ღმერთი

ღმერთი

пятница, 21 июня 2013 г.

რეინკარნაცია – უმეცრობის თეორია.

  რეინკარნაცია ლათინური სიტყვაა, “რე” განმეორებითი მოქმედების აღმნიშვნელია, “ინკარნაცია” კი განსხეულებას ნიშნავს. რეინკარნაცია შეიძლება ითარგმნოს, როგორც ხელახალი განსხეულება. თუმცა ამ უკანასკნელს მრავალი სხვა ტერმინითაც აღნიშნავენ. ბერძნულში მას მეტეფრიქიზოსს უწოდებენ, რაც ქართულად გარდასხეულებას, კვლავ გაცოცხლებას ნიშნავს.

ედიშერ ჭელიძე (თბილისის სასულიერო აკადემიის კათედრის გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი): “რეინკარნაციის თემა, საეკლესიო მოძღვრების თქმით, აუცილებლად განხილვას მოითხოვს. ამ ერთ–ერთ დიდ გაუკუღმართებასთან დაკავშირებით იყო ბევრი ცდომილება, გაუგებრობა და უმეცრება.

რეინკარნაციის მოძღვრება, რომ ადამიანი შეიძლება დაიბადოს ერთ სხეულში, გარდაცვალების შემდგომ კი განახლებული სხეულით მოვიდეს, მრავალი სარწმუნოებისათვის ქვაკუთხედი იყო. ბუდიზმში რეინკარნაცია მიჩნეულია, ადამიანის გზად სრულყოფისათვის.

ცრუმოძღვრებათა აზრით, რეინკარნაციის ციკლი როდის დამთავრდება, არავინ იცის. როდესაც ადამიანი სრულყოფილების იმ ხარისხს მიაღწევს, რომელიც შემდგომ რეინკარნაციას აღარ ექვემდებარება, ციკლი მთავრდება”.

ანტიკური ეპოქის მოაზროვნეებთან, რეინკარნაციაში შემოაქვთ ცხოველური და მცენარეული სამყარო. ამ მოძღვრებამ თავი იჩინა ქრისტიანობის ისტორიაშიც. კერძოდ, ეს უკავშირდება მესამე საუკუნის პირველი ნახევრის და შუა წლების საეკლესიო ავტორს, ორიგენეს.

ედიშერ ჭელიძე: “ორიგენე ადამიანის შესახებ აყალიბებდა სწავლებას. მან ერთ–ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა მოძღვრება იმის შესახებ, რომ ადამიანი ისე არ გაჩნდა, როგორც ხორცის და სულის მთლიანობა. ნაწილი თვლიდა, რომ ხორცი შეიქმნა და მერე შევიდა მასში სული. ნაწილი კი პირიქით, სული შეიქმნა და მერე მოხდა მისი სხეულში შესვლა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. მართლმადიდებლური აზრით, ადამიანი ხორცისა და სულის განუყოფელ მთლიანობად შეიქმნა, ადამიანი ორივე ბუნებას ფლობს, სულსაც და ხორცსაც.

ორიგენე თვლიდა, რომ ჯერ შეიქმნენ ადამიანები, როგორც მთლიანად განშორებულნი სხეულისაგან, როგორც სუფთა სულები. თუმცა, რით განასხვავებდა ასეთ სუფთა სულებს ორიგენე ანგელოზებისაგან, ძნელი სათქმელია. მისი აზრით, როდესაც ქუჩაში მივდივართ, ვხედავთ, რომ ადამიანი ხეიბარია დაბადებიდან, რომ სხეულის ნაკლოვანება თანდაყოლილია და არა, შეძენილი. მეორეს ვხედავთ, რომ შობიდანვე ბრმა არის, მესამეს შინაგანი სნეულება აქვს დაბადებიდან. რას უნდა მივაკუთვნოთ ეს, ზოგი ჯანსაღ სხეულში დაიბადა, ზოგი კი ისეთი სხეულით მოევლინა ამ ქვეყნად, რომ ტანჯვისთვის არის განწირული. რატომ ხდება ასეთი განსხვავებანი ადამიანების სხეულებს შორის, რა განაპირობებს ამას. სულისგან დამოუკიდებლად სხეული არანაირი ცოდვის მოქმედი არა არის. ის ნაკლი სასჯელია სხეულის მიერ წინა ცხოვრებაში ჩადენილი დანაშაულისთვის.

ორიგენეს თქმით, რჩება ადამიანის სული, რომელსაც სხეულში მოსვლამდე რაღაც ცოდვა ჩაუდენია. ამ ცოდვის შესაბამისად მიიღო სხეული. ორიგენესთვის ყველა სხეული ცოდვის შედეგი და სასჯელია. თუ ადამიანი ცოდვილია, მისივე აზრით, სხეულებრივი მდგომარეობა ამის შედეგია.

ეკლესიისთვის ეს მოძღვრება რამდენიმე კუთხით არის შეუსაბამო, როგორც ვთქვით, საეკლესიო მოძღვრება ადამიანს სულისა და ხორცის განუყოფელ ერთიანობად აღიქვამს. ცოდვამ მოიტანა არაბუნებრივი მდგომარეობა, რომ ადამიანი გახდა მოკვდავი, მოკვდაობა სულისა და ხორცის ერთმანეთისაგან გაყრაა, ამიტომაც არის მტანჯველი. ბუნებრივი მდგომარეობა რომ იყოს, არ იქნებოდა მტანჯველი.

ადამიანის ბუნება იყო უხრწნელი, უკვდავი და ტკივილგანუცდელი. შეიძინა რა მოკვდაობა შესაბამისად, დაექვემდებარა სულისა და ხორცის გაყრას, მაგრამ ეს გაყრა მარადიული არ არის. მეორედ მოსვლის ჟამს, ზუსტად იგივე სხეულით შეიმოსებიან ადამიანები და დაიმკვიდრებენ სასუფეველს”.

რეინკარნაცია აბსოლიტურად უარყოფილია ეკლესიური სწავლებისაგან, ეს არსად არ წერია, არც ბიბლიაში და არც ქრისტეს აქვს ამის შესახებ რამე ნათქვამი.

მამა აკაკი მელიქიძე (მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღოლი): “მრავალი ათასწლეულების წინ, როდესაც ღვთისაგან განდგომილება მოხდა, ადამის მოდგმა დაშორდა ღმერთს. მათ დაკარგეს ის გონებისმიერი ნიჭის წვდომა, რასაც სარწმუნოება ჰქვია. ღმერთი დაკარგეს და ღმერთს ეძიებდნენ. მათ შექმნეს თავიანთი ფანტაზიით სხვადასხვა ღმერთი. ეს, რა თქმა უნდა, ბოროტმა ძალამ გამოიწვია, რომელიც ადამ და ევას შეპირდა, რომ თუ ისინი აკრძალულ ნაყოფს მიიღებდნენ, ღმერთები გახდებოდნენ. ამით უფრო მეტად დაიმორჩლა ისინი და წამოვიდა კერპთაყვანისმცემლობა, თეორიები სულების ერთი არსებიდან მეორეში გადასვლასა და ხელახალ დაბადებაზე. რეინკარნაციას ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს.

უფალმა, რომელმაც შექმნა ადამი და ევა, მათ დაუწესა, რომ ისინი არ უნდა მომკვდარიყვნენ. რათქმაუნდა, ადამიანის სული უკვდავია. თუკი, ისინი არ შესცოდავდნენ, არ დაისჯებოდნენ და მათზე სიკვდილი ვერ გაბატონდებოდა. მაგრამ ეს მცნება დაირღვა და სასჯელი მოიწია ადამიანის მოდგმაზე. სწორედ, სიკვდილი არის გამოსავალი, რომ ადამიანმა შეინანოს და უკვდავებას დაუბრუნდეს.

მეორედ მოსვლის შემდეგ, ყველა ადამიანი თავისი სხეულით აღდგება, მისი სული მასვე დაუბრუნდება. არ არსებობს, რომ ჩვენი სული გადავიდეს ვიღაცა სხვა პიროვნებაში, ვინმე დაიბადოს ან ვინმეს ჩაუსახლდეს. ამის შესახებ არც ქრისტეს უთქვამს და არც ბიბლიაში წერია.

ჩვენ იმ უკვდავებაში უნდა დავბრუნდეთ, როგორიც იყო ადამ და ევას პირვანდელი ცხოვრება. საბოლოოდ დამკვიდრება კი მეორედ მოსვლისას და აღდგომისას მოხდება. ჩვენ ვემზადებით უფლის სასუფეველისთვის, შემდგომი მარადიული ცხოვრებისათვის. იქ კი არ არის არანაირი რეინკარნაცია და სულთა გადასვლა. ეს არის ნამდვილად მცდარი შეხედულება, წარმართული კერპთმსახურებიდან გამომდინარე”.

http://www.ambioni.ge/reinkarnacia

Комментариев нет:

Отправить комментарий