ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 18 августа 2013 г.

არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინის შეხედულება გადამხდელთა საიდენტიფიკაციო ნომერზე.

უფლისმიერ საყვარელო სულიერო შვილო!

ქრისტე აღსდგა!

კომპიუტერში გატარებული ახალი დოკუმენტები სხვადასხვა მოწოდებებით ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ, უეჭველია, რომ მომავალი შიშის შესამზადებლად ეს ერთ-ერთი ეტაპია. დაიმახსოვრე და გაისიგრძეგანე ღვთის ნება: ,,შვილო, დამითმე გული შენი!"- არა პასპორტი, არა საპენსიო მოწმობა, არა საგადასახადო ბარათი, არამედ გული!

აი, რისთვისაა საჭირო ფხიზლად და მთელი ყურადღებით თვალყურის მიდევნება - ვის ვემსახურებით ცხოვრებაში, რითი ვცხოვრობთ.

სიყვარული, სიხარული, მშვიდობა და გულმოწყალება არანაირი სახელმწიფოებრივი სისტემის დროს არ იქნება ღვთისაგან დაწუნებული, მაგრამ თუ ადამიანმა დაივიწყა ღმერთი და, ცხოვრობს უმართებულოდ, - ლოცვა და ეკლესია თუ თვით ღვთისმსახურთა ცხოვრებიდანაც კი გააძევა ტელევიზორმა და ყოვლად უმსგავსო ვიდეოფილმებმა, დამიჯერე, შვილო, რომ ბეჭედი ასეთებს ძველი ნიმუშის საბუთების ქონისასაც კი უკვე ედოთ. იმ უმსგავსობის გამო კი, რითიც თანამედროვენი ნებაყოფლობით ივსებენ სულსა და გულს, უკვე ვეღარაფერი ღვთიური ვერც შეაღწევს და ვერც გამოვალს ადამიანიდან.

ჩვენი წინააღმდეგობა მომავალი შიშისადმი მხოლოდ ერთია - ჩვენი რწმენა, ჩვენი სარწმუნოებრივი ცხოვრება. ხოლო ყველა ის შფოთი, აფორიაქება და უთავბოლობანი იმიტომ შემოდის ცხოვრებაში ასე ძალუმად, რომ არაა ცოცხალი რწმენა, არაა სრული მინდობა ღვთისადმი - ეს ყოველივე კი გამოდევნის სულის სიმშვიდესა და ყოველგვარ კეთილსაიმედოს. მაშ, მშვიდად იცხოვრე, ევედრე უფალს და მიენდე მას. ნუუკვე უფალმა არ უწყის, როგორ დაიფაროს შვილნი თვისნი ჭირის დღეებისაგან, ოღონდ კი გულნი ჩვენნი მას ერთგულებდეს?

ნომრის მონიჭებაზე ჩვენ თხოვნას არ დავწერთ, ხოლო თუ ამას ჩვენს უკითხავად მოიმოქმედებენ, არ შევეწინააღმდეგებით. თავის დროზე ხომ ვიღებდით პასპორტებს და ყველანი სახელმწიფოებრივი აღრიცხვის სისტემაში ვიყავით... ასევე - ახლაც, - არაფერი შეცვლილა - კეისარს კეისრისა, ხოლო ღვთისა - ღმერთსა.

აი, შეხედე - კომპიუტერი, რომელიც ჩვენი დროის საფრთხობელა გახადეს. ეს ხომ უბრალოდ ჯართია და ადამიანს გარეშე არც არაფერს წარმოადგენს... ერთმა ამ ჯართით მთელი ქვეყანა საღვთისმეტყველო წიგნებით აავსო, მეორემ კი - უმსგავსოთი. გაინტერესებს, ვინ როგორ გასცემს პასუხს ღმერთს? - ღვთის მიერ განიკითხება მხოლოდ ადამიანური ნებელობა - აი, სინამდვილეში, რაშია საქმე!..

შენ მეკითხები საომარ ამბებზე - მათზე ჩემთვის არაფერია ცნობილი, გარდა იმ ომისა, რომელიც თითოეულ ადამიანს აქვს ყოველდღიურად საკუთარ თავთან. ლოცვა საჭიროა - ამას თეორიულად ვერ აგიხსნი. ლოცვას ყველაზე უკეთ მკაცრი ცხოვრება ასწავლის. მე ჭეშმარიტი ლოცვა მქონდა, როცა ყოველ დღე სიკვდილის პირას ვიყავი. ახლა კი, კეთილდღეობის ჟამს, ასეთი ლოცვის განმეორება შეუძლებელია. თუმცა, ლოცვის გამოცდილება და მასში მოპოვებული ცოცხალი რწმენა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვება.

მთავარი ლოცვების რაოდენობა კი არ არის, არამედ - ცოცხალი ღვთისადმი ცოცხალი მიმართვა. გწამდეს, რომ უფალი შენთან ძალიან ახლოა და ისმენს არა მხოლოდ შენთა ბაგეთა რხევას, არამედ შენი გულის ლოცვით ფეთქვასაც კი. ის ხედავ, რითია სავსე შენი გული ღვთისადმი ვედრების ჟამს. თუ დაოჯახებული ხარ, ოჯახის თითოეული წევრისთვის უნდა შეგტკიოდეს გული და ევედრებოდე უფალს მათთვის.

ღმერთმა განგაბრძნოს! დაიწყე ღირსი სერაფიმ საროველისგან უწყებულის აღსრულებით: ,,სიხარულო ჩემო, მოიხვეჭე სულ მცირეოდენი მადლი და არა მარტო შენი ოჯახი, არამედ ათასები გადარჩებიან შენს გარშემო!"

აი, სულ ეს არის! გსურს, კმაყოფილი და ბედნიერი იყო? - იცხოვრე ღვთივსათნოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბედნიერებას ვერსად ვერ ჰპოვებ!

ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!


shobiseklesia.com




Комментариев нет:

Отправить комментарий