ღმერთი

ღმერთი

вторник, 27 мая 2014 г.

რელიგიური მისია ხშირად მეტისმეტად საერო სახელწოდებით ინიღბება

როგორ დავიცვათ თავი სექტანტებისგან

ტოტალიტარულ სექტებს, როგორც არ უნდა განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისგან, ერთი საერთო თვისება უდავოდ აქვთ - ცდილობენ, ადამიანი მანამდე ჩაითრიონ, სანამ ის მათ შესახებ რამეს შეიტყობდეს. სექტები პოტენციურ ან ახალგადაბირებულ წევრებს საგულდაგულოდ უმალავენ თავიანთ ჭეშმარიტ ბუნებასა და ნამდვილ მიზნებს და მიმდევართა მისაზიდად ათასგვარ მაცდურ ხერხს მიმართავენ. პირველი შეხვედრისას სექტის უცნობი წარმომადგენელი გულითად საუბარს გაგიბამთ და გულღია და სხვებზე მზრუნველ ადამიანად მოგაჩვენებთ თავს. ხშირად სექტის აგიტატორები აშკარა სიცრუესაც არ ერიდებიან, რადგან, მოგეხსენებათ, "მიზანი ამართლებს საშუალებას"!

როგორ განვასხვაოთ სიყალბე ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლებისგან?

ჩვენს დროში თეოლოგია არ არის განყენებული მსჯელობის სფერო ან პროფესიონალთა ვიწრო წრის საქმე; ღვთისმეტყველება რელიგიური უსაფრთხოებისა და პიროვნული გადარჩენის საკითხია. დღეს ხშირად მართლმადიდებლურ ტრადიციად ცხადდება ის წარმართული ცრურწმენები, რომელსაც ეკლესია საუკუნეთა მანძილზე ებრძოდა. ვისაც სჯერა, რომ ნებისმიერი გზა ტაძრამდე, ღვთის შეცნობამდე მიგვიყვანს, ადვილად გაყვება რომელიღაც "წმინდა წერილით" შეიარაღებულ პირველივე შემხვედრ გურუს. დღეს მართლმადიდებლობისადმი მხოლოდ სიმპათიის გამოვლენა არ კმარა; მწყურვალივით უნდა დავეწაფოთ მას, კარგად გავეცნოთ ეკლესიის ისტორიასა და ქრისტიანული ღვთისმეტყველების საფუძვლებს.

ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და აპოლოგეტი, დიაკონი ანდრეი კურაევი, სექტანტური პროზელიტიზმისგან თავის დასაცავად ერთგვარ "უსაფრთხოების ტექნიკას" გვთავაზობს:

1. უნდა დავიხსომოთ, რომ "სულიერება", რომელსაც გვიქადაგებენ, ორაზროვანი სიტყვაა. ის მხოლოდ მიგვანიშნებს შთაგონებაზე, როგორც ცოდნის მიღების ან მოტივაციის წყაროზე, მაგრამ მიღებულის სიკეთეზე პასუხს არ აგებს. ხშირად შთაგვეგონება სიკეთით შენიღბული ბოროტება... ყველაფერი ღვთისგან როდია! ნებისმიერი რელიგიური ორიენტაცია ღმერთთან ვერ მიგვიყვანს. ვუფრთხილდეთ ცრუ მოძღვრებას.

2. თუნდაც გაკლდეთ რელიგიური ცხოვრებისთვის აუცილებელი შინაგანი გამოცდილება და ურყევობა ან თავს მიიჩნევდეთ არა ათეისტად, მაგრამ რწმენის ნიჭს მოკლებულ ადამიანად, - მაინც გააკეთეთ არჩევანი. გულში თქვით: "თუკი ოდესმე უფლის გზას შევუდგები, გავხდები მართლმადიდებელი, თუნდაც მხოლოდ ოჯახური, მამა-პაპათა ტრადიციის გამო, და არა რომელიღაც სექტის წევრი"... იყავით ერთგულნი, ნუ აჰყვებით მაცდუნებელ "სულიერ" წინადადებას, ნუ სცემთ თაყვანს უცხო "ღმერთებსა" და "მოციქულებს".

3. თანამოსაუბრეს უთუოდ მოსთხოვეთ ვინაობის დაზუსტება. ნუ დაკმაყოფილდებით იმით, რასაც მქადაგებელი გეტყვით (მაგალითად, "ჩვენ ქრისტეს ეკლესია ვართ!"). მოითხოვეთ დაწვრილებითი ინფორმაცია მისი სექტის ისტორიაზე, მართლმადიდებლობასთან დამოკიდებულებაზე. ამგვარად თქვენ საკუთარი არჩევანის თავისუფლებას დაიცავთ. ბევრ მქადაგებელს ურჩევნია, რაც შეიძლება გვიან გააცნობიეროთ დილემა - ერთგულება ან განდგომა ტრადიციული რწმენისაგან.

4. გაითვალისწინეთ, რომ რელიგიური მისია ხშირად მეტისმეტად საერო სახელწოდებით ინიღბება. თუ ინგლისური ენის უფასო კურსებზე გიწვევენ, დიდია შანსი, რომელიმე სექტა თქვენთვის ინგლისურ ენაზე "ბიბლიური" ლექციების წასაკითხად ემზადებოდეს. თუ ასე მოხდა, კურსების საფასურს საკუთარი სულით ზღავთ. თუმცა მთლად უსასყიდლო არც ისინი გახლავთ: ბევრ პროტესტანტულ დაჯგუფებაში შემოსავლის მეათედის რეგულარული გადახდის პრინციპი მოქმედებს.

5. ახალი ნაცნობის მეტისმეტი გულითადობა ყოველთვის გულწრფელი როდია. სექტანტებს თქვენი პიროვნება ნაკლებად აინტერესებთ; მათ ახალი "საკბილოს" ხელში ჩაგდება უხარიათ. "სიყვარულით დაბომბვა" სექტაში შეტყუების ხერხია.

6. მქადაგებელთან საუბრისას შეეცადეთ გაარკვიოთ, რით ჰგავს და რით - არა მისი აღმსარებლობა სხვა კონფესიებს. ეს მსგავსება-განსხვავება შეიძლება უმნიშვნელოც კი მოგეჩვენოთ (მქადაგებელიც, ალბათ, სწორედ ასეთ აზრს შთაგაგონებთ), მაგრამ თუ ეს ყოველივე მართლაც უმნიშვნელოა, ერთიანი ეკლესიიდან გამოყოფის მიზეზად რატომღა იქცა?!

7. თუნდაც არამართლმადიდებელი მქადაგებლის არგუმენტები დამაჯერებლად მიიჩნიოთ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მაინც ნუ იჩქარებთ. მაგალითად, შთაგაგონებენ, რომ ბიბლია კრძალავს ხატთა თაყვანისცემას და გარდაცვლილი მშობლებისთვის ლოცვას. მიმართეთ მღვდელს ან მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების საფუძვლებში გათვითცნობიერებულ ადამიანს, წაიკითხეთ შესაბამისი ლიტერატურა და მქადაგებლისგან "ბრალდებული" მხარის არგუმენტებიც მოისმინეთ.

8. ნუ შეიქმნით ამა თუ იმ კონფესიაზე შეხედულებას მათ მიმდევრებზე შეთხზული ანეკდოტების საფუძველზე. შეადარეთ არა ადამიანთა ცოდვები და სისუსტეები, არამედ აღმსარებლობათა საფუძვლები.

9. როდესაც გეტყვიან, ამა თუ იმ მოძღვარმა (მაგალითად, სექტის ლიდერმა) ყველა რელიგიის გაერთიანებისაკენ მიმავალი გზა იპოვაო, უთუოდ მიაქციეთ ყურადღება იმ უცნაურ გარემოებას, რომ "გაერთიანების" ყოველგვარი ქადაგება, უპირველეს ყოვლისა, ახალი განხეთქილების პროვოცირებას ეწევა. დაიხსომეთ: ნებისმიერი ასეთი ინიციატივა სინამდვილეში მიზნად ისახავს თქვენს გამოტყუებას ჩვეული რელიგიური გარემოდან. მუნისტთა ტოტალიტარული სექტის დამაარსებელმა სან მიუნგ მუნმა კი არ გააერთიანა ქრისტიანები და ინდუსები, არამედ ისეთი მოძრაობა შექმნა, რომლის წევრებიც აღარც ქრისტიანები არიან და აღარც ინდუსები, ზემოდან კი უყურებენ ჩვეულებრივ მორწმუნეებს.

10. იყავით ფხიზლად. ნუ აურევთ ერთმანეთში ფსიქიკურ ეგზალტაციას, რომელიც ხმამაღალი მუსიკისა და ენერგიული სიტყვების თანხლებით გამართულ დიდ თავყრილობებს ახასიათებს და ადამიანის გულში იესო ქრისტეს შემოსვლის საიდუმლოს. თუ მაინც მოხვდით სექტანტების შეკრებაზე, დაფიქრდით და მათი მგზნებარე მოწოდების პასუხად ნუ წახვალთ სცენისკენ "ნათლობის" მისაღებად, - თუ ბრბოს ეფექტს დაემორჩილეთ და ეგზალტირებული ქადაგების დასასრულს სექტანტური ერთობის წევრობას დათანხმდით, ამით თავადვე დააყენებთ თავს მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ.

თუ გსურთ შეიტყოთ, როგორი დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებლობასთან თქვენს ახალგაცნობილ "ქრისტიან" მქადაგებელს, სთხოვეთ, პირჯვარი გამოისახოს და ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის მცირე ხატს ემთხვიოს. თუ უარი გითხრათ, ეს იმის მაუწყებელია, რომ იგი რომელიღაც არამართლმადიდებლურ-პროტესტანტული ერთობის წარმომადგენელია.

არსებობს სხვა კრიტერიუმებიც, რომელთა მიხედვითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ, რამდენად შორს დგას ქრისტიანობისგან თქვენი თანამოსაუბრე. მაგალითად, სთხოვეთ მას, განგიმარტოთ, თუ რატომ მოკვდა ქრისტე ჯვარზე და რატომ იწოდება იგი მხსნელად. ქრისტიანი მოგიგებთ, რომ იესომ ჯვარზე სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით წარწყმედისგან გვიხსნა, არაქრისტიანი კი გეტყვით, იესო მასწავლებელია, რომელმაც უცოდინარობის ბნელეთისა და უზნეობისგან დაგვიხსნაო, მაგრამ კითხვა, რატომ ეცვა იგი ჯვარს - უპასუხოდ დარჩება.

უთუოდ გვახსოვდეს ისიც, რომ მართალ ადამიანს აქვს უფლება, იქადაგოს, რაც სურს, მაგრამ არა აქვს უფლება (ყოველ შემთხვევაში, ზნეობრივი მაინც) აშკარა სიცრუისა. მას შეუძლია იქადაგოს ნებისმიერი მსოფლმხედველობა, მაგრამ არ უნდა ამტკიცოს, რომ ეს ჯვრის უარმყოფელი "ქრისტიანობა" თავად იესო ქრისტეს მსოფლმხედველობაა.

მრავალი სექტა თავის გურუს (მასწავლებელს) მესიად, ლამის მეორედ მოსულ იესო ქრისტედ ასაღებს... თუნდაც ქალაქში არ იყოს ტრამვაი, ბავშვებს მაინც უნდა ვასწავლოთ, რომ გაჩერებაზე მას მხოლოდ წინა მხრიდან მოუარონ; ასეთივე სიზუსტით უნდა იცოდეს ყოველმა ადამიანმა რელიგიური უსაფრთხოების წესი: თუ მქადაგებელი ამბობს, რომ ის იცნობს ამქვეყნად ხელახლა მოსულ იესო ქრისტეს, ე.ი. ის ქრისტიანი კი არ არის, სექტანტია. თუნდაც საკუთარ თავს "ცოცხალ" და "ნამდვილ" ქრისტიანს უწოდებდეს, მაინც მხოლოდ და მხოლოდ სექტანტია და სხვა არავინ. შემდგომი ნაბიჯი კი ყოველმა თავისუფალმა სულმა საკუთარი ნებისაებრ უნდა გადადგას: თუ გსურს, გარისკე და ტრამვაის უკანა მხრიდან აუარე გვერდი, გემო გაუსინჯე სექტაში ცხოვრებას. მაგრამ როგორც არ უნდა მოიქცე, ეს ღია არჩევანი იქნება: შენ ან ქრისტიანებთან ხარ, ან სექტასთან.


P.S. დაბოლოს, როგორც დიაკონი ანდრეი კურაევი გვირჩევს, სასურველია, ნებისმიერი სარწმუნოებისა თუ ეროვნების ბავშვებმა ტექსტთან ძალზე ახლოს, გნებავთ ზეპირად, იცოდნენ ერთი ქრისტიანული ტექსტი. ეს არის მათეს სახარების 24-ე თავი, სადაც ლაპარაკია ქრისტეს ცრუმქადაგებლების შესახებ. ალბათ, ამ რჩევის გათვალისწინება არც ჩვენ, ზრდასრულ ქრისტიანებს, გვაწყენდა.


სტატიის ავტორი: სერგო კერესელიძე


karibche.ambebi.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий