ღმერთი

ღმერთი

суббота, 30 марта 2013 г.

"რისთვის გვითმენს უფალი?!"

არქიმანდრიტი რაფაელი წიგნიდან "რისთვის გვითმენს უფალი?!"

ვნებამდე მცირე ხნით ადრე, ელეონის მთაზე, უფალმა თავის მოწაფეებს საუბარში სამყაროს მომავალი აღსასრულის ნიშნები აუწყა. მან თქვა, რომ ბოლო დღეები წარღვნამდელი მსოფლიოს მდგომარეობის მსგავსი იქნება, ბიბლია და წმინდა მამები ნოეს დროის ადამიანთა ღვთისაგან საყოველთაო განდგომაზე მიგვითითებდნენ. ბიბლიის თანახმად: "არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათვის ამათისა ჴორც...", ანუ ადამიანები უსულო ხორცად იქცნენ.

ჯერ კიდევ მსოფლიო წარღვნამდე, ცოდვისა და ბოროტების სხვა წარღვნამ ამოხეთქა ჯოჯოხეთიდან და წალეკა დედამიწა. გარყვნილებამ, ჯადოქრობამ, დემონის თაყვანისცემამ, რიტუალურმა მკვლელობებმა ის სატანის ტაძრად აქციეს. კაცობრიობამ თავისი თავი დასაღუპად თვითონ გაწირა. ადამიანის ზნეობა იმდენად დაჩლუნგდა და დაიხშო, რომ მას აღარ ესმოდა ცოდვის მნიშვნელობა. ერთ-ერთი წმინდანის სიტყვით, როცა ნოემ თანამემამულეებს სინანულისაკენ მოუწოდა, ისინი ვერ მიხვდნენ, თუ რას ითხოვდა მათგან ნოე, რა უნდა მოენანიებინათ. "ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც ყველანი" _ პასუხობდნენ მართალ ნოეს. აღორძინება შეუძლებელია სინანულის გარეშე და ისინი ცოცხალ, მაგრამ უკვე ხრწნადაწყებულ გვამებს დაემსგავსნენ. "ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც ყველანი" _ ამ თავისმართლებამ ვერავის უშველა, წარღვნის ზვირთებმა ყველანი ერთ ვეება საფლავში ჩამარხა. კაცობრიობის საყოველთაო და შეუქცევადი დაცემის მიზეზი ოკულტიზმი და დემონის თაყვანისცემა იყო. მაგია და ოკულტიზმი შეფარულად, შენიღბულად, ზოგჯერ კი აშკარად შეიცავდა სატანის კულტს ყველა რიტუალით _ ადამიანის მსხვერპლშეწირვითა და გარყვნილებით.

მრავალნი ჩვენს დროს რელიგიის აღორძინების დროდ მიიჩნევენ: იხსნება მონასტრები, ახლდება და შენდება ტაძრები, ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო ლიტერატურა. ისეთ სფეროებშიც კი, როგორიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერება და ფილოსოფია, მატერიალიზმმა შევიწროვება განიცადა და ადგილი სხვა კონცეფციებს დაუთმო. ჩვენ ვხედავთ, რომ პლატინა, რომელიც დიდხანს კეტავდა მდინარეს, აღებულია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ქრისტიანობასთან ბრძოლა გრძელდება, ოღონდ სხვა ფორმებით და თანამედროვე ლიბერალიზმი ამ დასაბამიერი ბრძოლის ახალ რგოლად გვევლინება. პასუხისმგებლობა ამისათვის არ გვინდა რომელიღაც პარტიებსა და სტრუქტურებს დავაკისროთ _ პროცესი მეტისმეტად გლობალურია. აქ ჩვენ სატანურ გეგმას ვხედავთ, ამ სიტყვის არა მხოლოდ გადატანითი, ზედმიწევნითი მნიშვნელობითაც.

გასული პერიოდი ქრისტიანობაზე ტოტალური თავდასხმის პერიოდი იყო და წარმართი იმპერატორების დროინდელ დევნას ჰგავდა, ოღონდ გაცილებით სასტიკ და დახვეწილ ფორმებში. მილიონობით ადამიანი აწამეს რწმენისათვის, სიწმინდეები დაინგრა და შეიბილწა. აქ ხდებოდა არა ორი მსოფლმხედველობის, არამედ ორი რელიგიის შეჯახება _ ქრისტესი და სატანისა. ამ ჰეკატომბებში* ცეცხლივით ენთო ღვთისადმი სიძულვილი, თითქოს სატანამ ბრძოლაში ზეცა გამოიწვია; სატანურ სექტებს ამაოდ არ ჰქონდათ დევიზად სიტყვები: "ღმერთზე შურისძიება", რევოლუციის "მთავარმა დამპროექტებელმა" _ მარქსმა ამიტომ შეარქვა რევოლუციას _ "ზეცის შტურმი". მონაზვნებისა და მღვდლების განადგურება, ტაიგასა და საკონცენტრაციო ბანაკებში იმათი გადასახლება, ვინც ეკლესიაში დაუფარავად დადიოდა, ტაძრების კლუბებად გადაკეთება, სადაც ანტირელიგიურ სპექტაკლებს დგამდნენ, ასევე მათი საზოგადოებრივ ტუალეტებად, მონასტრებისა კი ციხეებად და დაკითხვის ადგილებად ქცევა _ ეს აღარაა სოციოლოგია და ფილოსოფია, ეს დემონიზმია, საკუთარი ხალხის, ამასთან მისი საუკეთესო ნაწილის მიმართ უმეტესწილად ბოროტმოქმედების და სადისტების ხელით განხორციელებული დემონიზმი. თუკი ამ ყველაფრიდან მთავარ მოქმედ პირს _ სატანას გამოვრიცხავთ, გაუგებარი დარჩება ყოველივე.

დევნა, რომელსაც კაცობრიობის ისტორიაში ანალოგი არ ჰქონდა, სისხლში ჩაიხრჩო. მან მოგვცა როგორც განდგომილნი, ასევე ქრისტესთვის წამებულნი. უხეშმა და უხამსმა მატერიალიზმმა ხალხის გულიდან რწმენის ამოძირკვა ვერ შეძლო. ადამიანი უნდა განადგურებულიყო არა ფიზიკურად, არამედ როგორც რელიგიურ-ზნეობრივი პიროვნება. ამიტომ ბნელმა ძალებმა დაასკვნეს, რომ პირველი ეტაპი დასრულდა და შემდგომზე გადავიდნენ. მათი ახალი ტაქტიკაა _ დაუნგრეველი დატოვონ და აღადგინონ ქვისა და აგურის ტაძრები, მაგრამ ადამიანის გულის ტაძარი ისე დაანგრიონ, რომ ის უუნარო გახდეს იმ მადლის მიღებისა, რასაც ის ეკლესიაში, საიდუმლოებებთან ზიარებისას იღებს. დევნის დროს კი ხალხი ლოცვისათვის ტაძრის ნანგრევებში იკრიბებოდა. ძალადობას, თვით სიკვდილსაც არ შეეძლო დაენგრია და დაემსხვრია ქრისტეს მიმართ ანდამატივით მტკიცე სულიერი სიყვარულის ქვები ქრისტიანებისა.

ამჟამად იდეოლოგიური დიქტატის და ათეისტური ცენზურის პლატინა თითქოსდა აღებულია, მაგრამ წყლის ჭავლთან ერთად დედამიწას ტალახისა და სისხლის ღვარი დაატყდა თავს. თავისუფლებასთან და ზნეობასთან შეთვისებული აღმსარებლობის თავისუფლების ნიღაბქვეშ, სექსისა და სისხლის კულტით, აშკარად მოჩანს იგივე შავბნელი სახე `სატანის რელიგიისა~. წიგნის მაღაზიები და ტელეეკრანი წალეკა პორნოგრაფიამ. პიროვნების ინტიმურობა, მისი გრძნობების ენა _ ხელოვნება, არსებითად პირდაპირ სატანიზმად თუ არა, მის პრელუდიად იქცა. ალბათ გვეტყვიან: "ადამიანურ ნებაზე არავინ ძალადობს, ვინ გაიძულებთ ის წიგნები იკითხოთ და იმ სურათებს უყუროთ, რომლებიც გარყვნილად მიგაჩნიათ? დაე თითოეულმა საკუთარი საზრდო თვითონ აირჩიოს, ცენზურა ძალადობაა, დაე საკუთარი ნება იყოს ცენზურა".

მაგრამ ეს სიცრუეა. ზნეობისაგან თავისუფლება ზნეობაზე ძალადობად იქცა. სექსის სიბინძურე ადამიანს ყოველ ნაბიჯზე თან სდევს: ტელევიზორმა თავისი საცეცებით ყველაზე შორეულ დასახლებებს, კოსმოსსა და ოკეანის ფსკერს მიაღწია. ადამიანებს თავსმოხვეული აქვთ ერთი და იგივე, გლობალურად განხორციელებადი პროგრამა, მას ვერსად დაემალები. ხელოვნება თანაგანცდაზე, გმირების ემოციურ სამყაროში ჩართვაზეა დამყარებული. ამიტომაც გარყვნა ბავშვობიდან იწყება. იქ, სადაც ადრე ჭრელი პლაკატები იყო კომუნიზმის შენების მოწოდებით, სხვა პლაკატები გაჩნდა, რბილად რომ ვთქვათ, შიშველი ქალების გამოსახულებით. ამის არდანახვა, ქუჩაში ახვეული თვალებით სიარულს ნიშნავს. ჩვენ საროსკიპოში ჩაგვკეტეს და გვეუბნებიან: _ თუ არ მოგწონთ, წარმოიდგინეთ, რომ საბავშვო ბაღში ხართო.

მეორე კულტი _ ესაა სისხლის და მკვლელობის კულტი. წიგნების გარეკანიდან გვიმზერენ პისტოლეტიანი განგსტერები, ნიღბიანი მკვლელები და სისხლისაგან დაცლილი მსხვერპლი. იქვეა წიგნები დემონთა გამოსახულებით, პრაქტიკული მაგიის, ასტროლოგიის, აღმოსავლური ოკულტიზმის სახელმძღვანელოები. ეს წიგნები დემონური ძალებისა და ენერგიის ერთი განუყოფელი თავმოყრაა, ისინი ერთ საქმეს აკეთებენ. რამდენიმე წლის წინ ამ ადგილას ეწყო წიგნები ეგრეთწოდებული მეცნიერული მატერიალიზმის შესახებ. დღეს ისინი გაქრა _ თითქოსდა ძველი იარაღი ჩამოწერეს და ახლით შეცვალეს.

ტაძრებში ღვთისმსახურება აღესრულება, ახალი ეკლესიების აგება იგეგმება. ჩვენ, ქრისტიანები რაღა თქმა უნდა, მოხარულნი ვართ ამისა, მაგრამ ერთი გარემოება გვა- ფიქრებს: ეკლესია _ ეს ღმერთთან ურთიერთობის, ადამიანის სულის განწმედის, გულის მადლით გასხივოსნების ადგილია. ამის გარეშე ის წარსულის საფლავის ძეგლად დარჩება. პორნოგრაფიით და სექსით გარყვნილ ხალხს გული როგორღაც პარალიზებული აქვს, მას არ ძალუძს სულიერის მიღება. ამიტომ თვლიდა ეკლესია მთავარ ცოდვად მკვლელობას, მრუშებას და გარყვნილებას. ის ადამიანებს მრავალწლიან ეპიტიმიებს ადებდა, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ თანდათანობით, სინანულით განწმედილიყვნენ ამ ცოდვისაგან. ღირსი იოანე კიბისაღმწერელი შენიშნავს, რომ სიძვა არა მხოლოდ იწოდება ცოდვად, არამედ ესაა დაცემა. როგორც დაცემულს არ შეუძლია სიარული და ტალახში წევს, ვიდრე კვლავ ფეხზე არ დადგება, სიძვით დაცემული კაციც სულიერი ცხოვრების უუნაროა, ვიდრე ხანგრძლივი და მძიმე სინანული არ ექნება. ლიტერატურით, ვიდეოფილმებით, ქუჩის სექს-პლაკატებით გახრწნილი ადამიანები, ეკლესიაში მოსულები, თუ არ ინანიებენ, გვამებივით დგანან. მოინანიო _ ეს ნიშნავს, რომ გამრყვნელ სულს წინ აღუდგე, მაგრამ ცოტანი თუ ბედავენ ამას.

ადამიანის მტერი მისი საკუთარი ცოდვიანობაა. ამიტომ უმეტესობა ცდილობს კომპრომისი მოძებნოს: ცოდვასთან ბოლომდე კი არ იბრძოლოს, არამედ ერთგვარი ფორმალური, გადაკეთებული ცოდვით იცხოვროს, ანუ ისიძვოს თვალით, გულით, სულით, საქმით ჩადენილი ცოდვისაგან კი თავი შეიკავოს. უპირველეს ყოვლისა ეს ზღვარი მეტისმეტად მყიფე და არასაიმედოა, მეორე _ ღმერთს ადამიანის გული სურს: "მომიძღვენი შვილო გული შენი" _ ამბობს წინასწარმეტყველის პირით სული წმიდა; "ნეტარ არიან წმიდანი გულითა" _ გვამცნო ქრისტემ უპირველეს ქადაგებაში. გარყვნილი სურათებით შებილწული გული, მეტიც, იმდენად მიჩვეული ამ სურათებს, რომ ცოდვადაც აღარ ეჩვენება, ანუ გული, რომელიც სინანულს არ შედგომია, ქვას დაემსგავსა, თუმცა მადლის წვიმით იპკურება, მაგრამ არ ცოცხლდება. ასეთი ადამიანი ღვთისმსახურებას მშვინვიერად აღიქვამს _ არა როგორც სულის განწმედასა და განათლებას, არამედ ტაძრის გარემოთი _ გალობით და ა.შ. გამოწვეულ განსაზღვრულ ემოციებს.

ბნელი ძალა თითქოსდა ამბობს: ჩვენ ადამიანის ვენაში შხამის ინექციას შევუშვებთ, შემდეგ კი თუ მას უნდა, იაროს საავადმყოფოებში. უფალმა ბრძანა, რომ ლოცვის წინ ყველა მაწყენარს უნდა მივუტევოთ; ადამიანების მიმართ გულმოწყალება ღვთის მოწყალებას გზას უხსნის, ხოლო მკვლელობის კულტი შინაგანად მხეცად აქცევს მას. ეს არ არის მარტოოდენ ძალ-ღონის კულტი, არამედ ესაა ძალადობით ტკბობა. რომის ბრბო პურსა და სისხლიან სანახაობას ითხოვდა. ტელეეკრანებიდან და დეტექტივების ფურცლებიდან მომდინარე სისხლი არა თუ ზიზღს არ იწვევს, ის თანამედროვე სამზარეულოს პიკანტურ საკმაზად იქცა. კაცს, რომელიც ხარბი ცნობისმოყვარეობით და იდუმალი სიამოვნებით უყურებდა მკვლელობას, წამებას და მომაკვდავთა კონვულსიას, როგორ შეუძლია ტაძარში მოვიდეს და ილოცოს ღვთის წინაშე, ვისი სახე- ლიც სიყვარულია?! გარყვნილ და სასტიკ გულს არ შეიძლება ღმერთი უყვარდეს. რელიგიის არსი და ძალა კი ადამიანის სულსა და ღვთაებრიობას შორის სიყვარულშია. ჩვენთან იხსნება მონასტრები, რომლებიც "ქრისტიანობის გული" უნდა იყოს; "მონასტერი, ეს ეკლესიაა ეკლესიაში" _ თქვა ერთმა წმინდა მამამ. მონაზვნობა სოფლისაგან განდგომა და ღვთისადმი თავის მიძღვნაა; მონაზვნობამ უნდა შეინარჩუნოს ის, რასაც ქვეყანა კარგავს _ ლოცვა, გულის სიწმინდე, მდუმარება და სულიერი გამოც- დილება. `კომპრომისების რელიგიას~ _ ლიბერალიზმს სურს, მონასტრებს თავისი დაღი დაასვას. წმინდა მამები ამბობენ, რომ გულით ლოცვა უმაღლესი საქმიანობაა დედა- მიწაზე, ის დემონური დამანგრეველი ძალის წინააღმდგომი ძალაა, ის მანათობელია ქვეყნისა; ვიდრე ლოცვა არსებობს, ქვეყნიერება იარსებებს.

ლიბერალიზმი, რომელმაც ადამიანი ღმერთის ადგილზე დააყენა, მონაზვნობის სულს მოკვლას უქადის და მხოლოდ გარეგნული ფორმით სურს მისი დატოვება. თუკი დევნის დროს მონასტრები პირველნი ღებულობდნენ მძიმე დარტყმას, ახლა საქველმოქმედო დაწესებულებებად აპირებენ მათ გადაქცევას, უნდათ გამოთიშონ და მოაცდინონ ყველაზე მთავარს _ მდუმარებას და ლოცვას. ჩნდება მონასტრის ახალი სახე, რომელიც კათოლიკურ ორდენს, ან კიდევ მოწყალების დების წითელ ჯვარს მიმაგრებულ საზოგადოებას წააგავს. თუკი ამგვარი მონაზვნური ქველმოქმედების შედეგებს შევხედავთ, ის უბადრუკია, მაგრამ ამით შესაძლებელია მონასტრებიდან თავისებური რეკლამის გაკეთება, და მონაზვნების დაყენება კამერის წინ. მათ ჩააგონებენ, რომ სიკეთე უნდა აკეთონ, ამასთანავე ხელოვნურად ხდება იმის მიჩუმათება, რომ აქ უმაღლესი უმდაბლესით იცვლება, ანუ იმით, რისი გაკეთებაც ერის ხალხს ასეთივე წარმატებით შეუძლია, იმით, რაც სამონაზვნო აღთქმას არ შეესაბამება. მონაზვნები თანდათანობით კარგავენ ლოცვას და მანტიით შემოსილ ერისკაცებად გარდაიქმნებიან. ღირსი ისააკ ასური ამბობდა: "თუკი ქველმოქმედების საქმეების გამო მონაზონმა ლოცვა და მდუმარება უნდა დაუტევოს, დაე წარხდენ საქმენი ესე".

სოფლიური საქმით დაკავებული მონაზონი ვერ დაეხმარება სოფელს, ის თვითონ იქცევა ამასოფლის ნაწილად, და არც თუ იშვიათად _ ქვეყნის დასაცინიც ხდება. მონაზვნები, განსაკუთრებით კი მონაზონი დედები _ ეს ის ყვავილებია, რომლებიც ორანჟერეაში იზრდებიან, ანუ ქვეყნისაგან იზოლაციაში, ჩაამსხვრიე ორანჟერეის მინა და მათ სიცივე გაანადგურებს.

ლიბერალიზმს არ ესმის, თუ რას ნიშნავს ლოცვა. მისთვის მონაზვნური ცხოვრება ეგოიზმია და ეს მაშინ, როცა მონაზვნებს დემონურ ძალებთან ბრძოლის მთავარი სიმძიმე აწევთ, რის შესახებაც სოფელმა არაფერი იცის. ლოცვა არც ფსიქოთერაპიაა და არც თვითშეგონება, როგორც განმარტავს არასულიერი სამყარო, არამედ ის ძალაა, რაც აპოკალიპსისის სიტყვების მიხედვით, დემონებს აშვების საშუალებას არ აძლევს, ანუ _ მადლის ძალა. განა შეიძლება ადამიანებისათვის იყოს რაიმე იმაზე მეტი, ვიდრე სიხარული, რასაც ისინი მონასტრის კარიბჭეში შესვლისას განიცდიან? სადაც ჰაერი და მიწა, როგორც მზის სხივებით, ლოცვითაა განწმედილი? განა შესაძლოა ვინმემ ადამიანებს იმაზე მეტი სარგებლობა მოუტანოს, ვიდრე იმან, ვინც კაცთა ცოდვების მიტევებისათვის თავისი გულის საკურთხეველში ლოცულობს? ერთ მლოცველსაც კი შესწევს ძალა, შეცვალოს ისტორიის მსვლელობა! ღირსი არსენი დიდი ხალხს გაურბოდა და ზოგიერთ მონაზონს არაკეთილგანწყობილი და მკაცრი ეჩვენებოდა, მაგრამ იგი სენაკში ყველაზე ძნელს, თვითდაწვის სადარ საქმეს აღასრულებდა, _ ეს იყო ქვეყნიერებისათვის ლოცვა. უფალმა მისი ლოცვით შეიწყალა ბიზანტია ისევე, როგორც წინასწარმეტყველ იონას დროს ნინევია: მიწისძვრა, რომელსაც მთელი ოლქები უნდა გაენადგურებინა (როგორც ეს შემდგომში ეგვიპტელ მამებს ეუწყათ), სწორედ ამ უდიდესი მოღვაწის ლოცვით არ მოხდა. წარმოვიდგინოთ, რომ მებრძოლებს, რომლებმაც მამული უნდა დაიცვან საშინელი, დაუნდობელი, მრისხანე მტრისაგან, იარაღის დაყრას და სხვა საქმის კეთებას სთავაზობენ: მაგ. კარტოფილის დათესვას, ან ჩექმის კერვას. თუმცა ესეც საჭიროა და აუცილებელი, მაგრამ ამისათვის მებოსტნეები და მეწაღეები არიან და არა მეომრები, რომელთა საქმეც საკუთარი სისხლის ფასად სამშობლოს დაცვაა. სატანური ძალა მსოფლიოზე დასხივებულ საშინელ რადიაციას ჰგავს. ლოცვა, განსაკუთრებით კი მონაზვნებისა, დაბრკოლებაა ამ სასიკვდილო ნაკადისთვის. სულიერად ბრმა ადამიანები იმეორებენ: "ის, ვინც განმარტოვდება და ლოცულობს, თავისთვის ცხოვრობს". ასე იმიტომ ამბობენ, რომ თავად `ხორცნი~ არიან და სიკეთეც და ბოროტებაც ხორციელად ესმით.

მონაზვნობის დასაბამი უდაბნოში მცხოვრები ნათლისმცემლის ღვაწლი და მაგალითია, ასევე იოანე ღვთისმეტყველისა, რომელიც ცხოვრებას ლოცვასა და ჭვრეტაში ატარებდა. პირველ მათგანს დედათაგან შობილთა შორის უპირველესი ეწოდა, მეორეს _ "საყვარელი მოწაფე ღვთისა". მათ თავიანთი გული წმინდად შეინახეს, ეს იყო მათი მთავარი ღვაწლი, ამიტომაც მათი გულები მადლის უშრეტ წყაროდ იქცა და ქვეყნიერებას ეფრქვეოდა.

მონაზვნებს უკიჟინებენ: გქონდეთ ურთიერთობა ხალხთან, იქადაგეთ, იარეთ სოფლებში გალობით, ეკამათეთ სექტანტებს, ავადმყოფებს მოუარეთ, აღზარდეთ ბავშვები და თან ილოცეთ, ანუ კეთილმსახური ერისკაცნი იყავით, მხოლოდ ოჯახით ნუ დამძიმდებით, დანარჩენში კი მათ მიემსგავსეთ.

ღირსი ისააკ ასური ამის შესახებ წერს, რომ თუკი მონაზონი ლოცვაში ჰგიებს, მაშინ სამყარო მის სამსახურშია. ახლა კი მოუწოდებენ: მონაზონო, ქვეყანას ემსახურე!

ერში ლოცვა და სიკეთის კეთება შეიძლება, მაგრამ ეს ლოცვის სულ სხვა დონეა. მდუმარეთა ლოცვა ცადავარდნილ ალს ჰგავს, ერთან ურთიერთობაში მყოფი მონაზვნის ლოცვა კი გაცვეთილ და დაკაწრულ დაფაზე დაწერილს. შთაბეჭდილებები კი გულში განუწყვეტლივ ლაგდება ერთმანეთზე. ასეთი ადამიანის გონება ვნებების გამო ქარისაგან დარწეულ ზღვასავით მერყევია. მონაზონი აღკვეცის დროს აღთქმას დებს _ ძველ მამათა გზას მისდიოს, იმათი გზა კი სწორედ რომ განმარტოება და მდუმარება იყო. თუკი მონაზვნური ლოცვა შესუსტდება, მაშინ ხახას დააღებს ის სულიერი სიცარიელე, რომლის ამოვსება ყველაზე კეთილი საერო საქმეებითაც კი შეუძლებელი გახდება.

ასკეზისა და ლოცვის სულის დამკარგავ მონასტრებს არ ძალუძთ ადამიანის სულიერი ნუგეში და აღორძინება. მათ თვალწინ დასავლეთის მონასტრების მაგალითი აქვთ, სადაც არა მხოლოდ საავადმყოფოების ორგანიზება ხდება, მომავალი პოლიტი- კოსებისთვის საგანგებო სკოლებს და გოგონების კალათბურთის გუნდებსაც აყალი- ბებენ. წინა პერიოდებში მონასტრები გაანადგურეს, ახლა თუმცა კედლები შენდება, მაგრამ თვით სული ნადგურდება მონაზვნობისა. მონასტრის მომლოცველი კაცი ხედავს არა შინაგანად გაცისკროვნებულ მლოცველებს, არამედ კეთილი საქმით დაკავებულ ისეთივე კეთილ ადამიანებს, როგორიც არა ერთი უნახავს ერში. წმიდა მამები შინაგან ლოცვას უმაღლეს მეცნიერებას უწოდებენ, ხელოვნებათა ხელოვნებას, კაცის გულში დატეულ ზეცას, ღვთაებრივ სიყვარულს, ანგელოზებრივ სილამაზეს, წყვდიადში მბრწყინავ გზამკვლევ ვარსკვლავს, კაცის გულში მორაკრაკე წყაროს ცხოვრებისას, გალობათა გალობას, მარადიულ სიხარულს, გულის სიცოცხლეს, საყოველთაო მკვდრეთით აღდგომამდე აღდგომას სულისას, სულის მამხიარულებელ ზეციურ ღვინოს, ადამიანის გულში დაუნჯებულ საგანძურს, სატანის წინააღმდეგ მიმართულ ცეცხლოვან მახვილს, რწმენის ციხე-სიმაგრეს, ჯოჯოხეთის ძალთაგან უძლეველს, სამოთხის ყვავილთა საუცხოო ბაღს. ყოველივე ამის არმცოდნე ქვეყანა ლოცვას პირად საქ- მედ, აუტოტრენინგად მიიჩნევს, არა ადამიანის სულიერი ცხოვრების ცენტრად, არამედ კეთილი საქმეების უკეთ გაკეთების ფსიქოლოგიურ განწყობად. თვითმიზნად ქცეული ეს კეთილი საქმეები ადამიანის გულის შინაგან მდგომარეობასთან დამოკიდებულების გარეშე განიხილება და ადამიანის ზნეობრიობის ექვივალენტი, უფრო ზუსტად კი მისი სიწმინდის" საზომი ხდება.

ჩვენ ხორციელ გულმოწყალებას არ უარვყოფთ, მაგრამ სიკეთის გაკეთება არა მხოლოდ ქრისტიანს, მუსლიმანს, იუდეველს, წარმართს და ათეისტსაც შეუძლია სხვადასხვა მიზნებით და მოტივებით. ამ გაგებით მონაზვნის ღვაწლი განუმეორებელია და მას ვერანაირი შრომა ვერ შეცვლის. წმ. გრიგოლ პალამა გვასწავლის, რომ ისიხიოსის (მდუმარების) ღვაწლი _ ეს თაბორის ნათლის მოხვეჭაა. იგი მარადიულ, ცხოველმყოფელ, ღვთაებრივ ძალებზე და ენერგიებზე წერს, რომლებიც ღვთაებრიობის წიაღიდან ეფრქვევა სამყაროს და თავის თავს უცხადებს ქვეყნიერებას, როგორც სულიერ სინათლეს, როგორც მარადიულ ცხოვრებას და მისტიკურ ღვთივშემეცნებას, როგორც ღვთაებრიობის მოქმედებასა და ატრიბუტს. შინაგანი ლოცვით დაკავებული ადამიანი დამაკავშირებელი ხდება _ ჩაუმქრალი შუქი მისი გულის გავლით ანათებს ქვეყნიერებას. ამიტომ თქვეს წმ. მამებმა: "ანგელოზები _ ეს სინათლეა მონაზვნებისთვის, მონაზონი კი სინათლეა ქვეყნისა". როცა ის საკუთარ თავზე ქვეყნიურ ვალდებულებებსა და საზრუნავს იღებს, შეხვედრებითა და საუბრებით გულს მგრძნობელობითი სახეებით ივსებს, მაშინ ის კარგავს მთავარ საგანძურს _ ლოცვას. მისი სულიერი თვალი ღმერთიდან ქვეყანაზეა გადატანილი, სული კვდება, გული კი ცივდება და ქვასავით მაგრდება. ერთი მონაზვნის თქმით: მონაზონი იესოს ლოცვის გარეშე მატლებისაგან (ვნებებისაგან) შეჭმული გვამია. ეშმაკი მზადაა გარეშე საქმეებში დასახმარებლად, ოღონდაც ის ლოცვას ჩამოაშოროს. ღირსი ნიფონტ კონსტანტი- ნოპოლელი ამბობდა, რომ ბერები აიშენებენ სახლებს, რომლებიც თავადების სასახლეებს ტოლს არ დაუდებენ, ხოლო ნილოს მირონმდინარე და სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი მათ წინასწარ აფრთხილებდნენ, ზედმეტად არ გატაცებულიყვნენ მეცნიერებითა და ფილოსოფიით, რადგან ამით ღვთაებრივი ნათელი ადამიანური გონების სინათლით იცვლება. მონასტრები, სადაც ბერები იესოს ლოცვით არ არიან დაკავებულნი, ჩამქრალ კოცონს ჰგავს, რომლის ნაცარში ნახშირი აქა-იქ ბჟუტავს. თუკი აღორძინების გზაზე დამდგარი მონაზვნობა პირით არა აღმოსავლური მონაზვნობის სულიერი გამოცდილებისაკენ, არამედ თანამედროვე მსოფლიოს წარმოდგენების გაგებისაკენ იქნება მიქცეული, მაშინ ის ჭეშმარიტების ნაცვლად წინააღმდეგობრიობისა და სიცრუის მატარებელი გახდება. დემონის ერთ-ერთი დიდი გამარჯვებაა მონაზვნობის ახალი ტიპის შექმნა ანუ ისეთი მონაზვნისა, რომელიც იესოს ლოცვის გარდა ყველაფ- რითაა დაკავებული. ადამიანი მონასტერში ერიდან მოდის, მისი სულით და შეხედულებებით გაჟღენთილი, დასუსტებული ნებით, მუწუკივით აღგზნებული ამპარტავნებით, ცოდვიან მოგონებათა სიმყრალით, მოწამლული გულით, რომლის ფსკერზეც გველებივით ჩახვეულან ვნებები. ადამიანს დემონთან და საკუთარ თავთან მძიმე ბრძოლა ელის, ის თითქოსდა მეორედ უნდა იშვას. მას კი არწმუნებენ, რომ ღმერთს და ხალხს ერთდროულად უნდა ემსახუროს, ღირსი სერგი რადონეჟელის და იოანე ზედაზნელის მაგალითები მოჰყავთ _ ღირსი სერგი რადონეჟელი მთავრებს მოძღ- ვრავდა, იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფენი საქართველოში მაზდეანობასთან საბრძოლველად ჩამოვიდნენ; ასევე ამბროსი ოპტინელისა, რომელიც დილიდან დაღამებამდე ხალხს ღებულობდა.

ეს იგივეა, რომ ჩვილი გამოცდილ მეომარს შეადარო. ამასთანავე ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი რამის მიჩუმათება ხდება, კერძოდ იმისა, რომ იოანე ზედაზნელმა და "სრულიად რუსეთის მასწავლებელმა" ღირსმა მამებმა: სერაფიმე საროველმა, ამბროსი ოპტინელმა და სხვებმა მთელი სიცოცხლე მონასტერსა და უდაბნოში გაატარეს და თავიანთი სენაკის კარი მხოლოდ იმის შემდეგ გახსნეს, რაც თავმდაბლობა და დიდი ღვთაებრივი მადლი მოიხვეჭეს, მათ მხოლოდ ამის შემდეგ დაუტევეს უდაბნო და დაყუდება.

ახალგაზრდა მონაზონს იმით დაწყებას ურჩევენ, რითიც ღირსმა სერაფიმე საროველმა და იოანე ზედაზნელმა დაასრულეს. ასეთი ცხოვრების სიყალბესა და შეუსაბამობას ზოგიერთი მაშინვე გრძნობს. მათ ეჩვენებათ, რომ ნადიმზე დაუძახეს, ტრაპეზის ნაცვლად კი ქვიშით სავსე თეფშები დაუდგეს და პირიქით: გამოუცდელნი, იმ ფიქრით, რომ ისინი თითქმის ხალხის მხსნელები არიან, თავიანთ თავს იმ ძველ მოღვაწეებს ადარებენ, ვინც ქრისტიანობაზე ქალაქებსა და სოფლებს მოაქცევდნენ. ამგვარი ფიქრი მათ საშინელ ამპარტავნებაში აგდებს, ახალ განმანათლებელთა პოზა მათ ვნებებს ესიტყვება, თავმდაბლობის, ანუ მონაზვნური ცხოვრების საფუძვლის ნაცვლად მათ გულებში ამპარტავნების მუწუკი და ეჭვია ჩაბუდებული.

ერთმა განდეგილმა უთხრა მოწაფეს, რომელსაც ერში საქადაგებლად წასვლა სურდა: "არ შეიძლება ადამიანმა გაჭრილი ხელისგულით შხამი ატაროს". ასეთ დროს შესაძლოა გაჩნდეს რაღაც სულიერ-რელიგიური მატერიალიზმი, სადაც ადამიანის ცხოვრების ღირებულება იმ გარეგანი საქმეებით განისაზღვროს, რომელიც ფოლადისა და ნახშირის გადამუშავების მსგავსად, მოცულობით და წონით იზომება.

მივმართოთ ჩვენთვის უმაღლეს ავტორიტეტს, ღვთაებრივ გამოცხადებას _ ბიბლიას. გამოსვლის წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ შეიყვანა ისრაელიტელნი აღთქმულ ქვე- ყანაში მოსემ. წითელი ზღვის ნაპირთან მათ ფარაონის ჯარი წამოეწიათ ფოლადის აბჯროსანი მხედრებით, ისრებითა და შუბებით შეიარაღებულ მშვილდოსანთა ეტლე- ბით. ფარაონი თავს უძლეველად თვლიდა, მისი ჯარი ქალაქებსა და სიმაგრეებს ტოტებისა და ბალახის ქოხმახებივით ანგრევდა. ისე ჩანდა, თითქოს ებრაელები დასაღუპად იყვნენ განწირულნი: წინ ზღვის უფსკრული იყო, უკან კი ფარაონის ჯარი მოდიოდა ცეცხლოვანი ზვავივით. და აი, უფალმა ჰკითხა მოსეს: "რასა ჰჴმობ ჩემდა მომართ?". დუმდა მოსე, მაგრამ მისი გული უხმოდ შეჰღაღადებდა ღმერთს და ეს უხმო ლოცვა, რომელშიც მას მწუხარებისგან გული სამოსივით ეფლითებოდა, ზეცას მისწვდა. არა წინასწარმეტყველების ნიჭმა, არამედ ყველასათვის უსმენელმა შინაგანმა ლოცვამ სასწაული მოახდინა _ ზღვა გაიპო. მისი ფსკერი ისრაელიტელებისათვის ქვის სავალ გზად იქცა. შემდეგ ტალღები შეიკრა და ზღვის უფსკრულმა ეგვიპტელები დაასამარა.

უდაბნოში ებრაელებს გზა ამალეკებმა გადაუღობეს. მოსეს მათთან ბრძოლა არ უნდოდა, ვინაიდან ისინი ლოტის ჩამომავლები იყვნენ. მაგრამ ამალეკები შეუბრალებელნი აღმოჩნდნენ. გაჩაღდა ომი. მოსე შემაღლებულ ადგილას დადგა, ხელები აღაპყრო და ლოცვაში ჩაიძირა. ვიდრე ის ლოცულობდა, ებრაელები იმარჯვებდნენ, როგორც კი ლოცვას შეწყვეტდა და დაქანცულ მკლავებს დაუშვებდა, მტერი შეტევაზე გადმოდიოდა. ისო ნავეს ძე და ორი დარწმუნდნენ, რომ ბრძოლის ბედს არა მახვილი, არამედ ღმერთი წყვეტდა. ისინი მოსეს გვერდით დადგნენ და ხელები დაუკავეს. წმ. მამები აქ ხედავდნენ დემონურ ძალას, რომლის დამარცხება მხოლოდ გულიდან ამოსულ ლოცვას შეუძლია.

იფერფლება მონაზვნობა და დემონურ ძალებს წინ აღარაფერი ეღობება. მონაზონთა შინაგანი სულიერი საქმიანობის _ იესოს ლოცვის დაკარგვა და გამშვინვიერება დემონის ერთ-ერთი გამარჯვებაა.

ღვთაებრივი ლიტურგია უდიდეს ძალას ფლობს, ამიტომ დემონი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ ადამიანები ტაძრიდან ცარიელები წავიდნენ. მრავალი მღვდელი არა მხოლოდ არ მოუწოდებს მორწმუნეებს ზიარებისაკენ, უკრძალავს კიდეც ხშირად ზიარებას, თუმცა ძველ ეკლესიაში ლიტურგიაზე დამსწრე ყველა მორწმუნე ეზიარებოდა (იმათ გარდა, ვისაც ეპიტიმია ჰქონდა დადებული). უსისხლო მსხვერპლშეწირვის შემდეგ ზიარება სიდიდით მეორე მადლია ღვთისა ადამიანებზე და მღვდელმსახური თავის მრევლს ყოვლად უსაფუძვლოდ აღუკვეთს ამ უკვდავების წყაროს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცრურწმენა, რომელიც ეკლესიაში დაინერგა. ტაძარში ადამიანი კიდევ ერთ უცნაურობას აწყდება _ ენის გასატეხ კითხვას კლი- როსზე. თითქოს წამკითხველი წიგნის ფურცლებზე თავქუდმოგლეჯილი გარბის, რათა ფინიშივით სწრაფად მიაღწიოს სიტყვას "ამინ". მართლმადიდებელი ეკლესია როგორც ძვირფას განძს, საღვთისმსახურო ტექსტებს ფლობს შეუდარებელი სიღრმისა და სილამაზის ჰიმნოგრაფიებით. ლოცვის აზრი, საეკლესიო ენის სილამაზე _ ეს ყველაფერი გაუგებარ ყრუ გუგუნში იკარგება. ტაძარში მდგომი ადამიანი ან თავს ანებებს რაიმეს გაგების მცდელობას და შინაგანად ლოცულობს, ან მოწყენილობისაგან ფეხიფეხ გადადებული ელოდება ღვთისმსახურების დასრულებას. რას გაიგებდა მოწაფე, მასწავლებელს ასე სხაპასხუპით რომ ელაპარაკა გაკვეთილზე? პედაგოგს, წამკითხველს, ლექტორს მეტყველების ტექნიკის ათვისება მართებთ, აქ კი არავინ ზრუნავს იმაზე, რომ მედავითნეს მკაფიოდ და გასაგებად კითხვა ასწავლოს. მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკა _ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სულიერი სიმდიდრეა, ცუდი წაკითხვით კი საღვთისმსახურო ტექსტები გაუგებარი ხდება ხალხისათვის. უკეთ არც გალობის საქმეა. ნაცვლად ძველი მოტივებისა, რაც სულში სინანულს ან ღვთისადმი მოწიწებულ მადლიერებას ბადებს, ეკლესიის თაღებქვეშ არც თუ იშვიათად საოპერო მელოდია გაისმის, რომელიც არა სულზე, არამედ ვნებიან სამშვინველზე მოქმედებს, აღაგზნებს და როგორც საერო ხელოვნება, ისიც ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ აკარგვინებს მთავარს _ სინანულს და ლოცვის დროს ყურადღებას. რაც შეეხება ცუდ გალობას, ისიც ხელისშემშლელია ლოცვაში და ესთეტიური ტკბობის ნაცვლად წუხილსა და გაღიზიანებას იწვევს.

ზოგიერთ ეკლესიაში სეფისკვერი და სანთელი მთელი წირვის განმავლობაში იყიდება. სასანთლე მაგიდასთან სულ გნიასია და რამდენადაც ტაძარს კარგი აკუსტიკა აქვს, ეს ხმაური ტაძრის ყოველ კუნჭულში აღწევს და ხალხს ლოცვაში აბრკოლებს. ძველ აღთქმაში წერია, რომ სოლომონის ტაძრის შენებისას ქვებს მოშორებით თლიდნენ, რათა ღვთისადმი მიძღვნილ ადგილზე ჩაქუჩების რახარუხი არ ყოფილიყო. ახალ აღთქმაში წერია, თუ როგორ გამოდევნა უფალმა ტაძრიდან მოვაჭრენი. მას მსხვერპლი არ აუკრძალავს, მაგრამ ტაძარში ვაჭრობა აკრძალა და მას "ლოცვის სახლი" უწოდა. ლოცვა _ ეს უხილავი ბრძოლაა ეშმაკთან. მაკარი დიდი წერდა, რომ ამ ბრძოლაში სული არა მხოლოდ დაცულია ლოცვით, თვითონაც ახორციელებს დარტყმებს. ეშმაკი განსაკუთრებულ განსაცდელებს ადამიანზე სწორედ ტაძარში ლოცვისას აგზავნის, რათა ის ძვირფასი დრო წაართვას, როცა მას ღვთისაგან ცოდვების მიტევების და დიდი წყალობის მიღება შეუძლია.

კარგა ხანია შემჩნეულია, რომ სასწაულთმოქმედი ხატების დიდი ნაწილი ხატწერის ძველი სტილითაა შესრულებული. დროისაგან ჩამუქებულ ამ სახეებისა მეტად ეშინია დემონს, ვიდრე თანამედროვე ხატმწერების მიერ ახლებურად შესრულებულის და ხორციელად მშვენიერისა. ძველებურ ხატზე სული ღვივის, ახლებურებზე კი მშვინვიერება და დახვეწილი მგრძნობელობაა აღბეჭდილი. ძველი ხატები უხილავი, მხოლოდ გულით აღსაქმელი ველითაა გარემოცული. ტრადიციიდან გადახვეული ხატწერა, როგორც წესი, ან მისტიკურ აბსტრაქციაში გადაიზრდება, ან რელიგიურ ლირიკაში, რომელსაც განცდათა გამის გამოწვევა შეუძლია, თუმცა სულს აუღორძინებელს ტოვებს.

საეკლესიო მხატვრების ხატები (მაგ. ვრუბელის) შეფარულ დემონიზმს ატარებენ. მათი სიღრმიდან თითქოსდა მძიმე, სულიერი წყვდიადი იღვენთება. საეკლესიო ტრადიციების ნგრევა _ ესეც სატანის გამარჯვებაა.

იერუსალიმის ტაძრის წმიდათა წმიდაში ლოცვისათვის შესვლა მღვდელმთავარს წელიწადში ერთხელ შეეძლო. წმიდათა წმიდის შებილწვა იერუსალიმის დანგრევაზე დიდი ტრაგედია იყო ხალხისათვის. ისტორიის აღმავალი და დაღმავალი ტალღები სათავეს საკურთხევლიდან იღებენ. ერის აღორძინება საკურთხევლის სიწმინდიდან უნდა იწყებოდეს. სატაძრო წესების მიხედვით ერისკაცთათვის საკურთხეველში შესვლა აკრძალულია. მხოლოდ მეფეს, როგორც ცხებულსა და მორწმუნე ერის წარ- მომადგენელს, შეეძლო საკურთხეველში შესვლა, რათა ხალხისთვის ელოცა. იერუსალიმის დაცემის დატირებისას წინასწარმეტყველმა თქვა, რომ საკურთხეველი ბოსტნეულის საცავად იქცა. ძველი აღთქმის ტაძარი მხოლოდ წინასახეა, ერთგვარი ჩრდილია ახალი აღთქმის ტაძრისა. რა ელით ქრისტიანებს, რომლებიც მოურიდებელნი არიან ყველაზე დიდი სიწმინდის _ საკურთხევლის მიმართ, სადაც თვით ღვთაებრიობა უხილავად სუფევს! სიწმიდე ცეცხლივითაა, მას შეუძლია გაათბოს და გაანათოს, მაგრამ ასევე _ დაწვას და დაფერფლოს. გვახსოვდეს! სიწმიდის შეურაცხყოფა შავი მესის რიტუალის ნაწილია. ეშმაკი ახალი სულიერი სივრცეების დაპყრობას ცდილობს.

ეკლესიას თავისი წმინდა სიმბოლოები აქვს. დემონიც ქმნის თავის მაგიურ ნიშნებს და საეკლესიო ენის შეცვლა მათით უნდა.

VI საუკუნის მსოფლიო კრებამ წმიდანთა ალეგორიულად გამოსახვა აკრძალა. ბოლო დროს გამოჩნდა ალეგორიული სურათები, სადაც ღმერთი კაბალისტებისაგან და სხვა საიდუმლო მისტიკური სექტებისაგან ნასესხები ნიშნებითაა გამოსახული. ამ ქრისტიანიზირებულ კაბალისტიკას "ინტელექტუალურ ხატს" არქმევენ, ანუ ეკლესიას ელიტად და მდაბიო ბრბოდ ყოფენ. ალეგორიული ნიშნებით იმიტირებული ხატები ადამიანში რელიგიური აზროვნების ახალ ტიპს აყალიბებენ. ხატის მეშვეობით ლოცვაში ჩართვის ნაცვლად იგი ღვთაებრიობის წარმოდგენას ალეგორიებისა და გეომეტრიული ფიგურების სახით იწყებს. ადგილი აქვს ეკლესიაში გნოსტიკოსთა საიდუმლო წერის შემოჭრას. ძველი მამები გნოსტიკოსებს "სატანის პირმშოებს" უწოდებდნენ (პოლიკარპე სმირნელი გნოსტიკოს კერინთოსის შესახებ).

ყოველგვარი მოდერნი _ ეს ეკლესიიდან თეატრისკენ ან წარმართული ბომონისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამიტომ მოდერნიზმი ეკლესიის თვითგანადგურების გზაა. ლიბერალური ქრისტიანობა კომპრომისების რელიგიაა. ის კომპრომისებს არა მხოლოდ ქრისტიანულ კონფესიებს შორის ეძებს, არამედ ქრისტიანობასა და ბუდიზმს, ქრისტიანობასა და შივაიზმს შორისაც. ქრისტიანული დოგმატების განადგურებით და ბუნდო- ვანი, უფორმო რელიგიის შექმნით, რომელსაც ამაყად და ხმამაღლა `წესიერი ხალხის~ რელიგიას არქმევენ, ის ქრისტიანობის შიგნიდან დანგრევისაკენ ისწრაფის. მათ ერთადერთი მოწოდება აქვთ _ ხალხისათვის სიკეთის კეთება. ეს ღვთისაგან განყოფის ფარული სურვილია გარეგნულად ქრისტიანად დარჩენით; ეს ჰუმანისტების რელიგიაა.

მათ უყვართ სიკეთეზე ლაპარაკი, თუმცა სიკეთეს არ აკეთებენ, მათ სურთ კაცობრიობის მეგობრებად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მათთვის სინამდვილეში ყოველივე უცხოა, გარდა საკუთარი მაძღრობისა და პატივმოყვარეობისა. ასეთი რელიგია ზოგჯერ თავის მოღვაწეებს წარმოშობს, როგორიცაა მაგ. დოქტორი შვეიცერი ან მონაზონი ტერეზა. ისინი თავდადებულნი ემსახურებოდნენ იმას, რასაც ჩვენ ტანჯული ადამიანის კულტს დავარქმევდით. მონაზონი ტერეზა კალკუტის ქუჩებში მომაკვდავებს აგროვებდა და ამბობდა: "მინდა, რომ ადამიანი ადამიანური ღირსებით მიიცვალოს". მაგრამ ქრისტიანობა ღირსეულ სიკვდილად, სინანულსა და ლოცვაში, ყოველთა მიტევებასა და ღვთის მოწყალების იმედში სიკვდილს მიიჩნევს. მონაზონი ტერეზა ღირსეულ სიკვდილს სხვა რამეში ხედავდა: მომაკვდავი სიკვდილის წინ დაბანილიყო და არა ქუჩის ქვაფენილზე, არამედ სუფთა ზეწარზე გარდაცვლილიყო. პროტესტანტი პრესვიტერი და თეოლოგი შვეიცერი სულ რამდენიმე წუთს ლოცულობდა, მის დანარჩენ დროს კი ლეპროზორია იკავებდა. მასთან მიწიერი ფასეულობები იყო აბსოლუტიზირებული, პირველქმნილი ცოდვის მნიშვნელობა და შესაბამისად სინანული კი შემცირებული. ჰუმანისტების ხატი _ ემპირიული ადამიანია. მათი დევიზია: "ადამიანი _ ეს ღვთაებრივად ჟღერს". ასეთი რელიგია ადამიანურ ძალებსა და გრძნობებს ემყარება. მასში ღვთის არსებობის რწმენას რა თქმა უნდა, არ უარყოფენ, მაგრამ ღმერთის ადგილზე ფსიქოლოგიურად აყენებენ ადამიანის ერთგვარ აბსტრაქციას. ამ ლიბერალიზმმა განათლების ეპოქა მოამზადა და ახლა ამის კეთებას აგნოსტიციზმისა და მატერიალიზმისათვის განაგრძობს ნიადაგის მომზადებას: "ხომ შეიძლება მოიშორო ღმერთი, როგორც მსოფლმხედველური იდეა და ამავე დროს კაცობრიობას ემსახურო".

არსებობს სახელების გარკვეული ძალა, არა კაბალის მნიშვნელობით, სადაც სახელებს მაგიური დატვირთვა აქვთ და სულების შელოცვას ემსახურებიან, არამედ როგორც ერთგვარი ასოციაციური კავშირი, გამაერთიანებელი ველი და ჩვენთვის აუხსნელი ზეგავლენის ნიშანი. გავიხსენოთ, როგორი დაჟინებით ნერგავდნენ ქრისტიანობის მტრები ადამიანების შეგნებაში თავიანთი ბელადების სახელებს. ქალაქებზე, ქუჩებზე, პარკებზე, ქარხნებზე ეს სახელები დაღივით იყო აღბეჭდილი. ისინი თვალს გტაცებდნენ სახლების კედლებზე და გზაჯვარედინებზე. რისთვის იყო ეს საჭირო? იმისათვის ხომ არა, რომ ამ ადამიანებისათვის დიდების შარავანდედი დაედგათ? ნაწილობრივ ასეცაა. მაგრამ გარდა ამისა, ამაში დემონური რიტუალია შეფარული. გარკვეული სახელის მატარებელი ადგილი ამ სახელთან კავშირს ამყარებს. როცა ჩვენს ქალაქებში ზოგიერთ მოედანსა თუ ქუჩას სახელი შეეცვალა, თითქოს სუნთქვა უკეთ გახდა შესაძლებელი, თითქოს თვით ატმოსფერო შეიცვალა. ჩვენ გვაქვს წმინდანთა გამოსახულებები, რომლებიც სულიერ სამყაროსთან ურთიერთობაში გვეხმარებიან. თავიანთი გამოსახულებები დემონებსაც აქვთ. ეს მაგიასთან დაკავშირებული ამულეტები და თილისმებია, ასევე ურჩხულთა გამოსახულებები, იმ ადამიანთა პორტრეტები, ვინც სატანის გეგმებს ემსახურებოდა. ეს სახეები ადამიანის სულში და მეხსიერებაში აღიბეჭდება.

არის კიდევ რიტუალური გამოსახულებების ერთი სახე _ ადამიანის შიშველი სხეული. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სექსი.

სიშიშვლე მადლის დაკარგვის სიმბოლოა. ნიშანდობლივია, რომ ქალდეურ, ეგვიპტურ, ბერძნულ და იაპონურ წარმართულ ღვთაებებს შიშვლებს გამოსახავდნენ. შავი მესა, სატანური რიტუალები, ჯადოქრების თავყრილობა, დემონისადმი ლოცვისა და შელოცვების დროს მონაწილეებისაგან გაშიშვლებას მოითხოვდა. ასევე ნიშანდობლივია ისიც, რომ ანგელოზები ნათელი სამოსით გამოისახებიან, დემონები კი შიშვლები. სექსის რელიგია გზას კვალავს სატანის რელიგიისათვის.

ქრისტიანებისათვის უდიდეს სიწმინდეს წმიდანთა ნაწილები წარმოადგენს. ადამიანის სულთან შეთვისებული სულიწმიდა მის სხეულსაც წმენდს ისევე, როგორც ნელსაცხებელი ტოვებს კეთილსურნელებას ჭურჭელზე, რომელშიც ის ინახება. ცოდვა დემონის შავი დაღია არა მხოლოდ ცოდვილის სულზე, მის სხეულზეც, ცოდვილისა სულიც ყარს.

აღსანიშნავია, რომ აკლდამებს, ეგრეთწოდებულ პანთეონებს ეკლესიებთან აწყობენ. ეს არის ღმერთების ტაძრები, სადაც იმათ მარხავენ, ვინც ისტორიაში თავი ისახელა, თუმცა ღმერთს დაშორდა და ეკლესიის ზღურბლზე ერთხელაც არ გადაუბიჯებია. რატომ უნდა იკრძალებოდნენ ასეთები ეკლესიის კედლებთან? ძველ რომში ყველა ქვეყნისა და პროვინციის წარმართული ღმერთების გამოსახულებები და ემბლემები პანთეონის თაღებქვეშ იქნა თავმოყრილი. კერპები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ, მაგრამ მას არ შეეძლო ერთადერთი, ჭეშმარიტი ღმერთის დატევა. რატომ მიაქვთ ეკლესიისადმი გულგრილ ადამიანებს თავიანთი გმირების ნეშტი ეკლესიასთან და მათ აკლდამებს დამახასიათებელ, მაგრამ საბედისწერო სახელს _ "პანთეონს" უწოდებენ? იმიტომ, რომ ღვთის დიდების ტაძრის გვერდით ადამიანური დიდების ტაძრის შექმნას ელტვიან. გასულ (XIX) საუკუნეში ფილოსოფოს კანტის ინიციატივით შეადგინეს საეკლესიო კალენდრის პარალელური კალენდარი, სადაც წმიდანთა სახელების ნაცვლად გამოჩენილი მწერლების, მხედართმთავრების, სახელმწიფო მოღვაწეების და ა.შ. სახელები იყო აღნიშნული ნიშნად მათი პატივისცემისა და განდიდებისა. ქვეყანა თით- ქოსდა ამბობს: "ნახეთ, აი ჩვენი წმინდანები". მაგია კავშირშია სასაფლაოსთან. არსებობდა ჯადოქრული რიტუალები, რომლებიც მხოლოდ წარმართულ სასაფლაოებზე სრულდებოდა. მსოფლიო ისტორიაში დაკრძალვის ყველაზე განსაცვიფრებელ რიტუალს წარმოადგენს არა უდაბნოში მთებივით აღმართული ფარაონთა აკლდამები _ პირამიდები, არამედ მოსკოვის მავზოლეუმი. ბელადიზმი, ზეადამიანის კულტი არსებითად "დემონურ თეოკრატიას" წარმოადგენს. ბელადი წარმოჩენილია როგორც არა მხოლოდ დიდი პოლიტიკოსი, არამედ როგორც შეუმცდარი იდეოლოგი, წინასწარმეტყველის მსგავსი, რომლის სიტყვასაც ბრბო უნდა მიენდოს. ამიტომ არა მხოლოდ ეგვიპტეში, ბაბილონში და ინკებთან, ასევე კომუნისტურ ქვეყნებშიც წარმოიშვა განსაკუთრებული კულტი _ აკლდამების თაყვანისცემა. მავზოლეუმი თითქმის ყველა კომუნისტურ ქვეყანაში აშენდა, სადაც ეგვიპტის ფარაონივით მუმიფიცირებული და ხალხის "დარაჯად" გამწესებული "ბელადი" იყო დასვენებული. ჩინელები ჩინგიზ ყაენის საფლავზე მოსალოცად დადიოდნენ და მის სულს იძახებდნენ, მუსლიმანები ხალიფებისათვის აკლდამებს აშენებდნენ, ბუხარა და სამარყანდი თავიანთ მფარველად თემურლენგს თვლიდნენ, მის მეფობას კი ოქროს საუკუნედ, ფაშისტური ელიტა მედიტაციისათვის იმპერატორ ფრიდრიხ ბარბაროსის საფლავის მოსანახულებლად დადიოდა. რომ შეგროვილიყო სისხლი, რაც ამ ადამიანებმა მთელი სიცოცხლის მანძილზე დაღვარეს, მათ აკლდამებსა და პირამიდებს ადიდებულ მდინარესავით წალეკავდა.

წმიდანთა ცხოვრებაში მოთხრობილია, რომ წარმართულ ტაძრებში დემონები ბინადრობდნენ და კერპების მეშვეობით სასწაულებს სჩადიოდნენ. რომის იმპერატორთა აპოთეოზს (საზეიმო კრემაციას) თან ზებუნებრივი სატანური ძალის მოვლენები ახლდა და ბრბოს ანცვიფრებდა. "გაღმერთებული" იმპერატორი-ქურუმები იმპერიიის მფარველებად ითვლებოდნენ. ქრისტიანები მათ თაყვანისცემაზე უარს ამბობდნენ, რის გამოც სიკვდილით ისჯებოდნენ. გმირების პატივის მიგების ერთ-ერთ საშუალებად ცეცხლის ანთების გავრცელებული წესი იქცა, რომელსაც ავბედითი სახელი "მარადიული ცეცხლი" ჰქვია. ავბედითი იმიტომ, რომ სახარებაში წერია: "მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების". ცეცხლი, როგორც წმინდა სიმბოლო, ზოროასტრ-ცეცხლთაყვანისმცემლების სამლოცველოებში ენთო. კავკასიის ხალხებმა თავიანთი ისტორიული გამოცდილებით განსაკუთრებულად კარგად იცოდნენ, რისი მატარებელიც იყო ცეცხლის რელიგია. ახლა მაზდეანობის ეს სიმბოლო და საუკუნო ტანჯვის სახე, სახალხო გმირების ხსოვნის მარადსაყოფად გამოიყენება.

კიდევ უარესი, წარმართული ემბლემებისა და რიტუალების ნაცვლად დამახინჯებული სახით აღებული, უფრო სწორად ეკლესიიდან მოპარული წესები გამოიყენება. ამ მკრეხელურ მიბაძვას ეკლესიისას ვხედავთ მაგ. ქორწინების სასახლეში, სადაც ნაცვლად იმისა, რომ ქორწინება რეგისტრაციაში გაატარონ ან საქორწილო სუფრის გაშლაში დაეხმარონ, ეკლესიის დუბლირებას ეწევიან. ბეჭდების გაცვლა, ნეფეპატარძლისათვის ერთ ფიალაში ღვინის დასხმა და ა.შ., არც თუ უბრალო ანტირელიგიურ ანეკდოტს წარმოადგენს. აქ თანამედროვე ლიბერალიზმის შინაარსია შეფარული. სახელმწიფოსთან სეკულარიზებული საზოგადოება საკუთარ თავზე ეკლესიის ფუნქციებს იღებს, ის ადამიანების რელიგიურ მოთხოვნილებებს "აკმაყოფილებს". ასე რომ, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ჩნდებიან მოულოდნელად საზოგადოებრივ სტრუქტურებში ნებისმიერი რელიგიისათვის სავსებით უცხო, თანამედროვე ქურუმები, რომლებიც ლიტურგიას და ეკლესიის ადათებს მაიმუნის გულ- მოდგინებით ბაძავენ.

არც თუ დიდი ხნის წინ იყო წეს-ჩვეულება, რომლითაც ნათლობის შეცვლა სურდათ: ბავშვი კლუბში მიყავდათ, მშობლები მასთან ერთად ბელადების პორტრეტების წინ დგებოდნენ და პირობას დებდნენ, შვილი პროლეტარული, რევოლუციური თვითშეგნებით აღეზარდათ. შემდეგ რევოლუციის "პატარა ჯარისკაცი" საჩუქრად ჯვრის ნაცვლად ვარსკვლავს ღებულობდა, ორი დამსწრე პროლეტარულ აღზრდაზე პასუხისმგებლობას კისრულობდა, მათ "ვარსკვლავური მამა" და "ვარსკვლავური დედა" ერქვათ, თვით რიტუალს კი "წითელი თანავარსკვლავედი". ამავდროულად, მსოფლიოს სხვა ნაწილში, ევროპის ცენტრში _ გერმანიაში, პარალელური პროცესები ხდებოდა. ფაშიზმი არიულ და სკანდინავიურ წარმართობას, ასევე რაინდული ორდენების ოკულტურ ტრადიციებს აღორძინებდა. ამ ველურ ფანტასმაგორიას და ნიღბების კარნავალს სავსებით რეალური ძალა ჰქონდა. მკრეხელური წესი _ ეს ღვთისმბრძოლობის სახეობაა, დემონის მსახურების და ყველა სახის ჯადოქრობის აუცილებელი ატრიბუტი. ამ მკრეხელურ ადათ-წესებში მონაწილე ხალხმა უკვე მიიღო სულიერი შხამის ინექცია. ადამიანი, რომელმაც საკუთარი ნება დემონს ჩააბარა, დედამიწაზე ჯოჯოხეთის სამეუფოს აფართოებს.

წარმართებზე, რომლებიც ადამიანებს მსხვერპლად სწირავდნენ, დავით წინასწარმეტყველი ამბობდა, რომ "დაკლვით მოისრა ქუეყანაი სისხლითა", ანუ კაცის სისხლი ღაღადებს ღვთისა მიმართ, ის მიწას უდაბნოდ აქცევს. წმიდა მამები წერდნენ, რომ დემონი, თუმცა უხორცო ძალაა, ის როგორც საკვებით, სისხლის სუნით და მრუშების სიბინძურით საზრდოობს, ამიტომ იმ ადგილებში ბინადრობს, სადაც ცოდვა და ბოროტმოქმედებაა. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მსხვერპლშეწირვა დემონისათვის, რომელიც ყველა ომსა და ჰეკატომბას აღემატა _ დედების მიერ საკუთარი შვილების კვლაა. დემონურ კულტებში ადამიანის სისხლის დაღვრა, განსაკუთრებით კი ბავშვებისა, აუცილებელ მსხვერპლშეწირვად ითვლებოდა, რომლის გარეშეც არ ხდებოდა სატანის რიტუალური გამოცხადება. ძველი დროის თითქმის ყველა წარმართულ რელიგიაში შეიწირებოდა ადამიანი. მაიასა და ინკებში ცოცხალ ადამიანს გულს აცლიდნენ, მთავარი ღვთაების _ მზის დღესასწაულზე მსხვერპლთა რაოდენობა 30000 აღწევდა. ამიტომ ინკები ტყვეების მოსაპოვებლად ლაშქრობებს აწყობდნენ ან ადამიანზე ნადირობდნენ, როგორც მხეცზე. ცენტრალურ აფრიკაში მსხვერპლს ცისკრის ვარსკვლავს (ვენერას) წირავდნენ, საბერძნეთში _ ჰეკატას _ გველებიან მთვარის ღვთაებას.

აბორტების რაოდენობამ ქრისტიანულ ქვეყნებში ომში დახოცილთა, კერპებისათვის შეწირულთა, კანიბალებისაგან შეჭმულთა რაოდენობას გადააჭარბა. ძველ გრავიურაზე დედამიწა სამყაროს ოკეანეში მცურავ კუნძულადაა გამოსახული. დღეს კი ის ადამიანის სისხლში მცურავ კუნძულს უფრო ჰგავს.

ბევრნი გონს ვერ მოსულან: რისთვის გვსჯის უფალი ასე მკაცრად? მაგრამ უფრო მართებული იქნებოდა გვეკითხა: რისთვის გვითმენს უფალი ჯერ კიდევ? ის ჩვენ თავისი ენით უთქმელი მოწყალების გამო, უცნობ ღვთივსათნოთა ლოცვის გამო გვითმენს და... ჩვენს სინანულს ელის.


თარგმნა ნინო გულიაშვილმა

Комментариев нет:

Отправить комментарий