ღმერთი

ღმერთი

суббота, 23 марта 2013 г.

ოკულტიზმი – ბნელი და დემონური საქმიანობა.

თანამედროვე ოკულტური მოვლენებით ბევრი ადამიანია დაინტერესებული. მას ხშირად მიმართავენ ავადმყოფობისგან განკურნების ან სულიერი გაჯანსაღებისთვის. თუმცა ამას ადამიანისთვის არცთუ სასიკეთო შედეგი მოაქვს და უფრო მეტიც, სულს დაღუპვისკენ უბიძგებს.

“როცა სასტიკ სნეულებაში ჩავარდები, მრავალნი გირჩევენ, მიმართო ჯადოქრებს ან მისნებს, მაგრამ შენ, ღმერთს მინდობილმა, დაითმინე, გახსოვდეს, რომ ამ ტანჯვას შენთვის გვირგვინი მოაქვს. იგი აგაცილებს მომავალ სატანჯველს, თუკი სნეულებას ღვთისადმი მადლიერების გრძნობით გადაიტან. თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაშინ ქრისტეს დავემორჩილოთ და არ მივმართოთ ღვთის მტრებს – მისნებს, ჯადოქრებს (ე.ი ექსტრასენსებს), რამეთუ ისინი ღვთის მტრები არიან. უმჯობესია, მოვკვდეთ, ვიდრე ღვთის მტრებთან მივიდეთ. რა სარგებელია, სხეულს ვუმკურნალოთ, თუკი სულს წარვიწყმედთ, რა შენაძენია, აქ მცირე ნუგეში მივიღოთ და იქ საუკუნო ცეცხლში ეშმაკებთან ვიტანჯოთ”.
წმ. იოანე ოქროპირი (სნეულებათა მისნობის შესახებ)

“ზიზღს მგვრის უაზრო მე ჯადოქრობა!
ნუთუ ბრიყვული წამლეულობა
მომცემს ჯან-ღონეს და განკურნებას?
მაშ, უნდა ავყვე დედაბრის რჩევას?
ნუთუ ნახარში ბალახის წვენი
გამაყმაწვილებს ოცდაათ წელით?
მაშ, ამის მეტი არა იცი რა?
სრულიად ვკარგავ იმედის ძალას.
ნუთუ ბუნების დიადი სული
ვერ აღმოაჩენს უკეთეს ბალზამს”.
იოჰან ვოფგანგ გოეთე (ფაუსტი)

ოკულტიზმის შესახებ გვესაუბრება სამების ტაძრის დეკანოზი იაკობ აბაშიძე.

- ბოლო დროს მომრავლდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც უჩვეულო მონაცემებით გამოირჩევიან: ბიოველით მკურნალობენ, ტელეპატიის უნარი აქვს, ნათელმხილველობენ და სხვა.

- საღმრთო წერილში, ძველსა და ახალ აღთქმაში, ოკულტიზმი, მისნობა, ჯადოქრობა, ვარსკვლავთმრიცხველობა, ცრუწინასწარმეტყველება ყველგან დაგმობილია უფლის მიერ. რჯულის კანონში მკითხავი, ისევე როგორც კაცის მკვლელი, ერთი და იმავე სასჯელის ზომით განიკანონება ეკლესიის წიაღიდან და მოუნანებლობის შემთხვევაში ანათემასაც გადაეცემა.

ადამიანისთვის ყველაზე დიდი დახმარება მათი მოქცევა და ეკლესიის წიაღში დაბრუნება იქნებოდა. ასეთ დიდ საცთურში მყოფ ცდომილებას თავად უფალი თუ მოაქცევს, რადგან კაცთაგან შეუძლებელი შესაძლებელია ღვთისაგან.

- ასეთი მონაცემების მქონე ადამიანები ხალხს რა გზებით აცდუნებენ?

- მათგან წამოსული საცდური ორგვარია, ერთია ადამიანთა უმეცრებაზე დაფუძნებული მოხერხება და მზაკვრული ქმედება – ფარისევლობა და მეორეა ბოროტი სულის სასწაულები, რომელსაც შეუძლია ცრუ და დამღუპველი სასწაულებიც მოახდინოს. ზოგჯერ რაიმეს გამოცნობით ადამიანებს თავიანთი გავლენის ქვეშ აქცევენ და ასე ჩამოაშორებენ ცხონებას.

- რატომ დადიან ექსტრასენსები ეკლესიაში და სხვებსაც ეკლესიაში სიარულისკენ რატომ მოუწოდებენ?

- ასეთი მაცდური ადამიანის ტაძარში სიარული შეიძლება უმეცრების შედეგიც იყოს, რადგან შეიძლება არც ესმოდეს, რომ ეშმაკის ბრმა იარაღად არის ქცეული და მისნობა პატივადაც კი მიაჩნდეს. ხშირ შემთხვევაში კი ტაძარში შეგნებულად მოდის, რათა, როგორც სახარებაშია ნათქვამი, უფლის გამორჩეული მორწმუნეები აცდუნოს. ეშმაკის მთავარი მიზანია, რომ ღვთის გზაზე მიმავალი ადამიანთა სულები დაღუპოს და არა ისინი, რომლებიც არც კი ცდილობენ სულის ცხონებას და არც ბოროტი სულის არსებობა სწამთ.

- ექსტრასენსები ხალხს მოსანათლად რატომ უშვებენ და რატომ ამბობენ ზოგჯერ უარს მოუნათლავთან “მუშაობაზე”?

- როგორც აღვნიშნეთ, ეშმაკს და მის მსახურებს მონათლული და მირონცხებული ადამიანის სული უნდა, რომ თავის გავლენაში მოაქციოს და დაღუპოს, თორემ მოუნათლავი ადამიანი ისედაც არ დგას ცხონების გზაზე. ეშმაკისა და მისნების მთავარ სამიზნეს მართლმორწმუნე წარმოადგენს.

- რატომ ეძლევათ ადამიანებს ექსტრასენსული მონაცემები? რას ურჩევდით ასეთი უნარის მქონეთ?

- ადამიანს ღვთისგან უამრავი ძალა აქვს მინიჭებული, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ ვაკონტროლებთ. მეცნიერულად შეიძლება ბევრი რამ აიხსნას. თუმცა ყველას არა აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი ძალები ბოლომდე შეიმეცნოს. დღეს ადამიანი თავისი შესაძლებლობების მხოლოდ ათ პროცენტს იყენებს. როცა ადამიანი დაეცა და დაემონა ბოროტ სულს, ეშმაკიც მასთან შევიდა ურთიერთობაში. ამიტომ ადამიანი რასაც თავის თავში აღმოაჩენს, შეიძლება ბოროტი ძალების ზეგავლენა იყოს და აღმოჩნდეს ბოროტი სულების ბადეში გაბმული. ამიტომ თუ შევამჩნევთ, რომ გვაქვს რაიმე გამოვლენა, თუნდაც ბიოველები, უნდა მივიდეთ მოძღვართან, ვილოცოთ და უფლის ნებით ყოველივე ისე აღესრულდება, როგორც ჩვენი სულის ცხონებას შეესაბამება.

- გარდაცვლილთა სულებთან ურთიერთობა, ანუ სპირიტიზმი რამდენად რეალურია?

- ე.წ. სულების გამოძახება და მათთან ურთიერთობა ილუზიაა, რეალობა კი ისაა, რომ სპირიტიზმის საშუალებით ადამიანი ბოროტ სულს, სატანას უკავშირდება და ამ სასწაულით მოხიბლული მთავარს – ცხონებას აკლდება.

წმ. მამათაგან ნათქვამია, თაფლით სავსე კასრში ერთი წვეთი შხამიც რომ ერიოს, ის საშიშია ადამიანისათვის. ეშმაკმა კიდეც რომ ბევრი სასწაული გვიჩვენოს, მას ძალუძს ერთი წვეთი ისეთი საცდურიც შეურიოს მრავალ მაცდუნებელ ცრუ-სასწაულებში, რომ ადამიანი დაღუპოს და უფლის მადლს ჩამოაშოროს.

თანამედროვე სპირიტიზმი არის მოძღვრება საიქიოსა და მასთან ურთიერთობაზე. იგი აცხადებს, რომ მატერიალური სამყაროს გარდა არსებობს სხვა, ასტრალური სამყაროც, რომელიც სიდიადითა და შესაძლებლობებით ჩვენსას აღემატება.

რა თქმა უნდა, ამ მატერიალური სამყაროს გარდა მართლმადიდებელი ქრისტიანებიც ვაღიარებთ, რომ არსებობს ზეციური სამყარო – ღმერთი და ანგელოზები, რომლებიც აღემატებიან ჩვენს შესაძლებლობებს, მაგრამ ასევე არსებობენ დაცემული ანგელოზებიც და დემონებიც, რომლებიც ასევე აღემატებიან ჩვენს შესაძლებლობებს და ცდილობენ, ადამიანები თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციონ და თავისუფლების მქონე ღვთის ხატად შექმნილ ადამიანს ჭეშმარიტი სარწმუნოება შეუცვალონ არასწორი და მადლს მოკლებული სარწმუნოებით.

- ინფორმაცია, რომელიც სპირიტიზმის საშუალებით ხდება ცნობილი, ხშირად სიმართლეს შეიცავს, რა უდევს ამას საფუძვლად?

- როდესაც ბოროტი სულები ანგელოზები იყვნენ, შეეძლოთ ჭეშმარიტება გამოეთქვათ. სპირიტიზმის საშუალებით, ამ რიტუალის ჩამტარებლებთან, ცხადდებიან არა მიცვალებულთა სულები, არამედ თავად ბოროტი სულები, რომლებმაც უწყიან იმ მიცვალებულის ხასიათი, მსოფლმხედველობა და მის მსგავსად ესაუბრებიან იმ ხალხს, რომლებიც სპირიტიზმის ქურუმებთან მიდიან. ადამიანს კი ჰგონია, რომ მას მიცვალებული ესაუბრება, სინამდვილეში კი ბოროტი სულია, რომელმაც ბევრი რამ იცის ამა თუ იმ პიროვნებაზე. ეკლესია ამიტომ უარყოფს ექსტრასენსების, სპირიტიზმის მიმდევრების, მისნების, მკითხავების და ვარსკვლავთმრიცხველების საქმიანობას. ისინი შეიძლება ბევრ რამეს მართალს ამბობენ, მაგრამ ამან შეიძლება ადამიანის სული დაღუპოს.

- ბოლო დროს ახალგაზრდებში მეტად პოპულარული გახდა აღმოსავლური სპორტის სახეობები, რამდენად სასარგებლოა ამგვარი სპორტის მიყოლა?

- ქრისტიანები ყველაფრის უარმყოფელები არ უნდა ვიყოთ. ბევრი რამ შეიძლება იყოს ამა თუ იმ სპორტში დადებითი. ადამიანს, ვინც ამ სპორტით არის დაინტერესებული, უნდა ჰყავდეს მოძღვარი და მისი დახმარებით ადვილად გაარჩევს, რა არის ამ სპორტში კარგი და რა ცუდი.

აღმოსავლური სპორტის ზოგიერთ სახეობებში არის მედიტაცია, რელიგიური რიტუალები, ბუდისტური ლოცვები. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მისაღები არ უნდა იყოს. ხოლო რაც გამაჯანსაღებელია იმ სპორტში, ამას ჩვენი ეკლესია მიიღებს.

წმინდა ბასილი დიდს აქვს ნაშრომი, თუ როგორ შეიძლება ბოროტი წიგნების გამოყენება. როგორც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია: სიყრმიდანვე მან დაისწავლა ბევრი საღვთისმეტყველო წიგნები და ასევე ამაქვეყნეული წიგნებიც და რაიცა ჯირკვალი იყო განაგდო და რაიცა კარგი იყო, შეიწყნარაო. ანუ, ქრისტიანს უნდა ჰქონდეს იმდენად დახვეწილი გონება და უნდა ჰყავდეს მოძღვარი, რომ შეეძლოს ადვილად გაარჩიოს თეთრი შავისაგან. ყველაფერში შეგვიძლია ვნახოთ დადებითი მარცვალი და ის შევიწყნაროთ.

- აღმოსავლური მედიცინის ავკარგიანობის შესახებ რას გვეტყვით?

- უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩინურ მედიცინას და მის დადებით მხარეებს ხშირად ახსენებს. ყველა რელიგიაში არსებობს მარცვალი ჭეშმარიტების და ბუნებრივია, ამის გამო მათი რელიგია არ უნდა ვაღიაროთ. თავად ღმერთის ჭეშმარიტების მარცვლები ბევრ რელიგიაში შეიძლება იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ამ რელიგიების ბადეში არ გაებმებოდა, ამიტომ ჩვენი ვალია, რომ გავარჩიოთ კარგი მარცვალი თუნდაც აღმოსავლურ რელიგიურ მედიცინაშიც. ბევრი რამე მისაღებია მედიცინის კუთხით, მაგრამ რიტუალები ჩვენთვის მიუღებელია და მის აღიარებას არც პატრიარქი და არც ეკლესია არ დაუშვებს.

იოგას მიმდევრები ჯვრის ნაცვლად ბუდისტურ ხის ბზით გაკეთებულ ფსკვნილს ატარებენ, ფსკვნილს ჩვენ ვუწოდებთ, თორემ ბუდისტური რელიგიის ნიშანია. ისინი, ფაქტობრივად, ტრადიციული რჯულის ნახევრად უარმყოფელნი არიან, რადგან გულზე ჯვარი აღარ უკეთიათ.

- ადამიანების ნაწილი ქირომანტიასაც დიდ ყურადღებას აქცევს.

- ხელის გულზე მკითხაობამ შეიძლება ადამიანზე ცუდი გავლენა მოახდინოს. ქირომანტები ამბობენ, რომ ხელის გულზე ხაზი თუ სადღაც წყდება, ადამიანი ახალგაზრდა იღუპება. თუ მკითხავი ადამიანს ამას ეტყვის, არ არის გამორიცხული, რომ ფსიქოლოგიურად შეირყეს ან თუნდაც რაიმე დაემართოს, ან გულის შეტევით გარდაიცვალოს, ან ამ ფიქრებში ავტოკატასტროფა შეემთხვეს, ყოფილა შემთხვევები როცა ასე დაუსრულებიათ სიცოცხლე.

ჩემი მრევლის ერთ-ერთ წევრს მკითხავმა უთხრა, რომ ის ახალგაზრდობაში თავს ჩამოიხრჩობდა. ერთხელაც ჩამოკიდა ბაწარი და თავი გაუყარა, შემთხვევით მამა სამსახურიდან ადრე დაბრუნდა და შვილი გადაარჩინა.
შემდეგ მე მომიყვანა. ამ ახალგაზრდას ხმა ესმოდა: ადექი, გააკეთე, მოვიდა ის დრო, რასაც მკითხავი გეუბნებოდა, ასე მონა გახდა ეშმაკისა. ამ ისტორიას ქადაგებისას ხშირად ვიხსენებ და მკითხაობის სისაძაგლეს ვაჩვენებ მრევლს.

ჯადოქრები, ე.წ. პარაფსიქოლოგები ძველ და ახალ აღთქმაში შეჩვენებული არიან, უფრო მეტიც ისინი კაცის მკვლელებად ითვლებიან. ეს მკვლელები რეალური მკვლელებისგან განსხვავებით ადამიანს ღუპავენ სულითაც და ხორცითაც. ვინც მათი გავლენის ქვეშ ექცევა კარგავს ცხონებას და სულს იღუპავს. შეიძლება ხორციელად განიკურნონ, მაგრამ ეშმაკს შეუძლია ერთი დაავადება მეორეთი შეცვალოს და ადამიანის სული დაღუპოს. რად გვინდა ეგეთი გადარჩენა ხორცისა, რომელიც სულის დაღუპვას ეფუძნება. უფალი ამბობს, გეშინოდეთ იმისა, ვისაც სულისა და ხორცის მოკვლა შეუძლია და ნუ გეშინიათ მათი, ვისაც მხოლოდ ხორცის მოკვლა შეუძლია. ეშმაკს შეუძლია ადამიანის მხოლოდ ხორცი მოკლას, მას არ აქვს ძალაუფლება სულზე და სულისა და ხორცის მოკვდინება ღმერთს შეუძლია და მისი გვეშინოდეს.

- ე.წ. პარაფსიქოლოგების თქმით, კოსმოსთან კავშირი გააჩნიათ და ვინაიდან კოსმოსი აბსტრაქტული ცნებაა, ადამიანები მათ გაუაზრებლად უჯერებენ.

- დაცემული დემონები, რომლებიც ანგელოზები იყვნენ, სწორედ კოსმოსში არიან გაბნეულნი. ჩვენ უნდა განვასხვავოთ კოსმოსი და ზეცა, ღმერთი და ანგელოზები ზეციურ სამყაროში არიან და ცა განსხვავდება ზეცისგან, ცა სხვა არის და ზეცა სხვა. ცაში, ანუ კოსმოსში განბნეულნი არიან ბოროტი სულები, ეშმაკები. რა თქმა უნდა, მათ ადამიანებთან კავშირი აქვთ, ბევრი ჰყავთ დამონებული ე.წ. მსახურები. სწორედ მისნებითა და სხვადასხვა ჯადოქრობებით ცდილობენ ადამიანთა სულებზე გავლენის მოხდენას და ისინი ახვევენ თავიანთ დამღუპველ სულიერ ბადეში ადამიანებს.


http://www.ambioni.ge/okultizmi

Комментариев нет:

Отправить комментарий