როგორც სახელწოდება მიანიშნებს, კლიმატური ეწოდება იარაღის ისეთ სახეობას, რომლითაც შესაძლებელია კლიმატზე ზემოქმედება, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამინდის მართვა. რადგან თითქმის ყველა იარაღი, სამედიცინო და სამუშაო ხელსაწყოების გარდა, სხვისთვის ზიანის მისაყენებლადაა მოგონილი, ბუნებრივია, „ამინდის მართვაში“ არ იგულისხმება ავდრის გარდაქმნა დარად, თუკი ეს კლიმატური იარაღის გამომყენებელი ქვეყნის იმტერესებში არ შედის. უფრო ხშირად დღემდე საიდუმლო იარაღად მიჩნეული კლიმატური იარაღის მთავარ დანიშნულებად სავარაუდო მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე საშინელი ბუნებრივი კატაკლიზმების გამოწვევას მიიჩნევენ.
იმის მიუხედავად, რომ კლიმატური იარაღის შექმნასა და მის არსებობაზე გასული საუკუნის 70–იანი წლებიდან საუბრობენ, დღემდე დანამდვილებით ვერავინ ამბობს, არსებობს თუ არა ბუნებაში მართლაც ასეთი იარაღი და რომელ სახელმწიფოებს აქვთ იგი. თუ კლიმატური იარაღის არსებობას დავუშვებთ, ისიც უნდა დავასკვნათ, რომ მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება და მაღალგანვითარებულობა ამ იარაღის ფლობისთვის საკმარისი არ არის. კლიმატური იარაღის შესაქმნელად და გამოსაყენებლად ათეული წლების განმავლობაში კოლოსალური შრომა, ადამიანური და ფულადი რესურსი გახდა საჭირო.
იარაღის ამ სახეობის გამოყენებაზე საუბრობდნენ მრავალი დამანგრეველი მიწისძვრის, ცუნამის თუ სხვა კატაკლიზმის დროს. ამიტომაც, არც არავის გაკვირვებია, როცა იაპონიაში მომხდარი მოვლენების შემდეგ აქა–იქ ისევ გაიჟღერა რუსეთის მხრიდან იაპონიის წინააღმდეგ კლიმატური იარაღის გამოყენების ვერსიამ.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი იარაღის ფლობაზე, ალბათ, არცერთი სახელმწიფო არ იტყოდა უარს, კლიმატური იარაღი სულაც არ არის ისე მარტივად სამართავი, როგორადაც ეს ბევრს წარმოუდგენია და რომელთა აზრითაც, საკმარისია „სვლის“ ღილაკს ხელი დააჭირო და მტრულად განწყობილ ქვეყანას უეცრად წყალდიდობა, ცუნამი ან მიწისძვრა დაატყდება თავს. ამ სახის იარაღის არსებობისადმი სკეპტიკურად განწყობილთა აზრით, მისი არსებობისა და გამოყენების შემთხვევებშიც კი ყოვლად წარმოუდგენელია იმ ეფექტის გათვლა, რაზეც იარაღის გამოყენებაა გათვლილი, ასევე შეუძლებელია სხვა სახელმწიფოებზე მინიმალური გავლენის მოხდენის უზრუნველყოფა და თვითონ კლიმატური იარაღის გამომყენებელი სახელმწიფოს უსაფრთხოების გათვლა.
ამის მაგალითად მოჰყავთ საბჭოთა პროპაგანდაში გავრცელებული მოსაზრება გასული საუკუნის სამოციან წლებში აშშ–ს მიერ ვიეტნამში ხანგრძლივი ხელოვნური წვიმების სწორედ კლიმატური იარაღის მეშვეობით გამოწვევის შესახებ და აცხადებენ, რომ თუნდაც ვიეტნამის ომში აშშ–ს მიერ ამ იარაღის გამოყენების დაშვების შემთხვევაშიც კი, ეფექტი მეტად ხანმოკლე იყო იმ ადამიანურ რესურსებთან და მატერიალურ სახსრებთან შედარებით, რაც ამ ექსპერიმენტის ჩატარებაზე დაიხარჯებოდა, ამიტომაც, არცერთ, თვით ყველაზე მდიდარ სახელმწიფოსაც კი არა აქვს იმდენი ფუფუნება, ასეთი საეგებიო ეფექტის მქონე ექსპერიმენტები ჩაატაროს.
რასაკვირველია, რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსში ბუნებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას თანამედროვე ტექნოლოგიები ითვალისწინებს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა საავდრო ღრუბლების გაფანტვა სპეციალური მოწყობილობების მოშველიებით, მაგრამ ეფექტი ამ შემთხვევაშიც კი არ არის გარანტირებული. აქედან გამომდინარე, ბევრს სასაცილოდაც ეჩვენება რუსეთის მიერ იაპონიის წინააღმდეგ კლიმატური იარაღის გამოყენება მაშინ, როცა სულ ცოტა ხნის წინ, სანკტ–პეტერბურგის 300 წლისთავის აღნიშვნის დროს, მთელი რესურსის მობილიზების მიუხედავად, რუსებმა დარის უზრუნველყოფა ვერ შესძლეს და მაინც წვიმა მოვიდა...
იაპონიაში მომხდარ სტიქიურ უბედურებამდე კლიმატური იარაღის თემა ფიგურირებდა ქარიშხალ „კატრინასა“ და შარშან ზაფხულში მოსკოვის შემოგარენში ხანძრის მძვინვარების დროს. ცალკეული ექსპერტები იმასაც ამბობდნენ, რომ 2008 წელს რუსეთმა კლიმატური იარაღი საქართველოს წინააღმდეგაც გამოიყენა, როცა ბორჯომის ტყეებში ხანძარი გაჩნდა.
რასაკვირველია, ერთ სტატიაში შეუძლებელია კლიმატური იარაღის არსებობა–არარსებობის დადასტურება ან უარყოფა. ამიტომაც, მხოლოდ იმის გახსენებას დავჯერდებით, როდის და რა კონტექსტში მოიხსენიეს კლიმატური იარაღი ბოლოს სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ამ იარაღის სავარაუდო მფლობელ ორ სახელმწიფოსთან – აშშ–სა და რუსეთთან მიმართებაში.
პირველი მინიშნება იმაზე, რომ რუსეთი კლიმატურ იარაღს ფლობს, ამერიკელმა მეტეოროლოგმა სკოტ სტივენსმა გაზეთ "Casper Star Tribune"–ში გააკეთა. საერთო ჯამში, ამას მინიშნებას ვერც დაარქმევ: ამერიკელმა მეცნიერმა რუსეთი ღიად დაადანაშაულა ქარიშხლების „კატრინასა“ და „რიტას“ წარმოქმნაში, განაცხადა რა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ სსრკ–ს დროიდან არსებობდა საიდუმლო მოწყობილობები, რომლითაც პლანეტის ნებისმიერ წერტილში ხდება შესაძლებელი კლიმატზე ზემოქმედება.
სტივენსის განცხადებით, ამ სახის იარაღზე მუშაობა სსრ კავშირმა 1976 წელს დაასრულა და იგი ელექტრომაგნიტური გენერატორის პრინციპზეა აგებული. სტივენსი არ გამორიცხავს, რომ 80–იან წლებში, შესაძლოა, ამ სახის იარაღს სსრკ ბანდიტურ ფორმირებებზე ჰყიდიდა, მათ შორის იაპონურ „იაკუძაზეც“, რომელსაც აშშ–ზე შურისძიება ჰქონდა ჩაფიქრებული ხიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების გამო. სტივენსის თქმით, რადიოეთერის მოკლე ტალღებზე დაკვირვების დროს აღმოჩენილი ამოუცნობი ხმაური კიდევ სწორედ იმას მიანიშნებს, რომ „საქმე გვაქვს ამინდის კონტროლის რუსულ მანქანასთან“.
ისიც უნდა ითქვას, რომ სტივენსის მოსაზრებას აბსურდული ყველაზე პირველად სწორედ ამერიკელმა სწავლულებმა უწოდეს. მეტიც – იგი თერმოდინამიკის კანონებისა და ქარიშხლების შესახებ თეორიული ცოდნის უგულებელყოფაშიც დაადანაშაულეს. ზოგიერთმა ამერიკელმა მეცნიერმა სტივენსს „შეთქმულების თეორიის“ მსხვერპლიც კი უწოდა, თუმცა, მეორე ნაწილმა სულაც არ გამორიცხა რუსეთიდან ამერიკაში „კატრინას“ გაგზავნის შესაძლებლობა და ამ ქარიშხლის დამანგრეველი შედეგების შემდეგ ბევრმა გაიხსენა რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე–სპიკერის, ვლადიმირ ჟირინოვსკის განცხადება 2002 წლის სექტემბერში, რომელიც მან ჯორჯ ბუში–უმცროსის მისამართით გააკეთა:
„ღამით ჩვენი მეცნიერები ოდნავ შეცვლიან დედამიწის გრავიტაციულ ველს, და მთელი შენი ქვეყანა წყალქვეშ აღმოჩნდება. ოცდაოთხი საათი, ბლ.... , – და მთელი შენი ქვეყანა ატლანტიკისა და წყნარი ოკეანებისგან წაილეკება. შენ ვის ეხუმრები, ბლ...?!“
ჟირინოვსკის ოდიოზურ ფიგურას და მის ისტერიულ განცხადებებს სულაც რომ არ მივაქციოთ ყურადღება, მაინც უნდა ითქვას, რომ 60–70–იანი წლების სსრ კავშირში მართლაც მიმდინარეობდა სავარაუდო მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ამინდის მართვისთვის საჭირო იარაღზე მუშაობა. ამ მიზნით შექმნილი იყო მთელი პროგრამა, რომლის დროსაც შეიქმნა ობიექტი „სურა“, რომელიც რუსეთის ცენტრალურ ნაწილში, ნიჟნი ნოვგოროდიდან 150 კილომეტრზე, მიყრუებულ ადგილას მდებარეობდა და სსრკ–ს რადიოფიზიკის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს ეკუთვნოდა.
დღეს ეს ობიექტი, საკმაოდ მიგდებულად გამოიყურება, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს, მისი უკაცრიელი სახე კი, შესაძლოა, შენიღბვის ერთ–ერთი მეთოდიც იყოს. 9 ჰექტარ ფართობზე ოცმეტრიანი ანტენების რამდენიმე რიგია, რომელთა ქვეშ ბუჩქებია ამოსული. ანტენების ველის შუაში უზარმაზარი გამოსხივების მქონე რუპორია განთავსებული – მისი მეშვეობით მეცნიერები ატმოსფეროში აკუსტიკურ პროცესებს სწავლობენ. ტერიტორიის განაპირას რადიოგადამცემთა შენობა და ტრანსფორმატორული ქვესადგურია, ოდნავ მოშორებით კი – ლაბორატორია და სამეურნეო შენობები. რასაკვირველია, ტერიტორია მოქალაქეებისთვის დახურულია და რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს იქ ამჟამად, შესაბამისად, საიდუმლოდ რჩება.
„სურა“ საბოლოოდ 1981 წელს ამოქმედდა. იონოსფეროსა და მაგნიტოსფეროზე დაკვირვება და მათი ურთიერთქმედების შესწავლა ამ დაწესებულებაში რომ დღესაც მიმდინარეობს, რუსები ხელაღებით არ უარყოფენ. კარგა ხნის განმავლობაში ამ დაწესებულებას სსრკ–ს თავდაცვის სამინისტროც კურირებდა, თუმცა, როგორც დღეს რუსები აცხადებენ, სსრკ–ს დაშლის შემდეგ აქ დაწყებული მეცნიერული დაკვირვებებით არავინ დაინტერესებულა, რაც ცოტა უცნაური მტკიცებულებაა, თუ მხედველობაში მივიღებთ პუტინის ნატურას და იმას, რომ რუსეთის მმართველი სსრკ–ს დაშლას „ეპოქალური მნიშვნელობის შეცდომას“ უწოდებს.
ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია, რომ პუტინმა უარი თქვა თითქმის უკვე გამზადებული ხელსაწყოების სრულყოფაზე და გამოყენებაზე, რითაც კლიმატის მართვაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ბევრ უცხოელ და, სხვათაშორის, რუს მეცნიერსაც არ ეპარება ეჭვი, რომ კლიმატური იარაღი რუსეთმა სსრკ–სგან მემკვიდრეობით მიიღო.
„სურა“ ყოფილი სსრკ–ს ტერიტორიაზე მსგავსი დანიშნულების მქონე ერთადერთი ობიექტი სულაც არ არის. აი, რას იხსენებს „იტოგისთან“ საუბარში გეოლოგიურ–მინერალოგოიური მეცნიერების დოქტორი, ფიზიკა–მათემატიკური მეცნიერების კანდიდატი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკისა და მინერალოგიის გაერთიანებული ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი, ალექსანდრე დმიტრიევი :
„რუსეთში კლიმატური ექსპერიმენტები ნამდვილად ტარდებოდა. მაგალითად, მეცნიერებმა ტულის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან ფართოდ დანერგეს ნალექის კონტროლის ტექნოლოგიები. თავდაპირველად ამ სამუშაოებს სსრკ–ს უმაღლესი განათლების სამინისტრო კურირებდა, შემდეგ ამ გამოკვლევებით სსრკ–ს თავდაცვის სამინისტრო დაინტერესდა, 1990 წლიდან კი ტულელი მეცნიერები გენერალური შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობდნენ.
შეიქმნა ქსელი 11 პოლიგონისგან, რომლებზეც შესაძლებელი იყო ამინდის ან კლიმატური პირობების შეცვლა. ტულელი მეცნიერების ტექნოლოგია ციკლონების წარმოქმნასა და მათი მოქმედების ტრაექტორიაზე ზემოქმედების საშუალებასაც იძლეოდა, ქარიშხლებისა და მიწიძვრების გამოწვევის ჩათვლით.
პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარტინოვმა იპოვა მეთოდი, რითაც დედამიწისა და ატმოსფეროს გრავიტაციული ბალანსის დარღვევის ინფორმაციის დაფიქსირება იყო შესაძლებელი, ამის შემდეგ კი შეიქმნა ხელსაწყო, რომელიც მიღებული სიგნალების კორექტირებას ახდენდა და ამინდზე ზემოქმედება შეეძლო.
რამდენიმე ასეთი ხელსაწყო, რომელიც განთავსდა სხვადასხვა წერტილში, იმ სიგნალის გენერაციას ახდენდა, რომელიც ციკლონთა ტალღას მართავდა. რამდენადაც ვიცი, სსრკ–ს დაშლის შემდეგ ეს სამუშაოები აღარ გაგრძელებულა. თუკი დღეს რომელიმე უწყება დაკავებულია მსგავსი საქმიანობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლიმატური იარაღი არსებობს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, კლიმატის შეცვლის, მასზე ზემოქმედების მეთოდები საკმაოდ პრიმიტიულია და შესაძლოა, გაუთვალისწინებელ შედეგამდე მიგვიყვანოს“.
ყოველივე ამის შემდეგ, ალბათ, ძნელია, არ დაეჭვდე, რომ კლიმატური იარაღი მართლაც არსებობს. სხვათაშორის, ამ იარაღის მფლობელად აშშ–საც მოიაზრებენ და ეს არც არის გასაკვირი – ამერიკელებს ყველაზე ადრე ეცოდინებოდათ, რომ ასეთი იარაღის სრულყოფა სსრკ–მ დაიწყო და მისი ანალოგის დასამზადებლად თვითონაც არაფერს დაიშურებდნენ.
რუსულმა მედიასაშუალებებმა სკოტ სტივენსის მიერ კლიმატური იარაღის გამოყენებაში რუსეთის დადანაშაულების შემდეგ მაშინვე გაიხსენეს, რომ აშშ–ში, ანკორიჯიდან 400 კმ–ის დაშორებით, გაკჰონის სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არის რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმული ტერიტორია, სადაც, ტუნდრის შუაგულში ერთი ობიექტი – НААRР, იგივე „ჩრდილოეთის ნათება“ მდებარეობს, რომელსაც საზღვაო ქვეითთა ბატალიონი იცავს, ხოლო მის თავზე საჰაერო სივრცე ყველა სახეობის ფრენისთვის დახურულია. რუსული მედიის ცნობით, სწორედ ამ ცენტრში და არა რუსეთშია გამოკეტილი კლიმატური იარაღის საიდუმლო.
სტატიის ბოლოს დართული, სტუდია „სლოვოს“ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის „კლიმატური იარაღის“ პირველი ნაწილი, თითქოსდა, ამ იარაღის შესახებ ამომწურავად უნდა მოგვითხრობდეს, მაგრამ მასში მხოლდ გაკვრითაა ნახსენები სსრკ–ს და რუსეთის მიღწევები ამ კუთხით და ძირითადი აქცენტი სწორედ НААRР–ზეა გადატანილი. თუ ფილმს დავუჯერებთ, აშშ–ს კლიმატური იარაღი საკუთარ ტერიტორიაზეც კი გამოუყენებია და ალიასკაზე დამანგრეველი მიწისძვრა გამოუწვევია, რათა ამ იარაღის სიმძლავრე გამოეცადა.
ლაშა ბერულავა.
presa.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий