ღმერთი

ღმერთი

понедельник, 3 февраля 2014 г.

ტექნოლოგიური წინსვლები, რომლებიც ადამიანებს "უკვდავებას" ჰპირდებიან

სიტყვა "უკვდავებას" უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. მეცნიერება, რომელიც დღეს ახალი მსოფლიო წესრიგის, დედამიწის მოსახლეობის კონტროლისა და მმართველი ელიტის მიზნებს ემსახურება, ცდილობს ღმრთის მიერ მონიჭებულ უკვდავებას, მარადიულ ცხოვრებას სამოთხეში, მიწიერი სამოთხე, მიწიერი კეთილდღეობა და "მარადისობა" ჩაანაცვლოს. ამრიგად, სიკვდილის კონტროლირება, თანამედროვე და მომავლის მეცნიერების ერთ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მეცნიერებამ შესძლო ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება, მაგრამ შეუძლია თუ არა მას სიკვდილის დამარცხება? შეიძლება თუ არა ადამიანმა მარადიულად იცხოვროს დედამიწაზე? შეუძლია თუ არა მას მაცოცხლებელი ძალების კონტროლირება? - მართლმადიდებლურ რწმენის თვალსაზრისით ცხადია არა, რადგან მისი ბუნება ცოდვით არის დაზიანებულია და მისი მომავალი სულაც არ წარიმართება ისე, როგორც მას წარმოუდგენია. თუმცა, ეს საუბრის სხვა თემაა და ამჯერად მხოლოდ იმას მივაქციოთ ყურადღება თუ რას გეგმავენ და უკვე რა შეიმუშავეს მეცნიერებმა, "მიწიერი სამოთხის" მეოცნებეთა ნატვრის აღსასრულებლად.

ნანოტექნოლოგიები, რომელიც აღადგენენ ჩვენს უჯრედებს

ცნობილი ამერიკელი მწერლისა და ფუტურისტის, რეი კურცვეილის თანახმად, ყოველი, ვინც 2050 წლამდე მიატანს, ნანოტექნოლოგიების წყალობით შეიძლება უკვდავი გახდეს. იდეის არსი მდგომარეობს მიკროსკოპული ნანორობოტების გამოყენებაში, რომლებიც გამუდმებით იმოგზაურებენ ჩვენს სისხლძარღვებში და გაარემონტებენ დაზიანებულ უჯრედებს, რითაც დაიცავენ მას სიკვდილისგან. ტრავმის შემთხვევაშიაც კი, ორგანო შეიძლება თავიდანვე აღმოიზარდოს, სისხლი გადაისხას, ხოლო მეხსიერება და პიროვნება შენახულ იქნას სარეზერვო ასლის სახით, რომელსაც ტვინში თავიდანვე ჩადებენ, როგორც კი ტრავმა განიკურნება (აქ უნდა შევნიშნოთ, რომ ათეისტურ მეცნიერებას წარმოდგენაც კი არა აქვს რომ მეხსიერება და აზროვნება სულის თვისებაა და არა სხეულისა. ამდენად კატასტროფაში სასიკვდილოდ ტრავმირებულ ადამიანს თუ ღმერთი არ შეეწია ნანოტექნოლოგიები ვერაფერს უშველიან - რედ.). ცხადია, ეს თვითწარმოებადი ნანორობოტები კონტროლსქვეშ უნდა იყონ, რადგან გამუდმებულმა თვითწარმოებამ, შეიძლება ჩვენი სხეული ნაწილებად დაშალოს.

ბიოლოგიური უკვდავება

ნოტინჰემის უნივერსიტეტის მკვლევარები დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ ბრტყელი ჭიების სახეობებს, რომლებსაც გააჩნიათ გასაოცარი უნარი საკუთარი უჯრედების აღდგენისა და ძველი უჯერედების ახლით ჩანაცვლებისა, რომლებიც დაბერებას არ ექვემდებარება. მათი სხეულები გამუდმებით ცვლიან ძველ უჯრედებს ახლით, და ეს უჯრედები შემდეგ დაბერების საკუთარ ციკლს იწყებენ. ეს პროცესი, როგორც ჩანს, საკვლევი ბრტყელი ჭიის შემთხვევაშიც ღეროვანი უჯრედების თელომერას (ქრომოსომების დაბოლოებათა ნაწილები - რედ.) სიგრძით განისაზღვრება. თელომერას ძაფის დნკ-ს სიგრძე აღდგენისა და რეგენერაციის შემდეგ, როგორც ჩანს, ტოლია მისი სიგრძისა აღდგენამდე. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ბრტყელი ჭია არ ბერდება და უსასრულოდ შეუძლია თავისი სხეულის უჯრედების აღდგენა. მეცნიერები ჯერაც იკვლევენ გამოცანას, როგორ ახერხებს ამას თვით ჭია.

უკვდავი ღეროვანი უჯრედები

იმ დროს, როდესაც უჯრედების უმეტესობა ადრე თუ გვიან დაყოფას შეწყვეტს, ღეროვანი უჯრედები ამ პროცესს აგრძელებენ, და პარიზის პასტერის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ღეროვანი უჯრედები დაყოფის დროს ინარჩუნებენ თავიანთ საწყის დნკ-ს. როდესაც ღეროვანი უჯრედი წარმოქმნის ორ ქვეუჯრედს, ის ფაქტობრივად წარმოქმნის სხვა ღეროვან და სპეციალიზირებულ უჯრედს, რომელიც ნებისმიერ სხვა ქსოვილი ხდება. "უკვდავი დნკ"-ს თეორიის თანახმად, ღეროვანი უჯრედი საკუთარ თავში ინახავს სრულყოფილ დნკ-ს, ხოლო ყველა ნაკლოვანება მხოლოდ სპეციალიზირებულ უჯრედში რჩება. ამ თეორიის დასამტკიცებლად, მეცნიერები ისწრაფვიან თავიდან აიცილონ ჩვეულებრივი უჯრედების დაბერება და ცდილობენ მიანიჭონ მათ ის უნარი, რაც "უკვდავ ღეროვან უჯრედებს" გააჩნიათ.

კიბერნეტიკული უკვდავება

კიბერნეტიკული უკვდავების იდეა მდგომარეობს იმაში, რათა თქვენი აზრები და ცნობიერება გადაიტანოს ვირტუალურ სივრცეში, და მოგანიჭოთ მარადიული ცხოვრება ვირტუალური პიროვნების პირობებში. იდეა საკმაოდ მარტივია, და ტექნოლოგიის ენთუზიასტები ამბობენ, რომ გრაფიკული რუქებისა და ვირტუალური რეალობის შექმნის შემთხვევაში, ხელოვნური სამყაროს სიმულაციის დონე ახალ, ფანტასტიკურ და უპრეცედენტო სიმაღლეებს მიაღწევს. ვირტუალური სამყარო იმდენად სრულყოფილი იქნება, რომ თქვენ ვერასოდეს იგრძნობთ ელექტრონულ სამყაროში ცხოვრებას. ცხადია, მთელი ეს იდეა გულისხმობს იმას, რომ ჩვენი აღქმა, გრძნობები, ემოციები და თვით ჩვენი არსებობა წარმოადგენს უბრალოდ ელექტრონულ იმპულსთა მუშაობას. მათ, ვინც ხოტბა-დიდებას ასხამენ კიბერნეტიკულ უკვდავებას, სწამთ, რომ როგორც კი ჩვენ გადავალთ ვირტუალურ სამყაროში, ყოველთვის შევძლებთ რობოტ-სხეულში დაბრუნებას. ადამიანი მანქანის გარსით, აი, როგორ წარმოუდგენიათ კიბერნეტისტებს უკვდავება.

უკვდავების ფერმენტი

ამ გამოგონებამ 2009 წელს ნობელის პრემია მიიღო და სრულიად დამსახურებულად. მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც ავსტრალიელი პროფესორი ელიზაბეტ ბლექბერნი ხელმძღვანელობდა, აღმოაჩინა ფერმენტი, რომელსც შეუძლია ეფექტურად გააკონტროლოს და უკუშეაქციოს დაბერების პროცესი ადამიანის უჯრედებში. არსებითად, ეს ნიშნავს, რომ ამ ფერმენტის გაკონტროლებითა და შეცვლით, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება დაბერების პროცესის შეცვლა და "მარადიულ ახალგაზრდად" დარჩენა. მაგრამ იგივე ფერმენტი ორპირიან მახვილს წარმოადგენს, რადგან, როგორც ჩანს, გააჩნია უნარი წარმოქმნას კიბო არასწორი აქტივაციის შემთხვევაში. ამჯერად მეცნიერთა პრობლემა იმაშია, რომ მათ უნდა შეისწავლონ ამ "უკვდავების ფერმენტის" მართვა ისე, რომ ადამიანებმა შესძლონ საკუთარი ბიოლოგიური საათების დამარცხება.

დნკ-ს შენახვა

დნკ-ს შენახვის კონცეფცია და მისი უკან, ცოცხალ არსებად გარდაქმნა სამეცნიერო ფანტასტიკაში ძალზედ პოპულარული თემაა. მაგრამ შესაძლოა თუ არა მისი რეალიზება? სადღეისოდ არსებობს მრავალი კომპანია, რომელიც "დნკს შენახვაზე" არის სპეციალიზირებული. ეს კომპანიები სწორედ ამის გაკეთებას გვპირდებიან. ისინი პირობას იძლევიან რომ შეინახავენ თქვენს დნკ-ს იმ დღემდე, როდესაც მეცნიერები შესძლებენ თქვენი პიროვნების აღდგენას და ამისთვის მხოლოდ თქვენს დნკ-ს გამოიყენებს (აქ კვლავ არ არის გათვალისწინებული ადამიანის სულის არსებობა, რომელიც ანიჭებს ადამიანს სიცოცხლეს, ასულიერებს მას და არა მატერია - რედ.). იმ დროს, როდესაც ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან PreventionGenetics და DNA Diagnostics Center ვალდებულებას იღებენ შეინახონ თქვენი დნკ ზუსტად იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც გასწვდება ამას თქვენი ფინანსური შესაძლებლობა, სხვები, მაგალითად, DNA Live Forever აცხადებს, რომ დნკ-ს შეინახავს იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც საჭირო იქნება. ცხადია, იმ დროს, როდესაც ადამიანი ფაქტობრივად უკვე მოკვდება, მისი დნკ-ს გადაგდებისთვის სასამართლოში საჩივლელად ვერ მივა.

ამ სტატიის თემა გვაგონებს ფილმს სახელწოდებით "In Time", და იმის შესახებ, რომ ადამიანს, რომელიც უკვდავი გახდა, ერთხელაც იქნება და მოსწყინდება დაუსრულებელი არსებობა. იმ დროს, როდესაც დაბერება შეიძლება შეჩერებულ იქნეს ფიზიკური თვალსაზრისით, შეძლებენ კი ჩვენი ემოციები შთაბეჭდილებათა (სიხარულისა და მწუხარების) დაუსრულებელი ნაკადის ატანას? და თუ უკვდავება შესაძლებელი აღმოჩნდება, ვისთვის იქნება ის ხელმისაწვდომი? რა შეიძლება იყოს უფრო ღირებული, სიცოცხლის ნიჭი მომგებიანი ბიზნესით თუ მისი გაყიდვა?

მომავალში მეცნიერებამ შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება, წარმოუდგენლად გაახანგრძლივოს იგი, მაგრამ უკვდავება უბრალოდ მიუღწეველია... და ეს ფაქტი არცთუ სამწუხაროა, რადგან ყოველივეს რასაც კი დასაწყისი გააჩნია ამ სამყაროში, დასასრულიც გააჩნია...




http://simartlee.ucoz.com/news/t'eknologiuri_ts'insvlebi_romlebits_adamianebs_uk'vdavebas_hp'irdebian/2013-01-06-65

Комментариев нет:

Отправить комментарий