ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 5 января 2014 г.

საუბარი ბავშვებზედ.ვაჟა-ფშაველა.

როგორც უზარმაზარ საყდარში იმყოფება ღმერთი, ისე პატარაში. ხალხიც ესეა. ერთი მეორისაგან გაირჩევა გარეგანად, მაგრამ შინაარსი, სული ღვთისა უდგიათ.
თუ სული ყველას ერთი აქვს, მაშ მდიდარი, ღარიბი, გვაროვანი, უგვარო, ნასწავლი და უსწავლი, შეიძლება კეთილი კაცი იყოს, არ იყოს გაიძვერა, მცარცვავი, მღლეტელი, ქვეყნის შემაწუხებელი.
ღმერთმა გააჩინა კაცი, ჩაუდგა იმას თავისი სული. სული არის ძალა, იარაღი, რომელიც უნდა მოიხმაროს კაცმა, რომ გახდეს ჭკვიანი, გონიერი, პატიოსანი, შეიძინოს სწავლა, გამოიცადოს და ეს თავისი გამოცდილება შვილებსაც გადასცეს.
სულით კაცი ყველა სხვა ცხოველზე მაღლა სდგას. რაც უნდა ასწავლო ცხოველს, იმას არ შეუძლიან თავისი სწავლა შვილებს მოახმაროს. ამაზედ ქვევით მოვილაპარაკებთ. ჯერჯერობით საჭიროა გავიგოთ, რაზეა დამოკიდებული კაცის სიავ-კარგე. რაკი გვეცოდინება მიზეზი ჩვენის შვილების გაფუჭების და გაკეთებისა, ყველა – მდიდარი და ღარიბი – ეცდება, აიცილოს ეს ბოროტება თავიდგან.
ამისათვის ძლიერ საჭიროა ღრმად ჩავიბეჭდოთ გონებაში, რომ ღმერთს, ქვეყნიერობის შემოქმედს ერთი კანონი აქვს, რომელსაც ერთნაირად ემორჩილება, როგორც დიდი კაცი, ისე ბეჩავი… როგორც მაღალი ტანის კაცი, ისე დაბალი იღებს ცოდნას ცოტ-ცოტობით და უცებ ვერ განათლდება.
კაცის სწავლა – ცოდნა მიდის იმ წესზე, როგორზედაც ქოხის აშენება. ჯერ საძირკველს ჩააგდებენ, მერე კედლებს ამოიყვანენ. ძელზე ძელს დასდებენ, ან ფიცარს ფიცარზე დაამწყნობენ, ისე კაცის სწავლაა – ძველს სწავლას კაცი უმატებს ახალ-ახალს, ცოდნა იზდება, კაცი ნათლდება. ავიღოთ მაგალითი და დავაკვირდეთ, იქიდამ შევიტყობთ, კაცი როგორც იძენს სწავლას.
წარმოვიდგინოთ იმნაირი კაცი, რომელსაც წყლისა და კაპრის (კვასი) მეტი სასმელი გემოდ არ უნახია და არც იცის, თუ სადმე კიდე არსებობს სხვაგვარი სასმელები. შაემთხვა სხვადასხვა ფერის ღვინის ნახვა: თეთრისა, წითლისა, ნახა ლუდი (პივო) და არაყი სხვადასხვა ბოთლებში, ჯერ კი გემოდ არ უნახავს.
როგორ გგონიათ, რით გაარჩევს ერთს მეორესგან ამ სასმელებს? რასაკვირველია ფერით. თვითვეულს სასმელების თვისებას, ზედ-მოქმედებას კაცის ტომაგზე თვალით ვერ შეამჩნევს. ამ წყლეულების თვისებას მხოლოდ მაშინ მიხვდება, როდესაც დალევს, თვითვეულ მათგანს დაიგემოებს. აიღებს ჯერ ერთს ბოთლს, გახსნის, უსუნებს, მაგრამ თვისებას სუნით მაინც კიდე ვერ შეატყობს. დაასხამს ხელის გულზე, დააწობს ენას ბთხილად, მერე პირშიც ჩაიყენებს და ჩაყლაპავს; ნახავს ერთხელ – გემრიელია, მეორედ – უფრო ეგემრივლა და ტომაგსაც ახურებს, გრძნობს: თავბრუ ესხმის, დათვრა. რაკი ერთხელ გამოსცადა თეთრი წყლეული, იფიქრებს: ბევრის სმა არ ევარგებაო.
გაიგო იმან ერთის წყლეულის თვისება, მაგრამ მეორისა ჯერ კიდევ არ იცის. ფიქრობს: ის წითელია, თეთრს არაფრით გავს, იმას სხვა თვისება ექნებაო. დალევს წითელს წყლეულს (ღვინოს) და შეამჩნევს, თუმცა მეორე ფერით პირველს არა გავს, მაგრამ ტვინს კი პირველივით ახურებს. ლუდს როდესაც დალევს, შეამჩნევს, რომ თვისება ლუდსაც ისეთივე აქვს, როგორიც ორ პირველ წყლეულებს, მხოლოდ ბოლოს, გვიან ეკიდება – მალე არ ათრობს არაყსავით. რას ისწავლის ის ამ გამოცდილებით? აი რას: პირველი, როგორც სასმელი, არ ვარგნილა, გაიგო მისი ნაკლულევანება. მაგრამ ჯერ კიდევ არ იცოდა, თუ მეორე, მესამე და მეოთხეც არ ვარგა; არც შაეძლო გაეგო, რადგან სასმელები ფერით განსხვავდებოდენ. როგორ შეიტყო ამ სასმელების თვისება – მათრობელობა? აი როგორ: ჯერ ერთი სასმელი გამოსცადა თავის თავზე, მერე მეორე, ეგრეთვე მესამე, მეოთხე, შეადარა ეს სასმელები ერთად, – გამოვიდა, რომ, თუმც ფერი და გემო სხვადასხვანაირი აქვსთ, განსხვავდებიან, მაგრამ თვით შინაარსი, თვისება მათი ერთია (მათრობელობა). რომ გემოდ არ ენახა, ვერ გაიგებდა ამ სასმელების თვისებას. მადლობა უნდა უთხრას გამოცდილებას, ამან შესძინა ცოდნა, გააგებინა, რომ ლუდში, არაყში, ღვინოში სპირტია, – ფერი და ჭურჭელი არაფერ შუაშია. როგორც ამ შემთხვევაში გაიგო კაცმა სასმელების თვისება, ეგრეთვე სხვა საგანიც შეუძლიან გაიგოს, შეიგნოს, გაიცნოს კაცმა.
როგორც გარეგანი ფერით არ იცნობა სასმელების თვისება, ეგრეთვე კაციც მარტო სიტყვით არ იცნობა. ჩვენ არ ვენდობით ხოლმე კაცის ლაპარაკს, ვიდრე ნალაპარაკევს საქმით არ დაგვანახვებს. როდესაც მის საქმეებს, მოქმედებას გავიგებთ, მის ქცევას გავჩხრეკთ, გავარკვევთ, დაუკვირდებით, შევადარებთ, მაშინ შეგვიძლიან ვსთქვათ, რა ყრია კაცში; მაშინ, მხოლოდ მაშინ შევადგენთ აზრს კაცზე; ვიტყვით: კარგი ან ავი, ან ყბედი, მკვეხარა კაციაო. მაგალითად, კაცმა ჩაახველა, რა არის მერე? რა უყოთ, არაფერია, ჩაახველა, ჩაახველა. მაგრამ, თუ ხშირ-ხშირად დააწყებინა ხველება და თან სურდოც გამოაჩნდა, ვიტყვით: „გაციებულა“ და შეგვეცოდება; როდესაც გავიგებთ, რომ ახლო სოფელში ქარსალად წასულა, დასდგომია ავი დარი, ქარბუქი, ვიტყვით, ახია მაგაზე, რატომ თბილად არ ჩაიცვა, ქარსლა რად მირბოდაო. და თუ ვინმემ გვითხრა და მართალიც გამოდგა, დურა-ტყავი ეცვა, უნახავს: კაცი იხრჩვება, ისე უტოპნია წყალში ტყავითურ და გალუსკვილა, ტყავი წყალს მოუტაცნია და ქარსალას მოხდომია მგზავრობა, ამით კაცი უფრო შეგვბრალდება, შეგვიყვარდება, იმას კაცთმოყვარეს დაუძახებთ.
აი შევადგინეთ აზრი კაცზე გამოცდილებით, გამოჩხრეკით… უცებ, ერთის შეხედვით, საგანს, რომელსამე მოვლენას კაცი ვერ გაიგებს; ყველა საგანზე, ყველა კაცზე, რომლის გაცნობაც გინდა, უნდა ცნობები შეკრიფო, გამოსცადო, დააკვირდე დიდი ხანი, შეაგროვო თავში, შეადარო და აქედამ გამოვა ცნება, აზრი.
ზევით ნათქვამიდამ შემდეგი დასკვნა გამოდის: ვინც დიდად გამოიცდება, ბევრს ცოდნას და ნიშნებს შეაგროვებს თავში, შეადარებს, იმას აზრი და მცნება მეტი აქვს; ვისაც ნაკლებად უდევნებია თვალი საგნებისათვის, ის ნაკლებადაა გამოცდილი, მცნება და აზრიც ნაკლები აქვს. ერთი, ორი ნიშნით არ შეგვიძლიან კიდე გადაწყვეტილი, ერთი სრული აზრი შეადგინო საგანზე, საჭიროა ამისთვის მისი ნიშნების სრულად მოკრეფა-შედარება, გონების სიფხიზლე, რომ დაასკვნა და აზრი ცრუ არ გამოვიდეს… რა იარაღი აქვს განა კაცს იმისთანა, რომლის შემწეობითაც იმას შეუძლიან საგნის თვისებების მოკრეფა, გონებაში მოგროვება, აზრის გამოყვანა? ვსთქვათ, ღვინო ენით იცნობა, ყველა საგანს ენით ხომ არ გაეცნობა კაცი? მაგალითად, ცხენი მინდა ვიყიდო, ენით არ იქნება იმისი სიკეთის გაგება.
ქვეყნიერობის გასაცნობლად კაცსა აქვს ხუთი გრძნობა (იარაღი): მხედველობა (თვალები), სმენა (ყურები), ყნოსვა (ცხვირი), შეხება (მთელი ტანი) და გემოვნება (ენა). ზოგი საგანია, მაგ., საჭმელი, ორი და სამი გრძნობით ვერ დავამოწმებთ. მაგალითად, გვესმის ჩონგურის ხმა, სიმღერა ან გალობა. სუნით, გემოვნებით, ხელებით, თვალებით ვერაფერს ვგრძნობთ – მარტო ყურებს ესმის, ეს კმარა. მოგვაწოდეს ჩითის ნაჭერი, გვინდა გავიგოთ ფერი, ღამეა, ათასი ხელი უსო, სუნო, ვერაფერს გაიგებ, ვიდრე სანთელოზე არ გაიტან.
ბედნიერია ის კაცი, ვისაც ყველა ეს გრძნობები მთელი აქვს და უბედურია, ვისაც რომელიმე ამ უმთავრესთაგანი აკლია, მაგ., თვალი.
კაცს, რომელსაც არ აკლია თვალები, ცხენს კბილით და ხელებით არ დაუწყებს ცდას, ბრმა კი ხელების ცხენის ზურგზე სმით, ფაცუნით ეცდება, მიხვდეს საიდუმლოს.
გავიმეოროთ: რა საშუალებით შეუძლიან კაცს მიღწევა მცნებამდის, – საგნის გაცნობა, ახალი საქმის შედეგი?
შემოქმედმა მისცა კაცს ცხოვრებაში სახმარებლად ხუთი გრძნობა. ამ ხუთი იარაღის შემწეობით კაცს შეუძლიან გაიცნოს მთელი ქვეყანა; ხუთი გრძნობა რომ არ გვქონდეს, არაფერი გვეცოდინებოდა, თუ რამეს ვსწავლობთ იმათ შემწეობით. თუმცა ამ გრძნობებში ყველა ცალკ-ცალკე საჭირო და სასარგებლოა ცხოვრებაში, მაგრამ ზოგი მათგანი უფრო საჭიროა, მეტად გვეხმარება, გვასარგებლებს. მაგ., თვალები. სიბრმავეზე მეტი უბედურება რა იქნება კაცისათვის? წარმოვიდგინოთ, რამდენს რამეს ვსწავლობთ თვალებით. ქვეყნის და ბუნების სიმშვენიერე უდგება წინ ჩვენს თვალებს; რაც კი თვალით გვინახავს, თვალით დიდხანს გვახსოვს და როდესაც დაგვჭირდება, ნახულს ადვილად წარმოვიდგენთ გონებაში.
ვსთქვათ, გვინდა წარმოვიდგინოთ კეთილი მეგობრის სახე, რომელიც დიდი ხანია არ გვინახავს, მაშინათვე გონებაში გამოგვეხატება, თითქოს ჩვენს წინ იდგეს ცოცხლად. მინდა, მაგ., ჩემი ქოხი მოვიგონო, – ყველაფერი, რაც სიყმაწვილეში იქ ჩამიდენია – სუყველაფერი ცხადად წარმომიდგება, თუმცა ჩემი თვალები აღარა ხედვენ იმას მთელი ათი წელიწადი. მხედველობის შემდეგ უფრო საჭიროა სმენა. რაც კი რამ გაგვიგონია, მალე შეგვიძლიან წარმოვიდგინოთ: მეგობრის ხმა, სიმღერა და სხვ.


გემოვნებითი, შეხებითი და ყნოსვითი ჩაბეჭდილება უფრო ძნელი წარმოსადგენია. საჭამანდის გემო ისე ცხადად არ შემიძლიან წარმოვიდგინო, თითქოს პირში მედგეს. ვარდის სუნის მოგონება ისე ცხადად – თითქოს სუნავდე და სუნი გესმოდეს, გრძნობდე (ძლიერ ძნელია), არ შეგიძლიან. ეს გრძნობები მაინც მადლობის ღირსნი არიან, რადგან ბევრში ეხმარებიან კაცს ცხოვრებაში. უგემოვნებოდ, უეჭველია, მოვიწამლებოდით; შეხების ნიჭი რომ არ გვქონდეს, სიცხე-სიცივე არ გვეცოდინებოდა, ვეღარც ვიშრომებდით; უყნოსოდ ვერ გავიგებდით წმინდა ჰაერით ვსუნთქავთ ოთახში, თუ მყრალით. დამპალს ხორცსა ვსჭამთ თუ ახალს. ამითაა სასარგებლო ხუთი გრძნობა.
ხუთი გრძნობა ბევრს გვასწავლის. ჩვენი გარეგანი გრძნობები იმნაირად არიან მოწყობილნი, რომ ყველაფერს, რასაც შაეხებიან, რაც კი ხელში ჩაუვარდებათ, გაიცნობენ, შაიტყობენ (და გვაგრძნობინებენ). სიცივეზე რომ გამოვიდეთ, შეხება გვეტყვის, ცივაო. ავედით, მაგალითებ, წისქვილის ბანზე, სმენა მაშინვე გვეტყვის, რომ წისქვილის ბანზე ვსდგევართ და ჩვენს ძირს საცეხველი არაკუნებს. ეს ხომ ასეა, მაგრამ სიცივე ხომ თვითონ არ გვეძებს ჩვენ. ვიდრე თვითონ არ გამოვალთ ქოხიდამ გარეთ, მანამდე სიცივეს ვერ ვიგრძნობთ; არც საცეხველი მოვა ჩვენთან, რაკარუკი გაგვაგებინოს.
თუ გვინდა საცეხველის ხმის სმენა, ჩვენ თვითონ უნდა წავიდეთ. რაკი გარეთ გავალთ, ან წისქვილში გავივლით, სიცივესაც ვიგრძნობთ და საცეხველის რაკარუკსაც გავიგონებთ. მაშასადამე, თუ რამე გვინდა ვისწავლოთ, გავიგოთ, უნდა ჩვენ თვითონ ვეცადოთ. მივცეთ საზდო გარეგან გრძნობებს, თუ არ ვეცდებით, გრძნობებსაც და გონებასაც დავაძინებთ, დავრჩებით უმეცარნი. მაგრამ არა. შეიძლება გარეთ ყინვაზე არ გამოვიდეთ, შინ ვისხდეთ მთელი დღე და ღამე, მაშინ გრძნობა გვეუბნება სითბოზე. არ წავედით წისქვილში საცეხველის ხმის მოსასმენად, გრძნობა არაფერს გვეუბნება ამაზე. ესეც არაფერი, იმის მაგივრად გრძნობა გვეუბნება სიჩუმეზე, რომელიც სახლში არსებობს, ან ყმაწვილების თამაშობაზე, ცელქობაზედ.
ერთი სიტყვით, სიკვდილამდე გარეგანი ჩვენი გრძნობები დაუღალავად შრომობენ, მოძრაობენ, როგორც ცხადად, ისე ძილში. მძინავს, მაგალითად, თოფის ხმა შემესმა. ყურებმა ეს ხმა გადასცეს გონებას, შამეშინდა, ფეხზე წამოვარდი. ვსთქვათ, დამეძინა, სანთელი ანთებული დამრჩა და ცეცხლი გააჩინა, დატრიალდა საშინელი ბოლი, თვალით ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ ცხვირს ესმის, გრძნობს. ეს გრძნობა გადასცა გონებას, არიქა უშველეო. ცხვირის წყალობით თვალები გავაჭყიტე, ცეცხლს ქრობა დაუწყე, ცხვირის შემწეობით დავიხსენი თავი უბედურებისაგან. ეგ დიაღ მართალია, იტყვის მკითხველი, მაგრამ ყოველთვინ ეგრე არ ხდებაო. ამგვარი ეჭვის შეტანა უსაფუძვლო იქნება. აი რათა: შენ ეხლა კითხულობ წიგნსა. თუ კითხვამ გაგიტაცა, ჩაღრმავებული ხარ კითხვაში, სტრიქონების და ასოების მეტს ვერაფერს ხედავ, თუნდა ჭერიც ჩამოგექცას თავზედ.
„ჭერის“ ხსენებაზე მაღლა აიხედე ხომ? რას ამტკიცებს ეს? აი რას: შენს გრძნობებს მართლა კი არ სძინავს, ისინი წიგნის კითხვით გაერთენ, შენი ყურადღება არის მიქცეული მარტო წიგნის აზრებზე. როდესაც მე ვსთქვი „თუნდა ჭერიც თავზედ ჩამოგექცესო“, მაშინ თქვენი ყურადღება წიგნიდამ ჭერზედ გადავიდა; შენ იფიქრე: მართლა ხომ არ იქცევა ჭერიო და გააჩერე ცოტახან თვალები ჭერზედ, ანუ მიაქციე ყურადღება. მაშ, კაცს კიდევ სხვა ნიჭიც ჰქონია, რომელსაც „ყურადღება“ ჰქვიან. მაშასადამე, თუ გვინდა წიგნის გაგება, უნდა ყურადღებით წაიკითხოთ. კაცი იმას უფრო იხსომებს, რასაც დიდ ყურადღებას აქცევს. ეს ისე ცხადია, როგორც ორი და ორი ოთხია და არა ხუთი ან სამი.
ეხლა ჩვენ ცოტა რამე ვიცით „ყურადღებაზე“. მოვიგონოთ ის შემთხვევა, როდესაც ვცდილობდით, გაგვეგო ღვინის გემო, – რა მდგომარეობაში იყო მაშინ ჩვენი ყურადღება? გემოს ვიგებთ ენით, ამიტომ ჩვენი ყურადღება სულ ენაზე იყო მიქცეული, ენის გრძნობას ფხიზლად უკვირდებოდით.
დროა დავიწყოთ საუბარი ბავშვებზედ.
კაცი პირველ დაბადების დღეებში გონებით უბრალო ცხოვლის შვილზედ მაღლა არ სდგას; ის იხედება აქეთ-იქით, მაგრამ ვერაფერს ხედავს, ვერც ამჩნევს; ესმის, მაგრამ ვერ იგნებს, რასაც ელაპარაკები. დედა ძუძუს ძალი-ძალად მიაჩვევს. ჩვილ ბავშს, თუ მახინჯი არ არის, აქვს ყველა ხუთი გრძნობა: სითბოს, სიცივეს, შიმშილს, წყურვილს, სინათლეს, სიბნელეს, ხმაურობას, სიჩუმეს ყმაწვილი გრძნობს. მაგრამ გრძნობა და შეგნება ერთი როდია. ჩვენ მაგალითად ყველანი ვგრძნობთ მზის სითბოს, მაგრამ ყველამ კი არ იცის, ვერ შეუგნია საიდამ და როგორ მოდის ჩვენამდე ეს სხივი. ყველანი ვგრძნობთ წვიმის ნამს, მაგრამ ყველამ კი არ ვიცით საიდგან და როგორ კეთდება ეს ნამი, როგორა ჩნდება ღრუბლები. ყმაწვილიც ესეთია გარეგანი გრძნობით – გრძნობს როგორც ჩვენ, მაგრამ ჯერ კიდევ დროა საჭირო, კარგა ხანმა უნდა გაიაროს, რომ შეიგნოს, გაიგოს რასაცა გრძნობს. მართლაც, როგორ გაიცნობს ბავში გარეშე მოვლენებს? ისე, როგორც ჩვენ. ხან ერთი საგანი ჩაუვარდება ბავშის გრძნობას ხელში, ხან მეორე: ზოგი უფრო ხშირად, ზოგი იშვიათად. ბალღი რასაც ხშირად ხედავს, რაც ხშირად შაემთხვევა, იმდენად უფრო გამოიცდება, საგნის და შემთხვევის თვისებასაც უფრო კარგა გაიგებს.
ბალღის გრძნობებს, თვალებს, ყურებს, ტანს უფრო ხშირად დედა უდგა ახლოს, ამიტომ ბავში ყველაზე უწინ დედას გაიცნობს და დაინახსოვრებს მის თვისებებს. ერთს საგანს, მოვლენას, სხვა საგანთან, მოვლენასთან შეადარებს, ამასობაში თანდათან გონებაში ვარდება. შემდეგ გაიცნობს მამას, ბიძას, დეიდას. როდესაც ის ბევრს სხვადასხვა ხალხს, საგნებს და ცხოველებს ნახავს, მაშინ იმას დაებადება „ცნება“ ადამიანზე. ბავში იზდება, ყველა საგნის სახე, შემთხვევა, რასაც იმის გრძნობა მისწვდება, ჩაებეჭდება ნორჩს გონებაში, ვიდრე ფეხზე არ დადგება, დედის და მამის მეტს შეიძლება არც კი ვისმე იცნობდეს, გარდა აკვნისა და იმ ძონძებისა, რომელშიაც ახვევენ.
დადგა ბავში ფეხზედ, დაცოცავს ქოხში, სწავლობს ცოტ-ცოტად, რასაც კი შინ ხედავს, გარეთაც გაეჩვია. აქ უფრო ათასფეროვანი, სხვადასხვა საგნებით მდიდარი ადგილი გაეშალა წინ სავარჯიშოდ იმის გრძნობებს. ლაფი, სიცივე, სინოტიე, ქათმები, ბატები, ბალახი, ყვავილები, ხეები და სხვა ათასი ცხოველი და საგანი ბუზივით ირევა მის წინ; აქ უფრო ბევრი იგრძნო ბავშმა, ქოხში იმდენს ვერ გრძნობდა; ადარებს ის ერთმანეთს, რაც თვალწინ უდგა, რასაკვირველია, ჭკვაზედ მოდის.
რაც ბავში უფრო ბევრს სხვადასხვანაირ საგნებს ხედავს, იმდენად გონება უფრო ეხსნება.
სოფლელი ბალღი გონების გახსნილობით დაბლა სდგას ქალაქელზე. საკვირველიც არ არის.
ქალაქელი ბავში უფრო ბევრს სხვადასხვანაირს საგნებს, ხალხს ხედავს, უფრო ბევრს გაიგონებს, მინამ სოფლელი.
მდიდარს ოჯახში ძალიან ბთხილად უნდა ზდა ბავშს, ხშირად ის ვერ მ ო ი ნ ე ლ ე ბ ს რაც ესმის და რასაცა ხედავს. ბალღი გონებით ცოცხალია. რასაც თვალით დაინახავს, ან ყურით გაიგონებს ყველას გაუმაძღრად უკვირდება, სუყველაფერი უნდა გაიგოს: ლოკავს და სუნავს, სინჯავს ხელებით, რასაც კი მისწვდება. ხშირად ცეცხლსაც მიეტანება. დიდსაც არა აქვს ისეთი დაკვირვებითი ნიჭი, როგორც ბალღს. რამდენიმე თვის განმავლობაში ათასნაირს ნიშნებს, საგნების თვისებებს მოკრეფავს, მოაგროვებს გონებაში, იმდენს დაიხსომებს, ჩვენ, დიდებს სად შეგვიძლიან იმდენის დახსომება.
ერთი წლის გამავლობაში ბავშს ესმის ლაპარაკი, თვითონაც ტიკტიკებს; დედას აგონებს თავის სურვილს. ამ ხანში ბევრს, ძალიან ბევრს საგანს შეისწავლის ყოველმხრივ.
ერთი წლის ბავშის გონება და გრძნობა საკმაოდ გაფხიზლებულია. ყველამ იცის, რასაც ხშირადა ვხედავთ ან გვესმის მივეჩვევით ხოლმე. ბავში უფრო ჩვენზე მალე მიეჩვევა. ის, მაგალითად, როცა მამას ხედავს, ვერ ბედავს ტირილს, რადგან გამოცდილი აქვს, რომ ეს ტირილი თავში ტლაშანს მოადენს. დედასთან კი მორთავს ხოლმე ღრიალს, – დედა, ხილით, ალერსით დაულოლიებს, დაათირებს. ბალღი გაეშმაკდა, ერთი გამოცდილება შეიძინა: ცემა სტკენს, ჩურჩხელა ტკბილია. ხშირად ძაღლი, ვის არ შეუნიშნავს, სტაცებს ბავშს ხელიდამ პურსა. ერთხელ-ორჯელ რომ გამოსტაცოს, მესამედ ბალღის ტირილი გაამჟღავნებს ძაღლის მუხთლობას. მეოთხეღერ ბავში ბრიყულად აღარ მოიქცევა, მოსძებნის სადმე ერთს ყუნჭულს, შაძვრება შიგ და გემრიელად, მოსვენებით შაექცევა ნაბოძარს საჭმელს.
მშობლები თავიდგანვე ხშირად მიაჩვევენ შვილებს უწმინდურობას: ტანისამოსს არ გამოუცვლიან, არ მიაჩვევენ სიფაქიზეს, ბავშს ეს ტანის უწმინდურობა, მოქმედებაშიც უწმინდურობას მიაჩვევს, სიდიდეშიაც ვეღარ მოიშორებს. „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“, ტყუილად არ ამბობს ქართული ანდაზა. რაკი ერთხელ რამეს მიეჩვევა კაცი, შემდეგ გადაჩვევა ძნელია, ეცოდინება, რომ ცუდი ჩვეულების პატრონია, მაგრამ მაინც კიდევ ვერ დასთრგუნავს ძვალ-რბილში გამჯდარს ჩვეულებას. თამბაქოს წევის მავნებლობა, თუ ჯანისათვის არა, ჯიბისათვის მაინც ყველამ იცის, მაგრამ ჩიბუხს კიდე ვერ ანებებენ თავსა.
ჩვეულებას ცოდნა ვერ ერევა. თავის ცხოვრებაში კაცი უფრო ჩვეულებას მისდევს, მინამ საღი გონების რჩევას (ყმაწვილიც სიყმაწვილეშივე შაეჩვევა ბევრს ცუდსა).

რომ დავუკვირდეთ ჩვენს სიყმაწვილეს, – მოვიგონოთ ყმაწვილობის დრო, ბევრს ჩვენს ჩვეულების სათავეს სიყმაწვილეში დავინახავთ. ვნახოთ, იმ სამ ჩვეულებას, რომელიც ბალღმა შეითვისა სიყმაწვილეში, რა შედეგი ექნება ცხოვრებაში, სიდიდეში. ჩვენა ვსთქვით, მამისა ეშინია ბავშსა და იმის წინ ტირილს ვერ ბედავს, დედის გასაგონად კი უშველებლად ღრიალებს. რა ნაყოფი აქვს ამ ჩვეულებას? აი, რა: თუ ეშინიან, გაჩუმდება და თუ ტირილით სურვილს მოიკლავს, ეშმაკობასაც მიჰყოფს ხელს. გაიზდება დიდი, ცხოვრებაშიც ეგრევე მოიქცევა: შიშით საქმეს გააკეთებინებ და, თუ თავზედ ხელი გადაუსვი, კისერზედ წამოგაჯდება.
განა კარგი კაცი ამასა ქვიან, ეს არის კარგი შვილი? თვითონ იფიქრეთ, მხოლოდ ნუ დაივიწყებთ კი, რომ ამისთანა ხასიათი სულ უბრალო მიზეზისაგან გამოიჩეკა. ავიღოთ მეორე მაგალითი.
ბალღი ემალება ძაღლსა, პური არ წამართოსო, ცხოვრებაში კაცებსაც დაემალება, თუნდა თვითონ პურით სავსე გოდრები ედგას, მეზობელს კი ცოლშვილი ეხოცებოდეს შიმშილით.
ბინძურობასაც ესევე შედეგი მოსდევს. ბინძური კაცი საქმეშიაც ბინძურია.
ვისაც თავისი ქუდი და პერანგი ვერ შეუნახავს, ვისაც თავისი პირი ვერ დაუბანია, სხვის პირს, გარეშე კაცს, რასაკვირველია, ყურადღებასაც არ მიაქცევს. ნუ დაივიწყებთ, რომ ზემოდ მოხსენებული ბოროტება სულ უბრალო მიზეზებისგან მოხდა, თუმცა ადვილი კი იყო თავიდამ მათი აცილება.
ავიღოთ კიდევ მაგალითი. მამა ღვთის მოყვარე კაცია. მუდამ დილით და საღამოთი სულ ცრემლით ევედრება ღვთის მშობლის ხატს. მაგრამ ერთი ცუდი ზნე სჭირს, – ვაჭრობაში სიმრუდე, დამპალ საქონელს ასაღებს.
ერთს შეაპარა დამპალი საქონელი. მყიდველმა სახლში წაიღო ნივთი, ნახა კარგად, საქონელი დამპალი არ გამოდგა?! დაუბრუნა საქონელი ვაჭარს, არ გრცხვენიან, ღმერთი არ გწამსო, უთხრა, ამას რომ მაძლევდი, შენს ღმერთს რას ეუბნებოდიო. ვაჭარი ეუბნება: „ის თვალი დადგეს, რა თვალებმაც შენ მოგატყუა, ვა! თვალები სად გქონდა, ვაჭრობა მაშ რის ვაჭრობაა“. ბავშს ეს ყველაფერი ესმის. ხედავს მამაში ორს ერთმანერთის მოწინააღმდეგე მხარეს, სიტყვა ერთი აქვს იმის მამას, საქმე სხვა. ეს რას ნიშნავს? მამაჩემი სახარებაში კითხულობს „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისაო“ და თვითონ კი ქვეყანა უტყუილებია, მაინც ბედნიერად ცხოვრობს! შვილიც, რასაკვირველია, მამისაგან იღებს მაგალითს და დაუწყებს ქვეყანას ტყუებას, გამოვა ქვეყნის ამომგდები.
აბა ყველამ გავსინჯოთ ჩვენი ცუდი ჩვეულებანი და კარგად დაუკვირდეთ, თუ მაში აღზდა არ იყოს დამნაშავე. ბევრი არ დაიჯერებს და იტყვის, რასაც წერა-მწერალი დაუწერს კაცს, ისე გათავდება მისი ბოლო.
ბევრი მაგალითი მინახავს, მამაც კარგი ჰყოლიყოს შვილსა, კარგი მაგალითებიც ენახოს და ნამდვილი გველი, ქვეყნის ამომგდები გამოსულიყოს. ხშირად ეგრეც მოხდება ხოლმე, მაგრამ ბედისწერა აქ არაფერს შუაშია. რა უყოთ, ზოგი კაცი ავადმყოფობის გამო გულფიცხი გულ-ანჯახია, – მჭამელი, ბოროტი, დაუდეგარი, ამისთანა ბევრი მაგალითი ხდება, მაგრამ ეს შემთხვევები ჩემს ნათქომს მაინც არ ეწინააღმდეგებიან.
ბოროტი არ იბადება არადროს კაცი. მის გაბოროტებაში გამზდელი, მშობლები, თვითონ ჩვენა ვართ დამნაშავე.
ბოროტება, სიგულფიცხე, ბრაზი, ბავშის გულში ცოტ-ცოტობით იზდება, ამაში ჩვენი უყურადღებობა და ცუდი მაგალითია.
ცოლ-შვილში ხშირად თავდაუჭერლად ვიქცევით, რასაც უნდა ვამბობთ, რასაც უნდა ვშვრებით, არ უყურებთ არც გონებას, არც სვინიდისს.
ბავშების მახვილი გონება ამას იბეჭდავს გონებაში და გულში, მოსწონს, კარგი გონია. არც ერთი სიტყვა და საქმე, რომლისაც ჩვენ თვითონ გვრცხვენიან შემდეგ, ბავშს არ გამოეპარება.
ამიტომ, რაც უნდა კეთილი გვინდოდეს შვილებისათვის, თუ კეთილს არ გავაგონებთ, კარგს მაგალითს არ ვაჩვენებთ, შვილების სიკეთით დატკბობას ვერ მოვესწრებით. ერთს კაცს არ უნდოდა მუხიდამ ნავის გაკეთება, მაგრამ ბოლოს კბილის საჩიჩქნი ჩხირის მეტი ვერაფერი გააკეთა. ეს დაიხსომეთ, მკვიდრად, ნუ დაივიწყებთ! ხომ გახსოვსთ, ვაჭარს რომ უნდოდა შვილის გადიდკაცება და ციმბირში კი ამოაყოფინა თავი. მარტო სურვილი და სიკეთის სიყვარული შვილებისადმი არ კმარა; ცოდნა, შეგნებაა საჭირო.
ბევრი დამრჩა სათქმელი: ყველაფერს კაცი ერთბაშად ვერ იტყვის. უნდა, მხოლოდ, ჩვენს თავს დავეკითხოთ, როგორ მოვიქცეთ შვილებთან? ამისთვის საჭიროა შვილებზედ თვალყური გვეჭიროს და კარგი მაგალითი ვაჩვენოთ. შვილებს თვალყურს კარგად მაშინ ვადევნებთ, როდესაც შვილები გვეყვარება, ამიტომ ყველაზე საჭირო სიყვარულია. მე, თუ კაცი მიყვარს, იმისთვის არაფერს დავიშურებ.
დედ-მამამ უნდა შვილებს შესწირონ თვისი სიცოცხლე. უმეტესი ჩვენი ფიქრი, ყურადღება, შვილებზე უნდა იყოს მიქცეული. თუ შვილები გვეყვარება, რასაკვირველია, იმათაც შეუყვარდებით; რაკი დაინახავენ, რომ გვიყვარს შვილები, გვენდობიან კიდეც, რჩევას გაგვიგონებენ, მაგალითს ჩვენგნით აიღებენ და ეცდებიან ჩვენ დაგვემსგავსონ.
ყმაწვილს თუ დედ-მამის რჩევა, სიტყვა არ სწამს, საქმე მორჩომილია, აღარც მაგალითს ექნება ძალა.
თუ გვინდა, ჩვენს სიტყვას შვილებმა ფასი დასდონ, ხუმრობითაც ტყუილი არ უნდა უთხრათ და სხვებსაც უნდა ვსთხოვოთ, ტყუილს არ მიაჩვიონ ჩვენი შვილები. ცხოვრებაში ბევრს განსაცდელს მოელის კაცი, ბევრჯელ დასჭირდება იმას ტყუილის თქმა. ამიტომ მშობლებმა უბრალო ხუმრობაშიც, ტყუილს უნდა თავი დაანებონ.
შვილები რაკი გვეყვარება, სასტიკად. მხეცურად არ მოვეპყრობით. შურით და ცემით ბოროტი კაცი ვის გაუკეთილებია?
ცემით დაშინება შეიძლება კაცისა, გაპატიოსნება კი – არაოდეს. სული, მხოლოდ სული, მოქმედობს სულზე, მხოლოდ გული იცნობს გულსა.
სიყვარულით და ჩაგონებით შეიძლება ასწავლოს შვილს მშობელმა სიყვარული, გულკეთილობა და გონიერება.
ვინ დაუჯერებს ამგვარს რჩევას: „გცემ და შემიყვარე, მე ტყუილებს გეტყვი, შენ მუდამ მართალი მილაპარაკეო, ტუტუცს, გიჟს, დაგიძახებ, არაფერს გასმევ, არც გაჭმევ, შენ მარტო ითმინე და პატივი მეციო“.
ყველამ იცის ამნაირი რჩევის უვარგისობა და იმიტომ ვერცა ვინ ბედავს.
ცხოვრებაში ხშირად ისეც მოხდება ხოლმე, რომ ბოროტ მშობლებს გამოუვათ გულკეთილი და პატიოსანი შვილი. დიდი სირცხვილი ამგვარს მშობლებს! ბოროტება, საძაგლობა იმდენი ყოფილა ოჯახში, რომ ყმაწვილს შესჯავრებია დედ-მამა, რომ დედ-მამის დამსგავსება სიკვდილის სწორად უცნია. საზოგადოებას გაუხარდება შვილის სიკეთე და დასწყევლის მშობლებს. აი, იეფი საშუალება შვილების ასაზდელად; ამ საშუალების მოსაპოებლად არც ფულია საჭირო, არც სიმდიდრე; ყველა მშობელს ხელში უჭირავს ეს საშუალება. კაცის ბუნების თვისება ზემოთ ნათქვამიდან კარგად ვიცით. ბუნება იმნაირია ყველა კაცისა, რომ შეუძლიან გახდეს ჭკვიანი, პატიოსანი, ნასწავლი და გამოცდილი. ძალა, რომელიც კაცსა აქვს, მას ამაღლებს, ბევრს საკვირველს საქმეს ჩაადენინებს. მაგრამ მარტოკა კაცს იმდენი ძალ-ღონე არა აქვს, რამდენიც მთელს ხალხის გროვას, კაცობრიობას. მთელს კაცობრიობას შეუძლიან გადასცეს თავისი გამოცდილება ახალ-თაობას, – ყველა ახალგაზდას, თუკი იმას სურს, ისარგებლოს სხვის გამოცდილებით. სხვის გამოცდილება უადვილებს კაცს ცხოვრებას, ასწავლის გზებს: ძველი თაობისას, ახლის ხომ თვალწინ ექნება, ამითი უფრო ღონე მოემატება კაცს, უფრო წინ წავა.
ამიტომ ყველასთვის საჭიროა, როგორც თხილი, კრიფოს სწავლა, გამოცდილება და გადასცეს ახალთაობას, – შვილებს და შვილიშვილებს.
ერთი დრო იყო, ჩვენმა წინაპარმა, ველურმა კაცმა, თავის ფეხების და ხელების მეტი არაფერი იცოდა.
საჭირო იყო მისთვის გარსშემორტყმულის ბუნების გაცნობა: დადიოდა ფეხით საცოდავად, ვიდრე შაეძლო, იყო უსახლკარო, ხშირად მშიერი, ხის ფესვებს და ქერქს სუტავდა. ჭიაღუებს სჭამდა. მაგრამ დრომ გაიარა, იმის შვილიშვილმა უფრო ჭკვა ისწავლა. დააშინაურეს გარეული ცხენი, მოახტა ზედა, გააქანა და გამოაქანა. დაიწყო შორს მგზავრობა დიდ მანძილზე. პაპასაებ არ უჭირდებოდა სიარული. გაიარა ბევრმა დრომ, მოიგონა კაცმა ჯერ ურემი, მერე ფაეტონი. შემდეგ კარეტა. კარეტას შარა გზა უნდოდა, ისიც გააკეთა. ემძიმა ცხენით სიარული, მოიგონა რკინისგზა და დაფრინავს ფრინველივით, ერთი თვის ცხენით სავალს გზას ერთს დღეში მიდის. მოუნდა წყალში ცურვა. მოიგონა ჯერ ლვილი (პატარა ნავი), მერე ნავი, ნავს შემდეგ გემი, გემი შეცვალა ორთქლის მატარებლად და ცურავს ზღვაში, არც გზას კითხულობს, არც თანამქროლს ქარსა. ეს კიდევ არაფერი. მოსწყინდა კაცს დედამიწაზე სირბილი და მოიწადინა ცაში აფრენა. გააკეთა ჰაერით სავსე ბურთი, მიაკრა ბოლოზე ერთი კალათი, ჩაჯდა შიგ, ასცილდა მეხის მსროლელს ღრუბლებს და გვერდიდამ გადმოეხედა ქვეყანას.
ველური კაცი თავის სიტყვას ხშირად ხატავდა. მინამ იმის ხმა ისმოდა – სიტყვაც გვესმოდა, მოკვდა – სუყველაფერი დაგვავიწყდა, მიწამ ჩათქა ის უჩინრად, დედამიწის ზურგზე მის სახსოვრად აღარაფერი დარჩა; ეძნელა ესე ცხოვრება კაცსა; მოიგონა ანბანი, ანბანს მოჰყვა წიგნების ბეჭდვა. დღეს კაცი თავის აზრს, ცოდნას, ფიქრებს სწერს ქაღალდზე, თუნდა მოკვდეს, იმისი აზრი არ დაიკარგება. ნაწერებიდამ ყველაფერს მის გამოცდილებას, ცოდნას, ხელის გულზე გადმოვიწყობთ. შეიქნა უკვდავი კაცის ფიქრი და რჩევა.
ბეჭდვის წყალობით კაცის სიტყვა ერთის კუთხიდამ მეორე ქვეყნის კუთხეში მოექცევა.
არც ამას დასჯერდა კაცი. იმან მოინდომა, რომ მისი სიტყვა ერთს წუთში ერთის წლის სავალზე გაეგოთ. ამისათვის კაცმა მოიგონა ტელეგრაფი და გააფრინა თავისი აზრი ტყვიაზე უჩქარესად.
ამოდენა ოსტატობა კაცმა სულ სწავლის, მეცნიერების წყალობით გამოიჩინა. რამდენი რამე სხვა მოიგონეს ნასწავლებმა ქვეყნის სასარგებლოდ და გადმოგვცეს, გვაჩუქეს მზად მოგონებული, – ხელმეორედ აღარ დაგვჭირდება ამეებზე თავის მტვრევა.
ბევრი სიკეთე დათესეს ჩვენზედ წინაპართა, ჩვენც უნდა ვეცადოთ, მოგონებულს ახალი რამე მიუმატოთ ქვეყნის სასარგებლოდ.

tagiweb.com



Комментариев нет:

Отправить комментарий