მართალი ენოქი
განმარტება, რომლის მიხედვითაც, დაბადების 6-ე თავში მოხსენიებული "ღმრთის შვილები" ანგელოზები არიან, ფართოდ იყო მიღებული ქრისტეანული ეპოქის პირველ საუკუნეებში. ასეთი გაგება მიღებული იყო როგორც იუდეველი კომენტატორების (ფილონი), ასევე ეკლესიის ისეთი ადრინდელი მამების მიერაც, როგორებიც იყვნენ: წმ. იუსტინე ფილოსოფოსი, ნეტ. ირინეოსი, ათენაგორა, ტერტულიანე, კლიმენტ ალექსანდრიელი, წმ. ამბროსი მედიოლანელი.
მაგრამ IV საუკუნიდან საეკლესიო ლიტერატურაში გავრცელდა ბიბლიის ამ იდუმალებით მოცული ადგილის სხვაგვარი გაგება: "ღმრთის შვილები" - არიან ადამისა და ევას მესამე შვილის, ღვთისმოსავი შეთის, ენოქისა და ნოეს წინაპრის შთამომავლები. ხოლო "ადამიანთა ასულები" - ადამისა და ევას პირველი შვილის, ძმისმკვლელი კაენის ცოდვილი შთამომავლები. ასე განმარტავენ ამ ადგილს წმ. იოანე ოქროპირი, ეფრემ ასურელი, ნეტ. თეოდორიტე, კირილე იერუსალიმელი, ნეტ. იერონიმე და ნეტ. ავგუსტინე.
ადრინდელ ქრისტეანებში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა ენოქის წიგნი, რომელიც ახლა აპოკრიფად ითვლება. ამ წიგნიდან ჩანს, რომ "ღვთის შვილები" იყვნენ "ანგელოზები, რომლებიც ციდან დედამიწაზე ჩამოვიდნენ და ადამიანთა შვილებს ასწავლეს ის, რაც დაფარული იყო მათთვის, და ცოდვათა ჩასადენად წააქეზეს ადამიანთა შვილები" (ენოქი 10:64). ანგელოზები (რომლებიც ენოქის წიგნსი "ცის დარაჯებად" იწოდებიან) დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ მათ მიერ ცთუნებულ ადამიანთა ასულებთან და ასწავლეს მათ ჯადოქრობა (მაგია), ასტროლოგია, შეფუცვები, ათასგვარი "ანგელოზური საიდუმლონი" და "დემონური ძალმოსილებანი" (სხვა თარგმანის მიხედვით - გამოგონებანი), რის შედეგადაც დედამიწაზე "გაჩნდა უდიდესი უკეთურება" (ენოქი 2:15).
ვ. პ. ვიხლიანცევის "ბიბლიურ ლექსიკონში" მითითებულია, რომ მართალი ენოქი, რომელიც "მეშვიდე იყო ადამითგან, ამხელდა მის თანამედროვე მსოფლიოს და მომავალი სამსჯავროს შესახებ აფრთხილებდა. ენოქი ღმერთმა აიყვანა ცაში ისე, რომ მას სიკვდილი არ განუცდია. ძველი მწერლები მას პირველ მეცნიერად მიიჩნევდნენ, რომელმაც გამოიგონა დამწერლობა, ანგარიში, და დასაბამი მისცა ასტრონომიას. ქრისტეს შობამდე II საუკუნედან ქრისტეს შობის, ანუ ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნემდე, ფართოდ იყო ცნობილი წიგნი მისი სახელწოდებით, რომელიც ბიბლიის კანონში არ შევიდა. ეს წიგნი XVIII საუკუნეში იპოვეს აბისინიაში (ამჟამინდელი ეთიოპია). აღმოჩნდა, რომ ენოქის წინასწარმეტყველება, რომელიც გადმოცემულია წმ. მოციქულ იუდას ეპისტოლეში (იუდ. 14-15) სიტყვასიტყვით არის აღებული ამ წიგნიდან, სადაც ენოქისა და ნოეს პირით ლაპარაკია სამყაროზე, რომელსაც ღმერთი მართავს, მესიის (ქრისტეს) პიროვნებასა და ღვაწლზე, ასევე უკანასკნელ სამსჯავროზე. ეკლესიის მამები თითქმის ერთსულოვნად მიიჩნევენ, რომ ენოქი და ილია არიან სწორედ ის ორი ზეთისხილი და სასანთლე, რომლებზეც ლაპარაკია იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში (გამოცხ. 11:3-12).
ენოქის წიგნს იმოწმებდნენ კლიმენტ ალექსანდრიელი, ორიგენე, ტერტულიანე, ასევე ბარნაბას არაკანონიკური ეპისტოლეს ავტორი; ეს უკანასკნელი ენოქის წიგნს წმიდა წერილის ნაწილადაც კი მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, წმიდა წერილის კანონის ჩამოყალიბების დროს, ენოქის წიგნის ავტორიტეტი ჩაქრა, ტექსტი კი დაიკარგა. ის ხელმეორედ მხოლოდ 1773 წელს იპოვეს ეთიოპიურ (ამხარა) ენაზე, ორმაგი თარგმანით არამეულიდან ანუ ძველებრაულიდან ბერძნულ ენაზე, სამაგიეროდ მთლიანად, რაც უდიდესი იშვიათობაა. ამის შემდეგ ახმიმში (ეგვიპტე) გათხრების დროს იპოვეს ბერძნული ტექსტის ორი დიდი ფრაგმენტი, ხოლო ყუმრანში (პალესტინა) - არამეული ფრაგმენტების უამრავი რაოდენობა. მათი შედარება შესაძლებლობას იძლევა ეთიოპიურ ენაზე არსებული ტექსტი აუთენტიურად მივიჩნიოთ. ენოქის წიგნის რუსული თარგმანი გერმანულიდან შეასრულა და კომენტარები დაურთო დეკანოზმა ალექსანდრე სმირნოვმა. წიგნი გამოქვეყნდა 1888 წ. ყაზანში.
ახალ აღთქმაში ენოქის წიგნზე ირიბად უთითებს წმ. მოციქული პეტრე: "რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვის დღემდე დასამარხავად" (2 პეტრე. 2:4). ის, რომ აქ მხედველობაშია ანგელოზთა ის დაცემა, რომელიც კაცობრიობის ისტორიის წარღვნამდელ პერიოდში მოხდა, დასტურდება მოციქულის იმ სიტყვებით, რომლის თანახმადაც "თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას" (2 პეტრე. 2:5)
მოციქული იუდაც ამბობს, რომ "ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი. ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს" (იუდ. 5-6). სწორედ ამგვარ გამონათქვამებშია წარმოდგენილი ეს თემა (ანგელოზთა დაცემა და დასჯა) ენოქის წიგნშიც, რომლის ციტირებისას მოციქული იუდა მომდევნო მუხლებში წერს: "მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით, რათა განსაჯოს ყველანი და ამხილოს უღმერთონი მათივე უღვთო საქმეთა და ღვთისმგმობლურ სიტყვათა გამო, მის მიმართ რომ იტყოდნენ უღვთო ცოდვილნი" (იუდ. 14-15).
გაგრძელება
"და ასწავლა აზაზელმა ადამიანებს..."
Комментариев нет:
Отправить комментарий