ღმერთი

ღმერთი

суббота, 8 июня 2013 г.

სამარადისოდ ბნელში.


1. მარადიულ ტანჯვათა ბუნება და მიზეზი

რაოდენ ბრწყინვალე, მხიარული და სანუგეშოა ღმრთის სიტყვის მიხედვით მართალთა ნეტარი მდგომარეობა მომავალ ცხოვრებაში, იმდენად მუქი და საშინელია ცოდვილთა ბედკრული მდგომარეობა საუკუნო სამსჯავროს შემდეგ.

რა არის ჯოჯოხეთი?

იმისათვის, რათა დაგვიცვას თვითმოტყუებისა და უმცირესი საცთურისგანაც კი, წმიდა წერილი, მრავალ ადგილას, მთელი სიცხადით და დაწვრილებით გვაფრთხილებს ამ საშინელი ხვედრის შესახებ, ამიტომაც, დოგმატი ჯოჯოხეთში ცოდვილთა მარადიული ტანჯვის შესახებ, ერთ ერთი ყველაზე მკაფიო დოგმატია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში.

მაგრამ, რა სატანჯველებია ეს და რაში მდგომარეობს მათი არსი? წმიდა წერილის მოწმობით, ცოდვილთა ტანჯვა ჯოჯხეთში, უპირველეს ყოვლისა გამოხატულ იქნება ღმრთისგან მათი დაშორებით. "წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული" (მათე 25:41), - ეტყვის მათ სამართლიანი მსაჯული; "არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი" (ლუკა 13:27). ღმრთის პირისგან ეს განგდება უდიდესი სასჯელი იქნება ცოდვილთათვის, რადგან ისინი ღმრთისგან განგდებულ იქნებიან არა დროებით, არამედ მარადის მოწყდებიან ამ უზენაეს სიკეთეს, რომელშიაც არის მხოლოდ საკუთარი სულის ყველა მოთხოვნილების სრული დაკმაყოფილება შესაძლებელი. ცოდვილნი სამუდამოდ იქნებიან უარყოფილნი ზეციერი მამის მიერ, თავიანთი მაცხოვრის მიერ, რომელმაც ამდენი სიკეთე და მადლი უწყალობა ადამიანს, ზრუნავდა მასზე გამოუთქმელი სიყვარულით; უკვე ვეღარასოდეს იხილავენ ისინი ღმრთის პირის ნათელს და ვერასდროს შევლენ თავიანთი პატრონის სიხარულში (იხ. მათე 25:21). სწორედ ეს განშორება ღმრთისგან, ცხოვრების წყაროსგან და მწყალობლისგან იქნება უმძიმესი და უმტკივნეულესი სატანჯველი ცოდვილთათვის.

წმ. იოანე ოქროპირი ასე მსჯელობს ამის შესახებ: "ვისაც ჭკუა და გონება გააჩნია, მისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ღმრთისგან განგდება ნიშნავს განიცადო გეჰენა" (Святитель Иоанн Златоуст. Беседы на Послание к римлянам. Беседа 5. М., 1994. С.534). "აუტანელია გეჰენიის ეს სატანჯველი; ათასი და ათასზე უმეტესი ცეცხლის გეჰენაც რომ წარმოიდგინო, ვერ შეედრება იმ უბედურებას, რასაც განიცდის ნეტარი დიდებისგან განგდებული ცოდვილი, როდესაც ზურგს შეაქცევს მას ქრისტე და მოისმენს მისგან: "არ ვიცი ვინა ხარ" (მათე 7:23); მოისმენს ბრალდება, რომ ჩვენ, ვხედავდით მას მშიერს, და არ დავაპურეთ! უკეთესია ელვამ დაგარტყას უთვალავჯერ, ვიდრე ხედავდე შენი მაცხოვრის და ტკბილი იესუს თვინიერ სახეს, რომელსაც მიაბრუნებს ჩვენგან, მიაქცევს თავის სიყვარულით აღსავსე თვალებს, რომელთაც ჩვენნაირი ცოდვილების ცქერა არ ძალუძს" (Святитель Иоанн Златоуст. Толкование на Евангелие от Матфея. Беседа 23. М, 1993. С.272).

ცოდვილთა ტანჯვა სიკვდილის შემდეგ მდგომარეობს იმაში, რომ ისინი მოაკლდებიან ღმრთის სასუფეველს და ყველა ზეციურ სიკეთეს, რომელიც განმზადებულია მართალთათვის და განგდებულ იქნებიან გარესკნელის ბნელში (მათე 8:12). "სიკეთეთა ეს დაკარგვა, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - ისეთ აუტანელ ტანჯვას მიაყენებს, ისეთ მწუხარებასა და სივიწროვეს განაცდევინებს ადამიანს, რომ არანაირი სასჯელიც რომ არ ემუქრებოდეს აქ შემცოდეთ, მარტო ამას შეუძლია ყოველგვა გეჰენიურ ტანჯვაზე უმეტესად დაუკოდოს გული დარდისგან და შეაშფოთოს ჩვენი სული". და შემდგომ: "მრავალ უგუნურს მარტოდენ გეჰენიის არიდება სურს, მე კი გეჰენაზე უდიდეს და ენით აუწერელ სატანჯველად მიჩნს არ იმყოფებოდე უფლის დიდებაში; და ის, ვინც მას დაკარგავს, ვფიქრობ, გეჰენიის გამო კი არ უნდა ტიროდეს, არამედ ზეციურ სიკეთეთა დაკარგვას უნდა გლოვობდეს, რადგან მარტო ეს არის ყველა სასჯელზე უსასტიკესი სასჯელი" (Святитель Иоанн Златоуст. Творения в двенадцати томах. Т.1, кн.2. Слово первое к Феодору падшему. М., 1991. С.17).

ტანჯვას კიდევ უფრო დაამძიმებს და გაასასტიკებს ისიც, რომ "დატანჯულნი ცოდვილნი, იხილავენ მათ, ვინც ამ ქვეყნად სძულდათ, დევნიდნენ, შეურაცხყოფდნენ, ამწუხრებდნენ, ავიწროვებდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ და ათასგვარ ბოროტებას აყენებდნენ. კაენი იხილავს აბელს, რომელიც უდანაშაულოდ მოჰკლა; ჰეროდე კი - წმ. იოანე ნათლისმცემელს, რომელსაც უდანაშაულოდ წარკვეთა თავი. ნერონი, დიოკლეტიანე, მაქსიმიანე და ქრისტეანთა სხვა მდევნელნი იხილავენ ქრისტეს აღმსარებელთა ურიცხვ რაოდენობას, რომელთაც წარმართები აწამებდნენ.

ბატონები იხილავენ თავიან მონებს, თავადნი თავიანთ გლეხებს, რომელთაც ავიწროვებდნენ და ჩაგრავდნენ. უსამართლო მსაჯულთ თვალწინ წარმოუდგებათ ყოველგვარი ბრალეულობის გარეშე მათ მიერ სასიკვდილოდ გაწირულთა სულნი. ჯალათნი მათ თვალწინ იხილავენ გვირგვინმოსილ მოწამეებს, რომელთაც სასტიკად ტანჯავდნენ და არ ინდობდნენ. იხილავენ და მოისმენენ მათ ღაღადისს ღმრთის მიმართ: "საჯე, უფალო, ჩვენი მტანჯველნი, იძიე შური ჩვენს გამო, რამეთუ გაბოროტდნენ ჩვენზე! სამართლიანო მსაჯულო! მიაგე მატ საქმეთაებრ მათთა". როგორი შიში და ძრწოლა დაეუფლება მაშინ ამგვარი ხილვისგან მტარვალთა და ჯალათთ! მაშინ დადგება მართალი კადნიერად მის შეურაცხმყოფელთა წინაშე და ყოველი მართალი ეტყვის თავის შემავიწროვებელს: "რა დაგიშავე, რისთვის გამწირე, რად მდევნიდი, მაწამებდი და ბოლოს მომკალ, ყოველგვარი მოწყალების გარეშე?" და რას მიუგებენ მტარვალნი მსხვერპლად ყოფილებს? ვერაფერს! სიტყვას ვერ იპოვიან რათა თავი გაიმართლონ. საუკუნო შერცხვენა ელით ქრისტეანთა მდევნელთ.

"მაშინ მართალი დიდი სილაღით წარდგება მათ წინაშე, რომელთაც შეურაცხყვეს და მისი ღვაწლი აბუჩად აიგდეს. მისი მხილველნი მძიმე შიშით შეძრწუნდებიან და გააოცებთ მისი მოულოდნელი ხსნა. ერთმანეთში იტყვიან მონანულნი, აკვნესდებიან და იტყვიან სულშეჭირვებულნი: ეს იყო სწორედ, ვინც ოდესღაც გვყავდა დასაცინად და კიცხვის არაკად უგუნურებს; მისი ცხოვრება სიგიჟედ მივიჩნიეთ, მისი აღსასრული კი უპატიობად. როგორღა შეირაცხა უფლის ძეთა შორის და წმიდათა ხვედრი წილად როგორ ერგო?" (სოლომონის სიბრძნე 5:2-5).

ღმრთის სიტყვა გადაჭრით ამბობს, რომ ცოდვილთა ტანჯვის ადგილი იქნება ყველაზე საშინელი, - და ამგვარ ადგილას ისინი იქნებიან ბოროტ სულებთან (ეშმაკებთან) ერთად. როგორ აღწერს სატანჯველ ადგილებს წმ. წერილი, სადაც ჩაიყრებიან ცოდვილნი? წერილი მათ აძლევს სხვადასხვა სახელწოდებებს: "გარესკნელის ბნელი" (მათე 8:12-13; 25:30), "ცეცხლის გეჰენა" (მათე 5:22); "ცეცხლის სახმილი, სადაც იქნება კბილთა ღრჭენა" (მათე 13:50); "ცეცხლისა და გოგირდის ტბა" (გამოცხ. 19:20; 20:14; 21:8); ჯოჯოხეთი (ლუკა 16:23); "წყვდიადის ქვეყანაში, სადაც არ არის ნათელი და არც კაცთა ცხოვრება" (იობი. 10:22). "უფსკრული", რომლისაც ეშმაკთაც კი ეშინიათ (ლუკა 8:30-31); "საპყრობილე" (მათე 5:25); "ქვესკნელის წყვდიადი და ბნელეთის უკუნი" (იუდა 1:6, 13); "მატლი დაუძინებელი და ცეცხლი დაუშრეტელი" (მარკოზი 9:44); "მარადიული ცეცხლი" (იუდა 1:7); "ჯოჯოხეთის ფსკერი" (იგავნი 9:18); "ქვესკნელი" (ფილიპ. 2:10).

ჩვენს შემეცნებას რომ მოვუახლოვოს ეს საგანი, წმ. წერილი ჯოჯოხეთის ტანჯვის აღსაწერად იყენებს სხვადასხვა შედარებას და იღებს მას ჩვენს გარშემო არსებული ხილული ბუნებიდან, რაც ყველაზე მეტად გვზაფრავს და გვაშინებს.

უპირველეს ყოვლისა, ჯოჯოხეთის სატანჯველს ის წარმოგვიდგენს, როგორც უკუნ ბნელს, რომელშიც ნათლის უწვრილესი სხივიც კი ვერ აღწევს, რითაც შეგვაგონებს, რომ ჯოჯოხეთში აბსოლუტური სიბნელეა და არ არის იქ ნათელი, რაც ასე ახარებს ნებისმიერ ცოცხალ არსებას.

მეორეც, ჯოჯოხეთის სატანჯველი ყველაზე ხშირად ღვთის სიტყვაში წარმოდგენილია მარადიულ ცეცხლში ყოფნად, ანუ გეჰენიის ცეცხლად, ასე, რომ ჯოჯოხეთი და მარადიული ცეცხლი, წმიდა წერილის ენაზე იდენტური ცნებებია. მაგრამ, რა უნდა ვიგულისხმოთ დაუშრეტელ ცეცხლში, რომელშიც ცოდვილნი სამარადისოდ დაიტანჯებიან, მაგრამ არ დაიწვებიან? ღმრთის სიტყვა ამას არ გვიმხელს. ეკლესიის ზოგიერთი მამა, მაგალითად, წმ. ამბროსი მედიოლანელი (Святитель Амвросий Медиоланский. In Luc. Кн. VII. С. 205.), ნეტარი იერონიმე სტრიდონელი (Блаженный Иероним Стридонский. In Is. С. XLVI.), ნეტარი ავგუსტინე (Блаженный Августин. О граде Божием. М., 1994. Т.IV. Кн.21. Гл.9. С.272; Гл.10. С.273-274), მარადიულ ცეცხლში გულისხმობდნენ არა საკუთრივ ცეცხლს, არამედ მასში ხედავდნენ ჯოჯოხეთური სატანჯველის უსასტიკეს სიმბოლოს. მაგრამ, უკეთესი, მართებული და სასარგებლო იქნება ცეცხლი გავიგოთ საკუთრივი მნიშვნელობით, რადგან ასეთი გაგება უფრო ძლიერია და განმწმენდელად მოქმედებს სულზე, აკავებს მას ყოველგვარი ცოდვისგან და ფრთებს ასხამს სათნოებათა საქმნელად და ზეცის დასამკვიდრებლად. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ცეცხლი განსხვავებული იქნება ჩვენთვის ცნობილი, მატერიალური ცეცხლისგან; რადგან ამჟამინდელი ცეცხლი, თუ შეიძლება ითქვას, თვითონაც დაიწვება სამყაროს უკანასკნელ დღეს, როდესაც, წმ. წერილის მოწმობით, "გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი" (2 პეტრე 3:10).

მაგრამ, ნამდვილად შესცოდავს წმ. წერილის წინააღმდეგ ის, ვინც იფიქრებს, რომ ეს ჯოჯოხეთური ცეცხლი, რომელიც უფრო ნატიფია და, თუ შეიძლება ითქვას, უფრო სულიერია მატერიალურ ცეცხლთან შედარებით, ნელი და ადვილად გადასატანი იქნება - პირიქით, თავისი სინატიფის გამო, შეუდარებლად მწველი, სასტიკი და დამტანჯველი იქნება.

ჯოჯოხეთის ცეცხლის სისასტიკე უკვე იქიდანაც ჩანს, რომ თვით ბოროტების სულნი ოდესღაც თხოვდნენ უფალ იესუს დროზე ადრე არ ჩაეგდო ისინი გეჰენიის ცეცხლში სატანჯველად. იმდენად საშინელია ეს ცეცხლი, რომ მას თვით სანატაც კი უფრთხის! და თუკი დემონებსაც კი ეშინიათ გეჰენიის ცეცხლისა, რამდენად საშინელი და შემაძრწუნებელი იქნება ის ცოდვილი ადამიანისთვის. თუკი აქაური ცეცხლოვანი სასჯელი აშინებს მისით დასჯილ ადამიანს, რამდენად შეუდარებელია სასჯელი, რომელიც გეჰენიის ცეცხლს მოჰყვება. ეშმაკთ სულაც არ ეშინიათ ამქვეყნიური ცეცხლის, როგორც ჩვენ არ გვეშინია ტილოზე გამოსახული ცეცხლის სურათისა, მაგრამ გეჰენიის ცეცხლისგან კი ძრწიან. აქაური ცეცხლი მხოლოდ მატერიალურ ნივთიერებას წვავს, ის კი უსხეულო სულთაც. აქაური ცეცხლი საწვავის გარეშე ქვრება, გეჰენიისა კი არასოდეს, როგორც ამას თვით უფალი იესუ მოწმობს: "ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი" (მარკოზი 9:44). აქაური ცეცხლი, როცა იწვის, ანათებს, ხოლო იმქვეყნიური, ჯოჯოხეთური ცეცხლი როდესაც იწვის, მხოლოდ წვავს და იოტისოდენადაც არ ანათებს ჯოჯოხეთის უკუნს; და ოდნავადაც რომ გაენათებინა, ისიც კი უფრო მეტ შიშსა და ძრწოლას მოჰგვრიდა ჯოჯოხეთში შთაყრილთ, - რადან დემონთა საშინელი სახის ხილვა, ყოველგვარ სატანჯველზე უსაშინელესია; საშინელი იქნებოდა ასევე, სხვა ტანჯულთა სახეების ხილვა, რომლებმაც თავიანთი ცოდვებით განარისხეს უფალი.

აქაური ცეცხლი, მასში ჩაგდებულ ადამიანს რომ მოედება, იმწუთასვე მოაკვდინებს, ერთ საათში დაწვავს და ფერფლად აქცევს, გეჰენიის ცეცხლი კი წვავს და არ კლავს - ცოდვილები, რომლებიც გეჰენიაში იქნებიან შთაგდებულნი, არ მოკვდებიან, დაიწვიან და მარადის დაიტანჯებიან. და თუკი ერთი საათი ამქვეყნიური ცეცხლისა საშინლად მტკივნეული და აუტანელია, გულისხმავყოთ, ძმანო, რამდენად აუტანელი და საშინელი უნდა იყოს მათი წამება, რომლებიც ცეცხლში დაინთქმიან და არ დაიწვიან, არამედ ამგვარ მდგომარეობაში იქნებიან უსასრულოდ.

გულწრფელად რომ გვწამდეს უფლის სიტყვებისა, რომელიც ამბობს: "თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში" (მათე 18:9); ან დროზე ადრე გვეძლეოდეს იმისი შესაძლებლობა ვიხილოთ, რა გველოდება გარდაცვალების შემდეგ და ცოდვილი ცხოვრების უკანასკნელ წუთებში, ცხადია, როგორც ერთი წმიდა მამა ამბობდა, მთელი საუკუნე სიამოვნებით ჩავჯდებოდით მატლებით აღსავსე სენაკში და მათ დავახრევინებით საკუთარ სხეულს.

რამდენად აუწერელია და გამოუთქმელი ამ უფსკრულში ყოფნა კარგად არის ნაჩვენები ერთი განრღვეულის მაგალითზე, რომელმაც, უძლურებისა და სნეულების სიმძიმით შეწუხებულმა უფალს სიკვდილი და ამ აუტანელი სატანჯველის შეწყვეტა სთხოვა. მაშინ გამოეცხადა მას ანგელოზი და უთხრა:

- კეთილი, უფალმა, როგორც გამოუთქმელმა სახიერებამ, შეისმინა შენი ლოცვა; ის შეწყვეტს შენს დროებით ცხოვრებას, ოღონდ ერთი პირობით: დედამიწაზე ტანჯვის ერთი წლის ნაცვლად, რომლითაც ყოველი კაცი, ვითარც ოქრო ცეცხლში, გამოიწრთობა, სამი საათი უნდა დაჰყო სამარადიოს სატანჯველის ადგილას. შენი ცოდვები განწმენდას საჭიროებენ შენივ სხეულის ტანჯვით; ამიტომაც, კიდევ ერთი წელიწადი უნდა ყოფილიყავ სნეულებაში და შემდეგ გაგიყვანდა ღმერთი ამ ქვეყნიდან. რადგან, როგორც შენთვის, ასევე ყოველი მორწმუნისთვის არ არის სხვა გზა ზეცისკენ, თუ არა საკუთარი ჯვრის ზიდვისა, რომელიც უცოდველმა ღმერთკაცმა გაკვალა. მოგწყინდა ეს გზა დედამიწაზე; მაშ, განიცადე რას ნიშნავს სამარადისო ტანჯვა ჯოჯოხეთში, საითკენაც მიდიან ყოველნი ცოდვილნი; თუმცა, განიცადე ის მხოლოდ სამი საატი; შემდეგ კი, ეკლესიის ლოცვით, ისევ უკან აღმოგიყვან.

სნეული დაფიქრდა. "კიდევ ერთი წელიწადი უნდა ვიტანჯო, - რამდენად აუტანელია ეს ვადა! უკეთესია სამი საათი დავითმინო ჯოჯოხეთში, ამ უსასრულო სატანჯველში, ვიდრე კიდევ ერთი წელიწადი ვიტანჯო აქ, ამქვეყნად.

- თანახმა ვარ, წამიყვანე ჯოჯოხეთში, - უთხრა მან ანგელოზს და ანგელოზმაც მშვიდად მიიბარა მისი ტანჯული სული და ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩაიყვანა. განეშორა კი სნეულს სანუგეშო სიტყვებით და უთხრა:

- სამი საათის შემდეგ დავბრუნდები შენს წასაყვანად.

ყველგან გაბატონებულმა უკუნმა სიბნელემ, სივიწროვემ, ტანჯულ ცოდვილთა უცნაურმა და შემაძრწუნებელმა ხმებმა, საიდანღაც რომ აღწევდნენ, დაცემულ ანგელოზთა მყოფობამ ამ უკუნეთსა და ჯოჯოხეთის უსახურებაში ისეთ შიშად და ძრწოლად გადაექცა საწყალ ტანჯულს, რომ ჯოჯოხეთში ყოფნა უკვე პირველივე წუთებიდანვე გაუსაძლისი გახდა. იყო ასე ჯოჯოხეთის ამ უკიდეგანო ბნელში და ყოველი მხრიდან მხოლოდ ტანჯვისა და გოდების ხმა ესმოდა და არსაიდან ხმა შვებისა და სიხარულისა. მხოლოდ დემონთა ცეცხლოვანი თვალები თუ გაიელვებდნენ უკუნით სიბნელეში, და ჩაუქროლებდნენ გიგანტური აჩრდილები, რომლებიც მზად იყვნენ გაეჭყლიტად, შეესანსლათ და თავიანთი მწველი სუნთქვით დაეწვათ მოსაგრე.

ათრთოლდა და აყვირდა საწყალი ტანჯული; მაგრამ მისი ყვირილი და გოდება მხოლოდ ჯოჯოხეთის უფრსკრულს თუ ესმოდა, სადაც შემაძრწუნებელ ექოდ უბრუნდებოდა ქვესკნელიდან, საიდანაც გეჰენიის ცეცხლის ბუყბუყიღა თუ ისმოდა. ტანჯულს ეჩვენებოდა რომ უკვე მთელი საუკუნე გავიდა და წუთი წუთზე ელოდა ნათელ ანგელოზს, რომელსაც მისი სული უნდა ამოეყვნა, მაგრამ ანგელოზი არა და არ მოდიოდა. ბოლოს, ტანჯულს იმედი გადაეწურა, კბილები გააღრჭიალა და დაიგმინა: თუმცა, მისი ოხვრა და გმინვა არავის ესმოდა. ყველა ცოდვილი, რომელიც გეჰენიის უკუნში იყო ჩაგდებული თავისთვის გმინავდა, ყველას საკუთარი თავი ადარდებდა და საკუთარი ტკივილი აწუხებდა, ხოლო საშინელნი ეშმაკნი ბოროტი სიხარულით ამასხარავებდნენ მათ.

და აჰა, როგორც იქნა ანგელოზური დიდების მხიარული ნათელი გამოკრთა უკუნ სიბნელეში. სამოთხისეული ღიმილით მიეახლა ანგელოზი ამ ტანჯულ ადამიანს და ჰკითხა:

- როგორია ძმაო, ჯოჯოხეთში ყოფნა?

- რას ვიფიქრებდი, რომ ანგელოზის პირიც ტყუილს იკადრებდა, - ძლივს ამოღერღა, ჯოჯოხეთური ტანჯვით გათანგულმა კაცმა.

- და, რა ხდება? - შეეპასუხა ანგელოზი.

- როგორ თუ რა ხდება? - თქვა ტანჯულმა. - შენ ხომ შემპირდი, რომ სამი საათის შემდეგ ამომიყვანდი აქედან, და რა, სამი საათია რაც აქ ვარ თუ, წლები და საუკუნეები გავიდა ჩემი აქ ყოფნიდან?

- მომიტევე ადამიანო, რომელ წლებზე და საუკუნეებზეა ლაპარაკი? - მშვიდი ღიმილით მიუგო ანგელოზმა. - ერთი საათი, მხოლოდ ერთი საათიღა გავიდა რაც დაგტოვე და კიდევ ორი საათიღა დაგრჩა აქ გასატარებლად.

- როგორ თუ ორი საათი? - ჰკითხა შეშინებულმა ტანჯულმა. - კიდევ ორი საათი? და შენ ამბობ, რომ ჯერაც მხოლოდ ერთი საათი გავიდა? არა, გეთაყვა! ამის ატანა არ შემიძლია; ძალა არ მაქვს. თუ შეიძლება, თუ არის ნება ღმრთისა, გვედრებ ჩემო მფარველო ანგელოზო, წამიყვანე აქედან. მირჩევნია დედამიწაზე უკანასკნელ დღემდე ვიტანჯო წლები და საუკუნეები და თვით ქრისტეს მეორედ მოსვლამდე ვეგდო მიწაზე, ოღონდ ამომიყვანე აქედან. აუტანელია ჯოჯოხეთში ყოფნა! ოჰ, ანგელოზო, შემიწყალე მე, - ოხვრით აღმოთქვა ტანჯულმა და ხელი უფლის ნათელ ანგელოზს გაუშვირა.

- ღმერთი, როგორც მწყალობელი მამა და ნუგეში ყოველთა ტანჯულთა, მოგივლენს თავის მადლსა და წყალობას, მაგრამ შენ უნდა იცოდე და გახსოვდეს, რამდენად მტანჯველი, სასტიკი და აუტანელია ჯოჯოხეთში ყოფნა (ციტ. Иеромонах Сергий (Веснин). Святогорец. Письма к друзьям о святой горе Афонской. М., 2002. Письмо 15. С.163-164).


2. დაუშრეტელი ცეცხლი და დაუძინებელი მატლი

შესაძლოა ვინმემ იკითხოს: საიდან აღმოცენდება გეჰენიის ასეთი ცეცხლი ცოდვილთა სატანჯველად? გეჰენიისა და ცეცხლის ტბის ხელახლა შექმნის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს: ცოდვილები თვითონ წარმოქმნიან გეჰენას თავიანთი ცოდვით და ცეცხლის ტბაც და გეჰენაც, როგორც თესლი მცენარეში, - ადამიანთა ცოდვებში მდებარეობს.

შევხედოთ სახეში ჩვენს მტერს (ანუ ცოდვას) და შევამჩნევთ, რომ მას მთლიანად ცეცხლოვანი თვისება გააჩნია, მის ყოველგვარ გამოვლინებას კი აქვე ახლავს ჯოჯოხეთური ცეცხლი. რადგან, რასაც გინდა შეეხოს ცოდვის ძალა, ყოველივეს წვავს და ტანჯავს.

ვნებათა არსს ყურადღებას თუ მივაპყრობთ, აღმოჩნდება, რომ ყველა მათგანი ცეცხლოვანი თვისებისაა. ჩვენ უნებლიედ წამოგვცდება ხოლმე სიტყვები: ვნებათა ცეცხლი, პატივმოყვარეობის ცეცხლი და ა. შ. ეს ცეცხლი მრავალგვარი საკვრელებით არის დაკავშირებული ჩვენთან და ამიტომაც შეუმჩნეველია. ვნახოთ როგორ მოქმედებს ის შინაგან ადამიანზე, როგორ ბობოქრობს, როგორ აწითლებს სახეს და ადუღებს სისხლს, როდესაც კაცი ძლიერ მრისხანებას განიცდის! ამ დროს ცეცხლი ისეთი გააფთრებული და ძლიერია, რომ ზოგს მისი გადატანა არც კი ძალუძს, რაც ხშირად ხდება უეცარი სიკვდილის მიზეზი.

სხვა ვნებათა ცეცხლი ნაკლებად მძაფრია, თუმცა დროთა განმავლობაში მაინც მსჭვალავს ადამიანს და ხრწნის მის მთელს შემადგენლობას. და ეს საკმაოდ შესამჩნევია, მაგალითად, გემოთმოყვარე, შურიან ან ძუნწ ადამიანში. ჩვენი სხეულის შინაგანი შედგენილობა, რომელსაც განსაკუთრებულად ემუქრება ჯოჯოხეთის მომავალი სატანჯველი, არა მარტო ცეცხლის აღტყინების უნარს შეიცავს, არამედ ცეცხლის დაუშრეტელ მარაგსაც. ავადმყოფობის დროს ჩვენი სხეულის ცეცხლთან ეს საიდუმლო კავშირი კიდევ უფრო მკაფიოდ შეიმჩნევა. რადგან რომელი სნეულება არ იჩენს თავს სხეულის ტემპერატურის აწევითა და სიცხით? ზოგიერთი სნეულება აშკარად დაუთმენელი ცეცხლით ტანჯავს მთელს სხეულს ან მის რომელიმე ნაწილს.

მიაქცევს რა ცოდვა ცოდვილებს ანთებულ და დაუცხრომელ არსებებად, მათგანვე წამოშობს ცეცლოვან სამყაროს, ანუ, როგორც წმ. წერილი ბრძანებს, ცეცხლის გეჰენას, რათა როგორი ბინადრებიც არიან, ადგილსამყოფელიც მათი შესატყვისი იყოს. ვიკითხოთ: არის კი საჭირო, რათა ყოვლისშემძლე ღმერთი თვითონ ქმნიდეს ამ ჯოჯოხეთურ უფსკრულს? ცხადია, არა! რადგან, ის თვითონ აღმოცენდება ცოდვისგან. როგორ? უეჭველია, რომ ადამიანი თავისი უკეთურებებით აფუჭებს და ცოდვის შხამით წამლავს არა მარტო საკუთარ სხეულს, არამედ ყველა იმ საგანს, რომელთაც ბოროტად იყენებს და მის გარემომცველ სტიქიებსაც კი.

უმეტესწილად შეუმჩნეველია ეს გაფუჭება, მაგრამ ზოგჯერ იმდენად შესაგძნობია, რომ ჰაერსაც კი წამლავს, რომლითაც ცოდვილი სუნთქავს და მრავალ საყოველთაო და გადამდებ სნეულებებსაც კი აღმოაცენებს. ახლა წარმოვიდგინოთ სტიქიათა გახრწნა, რომელშიც ყველა ადამიანის ცოდვაა დამნაშავე; მივამატოთ მას შხამი და ხრწნილება, რომლითაც სწამლავენ გარემომცველ ბუნებას განდრეკილი სულები და ყოველივე ამის შემდეგ წარმოვიდგინოთ, რომ სამყაროს უკანასკნელ დღეს, როდესაც დადგება საუკუნო სამსჯავრო და ყოველივე განახლდება, ცოდვათაგან გახრწნილი, გაფუჭებული და მოწამლული ნაწილი ბუნებისა ჩამოსცილდება ღმრთის მიერ განახლებულ წმიდა და ნათელ სამყაროს - როგორი სანაგვე დარჩება შხამისა და ხრწნილებისა! როგორი ოკეანე ცეცხლისა და გეჰენიისა! აი ის სტიქიები, რომლებშიც დამკვიდრდებიან უარყოფილთა და ცოდვილთა სულები!

ასე განსაკუთრებით იმიტომ განვიხილავთ ამ საკითს, რომ გვსურს განვამტკიცოთ რწმენა და გამოვაცალოთ საყრდენი ურწმუნოებსა და ფილოსოფოსებს, რომელთა მტკიცებითაც ღმრთის სიტყვა თითქოსდა ჩვენს მომავალ მდგომარეობსათან დაკავშირებით მხოლოდ ადამიანის ცნობიერებისთვის მიუწვდომელ საიდუმლოებებს გვთავაზობს. ჩვენ გვსურს უკუვაგდოთ პირქუში და ცრუ აზრი, თითქოსდა შემოქმედი თვითონ დატანჯავს თავის ქმნილებას საკუთარი ყოვლისშემძლეობით. მარადიული სიყვარული არ ტანჯავს და არც შეუძლია ვინმე ტანჯოს! მხოლოდ ცოდვა ტანჯავს, აწამებს და წვავს, როგორც აქ დედამიწაზე, ასევე იქ, ჯოჯოხეთშიც. ღმერთს არ შეუქმნია არც სიკვდილი, არც ჯოჯოხეთი: მისი "შემოქმედი" არის ცოდვა (Иннокентий (Борисов), архиеп. Херсонский. Великий пост. Слово о грехе и его последствиях. Минск, 2001. С.275).

ქრისტეანული ეკლესიის ძველი მწერლები და მოძღვრები (მაგ. ტერტულიანე, მინუციუს ფელიქსი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. ბასილი დიდი და სხვები) ასწავლიან, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლს არაფერი ექნება საერთო ჩვენთვის ცნობილ მატერიალურ ცეცხლთან. ის ისე წვავს, რომ არაფერს ანადგურებს და არა მარტო ცოდვილთა სხეულებზე, არამედ სულებზეც და თვით დაცემულ ანგელოზებზეც კი იმოქმედებს. ეს ცეცხლი იქნება პირქუში, ბნელი და საიდუმლო. წმ. იოანე დამასკელი მარადიული ცეცხლის შესახებ ასე მსჯელობს: "ცოდვილები მარადიულ ცეცხლს მიეცემიან, მაგრამ არა ნივთიერს, ჩვენ რომ ვიცით, არამედ ისეთს, რომელიც მხოლოდ ერთმა ღმერთმა უწყის" (Прп. Иоанн Дамаскин. Точное изложение православной веры. СПб., 1894. Кн.4. Гл.27. С.270).

წმ. წერილი ჯოჯოხეთში ცოდვილთა ყოფნას მარადიული მატლით მათ ტანჯვასაც ადარებს, სადაც "ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი" (მარკ. 9:44). მაგრამ რას წარმოადგენს ეს დაუძინებელი "მატლი"? მეტაფორულად უნდა გავიგოთ ეს გამოთქმა თუ ბუკვალური აზრით? ეკლესიის ზოგიერთი მამა წმ. წერილის ამ ადგილს (ორიგენე, წმ. ამბროსი მედიოლანელი, ნეტ. იერონიმე სტრიდონელი და სხვები) გადატანითი მნიშვნელობით განმარტავდენენ და ასწავლიდნენ, რომ დაუშრეტელი და დაუძინებელი მატლი უპირატესად ადამიანის შინაგანი სინდისის ქენჯნას გულისხმობს.

ათონურ თქმულებებში ვპოულობთ გადმოცემას დაუძინებელი მატლის შესახებ: იყო ორი მეგობარი, რომლებიც ცხოვრობდნენ განცხრომითა და გარყვნილებით, და სახარებისეული მდიდრის მსგავსად, "ძოწეულს, ბისონსა და ბრწყინვალე სუფრებს" არ იკლებდნენ (შეად. ლკ. 16:19). ღმრთის სიტყვის ძალით, ერთ ერთი მეგობარი, რადგან საკუთარი სინდისის ხმას ვერ უძლებდა, დაფიქრდა თავის ცხოვრებაზე, შეინანა საკუთარი ცოდვები და გულწრფელად მონანულმა უფალს მისცა აღთქმა დაეტოვებინა ყოველივე ამსოფლიური და ბერად შედგა; მეორე კი პირიქით, იმის ნაცვლად რათა განეწმინდა თავისი გარყვნილი სული, სულ უფრო და უფრო სასტიკდებოდა, წარემატებოდა ბოროტებაში, დასცინოდა სახარებისეულ ჭშმარიტებებს და საბოლოოდ საშინელ ცოდვებში აღესრულა კიდეც.

დამწუხრებულმა ბერმა სთხოვა უფალს ემცნო მისთვის გარდაცვლილი მეგობრის იმქვეყნიური ხვედრი. დიდხანს და გულწრფელი რწმენით ევედრებოდა იგი უფალს ამის შესახებ და მის წმიდა ნებას მიანდობდა თავისი ვედრების აღსრულებას. ღმერთმა ისმინა ბერის თხოვნა და რამდენიმე დღის შემდეგ, ფაქიზ ძილში, მოუვლინა გარდაცვლილი მეგობარი. "როგორ ხარ, ძმაო, განისვენებ თუ არა ზეციურ სამყოფელში?" - ჰკითხა გახარებულმა ბერმა მეგობარს. "ვაი ჩემს თავს, - ამოიოხრა უბედურმა მიცვალებულმა, - დაუძინებელი მატლი მხრავს და მოსვენებას არ მაძლევს". "და რა მდგომარეობაა ეს?" - ჰკითხა ბერმა. "ეს არის აუტანელი ტანჯვა! - შესძახა მიცვალებუბლმა, - მაგრამ ვერაფერს იზამ: შეუძლებელია თავი აარიდო ღმრთის რისხვას. ახლა შედარებითი თავისუფლება მაქვს შენი წმიდა ლოცვების გამო, და თუ გნებავს, გიჩვენებ როგორია დაუძინებელი მატლი; მხოლოდ უნდა მითხრა, სრულიად და მთელი გრძნობით გინდა შეიგრძნო ეს სატანჯველი თუ ნაწილობრივ? თუმცა, სრულ შეგრძნებას შენ ვერ გადაიტან; ამიტომაც, მოდი, ზოგიერთი მისი ნაწილი იგრძენი და შეიმეცნე დაუძინებელი მატლის არსი".

ამ სიტყვების შემდეგ მიცვალებულმა მუხლებამდე ასწია თავისი სამოსი და საშინელებამ და სიმყრალემ ისე შეაძრწუნა მძინარე ბერი, რომ გაეღვიძა. მთელი ფეხი, რომელიც მას მეგობარმა აჩვენა, საშინელი მატლით იყო დაფარული, ჭრილობებიდან ისეთი სიმყრალე მოდიოდა, რომლის აღწერა არავის ძალუძს. ამ ჯოჯოხეთურმა სუნმა ისე მოიცვა ბერის სენაკი, რომ ძლივს გაასწრო ოთახიდან და კარიც კი არ ჰქონდა დაკეტილი, რომ ბილწი სუნი უკვე მთელს მონასტერს მოსდებოდა. ყველა კელია აივსო ამ სიმყრალით. შეშინებული ბერები კი ვერ ხვდებოდნენ ამის მიზეზს. ჯოჯოხეთური ჰაერი კიდევ დიდხანს იდგა ბერის კელიასა და მონასტერში. ძმობა იძულებული გახდა დაეტოვებინა მონასტერი და სხვა ადგილას ეპოვა თავშესაფარი; ხოლო გარდაცვლილის მეგობარმა ბერმა ვერასოდეს დააღწია თავი ამ სიმყრალეს, ვერანაირი არომატებით განაქარვა და ვერც ხელიდან ჩამოიბანა ჯოჯოხეთური სუნი, სუნი, რომელიც ერთხელ შეისუნთქა. აი, რას ნიშნავს დაუძინებელი მატლი".

დაუძინებელი მატლისგან მოყენებული ყველა ეს სატანჯველი მარადჟამ განახლებული ძალითა და მძვინვარებით შეუტევს ცოდვილთ, რომელთაც მოსვენება არ ექნებათ მომავალ, დაუსრულებელ ცხოვრებაში.

ღმრთის სიტყვა გვამცნებს თუ როგორი იქნება ცოდვილთა მდგომარეობა ჯოჯოხეთში (ლკ. 16:23-26). მაგრამ რა ჯოჯოხეთია ეს და რა უნდა ვიგულისხმოთ ამ სახელწოდებაში? წმიდა წერილი ჯოჯოხეთს "სულთა საპყრობილეს" უწოდებს (1 პეტრე 3:19). ასე რომ, ჯოჯოხეთი საპყრობილეა და თანაც ყველაზე შემაძრწუნებელი და საშინელი. ჯოჯოხეთის ამ ცეცხლში შთაცვივდებიან უბედური ცოდვილები, რომელთაც ყოველმხრივ შთანთქავს უნივთო და ძლიერ მწველი გეჰენური ცეცხლი. მათი ყოველი გრძნობა დაითანგება განსაკუთრებული ტანჯვით: მხედველობას დასტანჯავს უკუნი სიბნელე და კვამლი, რომელიც შეძრწუნებული იქნება იქ მყოფ ცოდვილთა და დემონთა გარემოცვით; სმენას - ოხვრა-კვნესისა და მოთქმა-გოდების აუტანელი ხმაური; ყნოსვას - ალმოდებულ სხეულთა აუტანელი სიმყრალე; გემოვნებას - ძლიერი წყურვილი და შიმშილი, როდესაც საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს და შეუძლებელია მიიღო თუნდაც ერთი წვეთი წყალი. ამიტომაც, ჯოჯოხეთის ეს უბედური ტუსაღბი, ცეცხლით მოცულნი და ენით აუწერელი სასჯელებით დატანჯულნი, ტირიან, გმინავენ, გოდებენ, სასოწარკვეთილნი არიან, მაგრამ ვერც მდგომარეობას შეიმსუბუქებენ და ვერც ნუგეშს ჰპოვებენ ვერასოდეს, რადგან ასეთია მათ მიერვე, საკუთარი ნებით არჩეული ხვედრი.

სწორედ შიშისა და საშინელების ამგვარ ადგილას დაიტანჯებიან ცოდვილთა სულები. ცნობიერებას ცოდვათა მოგონება და სინდისის ქენჯნა გააწამებს. ის, როგორც მატლი, მარადის დახრავს განკითხულს, გაახსენებს მას, როგორ და რისთვის წარიწყმიდა მან ნებაყოფლობით საკუთარი თავი. როგორი უღირსებითა და სისაძაგლით გაატარა ღმრთისგან ბოძებული სიცოცხლე. როგორც მიეცა წუთისოფლის სიამესა და დროსტარებას, ფუფუნებასა და ამაოებას და გალია მისთვის ბოძებული ამქვეყნიური ჟამი. რად მოეჩვენება მაშინ ადამიანს ყველა ეს სიამოვნება, როდესაც ათასობით და მილიონობით წლები გაივლის ჯოჯოხეთში?

დაუძინებელი და დაუშრეტელი მატლი ყოველ წამს გაახსენებს მას იმ დროს, რომელიც მისცა ღმერთმა გამოსწორებისთვის, საშუალებანი - ცხოვნებისთვის, მოყვასთა კეთილი მაგალითი და დაპირებანი, რომელსაც ის იძლეოდა და არ ასრულებდა; ამასთან ერთად, ცოდვილის სული იმასაც იხილავს, რომ უკვე აღარ არსებობს შესაძლებლობა თავი დააღწიოს წარწყმედას და სული იცხოვნოს. განკვეთილის ნება დაექვემდებარება მარადიულ შინაგან ბრძოლასა და წინააღმდეგობას: ადამიანს არასოდეს ექნება ის, რაც სურს და ყოველთვის ექნება ის, რასაც არ ინატრებდა ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი. გონება მიხვდება როგორ სიკეთეს მოაკლდა მისი ცოდვილი სული და რაოდენ უზარმაზარი და აუწერელი ბოროტება ყოფილა ის ცოდვილი ცხოვრება, რომლითაც უცხოვრია მისთვის ბოძებულ ამქვეყნიურ ჟამში და რითაც უგულებელუყვია მისთვის განკუთვნილი ცხოვნების ყოველი წამი.

ჯოჯოხეთურ ტანჯვას არ ექნება დასასრული. იქ სხვადასხვა სატანჯველებით იტანჯებიან და თანაც მარადის. გავლენ ათასი წლები, მილიონი საუკუნეები, სატანჯველნი კი განახლებული ძალითა და მრავალგვარობით შეუტევთ ცოდვილთ ჯოჯოხეთში. ანგელოზმა ცნობა რომ მიუტანოს ჯოჯოხეთში მყოფ ცოდვილის სულს, რომ გავა იმდენი მილიონი წელი, რამდენი წვეთიცაა ოკეანეში და ქვიშის რამდენი მარცვალიცაა დედამიწაზე და ღმერთი გაათავისუფლებს მას ჯოჯოხეთისგან, - უფრო მეტად გაიხარებდა ამ ცნობის შეტყობით, ვიდრე კაცი, რომელსაც უეცრად ამცნებენ, რომ დიდი სახელმწიფოს მეფედ არის დანიშნული. და ეს ჭეშმარიტებაა, რადგან ცოდვილი იტყოდა: მართალია, უთვალავი საუკუნე უნდა ველოდო ჩემს გამოხსნას, თუმცა საბოლოოდ მაინც ხომ შეწყდება ჩემი სატანჯველი. მაგრამ არა! რამდენი საუკუნეც უნდა გავიდეს, ჯოჯოხეთი თითქოსდა ყოველდღიურად თავიდან დაიწყება. ასეთია ჯოჯოხეთი! და ასეთია ჯოჯოხეთური სატანჯველი!


სინანულის დრო ამოიწურა

მაგრამ სად არის ჯოჯოხეთი ანუ გეენა? არ არსებობს კონკრეტული მითითება იმაზე თუ სად იმყოფება ჯოჯოხეთი. ეკლესიის მამებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ ამ საკითხზე. წმ. ბასილი დიდი და ათანასე ალექსანდრიელი, წმ. წერილის სიტყვების საფუძველზე (იხ. რიცხვ. 16:30-34; ეზეკ. 26:20; 31:18) ჯოჯოხეთს დედამიწის შიგნით ან მის განსაკუთრებულ სიღრმეში, ქვესკნელში მოიაზრებდნენ (Святитель Василий Великий. Творения. М., 1891. Ч. 2. Толкование на пророка Исайю. Кн. 5. С.179.; Святитель Афанасий Великий. Послание к Антиоху, ответ на вопрос 19// Христианское чтение. 1842. Т.2. С.224).

მაგრამ სხვები, მაგალითად, წმ. იოანე ოქროპირი, ფიქრობდნენ, რომ გეენა სამყაროს გარეთ იმყოფება. "როგორც სამეფო საპყრობილეები და მაღაროები, - მსჯელობს წმ. იოანე, - შორსაა ქალაქიდან; ასევე გეენაც სადღაც ამ სამყაროს გარეთ იქნება" (Святитель Иоанн Златоуст. Беседы на Послание к римлянам. М., 1994. Беседа 31. С.850.

მაგრამ ყველაზე უკეთესია გავიხსენოთ აქ იმავე ოქროპირის სიტყვები, რომელმაც ბრძანა: "შენ კითხულობ, სად და რომელ ადგილას იქნება გეენა? მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? ჩვენ მხოლოდ ის უნდა ვიცოდეთ, რომ ის არის, და არა ის, თუ სად იმალება. ამრიგად, ის კი არ ვეძებოთ ჯოჯოხეთი სად არის, არამედ იმას ვეცადოთ, როგორ დავაღწიოთ თავი გეენას" (იქვე, გვ. 850).

ეკლესიის მრავალი წმიდა მამა და მოძღვარი, განსაკუთრებით კი ღირ. ეფრემ ასურელი, წმ. ბასილი დიდი და წმ. იოანე ოქროპირი, - წმ. წერილის თანახმად გამოხატავდნენ ცოდვილთა მომავალ ტანჯვას.

ღირ. ეფრემ ასურელი ასე მსჯელობს იმ სატანჯველთა შესახებ, ცოდვილებს ამა სოფლიდან გასვლის შემდეგ რომ ელოდებათ: "როდესაც ცოდვილის სიცოცხლე თავის თავს ამოწურავს, მოევლინება მას მრისხანე ანგელოზი, რომელიც მოითხოვს მის სულს და იტყვის: "დასრულდა შენი მოგზაურობა ამ წუთისოფელში; მაშ წადი სხვა სამყაროში, შენს ადგილას" და ამის შემდეგ დატოვებს ცოდვილი ამ წუთისოფლის სიამეებს, რომელთა ტკბობაც დაუსრულებელი ეგონა და, მზაკვარი ანგელოზების გარემოცვაში, წავა ჯოჯოხეთში, რომლის დანახვისგან ათრთოლდება, სახეს ხელებით დაიფარავს, დაიწყებს ირგვლივ ყურებას და გაქცევას შეეცდება. მაგრამ შეუძლებელია გაქცევა, რადგან თანმხლებ დემონებს მისი სული მტკიცედ უპყრიათ.

მაშინ ეტყვიან მას შემპყრობი ანგელოზები: "რის გამო გეშინია, უბადრუკო? რა გაშფოთებს და გაწუხებს? რატომ ძრწი საცოდავო? განა თვითონ არ განიმზადე ეს ადგილი. მაშ, მოიმკე ის, რაც დათესე" (Преподобный Ефрем Сирин. Творения. Молдавская митрополия, 2002. Т.2. Об утверждении, что нет воскресения. С.88.)

და კიდევ: "სინანულის დრო გავიდა; აქ უკვე შურისგებაა; აქ მართალნი ხარობენ და ჯილდოვდებიან; ხოლო თქვენ, ცოდვილნო, მიეცემით ცეცხლის გეენას. მართალნი გაიბრწყინვებენ ვითარც ნათელნი ცათა სასუფეველში, თქვენ კი, ცოდვილებო, გარესკნელის უკუნ სიბნელეს მიეცემით. ამჯერად მართალნი ანგელოზებთან ერთად ხარობენ და ადიდებელ უფალს, ხოლო თქვენ, ცოდვილნო, იტირებთ ტანჯვასა და კბილების ღრჭიალში, და ინანებთ, რომ სინანულის დრო ასე გაფლანგეთ" (Преподобный Ефрем Сирин. Творения. Молдавская митрополия. 2002. Т.1. Поучение 39: О непослушных, о воскресении и о страхе Божием. С.424).

სხვა ადგილას ღირ. ეფრემ ასურელი ასე ბრძანებს მომავალ სატანჯველთა შესაახებ: "ვინც სცოდავდა დედამიწაზე და შეურაცხყოფდა უფალს, ფარავდა თავის საქმეებს და განცხრომას ეძლეოდა, უკუნ ბნელს მიეცემა, სადაც სინათლის სხივიც კი არ არის. ვინც თავის გულში მალავდა მზაკვარებას, გონებაში კი შურსა და ღვარძლს, დაფარავს მას უკუნი სიბნელე, გეენიის ცეცხლი და წუმწუბა. ვინც ამქვეყნად ეძლეოდა მრისხანებას და სიყვარულს თავის გულს არ აკარებდა იქამდეც კი, რომ სძულდა მოყვასი, უსასტიკეს დემონებს მიეცემა სატანჯველად" (Преподобный Ефрем Сирин. Творения. Молдавская митрополия, 2002. Т.1. О страхе Божием и о последнем Суде. С. 267).

წმიდა ბასილი დიდი ასე ასწავლის მომავალი სატანჯველის შესახებ: "ამქვეყნად სასტიკ და მძიმედ შემცოდე ადამიანს ჯოჯოხეთში მიეახლებიან პირქუში და საშინელი ანგელოზები, რომელთა პირისახე თავიანთი კაცთმოძულეობისა და სისასტიკის გამო, ღამეზე უშავესია, სუნთქვა მხურვალეა, მზერა კი ცეცხლის ალივითაა; შემდეგ ცოდვილნი შთავარდებიან გადაულახავ უფსკრულში, უღრმეს უკუნში, უნივთო ცეცხლში, რომელიც ბნელშიც ინარჩუნებს მწველ ძალას, მაგრამ ნათება არა აქვს; შემდეგ კი ადამიანს მარადის დაუკმაყოფილებელი და აუტანელი ტკივილის გამომწვევი, მომწამვლელი და მჭამელი მატლი მიესევა, რომელიც ხარბად შეუდგება მის ღრღნას; ხოლო ყველაზე უმძიმესი ყველა ტანჯვათა შორის მარადიული მხილება და შერცხვენაა" (Святитель Василий Великий. Творения. М., 1845. Ч.1. Беседа на псалом 33:12. С. 302).

სხვა ადგილას იგივე წმიდა მამა ამბობს: "როგორი იქნება ამ დაუსრულებელ და დაუთმენელ სატანჯველს მიცემული ადამიანის სხეულის მდგომარეობა იქ, სადაც არის დაუშრეტელი ცეცხლი, მარად მჭამელი მატლი, უკუნი სიბნელე და ჯოჯოხეთის საშინელი უფსკრული, სასტიკი ვაება, უჩვეულო და აუტანელი გმინვა, ტირილი და კბილთა ღრჭენა და როდესაც დასასრული არ ექნება ამგვარ მდგომარეობას?! ცოდვილთაგან ვერავინ გათავისუფლდება ამისგან სიკვდილის შემდეგ, არც რაიმე საშუალება არსებობს ამისგან გასათავისუფლებლად, არც შესაძლებლობა თავი დააღწიო საშინელ ტანჯვას" (Святитель Василий Великий. Творения. Троице-Сергиева Лавра, 1901. Т.6. Письмо к падшей деве. С. 11О).

და კიდევ ასეც წერს წმ. ბასილი დიდი: "ისინი, ვინც ბოროტებას იქმოდა ამ წუთისოფელში, აღსდგებიან მარადის შესარცხვენად, რათა იხილონ საკუთარი სიბილწე და უკეთურება, იხილონ როგორ აღბეჭდეს საკუთარი თავი ცოდვებით. და შესაძლოა, უკუნ სიბნელეზე და მარადიულ ცეცხლზე უარესი იყოს ის სირცხვილი, რომელთაც დაიმკვიდრებენ ცოდვილნი, რადგან თითქოსდა საღებავით აღბეჭდესო, მარადის თვალწინ ექნებათ ცოდვის კვალი, რომელიც ხორციელ ცხოვრებაში ჩაუდენიათ და მარადიულ კვალს დატოვებს მათ სულებზე" ([9] Святитель Василий Великий. Творения. М., 1845. Ч.4. Беседа на псалом 33:6. С. 293).

რამდენად საშინელი და აუტანელი იქნება ცოდვილთა მომავალი ხვედრი მსჯელობს წმ. იოანე ოქროპირიც: "როდესაც ცეცხლის შესახებ გესმის, არ იფიქრო, თითქოსდა იქაური ცეცხლი აქაურს ჰგავს: ეს, რასაც კი შეიპყრობს, წვავს და ფერფლავს, ხოლო ის, ერთხელ თუ მოიცვა ცოდვილის სული, ყოველთვის დაწვავს და არ შეჩერდება, ამიტომაც იწოდება იგი მარადიულ ცეცხლად. რადგან ცოდვილნიც უკვდავნი იქნებიან, თუმცა არა პატივის გამო, არამედ იმიტომ, რათა საიქიო ტანჯვის სამარადჟამო თანამგზავრად ექმნას ადამიანს; ხოლო რაოდენ საშინელია ეს წარმოდგენაც კი ძნელია და გონება ვერ მისწვდება ამას, თუ არა იმ მცირეოდენი უბედურებებიდან თუ შეიძლება მხოლოდ გულისხმისყოფა, თუ რა ელოდება იმქვეყნად ცოდვილ ადამიანს. ოდესმე აბანოში თუ მოხვდები, რომელიც ჯეროვანზე მეტად გახურებულია, წარმოიდგინე ცეცხლის გეენა და როდესაც გახურდები იქ ძლიერი ცეცხლით, გონებით ჯოჯოხეთში გადადი და დაახლოებით წარმოიდგენ ამ განსხვავებას. და თუკი აბანო და მისი სიმხურვალე ასე ტანჯავს კაცის სულს, რას უნდა გრძნობდეს ადამიანის ჯოჯოხეთში, თუკი მის ცეცხლოვან მდინარეში შთავარდება, რომელიც საშინელი სამსჯავროს დღეს აღტყინდება?"

და კიდევ: "როდესაც საიქიოში წავალთ, უდიდესი სინანულიც რომ გამოვიჩინოთ, უკვე ვერავითარ შვებას ვიგრძნობთ და ვერავითარ სარგებლობას ამგვარი სინანულისგან; და რამდენიც უნდა ვაღრჭიალოთ კბილები, რამდენიც უნდა ვიგოდოთ და ვილოცოთ, არავინ წვეთ წყალსაც კი არ მოგვაწვდის და ენის წვერსაც კი ვერ დაგვისველებს გეენის ცეცხლით მოცულთ, - პირიქით, მოვისმენთ იმას, რაც მდიდარმა ისმინა, როდესაც უთხრეს: "ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან - ჩვენსკენ" (ლუკა 16:26).

და იქნება იქ კბილთა ღრჭენა და აუტანელი ტანჯვა და ვერავინ შეგვეწევა. ხმამაღლა ვიგოდებთ, როდესაც ცეცხლი ძლიერ აღტყინდება, მაგრამ ვერავის ვნახავთ, ჩვენთან ერთად ტანჯულთა და უზარმაზარ, პირღია სიბნელის გარდა. ხოლო იმ საშინელებებზე აღარაფერს ვამბობ, უკუნითი ბნელი რომ მოაწევს ჩვენზე" (Святитель Иоанн Златоуст. Творения. СПб., 1898. Т.Кн.1. Слово 1 к Феодору падшему. С. 13-14)

Комментариев нет:

Отправить комментарий