ღმერთი

ღმერთი

пятница, 23 мая 2014 г.

წმინდა მოციქული სვიმონ მოშურნე -კანანელი

ხსენება – ახალი სტილით 23 მაისი

წმინდა სვიმონ მოშურნე გალილეის ქალაქ კანადან იყო წარმოშობით და თავიდანვე იცნობდა იესოს და მის ყოვლადწმინდა დედას, რადგან ეს ქალაქი მცირე მანძილით იყო დაშორებული ნაზარეთს.

პირველი სასწაული, რომელიც იესომ აღასრულა, ეს იყო კანას გალილეას ქორწილში, როცა წყალი გადააქცია ღვინოდ. ამ ქორწილში ნეფე იყო სვიმონი, იოსებ დამწინდველის ძე პირველი ქორწინებიდან. სვიმონი იმდენად ღარიბი იყო, რომ შუა ქეიფში დაუმთავრდათ ღვინო. იესომ შეიტყო ამის შესახებ და ბრძანა, მოეტანათ ცარიელი ქვაბები და შიგ ჩაესხათ წყალი. სასწაულის შემდგომ თამადამ გასინჯა ღვინო და მცირედი საყვედურით აღნიშნა, რომ სანამ მეინახეები დათვრებოდნნ, მანამდე უნდა მიერთმიათ მათთვის საუკეთესო ღვინო. სვიმონმა იხილა უფლის სასწაული, მიატოვა ცოლი და გაჰყვა ქრისტეს. მას შემდეგ დაერქვა მას კანანელი ანუ ზილოტი, რაც ბერძნულ ენაზე “მოშურნეს, გულმოდგინეს” ნიშნავს. მოგვიანებით იმ ადგილას, სადაც კანას გალილეაში აღსრულდა პირველი სასწაული, წმიდა მოციქულთა სწორმა ელენემ ტაძარი ააგო.

სვიმონმა ყველაფერი მიატოვა უფლისათვის, უარყო საკუთარი თავი, ქვეყნიური კეთილდღეობა, ოჯახური ბედნიერება და მთელი არსებით მაცხოვარს შეუდგა.


ამისთვის უფალმა იესო ქრისტემ თავის მრავალრიცხოვან მოწაფეთა შორის იგიც გამოარჩია და თორმეტ მოციქულს შორის შერაცხა.

როცა მეერგასის დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა გარდამოხდა ცეცხლოვანი ენების სახით და ყოველმა მათგანმა სხვადასხვა ენებზე მეტყველების უნარი შეიძინა, სხვებთან ერთად სვიმონ მოშურნეც აღივსო საღმრთო მადლით, რათა მთელს ქვეყნიერებაზე მცხოვრები ერებისათვის ექადაგა სახარება.

მართლაც, იგი მხნედ გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და მრავალ ქვეყანაში მოაქცია წარმართები ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ქრისტეს რწმენის ხარებით მოიარა წმინდა სვიმონ მოშურნემ ეგვიპტე, მავრიტანია (დასავლეთ აფრიკაში), ლიბია, ნუმიდია, კვირინეა; შორეულ ბრიტანეთშიც ჩავიდა, სადაც მრავალი წარმართი, აქამდე კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადში ჩაფლულნი, ქრისტეს ეკლესიას შესძინა.

ამ სამოციქულო ღვაწლში სვიმონ მოშურნეც მრავალ განსაცდელსა და ტანჯვა-წამებას დაითმენდა, მაგრამ უფლის შეწევნით ყოველთვის მხნედ ეგებებოდა შეჭირვებას და კვლავაც განაგრძობდა კეთილი თესლის თესვას, სანამ მანაც მოწამებრივი სიკვდილით არ დაასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება აფხაზეთში.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად სვიმონ მოშურნე ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებში და, მათ შორის, აფხაზეთშიც, სადაც ჯვარზე ტანჯვა-წამებით სიკვდილი დაითმინა ურწმუნოთაგან მსგავსად ჩვენი უფლის იესო ქრისტესი. მისი მოწამეობრივი აღსრულების ადგილზე, მთებში, ახალ ათონთან, XIX საუკუნეებში ეკლესია ააგეს, და ეს წმინდა ადგილი მრავალი ადამიანისათვის იქცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისა და ღმერთთან დაბრუნების წყაროდ.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანებს: “საქართველოს მიწა ქრისტეს ზიარი სისხლით იკურთხა: სვიმონ კანანელის მიერ დაღვრილი მოწამეობრივი სისხლი არის ჭეშმარიტად მირონი ღვთისა წინაშე… და დღეს, როდესაც წმიდა სვიმონის მიერ კურთხეული აფხაზეთი ყოველი ქართველის ღია ჭრილობად იქცა, შევევედროთ დიდ წმიდანს, შეგვეწიოს, შევთხოვოთ მის სახიერებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მისი სულიერი ამაღლება”.

ქეთი ჭელიძე


ambioni.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий