ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 31 марта 2013 г.

ათეიზმი შეუძლებელია (შეუძლებელი ათეიზმი).

ძვირფასო აგნოს!

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გინდათ იცოდეთ, რატომ გიწოდებთ “აგნოსს”. “აგნოსი”-ეს არის სიტყვა “აგნოსტიკურის” შემოკლება და იმასთან მიმართებით გამოიყენება, ვინც ღმერთის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას თავი აარიდა. აგნოსტიკი ყოველთვის ამბობს, რომ მან არ იცის, არსებობს თუ არა ღმერთი. ის ამტკიცებს, რომ ამის ფაქტის სასარგებლო და საწინააღმდეგო ჩვენებები არადამაჯერებელია. შესაძლოა მითხრათ: “თქვენ მე არასწორად მომმართავთ. მე აგნოსტიკი კი არა, უბრალოდ, ათეისტი ვარ. მე ვიცი, რომ ღმერთი არ არსებობს.” მართლა? თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს იცით? ვფიქრობ, მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ასეთი დოგმატური ათეიზმის არსებობა შეუძლებელია. თუ სწორად ვიმსჯელებთ, ინტელექტუალური ოდისეა შეგვიძლია დავიწყოთ თეზისიდან: ვერავის ძალუძს ათეისტობა. თუკი თქვენ არ ხართ თეისტი, ლოგიკურად, თქვენ შეგიძლიათ იყოთ მხოლოდ აგნოსტიკი.

თუკი ტიპიური ათეისტი ბრძანდებით, სავარაუდოდ, რამოდენიმე მთავარ მტკიცებულებას უნდა ეყრდნობოდეთ. თქვენ ამბობთ, რომ ღმერთი არ არსებობს, რომ სამყარო მატერიისაგან შედგება მხოლოდ, რომ რწმენა – განუვითარებელი ადამიანების სამარცხვინო და არასაიმედო თავშესაფარია და, რომ გონიერი ადამიანები მეცნიერულ მეთოდებს უნდა ეყრდნობოდნენ. შევეცადოთ, ამ მტკიცებულებების გამოყენებით დავამტკიცოთ, რომ ათეისტი არა ხართ.

ათეიზმის შეუძლებლობა

აგნოს, თუკი თქვენ გეცოდინებოდათ, რომ ღმერთი არ არსებობს, მაშინ, რეალობის შესახებ გეცოდინებოდათ ყველაფერი. სხვა შემთხვევაში, ერთი ფაქტიც კი, რომელსაც არ გაითვალისწინებდით, შესაძლოა სწორედ ის ფაქტი გამხდარიყო, რომელიც ღმრთის არსებობას დაადასტურებდა. ღმერთის არსებობა – შესაძლებელია, მაგრამ თქვენი დოგმატური მტკიცებით იგი არ არსებობს. თქვენ ამით ამტკიცებთ, რომ იცით ყველაფერი, რაც შეიძლება იცოდეთ რეალობის შესახებ და ამ რეალობაში არანაირი ღმერთი არ არის. მაგრამ რომელი გონიერი ადამიანი იტყვის, რომ მან ყველაფერი იცის, რაც შესაძლებელია, რეალობის შესახებ?

დავუშვათ, რომ გაქვთ ტომარა, რომელშიც ბურთულებია მოთავსებული. თქვენ გსურთ, დაამტკიცოთ, რომ მათ შორის არ არის შავი ბურთულები. ეს ფაქტი რომ დადასტურდეს, თქვენ ყველა ბურთულა ერთდროულად უნდა ნახოთ. თუკი ეს პირობა არ შესრულდება, ვერანაირად ვერ დაამტკიცებთ თქვენს მოსაზრებას. ამ მაგალითში ტომარაში იგულისხმება სამყარო, ამ დროს კი თქვენ ამტკიცებთ, რომ მასში ღმერთი არ არის. იცით თუ არა ზუსტად, რა არის ტომარაში?

მოდი, ამ მსჯელობის აბსურდულობამდე მივიდეთ. დავუშვათ, თქვენ დედამიწაზე იწყებთ ღმერთის ძიებას, ათვალიერებთ თითოეული ქვის ქვეშეთს ჩვენს პლანეტაზე. ღმერთი არ არის. ძიებას მარსზე განაგრძობთ, კვლავ უშედეგოდ. შემდეგ ეწვევით იუპიტერს, ნეპტუნს, ურანს, პლუტონს, მოივლით რძის გზას, ანდრომედას და სამყაროს სხვა ადგილებს, მაგრამ ღმერთი არსად არ არის. იქნებით თუ არა ყოველივე ამის შემდეგ ასი პროცენტით დარწმუნებული, რომ ღმერთი არ არსებობს? ხომ შეიძლება, მთელი თქვენი მოგზაურობის განმავლობაში ღმერთი ერთი ნაბიჯით გასწრებდათ და თავს არიდებდა თქვენთან შეხვედრას?

ვიცი, რომ თქვენთვის ეს ყველაფერი ბრიყვულად ჟღერს, მაგრამ აქვე მსურს სრულიად სერიოზულად შევნიშნო: თქვენ უნდა იცოდეთ ყველაფერი ყველაფრის შესახებ და იმავდროულად იმყოფებოდეთ ერთბაშად ყველგან, რათა უაპელაციოდ განაცხადოთ: “მე ვიცი, რომ ღმერთი არ არსებობს”. ნამდვილი ათეისტი რომ იყო, ყოვლისმცოდნე და ყველგანმყოფი უნდა იყო, ეს ატრიბუტები კი ჩვეულებრივ მხოლოდ ღმერთს განეკუთვნება.. ერთი სიტყვით, თქვენ უნდა იყოთ ღმერთი, რათა დაამტკიცოთ, რომ ღმერთი არ არსებობს.

თქვენ მართლა გჯერათ ზებუნებრივის

თუკი თქვენ ამ პუნქტს ეთანხმებით, აგნოს, მაშინ, შემდეგ პუნქტში ნამდვილად კედელთან მიგაყენებთ. როგორც კი იმას მეტყვით, რომ ყოვლისმცოდნე არა ხართ, მე გიჩვენებთ, რომ სინამდვილეში, თქვენ ზებუნებრივისა გწამთ. თუ მატერიალისტი ბრძანდებით, ანუ გწამთ, რომ ყველაფერი არსებული შედგება მატერიის ან ბუნებისგან, მაშინ ეს ყველაფერი ალბათ სიტყვების თამაშად მოგეჩვენებათ. მაგრამ ამასაც დაუფიქრდით: ვერავინ უარყოფს, რომ არსებობს შეუცნობი სფერო ცნობილი რეალობის მიღმა. თუ ჩვენ სამყაროს მიმართ გამოვიყენებთ სიტყვას “ბუნებრივი,” რომელიც უკვე შევიმეცნეთ, მაშინ ცხადია, რომ არსებობს “ზებუნებრივიც”, რამდენადაც “ზე” მიუთითებს (მიანიშნებს) ისეთ რამეზე, რაც ცნობადის (შეცნობილის, ცნობილის) მიღმა არსებობს. აქედან გამომდინარე, ზებუნებრივს განეკუთვნება რაღაც ფაქტების ძალების, არსებებისა თუ კანონების ერთობლიობა, რომლებიც ჩვენთვის ჯერ კიდევ შეუცნობელია. მრავალი მორწმუნე სიტყვა “ზებუნებრივს” იყენებს (ხმარობს) ფანტაზიების, ოკულტიზმისა, იდუმალის, დაუჯერებელისა ან წარმოსახვითი მოვლენებთან დაკავშირებით, ხოლო თუ ჩვენ გამოვიყენებთ ამას ზემოთქმული განსაზღვრებიდან გამომდინარე, მაშინ ჩვენ შეგვიძლია აღნიშნული საკითხის კვლევა დავიწყოთ საერთო, ყველასათვის მისაღებ საფუძველზე დაყრდნობით.


ცხადია, რომ მატერიალისტს სჯერა, რომ შეცნობადი სამყაროს მიღმა არსებობს სხვა რეალობაც, მაგრამ ის თვლის, რომ უცნობი რეალობა ყველაფრით ცნობადი სამყაროს მსგავსია. მას სჯერა, რომ ისიც მატერიისგან შედგება და “ბუნებრივია”. ის ამტკიცებს, რომ სამყარო მთლიანობაში ერთგვაროვანია, ანუ, ერთი ბოლოდან მეორემდე ის ერთი და იმავესგან—მატერიისგან—შედგება. მაგრამ რა უფლება აქვს ადამიანს ამტკიცოს, რომ ესა და ეს არის უცნობი რეალობის შემადგენელი? საიდან უნდა ვიცოდეთ ამდენი უცნობ სამყაროზე? ალბათ, საჭიროა ჯერ ადამიანი გაეცნოს უცნობ(შეუცნობელ) სამყაროს, სანამ დაიწყებს დარწმუნებით იმის მტკიცებას, რომ უცნობი სამყარო ყველაფრით ცნობადი სამყაროს მსგავსია. ნუთუ არ არის საჭირო დავინახოთ სამყარო მთლიანობაში იმისათვის, რომ განვაცხადოთ, რომ ის “მატერიისგან შედგება?” ნუთუ შეუძლებელია, რომ შეუცნობელი სამყარო განსხვავდებოდეს ბუნებრივი სამყაროსგან? ნუთუ არსებობა და რეალობა არამატერიალური, ზეემპირიული და სულიერი სამყაროებისა შეუძლებელია?

გაითვალისწინეთ, ბატონო აგნოს, უარყოფითი მტკიცებისათვის “ღმერთი არ არსებობს”, ისევე, როგორც დადებითი მტკიცებისათვის: “ყველაფერი მატერიისგან შედგება”, ადამიანი უნდა ფლობდეს ყველაფრის შეცნობის შესაძლებლობას. ამას კი მესამე მტკიცებისკენ მივყავართ.

თქვენ გაქვთ რაღაცის რწმენა


თუ თქვენ უარყოფთ, რომ ყველაფრისმცოდნე ბრძანდებით, და აღიარებთ ზებუნებრივის არსებობას, მაშინ თქვენ რაღაც რწმენა მართლაც გქონიათ. შეიძლება ეს ჯერ კიდევ რელიგიური რწმენა არ იყოს, მაგრამ ეს საწყისია, რამეთუ რელიგიური რწმენაც სათავეს საყოველთაო რწმენისგან იღებს. ..
ჩვენ შეგვიძლია რწმენა ჯერ განვსაზღვროთ როგორც მტკიცებულების მიღება, რომელსაც დამტკიცებას პირდაპირი მეთოდებით ვერ შევძლებთ, როცა პირდაპირი მეთოდებით ვამტკიცებთ, ამას ცოდნას ვუწოდებთ; როცა არაპირდაპირ მეთოდებს ვიყენებთ, ამას რწმენას ან მრწამსს ვუწოდებთ.

არ შეიძლება რწმენა განვსაზღვროთ როგორც ბრმა ნახტომი შეუცნობელისკენ. ეს უფრო სინათლეში შესვლაა. რწმენის სინათლე, შესაძლოა უფრო მქრქალი იყოს იმაზე, რასაც ცოდნას ვუწოდებთ, მაგრამ ეს სიბნელე არ არის. რწმენა ყოველთვის უნდა იყოს დაფუძნებული რაღაც, არა ყოველთვის სრულყოფილ ჩვენებებზე. რწმენა ყოველთვის ნდობასა და რწმუნებას შორის ძევს.

ამ განსაზღვრების მიხედვით საკმაოდ ნათელია, რომ ყოველ ადამიანს აქვს რწმენის გარკვეული საზომი. მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. რაღაც ფილოსოფიის მიმდევრობა მის გარეშე შეუძლებელია. ყველა ადამიანს აქვს მრწამსი, ჰიპოთეზები, თეორიები, ამხსნელი პოსტულატები, რის შესახებაც ის ფიქრობს სამყაროსთან მიმართებით, განსაკუთრებით მის უჩინარ და მათთვის შეუცნობელ მხარეებთან დაკავშირებით. პრინციპში ყველა ადამიანს აქვს მსოფლმხედველობა (ძველი გერმანული სიტყვის ”წელტანსცჰაუუნგ” შემცვლელი არ არსებობს), და ყველა მსოფლმხედველობა სცილდება ემპირიულ რეალობას. თუ თქვენ, აგნოს, გაქვთ რაიმე ფილოსოფიური მრწამსი, მაშინ თქვენ იმაზე მეტი რწმენა გაქვთ, ვიდრე მზად ხართ აღიაროთ.

ამიტომაც შეცდომაა, ვამტკიცოთ, რომ სირთულეები მხოლოდ ქრისტიანთა ხვედრია: რწმენა ლოგიკის წინააღმდეგ. ყველა გონიერი ადამიანი, - თუ ისინი აზროვნებენ, - ეჩეხება ამ პრობლემას. თვით ურწმუნოებიც კი სვამენ ამ კითხვას: სად მთავრდება ცოდნა ჩემს შემეცნებაში და იწყება რწმენა? თქვენი ფილოსოფიური რწმენის მიხედვით, თქვენ აღიარებთ “სხვა (უცნობი) სამყაროს” არსებობის შესაძლებლობას, ამიტომ, აუცილებელია, კიდევ უფრო შორს წახვიდეთ და გვითხრათ, სახელდობრ რა წარმოადგენს თქვენთვის პირველწყაროსა და ავტორიტეტს? თვითონ უნდა გაერკვეთ, რის საფუძველზეა მისაღები ან არმისაღები თეზა უცნობი სამყაროს შესახებ. ამ პუნქტში, თქვენ არაფრით განსხვავდებით რელიგიური ადამიანისაგან. რწმენისა და ლოგიკის პრობლემა საერთო ფილოსოფიური პრობლემაა, რომელიც ნებისმიერი მსოფლაღქმისათვის უნდა იქნეს განსაზღვრული.

თუკი აქამდე გონივრულად ვმსჯელობ, აგნოს, ვფიქრობ, თქვენ მგზნებარე ათეისტი არ უნდა იყოთ. თქვენ აღიარებთ ზებუნებრივს და ეთანხმებით მტკიცებას, რომ რაღაცის რწმენა გაქვთ. ჯერჯერობით ეს ფაქტი ვერ გაქცევთ თეისტად ან ქრისტიანად, მაგრამ ნაბიჯი სწორი მიმართულებით უკვე გადადგით. თქვენ უკვე გახდით “პატივცემული აგნოსტიკოსი”, “გულახდილი სკეპტიკოსი”, ადამიანი, რომელმაც არ უწყის, როგორ იქნება მართებული იფიქროს ღმერთზე, მაგრამ, ამავე დროს, მზად არის ისწავლოს, თუკი საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.
ავტორი: არლი ჰუვე

http://faith.ge/index.php?newsid=1187

Комментариев нет:

Отправить комментарий