ღმერთი

ღმერთი

пятница, 3 января 2014 г.

მიბაძვა იესო ქრისტესადმი განსაცდელთა დათმენის ჟამს.

მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემაც დაითმინა უდაბნოში ეშმაკისაგან გამოცდა, რათა ჩვენთვის მაგალითი ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა შევხვდეთ და გავიმარჯვოთ განსაცდელებზე. მაცხოვარი ჯერ ჯოჯოხეთში ჩავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ ამაღლდა ზეცად; ასევე, ღვთისმოსავი სულიც ჯერ განსაცდელთა ჯოჯოხეთში ჩაიძირება, შემდეგ კი ამაღლდება ზეციურ დიდებაში. სული ზეციურ სასუფეველს ვერ მიაღწევს, სანამ წუთისოფელზე, ხორცსა და ეშმაკზე არ გაიმარჯვებს.

სანამ ვნება (ცოდვა) ადამიანში ცოცხლობს, იგი არ შეიძლება, თავისუფალი იყოს განსაცდელთაგან. მისი გული ბოროტი სითხის მდუღარე ქვაბს ჰგავს. მასში ხან შური იხარშება, ხან ეჭვიანობა, ზოგჯერ კი ზიზღი ანდა ამპარტავნება იპყრობს და ტანჯავს ადამიანს. ადვილად თანამყოფებენ ეშმაკები ასეთ მორჩილ ცოდვილთან! საქმეც ბევრი როდი აქვთ... სამაგიეროდ, მშვიდებთან და აუღელვებლებთან ყოფნა უჭირთ: ამოცნობილია ყველა მათი მზაკვრობა, არ ეგებიან მათ ანკესსა და საცდურს, მეტიც, სხვებსაც ასწავლიან, როგორ ებრძოლონ ბოროტ ძალებს. ო, როგორ იძიებენ შურს მათზე ეშმაკები!.. მთელ თავიანთ სიძულვილს მართლებზე ანთხევენ.

მათ თვითონ ეშინიათ მართლებთან მიახლოებისა, ამიტომ ყოველგვარი მზაკვრობით, ეშმაკობითა და მოტყუებით ცდილობენ, გაუმართონ ბრძოლა თვით ნაცნობების, მეგობრებისა და ნათესავების საშუალებითაც კი. თუ ადამიანი არაფხიზელია, დაბნეული, დაუდევარი, ღვთისა და საკუთარი სინდისის ხმას ყურს არ უგდებს, იგი ადვილად ექცევა ეშმაკის ქსელში და მართალს უპირისპირდება. დევნილ მართალს შეუძლია, ლოცვით მოიხმოს ზეციური სასჯელი უწმიდურის დასასჯელად, რომელიც სატანის ბრჭყალებში აღმოჩნდა, მაგრამ... როგორც ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევარსა და მოწაფეს, მას უყვარს თავისი მდევნელი, ლოცულობს მისი ცხოვნებისათვის, ითმენს და ელოდება, ბოლოს და ბოლოს, როდის ამოიცნობს ცოდვილი ეშმაკის მზაკვრობას და უფალს სინანულით მიმართავს, მისგან კი შენდობას ითხოვს. ამაშია მართლის ძალა, რომ მას უყვარს... ითმენს... ელოდება. ამიტომაა იგი მართალი, ამიტომ მას უფალი ყველაფერში შეეწევა, მადლსა და სულიწმიდის განსაკუთრებულ ნიჭებს უბოძებს, რადგან იგი ქრისტე-მაცხოვრის ნაფეხურს მიჰყვება.

ასევე შენც, ჩემო მეგობარო, მიბაძე უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს. გიყვარდეს ყველა, დაითმინე ყველასაგან, გაუკეთე ყველას სიკეთე და ელოდე განსაცდელის დასასრულს; და, რაც მთავარია, იცხოვრე არა შენი, არამედ ღვთის ნებით, ამრიგად კი სულ მალე შეიცნობ მის წყალობას.

წყარო: http://www.orthodox.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий