ღმერთი

ღმერთი

пятница, 21 марта 2014 г.

აკადემიკოსი ალექსი ოსიპოვი - რა არის რელიგია?

აკადემიკოსი ალექსი ოსიპოვი


რა არის რელიგია?



ადამიანი, სამყარო, რელიგია


რა არის სიცოცხლე - ადამიანის სიცოცხლე, კაცობრიობის სიცოცხლე? შესაძლებელი რომ იყოს ამ ყოველდღიურობის ფირზე აღბეჭდვა და შემდეგ აჩქარებული ტემპით მისი ნახვა, მოსაწყენი, ერთფეროვანი სურათის მოწმენი გავხდებოდით.

როგორია ადამიანის ჩვეულებრივი დღე? - გაიღვიძა, ისაუზმა, წაიმუშავა - დღეც მიილია და ძილის დროც დადგა. ხვალაც იგივე განმეორდება, მომდვენო დღესაც და ყოველდღე. ასე გრძელდება წლიდან წლამდე, მთელი ცხოვრება, სიცოცხლის ბოლომდე.

როგორია ადამიანის ჩვეულებრივი სიცოცხლე? - დაიბადა, მოინათლა, ისწავლა, იმუშავა, დაოჯახდა, შემდეგ შვილები იყოლია. შვილებს თავიანთი შვილები გაუჩნდათ, შემდეგ კიდევ ახალი თაობა. ასეა ყველა, მთელი კაცობრიობა, უწყვეტად, თაობიდან თაობაში ერთი და იგივე მეორდება.

რასაკვირველია, ამ ძირითად სქემას თან ახლავს სრულიად განსხვავებული მოვლენები, მაგრამ მათგან არც ერთს არ შეუძლია თვითონ სიცოცხლის მდინარების შეჩერება. სიხარულითა და მწუხარებით, სიყვარულითა და სასოწარკვეთით, კეთილშობილებითა და მდაბიობით, დიდებითა და სიგლახაკით აღსავსე მილიარდობით სიცოცხლე მარადისობამ შთანთქა.

სიცოცხლის არსის შესახებ კითხვა თითოეული ადამიანისთვის იყო და რჩება უმთავრეს საკითხად. ყველას არ ძალუძს კონკრეტული და საბოლოო პასუხის მოძებნა და სულ მცირედთ თუ შეუძლიათ პასუხი გასცენ დაეჭვებულთ. და მაინც, ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს აქვს შეუვალი მოთხოვნილება, იპოვოს ცხოვრების საზრისი და მისი გონივრული დასაბუთება.

მოდით, გავაანალიზოთ, თუ რა არჩევანი აქვს ცნობიერებას სიცოცხლის ძირითადი საკითხის გადაწყვეტისას:

თანამედროვე ადამიანი გარემოცულია სხვადასხვა რელიგიებითა და ცრურწმენებით, რომლებმაც, ერთი შეხედვით, თავი შეიძლება მოიყარონ ორ ძირითად მსოფლმხედველობაში - რელიგიასა (თეიზმსა) და ათეიზმში. ამ კონტექსტში ხშირად ახსენებენ აგნოსტიციზმსაც, მაგრამ მას, თავისი არსით, არ შეუძლია, პრეტენზია განაცხადოს მსოფლმხედველობრივ სტატუსზე, რადგან იგი პრინციპულად უარყოფს ადამიანის უნარს, ჩასწვდეს ისეთ რეალიებს, როგორიცაა ღმერთისა და სულის არსებობა, პიროვნების უკვდავება, სიკეთისა და ბოროტების ბუნება, ჭეშმარიტება და სხვა. ამიტომაც ჩვენ, ძირითადად, კვლავ რელიგიასა და ათეიზმს დავუბრუნდებით.

ვნახოთ, თუ რა ღირებულებითი თანაფარდობაა რელიგიასა და ათეიზმს შორის.

რელიგია გვთავაზობს ურიცხვ ფაქტს, რომლებითაც დასტურდება ღმერთის, სულის, ანგელოზებისა და დემონების, განსაკუთრებული ზებუნებრივი ძალების არსებობა. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია, გავიხსენოთ მრავალი წმიდანის საკვირველი სასწაულებით აღსავსე ცხოვრება - მათზე უთვალავი წერილობითი წყარო არსებობს.

ურიცხვ ფაქტთან ერთად, მართლმადიდებლობა თითოეულ ადამიანს სთავაზობს საკუთარი რწმენის ჭეშმარიტების შემოწმების საშუალებასაც: კონკრეტულ გზებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სულიერი სამყაროს შემეცნება. ეს ძალზე მკაფიოდაა გადმოცემული ქრისტეს სიტყვებში: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათე 5,8).

რას გვთავაზობს ათეიზმი? - მას არ გააჩნია და არც შეიძლება ჰქონდეს ისეთი ფაქტები და უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა მეშვეობითაც ღმერთისა და სულიერი სამყაროს არარსებობას დაამტკიცებს.

ათეიზმს არ შეუძლია უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვას: კონკრეტულად რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა, რომ ღმერთის არარსებობაში დარწმუნდეს? ამ კითხვაზე პასუხის უქონლობა თვით ათეიზმს აქცევს სარწმუნოებად. იგი (ათეიზმი) სხვა არაფერია, თუ არა ბრმა რწმენა. პასუხი აშკარაა: არსებობს ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია ღმერთის არსებობა-არარსებობაში დარწმუნება, ეს არის რელიგია. სხვა საშუალება უბრალოდ არ მოიპოვება.

ამგვარად, რელიგიაცა და ათეიზმიც, ორივე ერთად, პარადოქსული ერთიანობით მოუხმობს ჭეშმარიტების მაძიებელ თითოეულ ადამიანს შეისწავლოს და ცხოვრებით გამოსცადოს ის, რასაც რელიგიას უწოდებენ.



რა არის რელიგია?



კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე რელიგია მისი თანამდევი მოვლენაა და დღემდე დედამიწის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მოიცავს. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანისთვის რელიგია მაინც ნაკლებად გასაგებია. ამ, ერთი შეხედვით, უცნაური ფაქტის მიზეზი ის გარემოებაა, რომ რელიგიას, ჩვეულებისამებრ, აფასებენ გარეგნული ნიშნებით, იმით, თუ როგორ იყენებენ მას მისი მიმდევრები პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომაც, რელიგიას სხვადასხვაგვარად იგებენ, რის გამოც მის არსს გაიაზრებენ ან მეორეხარისხოვანი, უმნიშვნელო ელემენტებით, ან მცდარად. ამას ვერც ერთი მსოფლიო რელიგია ვერ აცდა.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს საკითხი, თუ რა არის რელიგიის არსი, რა არის მასში განმსაზღვრელი და აუცილებელი და რა - არარსებითი.

რელიგიას აქვს ორი მხარე: გარეგანი, ანუ როგორია იგი გარეშე დამკვირვებლის თვალში და შინაგანი, ანუ ისეთი, როგორსაც ხედავს მას ამ რელიგიის სულიერი და ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად მცხოვრები მორწმუნე ადამიანი.

გარეგნულად რელიგია წარმოადგენს:

ფილოსოფიური თვალსაზრისით - მსოფლმხედველობას, რომელიც მოიცავს უამრავ კონკრეტულ სწავლებას (კანონებსა და დოგმატებს, ასევე ტრადიციასაც - რედ.), რომელთა გარეშე (ან თუნდაც ერთის გამოკლებით) იგი კარგავს საკუთარ თავს და წარმოშობს ცრურწმენებს, სექტებს, ჯადოქრობას, ოკულტიზმს, სატანიზმსა და მსგავს ფსევდორელიგიურ მოვლენებს: მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანში არსებობს რელიგიის ცალკეული ელემენტები, ისინი, სინამდვილეში, მისი გახლეჩის, დეგრადაციისა და გადაგვარების პროდუქტია.

საზოგადოებრივ-პრაქტიკული გამოხატულებით ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია მართვის განსაზღვრული სტრუქტურა (ეკლესია), თავის მიმდევართა ცხოვრებისა და ღვთისმსახურების წესებით.

შინაგანი თვალსაზრისით კი რელიგია განსაკუთრებული სულიერი ცხოვრებაა, რომელიც ადამიანს მისსავე სულში დაფარულ მარადიული ღვთაებრივი სილამაზის სამყაროს აღმოაჩენინებს.



რას ნიშნავს სიტყვა „რელიგია"?


არსებობს რამდენიმე მოსაზრება, თუ როგორ დამკვიდრდა სიტყვა „რელიგია" (ლათ. religio - სინდისიერება, კეთილმსახურება, ღვთისმოსაობა, სიწმიდე, ღვთისმსახურება...). სახელგანთქმულ რომაელ ორატორს, მწერალსა და პოლიტიკურ მოღვაწეს, ციცერონს, მიაჩნდა რომ, „რელიგია" ნაწარმოებია ლათინური ზმნიდან „relegare" (ხელახლა შეკრება, კვლავ განსჯა, ისევ დაფიქსირება), რაც გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს: ღვთისმოსაობას ან „რაიმესადმი განსაკუთრებულ ყურადღებასა და პატივისცემას", მოწიწებას. აქედან გამომდინარე, ციცერონისთვის რელიგიის არსი უზენაესი ძალებისადმი, ღვთისადმი მოწიწებაა. ეს მოსაზრება სწორია, რადგან ღვთისმოსაობა, მოწიწება-კრძალვა რელიგიის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ურომლისოდაც რელიგიურობა პირმოთნეობა, ფარისევლობა და მხოლოდ წესების დაცვა იქნებოდა, ხოლო ღმრთასადმი რწმენა - უსიცოცხლო გულგრილი დოქტრინა. იმავდროულად, ძნელია დაითანხმო, რომ მოწიწება რაიმე იდუმალისადმი, გნებავთ, ღმრთისადმი, რელიგიის არსს წარმოადგენს. ღვთისმოსაობა, მოწიწება-კრძალვა აუცილებელია, მაგრამ ის მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი გრძნობაა, რომელიც ღმრთისადმი ადამიანის რელიგიური დამოკიდებულების თანამდევია და მისი არსის გამომხატველი ვერ იქნება.

ცნობილი ქრისტიანი მწერლისა და ორატორის, ლაქტანციუსის (+330 წ.) აზრით ტერმინი „რელიგია" წარმოდგება ლათინური ზმნიდან: „religare" რაც „შეერთებას"? „დაკავშირებას" ნიშნავს. ამიტომაც იგი რელიგიას განსაზღვრავს, როგორც ადამიანის კრძალულებით კავშირს ღმერთთან. ლაქტანციუსი წერს: „იმ პირობით ვჩნდებით ამქვეყნად, რომ ჩვენს გამჩენ ღმერთს ვმორჩილებდეთ, მას ერთადერთს ვაღიარებდეთ და მივდევდეთ. მასთან ღვთისმოშიშობით ვართ დაკავშირებულნი და აქედან წარმოდგება „რელიგიაც".

ლაქტანციუსის ეს განმარტება რელიგიის არსს განსაზღვრავს: რელიგია არის ღმერთთან ადამიანის სულის ცხოველი ერთიანობა, რომელიც ადამიანის გულის სანახებში აღსრულდება.

ასეთივეა ნეტარი ავგუსტინეს (+430 წ) მოსაზრებაც, თუმცა მას მიაჩნია, რომ „რელიგია" წარმოიქმნა ზმნიდან reeligare, რაც ნიშნავს „ხელახლა შემოერთებას", თვითონ რელიგია კი ადამიანსა და ღმერთს შორის ოდესღაც არსებული კავშირის აღდგენა-განახლებაა. ნეტარი ავგუსტინე წერს: „ღმერთის ძიებისას, ან უკეთ რომ ვთქვათ, ხელახლა ძიებისას (საიდანაც წარმოიშვა რელიგიის სახელწოდებაც), ჩვენ მისკენ სიყვარულით მივისწრაფვით, რათა როცა მივაღწევთ, დავმშვიდდეთ".

ამგვარად, სიტყვა „რელიგიას" ორი მნიშვნელობა ჰქონია: შეერთება და ღვთისმოსაობა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რელიგია არის ღმერთთან ადამიანის საიდუმლო სულიერი კავშირი, ცხოველი, ღვთისმოსავი, მოწიწებით-კრძალვითი ერთიანობა.



რელიგიის ძირითადი ჭეშმარიტებანი


რელიგიას გააჩნია ორი ძირითადი და სავალდებულო სწავლება:

მათგან პირველია სულიერი, სრულქმნილი, გონიერი პიროვნული საწყისის - ღმერთის არსების ცნება, რომელიც არის ყოველივე არსებულის, ხილულისა და უხილავის, მათ შორის ადამიანის, პირველმიზეზი. ღმერთის ცნებასა და თვისობრიობაზე სხვადასხვა რელიგიებს განსხვავებული წარმოდგენები აქვთ. ესენია: მონოთეისტური - ერთი ღმერთის (ერთარსება ღმერთის) ცნება; პოლითეისტური ანუ მრავალღმერთიანობა; დუალისტური ანუ ღვთაებრივი საწყისის (კეთილისა და ბოროტის) ცნება და ანიმისტური - რწმენა იმისა, რომ ბუნებაში არსებულ ყველა ძალასა და მოვლენას სული გააჩნია.

ქრისტიანული სწავლებით, „ღმერთი სიყვარულია" (1 ინ. 4,8), იგი მამაა ჩვენი, „რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ" (საქ. 17,28). ღმერთი, ერთდროულად, ის საწყისი ყოფიერება და ცნობიერებაა, რომლის წყალობითაც არსებობს მატერიალური და სულიერი ყოფიერებისა და ცნობიერების ყველა მრავალფეროვანი ფორმა, ადამიანის მიერ აღქმულიც და ვერ აღქმულიც. ღმერთი არის სიკეთის, ჭეშმარიტების, სილამაზის, სიყვარულისა და სამართლიანობის მყოფობა, რომელიც ადამიანის გონისთვის მიუწვდომელი და შეუცნობელია, მაგრამ, ამავე დროს, იგია ადამიანის სულიერი მისწრაფებების საბოლოო მიზანი.

რელიგიის მეორე უმნიშვნელოვანესი ჭეშმარიტებაა რწმენა იმისა, რომ ადამიანს შეუძლია ურთიერთობა და არა მარტო ურთიერთობა, არამედ სრულყოფილი და მარადიული თანაზიარობა ღმერთთან (მართლმადიდებლური სწავლებით - განღმრთობა).

რელიგიის სწავლების ეს აქსიომა, ფაქტობრივად, მისივე არსია. სწორედ აქედან წარმოდგა სახელწოდება „რელიგია".



რელიგიის არსი


რელიგიის თვისობრიობასა და არსზე ლაპარაკი, მის გარეგან მხარესთან შედარებით, უფრო რთულია, რადგან იგი ენით უთქმელი და გონებით ჩაუწვდომელი განცდების მთელ სპექტრს მოიცავს. სამაგალითოდ მოვიყვანოთ ასეთი შედარებები: ზოგჯერ ვამბობთ ხოლმე, რომ „დრო მხიარულად გავატარეთ", ან „გულზე დარდი გვაწევს", მაგრამ ჩვენთვის რა იგულისხმება სიტყვების - „მხიარულად" და „დარდი" - მიღმა? ამის გაგება სხვა ადამიანს არ შეუძლია, რადგან თითოეულის შინაგანი სამყარო ღრმაა, ინდივიდუალურია და მისი სიტყვიერად გადმოცემა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომაც, თითოეული რელიგია გარეგნულად ასეთია: არსებობს განსაზღვრული ორგანიზაცია (ეკლესია) თავისი დოგმატებით, კონკრეტული ზნეობრივი მოთხოვნებით, წესებით, განსხვავებული მღვდელმსახურების წესით: შინაგანად კი ეკლესია მორწმუნე ადამიანისთვის ცოცხალ ღმერთთან შეხვედრის ადგილია, ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და ზიარებაა. ამდენად, განსხვავებულია ეკლესიის გარეგნული ფორმა ცალკე აღებული და მისი შინაგანი ცხოვრება. შესაბამისად, ამ სულიერი განცდების მრავალფეროვნების სიტყვიერად გადმოცემა ადამიანს, რელიგიის გარეგნული მხარეების თუნდაც კარგად მცოდნეს, არ ხელეწიფება. მღვდელი პავლე ფლორენსკი წერდა: „რელიგიის საიდუმლოებანი არ არის ის, რისი გამჟღავნებაც (გათქმა) არ შეიძლება; ისინი არც შეთქმულთა პირობითი პაროლებია. ეს არის გამოუთქმელი, ენით აღუწერელი განცდები, რომელთა სიტყვიერად გამოხატვა შეუძლებელია". დიდმა რუსმა მოაზროვნემ, შემდგომში - ღვთისმეტყველმა, ს.ნ. ბულგაკოვმა (+1944 წ.) იგივე აზრი რელიგიის იდუმალი საიდუმლოს გამოუთქმელობაზე ასე გამოხატა: „ყველაზე ზოგადი ფორმით, რელიგია შეიძლება განვსაზღვროთ ასე: რელიგია არის ღმერთის აღმოჩენა და ღმერთთან კავშირის განცდა". რელიგიური განცდები არწმუნებს ადამიანს იმაში, რომ არსებობს ღვთაებრივი სამყარო - რელიგია კი არ ცდილობს, ადამიანს დაუდასტუროს და დაუმტკიცოს ღვთაებრივი სამყაროს არსებობა, არამედ ადამიანი განიცდის ამას თვითონვე.

ჭეშმარიტად რელიგიურ გზას მხოლოდ ის ადამიანი დაადგა, ვინც საკუთარი ცხოვრების გზაზე რეალურად შეხვდა ღვთაებრივს, ვისაც შეეწია მისი ყოვლისშემძლე ძალა. რელიგიური გამოცდილება არ არის მეცნიერული თვალსაზრისის სფერო; იგი არც ფილოსოფიური, არც ესთეტიკური, არც ეთნიკური განცდაა. ისევე, როგორც გონებით ვერ შეიცნობ სილამაზეს (მასზე მხოლოდ ფიქრია შესაძლებელი), აზრი რელიგიური განცდის მწველი ცეცხლის მხოლოდ ფერმკრთალი გამოხატულებაა... წმიდანთა, წინასწარმეტყვლთა, რელიგიის ფუძემდებელთა ცხოვრება და რელიგიის თვალსაჩინო ძეგლები (დამწერლობა, კულტი, ზნე-ჩვეულებანი) თითოეულის პირად გამოცდილებასთან ერთად, რელიგიის სფეროში უფრო კარგად შეიმეცნება, ვიდრე განყენებული ფილოსოფიური მსჯელობა მასზე.

დიდი წმიდანი, ღირსი ისააკ ასური, წერს, რომ უამრავი მტკიცებულება შეიძლება მოვიყვანოთ რელიგიური განცდებისა და სიყვარულის მდგომარეობაზე, უსაზღვრო სიხარულისა და სიყვარულის მდგომარეობაზე, ჭვრეტის მადლის მიღებაზე, განკურნებასა და იმის წვდომაზე, რაც ადამიანზე ზეაღმატებულია (სულიერი სამყარო), რაც მისი თანასწორია (სხვა ადამიანთა სულები) და რაც მასზე მდაბალია (ბუნებრივი სამყარო), აგრეთვე სხვა უჩვეულო მადლმოსილებათა შესახებ. პავლე მოციქულმა იგივე აზრი წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვებით გვამცნო: „რომელი თვალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერომან მოყუარეთა თვსთა" (1 კორ. 2,9).

მიუხედავად ამისა, მსგავსი მტკიცებულებანი „გარეგნული" და არაფრისმთქმელი იქნება მათთვის, ვინც პირადად ერთხელაც არ შეხებია იდუმალი ღვთაებრივი სილამაზის სამყაროს.



რელიგიის წარმოშობა


რელიგიის წარმოშობა ერთ-ერთი ძირითადი საკამათო საკითხია რელიგიასა და ათეიზმს შორის. კრიტიკოსებს რელიგიის პირველსაწყსისა და მისი წარმოშობის ზებუნებრივი ხასიათის, ღმერთის იდეის ბუნებრივი წარმოშობის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა ვერსია აქვთ. მათი არსი მოკლედ შეიძლება გამოითქვას ფოიერბახისეული აფორიზმით: „ღმერთმა კი არ შექმნა ადამიანი, არამედ ადამიანმა შექმნა ღმერთი" (ფსალმუნში კი პირიქითაა: „მან შემქმნნა ჩუენ, და არა ჩუენ" (ფს. 99,3) - რედ.). ვიდრე რელიგიის წარმოშობის შესახებ დადებით მოსაზრებებს შემოგთავაზებდეთ, განვიხილოთ ყველაზე მეტად გავრცელებული ჰიპოთეზები.



1. ნატურალისტური ჰიპოთეზა



ნატურალისტური (ლათ. natura - ბუნება) ჰიპოთეზა ჯერ კიდეე რომაელმა პოეტმა და ფილოსოფოსმა ლუკრეციუსმა (ჩვ. წ. აღ.-მდე I ს.) წამოაყენა. ამ ჰიპოთეზის თანახმად, ღმერთისა და რელიგიის იდეა წარმოიშვა ბუნების მრისხანე მოვლენებისადმი ადამიანური შიშითა და გაურკვეელობით („პირველი ღმერთები შიშმა შექმნა", რადგან ადამიანებს არ ესმოდათ ბუნების კანონები და შესაბამისად - ამ მოვლენების წარმოქმნის მიზეზები.



2. ანიმისტური ჰიპოთეზა


ანიმისტური (ლათ. animus - სული) ჰიპოთეზა გაჩნდა და განვითარდა XIX საუკუნეში. ამ ჰიპოთეზით, რელიგიის წარმოშობის წყაროა სიზმრები, გულყრა, ჰალუცინაცია, სიკვდილი და მსგავსი მოვლენები. მათზე დაკვირვებამ „განუვითარებელ ადამიანს" გაუჩინა აზრი, რომ არსებობს სხვა რეალური სამყაროც.



3. ფოიერბახის ჰიპოთეზა


რელიგიის წარმოშობის შესახებ განსხვავებული იდეის ავტორია XIX საუკუნის მოაზროენე, ჰეგელის ერთ-ერთი მიმდევარი ლ.ფოიერბახი (+1872 წ.). მისი ჰიპოთეზა ემყარება ძველ დებულებას, რომლის თანახმადაც ადამიანი განასახიერებს ბუნების ძალებს, როგორც ძველი რელიგიური რწმენების საფუძველს. ლ.ფიოერბახის აზრით, რელიგია ადამიანის აბსტრაქტული ბუნების ცალკეული მხარეებისა და თვისებების განსახიერების შედეგად „ამოიზარდა". „რა არის სული, - კითხულობს ფოიერბახი, - თუ არა სულიერი მოღვაწეობა, რომელმაც დამოუკიდებელი არსებობა ადამიანის ფანტაზიისა და ენის წყალობით შეიძინა, თუ არა სულიერი მოღვაწეობა, რასაც არსება განასახიერებს?ფოიერბახი რელიგიების კლასიფიკაციასაც გვთავაზობს. მისი აზრით, „სულიერი" რელიგიებია: იუდაიზმი, ბუდიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. „ბუნებრივია" ყველა პირველყოფილი და ძველი წარმართული რწმენები. „ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის არსება" - ასეთია ფოიერბახის „სულიერი" რელიგიის პოსტულატი. რაც შეეხება „ბუნებრიე" რელიგიებს, „ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა ბუნება ან ბუნების არსება".

რელიგიის წარმოშობის შესახებ ფოიერბახის მოსაზრებები შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგ თეზისად: ანთროპოლოგია თეოლოგიის საიდუმლოებას წარმოადგენს. ფოიერბახის აზრით, რელიგიის არსი შეიძლება გამოიხატოს ასეთნაირად: ღმერთკაცი. იგი შეეცადა კიდეც, შეექმნა ახალი რელიგია - ადამიანის კულტის რელიგია. ს.ბულგაკოვი ფოიერბახის რელიგიურ შეხედულებებს ასეთი ლაპიდარული ფორმულით განსაზღვრავს: „ადამიანი ადამიანისთვის ღმერთია. ეს არ არის რელიგიის უარყოფა: იგი არც ათეიზმია - თეიზმის საპირისპიროდ: ეს არის ანთროპოთეიზმი, თანაც, ანთროპოლოგია, ვითარების გათვალისწინებით, ღვთისმეტყველების როლში აღმოჩნდა".



4. სოციალური ჰიპოთეზა




სოციალური ჰიპოთეზის არსი საკმაოდ მკაფიოდ არის გამოხატული შემდეგ გამონათქვამებში:

„რელიგია დასაბამითვე არის საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმა და შესაბამისად - საზოგადოებრივი პროდუქტი, საზოგადოების ისტორიული განვითარების შედეგი. საზოგადოებრივი ცნობიერების სხვა ფორმებისგან იგი იმით განსხვავდება, რომ მასში რეალური ცხოვრებისადმი დამოკიდებულება ილუზორულად, ზებუნებრივზე წარმოდგენების ფორმით აისახება. რეალური ცხოვრების ასხვის რელიგიური ფორმა, თავის მხრივ, სოციალურად არის განპირობებული. პირველყოფილ საზოგადოებაში - ბუნებასთან ბრძოლისას ადამიანის უძლურების შეგრძნებით, კლასობრივ საზოგადოებებში - სოციალური ჩაგვრის წინაშე უძლურების განცდით" (ფ.ა. ანისიმოვი, პირველყოფილი რელიგიის განვითარების ეტაპები, 1967).

„საწარმოო ძალების დაბალი განვითარების გამო ადამიანებს არ გააჩნდათ არსებობისათვის აუცილებელი საშუალებების რეგულარული წყაროები... ადამიანს უჩნდებოდა განცდა, რომ იგი მთლიანად ბუნების ძალებზე იყო დამოკიდებული, რის გამოც ეს უკანაკნელი საკუთარ თავზე ძლიერად (მაღლა მდგომად) მიაჩნდათ და მათ ზებუნებრივ ხასიათს აღიარებდნენ. პირველყოფილი ადამიანის რელიგიის ფესვები სწორედ საზოგადოებრივი წარმოების განუვითარებლობაში უნდა ვეძებოთ..." (მეცნიერული ათეიზმის ძირითადი საკითხები. პროფ. ი.დ. ფანცხავას რედაქციით 1966).

მაშასადამე, ახალი - სოციალური ჰიპოთეზის შინაარსი მოიცავს ორ ძირითად დებულებას:

1. რელიგია საზოგადოებისა და თვით ადამიანის განვითარების მხოლოდ განსაზღვრულ საფეხურზე შეიძლებოდა წარმოშობილიყო, ანუ იგი ადამიანთა საზოგადოების საწყისი მოვლენა არ არის.

2. რელიგიის წარმოშობას განაპირობებს:

ა) სოციალური ფაქტორი - „საზოგადოებრივი წარმოების განუვითარებლობა" (პირველყოფილ საზოგადოებაში - ბუნებასთან ბრძოლისას ადამიანის უძლურების შეგრძნება, კლასობრივ საზოგადოებაში - სოციალური ჩაგვრის წინაშე უძლურება):

ბ) გნოსეოლოგიური ფაქტორით - „როცა ადამიანს აბსტრაქტული აზროვნების უნარი უვითარდება". აბსტრაქტული აზროვნება კი იძლევა საშუალებას, ადამიანის ცნობიერებაში გაჩნდეს „რეალური სინამდვილის ფანტასტიკური ასახვა", ანუ ზებუნებრივი, რელიგიური.


ღმერთის იდეის წარმოშობის უარყოფითმა ჰიჰოთეზებმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს რელიგიის არსისა და მისი წარმოშობის სათავეების საკითხის კვლევაში.

ამ ჰი პოთეზებმა - ერთი მხრივ, ადამიანის სულიერი მოღვაწეობის სხვადასხვა მხარის, ბუნებრივი პირობებისა და იმ სოციალური გარემოს შესწავლამ, რომელშიც ის ვითარდებოდა და, მეორე მხრივ - დასკვნების ალოგიკურობამ კიდევ ერთხელ მთელი ძალითა და დამაჯერებლობით აჩვენა, რომ რელიგია არ არის „მიწის" ნაყოფი.

ფაქტობრივად გამოკვლეულია რელიგიის ბუნებრივი წარმოშობის ყველა შესაძლო მიზეზი, თუმცა ღმერთის იდეის სათავე ჯერ არ არის ნაპოვნი. მაშ, როგორ შეიძლება აიხსნას ადამიანთა საზოგადოების ასეთი „არაბუნებრივი" და უცნაური ფენომენის - რელიგიის - წარმოშობა?



5. დადებითი შეხედულება რელიგიის წარმოშობაზე



ზემოთ დასმულ შეკითხვაზე ერთადერთი ლოგიკურად გამართლებული პასუხი მოიპოვება: ადამიანის ცნობიერებაში ღმერთის იდეის გაჩენა და რელიგიის წარმოშობა განპირობებულია იმით, რომ არსებობს ღმერთი, ადამიანზე განსაკუთრებულად რომ ზემოქმედებს და განსაზღვრულ პირობებში ადამიანს ძალუძს ღვთის ეს მოქმედებანი აღიქვას.

რა შინაგანი ფაქტორები განაპირობებენ ადამიანში ღმერთისადმი რწმენის გაჩენას, რელიგიის საწყისს მასში?

პირველი პირობა - ეს არის ჭეშმარიტების, როგორც ცხოვრების აზრის გულწრფელი ძიება. მაძიებელი ამით ადასტურებს, რომ სულიერად ცოცხალია, ან პირიქით - სულიერად მკვდარი - არ ეძიებს და ვერ ჰპოვებს. ღმერთმა ამიტომაც დაუშალა თავის მოწაფეს წასვლა და მამის დამარხვა - „მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა. ჰრქუა მას იესუ: აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა" (ლკ. 9,59-60), - რომ მოწაფეც არ მომკვდარიყო სულიერად მკვდრებს შორის. ქრისტეს მცნება - „ითხოვდით, და მოგეცეთ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოთ თქუენ; რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, ჰპოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს" (მთ. 7, 7-8) - ღმერთის ძიების გზაზე ყოველთვის პირველი და აუცილებელი პირობაა.

როგორ უნდა მოიქცეს ჭეშმარიტი მაძიებელი? - მას ერთადერთი საშუალება აქვს: დაბეჯითებით შეისწავლოს რელიგიური გზა, ერთადერთი, რასაც შეუძლია უპასუხოს ცხოვრების მთავარ კითხვას - არსებობს თუ არა ღმერთი და, შესაბამისად, მარადიული ცხოვრება. თუ სიკვდილი ბატონობს ადამიანზეც და სამყაროზეც?

საამისოდ აუცილებელია კიდევ ერთი პირობა - მაძიებლის ზნეობრივი სიწმინდე.

ვისაც სურს, დარწმუნდეს ღმერთის არსებობაში, ჭეშმარიტება უნდა ეძებოს არა მარტო რაციონალურად (გონებით), სხვადასხვა მსოფლმხედველობის შესწავლითა და მათი შედარებით, არამედ ზნეობრივი განწმენდით, ანუ:

1. ადრე ჩადენილი ყველა იმ სულისა და სინდისის დამღუპველი ცოდვების, ბოროტების, უსამართლობისა და უპატიოსნობის სრული და წრფელი მონანიებით მღვდლისა და მათ წინაშე, ვის მიმართაც ეს ჩაგვიდენია.

2. ცხოვრების კანონად უნდა ექცეს გადაწყვეტილება, აღასრულოს ყველა ის ზნეობრივი პრინციპი და მოთხოვნა, რასაც გვასწავლის ახალი აღთქმა და რაც შეესაბამება იოანე ღვთისმეტყველის შემდეგ სიტყვებს: „საყუარელნო! ვიყუარებოდით ურთიერთას" (1 ინ. 4,7). ის, რაც ზნეობრივი უძლურების გამო ვერ შესრულდა, კვლავ გულწრფელ მონანიებას ითხოვს. ასე და ამგვარად აღსრულდება შჯული და მონანიება. სჯულის აღსრულება, სინანული - აი, ეს არის ქრისტიანული სწავლების ზნეობა, რომელიც ღმერთის მაძიებელს ღმერთს აპოვნინებს (დაანახებს), რადგან: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მთ. 5,8).

ჭეშმარიტების უანგარო ძიებას, სახარებისეული ზნეობის მთელი ძალით შესრულებას, წმიდა წერილის (ძირითადად - ახალი აღთქმის), წმიდა მამათა და ეკლესიის ავტორიტეტულ მოღვაწეთა ნააზრევის შესწავლას, ღვთისმსახურებაზე დასწრებასა და ჯერ კიდევ უხილავი ღმერთისადმი გულწრფელ ლოცვას: „ღმერთო, შემეწიე მე ცოდვილსა და უძლურს" - უცილობლად მოჰყვება პასუხი.

ადამიანმა, რომელმაც უკვე იწამა ღმერთი, უნდა აირჩიოს რელიგია. როცა დარწმუნდება ქრისტიანობის, ანუ ქრისტესა და მისი სახარების ჭეშმარიტებაში, ქრისტიანის წინაშე ჩნდება უფრო სათუთი და რთული საკითხი - ქრისტიანული კონფესიების (კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი...) შეფასება, რაც ეკლესიის ისტორიის მიუკერძოებელ შესწავლას საჭიროებს, რათა სავსებით გაცნობიერებულად და თავისუფლად მიიღოს მართლმადიდებლობა.



პირველი რელიგია

თუკი ღმერთი ერთია, მაშინ რელიგიაც ხომ ერთი უნდა იყოს? არადა, მსოფლიოში ადრეც და ახლაც ბევრი რელიგია არსებობს. რომელი მათგანი იყო პირველი რელიგია? როგორ გაჩნდა მრავალი რელიგია და რა გახდა ამის მიზეზი?

პირველ რელიგიაზე არსებობს რამდენიმე თვალსაზრისი, რომელთაც, საბოლოოდ, მივყავართ ალტერნატივამდე: ან ერთღმერთიანობა ან მრავალღმერთიანობა. ამ უკანასკნელში სხვადასხვაგვარი სარწმუნოების ფართო სპექტრი იგულისხმება - პოლითეიზმიდან ანიმიზმამდე და ფეტიშიზმამდე. აღნიშნულ საკითხზე განსხვაეებული დასკვნები აქვს მეცნიერებას, იდეოლოგიას და რელიგიას.

მეცნიერება, ძირითადად არქეოლოგია და ეთნოგრაფია, ევროპული ცივილიზაციის სათავედ მალტის სატაძრო კულტურის ნანგრევებს (IV-II ათასწ. ჩვ.წ.აღ-მდე) მიიჩნევს და მისი თვალსაწიერი ისტორიის უფრო შორეულ სიღრმეებს ეერ სწვდება. კრეტისა და მიკენის კულტურიდან (III-II ათასწ. ჩვ.წ.აღ-მდე) საყოფაცხოვრებო ჩანაწერებმა და ჯერაც გაუშიფრავმა რამდენიმე ტექსტმა მოაღწია მხოლოდ, ხოლო მალტის ნანგრევებიდან დამწერლობის ერთი გრაფიკული ნიშანიც კი არ შემორჩენილა. ამიტომაც, იმდროინდელ რელიგიურ წარმოდგენებზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმაა შესაძლებელი. შესაბამისად, ეეროპული ცივილიზაციის ბიბლიის წინარე პერიოდის აზროვნებას ისევ და ისევ ჰომეროსის „ილიადა" უდებს სათავეს, ანუ ეს არის VIII-VII საუკუნეები ჩვ.წ.აღ-მდე. საინტერესოა, როგორი იყო „ჰომო საპიენსის" რელიგიური რწმენა, რომელიც, თანამედროეე მეცნიერთა მტკიცებით, დაახლოებით 35 ათასი წლის წინ გაჩნდა და, სავარაუდოდ, მზის კულტს აღიარებდა? - მზეს ეთაყვანებოდა თუ მასში „სიმართლის მზის" - ღმერთის - ხატებას და გამოსახულებას ხედავდა? მეცნიერება ამაზე ვერაფერს ამბობს. სამაგიეროდ, მსოფლიოში უძველესი დათარიღებული რელიგიური ლიტერატურული ძეგლის - მეფე უნასის (XXIV ს. ჩვ.წ.აღ-მდე) პირამიდის ტექსტში - ნახსენებია „უხილავი და ხილული სამყაროს" შემოქმედი რა-ატუმი.

ინდური ვედებიც ბევრ შეკითხვას ბადებენ, რადგან მონაცემთა უქონლობის გამო მეცნიერებას მათი ზუსტი დათარიღება არ შეუძლია, თუმცა არავის ეპარება ეჭვი, რომ ისინი ჩვ.წ.აღ-მდე 2 ათასი წლის უადრეს არ არის შექმნილი. ვედები ლაპარაკობენ ღმერთზე და ღმერთებზე. ამასთან, მეცნიერთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ უძველესი ტექსტები უფრო ახლოა მონოთეიზმთან, გვიანდელი კი - პოლითეიზმთან და პანთეიზმთან.

მსგავს მდგომარეობას ვხედავთ ასურულ-ბაბილონური, ბერძნული, რომაული და სხვა ცივილიზაციების რელიგიური წყაროების შესწავლისას. პოლითეიზმში, ერთი შეხედვით, მეცნიერები უფრო ძველი მონოთეიზმის კვალს პოულობენ. ამგვარად, ძირველ რელიგიაზე მეცნიერებას არ შეუძლია ზუსტი დასკვნის გამოტანა, მაგრამ დიდი ალბათობით ვარაუდობს: პირველი რელიგია შეიძლება იყოს მონოთეიზმი (ან: წინარემონოთეიზმი).

იდეოლოგია და რელიგია კითხვას, თუ რომელია პირველირელიგია, მეცნიერებისაგან განსხვ

ავებით, სხვა საფუძველზე დაყრდნობით პასუხობს და ამიტომ დასკვნებიც სრულიად განსხვავებულია.

იდეოლოგია. ბოლო დრომდე, იდეოლოგია უაღრესად ათეისტური იყო და ევოლუციური თეორიის უპირობო ჭეშმარიტებასა და უნივერსალობას ემყარებოდა. როგორც ცნობილია, ამ თეორიის ძირითადი პრინციპია ევოლუცია - სიცოცხლის ყველა ფორმის თანადათანობითი განვითარება, თვით ადამიანის ცნობიერების ჩათვლით. მასში იგულისხმება რელიგიური სფეროც - ევოლუციის თანახმად, რელიგიაც უდაბლესი ფორმებიდან (ფეტიშიზმი, ანიმიზმი, საბეიზმი და ა. შ.) აღმავალი ხაზით ვითარდებოდა მონოთეიზმისკენ.

ეს იდოეოლოგიური პოზიცია, სულ ცოტა, ორ პრინციპულ შეცდომას შეიცავს.

პირველი შეცდომა სათანადო საფუძვლის გარეშე სიცოცხლის ყველა ფორმისადმი ევოლუციური თეორიის უპირობო მისადაგება და გამოყენებაა.

საქმე ისაა, რომ ევოლუციური თეორია ბიოლოგიის თვალსაზრისითაც არ არის დამაჯერებელი, რასაც მეცნიერული დებულებებიც ცხადყოფენ:

1. მეცნიერებამ არ იცის კანონი, რომელიც არაორგანულ მატერიას (ატომებსა და მოლეკულებს) ცოცხალ უჯრედად გარდაქმნიდა, მითუმეტეს, გონებას წარმოშობდა. სახელგანთქმული კანადელი ბიოლოგი, პროფესორი და თავისი მრწამსით აგნოსტიკოსი, მ.რიუზი ადამიანის გონების ე.წ. ევოლუციური გზით წარმოშობაზე წერდა: „დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ბიოლოგიური თეორია და ექსპერიმენტული პრაქტიკა გარკვევით ადასტურებს საპირისპიროს. თანამედროეე თეორიულ ბიოლოგიაში არ არსებობს ისეთი რამ, რაც გონების წარმოქმნის გარდაუვალ აუცილებლობას დაუშეებდა".

2. მოლეკულების შემთხვევითი გადაჯაჭვის შედეგად სიცოცხლის წარმოშობის ალბათობა მეტისმეტად მცირეა და ზოგიერთი გამოთვლით იგი უდრის 10-255-ს. ამერიკელი მეცნიერის, კასტლერის, თქმით, სწორედ ამიტომ, „სიცოცხლის ასეთნაირად წარმოქმნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია"; „ვარაუდი, რომ ცოცხალი სტრუქტურა მოლეკულების შემთხვევითი შეერთებით შეიძლებოდა გაჩენილიყო, უნდა უარვყოთ". სხვა ამერიკელი მეცნიერ-ბიოლოგი ამავე აზრს ასეთი შედარებით გამოხატავს: ,,...ალბათობა, რომ უჯრედი თავისთავად გაჩნდა, სულ ცოტა, იმის ალბათობას უდრის, რომ რომელიმე მაიმუნს შეუძლია, ბიბლიის სრული ტექსტი 400-ჯერ დაბეჭდოს და ერთი შეცდომაც კი არ დაუშვას".

3. ერთი სახეობიდან მეორის წარმოშობაზე ევოლუციური თეორის მთავარი თეზისი უსაფუძვლოა, ყოველ შემთხეევაში, მაღალორგანიზებული ფორმების შემთხეევაში მაინც.

4. დღემდე, თვით ცნება „სიცოცხლე" სცილდება შესაძლო მეცნიერულ ცოდნას, რადგან იგი (სიცოცხლე), თურმე, მხოლოდ მატერიალური ელემენტების განსაკუთრებული შეერთება კი არა, პრინციპულად გამორჩეული და ბევრად მეტი რამ არის, რაც, უპირატესად, ადამიანს ეხება.

ათეისტური იდეოლოგიის მეორე შეცდომაა, ერთი მხრივ, რელიგიის უდაბლესი ფორმების დღემდე არსებობის უგულებელყოფა (არა მარტო ე. წ. პრიმიტიულ ხალხებს შორის, არამედ უმაღლესი ცივილიზაციის ქვეყნებშიც); მეორე მხრივ კი იმის აღიარება, რომ ხდება რელიგიური ცნობიერების აშკარა და უფრო და უფრო ღრმა გადაგვარება შედარებით განვითარებულ საზოგადოებაში, სადაც ქრისტიანობას ავიწროებს ოკულტიზმი, მაგია, ასტროლოგია, „ახალი ერის" სხვადასხვა ცრუ რელიგია. მაშასადამე, თვალნათელია რელიგიური ცნობიერების არა ევოლუცია, არამედ აშკარა ინვოლუცია, რაც იდეოლოგიის ამოსავალ თეზისს ეწინააღმდეგება.

რელიგიური - ქრისტიანული - შეხედულება თავდაპირველ რელიგიაზე ბიბლიას ეფუძნება. მის პირველსავე სტრიქონებში ლაპარაკია მონოთეიზმის დასაბამითობაზე. მოსეს ათ მცნებაში ერთი ღმერთის თაყვანისცემა უპირველესი მცნებაა. ეს მოთხოვნა ისევე, როგორც ძეელ აღთქმაში, ახალ აღთქმაშიც გრძელდება და დაბეჯითებით და მრავალგზის მეორდება. ბიბლიის დამოწმების ობიექტური საფუძველია ის, რომ ბიბლია ერთ-ერთი უძველესი წერილობითი წყაროა, რომლის ისტორიული უტყუარობაც სულ უფრო და უფრო დასტურდება მეცნიერული გამოკვლევებითაც.

ამიტომაც, არსებობს საკმაო საფუძველი, რათა ითქვას, რომ პირველი ადამიანების რელიგია იყო მონოთეისტური (ერთღმერთიანობა), ხოლო სხვა რელიგიური ფორმები მოგვიანებით, ადამიანის რელიგიური ცნობიერების დეგრადაციის შედეგად გაჩნდა, რასაც შესაბამისი მიზეზები ჰქონდა.



წიგნიდან: „რა არის ქრისტიანობა"
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია, 2006 წ




Комментариев нет:

Отправить комментарий