ღმერთი

ღმერთი

среда, 19 марта 2014 г.

გამოვიკვლიოთ თუ არა ღმერთი.

ევრი მართლმადიდებელი ვარდება ცოდვაში, როცა თავისებურ ახსნას უძებნის რელიგიურ საკითხებს. ეკლესიურ დოგმებს ეწინააღმდეგება და ყველაფერს თავისებურად აკეთებს, ისე, როგორც მას ესმის. ქრისტიანმა რომ შეცდომა არ დაუშვას, სწორედ ამისთვის არსებობს წმინდა წერილები, ღირს მამათა დარიგებანი და სწავლებანი, დაბოლოს, სწორედ იმისთვის გვყავს სულიერი მოძღვარი, რომ ყველა კითხვაზე პასუხი მან გაგვცეს და დასკვნები თავად არ ვაკეთოთ. ამ საკითხზე გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე).


– მამაო, ხშირად გვსმენია, გონებით ან გულით მწამს უფალიო. და მაინც, როგორ უნდა გვწამდეს ღმერთი – უფრო გონებით თუ უფრო გულით?

– ფიქრით, აზროვნებით, შინაგანი შემეცნებით, საეკლესიო საიდუმლოებების განაცხადით, ეკლესიური ცხოვრებით... თუ ასე შევიმეცნებთ უფალს, აუცილებლად მოხდება ადამიანის გონების ცვლილება, მისი მოქცევა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანი თითქოს სწორად აზროვნებს, მაგრამ გული სხვა მხარეს ეწევა და ცოდვებში ვარდება, გაორებული ხდება. არსებობს მეორე უკიდურესობაც – ადამიანი მხოლოდ გულით მოქმედებს და არ სურს, გონება დაძაბოს, უფალი შეიმეცნოს. თავს არ იწუხებს წმინდა წერილებისა და ღირსი მამების წიგნების კითხვით. ზოგი მარტო ზიარებით, აღსარებით, ეკლესიაში სიარულით ცდილობს წინსვლას და არა – გონებრივი შემეცნებით, გამოცდილებით. ხშირად გონებით სწამთ ღვთის არსებობა, ბევრს კითხულობენ, აზროვნებენ, მაგრამ არ აქვთ საეკლესიო ცხოვრების გამოცდილება. ესეც სულის დაზიანების ნიშანია. ამიტომ გეტყვით, ეკლესიური ადამიანი უნდა გახდეს მეცნიერი და მეცნიერი – ეკლესიური.

ზოგიერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი სრულიად უარყოფს ეკლესიურ ცხოვრებას, ვარდება განყენებულ ღვთისმეტყველებაში და მიაჩნია, რომ ეკლესიური ცხოვრება ზოგადი, საჯარო ქრისტიანული ცხოვრების გზით ღვთის შემეცნების გზაა, რომელიც რჩეულებისთვის კი არ არის განკუთვნილი, არამედ მასისთვის.

ზოგიერთი მორწმუნე მხოლოდ პირადი გამოცდილებით ვარდება ილუზიებსა და განცდებში და უარყოფს გონებრივ გამოცდილებას. ის აზრი, თითქოს მისტიკური გამოცდილება მხოლოდ ნიჭიერი ადამიანების პრეროგატივაა, დანარჩენებს კი დოგმატური სწავლების ბრმა მორჩილების შესაძლებლობა რჩებათ, მცდარია. წინასწარმეტყველებს, რომლებსაც ღმერთი ელაპარაკებოდა, მოციქულებს, რომლებიც თავიანთი ყურით ისმენდნენ სიცოცხლის სიტყვებს, ჰქონდათ სარწმუნოება, რომელიც ღმერთთან ურთიერთობის პირად გამოცდილებაზე იყო დამყარებული. სხვებისთვის ასეთი გამოცდილება მიუწვდომელია, ყოველ შემთხვევაში, სავალდებულო არ არის. საჭიროა, ადამიანს ჰქონდეს რწმენა და ესმოდეს საეკლესიო სწავლება.

– ძველი აღთქმის მიხედვით, ადამიანს არ შეეძლო, ეხილა უფალი და ამის შემდეგ ცოცხალი დარჩენილიყო. ახალი აღთქმით რატომ გახდა შესაძლებელი უფლის ხილვა?

– არ შეიძლება, ღმერთი მეცნიერების გასარჩევი გახდეს. ღვთისმეტყველება ძირფესვიანად განსხვავდება ფილოსოფიური აზროვნებისგან. ღვთისმეტყველი ღმერთს არ ეძებს, როგორც რაიმე კვლევის საგანს. მათი ღმერთი – ეს არის ბიბლიური, ცოცხალი, პიროვნული ღმერთი. სხვა რელიგიებისა და მეტაფიზიკური სწავლებებისგან განსხვავებით, ბიბლია ამტკიცებს ღვთის აბსოლუტურობასა და პიროვნულობას, მაგრამ ღმერთი ფარავს თავისი ბუნების სიღრმეებს. იგი საკუთარ თავს თავისი ძალაუფლებით აცხადებს და მისი სახელის ხსენებაც კი საკრალიზებულია. მას გარს ახვევია მიუწვდომელი ნათელი. ძველ აღთქმაში ადამიანს არ შეუძლია, უფალი იხილოს და ცოცხალი დარჩეს. ამ საშინელ, ღვთაებრივ ძალასთან პირისპირ შეხვედრა შეუძლებელია. ადამიანს აქ მხოლოდ მორჩილება და რწმენა მოეთხოვება. ქრისტიანობა ათავისუფლებს ადამიანს და ნებისმიერ სწავლებაზე მაღლა დგება. გამოცხადებაში უფალი პირადი ურთიერთობებით შეიმეცნება, ყოველთვის ვინმესკენ პიროვნულადაა მიმართული. იგი ადამიანისა და ღვთის შეხვედრებისგან შედგება. ამიტომ გამოცხადება – ეს ისტორიული რეალობაა.

– შეუძლებელია უფლის განჭვრეტა?



– ქრისტეს ეკლესია დაფუძნებულია რწმენაზე, როგორც მყარ კლდეზე. წმინდანები რწმენით უდიდეს სასწაულებს ახდენდნენ. რწმენა – ეს ლოდია, ლოდი შეუგრძნობადი, სიმძიმისგან თავისუფალი, რომელიც მიისწრაფვის არა ქვევით, არამედ ზევით, ზეცისკენ. უფალი ამბობს: "ვისაც სწამს ჩემი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი მდინარეები. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მხოლოდ მის ქმნას შეძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანეთ, აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, მოხდება აგრე". მას ერთადერთს აქვს უკვდავება, მიუწვდომელ ნათელში მყოფს, რომელიც არ უხილავს არც ერთ კაცთაგანს და ვერც შეძლებს მის ხილვას. ამიტომ ძალიან რთული და საფრთხილოა ყოველგვარი მსჯელობა უფლის შინაგანი ბუნების შესახებ. წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობს: "უდაბნოში ნანახი ნაკადული ადამიანში გონებრივი განსჯის სურვილს კი არ იწვევს, არამედ იმისას, რომ განერთხას მიწაზე, დალიოს სანუკვარი სითხე და მადლობა შესწიროს მადლის მომცემელს". არ არის საჭირო საღვთო საიდუმლოებების გამოკვლევა, გამოცდა, თუმცა ჩვენ გვაქვს გარკვეული ცოდნა უფლის შესახებ, იმდენი, რამდენიც თავად გამოუცხადა ადამიანებს. უნდა გავარჩიოთ შეცნობა უფლისა მისი შემეცნებისგან. პირველი – არსებითად შეუძლებელია, ხოლო მეორე – თუმცა არასრულად, მაგრამ მაინც შესაძლებელი. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ ნაწილობრივ ვჭვრეტთ უფალს და ეს განჭვრეტა დამოკიდებულია ადამიანის სულიერ ძალებზე.

ანა ნოდია

sana.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий