ღმერთი

ღმერთი

четверг, 2 мая 2013 г.

არავინ ეცემა მარტო.

დიოკლიის ეპისკოპოსი კალისტე (უეარი)

სამწუხაროდ, მორწმუნეთა წრეში არსებობს აზრი, რომლის მიხედვითაც ღმერთი მომავალ თაობებს პასუხს აგებინებს წინაპრების ცოდვებზე. ამ აზრის გასამყარებლად მოყავთ ძველი აღთქმის ტექსტი [1], თუმცა ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ძველი აღთქმის სხვა ტექსტი, სადაც უფალი პირდაპირ აუქმებს ამ აზრს [2]. ხოლო თუ გადმოვინაცვლებთ ახალ აღთქმაში, მაშინ რთული დასანახი არ იქნება, რომ ასეთი აზრი სრულებით ეწინააღმდეგება სულისკვეთებას სახარებისა, სადაც ღმერთი განცხადებულია როგორც ღმერთი მიტევებისა და კაცთმოყვარეობისა. მეორეს მხრივ, ეს აზრი უფრო ფუნდამენტურ საკითხს შეიძლება დაუკავშირდეს – ვართ თუ არა ჩვენ, მთელი კაცობრიობა, დამნაშავენი ადამის ცოდვაში, გადმოგვეცემა თუ არა მისი დანაშაული ჩვენც, თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცოდვის შედეგებს ვიმკით? სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, გთავაზობთ ამონარიდებს დიოკლიის ეპისკოპოს კალისტეს (უეარი) წიგნებიდან “მართმადიდებლობის გზა” და “მართმადიდებელი ეკლესია”.

სპეციალურად ბლოგისათვის ნაშრომი ინგლისურიდან თარგმნა და მოამზადა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ




“მართმადიდებლობის გზა”
მართლმადიდებლობაში ადამის პირველქმნილი ცოდვა გავლენას ახდენს მთელს კაცობრიობაზე, და მისი შედეგები ვლინდება როგორც ფიზიკურ ასევე ზნეობრივ სფეროებში: მას შედეგად მოყვება არამარტო ავადმყოფობა და ფიზიკური სიკვდილი, არამედ ზნეობრივი დაკნინება და პარალიზება. მაგრამ გულისხმობს თუ არა ეს დანაშაულის შთამომავლობით გადაცემას? აქ მართლმადიდებლობა (იგულისხმება კათოლიკურ სწავლებასთან შედარებით – მთარგმნ.) უფრო დაცულია. პირველქმნილი ცოდვა არ განიხილება იურიდიულ ან კვაზი-ბიოლოგიურ ტერმინებში, თითქოსდა ეს ყოფილიყოს დანაშაულის რაღაც ფიზიკური “ლაქა”, რომელიც თითქოსდა სქესობრივი კავშირით გადაეცემა. ასეთი ხედვა, რომელიც ავგუსტინეს ხედვად მიიჩნევა, მართლმადიდებლობისათვის მიუღებელია. სწავლება პირველქმნილ ცოდვაზე გულისხმობს, რომ ჩვენ ვიბადებით ისეთ გარემოში, სადაც ადვილია ბოროტების ჩადენა და რთულია სიკეთის გაკეთება; ადვილია ტკივილი მიაყენო სხვას და რთულია ჭრილობების მოშუშება; ადვილია ადამიანში გამოიწვიო ეჭვი და რთულია მასში შენდამი ნდობის მოპოვება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი განწირულნი ვართ ვიყოთ ამ გარემოში, რომელიც სავსეა კაცობრიობის მიერ დაგროვილი არასწორი ქმედებებით, არასწორი ფიქრებით, და, შესაბამისად, არასწორი ყოფით. და ამ გარემოში ჩვენც შეგვაქვს ჩვენი წვლილი ცოდვის განზრახ ჩადენით. ნაპრალი უფრო და უფრო ფართოვდება. სწორედ აქ, კაცობრიობის ერთიანობასა და სოლიდარობაში, ვპოულობთ ახსნას პირველქმნილი ცოდვის სწავლების წარმოსახვით უსამართლობაზე. რატომ, ისმის შეკითხვა, რატომ უნდა იტანჯებოდეს მთელი კაცობრიობა ადამის დაცემის გამო? რატომ უნდა დაისაჯოს ყველა ერთი ადამიანის ცოდვის გამო? პასუხი იმაშია, რომ წმინდა სამების ხატად შექმნილი ადამიანები ერთმანეთზე დამოკიდებულები და ერთმანეთისაგან განუყოფლები ვართ. არც ერთი ადამიანი არაა კუნძული. ჩვენ “ვართ ურთიერთარს ასოებ” (ეფ. 4:25), ამდაგვარად კაცობრიობის ნებისმიერი წევრის მიერ ჩადენილი ნებისმიერი ქმედება აუცილებლად გავლენას იქონიებს სხვა წევრებზეც. მართალია მკაცრი გაგებით ჩვენ სხვების ცოდვებში დამნაშავენი არა ვართ, მაგრამ რაღაცნაირად ჩართულნი მაინც ვართ. “როცა ვინმე ეცემა”, აცხადებს ალექსეი ხომიაკოვი, “ის ეცემა მარტო; მაგრამ არავინ არ გადარჩება მარტო”. განა არ უნდა ეთქვა მას, რომ არავინ არ ეცემა მარტო? “ძმები კარამაზოვებში” დოსტოევსკის ხუცესი ზოსიმე უფრო უახლოვდება ჭეშმარიტებას, როდესაც ამბობს, რომ თითოეული ჩვენთაგანი “პასუხისმგებელია ყველას წინაშე და ყველაფრისათვის”.

მხოლოდ ერთი გზაა ხსნისაკენ, ესაა გახდე პასუხისმგებელი ყველა სხვა ადამიანის ცოდვებისათვის. და როდესაც მართლაც გულახდილად გახდები პასუხისმგებელი ყველასათვის და ყველაფრისათვის, დაინახავ რომ ეს მართლაც ასეა, და შენ მართლაც ხარ დამნაშავე ყველას გამო და ყველაფრისათვის.

“მართმადიდებელი ეკლესია”
ღმერთმა ადამს მისცა თავისუფალი არჩევანი – უფლება აირჩიოს სიკეთეს და ბოროტებას შორის – და, შესაბამისად, ადამზე იყო დამოკიდებული აირჩევდა თუ არა მისთვის ბოძებულ მოწოდებას. მან არ აირჩია. იმის სანაცვლოდ, რომ ადამს ღმერთის მიერ მინიშნებულ ბილიკზე ევლო, ის განუდგა და ეურჩა ღმერთს. ადამის დაცემა მდგომარეობდა ღმერთის ნების მიმართ ურჩობაში; მან თავისი ნება საღვთო ნების წინააღმდეგ წარმართა, და, ამგვარად, თავისი ქმედებით თავისი თავი ღმერთისაგან განაშორა. ამის შედეგად დედამიწაზე აღმოცენდა არსებობის ახალი ფორმა – ავადმყოფობა და სიკვდილი. ღვთისაგან, ვინც უკვდავება და სიცოცხლეა, განდგომით ადამიანი თავისი ქმედებით აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში რაც მის ბუნებას ეწინააღმდეგებოდა, და ამ არაბუნებრივმა მდგომარეობამ წარმართა მისი არსება გარდაუვალ განადგურებამდე და მის საბოლოო ფიზიკურ სიკვდილამდე. ადამის ურჩობის შედეგმა მოიცვა მთელი მისი შთამომავლობა. ჩვენ ერთმანეთის ასონი ვართ, როგორც ამას წმინდა პავლე მოციქული მუდამ აცხადებდა, და თუ ერთი ასო ტანჯვას განიცდის, მაშინ მთელი სხეული იტანჯება. კაცობრიობის ამ მისტერიული ერთიანობიდან გამომდინარე არამარტო ადამი, არამედ მთელი კაცობრიობა გახდა მოკვდავი. განადგურებაც, რომელიც მოყვა დაცემას, არ იყო მხოლოდ ფიზიკური. ღვთისაგან მოწყვეტილნი, ადამიც და მისი შთამომავლობაც ცოდვისა და ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდა. თითოეული ადამიანი იბადება სამყაროში, სადაც ყველაფერში ცოდვა სჭარბობს, სადაც ადვილია ბოროტების ჩადენა და რთულია სიკეთეს გაკეთება. ადამიანის ნება დასუსტებულია იმით რასაც ბერძნები “სურვილს” და ლათინები “ვნებას” ეძახიან. ჩვენ ყველანი პირველქმნილი ცოდვით გამოწვეულ სულიერ შედეგებს ვიმკით.

ამ მომენტამდე მართლმადიდებლობის, კათოლიციზმისა და კლასიკური პროტესტანტიზმის პოზიციები საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან; მაგრამ ამის მიღმა აღმოსავლეთის და დასავლეთის პოზიციები აღარ ემთხვევა მთლიანად ერთმანეთს. მართლმადიდებლობას მიაჩნია, რომ ადამიანის მდგომარეობა ნაკლებად აღმატებული იყო დაცემამდე და ამავე დროს დაცემის მიერ გამოწვეული შედეგებიც ნაკლებად მკაცრია ვიდრე ეს დასავლეთს მიაჩნია. ადამი არ დაცემულა ცოდნისა და სრულყოფილების მაღალი მწვერვალიდან, არამედ (ჯერ კიდევ?) განუვითარებელი სიმარტივის მდგომარეობიდან; შესაბამისად, ის არ უნდა განისჯებოდეს საკმაოდ მკაცრად მისი შეცდომის გამო. ცხადია, დაცემის შედეგად ადამიანის გონება იმდენად დაბნელდა, მისი ნება იმდენად შესუსტდა, რომ მას უკვე აღარ შეეძლო ჰქონოდა იმედი მიეღწია ღვთის მსგავსებისათვის. მართლმადიდებლობას, მიუხედავად ამისა, არ მიაჩნია, რომ დაცემამ ადამიანი საერთოდ განაშორა საღვთო მადლისაგან, და შესაბამისად, როგორც მართლმადიდებლობა ამბობს, დაცემის შემდეგ მადლი ადამიანზე მოქმედებს გარედან და არა შიგნიდან. მართლმადიდებლობა არ განაცხადებს, როგორც ეს კალვინმა განაცხადა, რომ დაცემის შემდეგ ადამიანი სრულებით განიხრწნა და მას აღარ ძალუძს სწადოდეს სიკეთე. მართლმადიდებლობას არ შეუძლია დაეთანხმოს ნეტარ ავგუსტინეს, როდესაც ის წერს, რომ ადამიანს “ძლიერი მოთხოვნილება” აქვს ჩაიდინოს ცოდვა და რომ “ადამიანის ბუნება დაძლეული იყო მისი დაცემით, და, შესაბამისად, დაკარგა თავისუფლება [3]. ღვთის ხატება შეილახა ცოდვით, მაგრამ ის არასდროს არ განადგურებულა; და რადგან ადამინს უნარჩუნდება ღვთის ხატება, მას აგრეთვე უნარჩუნდება თავისუფალი ნება, თუმცა ის შეზღუდულია ცოდვით. დაცემის შემდეგაც კი ღმერთი “არ ართმევს ადამიანს თავისუფალი ნების უფლებას – უფლებას დაემორჩილოს ან ეურჩოს უფალს” [4]. რჩება რა ერთგული სინერგიის იდეისა, მართლმადიდებლობა უარყოფს დაცემის ნებისმიერ ისეთ განმარტებას, რომელიც ადამინს საერთოდ არ უტოვებს თავისუფლებას.

მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა უმეტესობა უარყოფს “პირველქმნილი დანაშაულის” იდეას, რომელიც შემოთავაზებული იყო ნეტარი ავგუსტინეს მიერ და დღემდე მიღებულია (თუმცა შერბილებული ფორმით) კათოლიკური ეკლესიის მიერ. ადამიანები (როგორც მართლმადიდებლობა გვასწავლის) შთამომავლობით ავტომატურად ღებულობენ ადამის ხრწნადობას და სიკვდილიანობას, მაგრამ არა მის დანაშაულს: ისინი მხოლოდ დამნაშავენი არიან მაშინ, როდესაც თავისი თავისუფალი არჩევანით ბაძავენ ადამს. ბევრ დასავლელ ქრისტიანს სწამს, რომ დაცემულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის არც ერთი ქმედება არ იქნება ღვთისათვის სათნო, ვინაიდან ეს მდგომარეობა პირველქმნილი დანაშაულით არის დასვრილი: “მართლმსაჯულებამდე ქმედება… არაა ღვთისათვის სათნო… არამედ ცოდვიანი ბუნებისაა”, განცხადებულია ინგლისის ეკლესიის მე-13 არტიკლში. მართლმადიდებლები მოერიდებოდნენ ამის თქმას. მართლმადიდებლებს არასდროს არც მიაჩნდათ (როგორც ეს ნეტარ ავგუსტინეს და სხვებს დასავლეთში მიაჩნდათ), რომ მოუნათლავი ბავშვები, დასვრილი პირველქმნილი დანაშაულით, სამართლიანი ღვთის მიერ ჯოჯოხეთისათვის არიან განწირულნი (თომას აქვინელი საუბრობდა რა დაცემაზე, მთლიანად მისდევდა ავგუსტინეს ხაზს, კერძოდ კი, ღებულობდა პირველქმნილი დანაშაულის იდეას; მაგრამ მოუნათლავ ბავშვებთან დაკავშირებით, ინარჩუნებდა აზრს, რომ ისინი ჯოჯოხეთს კი არ ექვემდებარებიან, არამედ ლიმბოს (უნათლავ ჩვილთა სამყოფელს – მთარგმნ.) – შეხედულება, რომელიც ამჟამად კათოლიკე თეოლოგების მიერ ზოგადადაა მიღებული [5]). რამდენადაც გამოკვლეული მაქვს, მართლმადიდებელი ავტორები არ იყენებენ ლიმბოს იდეას. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველურ ლიტერატურაში დროდადრო გვხდება დაცემის ავგუსტინისეული ხედვა, მაგრამ ეს როგორც წესი დასავლეთის გავლენის შედეგია. პეტრე მოგილას “მართლმადიდებლური აღსარება”, როგორც მოსალოდნელია, მკაცრად ავგუსტინისეულია. მეორეს მხრივ, დოსითეის “აღსარება” ავგუსტინიზმისაგან თავისუფალია). დაცემული კაცობრიობის სურათი მართლმადიდებლობაში გაცილებით ნაკლებად ტრაგიკულია ვიდრე ამას ავგუსტინთან ან კალვინთან ვხვდებით.

მართალია მართლმადიდებლური ხედვით დაცემის შემდეგ ადამიანი კვლავ ფლობს თავისუფალ ნებას და კეთილი ქმედების ჩადენა მას კვლავ ძალუძს, მართლმადიდებლობა და დასავლეთი დანამდვილებით ერთი აზრისა არიან იმაზე, რომ ცოდვამ ადამიანსა და ღმერთს შორის ბარიერი აღმართა, რომლის დაძლევაც ადამიანს თავისი ძალებით არ ძალუძს. ცოდვამ გადახერგა ღმერთთან შეერთებისაკენ მიმავალი გზა. და რადგან ადამიანს არ შეეძლო ღმერთთან მისვლა, ღმერთი მოვიდა ადამიანთან.

——————————-

[1] წიგნი გამოსლვათა, 20:5 – “არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.”

[2] წინასწარმეტყველება ეზეკიელისი, 18:2-4 და 19-20 – “ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო? ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში! აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს… თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს! ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება.”

[3] On the perfection of man’s righteousness, 4 (9).

[4] Dositheus, Confession, Decree 3. Compare Decree 14.

[5] ბოლოდროინდელი კათოლიკური თეოლოგიური დისკუსიები იხრებიან იმ იმედისაკენ, რომლის მიხედვითაც ჩვილებს ლიმბოს მაგივრად სასუფეველში მოხვედრა შეუძლიათ.


http://www.orthodoxtheology.ge/aravin-ecema-marto/


Комментариев нет:

Отправить комментарий