ღმერთი

ღმერთი

пятница, 14 июня 2013 г.

პასუხი პროტესტანტებს.

მიხაკო წერეთელი .

პასუხი სოციალ დემოკრატებს

I

როგორც მოსალოდნელი იყო, ბ.ბ. სოციალ-დემოკრატები ძლიერ გაამწარა ანარქისტების მოვლინებამ, განსაკუთრებით ჩვენში. საკვირველიც არ არის, - ყოველი უაზრო და დოგმით ტვინ-გალაყებული ადამიანი ჭკუაზედ იშლება, როცა სხვას, მოწინააღმდეგე აზრის ადამიანს საზოგადო ასპარეზზედ გამოსულს და თავის აზრთა გამავრცელებელს ადამიანთა შორის ხედავს.

დიდი ხანი არ არის, რაც ანარქისტებმა ჩვენი აზრების გავრცელება დავიწყეთ. სოც-დემოკრატებმა ჯერ იკლიკანტური და უშნო ოხუნჯობა დაიწყეს თავიანთ გაზეთში, და სდუმდნენ, - არც ერთ პრინციპიალურ კითხვაში არ გამოგვეკამათნენ, მხოლოდ უკანასკნელად დაიწყო ბ-ნმა ლეომ პლეხანოვის კაი ხნის ნაცოხნის ცოხნა. მისთვის პასუხის მიცემა-პლეხანოვის წინააღმდეგ გათავბული პოლემიკის დაწყება იქნება, მაგრამ, რა გაეწყობა, - უნდა დავცალოთ ფიალა ტანჯვის, და უნდა გადავღეჭოთ თავის დროზედ ბ. ლეოს ათასჯერ გადაღეჭილი ერთი და იგივე ელემენტარული ცნებანი, თუ მისმა რკინის შუბლმა ისევ არ გამოსტყორცნა ცერცვივით, რასაც ზედ შეაყრიან.

ეხლა კი სხვა საგანზედ უნდა გავსცეთ პასუხი ბ-ნ სოც-დემოკრატებს, - ამ წერილში სწორედ ბ-ნ სოც-დემოკრატებს, შემდეგში მუშებს და მერე კიდევ მოსწავლე-ახალგაზრდობას. ეს შეიძლება იწყინონ როგორც ბ-ნ სოც-დ-ებმა, ისე მუშებმა, როგორ თუ, ეს ორი ცნება ერთი და იგივე არ არისო, მაგრამ რა ვქნათ, რომ არ არის, განა ჩვენი ბრალია, და რომ სოც-დ-ებს შეიძლება ეს ერთი და იგივე ეგონოთ, - განა მათი ინდაურობა ჩვენ დაგვბრალდება?

ბ.ბ. სოც-დ-ებო! ერთი მიპასუხეთ, რამ აგაღრიალათ ასე მწარედ? რა მოხდა, რამ მოგიწამლათ სულის სიმშვიდე? ერთი თქვენთაგანი, - სახელს არ აწერდა, - ჩვენ გიჟებს გვიძახოდა. უნდა შევნიშნო, რომ ეს ახალი მოვლენა არ არის; მაგ უაზრო ქმნილებას ალბად სადღაც გაუგონია, რომ ბურჟუებმა ანარქისტების წინააღმდეგ ერთი საშუალება იხმარეს; სიგიჟეს შესწამებენ ხოლმე და საგიჟეთში ამწყვდევდენ მათ, რომ სხვა საშუალება აღარა აქვთ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად.

ასე უქნეს პრენანს საფრანგეთში, ასევე უპირებდენ ლუიზა მიშელს, კომმუნის ამ საუკეთესო გმირს. ს-დ-ებმა, რასაკვირველია, როგორც ყოველისფერი, ესეც ბურჟუაზიისაგან გადაიღეს ანარქისტების წინააღმდეგ (სხვათა შორის „დანოსი“) და ჩვენი ქართველი ს.-დ.-ები რასაკვირველია ფეხის ხმას უნდა აყვნენ, სისულელეშიდაც უნდა განამტკიცონ „ინტერნაციონალური სოლიდარობა“, მაგრამ ერთი მაკვირვებს - სხვისგანაც ხომ არ გაუგონია სიტყვა „გიჟი“ „ლამპრის“ მართლაც და ლაფშ-მოხეულ წირპლიან პუბლიცისტს? მაგონდება, ერთხელ ფილიპე გოგიჩაიშვილმა დაუძახა „გიჟი“ ფ. მახარაძეს, ფ. მახარაძემ ფ. გოგიჩაიშვილიც გალანძღა და მასთან ერთათ ერთი ამ დროის „ივერიელიც“. ამ უკანასკნელმა კი ფ. გოგიჩაიშვილს წაჰხედა და ფ. მახარაძეს მანაც „გიჟი“ უწოდა, შემდეგ კი დასტოვა <<ივერია>> და „გიჟთან“, ფ. მახარაძესთან ეწევა ახლა ხალხის განათლებას! ეს ის ვაჟბატონი ხომ არ არის თვითონ, ეხლა რომ „გიჟი“ გვიწოდა, ან მისგან ხომ არ უსწავლია სიტყვა „გიჟი“ „ლამპრის“ შეუდარებელ პოლემისტს? პირველ შემთხვევაში მოვაგონებთ „ზნეობა ფაქიზ ქვეწარმავალს“ რომ არის ერთი ანდაზა, რომელიც მან ძლიერ კარგათ იცის: Le chien revients á son vaumissement, მეორე შემთხვევაში კი ქართული ანდაზაც ეყოფა, -წამხედურამ წაიხედა და ... მაგრამ მიუხედავად თქვენ მიერ „გიჟის“ წოდებისა და მშვენიერი ლექსისაც, კი მართალი მოგახსენოთ, მართლა ფიქრს ეძლევა კაცი, - ხომ არ გაგიჟებულხართ, ბ.ბ. მეცნიერნო ს.დ-იისავ!

თქვენ რომ ყოველთვის იეზუიტები იყავით და თქვენთან წმინდა კამათი და ლაპარაკი არ შეიძლებოდა, - ეს კაი ხანია ვიცოდი. თქვენ რომ ყოველთვის ფანატიკოსები და არავითარი საშუალების დამზოგველები არ იყავით მოწინააღმდეგის მოსასპობად, როგორც კათოლიკები, - ესეც ძლიერ კარგათ ვიცოდი და ვიცი ეხლაც. თქვენი ისტორია ევროპაში რომ სამარცხვინოა, განსაკუთრებით ინტერნაციონალში 1872 წლამდე და შემდეგ კიდევ ხომ უარესი, - ეს მგონია თქვენც კარგათ იცით, რომ სინდისი გქონოდესთ სიმართლის აღიარებისა. თქვენ წინააღმდეგ რომ მთელი ქვეყნის პროლეტარიატი ეხლა ამხედრებული და კრეტინებს გიწოდებენ თქვენი მემარხენენიც კი - ესეც ხომ კარგად მოგეხსენებათ. თქვენი კონგრესსები რომ საზიზღარი სცენების მოწამენი იყვნენ ხოლმე, განსაკუთრებით 1893 წლიდამ, - ამაზედ ჰკითხეთ ბებელს და პლეხანოვს ერთ მხრით, და დომელა ნიევენჰაისს და ჩიპრიანის მეორეს მხრით; ეს უკანასკნელი ისე გააბრაზა თქვენმა საქციელმა, რომ მთელი ქვაბი დინამიტით უნდოდა აეფეთქებინა ციურიხის კონგრესსი, თუმცა იგი უფრო ს.დ-ია, ვიდრე ანარქისტი.

თქვენ რომ საქართველოში საზიზღრობა ჩაიდინეთ, და რაც ჩვენ გითხარით ძარცვისა, ყვლეფისა, ფანატიზმისა და ინკვიზიციის ამბები, თქვენ მიერ ჩადენილნი, - ესეც ხომ ჩვენზედ უფრო კარგად მოგეხსენებათ. შეიძლება თქვენი ჟულიკობის ისტორია მერე დაიწეროს საქართველოში, და მაშინდელისთვის ამზადებთ პასუხს, რატომ არ მოიყვანეთ არც ერთი წინააღმდეგი საბუთი „მუშისა“ და „ნობათის“ წინააღმდეგ? რას იტყვით გმირებო? ჩვენ რომ პირველად აქ დავიწყეთ მოქმედება და თქვენ ხალხში იმას გვიყვიროდით, - ანარქისტებს დედები შვილებს უნდა შერთონ და დები ძმებსო, იცოდით რა, რომ ეს უფრო აღაშფოთებდა ხალხის გულ-უბრყვნელ ზნეობას, - ესეც ხომ ფაქტია; პირადად მე გავხდი ამისთანა ცილისწამების მსხვერპლი. თქვენ რომ მიტინგებზედ არავის არ ალაპარაკებდით - ხალხი ჩვენიაო, თანაც იეზუიტურად იღრიჭებოდით - რა ვქნათ, ხალხს არა სურსო, - ესეც ხომ ფაქტია? თქვენ ბოიკოტი გამოაცხადებინეთ ხალხს ერთგან, ერთ საქმეში, (ამისი პირადი მოწამეცა ვარ), რომელიც საქვეყნო იყო, - თქვენი ბინძური თავ-მოყვარეობით, - ესეც ხომ ტყუილი არ არის? თქვენ რომ ლიტერატურასა სწვავდით, კარგი ხანია მას აქეთ, - როგორც რუსეთში, - უწინაც და ეხლაც - ისე საქართველოში - გასაკუთრებით „ნობათსა“ და „მუშას“ (ძველ „ხმას“) რომ ახევდით ხელში დამტარებელ ბავშვებს და სცემდით, - ესეც ტყუილია? ყოველივე ამის შემდეგ, თქვენ რომ სინდისი გქონდეთ და მართლაც ინკვიზიტორები და იუზეტები არ იყოთ, სხვას წაუკითხავდით სახარებას თავზედ? (მე თქვენი ინკვზიტორობის საქმეებიც მსმენია, მოწმედ თქვენივე დეპუტატი შეიძლება რომ იყოს; თვითონვე გიამბობსთ, თუ გსურთ, “დუმიდამ“ რომ დაბრუნდება). რამდენი რამ უნდა ჩამოვთვალოთ, რომ თქვენთვითონვე არ იცოდეთ, მაგრამ ყველა ეს არ მაკვირვებს, ყოველივე ეს იაკობინური პარტიისაგან არ არის გასაკვირველი. სიტყვისა და ბეჭვდის თავისუფლების შეზღუდვა, რწმენისა და სინდისის მონოპოლია, განუსაზღვრელი ფანატიზმი, და იეზუიტიზმი, - ეს იაკობინელთა საქმე იყო ყოველთვის, მაგრამ ისეთი შეუბრალებელი კაცის კვლა, როგორც მაგალითად მიხაკო სანაძის მოკვლა ხონში, ხალხის ძარცვა-გლეჯა, ხარკის დადება ღარიბ-ღატაკებზედ და უმზგავსო დევნა სხვა რწმენის პარტიათა თქვენისთანა მართლაც ნერონისებური საშუალებით, - ეს უკვე იაკობინიზმს აღემატება. ჩემის ფიქრით, ამის მიზეზი ის არის, რომ თქვენ პატარა კრეტინები ხართ და სულით მდაბალი ქვე-ძმრომები დიდი რევოლუციის იაკობინელებთან შედარებით. ყოველ თქვენგანს თავი რობესპიერი ან სენ-ჟიუსტი ჰგონია, მაგრამ ისიც არ უნდა დაგავიწყდესთ, რომ თქვენ უნიჭო, უძლური და კრეტინი სენ-ჟიუსტები და რობესპიერები ხართ, რაიც შორს ვერ წაგიყვანსთ და სახელს ვერ მოგიხვეჭავსთ.

მაგრამ, მართალი მოგახსენოთ, ყოველივე ეს კი არ გამკვირვებია ასე ძლიერ. - თქვენი ჭირი ძველია, ცნობილია, მე პირადად ამ ჭირში ვბერდები. ყველაზედ მეტი თქვენი კრეტინობა იმაში გამოიხატა, რომ მუშებისაგან ხელ-წერილებსა ჰკრებთ და გვეუბნებით, „მუშას“ სახელი გამოუცვალეთ, ჩვენთვის ეს შეურაცყოფელიაო. ეს პირდაპირი კრეტინიზმია, რომ შიგ მართლაც ბინძური დემაგოგობა (თქვენი სიტყვა?) არ იმალებოდეს. ამის უფლება თვით თვითმპყრობელობასაც არა აქვს. მას შეუძლია დახუროს გაზეთი, ციმბირში გაგზავნოს, დაგახჩოს, მაგრამ გიბრძანოს - გაზეთი ამა თუ იმ სახელითათ გამოსცე, ან სახელი გამოუცვალო, ამისთანა ბრძანება თავის დღეში არ მოსვლია ფიქრადაც არც ერთ დესპოტსა და არც ერთ პოლიციის პრეფექტს! ამას მარტო სოციალ-დემოკრატები თუ იზამენ! მალე დაივლით, შეიძლება, არა სოც-დემოკრატების ოჯახებს და ვისაც მოუნათლავი ბავშვი ეყოლება, - უბრძანებთ არ დაარქვან ან ნოე ან ისიდორე, ან გიორგი, - და დარწმუნდით, ეს სიტუტუცე თქვენ მიერ უკვე ჩადენილზედ უფრო სასაცილო იქმნება. ასე რომ, ეს პროტესტი - პროტესტი კი არა, დარწმუნდით, სიტუტუცეა!

იმუქრებით ბ. სოც-დემოკრატებო? გვრწამს თქვენი მუქარა, მთელი ბურჟუაზია თქვენ მხარეზეა, კაცის მკვლელები (ლეკები???) ბევრი გყავსთ მოსყიდული და არა-მოსყიდული ფანატიკოსიც, „დანოსებიც“ გემარჯვებათ; რატომ არა, გამარჯვება თქვენი იქმნება! მაგრამ იცოდეთ, თქვენი არ გვეშინია! თვითმპყრობელობა, ჯარი, პოლიცია, ბურჟუაზია, - ყველა ეს ჩვენზედ უფრო ძლიერია, მაგრამ მათი არ გვეშინია. თქვენც მათ მიემატეთ ჩვენს წინააღმდეგ, - არაფერია; ისტორიაში ჩვენ წილად გვხვდა ტანჯვა და წამება ყველა მთავრობათაგან და იეზუიტთაგან, - თქვენ ხომ მათი გამონაკლისი არ იქმნებით. მაგრამ ესეც არის, რომ სხვა „პარტიების“ ცემას რომ სჩვევიხართ, - ისინი არ გეგონოთ! ჩვენს შესახებ სჯობია ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გადასჭრათ!

დასასრულ - მშვიდობით ბრძანდებოდეთ ბ. სოც-დ-ებო! თქვენში კიდევ მეგონა ადამიანობა, მაგრამ თურმე მსგავსიც არა ყოფილა-რა. მაგონდება ეხლა უფრო ნათლად ერთი დიდი წიგნი: „ინკვიზიციის ისტორია“ ჩარლზალისა. დიდი შთაბეჭდილება იქონია ჩემზედ, რომ შემაზიზღა საზოგადოთ რელიგია და მისი ორგანიზაციები ჩვენ წუმპით აღსავსე დედამიწაზედ. ეხლა სრულიად დავრწმუნდი, რომ თქვენსა და მათ შორის დიდი მსგავსება ყოფილა. ამის შემდეგ არ მსურს თქვენთან ლაპარაკი ლანძღვა გინებისა და სინდისიერების თემაზედ, რადგანაც პატიოსან ადამიანად არ იმაჩნია ს-დ-ს საშუალო ტიპი. მე უარვყოფ თქვენს ზნეობასა და პატიოსნებას, - ეს არის ეხლა ჩემი რწმენა, შეიძლება შემცდარიც, მაგრამ მაინც რწმენა, - და ამ შემთხვევაში ლაპარაკი თქვენთან ჩემის მხრივ უზნეობა იქნებოდა.

P.S. ერთი რჩევა: მიდით „Голосъ Кавказа“-ს რედაქციაში და უბძანეთ, - სახელი გამოუცვალონ, - რა ნება აქვს ერთი მუჭა ხულიგანს მთელი კავკასიის სახელით ილაპარაკოს?...

II

პასუხი მუშებს

მაპატიეთ, მუშებო, თუ თქვენ, ეგრეთ-წოდებულ ხელმძღვანელებს, ს-დ-ებს პატივის ცემით ვერ მოვეპყარი, ნუ ჩასთვლით თავს შეურაცყოფილად ჩემ მიერ, კაცს რომ მაგალითად მღვდელი, ეპისკოპოსი და მთელი საეკლესიო საავაზაკო ორგანიზაცია რომ არ უყვარდეს, რომელთაც აგრეთვე სჩვევია „ხელმძღვანელობა სამწყოსი“, - ეს იმას ნიშნავს რომ თვით ეს „სამწყსო“ არ უყვარს მას და შეურაცხყოფს - სრულიადაც არა. მე, მაგალითად ყველა ეგრეთ წოდებული „ხელმძღვანელები“ მეზიზღება, რადგანაც ვიცი მათი საქმეები, თუ რა ჩაუდენიათ მუშათა მიმართ მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში, - ვიცი ეს და მიტომაც არის ჩემი იდეალი: განთავისუფლდეს მუშა ყოველ ამგვარ ხელმძღვანელთაგან და თავისი შეგნებით, თავისივე ძალ-ღონით განთავისუფლდეს ყოველგვარ გაბერილ ხელმძღვანელთაგანაც და ყოველ სხვა ბატონთაგანაც. მე მართლაც მრწამს თვით მუშების დევიზი, - მუშათა განთავისუფლება უნდა მოხდეს თვით მუშათა მიერო, - და მიტომ არა ვსთვლი ნამდვილ სოციალისტად არც ერთ „სოციალისტურ“ პარტიას, რომელსაც მიზნად გაუხდია მუშათა „ხელმძღვანელობა, ე.ი. მათი ხელში ჩაგდება, მათი გაფანატიკოსება, მათ ზურგზედ თავისი დიდების აშენება და პირადი თავ-მოყვარეობის დაკმაყოფილება. იყო დრო, ევროპაში მაგალითად, როდესაც მღვდლები ჰპატრონობდნენ და ხელმძღვანელობდნენ მუშებს, - ეხლაც არის ბევრი მუშათა ოჯახები, რომლებიც მღვდლების გავლენას ემორჩილება, - და ეს „ღვთის მსახურნი“ ჩემთვის საზიზღარნი და მავნებელი ქმნილებანი არიან შემდეგ მათი ადგილი სოც.დემ-მა და სხვა «პოლიტიკურ პარტიებმა დაიკავა, ჩვენში კი მარტო სოც.დემ-სა ჰყავს შეპყრობილი ხალხი და კერძო საკუთრების უფლებასაც კი სჩემობს მასზედ, თითქოს მფლობელობით დაეტოებიოს იგი. ევროპაში თითქმის სულ განთავისუფლდა ხალლხი მათი კლანჭებიდგან, - გერმანიისა და ბელგიის გარდა, - ჩვენში კი ჩემთვის სასურველია, რომ განთავისუფლდეს! - ამაზე მოგდით გული, მუშებო? დარწმუნდით, - უსაფუძვლოა ეს გულის მოსვლა და წყრომა, თუ დაუფიქრდით.

თქვენ იწყინეთ, - ანარქისტებს უნდათ ჩვენს თვალში დაამცირონ სოციალ-დემოკრატია და თავისი სახელი უნდათ გაიყვანონ ხალხშიო. მაგრამ ეს უსაფუძვლო ბრალდებაა, რადგან ჩვენი სწავლაც და მოძღვრებაც შეძლებას არ გვაძლევს ამგვარს მიზანს ვემსხუროთ. ჩვენ უარსა ვყოფთ ყოველივე სახელმწიფოებრივ დაწესებულებას, რომელიც დამყარებული იქმნება საყოველთაო და ფარ. კენჭის ყრაზედაც კი მაშასადამე თქვენი კენჭების მოხარბე არა ვართ, ჩვენ არ გვინდა თქვენი არჩევნები, რომ შემდეგ ისევ ზურგზედ დაგაჯდეთ ჩვენი გამოცემული კანონებით და სარჩენად გაგიხდეთ. აბა თუ გახსოვთ როდისმე, რომ სადმე კენჭის ყუთი დაგვედგას, ან შეგხვეწებოდით, - ჩვენ, ანარქისტები ამოგვირჩიეთ მეთქი. ჩვენთვის არც ქალაქის საბჭოში სადეპუტატოთ მოგიციათ ხმა, არც პარლამენტებში, არც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში. ჩვენ არც გვითხოვნია არავითარი დიდება მუშა ხალხისათვის, არც ეხლა ვითხოვთ, და არც არასოდეს. თუ მათ უწოდებთ სოციალისტებს პარლამენტში გასვლით მუდამ იდგამდა თავისი პირადი ბედნიერების ტახტს ხალხის ზურგზედ, ან ხალხის კენჭებზე, ვინც ბურჟუებით გაავსო ყველგან რუსეთში და ჩვენში მთელი სოციალისტური პარტია? - ჩვენ კი სოციალიზმი სულ სხვანაირად გვესმის და თავის დღეში ადამიანი ვერ შემოგვწამებს ხალხის მოტყუებას, თუ არ უნდა მართლაც ცილის მწამებელ გველად გამოვიდეს და თავისივე ულოღიკობისა და უცოდინარობის ბოლოს და ბოლოს თვითონვე შერცხვეს. მაშ ამ მხრით ხომ არა გაქვსთ რა სამდურავი, მუშებო, ანარქისტებთან ამ მხრით მათ არ დაგიშავეს, რა მოგთხოვეს? ან შეიძლება ჩვენი სოციალიზმი არ მოგწონსთ თუ ეს ასეა, მაშინ კიდევ გაგიმეორებთ, თუ როგორია ჩვენი სოციალიზმი და იმედი მაქვს მოგეწონებათ.

ჩვენი სოციალიზმი ისეთია, როგორც იდეალად ჰქონდათ დასახული საერთა-შორისო მუშათა კავშირის წევრებს, - მუშებს: ყველა საწარმოვო იარაღები, - მიწა და სამრეწველო ქარხნები და ფაბრიკები მუშათა თავისუფალ კავშირთა ხელში იქმნება. ეს კავშირები შეეკვრიან ერთმანეთს ფედერატიულად და თავისუფლათ მოაწყობენ წარმოებას. აღარ იქნება აღარც მძარცველები და მგლეჯელები, აღარც სახელმწიფო, ე. ი. ჯარი, პოლიცია, მსაჯული, საპყრობილე და ჯალათი, - არამედ თავისუფალი, კომუნისტური წარმოება, თავისუფალი კავშირი მშვენივრად, მეცნიერულად აღზრდილ მწამოებელთა შორის, რომელთაც ძალდატანება და კისერში ცემა არ დასჭირდებათ, რომ ცხოვრების საერთო მიმდინარეობაში მიიღონ გონიერი მონაწილეობა. ეს არის ანარქია, და არა არევ-დარევა, როგორც გეუბნებიან მუდამ თქვენი, «პატიოსანი» და სხვისი აზრის «პატივის მცემელი» ხელმძღვანელი სოც.-დემოკრატები. მოიგონეთ გურიის მოძრაობა. იქ თვითეულ სოფელსა ქონდა თავისი პატარა თავისუფლება: აღარც პოლიციელი, აღარც მღვდელის ბატონობა, - აღარც მემამულისა, აღარც მსაჯულისა, - ყოველივე გაჰქრა. სახელმწიფო უარყოფილ იქმნა. წარმოიდგინეთ, რომ ამგვარად მოაწყეს საქმე ყველა სოფლებმა და მერე შეერთდნენ თავისუფლად. ვსთქვათ, რომ ქალაქებშიდაც იგივე მოახდინეს მუშებმა და ასე, ამგვარად მთელ ქვეყანას, ან მარტო ევროპას მოედო ამგვარი წესი ცხოვრებისა. თვითოეული თემი თავის წარმოების სახსართა მიხედვით თავისუფლად აწარმოებს და იმავე დროს შეკავშირებულია სხვა წარმოებელ თემებთან წარმოებითი კავშირით. მათ შორის მუდმივი დამოკიდებულებაა, მუდმივი ცვლა წარმოებისა, საწარმოო იარაღთა და აგრეთვე აზრთა; მათ შორის ძალ-დატანებითი არ არის რა, არამედ ბუნებრივი, თავისუფალი და მოთხოვნილებათა მიერ გამოწვეული ათასნაირი ურთი-ერთობანი. - აიღეთ ამგვარად მოწყობილი საზოგადოება და ეს არის ის, რასაც ჩვენ კომუნიზმს ვუწოდებთ.

- გურიაში ხომ აღარ იყო არც პოლიციელი, არც მსაჯული, არც საპყრობილე, და წამება ადამიანის, - შემდეგ, ზემოხსენებულ საზოგადოებაში სრულიად მოსპეს, ძირიანად ამოაგდეს ყველა დაწესებულებანი, რომელნიც გურულებმა უარ ჰყვეს, - და ესე იქმნება ანარქია, ე. ი. ის წესი ცხოვრებისა, როდესაც აღარც პოლიცია, აღარც ჯარი, მსაჯული, და ციხე აღარ იქმნება. ერთი სიტყვით, - ჩვენი სოციალიზმი - კომუნისტური და ანარქიულია, და ეს არის ჩვენი იდეალი. შეადარეთ იგი არა იმას, რაც სოც-დემოკრატების წიგნებში ამოიკითხავსთ (მათი კოლექტივიზმი), არამედ იმას რაც თქვენივე სურვილი, თქვენი იდეალი, - და სთქვით, - არა ხართ თქვენც ამ მხრით «ანარქისტები?» და თუ ხართ, რაღა სამდურავი გაქვთ ამ მხრით ჩვენგან?

ან იქნება ჩვენი ბრძოლის საშუალებანი არ მოგწონთ? ვნახოთ, როგორ იბრძვიან ს.დ-ები და როგორ იბრძვიან ანარქისტები. არ გეწყინოთ და გულახდილად გეტყვით, რუსეთში განსაკუთრებით საქართველოში, ხარკის დადება და უდანაშაულო კაცის კვლა რომ გამოვაკლოთ, ს.-დ-ები ანარქისტულად იბრძვიან! მაგრამ აქ არა გაგიკვირდესთ რა, ეს იმიტომ რომ რევოლიუციის ქარიშხალი ჰქროდა ჩვენში და რევოლუცია კი ძალა-უნებურად აანარქისტებს ხალხს. ესეთია რევოლუციის კანონი. საყოველთაო გაფიცვა, შეიარაღებული აჯანყება, ტერრორი, - ყველა ეს ის წესებია ბრძოლისა, რომელიც კაი ხანია დაჰგმო საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიამ, მათ ბურჟუაზიული წესები უწოდა ბრძოლას, და თან ისეთი იკლიკანტურობით, ისეთ ხელოვნურად, რომ სიტყვათა ზღვის ტალღებს გტყორცნიან, რომ გაბედო და, მაგალითად, კაუცკის უთხრა, - რევოლუციონერი არა ხარო. მაგრამ საქმე ხომ სიტყვებში არ არის, საქმე თვით შინაარსშია, და შინაარსით დღეს მთელი ევროპის ს.-დე-ია მხოლოდ უბრალო, მშვიდობიანი, კანონიერების თაყვანის–მცემელი დემოკრატიაა და სხვა არაფერი. თუ დღეს ევროპის ს.დ—ია რუსეთში რევოლიუციონურ მოქმედებას თანაუგრძნობს, თუ თვით რუსეთის ს.დ-ია რევოლიუციონერია დღეს, ამის მიზეზი, განვიმეორეთ, თვით რუსეთის დიდი რევოლუცია, და ეს კი ს.დ—იის კერძო შემონაქმედი არ არის, - იგი 1,50 0000, ხალხის ნაღვაწ-ნაშრომია! ავიღოთ, მაგალითად, საერთო გაფიცვა. - 1886-88 წლებამდე ამერიკაში მხოლოდ ანარქისტები ჰქადაგებდნენ მას. 1886 წელს საყოველთაო გაფიცვის დროს 8 ჩვენი ამხანაგი დაღუპეს: პირველი დიდი საყოველთაო გაფიცვა ანარქისტების სისხლით შეიღება, და როდესაც საყოველთაო განხორციელების აზრი პირველი მაისის დღესასწაულთან ერთად ევროპაში გადმოვიდა, ს.-ებმა პირველი დაგმეს, მერე კი მართლაც დღესასწაულად გადააქციეს. მას უკან მთელ ევროპაში ს.დ-ია წინააღმდეგი იყო საყოველთაო გაფიცვის და ისეთ სასაცილო არგუმენტებს აყენებდა მის წინაარმდეგ, რომ სასაცილოა მათი კრიტიკაც. შემდეგ როცა თვით მუშებმა მიიღეს ეს საშუალება ბრძოლისა და შეიმუშავეს, იგი რამოდენიჯერ სინჯეს და მოეწონათ, როდესაც მუშები შეერთდენ ამ აზრზედ და თავიანთი სინდიკატებიდან გამორეკეს ს.-დ.-ები, გახდენ რა ნამდვილ რევოლიუციონურ პარტიათ გარეშე სახელმწიფოისა, ბურჟუაზიისა და კანონიერებისა, - მაშინ აყაყანდნენ ს.-დ.-ები. ეხლა ცოტა, არ იყოს თან და თან უფრო იღებენ საყოველთაო გაფიცვის პრინციპს. ისინიAიძულებულნი არიან ესა ჰქმნან, რადგანაც მუშებს დაჰკარგავენ, და მუშები რომ დაჰკარგონ, - რაღა ეშველებათ ამდენ ადვოკატებს, უპრაქტიკო ექიმებსა და უნიჭო პედაგოგებს, ან მსხვილსა და წვრილ ბურჟუებს?.

ეჰ! ბევრია სალაპარაკო საყოველთაო გაფიცვაზედა და ს.-დ.-იაზედ. მაგრამ ეს შემდეგისთვის იყოს, ამ წერილში ჩვენ ვერ განვაგრძობთ დაწვრილებით ამ არა სასიამოვნო ისტორიას.

მაშ საერთო გაფიცვა, მუშათა ორგანიზაცია სახელმწიფოს გარეშე, სახელმწიფოსთან და ბურჟუაზიასთან ბრძოლა, - ეს ჩვენი პრინციპები, რომელიც ერთ დროს მთელ ინტერნაციონალის პრინციპები იყო და რომელთაც ს.-დ.-ები ჩამოშორდენ დღევანდლამდის, დღეს კი გარემოებათა ძალით მიიღეს რამოდენიმე მათგანი, - მაშ ეს პრინციპები მოგწონთ? თუ არა, - შეცდომაში ყოფილხართ და ჩვენი ვალიც ის არის შეცდომაზედ მიგითითოთ; თუ მოგწონსთ, - მაშ ეს არის ჩვენი, ანარქიული წესი ბრძოლისა, და ამ მხრითაც თქვენი საყვედურის ღირსნი არა ვართ.

შეიძლება ის გეჩვენებოდეთ არაჩვეულებრივად და საკვირველად, მუშებო, რომ ჩვენ ანარქისტებს «პროგრამმა მინიმუმი არა გვაქვს?». ყველა ეგრეთ წოდებულ სოციალისტურ პარტიებს ხომ ამით მოაქვთ თავი, ამითი ჰხატვენ თავიანთი, პოლიტიკის სიბრძნესა, და ანარქისტებს კი უტოპისტებად ჰნათლავენ, - ამ პროგრამმა მინმუმის უქონლობს გამო?

მაშ თუ ასეა, - ამაზედ მოვილაპარაკოთ და ვნახოთ, რა უპირატესობა აქვს პროგრამმა მინიმუმით აღჭურვილ «სოციალისტ»-ს «უტოპისტ» ანარქისტის წინაშე. შეიძლება უპირატესობის მაგიერ სხვა რამ აღმოვაჩინოთ ამ შედარებაში.

რა არის „პროგრამმა მინიმუმი?“ - სოც.-დ.-ებს და სხვა «მინიმალისტებს», რომ ჰკითხოთ, პროგრამმა მინიმუმი სწორედ მათი ჭკუის მაჩვენებელია როგორც მეცნიერთ, მათ ძლიერ კარგად ესმით მთელი სოციალური განვითარების დედა-აზრი, აგრეთვე განვლილი და გასავლელი გზა საზოგადოებისა მათ ნათლად, ცხადად აქვთ გათვალისწინებული და ამიტომაც მათ დანამდვილებით, თითქმის ანგარიშით იციან თუ რა მოხდება, ან რა უნდა მოხდეს თანამედროვე ისტორიულ მომენტში და ამ ცოდნის, ამ ანგარიშის შესაფერად იქცევიან, ამ სინამდვილეზედ ამყარებენ თავიანთ მოქმედებას. სხვა, ევროპიელნი გამამგონებელნი, რომ არ მოვიხსენიოთ პროგრამა მინიმუმისა (მაგალითად პოლ ბრუსსი საფრანგეთში) მოვიგონოთ თქვენი წინამძღოლი მარტოვი, თავისივე კომპანიით, რომელიც გულგრილად ამტკიცებენ რუსეთის რევოლუციის რამოდენიმე თვის წინად, რომ რუსეთში პროლეტარიატი ეხლა ისე განვითარდა, რომ შესაძლებელია ბურჟუაზიული რევოლუცია: რუსეთში პროლეტარიატმა ბურჟუაზიული რევოლუცია უნდა მოახდინოსო. აი ამ წინდაწინვე რევოლუციის ანგარიშზედ ამყარებენ ისინი თავიანთ პროგრამმა მინიმუმს: ჯერ ერთი რევოლუცია - დემოკრატიული რესპუბლიკის დასამყარებლად, პოლიტიკის თავისუფლებათა მოსაპოვებლად, შემდეგ მეორე რევოლიუცია, სოციალური რევოლუცია რომელსაც უნდა მოჰყვეს პროლეტარიატის განთავისუფლებაო. ორივე რევოლუცია პროლეტარებმა უნდა მოახდინონ, ერთი ბურჟუაზიისთვის, მეორე თავისთვისა და მთელი კაცობრიობისთვისო. და სწორედ ამისთვისა ვართ ასეთი მტერნი, დაუძინებელნი მტერნი ყოველივე პროგრამმა მინიმუმისა! როგორ! საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რომელიც მუშებმა და გლეხებმა მოახდინეს და ბურჟუაზიამ მხოლოდ ისარგებლა ამ რევოლიუციით და ისევ დააწვა ხალხს მძიმე ლოდივით მაშვრალ გულზედ, - განა ეს ჩვენთვის დიდი ისტორიული გაკვეთილი არ არის? მთელი ბურჟუაზია და მასთან ს.დ-ია გაიძახის, რომ დიდი რევოლიუცია საფრანგეთში ბურჟუაზიამ მოახდინაო. ეს ისტორიული სიცრუვეა, საფრანგეთში რომ 1886 წლიდან 1879 წლამდე გლეხებს არ ეწვათ და ებუგათ მემამულეებისა და მონასტრების მამულები. მუშები რომ ყოველ დიდ ქალაქებში არ აჯანყებულიყვნენ ხოლმე, - განა 1789 წ. დიდი რევოლიუციის ზღვა წაჰლეკავდა საფრანგეთის თვითმყრობელ მონარქიას? თავის დღეშიდაც არა! - 1789-1793 წლებამდე რომ ბურჟუაზიული რეაქციისგან ხალხს არ ეხსნა ხოლმე რევოლიუცია, განა იგი მოიგებდა იმ მცირე რამეს, რაც მოიგო? - ათასჯერ არა! და რომ ხალხს ბოლოს რევოლიუციონური ძალა და შემოქმედება არ გამოლეოდა ბურჟუაზიასთან, ბურჟუაზიულ პარტიებთან და მათ ათასგვარ სიცრუებთან ბრძოლაში განა იგი განიცდიდა იმდენ დამარცხებას. განა იგი ისევ ბურჟუაზიას ჩაუგდებდა ხელში ბატონობას, და რესპუბლიკის ფორმით, რომელიც მალე ნაპოლეონის იმპერიამ შთანთქა, ახალი სისტემის მონობას დაიმყარებდა, სადაც მუშებს შეკავშირების უფლებაც არ ქონდათ 1791 წლის კანონით, რომელიც გაიყვანა დამფუძნებელმა კრებამ? ათასჯერ და ათი ათასჯერ არა! - პირ იქით, - ყველა ეს დიდი მაგალითებია თანამედროვე რევოლიუციაში ერთმა მათგანმა გულ-მოსულად დაიყვირა ხელმწიფემ არაფერი არ მოგვცა! რას მიქვიან ტაშის ცემა! - და როგორი გულწრფელი სიმართლე წარმოსთქვა ამ უბრალო შრომის შვილმა; მისი უბრალო სიტყვა - დიდ ისტორიულ სიმართლეს ნიშნავდა, - რევოლიუცია ჯერ არ იყო გათავებული, იგი იმ წერტილამდის იყო მისული, რომელიც ბურჟუაზია შეასკუპდება ხალხის ზურგზე და ბურჟუაზიაც სცდილობდა შეეჩერებინა იგი, რაიცა მან დაამტკიცა შემდეგ მთელი თავისი ცინიკური და გაიძვერული ღალატით.

მოიგონეთ აგრეთვე პარიზის კომმუნა და ის როლი, რომელიც ბურჟუებმა ითამაშეს მის შინაგან ისტორიაში და მთავრობასთან დამოკიდებულობის ამბებში ამბებში, 40,000 მკვდარი მუშა, ბურჟუაზიის მსხვერპლი, (მაშინ უკვე რესპუბლიკა იყო გამოცხადებული) და გაიგებთ, თუ რა საშინელებაა დღეს, რუსეთში, რევოლუციის დროს, პროგრამმა მინიმუმების ჩმახვა სოციალისტების მხრივ. ყოველივე რევოლიუციას ხალხი ახდენს, არა მწარმოებლები კი სარგებლობენ მითი; ჯერ ხალხთან არიან, - მერე ღალატით ათი ათასობით ჰხოცავენ მუშებს. ჯერ ხალხს ჰგონია, რომ განთავისუფლდა მონობისგან, - ბრძოლის შემდეგ დაღლილი რომ გამოიფშვნეტს ხოლმე თვალებს, - გრძნობს, რომ რაღაც კიდევ დასწოლია თავზედ; იგი მძლავრად შეინძრევა ხოლმე და პირველად არც კი იცის, რაშია საქმე, რა არის ეს საშინელი ლოდი, რომელიც მან უკვე ვითომ გადმოიგდო და ეხლა კი ისევ აწევს საშინელი სიმძიმით; და იგი ცოტა ხნის დაკვირვების შემდეგ ხედავს, რომ მას ისევ მიპარვია სულთა-მხუთავი მონობისა და აღრჩობს. მაგრამ გვიანღაა, - კიდევ აღიმართა ტახტი მონობამ მის ზურგზედ და ვინ იცის როდის გამოიგდებს ამ ახალ აშენებულ მონობის ქვეყანას, თავისი შრომით მოხრილი ზურგიდამ!... ასე იყო ხოლმე ყოველი დიდი რევოლიუციის დროს, - მის მაგიერ რომ ვისარგებლოდ ჩვენ დიდ რევოლიუციაში წარსულ რევოლიუციათა ისტორიით, - ს.-დ-ები გვეუბნებიან, - არა, სწორედ განგებ უნდა მოიქცე ისე, როგორც შეცდომით მე XVIII საუკუნის ბოლოში მოიქცა საფრანგეთის ხალხიო: პროლეტარიატი, განათავისუფლა ბურჟუაზიამ, მოახდინა რევოლიუცია, ამას ამბობს მეცნიერება, საზოგადოებრივ მოვლენათა და ცხოვრების რკინის კანონი... მარტოვებისა და პლეხანოვების პირითო! ამას ჩვენ «პროგრამმა მინიმუმს ვუწოდებთ!»

მაგრამ მერე? ... მერე პროლეტარიატი ისევ მშიერი და გაძარცვული უნდა დარჩეს, მუდამ მებრძოლი და მუდამ დამარცხებული ბურჟუაზიის შეკავშირებული ძალის მიერ საუკუნეთა განმავლობაში; გლეხობა ისევ «შიმშილის ტიფმა» უნდა ამოსწყვიტოს, ბიუროკრატია ისევ უნდა ფარფაშობდეს; ომებმა ისევ ანადგურონ მილიონობით ხალხი და მილიარდობით მისი სიმდიდრე სადმე ჩინეთჩი ან ახლო ახლო საზღვარზედ; ერები ისევ ერთმანეთს უნდა გადაეკიდონ თუ ცენტრალისტური რესპუბლიკა დაარსდა, როგორც ეს სწადიათ ს.-დ-ებს; სახელმწიფო და კაპიტალიზმი ისევ უნდა სწამლავდენ რუსეთსა და მთელ კაცობრიობას!... მხოლოდ შეცვლილი სახელით, და «პოლიტიკური თავისუფლებით,» რასაკვირველია, ე.ი. ლაპარაკის, წერის, კავშირისა და სხვ. თავისუფლებით! - ეს არის, ეს უნდა იყოს რევოლუციის შედეგი? ამისთვის იხოცება ათასობით მუშა და გლეხი მთელი რუსეთის განუზომელ მინდვრებში და ქალაის ქუჩებში ყაზახების ტყვიით? ამისთვის «უფეშქაშებთ» ბურჟუაზიას მთელ რევოლიუციას? და რისთვის, რა კეთილი დაგაყარათ, რა ღვაწლი მიუძღვის მას თქვენს წინაშე? არა, მუშებო! პროგრამმა მინიმუმი თქვენ შეიძლება სხვა რამე გგონიათ, თორემ არა მგონია თქვენც ს.დ-ებივით გულუხვი იყოთ ბურჟუაზისათვის, რომ მას მთელი რევოლიუცია აჩუქოთ მხოლოდ იმასათვის, რომ შემდეგ ისევ გაძარცოსთ და გაწამოსთ, როგორც ამერიკისა, საფრანგეთისა და ინგლისის ბურჟუაზია ექცევა თავიანთ პროლეტარიატს – სადაც ჩვენებური ს.დ-ების პროგრამმა მინიმუმი განხორციელებულია უკვე.

რევოლიუციის დროს პროგრამმა მინიმუმის წამოყენება პირდაპირ უაზრობაა (რაიც ძლიერ გამოიჩინეს რევოლიუციაში რუსეთის ს.დ-მა პარტიამ) და მხოლოდ ს.დ.ის თავში თუ მომწიფდებოდა ეს მართლაც და ისტორიისაგან მომავალში დაუვიწყარი მაგალითი ადამიანის გონებრივი სიღატაკისა. პროგრამმა მინიმუმი მშვიდობიან დროს კიდევ წარმოსადგენია, როცა კანონიერი მოქმედებას ეწევა რომელიმე პარტია, მაგრამ რევოლიუციის წინ შემუშავება მინიმუმისა, რომ თვით რევოლიუციის ბრძოლაში იხელმძღვანელოს მითი ხალხმა, ან რევოლიუციის დროს მისი ქადაგება და განხორციელების ცდა, - ეს ის ისეთი აბსურდია, რომ მაზედ ლაპარაკიც არა ღირს, რომ ამასთანავე ისეთი დანაშაულიც არ იყოს, რომელიც საუკუნოდ მოსცხებს ჩირქს ყველა ჯიბის «მინიმალისტებს».

ვის შეუძლია რევოლიუციის წინ იანგარიშოს, თუ როგორი სიძლიერის, როგორი სიდიადისა იქმნება რევოლიუცია? ვის შეუძლია იანგარიშოს მისი მამოძრავებელი ძალები ამ ძალით მოძრაობა ისე, რომ შეიძლებოდეს წინასწარმეტყველება, რევოლიუცია ამა და ამ ადგილზედ გაჩერდება მისი ძალები და ამ ოდნობის იქმნება და მოწინააღმდეგე ძალები კი აგრეთვე განსაზღვრული ოდნობისაო? - ჯერ არ ყოფილა ქვეყანაზედ იმისთანა «სოციალური მათემატიკოსი» რომ ეს ეანგარიშოს, გარდა მარტოვებისა და პლეხანოვისა.

ვის შეუძლია აგრეთვე თვით რევოლიუციის დროს შეაჩეროს ის ათასნაირი უზარმაზარი ძალები, რომელიც ამოძრავდებიან ხოლმე თვალ გადაუწვდენელ საზოგადოებრივ ზღვაში, და დანიშნულ დროზედა სთქვას ისუს ნავინივით: შეჩერდი რევოლიუციავ? არავის, არც ერთ პარტიას, - გარდა რეაქციისა რომელიც სამკვდრო სასიცოცხლოდ იბრძვის და თუ გინდა გამარჯვებული გამოვიდეს ცალკე ბრძოლიდამ, მაინც თავის დღეში არ არის დარწმუნებული, რომ გამარჯვებული დარჩა სამუდამოდ. იგი მხოლოდ იბრძვის, და როდესაც სრულიად გვისრულდება ხოლმე ომი, მაშინ არი შესაძლებელი ნამდვილი შედეგების გათვალისწინება.

რევოლიუციის დროს მხოლოდ ერთი რამ არ უნდა ავიწყდებოდეს რევოლიუციონერ სოციალისტს: რომ ყოველივე პარტიის ხასიათი განისაზღვრება მითი თუ რომელ საზოგადოებრივ, ეკონომიურ დაწესებულებათ ებრძვის იგი, სოციალისტი კი წინააღმდეგი უნდა იყოს ყველა თანამედროვე ეკონომიურ და პოლიტიკურ მონობის დაწესებულებათა და ნამდვილი რევოლიუცია მართლაც ებრძვის მათ, რევოლიუცია უარ-ყოფაა სახელმწიფოსი და კერძო საკუთრებისა. მიწა გლეხს, ქარხანა მუშას, სრული თავისუფლება ყველას, აი რა არის ნამდვილი შინაარსი რევოლიუციისა და ვინც ამ ფარგალში მოქმედობს, ვინც სწორედ ამ მხრით ეხმარება მას, ის არის ნამდვილი რევოლიუციონერი, ვინც კი ჩამონაჭრებსა, 8 საათის სამუშაო დღეს, დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ამ გვარებს სჯერდება, ის რევოლიუციის შემაჩერებელი და მოწინააღმდეგე ძალაა, ის პროგრამმა მინიმუმის კაცია და პროლეტარიატის მრჩეველი, - ბურჟუაზიას რევოლიუცია აჩუქეს! ამ უკანასკნელი ჯურის კაცებია, მუშებო, თქვენ ხელმძღვანელი ს.დ-ები, - და ამიტომ ვართ ჩვენ დღეს მათი მოწინააღმდეგენი და მიტომ ვანებებთ ხოლმე ხშირათ საყვედურს.

მათ რომ ჰკითხოთ, სხვანაირად მოქმედება არ შეიძლება და უსარგებლოა, - მაგრამ ჩვენ არა ვართ მათი აზრის; ჩვენთვის არის რევოლიუცია ან არ არის. თუ არ არის, - ამზადე იგი, თუ არის განავითარე და გააფართოვე იგი, ებრძოლე ყველა თანამედროვე დაწესებულებათა და მოსპე იგინი, რამოდენაც შეგიძლია, რომ გზა გაუწმინდო კომმუნიზმსა და ანარქიას. მათი პროგრამმა მინიმუმის მაგივრად, ჩვენ „მაქსიმუმი“ გვაქვს ყველგან და ყოველთვის, პროგრამმა ნამდვილი შინაარსიანი ბრძოლისაა, რომელიც მთელი თანამედროვე მონობის დაქცევაში უნდა გამოიხატოს!

თქვენ წინამძღოლებს რომ ჰკითხოთ, - ისინი მიტომ გიქადაგებენ სოციალიზმის მაგივრად დემოკრატიზმს (პროგრამმა მინიმუმს), რომ დღეს შეუძლებელია განხორციელება სოციალიზმისა, - დღეს მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს დაარსება შესაძლებელიაო. სოციალიზმის განხორციელება კი შეგეძლებათ მაშინ, როდესაც სრული პოლიტიკური თავისუფლება გექმნებათ. იმიტომ უნდა შეაკლათ თავის, მათი აზრით, თვითმპყრობელობასა და ბატონ-ყმობის ნაშთებს, და ჯერ-ჯერობით ამოუდგეთ მხარში რევოლიუციონერ ბურჟუაზიას.

მაგრამ ჩვენის აზრით ეს დიდათ შემცდარი აზრია.

გვეუბნებიან, ხალხი არ არის ჯერ მომზადებული სოციალიზმისთვისაო. მაგრამ რა არის სოციალიზმი? - საწარმოო საშუალებათა საზოგადო მფლობელობა, თავისუფალ მშრომელთა მიერ მოწყობა წარმოებისა, ამხანაგურად და თავისუფლად, - ისე რომ აღარც პოლიციელი და მსაჯული, აღარც მღვდელი და მემამულე, აღარც კაპიტალისტი და სახელმწიფო აღარ გაწუხებდეთ.

დაუფიქრდით, - არა ხართ მომზადებული იმისთვის, რომ ამგვარად მოაწყოთ თქვენი საქმე? გადაავლეთ თვალი თანამედროვე უზარმაზარ წარმოებას, - სოფელში და ქალაქში, - თუ გიწევთ რამე დახმარებას, რომელიმე პატარა საქმეშიდაც ან „გოროდოვოი“, ან მღვდელი, ან მემამულე ან კაპიტალისტი, აბა იანგარიეთ? ვის მიერ არის ნაწარმოები ყოველივე სიმდიდრე, რომელითაც სავსეა მთელი ქვეყანა? თქვენგან და მხოლოდ თქვენგან, - და სწორედ თქვენა კვდებით შიმშილით, თქვენა გცივათ ზამთარში, თქვენ გაკლიათ განათლება და სწავლა, - მაშინ როდესაც მხოლოდ თქვენ ამზადებთ სასმელ-საჭმელს, ტანისამოსს, მაშინებს, თქვენ აშენებთ სახლებს და უნივერსიტეტებს, თქვენ აკეთებთ ყოველივე საჭირო საგანს, რომელიც აუცილებელია ცხოვრების ყოველივე დარგში მოსახმარებლად. ბურჟუა, მღვდელი, მემაულე, მსაჯული და შპიონი კი არაფერს არ აკეთებენ – და არც იციან არაფრის გაკეთება, - მათი ხელიდან ხალხის ძარცვა-გლეჯისა, ქურდობა-ავაზაკობისა და კაცის კვლის მეტი არა გამოდის რა. აბა თქვენვე სთქვით, - რა გახოვთ მათგან წამებისა და ძარცვის მეტი?

თქვენი წინამძღოლნი კი მიდიან და გეუბნებიან, - თუ ჯერ კიდევ რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში არა დარჩენ ყველა ესენი, თქვენი თავისუფლება არ შეიძლებაო!

არა, მუშებო! საბუთებით თქვენ უნდა მოსტყუვდეთ. საქმე იმაში კი არ არის, რომ თქვენ მზად არა ხართ, არამედ იმაშია, რომ თავის დღეშიც არც იქნებით და ვერც იქნებით მზად, ვერ იქმნებით თავისუფალი, სანამ არ განთავისუფლდებით ზემოხსენებულ მუქთა ხორათაგან, ის პოლიტიკური თავისუფლება, რომელსაც გპირდებიან დემოკრატიული რესპუბლიკით, სრული სიცრუეა, თუ ჯერ ეკონომიურად არ განთავისუფლდით და ეს ეკონომიური თავისუფლება არ დაუდევით საფუძვლად თქვენ პოლიტიკურ თავისუფლებას.

და ეს თქვენ შეგიძლიანთ რადგანაც მწარმოებელნი თქვენა ხართ, თქვენ იცით წარმოება, წარმოების ყველა საიდუმლოებანი, თქვენ და მხოლოდ თქვენ შეგიძლიანთ მისი მოწყობაც.

და ეხლა, ამ კარზედ მომდგარი რევოლიუციით უნდა ისარგებლოთ, რომ აღასრულოთ ეს დიდი საქმე, თუ გინდათ ნამდვილი თავისუფლების მოპოვება, თუ მართლა სოციალისტები ხართ და მიისწრაფვით ამ დიადი და წარმტაცი იდეალისაკენ.

აბა გაიყვანეთ ყველა ჩვენი გუბერნატორები, ღენერლები, მემამულეები, ადვოკატები და ბანკირები ყანაში, თუ მათ რამე გაეგებოდესთ ან ხვნა-თესვაში ან მკაში, ან ბაღისა და ვენახის გაშენებაში? აბა შეიყვანეთ ყველა ესენი და ყველა გაბერილი ბურჟუები სახელოსნოში, ქარხანაში და ფაბრიკაში, თუ უბრალო ვინტიც მოუნახონ მანქანას, ან ბორტი დაატრიალონ? აბა გასინჯეთ თუ მათ წარმოების ესმით რამე? - მაშ რად გინდათ მათი შენახვა, და შენახვა კიდევ არაფერი, - მათთვის მთელი რევოლიუციის მოხდენა და საჩუქრად მირთმევა, შემდეგ მათი რჩენა მთელი საუკუნოებით მხოლოდ იმიტომ რომ ისევ გაწამონ, ისევ გტანჯონ და გამოგტაცონ ხელიდან ნაწვავ-ნიადაგი, უკანასკნელი ლუკმა. - ის არის თქვენი მიზანი? - დაუკვირდით, - ამას გეუბნებათ თქვენი პროგრამმა მინიმუმი!

შეიძლება მიტომ გეუბნებიან, - დღეს ვერ მიაღწევ ნამდვილ თავისუფლებასაო, რომ ბრძოლა ძნელია, რომ მთელი ბურჟუაზია თქვენ, თქვენ წინააღმდეგ იქნება? - სწორედ აქ არ უნდა მოსტყუვდეთ. რევოლიუცია მხოლოდ თქვენი დაწყებულია, თქვენვე უნდა დაამთავროთ, - მასში ბურჟუაზიას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია და არც მიიღებს. მათი სიმხდალე ძლიერ კარგად არის ცნობილი - ბურჟუაზიამ მხოლოდ რევოლიუციით სარგებლობა იცის, სხვისი სისხლით ბატონობის მოხვეჭა - ვისა ჰხოცავდენ ქუჩებში, ვისი სახლ-კარი აიკლეს, ვისი ცოლ-შვილი ააწიოკეს და გააუპატიურეს, - ვინ იბრძოდა თავისუფლებისათვის? თქვენ თუ ბურჟუები? - თქვენ, მხოლოდ თქვენ იბრძოდით და შექმენით რევოლიუციის ზღვა, მხოლოდ თქვენი სისხლი დაიღვარა და ნამუსი შეილახა ვერაგ მტარვალთან, და რევოლიუციის შემდეგ მათი შენახვა – სამარცხვინო იქნებოდა მუშათა კლასისათვის, თვით რევოლიუციისათვის!

თქვენი გამარჯვება, იცით რას ნიშნავს, მუშებო? - იმას რომ გამარჯვების წამში დამარცხებულია თვითმპყრობელობაცა და ბურჟუაზიაც, უარყოფილია სახელმწიფო და კერძო საკუთრებაც და თუ იმდენ შემოქმედებით ძალასა და ნიჭს გამოიჩენთ იმ წამში, რომ თავის დღეში აღარ ააშენოთ თქვენგანვე უკვე დანგრეული საზიზღარი, წეს-წყობილება, რომ სულ სხვა, ახალი თავისუფალი, კომმუნისტური წყობილება დაამყაროთ, - მაშინ რევოლიუცია ნაყოფიერი, შინაარსიანი, სრული გამარჯვებული იქნება, თუ კი ისევ ისე დასტოვეთ ძველი, ისევ ააშენეთ დანგრეული მონობა, ბურჟუაზიას გადაეცით თქვენი გამარჯვების ნაყოფი, სახელმწიფო და კაპიტალიზმი ისევ დასტოვეთ, - მაშინ თქვენვე მალე დაინახავთ, რომ თქვენმა რევოლიუციამ არაფერი მოგიტანათ, გარდა მეორე ფორმის მონობისა, მაგრამ მაინც აუტანელი მონობისა.

პროგრამმა მინიმუმი ამ უკანასკნელს გირჩევს, ჩვენ ანარქისტები კი მუდამ გეუბნებით და გეტყვით, - ისარგებლე გამარჯვების წამით, ნუღარ დაუბრუნდები წარსულს, დააქციე მთელი ძველი მონური წეს-წყობილება, ააშენეთ ახალი!

გამარჯვების წამში ამის დამშლელი არავინ გეყოლება. ხოლო თუ ისევ სახელმწიფოსა, ბურჟუაზიასა და თუ გინდ ს.დ-იულ პარლამენტს მიანდეთ საქმე ბრძოლით დაღლილებმა რევოლიუციის ყველაზედ უფრო მნიშვნელოვან წამში, - მაშინ დაჰკარგეთ ყოველივე იმედი, - ექსპლოატაცია და მათრახის ცემა ისევ ძველებურად გაგანადგურებსთ, მხოლოდ ახალი სახელით, - რესპუბლიკის სახელით!

არ მოგატყუონ შემდეგი სიტყვებით: პოლიტიკური თავისუფლება კარგია; იგი ნიშნავს სიტყვისა, ბეჭდვისა, კავშირისა და სინდისის თავისუფლებას, ხალხის წარმომადგენელთა მთავრობასო და სხვა. არ მოგატყუონ ამით, - რადგანაც ყოველივე ეს შენთვის არც 17 ოქტომბრის მანიფესტსა და არც ბურჟუაზიას არ მოუცია. ეს თქვენი მოპოვებულია, თქვენი სისხლით, და როდესაც კიდევ დაღვრით უმანკო სისხლს, ეცადეთ ამ ტანჯვისა და განადგურების ფასი სრულ ეკონომიურ და პოლიტიკურ თავისუფლების მოპოვებაში აიღოთ!

დღეს ბურჟუაზიას ეს პოლიტიკური თავისუფლება უნდა მაგრამ ერთი პირობით, - არ შეეხოთ მის ბატონობას, მის სიმდიდრეს, მუშის მონობის სისტემას; თქვენ კი, როგორც თვითმპყრობელობას გამოგლიჯეთ წვრილი თავისუფლებანი, - ისე გამოგლიჯეთ ბურჟუაზიასაც და ყველას სრული თავისუფლება, სრული ერთობა და თავისუფალი კომუნიზმის სული გაამეფეთ მთელი ტანჯული კაცობრიობასათვის! - ეს იქმნება ნამდვილი რევოლიუცია! ცდა ამგვარი რევოლიუციისა რუსეთში და სხვა ქვეყნებშიაც გამოიწვევს ამგავრსავე ცდას, და საშინელი ტალღები სოციალური რევოლიუციისა თვალუწვდენელი მთების სიმძიმით შეეტყორცნება მთელ თანამედროვე შავ-ბნელი ცხოვრების უზარმაზარ, ბინძურ შენობას, და წარღვნის შემდეგ სოციალიზმის ფერადი ცისარტყელა გადაეჭედება განთავისუფლებულ კაცობრიობის განახლებული ცხოვრების კრიალა ცას...

აი ჩვენი მიზანი თანამედროვე რუსეთის რევოლიუციაში, და მიუხედავად ს.დ-ების „რეალური სიბრძნისა“, მათ მიერ ჩვენ უტოპისტებად მონათვლისა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თვით რევოლიუციის დროს ამ გვარია გზებისაკენ მისწრაფება, ცდა ედეალის განხორციელებისა ჰქმნის ყოველივეეს, იმ მეორესაც კი, რომელსაც რევოლიუცია აღწევს, - წინააღმდეგ პროგრამმა მინიმუმისა, რომელიც რევოლიუციის წინ-და-წინ შეჩერება, დაღუპვა და შინაარსის გამოცდა.

ჩვენ ვიცით, რომ ყველა რევოლუციების სული ამ დიადი მიზნის მიღწევაში გამოიხატება, ჩვენ ვიცით აგრეთვე რომ რაც მეტია ხალხის რევოლიუციონური შემოქმედება, მით მეტია ნაყოფი რევოლიუციისა, - და მიტო ვეუბნებით მუშებს: წინ მუდამ წინ , არ შეჩერდეთ, მუდამ გქონდესთ თვალი მიპყრობილი დიადი ნათელი იდეალისაკენ, ნუ შეაჩერებთ წინ-და-წინვე რევოლიუციას, რადგანაც მისი შედეგი თვით ხალხის ენერგიისგან არის დამოკიდებული; როდესაც დაიღალოთ შეისვენეთ, შემდეგ ახალი ძალით ისევ შეებრძოლეთ მტერს; ნუ ააშენებთ ისევ ძველს, თქვენივე ხელით დანგრეულ მონობას ისარგებლეთ ყოველთვის იმ წამით, როცა გამარჯვებული ხართ, სწორედ მაშინ გამოიჩინეთ რაც შეგიძლიათ მეტი შემოქმედებითი ნიჭი, მეტი ახალი სული ჩაუდგით თქვენ მიერ შექმნილ ახალ დაწესებულებათ, და თუ სულ ვერ განახორციელეთ თქვენი მუდმივი იდეალი, - გაცილებით მეტი ნაყოფი ექნება თქვენს რევოლიუციას, ვიდრე მაშინ, თუ წინდაწინვე შეგეშინდათ თქვენი იდეალის განხორციელების, თქვენივე აზრის, - ან თუ წინდაწინვე გადასწყვიტეთ იმედი, რომ დღეს შეუძლებელია ნამდვილი რევოლიუცია ძველის დამხობა ახლის შემოქმედებით!

ეს უკანასკნელი „მინიმუმია“, პირველი კი, „ანარქიული უტოპია“, - ამოირჩიეთ (მუშებო)-რამოდენიმედ ამ არჩევნისაგან არის დამოკიდებული თქვენი გამარჯვება, გამარჯვება თვით რევოლიუციის! რაც გითხარით, - ეს არის ჩვენი რწმენა, ამნაირი სოციალიზმი გვწამს, მას ვეტყვით, მას ვავრცელებთ ხალხში; ესა ჰკლავთ სოციალ-დემოკრატებს, „მინიმუმის“ კაცებს, რომელთა ტანში ჟრუანტელი გაუვლისთ ხოლმე, როდესაც გაბედავს ვინმე და იტყვის, - თანამედროვე რევოლიუციამ უნდა მოსპოს ყოველგვარი მონობა და ექსპლუატაცია! მაგრამ ჩვენ სინიდისი წმინდა გვაქვს, ჩვენი იდეალით ვართ აღფრთოვანებული და სხვის აღფრთოვანებასაც ვცდილობთ, ჩვენი სისხლით დავიცავთ მას ჩვენ რევოლუციაში მუშებთან ერთად ვიქნებით ქუჩაში, თოფითა და სხვა იარაღით ხელში, ჩვენ მუშებს დეპუტატობას არ ვთხოვთ, რადგანაც არა გვაქვს მათი პატრონების პრეტენზია, არა გვაქვს იმდენი კადნიერება, რომ ხალხი გავაბედნიეროთ საკანონმდებლო სიბრძნით, ვსაჯოთ იმისთანა კითხვები, რომელზედაც არავითარი წარმოდგენა არა გვაქვს, როგორც ამასა სჩადიან ბ. ბ. დეპუტატები: აგრარული კითხვა, სწავლა-განათლების კითხვა, შეიარაღებისა და საფინანსო კითხვა, - სულ ერთია მათთვის, იციან თუ არ იციან, - არახუნებენ კენჭებს თითქოს ყოვლის მცოდნე იყოს რომელიმე გატყავებული ადვოკატი, რომელსაც კანონის სტატიის მეტი არა უყრია რა თავში, და სოციალიზმის ქერქში გამოხვეული ელაქუცება მთელ მილიონ ხალხს, - მე ვარ შენი კანონმდებელი, შენი ინტერესების დამცველი, შენი გამაბედნიერებელიო! - ჩვენ არა გვაქვს ამგვარი კადნიერება, ამგვარი პრეტენზიები; - და ვისაც “ხელმძღვანელობა”, ვისაც ბატონობა და “მინიმუმის” კაცობა უნდა, - იმათ ატყუონ მუშები! დრო მოვა, რომ მუშები მათ ერთ დღეს გაისტუმრებენ - („coup de pied dans le col”)- თი, როგორც ეს უკვე ჰქმნეს საფრანგეთში და ისპანიაში, -ჩვენ კი მუდამ ვემსახურებით ჩვენს მიერ დასახულ იდეალს, და ეს იდეალიც, ჩვენი ღრმა რწმენით, მაშინ განხორციელდება, როცა მუშა ნამდვილად შეიგნებს რომ “მუშათა განთავისუფლება უნდა მოხდეს თვით მუშათა მიერ” - და არა გაქლესილ ადავოკატებისა და უსაქმო ინტელიგენტების მიერ, რომელთა დეპუტატებათ წამოჭიმვა დაამყარებს ვითომც კაცთა შორის ბედნიერებას ამგვარი მურტალი აბსურდი დაე ს.-დ.-ებმა იქადაგონ, ჩვენ კი, მუშებო, კიდევ განვიმეოროთ: თქვენი საკუთარი ორგანიზაციები, თქვენი საკუთარი სოციალისტური შეგნება, თქვენი საკუთარი გონება და შემოქმედება, თქვენი საკუთარი ბრძოლა, ბრძოლა დაუღალავი და შეუბრალებელი ყოველ ბატონ პატრონთა, მძარცველ-მგლეჯელთა და ყოველი ჯურის მატყუარათა წინააღმდეგ, - აი რა გიხსნით; აი რა გაგანთავისუფლებთ, აი რამ უნდა გიწინამძღვროსთ თანამედროვე რევოლუციაში, ძველის დანგრევაში და ახლის აშენებაში; თუ ეხლა ვერა ჰხედავთ ამ სიტყვების სიმართლეს, შემდეგ დაინახავთ. როდესაც თქვენი ხელმძღვანელების “მინიმუმის” განხორციელების ისევ მონებად იგრძნობთ თავს, როდესაც ეხლანდელსავით დაგყრიან ტყვიებივით განგმირულებს თქვენი მომავალი რესპუბლიკის ჟანდარმები და მილიცია (თუ კი ეს მილიცია შესაძლებელია ჭკვიან ს. დ.-თა ცენტრალურ რესპუბლიკაში).

ნუ დაგავიწყდებათ მუშებო, თუ ეს სიმართლე თქვენც და თქვენ წინამძღოლთაც ვახალეთ პირდა-პირ. ნუ დაგავიწყდებათ, რადგანაც, - როგორც გითხარით, - ჩვენ მხოლოდ სიმართლე გვალაპარაკებს და თქვენთან სათხოვარი არა გვაქვს-რა, გარდა თქვეენივე შეგნებისა და ამ შეგნებით მთელი კაცობრიობის განთავისუფლებისა. ეს განთავისუფლება ჩვენი იდეალიც არის, ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას ამ დიად საქმეში, მაგრამ არა თქვენი ბატონობით, არამედ თქვენთან ერთად, თქვენ გვერდში ამოდგომილნი; - მიტომ ვებრძვით ს.დ-ებს, რომლებიც იეზუიტების ორდენივით, ახალი თვითმპყრობელობასავით მოევლინა ხალხის აზრსა და მოქმედებას და ლამის არის ათასზედ უარესი საზიზღარიც შეიქმნეს, განსაკუთრებით ჩვენს დევნაში.

P. S. გინება არც ჩვენთვის არის სასიამოვნო, მაგრამ ს.დ-ებმა დაიწყეს, - ჩვენი ბრალი არ არის.

“მუშის” სახელის გამოცვლა სისულელეა და მაკვირვებს, როგორ შეგაცდინათ ს.დ-მა და თქვენც მისთანა სისულელე ჩაგადენიათ. რატომ “მშაკის” რედაქციას არ მიმართავთ იმავე თხოვნით, ამ მართლაც და ბურჟუებს? ჩვენი “ჯაშუშობა” და პოლიციისგან ფულის მიღება – გაუთხოვარი ბებრის მყრალი გულის ამონახეთქი ნაღველი და მუშებს არ გეკადრებათ ს. დ-ების ამგვარი სიმყრალის სუნი აიდინონ.

მუქარის ჩვენ არ გვეშინიან.

შემდეგ თქვენთან ლაპარაკი არასოდეს არ მომწყინდება.

III

პასუხი ახალგაზრდობას

ანარქისტების წინააღმდეგ ახალგაზრდობამაც განაცხადა პროტესტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები გულწრფელი ღელვით აცხადებენ პროტესტს, მაგრამ მაინც გული მეტკინა, როდესაც მათგან გავიგონე კაჭკაჭივით გაზეპირებული სიტყვები, რომელიც თითქოს ვიღაცას განგებ მიეწოდებინოს, იმგვარად იყო შედგენილი და დაწერილი ხსენებული პროტესტი. მესმის მათი გულწრფელობა, მაგრამ თანაც ვწუხვართ, რომ ასეთი დაუფიქრებელი ქცევა არ შეშვენის ახალგაზრდობას, და აი რატომ: ნუ თუ მართალია ლანძღვა-გინებამ ააღელვა ახალგაზრდობა? თუ ასეა, მაშ რატომ მარტო ჩვენმა ლანძღვა-გინებამ ააღელვა იგი და სხვისას კი არ აქცევდა ყურადღებას? მთელი სოც-დემოკრატიული პრესსა, უშვერი ლანძღვის მეტს არას სწერდა თავის ორგანოების ფურცელზე მთელი მოძრაობის განმავლობაში და ბოლოსაც, და მათ წინაამღდეგ პროტესტის გამოცხადება თავში არავის მოსვლია. მაშასადამე მარტო ჩვენ წინააღმდეგ პროტესტის ფარხმლის აღება უსამართლობაა, რაიცა არ შეშვენის წმინდა იდეალთა მქონე ახალგაზრდობას. მაგრამ ეს კიდევ არაფერია; ჩვენ არც კი გვიფიქრია სოციალ-დემოკრატების ლანძღვა მათ პირველათ თვითონ დაგვიწყეს ლანძღვა და ცილის წამება, და ჩვენ იძულებული ვიყავით თავი დაგვეცვა, პროტესტი კი ჩვენ მოგვხვდა, - მათ კი არაფერი, გამართლების მეტი. ეს მეორე უსამართლობა ჩაიდინა ახალგაზრდობამ. რაც შეეხება “მუშის” სახელის გამოცვლას, ამას ჩვენ კვლავ სისულელეს ვუწოდებთ და ვურჩევთ გულწრფელად ახალგაზრდებს ამგვარი სამარცხვინო მაგალითები აღარ აიღონ ხოლმე უფროსებისაგან. თავისი ტვინით ფიქრი სჯობია, რადგან ხშირად ძლიერ “უფროსი” ადამიანურ დიდ ყურასავით ფილოსოფოსობს, და მისი ნაბაძი შეგნებულ ახალგაზდას კი არა, პატარა ბავშვსაც ვერ მოუხვეჭს ჭკვანის სახელს.

მაგრამ ყოველივე ეს მე სრულიად არ მაკვირვებს და არ მაღონებს ის მე, როგორც ის ფანატიკური ტონი, რომელიც ახასიათებდა ახალგაზდობის პროტესტს. თითქოს მართლაც რაღაც გახსნილ რაღაც საშინელ და მავნებელ ადამიანთა წინაამღდეგ ილაშქრებოდენ.

ახალგაზდებო! ძალიან ცუდი გზაა თქვენ ხანაში ფანატიზმის გზა! თქვენ ჯერ სწავლა არ დაგიმთავრებიათ, თქვენი ტვინის განვითარება ჯერ პირველ სწავლა დასაწყის ხანაშია, და თუ ეხლავე გაფანატიკოსდით, ეხლა აღიარეთ ესა თუ ის მოძღვრება, სრული ფანატიკური სარწმუნოებით და დაარწმუნეთ თავი, - რაიცა წინააღმდეგია – ეშმაკისაო. შარშან დაჰკარგეთ ყოველივე იმედი თქვენ შემდეგი განვითარებისა, და ან გეშინოდეთ იმისი, რომ მრავალ დროს დაჰკარგავთ სანამ თქვენი გონება განთავისუფლდებოდეს ფანატიზმის ბრჭყალებიდამ. ის მაინც მოიგონეთ ყველა თქვენთაგანმა, რამდენი გონებრივი და სულიერი ძალა დახარჯეთ მხოლოდ იმისათვის, რომ მღვდლებისა და პოლიციელების თაყვანის ცემა უარგეყოთ; - უარგეყოთ ძველი მისტიკური რელიგია და თანამედროვე პოლიციური “ზრდილობა”, რომელიც ისე გულდასმითა და მაგრად ჩაგინერგეს გულში. მეტადრე ესე, თავის ფორმა თანამედროვე სოციალიზმისა რომელიც მეცნიერებაზეა დამყარებული, ან სცდილობს დაემყაროს მეცნიერებაზედ, - მეტადრე ეს ახალი რწმენაა საშიში ადამიანის გაჰანატიკოსების მხრივ, და იმდენად მეტად, რამდენიდაც თანამედროვე მეცნიერების არგუმენტები საშინელი ძალითა და ძლიერებით მოქმედობენ ახალგაზრდაზედ, საშინელი სიმძიმით აწვებიან მის ჯერ კიდევ განუვითარებელ გონებას და უხშავენ კრიტიკის სულს.

ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ თქვენ მეცადინეობაში და განვითარებაში სანამ ცოტათი მაინც არ გაიგოთ რაშია საქმე, რას წარმოადგენს ესე თუ ის თეორია, ეგრე ზერელად სასტიკი მსჯავრი არ უნდა დასდოთ ხოლმე მას. როგორ შეიძლება მაგალითად, ისეთი რიხით უარყოფა მთელი თეორიისა, როგორც თქვენა სჩადით? უდიდესი მეცნიერიც დიდის ყურადღებით ექცევიან მათ მოწინააღმდეგე თეორიებს და მას შემდეგ, როდესაც სრულიად შეისწავლიან მათ, - ან მიიღებენ და თავიანთ თეორიას კი უარყოფენ, ან ნაწილს მიიღებენ და თავიანთ შეცდომებს გაასწორებენ, ან და დარწმუნდებიან მათ სიყალბეში და კიდევაც ამტკიცებენ სიყალბეს. რა საკვირველია მეცნიერებას ვერავის ვერ მოვთხოვ, ვერც ჩემ თავს და ვერც სხვას, მაგრამ ერთი რამ კი მიმაჩნია აუცილებელ საჭიროდ და სავალდებულოდ ყველასათვის, და მეტადრე ახალგაზრდობისათვის: არ დაჰგმო ისეთი რამ, რაზედაც არავითარი წარმოდგენა არა გაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგნებული ადამიანის მაგიერ ხუცესათ ხდება აამიანი და რამდენი მინახავს მოძრაობის დროს ჩვენი ფრიად ნიჭიერი და მკვირცხლი სოც.დ-ტი პროპაგანდისტები, რომლებიც პატარა კათოლიკე მღვდლებს წარმოადგენდნენ თავიანთი განუსაზღვრელი და ხშირათ არა კეთილშობილური ფანატიზმით.

მეცნიერება დიდია მას ბევრი და მრავალმხრივი შესწავლა უნდა; სოციალიზმის მრავალგვარი შტოები არსებობენ, - იმითაც შესწავლა უნდა, და თუ მით გულ-წრფელი სოციალისტები ხართ, ახალგაზრდებო. დაეწაფეთ მათ მთელი თქვენი დაუღალავი გონებით, ნიჭით და ახალგაზრდული აღფრთოვანებით, და როდესაც თქვენი რწმენა უბრალო credo კი არა, არამედ ნამდვლილად შეთანხმებული იქნება თქვენი აზროვნების ვარჯიშობასთან, თქვენი ლოღიკური აზროვნების პირდაპირი ნაყოფი იქმნება, - მაშინ დაჰგმეთ რაც დასაგმობათ გეჩვენებათ და კეთილშობილური ფანატიზმითაც ემსახურეთ თქვენ რწმენას.

მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მაშინ პატიოსანი გონება-მომწიფებული ჭაბუკი ისეთი ენით აღარ მოგვმართავს ჩვენ, თუ გინდ არც ანარქისტი იყოს და პირიქით სოციალ-დემოკრატი, ან არა და უბრალო ბურჟუა.

საზოგადოთ და განსაკუთრებით ჩვენში ანარქისტებზედ საშინელი და აბსურდული წარმოდგენა აქვსთ ეს ფაქტი თავისთავად არ არის საკვირველი, რადგანაც არ ცოდნა – არ ცოდვააო, ნათქვამია მაგრამ ორი რამ კი ახასიათებს ანარქისტების მტერთ და მოწინააღმდეგეთ, ყველგან, განსაკუთრებით ისევ ჩვენ კურთხეულ საქართველოში, - ეს ორი რამ სწორედ სასაცილო და საზიზღარია. სასაცილოა ის, რომ მაგ ვაჟბატონებს თავი მოსწონთ თავიანთი უმეცრებით. ბ. “ლამპრის” მეცნიერი “ლეო”, მაგალითად ჰეგელისა და სპენსერის ევოლიუციონიზმს ერთმანეთში ვერ არჩევს, და სცოხნის რა პლეხანოვის ნაცოხნს, ქვეყანას არწმუნებს, რომ ანარქისტებს დიალექტიკა არა სწამთ, მაშასადამე ევოლიუციაც არა სწამთო, მაშინ როდესაც მთელი XIX საუკუნის მეცნიერება დიალექტიკურ მეთოდით დახასიათდება და უდიდესი მეცნიერები დიალექტიკოსები იყვნენო! ამისთანა სისულელეს კაცი რომ იტყვის, ამისთანა უსირცხო უვიცობა რომ გამოიჩინეს ადამიანთა მეცნიერებაშიაც, მის ისტორიაშიდაც, თვით დიალექტიკისა და ევოლიუციის თეორიის ცოდნაშიაც; აგრეთვე ანარქიზმის სრული უვიცობით დაიწყებს თავის მოწონებას და მართლაც ლაფშმოხეული კადნიერებით დაგიწყებს ბრახა-ბრუხს, - რა უნდა უთხრა გარდა ს.დ-ულივე მშვენიერი რუსული ფრაზისა: видно, что г. Лео и ему подобные сихть порь еще не „самоопределили себя вообше как человека“... უვიცობით ტრაბახობა და თავის მოწონება მხოლოდ კრეტინს შეუძლია და ნუ, ახალგაზრდებო, ნუ გადაგედებათ ეს სენი და ნუ დაუწყებთ ნურც ანარქიზმს მაგვარ უცოდინარს და უსაფუძვლი გმობას, თორემ ანარქიზმს ამით არაფერი დააკლდება და თქვენ კი ცუდი ზნე შეგრჩებათ საერთოდ მეცნიერების შესწავლაში, რაიცა დიდი მანუგეშებელია თქვენი მომავალი მეცნიერულლი განვითარებისათვის. ჯერ ანარქიზმის ამ გვარ ქცევას მიეჩვიეთ, მერე სხვა თეორიათა, - სრულიად უცოდინაროდ და უსაფუძვლოდ, ბოლოს კი საცოდავ საშუალო ადამიანებად გადაიქცევით აზროვნების მხრივ, და დაგემართებათ ის, რაც “ლეოს” დაემართა, ე.ი. – asinus manedis in secula seculoroum, აქ კი სახარბიელო არაფერია -

მეორე, საზიზღარი მხარე ჩვენ მტერთა ბრძოლისა და კრიტიკისა ჩვენ წინააღმდეგ – ცილის წამებაა და დევნა. მთელ ევროპის სოც.დ-ები განირჩევიან ამით, და ჰგონიათ რომ ამ გვარი გზით რამეს გააწყობენ. ცილსა სწამებდენ ბაკუნინს, ინტერნაციონალის ბაკუნისტებს, ცილსა სწამებდენ ყველა ჩვენ ტერორისტებს ევროპაში, - ყველანი, მარქსიდამ დაწყებული ლიბკნეხტამდის და გედამდის, - ცილსა სწამებენ თავიანთ წიგნებში პლეხანოვი, ადლერი, დევილლი ვან-კოლი, ბებელი, - ყველანი ერთი სიტყვით, - და მიუხედავად ამისა მთელი ევროპისა და ამერიკის მუშათა კლასსი გატაცებულია სოციალიზმის ანარქიული ფორმით, რაიცა ამ ბოლო დროს რევოლიუციონურ სინდიკალიზმში გამოიხტა. ცილის წამება იეზუიტების პრინციპია, სოც.დ-ია ანარქისტებს იეზუიტურად ეპყრობოდა და ნაცვლად მათი რიცხვის გადიდება და თავისი მოსპობისა და გადაშენების გზაზედ დადგომა მოიშვო: სხვა უფრო ღრმა პირობებთან ერთად ანარქიზმის დევნაშიაც შეასუსტა ს.დ-ია; ფრანგი ს.-ს შოვენის სიტყვები – რევოლიუციის შემდეგ ყველა ანარქისტები უნდა ჩამოვახრჩოთო, - მათი მსგავსნი სხვას არას იწვევენ მიუკერძოებელ ადამიანში, გარდა იეზუიტობისადმი ზიზღისა. ასეთია წესი: ბოროტება და ღვარძლიანობა, იეზუიტობა და ცილის წამება ბოლოს და ბოლოს თვით ბოროტთა, ღვარძლიანთა და იეზუიტთ ავნებს. - ჩვენში ხომ ვინ იცის რა არ გაავრცელეს ჩვენზედ. ბათუმიდამ ისიც კი მოგვწერეს, რომ პოლიციიდამ ფულებს იღებთ შეგვატყობინეთ, როგორ იყოფთო. ეს იყო ვითომ “მუშათა” პროტესტში სხვათა შორის. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ამის “ლეოსებური” მეცნიერი დასწერდა და შემდეგ, როცა ნახავდა დაბეჭდილს, ერთი გაიღმიჭებოდა დიდ-ყურა ფილოსოფოსივით, კმაყოფილი, რომ დიდი “სოციალისტური საქმე გააკეთა” - მიუხედავათ ამისა ჩვენ უკვე აქ რიცხვი ვართ,

არა ახალგაზრდებო! ეს წესი ბრძოლისა ცუდია, დასაგმობია, მყრალია თავისი არსებით, და თქვენ პატიოსან გულს არ შეჰფერის ამგვარი სიმყრალის სუნი აიდინოთ თქვენც და ამგვარ პროტესტანტებს ამოუდგეთ გვერდში...

ბევრი, კიდევ ბევრი მინდოდა მელაპარაკნა თქვენთან, მაგრამ ისედაც გაგრძელდა ჩემი პასუხები, მერე დაგვიანდა კიდეც, - იმ ქარიშხალმა, რომელიც ჩამოვარდა ჩვენსა და ს.დ-ბის შორის ჩაიარა კიდეც და მგონი დავიწყებას მიეცა... მე მხოლოდ დაპირება ავასრულე და ვწერ ამ მოკლე წერილს ჩვენ მოსწავლე ახალგაზრდობას.

მაშ ახალგაზრდებო, თუ თქვენ მართლა სოციალისტები ხართ, თუ მართლა გიღვივით გულში იმედი მომავლისა და კაცობრიობის განახლებასა, - განსპეტაკდით თქვენ თითონ თავდაპირველათ, განთავისუფლდით ჯერ თქვენ თვითონ იმ წუმპისაგან, რომლისაგანაც მთელი კაცობრიობა გინდათ გაანთავისუფლოთ. დღეს მთელი საზოგადოება უსამართლობაზედ არის დამყარებული, თქვენ გინდათ აღარ იყოს ეს უსამართლობა, - მაშ ეხლავე, თქვენს ცხოვრებაში იყავით სამართლიანი.. ანარქისტებთანაც დღეს უმეცრება და ფანატიზმია კაცობრიობის მტანჯველი, - თქვენ გინდათ რომ მოისპოს ეს კაცობრიობის გამათახსირებელი მოვლენა, - რომ ისწავლეთ ყოველივე, რისიც კრიტიკა გინდათ, და თქვენი კრიტიკული მსჯელობის ნაყოფი იყოს თქვენ მიერ ნაგმობი ან მოწონებული რწმენა. დღეს კაცობრიობას იეზუიტიზმი უწამლავს ზნეობას, - თქვენ იგი გეზიზღებათ - მაშ შორს თქვენგან ცილის წამება და დევნა, - ეს სამარცხვინოა მეტადრე ახალგაზრდობისათვის, რომლის ზნეობრივი იდეალი ისეთივე წმინდა და ფაქიზი უნდა იყოს, როგორც მისი წმინდა ბავშვური სიყვარული და ყოველივე გრძნობა.


http://lib.ge/book.php?author=1757&book=10659

Комментариев нет:

Отправить комментарий