ღმერთი

ღმერთი

пятница, 24 января 2014 г.

სინჯარაში და უსინჯაროდ განაყოფიერებული პრობლემური ბავშვების შესახებ

გიორგი ერიშვილი

რობერტ ედვარდსი 2500-ე სინჯარის ბავშვთან ერთად.


წლევანდელი ”საშობაო ეპისტოლეს” გაცნობის შემდეგ, პირველად ქართული ეკლესიის პრაქტიკაში, ეპისტოლეს უსიტყვო მხარდამჭერთა გარდა, მრევლში გაჩნდნენ კრიტიკულად მოაზროვნენიც. საწინააღმდეგო მოსაზრება გამოიწვია, სახელდობრ, იმ დებულებამ, სადაც საუბარი იყო სუროგატი დედების მიერ გაჩენილსა და ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებზე. აი, პატრიარქის მიერ გახმოვანებული რა თვალსაზრისიზეა საუბარი:

”შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფარობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა”.

ჩვენ შორს ვდგავართ იმ აზრისაგან, რომ ”ეპისტოლეს” ამ ფრაგმენტის ავტორობა პატრიარქს დავაბრალოთ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ახლახან გამოქვეყნდა ქართველი მეცნიერის - გიორგი კავკასიძის წერილი, სადაც იგი იგონებს ”სინჯარის” განაყოფიერების შემოქმედის - რობერტ ედვარდსის 25 წლის წინანდელ შეხვედრას ილია მეორესთან, სადაც პატრიარქს შეუქია მისი საქმიანობა და უთქვამს: "თუ თქვენი მოგონილი მეთოდი ჯვარდაწერილ ცოლ-ქმარს მოეხმარება უშვილობის პრობლემის გადაწყვეტაში, დამილოცნიაო". აქედან გამომდინარეობს, რომ მეოთხედი საუკუნის წინ საქართველოს პატრიარქმა ”ინ ვიტრო” განაყოფიერება დალოცა და, რადგან პატრიარქი ასე იოლად არ იცვლის თვალსაზრისს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ დღეისათვის რეფერენტმა მასთან შეუთანხმებლად შეიტანა ეს პასაჟი ქადაგებაში. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ რეფერენტი მარტო არ იქნება საკუთარ თვალსაზრისზე, რისი დასტურიცაა პატრიარქის ძმისშვილის, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ჩანაწერი ”ფეისბუკის” გვერდზე:

"ხელოვნურ განაყოფიერებას ეკლესია ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ადამიანი უმცირესად ორი ცოდვის თანაზიარია: პირველი ჩუკენობა (ონანიზმი), რომლის შესახებაც საღმრთო ნაწილი ბრძანებს, რომ მეჩუკნენი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენო, მეორე და უმთავრესი შვილის მკვლელობა, აბორტი.

ხელოვნური ჩარევის დროს ნაყოფიერდება არა ერთი, ორი ან სამი ბავშვი, არამედ ორმოცდაათი, სამოცი ან სულაც ასი (ამას მეცნიერებიც ვერ უარყოფენ). ამდენი ბავშვების გაჩენა რომ შეუძლებელია, ამიტომ ხდება ემბრიონების განადგურება. (საღმრთო წერილის თანახმად ის უკვე სულია) და რა ხდება, ეკლესია ერთი ბავშვის მოწყვეტასაც კი გმობს და აქ ერთდროულად ხდება ოცი, სამოცდაათი, ოთხმოცი და ასე შემდეგ სულის მოწყვეტა ანუ აბორტი, ეს ცოდვა კი ძალზედ მძიმეა”.

რაკიღა ატყდა სერიოზული პოლემიკა, აჟიოტაჟის დასაცხრობად, საშობაო ეპისტოლეს გამოქვეყნებიდან მოკლე ხანში საპატრიარქოს სახელით გავრცელდა ეპისტოლეს განმარტება, სადაც მრევლის სათანადო ნაწილს ეპისტოლეს მცდარად გაგებაში სდებდნენ ბრალს და უხსნიდნენ: ”ზოგიერთმა ისიც კი ჩათვალა, თითქოს ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ”.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს განმარტება აღმოჩნდა უკან მიდევნებული ლამპარი - ის ცრემლი და სასოწარკვეთილების გრძნობა, რომელიც შობის დღესასწაულებზე იწვნია მრავალმა დედამ, უკვე ვერაფრით ვეღარ წარიხოცებოდა.

ახლა კი ჩვენ ვიკითხოთ - როდესაც ეკლესია საუბრობდა პრობლემური ბავშვებისათვის დახმარების საჭიროებაზე, რა დააშავეს ათასი სხვა მიზეზებით ახლადშობილმა პრობლემურმა ბავშვებმა, მათ არ სჭირდებათ თანადგომა? თუ საპატრიარქოს მართლა სურდა დაემტკიცებინა, რომ ”ეკლესია არ უპირისპირდება ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს”, მას კი არ უნდა გამოეცალკევებინა ისინი სხვა პრობლემური ბავშვებისაგან, არამედ შეეთავაზებინა მოსახლეობისათვის იმ ბავშვთა სიის ვრცელი ჩამონათვალი, რომელთაც ”ეკლესიისგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ”.

ამით სუროგატ დედებს და ”ინ ვიტრო” მეთოდით გაჩენილი ბავშვების დედებსაც ვაგრძნობინებდით, რომ ისინი მარტონი არ არიან პრობლემური ბავშვების გაზრდასთან დაკავშირებით და ეკლესიაც გაიხსენებდა საკუთარ მოვალეობას იმ სხვა პრობლემურ ბავშვებთან მიმართებით.

ჩვენ ვეცდებით დავეხმაროთ ეკლესიას და ქვემოთ წარმოვადგინოთ იმ ბავშვების სია, რომელთაც ”ეკლესიისაგან (და არა მარტო ეკლესიისაგან) მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ”, რადგან სრულიად გარკვეული რისკ-ფაქტორის მატარებლები არიან:

1. სუროგატი დედების მიერ და ”ინ ვიტრო” მეთოდით გაჩენილები - დავეთანხმოთ მქადაგებლებს, ეს ბავშვები განგებამ მოავლინა ტრადიციული სქესობრივი ურთიერთობიდან განსხვავებული გზით და ამდენად, სრულიად ბუნებრივია, რომ გარკვეული პრობლემები გააჩნდეთ.

ხოლო მათთან ერთად კიდევ მრავლად პრობლემურები არიან:

2. ჯვარდაუწერელი მშობლების შვილები და უკანონოდ გაჩენილი ბავშვები - ორივე ეს კატეგორია ერთნაირად პრობლემურია იმ თვალსაზრისით, რომ მათზე არ გადადის ეკლესიის მადლი და ეს გარემოება მათ სულიერებაზე ახდენს ზეგავლენას, რაც მომავალში აუცილებლად აისახება სამშვინველისა და სხეულის მახასიათებლებზეც.

3. ნააბორტალი დედების შვილები - როგორც არქიმანდრიტი რააფელი მიუთითებს, თუ აბორტის ჩამდენი დედა მომავალში გადაწყვეტს შვილის ყოლას: ”მომავალ შვილებზე მემკვიდრეობით გადადის მშობლების არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი თვისებებიც. დედ-მამის ემოციური ცხოვრება გენეტიკურ კოდში აისახება და მათ შვილებს მიდრეკილებათა სახით გადაეცემა. მშობლებმა, რომლებმაც საკუთარი შვილის მკვლელობა გადაწყვიტეს, მკვლელობისადმი მიდრეკილება უკვე შეიტანეს გენეტიკურ ფონდში. ეს მიდრეკილება იმ მომავალი ბავშვის ფსიქიკას ამძიმებს, რომლებიც მათი ძმებისა და დებისგან განსხვავებით არ იქნებიან მოკლულნი”.

4. საკეისრო კვეთით გაჩენილები - ამ ბავშვებს არა აქვთ გავლილი მუცლად ყოფნის პერიოდში ის ტკივილიანი ფიზიოლოგიური გზა დედის საშომდე, რომელიც ქვეყნად ასევე მტკივნეული მოვლინებით მთავრდება. ფსიქოანალიოტიკოსები მიიჩნევენ, რომ ”ტკივილის გარეშე გაჩენილებმა არ იციან, რა არის სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილი და ბრძოლა სიცოცხლისათვის. ამ მიზეზის გამო ისინი უმეტესწილად ვერ უმკლავდებიან ცხოვრებისეულ პრობლემებს და მათთან ჭიდილს ზოგჯერ სიკვდილს ამჯობინებენ. ამიტომაც, ასეთი ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სუიციდისკენ, რადგან სიცოცხლე მათ იოლად და ადვილად ერგოთ”.

5. დღენაკლულები - ასეთი ბავშვები მოითხოვენ მშობლების განსაკუთრებულ ყურადღებას, მოფერებას, მოთმინებას, სიყვარულსა და მზრუნველობას, რადგან ისინი უფრო ადვილად ავადდებიან ინფექციური დაავადებებით, განსაკუთრებით კანისა და თვალის ჩირქოვანი პათოლოგიით. ამას გარდა, ამ ბავშვებში ხშირია სუნთქვის, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლის მომნელებელი სისტემების პრობლემები.

6. მთელი რიგი სომატური (მაგ. შაქრიანი დიაბეტი) და ფსიქიკური (მაგ. შეზოფრენია) დაავადების მქონე მშობლების შვილები - დადასტურებულია, რომ ავადმყოფობები, რომელთაც გააჩნიათ გენეტიკური პირობადებულობა, 15%-დან 75% შემთხვევაში შეიცავენ ბავშვებში იმავე ავადმყოფობების გაჩენის რისკს.

7. ალკოჰოლიკების შვილები - ალკოჰოლიზმის ვნება მემკვიდრეობაზე იმდენად სპეციფიკურია, რომ ამან მიიღო ”ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომის სახელი”. იგი მოიცავს მემკვიდრეობით ფსიქიკურ ანომალიებს: ავზნიანობას, აგრესიულობას, ჭკუასუსტობას, ნებითი სფეროს და ქცევის პათოლოგიებს, ასოციალურობას, სტრესის მიმართ მედეგობის ნაკლებობას და სხვ.

8. ნარკომანთა შვილები - მათ არცთუ იშვიათად აქვთ გარეგნული დარღვევები (მაგ. ე.წ. ”მგლის ხახა”, ”კურდღლის ტუჩი” და სხვ.), თუმცა, შეიძლება გარეგნულად არაფრით განირჩეოდნენ სხვა ბავშვებისაგან, მაგრამ 80%-ს აუცილებლად თან სდევთ შინაგანი ორგანოების და ფსიქიკის პათოლოგიები - დისტროფია, ცერებრალური დამბლა, სიყრუე, სიბრმავე, დეპრესია და სხვ.

9. მწეველთა შვილები - როგორც წესი, იბადებიან სხვა ახალშობილებთან შედარებით წონაში 300 გრამით ნაკლები, ასევე ნაკლები სიგრძისა და თავის გარშემოწერილობით; ვაჟების სათესლე ჯირკვლები ჩამორჩებიან ზომით, მათი სპერმატოზოიდების კონცენტრაცია 20%-ით ნაკლებია; მწეველი დედების შვილები გამოირჩევიან: იმპულსურობით, უყურადღებობით, ზეაქტიურობით, ფილის ”მოუსვენრობის” სინდრომით (მოუსვენრობა, აგრესიულობა, სიცრუსადმი და დამნაშავეობისადმი მიდრეკილება); როდესაც ორივე მშობელი ეწევა - ბავშვებში არის გონებაჩლუნგობის მაღალი პროცენტი, ლეიკემიის განვითარების მაღალი რისკი, მწეველობისკენ მიდრეკილება.

10. ბისექსუალთა შვილები - ბისექსუალები, არიან ისინი გამხელილნი თუ გაუმხელელნი, როგორც ქალები, ისე - მამაკაცები ჯერ თავად არიან ცოდვით ვნებულნი და მერე ამ ცოდვიან დატვირთვას გადასცემენ საკუთარ მომავალს. პრედისპოზიციის არსებობის გამო, მომავალში კიდეც რომ არ გამჟღავნდეს ბავშვებში ეს დატვირთვა სათანადო ქმედებით, ზნეობრივი თავშეკავებისასაც კი მწვავედ განაცდევინებს მათ საკუთარ მდგომარეობას.

11. შვილად აყვანილები - ამ ბავშვების რისკ ფაქტორი ავტომატურად გამომდინარეობს იმ მიზეზისაგან, რომ უმეტეს შემთხვევაში არ არის ცნობილი ბიოლოგიური მშობლების გენეტიკა და კიდეც თუ იქნებიან ცნობილნი ეს მშობლები, მათი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ უტყუარი ცნობების მოპოვება სრულიად შეუძლებელია. ესეც არ იყოს, არავისთვის არის საიდუმლო, რომ ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი და ზნეობრივი მშობლები იშვიათად ამბობენ საკუთარ შვილზე უარს!

12. ბოზის ან ნაბოზრის შვილები - არცერთ კახპას არ სურს, რომ ქალიშვილი მის გზას დაადგეს; მაგრამ განაჩენი ულმობელია - თუკი უხილავი ტელეგონიური არხებით ქალის სხეული ინახავს ფოტოგრაფიულ ხსოვნას მის წიაღში სტუმრებულ ყველა მამრზე, ამავე გზებით გადაეცემა გოგონას მემკვიდრეობითი ავხორცი ვნება და, სურს ეს დედას თუ არა, მისი ქალიშვილი ძალიან ხშირად იმეორებს დედის ცოდვიან გზას;

13. გაყრილი მშობლების შვილები - სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ გაყრილი მშობლების შვილები მომავალში თავადაც დიდი ალბათობით ქმნიან არამყარ ოჯახებს და ადვილად სცილდებიან მეუღლეებს;

14. სხვადასხვა ეროვნების მშობლების შვილები - სამეტყველო ენისა და მენტალობის გაორება დაბადებიდანვე მძიმე სტრესულ მდგომარეობაში აყენებს ბავშვს და ნებისმიერი სასიცოცხლო საკითხის გადაჭრისა და ორიენტირების დროს იგი ხშირად ისევეა გაორებული, როგორც მეტყველებაში და მენტალობაში.

15. შერეული რასობრივი (თეთრი და შავი) წყვილის შვილები - პროგრესული ამერიკელი მოსამართლე ლუიზიანის შტატიდან, კიტ ბარდუელი, მაგალითად, არ არეგისტრირებს რასებს შორის ქორწინებას, რადგან სტატისტიკით მათი 99% მთავრდება გაყრით; ბავშვი იჩაგრება და ხდება სოციალურად გარიყული - თეთრი ნათესავები არ იღებენ მას, რადგან შავკანიანად მიიჩნევენ და შავი ნათესავები არ იღებენ - რადგან თეთრკანიანად მიიჩნევენ.

16. ასაკოვანი მშობლების შვილები - აქაც რისკის ფაქტორია, რომ ბავშვები შეიძლება დაიბადონ თანდაყოლილი ფსიქიკური დეფექტებით: დაუნის დაავადებით, მრავალსახოვანი გენეტიკური მუტაციებით; გართულებულია მათის სოციალური ადაპტაცია; მომავალში მეტი სიხშირით უდგინდებათ მათ მანიაკალურ-დეპრესიული ფსოქოზი, შიზოფრენია და სხვ.

17. ათეისტების (ან ერთ-ერთი ათეისტის) შვილები - ერთი ან ორივე ათეისტი მშობლის შემთხვევაში ბავშვს ელის ღმერთისაგან განყენებულობის, ღვთისმბრძოლობის, ხატთმბრძოლობისა და ეკლესიის საწინააღმდეგოდ აღზრდის თვალსაზრისით სერიოზული საშიშროება. მშობლებისაგან ცხოვრებისეული მაგალითი სულიერად აბეჩავებს ბავშვებს და ისინი პრიმიტიული ცხოველის დონემდე დაჰყავს.

დაბოლოს, რაც განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს:

18. პატრიარქის ნათლულები - აი, ვინ არიან თუ არიან ზრუნვის ობიექტები, რათა, ღმერთი არ გაუწყრეთ, ყმაწვილობის ასაკში გზაზე არ გადაეყარონ და არ შეიყვარონ ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ”კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება”, არსებობენ ზოგიერთი ეჭვიანი მშობლები, რომლებიც მეტად ასოკირკიტანი არიან და იმ თემაზე, შეუძლიათ თუ არა ქორწინება უშუალოდ ერთი ნათლიის მიერ მონათლულ სულიერ ძმებსა და დებს, გაეცნობიან XV საუკუნის წმიდა მამა სვიმეონ თესალონიკელის განჩინებას, რომელიც ადგენდა, რომ ასეთი ტიპის ქორწინებები დაუშვებელია. პატარების მშობლებს კი ნამდვილად არ გაემტყუნებათ, რომ ჰქონდეთ შვილებისათვის ინცესტის დონის ცოდვის თავიდან არიდებისკენ მისწრაფება. ამდენად, იმისათვის, რომ პრობლემურები არ გახდნენ თვით დაბადებიდან არაპრობლემური ბავშვები, მათ მართლაც ”ეკლესიისგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ” ამურის არასასურველი ისრებისთვის კვალის ასარევად!




Комментариев нет:

Отправить комментарий