობი ჰქონდა - სხვადასხვა ხალხების ეროვნულ სიმღერებს აგროვებდა. მაშინ ჩემს ახლობელს ქართული ხალხური სიმღერების აუდიოჩანაწერი შეუთავაზებია. სიმღერების მოსმენის შემდეგ არაბს უთქვამს: არა, ამ ჩანაწერს ვერ დავიტოვებ. ეს სიმღერები არ არის, საგალობლებია. მე კი მართლმადიდებელი ვარ და უცხო რჯულის საგალობლებს ვერ მოვუსმენ. როდესაც ჩემმა ახლობელმა აუხსნა, რომ ქართველებიც მართლმადიდებლები არიან, არაბმა აღფრთოვანებით დაიბღუჯა კასეტა და თქვა: მაშინ, მე მას ყოველთვის თან ვატარებ და მანქანაშიც სულ ამ სიმღერებს ჩავრთავო.

ხშირად მიფიქრია: აი, რამდენი ქვეყანა არსებობს... ბევრი ძალიან ლამაზია, განვითარებული, არის პირიქითაც, უძლური, განუვითარებელი და შესაბრალისი ქვეყნებიც. ისე რომ მომხდარიყო, რომ მე სადმე სხვაგან დავბადებულიყავი?... მაშინ მეც ერთი იმათგანი ვიქნებოდი და შესაძლოა არც მცოდნოდა, რომ „არის ასეთი ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია“. ყოველთვის, ამის გაფიქრებაზე, ტანში ჟრუანტელი მივლის, ცივი ოფლი მასხამს და ჩემდაუნებურად წამოვიძახებ: „გმადლობ, ღმერთო, რომ ასე არ ინებე“. შემდეგ დავფიქრდები და საკუთარ თავს ვეკითხები: „ნეტავ რით დავიმსახურე ასეთი წყალობა, რომ დავიბადე მართლმადიდებლად, თანაც ქართველად და მაქვს ბედნიერება ჩემს სამშობლოში ვცხოვრობდე?!“ და თვალწინ მიდგება „საქართველოს დიდების“ ხატი, თითქოს ცოცხლდება წარსული: აი, ვახტანგ გორგასალი, წმინდა ნინო ვაზის ჯვრთით ხელში, მირიან მეფე და ნანა დედოფალი, გრიგოლ ხანძთელი, თამარ მეფე, დიდებით მობრძანდება დავით აღმაშენებელი, სიხარულით მოაბრძანებენ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს 100 000 მოწამენი, ნაღვლიანად გასცქერის საქართველოს დემეტრე თავდადებული, ომახიანად მოაბიჯებს 300 არაგველი...

თუმცა ქართველობა მხოლოდ წყალობა როდია, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა ჩვენი წინაპრების და ჩვენი მომავლის წინაშე. განა რომელიმე ქართველი გაექცევა ამ პასუხისმგებლობას? მე ნინო მქვია. განა მე ეს წმინდა ნინოს ყოველდღე არ მახსენებს? მაშ, როგორ შეიძლება დაივიწყო მისი ღვაწლი უფლისა და ქართველი ერის წინაშე და არ ეცადო, შეინარჩუნო, დაიცვა და სხვასაც გადასცე ის, რაც მან გვასწავლა?! ან რამდენი ვახტანგი, თამარი, შოთა, ცოტნე, თევდორე, ილია.... დადის საქართველოში, რამდენი დავითი, დემეტრე და ქეთევანი. ან როცა კრწანისისაკენ გაივლი, ნუთუ არ გაგახსენდება 300 არაგველი და სისხლი არ აგიჩუხჩუხდება? ან მეტეხის ხიდზე გადავლისას რომელ ქართველს არ უნდა წარმოუდგეს თვალწინ მძვინვარე მტარვალი, სიონის გუმბათზე რომ დაუდგამს თავისი ბინძური დასაჯდომელი, ხიდზე კი ქრისტეს ცხოვართა მთელი არმია უდრტვინველად უხრის ქედს ჯალათებს და თავისი წმინდა სისხლით მტკვარს ღებავს? ან წიწამურთან ჩავლისას, განა ყელში არ გაგეჩხირება ბოღმა ქართველთა გადაგვარების მოწმეს? საქართველოში ხომ ყოველი ალაგი რაღაცას გახსენებს! განა შეიძლება ასეთ მიწაზე უგულოდ, უსიყვარულოდ, გულგრილად იარო?!

ასეთი ტკივილიანია სამშობლო ქართველისათვის, ტკივილის მიზეზი კი მრავალი: დანგრეული და მეჩეთადქცეული ტაძრები, ჩამოფხეკილი, თვალებამოკაწრული ფრესკებით, გავერანებული სოფლები, წაგლეჯილი მიწები, უცხოეთში გადახვეწილი თანამოძმენი, საკუთარ სამშობლოში ლტოლვილებად ქცეული ქართველები, მაგრამ არის კიდევ უფრო დიდი ტკივილიც - გაყიდული რჯული და გაყიდული მამული. ხშირად მიფიქრია: ნეტავ, რას იძლევიან ამაზე ძვირფასს? ნეტავ რის გამო სწირავენ საკუთარ სულებს? ნუთუ ტკბილია ასე მოპოვებული სიმდიდრე, თანამდებობა? ნეტავ ასეთები როგორ უნდა გამოიტაცო მამონას სასტიკი ტყვეობისაგან?

დღეს ბევრს ავიწყდება, რომ სამშობლო პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, ისეთი სამშობლო, როგორიც საქართველოა. ჩვენს მამა-პაპას იმად არ უღვაწია, იმად არ უქცევია წმინდა სისხლი, რომ შთამომავლობა გულ-ხელდაკრეფილი შეჰყურებდეს თავისი ქვეყნის განიავებას და საპასუხოდ არაფერს აკეთებდეს. ჩვენი ისტორია ჩვენი წინაპრების მიერ ჩვენთვის დანატოვარი ანდერძია. „თქვენც ასე მოიქეცითო“, - ჩამოგვძახიან ზეციური საქართველოდან. თუმცა ახლანდელ საქართველოში თავს ასე იმართლებენ: აბა, ჩვენ რა შეგვიძლია, ჩვენ ხომ არა ვართ დავით აღმაშენებლები, თამარ დედოფლები, ბაგრატ მეფეები, აშოტ კურაპალატები... ჰო, მაგრამ ასე რომ ეფიქრათ წმინდა ილია მართალს, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცს, წმინდა ალექსი ბერს, წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელს, ჩვენს მოწამე კათოლიკოსებს: ლეონიდეს, კირიონსა და ამბროსის, იაკობ გოგებაშვილს, ვაჟას, აკაკის და მრავალსაც სხვას, განა იარსებებდა დღეს ჩვენი ქვეყანა? მათ შეძლეს, რადგან უყვარდათ. ამიტომ ასეთი განცხადება თავის მართლებაა მხოლოდ. მისი საფუძველი კი არის შემცირება ან სრულიად განქარვება იმისა, რასაც სიყვარული ჰქვია. ნუ გავიქცევით ჩვენი სამშობლოდან! განა ქართველი ამას ოდესმე შეგუებია? განა ბედის უკუღმართობით სამშობლოს მოწყვეტილ ქართველებს ყველასათვის გაუგებარი ავადმყოფობით სიკვდილი არ ეწერათ, რომელსაც უცხოელებმა ნოსტალგია უწოდეს? ნუ გადავიხვეწებით იქ, სადაც დავკარგავთ ქართულ სულს, თვითმყოფადობას, სადაც არავის ვჭირდებით, სადაც არც ღმერთს ვჭირდებით, რადგან მან მოგვავლინა აქ - საქართველოში, ვინაიდან სამშობლოა ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანი სრულყოფილად ეუფლება ისეთ დიდებულ საგანს, რომელსაც სიყვარული ეწოდება და რომელიც აღგვიყვანს ზეცად, ღვთის შვილთა მარადიულ სამშობლოში, ზეციურ სასუფეველში. 

ნ.ბ .


orthodoxy.ge





Комментариев нет:

Отправить комментарий