ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 16 июня 2013 г.

ყველა ქართველმა უნდა იცოდეს...

იცით თუ არა, რომ:


საქართველომ მსოფლიოს 300-მდე ვაზის ჯიში მისცა. 

ქალაქი უფლისციხე ქართველებმა მტრის შემოსევისას თავისი ხელით დაანგრიეს, რათა მტერს არ ჩავარდნოდა ხელში...

არმაზი იყო საქართველოს პირველი დედაქალაქი.

შავი ზღვის ძველი სახელებია: პონტოს ზღვა, სპერის ზღვა და ევქსინის პონტი (სტუმართმოყვარე ზღვა).

იყო დრო, როდესაც შავი ზღვა და კასპიის ზღვა ერთმანეთთან კუმამანიჩის სრუტით იყო დაკავშირებული.

მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა ვაჟა-ფშაველას დაბადების 100 წლის იუბილე.
მუდამ ხელმოკლედ მცხოვრები ვაჟა-ფშაველა სანთლის უქონლობის გამო ხშირად ცეცხლის შუქზე წერდა.
ვაჟა-ფშაველას ერთხანს ბერად შედგომა უნდოდა, მაგრამ ახლობლებმა გადააფიქრებინეს.
10 წლის ვაჟა-ფშაველა უკვე შეყვარებული იყო.
პატარა ვაჟა-ფშაველას ისე უნდოდა მომღერლობა, ხმას ძალით იბოხებდა, რის გამოც, როგორც თავად იხსენებს, "გულმა ტკივილი დაუწყო".
სტუმარ-მასპინძელზე" მუშაობისას ვაჟა-ფშაველა ორი თვე ფიქრობდა აღაზას პასუხზე, როცა ჯოყოლა ეკითხება – ნამტირალევი რადა ხარო. ერთი თვე მოანდომა მან "გველის მჭამელის" ფინალის დაწერასაც.
იცით თუ არა, რომ ვაჟა-ფშაველა შავად დაწერილ თავის ნაწარმოებებს მხოლოდ ერთხელ ათეთრებდა და დაწერილ ადგილებს იშვიათად ასწორებდა.
ვაჟა-ფშაველა საკუთარ პუბლიცისტურ წერილებს კათაკმეველის ფსევდონიმით აქვეყნებდა.

ემიგრაციაში ყოფნის დროს, პარიზში, წმ. ექვთიმე თაყაიშვილს ერთი მარჩენალი თხა ჰყავდა და იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდა, მხოლოდ ნახევარი ლიტრი რძითა და პურით არსებობდა. შიმშილისა და ავადმყოფობისაგან მეუღლე გარდაეცვალა, მაგრამ მან ქართული განძის არც ერთი ექსპონატი გასაყიდად არ გაიმეტა.
იცით თუ არა, რომ ქართული განძის მცველი და გადამრჩენელი წმ. ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ყველასგან მივიწყებული, მარტოობაში გარდაიცვალა.

VI საუკუნის ძეგლი - ჯვრის მონასტერი დანგრევას წმ. ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით შეგროვებული შემოწირულობების წყალობით გადაურჩა.

პოლიგრაფიული დიზაინის ნოვატორი ილია ზდანევიჩი ერთხანს კოკო შანელთან მუშაობდა პარიზში.

თამარ მეფემ სიკვდილით დასჯა გააუქმა.

რაფიელ ერისთავს ქართულ დრამატურგიაში ვოდევილის ჟანრის დამამკვიდრებლად მიიჩნევენ.

ბუტირკის საპყრობილეში ყოფნისას დედა ფამარს (ერობაში თამარ მარჯანიშვილი, კოტე მარჯანიშვილის და, (1902-1907 წწ.), თვით კომუნისტური ციხის ადმინისტრაციაც კი პატივისცემით ეპყრობოდა _ ქალთა აბანოებს მამაკაცები ემსახურებოდნენ. აუცილებელი იყო მთლიანად გაშიშვლება და ტანსაცმლის სადეზინფექციოდ ჩაბარება. ეს წესი, რა თქმა უნდა, ყველაზე ვრცელდებოდა, გამონაკლისს მხოლოდ დედა ფამარისთვის უშვებდნენ.

მხატვარმა ავთო ვარაზმა მხატვრულად გააფორმა კინოფილმი "ფიროსმანი", სადაც ფიროსმანის როლი თავადვე შეასრულა.

რომ უკვე მძიმედ ავადმყოფი სესილია თაყაიშვილი კინოფილმ "ცისფერი მთების" გადაღებებზე სასწრაფო დახმარების მანქანით პირდაპირ საავადმყოფოდან მიჰყავდათ.

ლევან მეორე დადიანი მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა: საკუთარ ძმასა და სიძეს თვალები დასთხარა და ქონება ჩამოართვა, სხვა მონაწილეებს ხელ-ფეხი მოჰკვეთა და თვალები დასთხარა, ხოლო შეთქმულების მოთავე ვაზირი მერაბ ქორთოძე ჯერ დაახრჩო, ხოლო შემდეგ ზარბაზნით გაისროლა.

თავის რომანებზე მუშაობისას, იუმორისტული პასაჟების წერის დროს, ნოდარ დუმბაძე ხშირად მთელი ხმით ხარხარებდა.
ნოდარ დუმბაძის დედა 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა, იგი გადასახლებული იყო.

დავით მესამე კურაპალატის ძე ბაგრატი აყვანილი შვილი იყო. დავით მეფე მთელი მონდომებით ცდილობდა ქართული მიწები გაეერთიანებინა, თუმცა ქვეყნის გაერთიანების მოწინააღმდეგე ორგულმა დიდებულებმა მამა-შვილს შორის შუღლის ჩამოგდება მაინც მოახერხეს. საქმე ლამის ძმათამკვლელ ომამდე მივიდა, მაგრამ ბაგრატს ეყო გონიერება, მამას ეახლა და სიმართლე გაარკვია.

გამაჰმადიანების შემდეგ ვახტანგ მეექვსეს ჰუსეინ ყული-ხანი ეწოდა.
ვახტანგ მეექვსემ შეადგინა კანონთა ორი კრებული _ ე.წ. "ვახტანგის სამართალი", რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საკითხებს და საკანონმდებლო ძეგლი "დასტურლამალი", რომელიც განსაზღვრავდა სახელმწიფო "ინსტიტუტების" გარეგნულ სახესა და შინაარსს.
პირველი წიგნი, რომელიც ვახტანგ მეექვსემ სტამბაში დაბეჭდა, სახარება იყო.
ვახტანგ მეექვსე ქართველ-სომეხთა კოალიციის შექმნას ცდილობდა ირანის წინააღმდეგ _ მან ქართველი სარდლები სომეხთა კათალიკოსს სომხეთში ლაშქრის მოსამზადებლად გაატანა.
ვახტანგ მეექვსეს ასული თამარ ბატონიშვილი ერეკლე მეორეს დედა იყო, ვახტანგის ბიძაშვილი ალექსანდრე ბატონიშვილი (არჩილის ძე) _ რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის ჭაბუკობის მეგობარი, ვახტანგ მეექვსეს აღმზრდელი და მასწავლებელი კი – დიდი სულხან-საბა ორბელიანი.
ვახტანგ მეექვსემ ქართლში აკრძალა ტყვეთა სყიდვა.

გარდაცვლილი თეიმურაზის "ტყვეობა" შაჰის კარზე თვეები გაგრძელდა: ირანის განრისხებული მბრძანებელი ქართველებს ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების უფლებას არ აძლევდა. მხოლოდ შაჰნავაზის თხოვნაზე ბრძანა თანხმობა და თეიმურაზ პირველი საქართველოში, ალავერდის ტაძარში, წამებული დედის წმიდა ნაშთების გვერდით დაკრძალეს.

მეფე თეიმურაზმა თითქმის მთელი ცხოვრება სამგლოვიარო ტანისამოსში გაატარა: ყრმობის ჟამს მამით დაობლდა, მერე დედა მოუკლეს გაუგონარი ტანჯვა-წამებით, ორი ოჯახი ჰყავდა და ორივე ამოუწყდა _ მოესწრო ორივე მეუღლის სიკვდილს, ორი ვაჟი შაჰ-აბასმა დაუსახიჩრა და მოუკლა, ერთიც სპარსელებს შეაკვდა, ერთი ასული შაჰის კარზე დაახრჩვეს. დარჩა ერთი ქალიშვილი და ისიც უშვილძიროდ გადაეგო.
ბაზალეთის ომში გამარჯვებულმა თეიმურაზმა გიორგი სააკაძის მხარეს მებრძოლ იმერელ ტყვეებს თითო ყურის მოთლა მიუსაჯა, მხოლოდ ხოსია მაჭავარიანს გადაუწყვიტა ორივე ყურის მოჭრა, რაზეც გამწარებულმა მაჭავარიანმა შეჰყვირა: არ მეგონა, თუ ასეთი გულბილწი იყავიო.

ბაზალეთის ომში გიორგი სააკაძემ კახეთის მეფე თეიმურაზი პირადად გაიწვია პირისპირ ბრძოლაში. კახელი დიდებულების გადაწყვეტილებით, მასთან მეფის მოსასხამით შემოსილი ედიშერ ვაჩნაძე გავიდა. სააკაძემ იგი მოკლა.

დემეტრე თავდადებულის ცხედარი მალულად, თევზით დატვირთული ურმით ჩამოასვენეს სამშობლოში.
დემეტრე თავდადებულის სიკვდილით დასჯაში გადამწყვეტი როლი ითამაშა მედროვე სადუნ მანკაბერდელის ძემ, ამირსპასალარმა ხუტლუ-ბუღამ. იგი დემეტრეზე განაწყენებული იყო იმის გამო, რომ სადუნის გარდაცვალების შემდეგ (1281) მეფემ ათაბაგობა თავის გამზრდელ ტარსაიჭ ორბელს უწყალობა.
1277 წელს ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ ბრძოლაში, მონღოლთა ყაენის ლაშქარში დემეტრე თავდადებულის მეთაურობით მებრძოლი 3 000 ქართველიდან ოთხიოდე გადაურჩა სიკვდილს.
მეფე დემეტრე თავდადებულს სამი ცოლი და ცხრა შვილი ჰყავდა: ტრაპიზონის კეისრის ასული, რომლისგანაც ხუთი შვილი შეეძინა, მონღოლი ქალი, რომელმაც სამი შვილი გაუჩინა და ბექა ჯაყელის ასული ნათელა _ გიორგი ბრწყინვალეს დედა.
მეფე დემეტრე თავდადებულს ჩვევად ჰქონდა _ ღამ-ღამობით სასახლიდან ჩუმად გადიოდა ფულიანი ქისებით და ხალხში მოწყალებას არიგებდა.
დემეტრე თავდადებულის ერთადერთი პორტრეტი დავით გარეჯის მონასტერშია დაცული.

ამიერკავკასიაში ფსიქოლოგიის მეცნიერებათა პირველი დოქტორი ქალთა შორის ფატი ხუნდაძე იყო. სადოქტორო დისერტაცია მან 40 წლის ასაკში, 1935 წელს დაიცვა.

აჰმედ მელაშვილს გურჯთა ილია ჭავჭავაძეს ეძახდნენ.

სტამბოლში, ფერიქოიუბანში კათოლიკური მონასტერი დგას. მონასტერი ღვთისმშობლის სახელობისაა და მისი დამფუძნებელია ახალციხეში დაბადებული კათოლიკე მღვდელი პეტრე ხარისჭირაშვილი.

ევგენი ხარაძის სახელს უკავშირდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორიის დაარსება.

ზაქარია ჭიჭინაძე აჭარის მუსლიმ მოსახლეობას არაბულ ლოცვებს ქართულად უბეჭდავდა. ამას იმისთვის აკეთებდა, რომ ქართველებს თავიანთი ენა და ეროვნება არ დავიწყებოდათ.

აკაკი ჭანტურია იყო პირველი ქართველი, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა.

1882 წლის 23 აგვისტოს გრიგოლ ორბელიანი ანასტასია ჩერქეზიშვილს სწერდა: "კნეინა ეკატერინა მენგრელიისა გარდაიცვალა გორდას 13 აგვისტოს. ჩემო ტასო, ბნელდება საქართველო!"

შემონახულია ცნობა, რომ ეკატერინე ჭავჭავაძეს დავით დადიანთან ჯვრისწერისას ქაშვეთის ეკლესიაში გული წაუვიდა.

"საქართველოს პირველი კაცი" – ასე უწოდებდნენ თანამედროვენი ალექსანდრე ჭავჭავაძეს.

ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილს სიყვარულით "კუკლუშკის" ეძახდა.
ილია ჭავჭავაძეს ოლღა გურამიშვილის ოჯახი ხელმოკლეობის გამო იწუნებდა.

სერგი წულაძემ ფრანგულ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი".

მიხაი ზიჩი "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების შესაქმნელად ჯერ სტუდიურ დადგმით ფოტოებს იღებდა, შემდეგ კი მათი მიხედვით ქმნიდა ესკიზებს. მისი ილუსტრაციებით გაფორმებული "ვეფხისტყაოსანი" კი 1888 წელს გიორგი ქართველიშვილის მხარდაჭერით გამოიცა.

1709 წელს გაიხსნა პირველი ქართული სტამბა თბილისში ვახტანგ მე-6-ის მიერ. 1712 წელს დაიბეჭდა "ვეფხისტყაოსანი" პირველად.
ვახტანგ მეექვსის სტამბაში "ვეფხისტყაოსნის" 1000 ეგზემპლარი დაიბეჭდა. ეს შოთა რუსთაველის პირველი გამოცემა იყო. იმ ათასიდან დღეს 21 ცალიღაა შემორჩენილი.

უნგრელმა ფერმწერმა და გრაფიკოსმა მიხაი ზიჩმა მის მიერ შესრულებული ,,ვეფხისტყაოსნის" 34 ილუსტრაცია ქართველ ხალხს უსასყიდლოდ გადასცა.

მეჩვიდმეტე საუკუნის ქართველი მხატვრისა და კალიგრაფის _ მამუკა თავაქალაშვილის მიერ 1646 წელს გადაწერილი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც 39 მინიატურითაა შემკული, "ვეფხისტყაოსნის" დღემდე შემორჩენილი უძველესი დათარიღებული ხელნაწერია. ილუსტრაციების გარდა აქ მოთავსებულია რუსთაველისა და თვით მხატვრის პორტრეტები.

ილია წინამძღვრიშვილმა 1883 წელს საკუთარ მამულში საკუთარი ხარჯით გახსნა პირველი სასოფლო-სამეურნეო სკოლა.
ილია წინამძღვრიშვილმა სახელმძღვანელო "ვაზის მოშენება" 1889 წელს ხორეშან გვერდწითელის ფსევდონიმით გამოსცა.

ნიკო ცხვედაძეს ზოგი გიჟს ეძახდა, ზოგი – გადარეულს. თვითონ ღატაკი და უქონელი, დადიოდა და ხვეწნა-მუდარით, ლამის მათხოვრობით ფულს აგროვებდა, უარს არავინ ეუბნებოდა, რადგან მის პატიოსნებაში ეჭვი არ ეპარებოდათ. მას ფული ქართული უნივერსიტეტის შენობის ასაგებად სჭირდებოდა.

22 წლის არქიტექტორმა ირაკლი ციციშვილმა ოთხ დღე-ღამეში, აუტანელ სიცივეში, მდინარე დნეპრზე ხიდი ააგო და საბჭოთა არმიის ტანკებს გზა გაუხსნა. ამითვის მას სააბჭოთა კავშირის გმირის წოდება და ლენინის ორდენი მიენიჭა.

დავით ციმაკურიძე (მოჭიდავე) იყო ქართველ სპორტსმენთა შორის პირველი, ვინც ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

ალექსანდრე ცაგარელი იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც ქართველოლოგიური მიზნით ეწვია ახლო აღმოსავლეთს: 1883 წელს მან მოინახულა ათონი, ჯვარი, საბაწმინდა.

1846 წელს დავით ჩუბინაშვილმა გამოსცა პირველი რუსულ-ქართული ლექსიკონი.

გოდერძი ჩოხელის საკურსო ფილმმა – "ადგილის დედა", ქალაქ ობერჰაუზენში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრი მიიღო. სამწუხაროდ, თავად რეჟისორი ამ ცერემონიას არ დასწრებია, რადგან არც კი იცოდა, რომ მისი ფილმი ფესტივალზე იყო გაგზავნილი.

ფარსმან მეფის მცირე პიტიახშის ზევახის ასულის, იოდმანგანის მუღლის, 21 წლის ულამაზესი სერაფიტას ამბავი მსოფლიოს გიორგი წერეთელმა ამცნო –1940 წლის 25 ნოემბერს არმაზში აღმოჩნდა ორენოვანი წარწერა, ბერძნულ და არამეულ ენაზე შესრულებული ეპიტაფია, რომლის ტექსტიც გიორგი წერეთელმა გაშიფრა.

როცა 1933 წელს გიორგი წერეთელი ლენინგრადიდან თბილისში დაბრუნდა, მისმა მასწავლებელმა, რუსეთში არაბისტიკის ფუძემდებელმა იგნატი კრაჩკოვსკიმ გულდაწყვეტით თქვა: არაბისტიკის ცენტრმა ლენინგრადიდან თბილისში გადაინაცვლაო.

წმინდა შუშანიკი მოწამებრივ გზას დაადგა, მაგრამ ძაძების ზემოდან სიცოცხლის ბოლომდე ანტიოქიის პალეკარტი (სადედოფლო მანტია) ემოსა.

ნიკოლოზ შენგელაია რუსთაველის პროსპექტზე ხეზე ასული თავის ფუტურისტულ ლექსებს კითხულობდა, როდესაც კოტე მარჯანიშვილმა შეამჩნია და თავისთან კინოში სამუშაოდ წაიყვანა.

1960 წლის იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ექსპედიციისას არქიმანდრიტს, რომელიც სამ ქართველ მეცნიერს – აკაკი შანიძეს, ირაკლი აბაშიძესა და გიორგი წერეთელს რუსთაველის ფრესკის მოძიებისას ხელს უშლიდა, აკაკი შანიძემ "არქიბანდიტი" შეარქვა.

1974 წელს მიხეილ შავიშვილის თაოსნობით საქართველოში ჩამოყალიბდა ბავშვთა პირველი ფოლკლორული ანსამბლი "კრიმანჭული".

1966 წლის 3 აპრილს დაბადებული პაატა ყურაშვილი 1992 წლის 3 აპრილს მამა ანდრიას სახელით ბერად აღიკვეცა.

დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალებაზე აკაკი წერეთელმა თქვა: "ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს და იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს!"

ილიკო ქურხული თბილისის ეზოებსა და ქუჩაბანდებში მართავდა სახელდახელო კონცერტებს, თბილისის მოსახლეობას ლექციებს უკითხავდა და ასე ეწეოდა ქართული მუსიკის პოპულარიზაციას.

თბილისში ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი იოველ ქუთათელაძემ დააარსა და გარდაცვალებამდე თავადვე ხელმძღვანელობდა.

ოთარ ქორქიას მწვრთნელობისას თბილისის "დინამოს" საკალათბურთო გუნდმა უდიდეს წარმატებას მიაღწია – 1962 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

ფილიმონ ქორიძე "ლა სკალაში" მღეროდა.

33 წლის ლაზი მომღერლის ქაზიმ ქოიონჯუს ცხედარი სტამბოლიდან ტრაპიზონში გადაასვენეს, პროცესიას მეგრული სიმღერა "დიდოუ ნანა" მიაცილებდა, ტრაპზონში კი 60 ათასი ადამიანი ელოდა.

გერონტი ქიქოძემ 1954 წელს დაწერა, თუმცა 1990-იან წლებამდე არ გამოცემულა, მემუარული ჩანაწერები 1918-1921 წლების მოვლენებისა და იმდროინდელ პოლიტიკურ მოღვაწეთა შესახებ.

მიხეილ ქვლივიძემ თარგმნა რუსულად კინოფილმების "ნატვრის ხისა" და "მონანიების" ტექსტები და თავადვე წაიკითხა.

შირაზში სასტიკი წამებით მოკლული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სხვადასხვა დროს საქართველოში, ინდოეთში, რომსა და ბელგიაში ინახებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ავიამშენებლობის ერთ-ერთი თაოსანი ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) იყო.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ავიაციის ერთ-ერთი პიონერი ქართველი ავიატორი მიხეილ გრიგორაშვილი (მაიკლ გრეგორი) იყო.

მელიტონ ქანთარია, რომელმაც 1945 წლის 30 აპრილს ეგოროვთან ერთად რაიხსტაგის გუმბათზე საბჭოთა დროშა აღმართა, ომის შემდეგ ჯერ სოფელ აგუბედიის კოლმეურნეობაში, შემდეგ კი ტყვარჩელში მეშახტედ მუშაობდა.

პარიზში ერთ-ერთ ქუჩას ქართველი სამხედრო მოღვაწის, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკის დიმიტრი ამილახვარის სახელი ჰქვია.

აკაკი წერეთელს უყვარდა ბანქოს თამაში, თუმცა, თითქმის ყოველთვის აგებდა.

ნიკოლოზ ბარათაშვილმა საკუთარი ბიძაშვილი ილიკო ორბელიანი დუელში გამოიწვია...
ნიკოლოზ ბარათაშვილი გიმნაზიაში მასწავლებელმა, სოლომონ დოდაშვილმა გაკიცხა იმის გამო, რომ მისი სახელმძღვანელოს შეძენა ვერ შეძლო.

ვაჟა-ფშაველას ენას უწუნებდა აკაკი წერეთელი, ხოლო აკაკის -ანჩისხატის მთავარეპისკოპოსი.

სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონზე "სიტყვის კონა" 33 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ერეკლე მეორე თელავში, თავის სასახლეში იმ ოთახში გარდაიცვალა, სადაც დაიბადა.
ერეკლე მეორემ ლაშქრობაში მონაწილეობა პირველად 12 წლის ასაკში მიიღო.

დავით აღმაშენებელი წიგნის კითხვის დასრულებისას ბოლოში ნიშანს სვამდა. აღმოჩნდა, რომ ერთი წიგნი ერთ წელიწადში ოცდაოთხჯერ ჰქონდა წაკითხული.
დავით აღმაშენებელი ერთხელ ლაშქრობის დროს წიგნის კითხვით ისე გაერთო, რომ ჯარს ბრძოლის დაწყების ნიშანი ვეღარ მისცა.

ფარნავაზი 27 წლისა გამეფდა და 65 წელი იმეფა.

გრიგოლ ხანძთელმა 102 წელი იცოცხლა.

გიორგი პირველი 12 წლის ასაკში მართავდა საქართველოს.

ვახტანგ გორგასალი ცხენს მხრებზე გადაიდებდა და ისე ადიოდა მცხეთიდან არმაზის ციხემდე.

გალაკტიონი ნიკო სამადაშვილს საქართველოს დიდ პოეტს უწოდებდა.

იტალიის სახალხო გმირი ჯუზეპე გარიბალდი ფეხის ამპუტაციას გადაარჩინა და განკურნა საქართველოდან იტალიაში საგანგებოდ მიწვეულმა მკურნალმა თურმანიძემ.

1812 წელს, კახეთის აჯანყების დროს, დაჭრილი პოეტის, ალ. ჭავჭავაძის სამკურნალოდ ქუთაისიდან მკურნალი თურმანიძე მოიწვიეს.

ბულგარეთის ტახტიდან ბატენბერგის ჩამოგდების შემდეგ (1886, 21 აგვისტო) რუსეთის მთავრობამ ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟი _ სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი ნიკო დადიანი ბულგარეთის მთავრის კანდიდატად წარადგინა.

ცნობილი ქართველი დრამატურგი და თეატრის მოღვაწე გიორგი ერისთავი პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალ "ცისკრის" დამაარსებელი და რედაქტორია (1852-53). გიორგი ერისთავმა ასევე ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესიული თეატრი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა 1850-54 წლებში.

ქართველი მწერალი და დრამატურგი შალვა დადიანი კომედიური ჟანრის ფუძემდებელია ქართულ დრამატურგიაში. ამასთან, მას თეატრის სცენაზე განსახიერებული აქვს 200-ზე მეტი როლი.

ქართველმა ფიზიოლოგმა ივანე თარხნიშვილმა სხვადასხვა გაღიზიანების საპასუხოდ და ფსიქოლოგიური მოქმედების დროს ადამიანის კანში ელექტრომამოძრავებელი ძალები აღმოაჩინა. კანში აღმოცენებულ ამ ნელ ელექტრულ ეფექტებს მსოფლიო ლიტერატურაში "თარხანოვის ფენომენად" იხსენიებენ.


მეათე საუკუნის სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწის _ თორნიკე ერისთავის შეკვეთითაა გადაწერილი ოშკის ბიბლია.

ქართველი თერაპევტი სპირიდონ ვირსალაძე ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი დამფუძნებელია საქართველოში. მისი თაოსნობით 1916-17 წლებში თბილისში დაარსდა ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი ითამაშა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დაარსებაში. ვირსალაძე იყო პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალ "ექიმის" რედაქტორი (შ. მიქელაძესთან ერთად).

ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე რაფიელ ერისთავი 1889-96წწ. კავკასიის საცენზურო კომიტეტში ცენზორად მუშაობდა. მისმა ლექსმა "სამშობლო ხევსურისა", რომელიც პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშია, იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა და მალე სიმღერადაც იქცა.

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექცია, რომელიც თითქმის 30 000 ნეგატივისაგან შედგება, თბილისის ნახევარსაუკუნოვანი განვითარების ისტორიის თვალსაჩინო, თითქმის ქრონოლოგიურ სურათს იძლევა.

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა მიხეილ თარხნიშვილმა გამოაქვეყნა ეგვიპტეში, თებეს ნეკროპოლში აღმოჩენილი ქართული წარწერები.

ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ თამარაშვილის ფრანგულენოვან წიგნს "საქართველოს ეკლესიის ისტორია" (რომი, 1910) ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა. მანვე აღმოაჩინა კრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი სიცილიაში.

მეთერთმეტე საუკუნის ფილოლოგმა და ფილოსოფოსმა ეფრემ მცირემ შექმნა ქართული ფილოსოფიური ტერმინოლოგია _ მის მიერ შემოღებული ბევრი ფილოსოფიური ტერმინი დღესაც გამოიყენება.

თქმულების თანახმად, გელათის მშენებარე ტაძრიდან გადმოვარდნილ, მძიმედ დაშავებულ დავით აღმაშენებელს სამასხუთმა აქიმმა ვერაფერი უშველა, მხოლოდ სამასმეექვსე მკურნალმა, გვარად ავშანდაძემ შეძლო მეფის გადარჩენა – მან თორმეტი ფურ-ირმის ნაწველ რძეში ჩააწვინა სიკვდილის პირას მყოფი მეფე.

დავით აღმაშენებლის დროს ქართული ენა მთელ კავკასიაში დომინანტური იყო. სახელმწიფო ენა _ ქართული უნდა სცოდნოდა ყველას _ ქართველსაც და არაქართველსაც.

დავით აღმაშენებელმა გელათის ტაძრის ანსამბლში ააგო ქსენონი _ სამკურნალო-საავადმყოფო, სადაც თვითონ მიდიოდა ავადმყოფთა მოსანახულებლად.

მეფე მირიანი, მეთერთმეტე საუკუნის ისტორიკოსის _ ლეონტი მროველის მიხედვით, სპარსეთის მეფე ხოსრო სასანიდის ვაჟი იყო. იგი ქართველმა დიდებულებმა მოიწვიეს ქართლის სამეფო ტახტზე და ცოლად შერთეს უძეოდ გადაგებული ქართლის მეფე ასფაგურის ერთადერთი ასული _ ფარნავაზიანთა უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელიც მალე გარდაიცვალა. მირიანის მეორე ცოლი _ დედოფალი ნანა კი პონტოელი ბერძენი იყო.

ბასიანის ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდნილი ერზინკის ამირა თამარ მეფემ ცხენის ნალში გაცვალა.

1195 წელს შამქორის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე გამარჯვებულმა ქართველებმა გამოატარეს 12 000 ტყვე-მუსლიმი, 40 ავაზა, 20 000 ცხენი, 7 000 ჯორი, 15 000 აქლემი, ურიცხვი ლარი, ოქრო, ვერცხლი, თვალ-მარგალიტი და მუსლიმთა საომარი დროშები. ხალიფას დროშა ძვირფასეულობასთან ერთად თამარ მეფემ ხახულის ტაძარს შესწირა.

დავით სოსლანსა და ლაშა-გიორგის თამარის ხელით მოქარგული სამოსი ეცვათ.

თამარ მეფის დროს ქრისტიანთაგან მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ იერუსალიმში გაშლილი დროშებით შესვლა.

დავით სოსლანის გარდაცვალების შემდეგ თამარ მეფემ 12 წლის უფლისწული _ ლაშა-გიორგი თანამოსაყდრედ დაისვა. ლაშას სარდლობით ქართველებმა დალაშქრეს ირანი, ავღანეთი და მიაღწიეს ინდოეთამდე, მაგრამ იმდენი ნადავლი დაუგროვდათ, უკან გამობრუნდნენ.

მთავარეპისკოპოსმა მიქაელმა ვახტანგ გორგასალს ქრისტიანობის ღალატი დასწამა, დაწყევლა და განრისხებულმა ხის ქოშით კბილი ჩაუმტვრია, როცა მეფე მის ფეხს უნდა მთხვეოდა.

ვახტანგ გორგასალს სპარსელმა დედამ სპარსული სახელი _ ვარანხვასრო-თანგ (ქართულად ვახტანგი) დაარქვა.

ლეგენდის მიხედვით, ვახტანგ გორგასალი სიმაღლით 2.40 სმ. იყო.

ოთარ თაქთაქიშვილი საქართველოს სსრ სახელმწიფო ჰიმნის ავტორია (1945).

მეცნიერული მეანობის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა საქართველოში ივანე თიკანაძემ ნ. კახიანთან და გ. მუხაძესთან ერთად საქართველოში პირველმა გააკეთა ხელოვნური საშოს შექმნის ოპერაცია. მის მიერ შემუშავებულ მეთოდს, საშვილოსნოდან ატონიური სისხლდენის წინააღმდეგ, დღესაც ფართოდ იყენებენ სამედიცინო პრაქტიკაში. გ. ღამბარაშვილთან ერთად მან ასევე პირველად გამოიყენა რენტგენის სხივები მეანობაში.

ილია ზაქაიძის მიერ როსტომ საგინაშვილთან ერთად შესრულებული სიმღერა "ჩაკრულო" 1977 წელს "ნასამ" კოსმოსში გაგზავნა.

1819 წლის იმერეთის აჯანყების დროს დაპატიმრებულმა ღირსმა ეფთვიმე გაენათელმა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრესთან შეხვედრისას იმპერატორს ახალი ნერონი უწოდა და უშიშრად ამხილა იგი საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის თავისუფლების წართმევაში.

1819 წლის იმერეთის აჯანყების დროს მიტროპილიტ დოსითეოს ქუთათელს, როგორც აჯანყების ერთ-ერთ მოთავეს, რუსეთის ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა _ მას და ეფთვიმე გაენათელს თავებზე ტომრები ჩამოაცვეს და მათრახების ცემით წაიყვანეს.

ერეკლე მეორეს ცხედარს 20 ათასი ქართველი მიაცილებდა თელავიდან მცხეთამდე, მათ შორის ათი ათასი ცხენოსანი თავად-აზნაური, მაშინ, როცა მეფემ ხუთი ათასი კაციც კი ვერ შეკრიბა კრწანისის ომში!
1766 წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამოქვეყნდა ორი ბროშურა ერეკლე მეორეს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
ერეკლე მეორეს ქება-დიდება შეასხა გამოჩენილმა გერმანელმა მწერალმა ლესინგმა პიესაში "მინა ფონ ბარნჰელმი", ანუ "ჯარისკაცის ბედნიერება."
ერეკლე მეორემ სცადა სახელმწიფო მმართველობა ცალკეული უწყებების მიხედვით დაენაწილებინა: "საგარეო საქმეთა", "სახელმწიფო შემოსავლისა" და "სამხედრო საქმეთა" დარგებად.

კომუნისტური მთვრობის შიშით წმიდა ექვთიმე აღმსარებელმა (ესტატე კერესელიძე) ერთი ურემი ხელნაწერები, 5532 ძველი ქართული საგალობელი, ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდმარტომ გადაიტანა და სვეტიცხოვლის ტაძარში გადამალა.

1918 წელს წმიდა ექვთიმე აღმსარებელმა (ესტატე კერესელიძე) პირველმა დასტამბა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.


http://www.newposts.ge/presis-daijesti/14633-yvelanda-icodes.html

Комментариев нет:

Отправить комментарий