ღმერთი

ღმერთი

пятница, 7 июня 2013 г.

დედა ღვთისმშობლის წილრგებული საქართველო.

„ნეტარ ვართ ჩვენ და სამგზის სანატრელნი, რამეთუ ნაწილნი ვართ ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისანი“ - საუკუნეთა სიღრმიდან ეროვნული ღირსების სრული შეგნებით გვამცნობს ჩვენი ერის მემატიანე.

ხოლო იმ მოვლენებს, თუ როგორ ერგო ღვთისმშობელს საქართველო თავის წილხვედრ ქვეყნად, ბიზანტიელი ჟამთააღმწერელი სტეფანე მთაწმინდელი გვიმარტავს:

„სულის წმიდის მოფენის შემდეგ მოციქულთ განიზრახეს წილის-ყრა იმის შესახებ, თუ ვის რომელი ქვეყანა წილად ხვდება, რათა ჰქადაგოს სახარება. მაშინ წმიდამან მარიამმა უთხრა მოციქულთა: „მეც მიყარეთ თქვენთან წილი, არ მინდა უწილოდ დავშთე. დაე, მეც მერგოს ქვეყანა, რომელსაც მარგუნებს უფალი“.

წილის ყრით დედა მარიამს ერგო ივერია, ანუ იბერია, ესე იგი საქართველო.

მას შემდეგ დედა ღვთისმშობელი მეოხებას არ აკლებს თავის სამწყსოს - ამა სოფლის ყველაზე მძაფრ ქარტეხილებში იგი მხსნელად ევლინება და არიდებს ყოველგვარ განსაცდელს; ისტორიის გადამწყვეტ პერიოდებში მამულის, ენისა და სარწმუნოების შესანარჩუნებლად მფარველობს ჩვენს სამშობლოს:

მოციქულების მიერ ქვეყნად ქრისტიანობის ქადაგების ჟამს ანდრია პირველწოდებული გაგზავნა საქართველოში და ქრისტიანობის პირველი მარცვლები დაათესინა და სამოციქულოდ ჰყო ჩვენი ქვეყანა;

ანდრია მოციქულის მიერ შემზადებულ ნიადაგზე ქრისტიანობის თავისუფალი აღმსარებლობის ჟამს ქალწულ წმიდა ნინოს განანათლებინა საქართველო;

წინა აზიაში ქრისტიანობის წინაშე დამდგარი განსაცდელის პირობებში დედა ღვთისმშობელმა ასურეთიდან წმიდა მამები წარმოგზავნა საქართველოში რწმენის განსამტკიცებლად, საბერმონაზვნო ცხოვრების დასამკვიდრებლად და მართლმადიდებლურ სიწმინდეთა შესანარჩუნებლად;

უზარმაზარ იმპერიებთან: ბიზანტიასთან, ირანთან, არაბეთთან და ოსმალეთთან გასამკლავებლად მეფედ თავისი სისხლით ნათესავები - იესიან-დავითიანი ბაგრატიონები გამოგვიგზავნა ერის გასამთლიანებლად და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის დასაცავად;

ხატთმებრძოლობის მწვალებლობის ჟამს, მანამდე გაუჩინარებული თავისი ხატი შეაბრძანებინა ქართველ ბერს ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში და თავის ერთგულ - ხატთა თაყვანისმცემელ ქართველებს დაუდგა მიწიერ ქომაგად და სასწაულთმოქმედ შემწედ;

საბერძნეთში ნამძევლები ყრმა ექვთიმე მთაწმინდელი, რომელსაც ქართული გადავიწყნოდა, სულიწმიდის მადლმოსილი ღვთაებრივი ქართულით აამეტყველა, რომლითაც ქართულად ათარგმნინა საღვთისმეტყველო წიგნები;

ისევე, როგორც თავის დროზე გვებოძა უფლის დედის მიერ ნაქსოვი საკუთარი ძის წმიდა კვართი, ღთისმშობელმა, საკუთარი განჩინებით ღირსგვყო საკუთარი კვართისაც, რომელიც, როგორც ციური საფარველი, გადაგვაფარა ქართველებს;

დედა ღვთისმშობელი ქართველებისადმი თავის მფარველობას ამცნობდა მთელი მართლმადიდებელი სამყაროს ქრისტიანულ ეკლესიებს, ხოლო სამტროდ აღძრულ დუშმანს არ ანებებდა ქართველი მეომრების დაჯაბვნას.

არსებობს წინასწარმეტყველური გადმოცემა: ბოლო ჟამს ათონის მთას მართლმადიდებელი ბერები დატოვებენ, თვით მთა ზღვაში დაიძირება და წმიდა მარიამის ხატი თავის წილხვედრ ქვეყანას მოაკითხავს - საქართველო ლოცვითა და სასოებით ელის საკუთარი მეოხისა და მფარველის ხატის მობრძანებას!



მოციქული ანდრია - ქრისტიანობის პირველი
მახარებელი საქართველოში


ოდეს თავის წილრგებულ ივერიისკენ დააპირა გამომგზავრება, ანგელოზი გამოეცხადა ღვთისმშობელს და უთხრა: „ნუ გენეშორები იერუსალიმსა; წილ-ხდომილი შენი ქვეყანა განათლდების მომავალში, შენი მეუფება განემტკიცების იქ“.

მანამდე კი, როგორც „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, უფლის ნებით, დედა ღვთისმშობელს ანდრია პირველწოდებული უნდა გაეგზავნა ამ ქვეყანაში და გაეტანებინა ხელთუქმნელი ხატი, რომელზეც მისი სახება იქნებოდა უშუალო შეხებით გადატანილი და მის მაგივრობას ეს წმიდა ხატი გასწევდა „უკუნისამდე ჟამთა“.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა უთხრა ანდრია მოციქულს: „შვილო ანდრია, დიდად უჩნს ჩემს სულს, რომ ჩემს წილხვედრ ქვეყანაში - საქართველოში არავის უქადაგნია ჩემი ძის სახელი. როცა მე საქადაგებლად გავემართე ჩემს წილხვედრ ქვეყანაში, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი და მიბრძანა, რომ შენ წახვიდე და თან წარასვენო სახე ჩემი და ჩემი ძისა, რათა მე ვიყო ქართველთა ცხოვრების განმგებელი, ხელი აღვუპყრა და შევეწიო მათ, და არავინ მტერთაგან მძლე ექმნას მათ“.

ყოვლადწმიდამ მოითხოვა ფიცარი, დაიდო სახეზე და სასწაულებრივად გამოისახა მასზე ხატი ღვთისმშობლისა, რომლის წიაღშიც გამოხატული იყო განხორციელებული ღმერთი - ყრმა იესო - სიტყვა ღვთისა. მისცა ის მოციქულ ანდრიას და უთხრა: „მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა შემწე გეყავნ შენ, სადაცა ხვიდოდე, და მეცა თანაშემწე ვარ ქადაგებასა მაგას, და დიდად შევეწიო ჩემდა ხვედრებულს“.

ანდრია მოციქულმა თავისი ქადაგება საქართველოში სამეგრელოდან და აჭარიდან დაიწყო. მრავალი ჭირი და განსაცდელი ხვდა ურწმუნოთაგან. ღვთისა და წმიდა ხატის შეწევნით ყოველივე მადლობით მოითმინა, სანამ ყველა არ მოაქცია და მორწმუნედ გახადა. იმ ადგილას, სადაც ყოვლადწმიდას ხატი დააასვენა, გადმოჩქეფა ფრიად დიდმა და მშვენიერმა წყარომ. შემოიკრიბნენ მის გარშემო იმ ქვეყნის მკვიდრნი და ნათელი სცა ყველას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

წამოვიდა ანდრია მოციქული, გადმოვლო მთა, რომელსაც რკინის ჯვარი ეწოდება. გადმოცემით, ის ჯვარი თვით ანდრიას მიერ არის აღმართული. მოციქულმა ჩაიარა ოძრახის ხევი, მივიდა სამცხის საზღვართან და დაივანა სოფელ ზადენ-გორაში. აქ კერპთაყვანისმცემლები ცხოვრობდნენ. ილოცა ხატის მიმართ და კერპები დაემხნენ. წმიდა მოციქული გაემართა და მივიდა სოფელ აწყვერში, სადაც მაშინ მთავარი იყო ერთი ქვრივი დედაკაცი - სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი მოკვდომოდა. იდგა ტირილი, ვაება და გლოვა.

როდესაც მოციქულმა გაანდო თავისი ვინაობა და მიზნები, ქვრივმა დედაკაცმა სთხოვა, ოღონდ მისი შვილი აღედგინა მკვდრეთით და იწამებდა მის მიერ ნაქადაგებ უფალს.

მოციქულმა აიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, დაასვენა ყრმის საწოლზე და დაიწყო ლოცვა და ვედრება ღვთისა მიმართ ხელაპყრობით. ლოცვის შემდეგ მოჰკიდა ხელი ყრმას, როგორც ძილისაგან, ისე წამოაყენა და მისცა დედამისს. ყველა განაცვიფრა ამ სასწაულმა.

დედაკაცმა რა იხილა თავისი გაცოცხლებული ვაჟი, სიხარულით წამოდგა, დავარდა მოციქულის ფეხებთან, ცრემლით თაყვანის სცა და მადლობა შესწირა. იწამა უფალი იესო ქრისტე, მოინათლა ეს დედაკაცი თავის ვაჟთან და თავის სახლეულთან ერთად.

ქალაქში იყო საკერპო ბომონი, რომელშიც ემსახურებოდნენ ბილწ კერპებს, არტემიდასა და აპოლონს. ამ საქმის მნახველი სიცრუის მღვდლები (ქურუმები კერპებისა) აღივსნენ შურით და წინააღმდეგობა გაუწიეს მოციქულს. ღვთისმშობლის ხატის სასწაულით, ღვთის ნებით, დაილეწა კერპები. ყველამ ირწმუნა უფალი იესო ქრისტე და სიხარულით მოინათლნენ.



წმიდა ნინო – ქალწულის წარგზავნა საქართველოს
მოსაქცევად


ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ღვაწლმა ქართველთა შორის ნიადაგი შეამზადა მაცხოვნებელი რელიგიის მთელ ქვეყანაში გასავრცელებლად.

ხოლო სრულიად საქართველოს ქრისტიანული ნათელღება მოხდა ბიზანტიაში ქრისტიანობის თავისუფალ აღმსარებლობად გამოცხადების თანადროულად. ამასთანავე, რადგან ღვთისმშობელი, ანუ დედაკაცი იყო საქართველოს მფარველი, დედამ ღვთისამ, თავისი მეოხების დასადასტურებლად, სწორედ დედაკაცივე წარმოავლინა მისსავე წილხვედრ ქვეყანაში.

ამ მიზნით ღვთისმშობელმა გამოირჩია კეთილმორწმუნე ქრისტიანი კაპადოკიელი ქალწული - ნინო.

ნინო ქრისტიანთა ოჯახში აღიზარდა. იგი ბავშვობიდანვე ისმენდა აღმზრდელისაგან ქრისტიანობის გავრცელების, მაცხოვრის ქვეყნიური ცხოვრებისა და წამების ამბავს. მისგანვე გაიგო ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში - საქართველოში. ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს.

ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, ამცნო, რომ ქართველთა ქვეყანა მისი წილხვდომილი იყო და წმიდა ქალწული მოციქულად განამზადა. ერთ ღამეს წმიდა მარიამი სიზმრისეულ ხილვაში გამოეცხადა მას და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი“.

წმიდა ნინომ ვედრებით მიმართა ყოვლადწმიდას, ნიშანი ებოძებინა, რომელიც დაუდასტურებდა, რომ უბრალო და უმწეო ქალწული მოციქულებრივი ღვაწლის აღსრულებას შეძლებდა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მოკვეთა რტო ვაზისა, რომელიც ნინოს სარეცელის ზემოთ იყო, ჯვარი გააკეთა, ქალწულს მისცა და უთხრა, რომ ეს ჯვარი იქნებოდა მისი მცველი და წინააღმდგომთა ზედა ძლევის მიმნიჭებელი:

„ეს იქმნება შენი შემწე და მფარველი ყოველს გაჭირვებაში, ყოველი ხილული და უხილავი მტრების წინაამდეგ. ძალითა მისითა დაამყარებ იქა სიტყვასა ძისა ჩემისასა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა“.

გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეპყრა ხელთ. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი. ამ ჯვარით ნათელიღო ჩვენმა ქვეყანამ, ამ ჯვარს თაყვანს სცემენ და ამბორსჰყოფენ დღემდე მორწმუნეები, როდესაც წმიდა ნინოს ხსენების დღეს ანალოგიაზე კრძალვით გამოაბრძანებენ ხოლმე სიონის ტაძარში, სადაც იგი არის დასვენებული.

ზეციური დედოფლისაგან ბოძებული ჯვარისა და წმიდა ნინოს ლოცვის მეოხებით საბოლოოდ დაემხო ქართლში კერპთაყვანისმცემლობა, წმიდა ნინოს მიერ დედოფალ ნანას სასწაულებრივმა განკურნებამ და მეფე მირიანის თავს გარდახდილმა საწაულმა ქრისტიანობა სრულიად საქართველოს სახელმწიფო რელიგიად აქცია.

სანადიროდ წასულ მეფეს, უფლის ნებით, თხოთის მთაზე მზე დაუბნელდა, სულით ჯოჯოხეთის სიბნელე შეიგრძნო და სრულიად სასოწარკვეთილმა თავის „ღმერთებს“ - წარმართულ კერპებს სთხოვა დახმარება. მისმა ღმერთებმა ვერ უშველეს და მხოლოდ ნინოს ღმერთის მიმართ აღვლენილი ლოცვის შემდეგ დაუბრუნდა მეფეს თვალის ჩინი - მზე გამოუბრწყინდა.

სულ მალე მირიანმა ბრძანება გასცა, რომ მის სამეფოში ყველა ქრისტეს სჯულზე მონათლულიყო. წმიდა ნინოს რჩევით მეფემ ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს აცნობა თავისი გადაწყვეტილება, რომელმაც, საქართველოს გაქრისტიანებით გახარებულმა, მღვდელმსახურებთან ერთად მირიანს გამოუგზავნა ჯვარი, უფლის ხატი, აგრეთვე „ფიცარი ფერხისა უფლისა და სამსჭვალი“ - ეს სამსჭვალი, რომლითაც ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს მიუმსჭვალეს ფეხები, ამჟამად საქართველოს საპატრიარქოშია დაცული.



ცამეტი ასურელი მამა -
ქართველთა მართლმადიდებლობაში დამამკვიდრებელი




წმიდა ნინოს მოღვაწეობიდან ორნახევარი საუკუნის შემდეგ საგანგებო მისიით ცამეტი ასურელი მამა წარმოგზავნა საქართველოსკენ დედა ღვთისმშობელმა.

სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებების საერო პოლიტიკით გამოცდის ვითარებაში, ქრისტეს მცნებების საყოველთაოდ დადგინების ჟამს, ქრისტიანობის გზაზე ახლად მოქცეული ერების წინაშე მწვავედ დადგა სკითხი - საბოლოოდ უერთგულებდნენ ისინი თავიანთი მაცხოვრის გზას, თუ გადაუხვევდნენ ცხოვნების გზიდან. საქართველოსა და მის გარშემო პატარა ქვეყნებისათვის მძიმე პოლიტიკური ვითარებისა და ქრისტეს მოძულე დამპყრობთაგან იდეოლოგიური დათრგუნვის პირობებში, როდესაც ჩვენმა ახლო და შორეულმა მეზობლებმა და თანამორწმუნეებმა - სომხეთმა, ალბანეთმა, ეგვიპტემ, ეთიოპიამ ძალითა თუ ნებით დათმეს ღვთაებრივი ჭეშმარიტება, დაამახინჯეს ქრისტიანული სარწმუნოებრივი სწავლება და მწვალებლობისაკენ მიიქცნენ, დედა ღვთისმშობელმა, თავისი წილხვედრი ქვეყნის გადასარჩენად, ასურეთიდან ღირსი მამები, ბერ იოანეს მეთავეობით გამოისტუმრა ჩვენი სამშობლოსაკენ.

მამა იოანე, ისევე, როგორც ადრე ქალწული ნინო, საგანგებოდ გამოარჩია ზეციურმა დედოფალმა - იოანეს, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდას დაეტოვებინა მაცდური წუთისოფელი და ბერად აღკვეცილი უდაბნოში წასულიყო სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება, ცრემლი და ვედრება სათნოეყო უფალს და ერთგულ მსახურს მიჰმადლა სენთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის საღვთო ძალა.

სწორედ აქ, ახალ სამოღვაწეო ასპარეზზე, ჩვენება მიიღო მან ღვთისმშობლისაგან - წასულიყო მის წილხვედრ ქვეყანაში - საქართველოში, თორმეტ მოწაფესთან ერთად, და ეღვაწა იქ ჭეშმარიტი რწმენის განმტკიცებისათვის. იოანემ აუწყა თანამხლებლებად მისგან გამორჩეულ ძმობის წევრებს, რომ ივერიაში გამგზავრება მისი პირადი განაზრახი კი არ იყო, არამედ ნება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა! უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად მოძღვრად ბერი ექვთიმე დაუტოვა, თვითონ კი მოწაფეებთან ერთად საქართველოში წამოვიდა.

წინა ღამით უფლის ანგელოზი გამოეცხადა საქართველოს მაშინდელ კათალიკოს ევლავიოსს. მან ამცნო ქვეყნის მწყემსმთავარს, რომ ღვთის დიდი სათნომყოფელი იოანე თავის მოწაფეებთან ერთად მოდიოდა შორი გზით წმიდა ნინოს მსგავსად, ღვთისმშობლის კურთხევით, ქართველთა რწმენაში განსამტკიცებლად და ბერ-მონაზვნობის დასამკვიდრებლად საქართველოში. იოანე და მისი 12 მოწაფე იმავე მისიით წარდგნენ ღვთისმშობლის ხვედრი პატარა ქვეყნის წინაშე, როგორც მაცხოვარი და მისი თორმეტი მოწაფე - მთელი ქვეყნიერების წინაშე. მათ მიერ აღსასრულებელ მოციქულებრივ ღვაწლზე ის ფაქტიც მეტყველებდა, რომ, როგორც სულიწმიდის გადმოსვლისას ამეტყველდნენ სხვადასხვა ენებზე მოციქულები, იმავე სულიწმიდის მადლით მიეცა იოანეს ქართულად მეტყველების უნარი და მან ყოვლად დაუბრკოლებლივ დაიწყო საუბარი იმ ენაზე, რომელიც მანამდე არათუ ესწავლა, არც კი გაეგონა.

მაგრამ ასურელ მამათა ღვთივმოვლინებულობას, ქართულ ენაზე ამეტყველების გარდა, იმითაც უნდა მიმხვდარიყვნენ დამხვდურნი, რომ მათ თვალწინ მოხდა უფლის კიდევ ერთი დიდი სასწაული: როდესაც ასურელმა მამებმა დასამკვიდრებლად ზადენის მთაზე დააპირეს წასვლა, ადიდებული იყო არაგვი და მათი ლოცვის შედეგად სასწაულებრივად შეჩერდა მდინარე, ვიდრე მამებმა, როგორც ხმელეთზე, ისე არ გადაიარეს მასზე. ამის შემხედვარე ერი მადლობდა ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ სარწმუნოების ასეთი განმამტკიცებელნი მოუვლინა მათ.

ზადენის მთაზე ბერ იოანეს კიდევ ერთხელ გამოეცხადა ღვთისმშობელი და მოწაფეების მთელ ივერიაში დაგზავნა დაავალა. ასურელმა მამებმა, რომელნიც მოღვაწეობის ადგილთა მიხედვით ცნობილნი არიან იოანე ზედაზნელის, აბიბოს ნეკრესელის, ანტონ მარტყოფელის, დავით გარეჯელის, ზენონ იყალთოელის, თადეოზ სტეფანწმინდელის, ისე წილკნელის, იოსებ ალავერდელის, ისიდორე სამთავნელის, მიქაელ ულუმბოელის, პიროს ბრეთელის, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელის სახელებით, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში განამტკიცეს ქართველები და ეკლესია-მონასტრებით აღავსეს და განამშვენეს საქართველო!



ბაგრატიონები - ღვთივმიმადლებული მეფეები წმიდა მარიამის სანათესაოდან



საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცების შემდეგ დედა ღვთისმშობელმა, საერო ხელისუფლების გასამყარებლად, თავისი სანათესაო საღვთო გვარიდან სამეფო გვირგვინოსნები მოუვლინა საქართველოს. ისინი ბიბლიური მეფეების - დავითისა და სოლომონის შთამომავლები იყვნენ და „იესიან, დავითიან, სოლომონიანებად“ იწოდებოდნენ. გვარის უშუალო დამწყები იყო კლეოპა, იოსებ დამწინდველის ძმა, რომელიც შორეულ ნათესავად ერგებოდა წმიდა მარიამს.

მათი საგვარეულო ძირი, „ბაგადატა“, ძველი სპარსულით „ღვთის მოცემულს“, „ღვთის წყალობას“ ნიშნავს და ბაგრატიონები მართლაც ღვთის წყალობად მოევლინენ ჩვენს ქვეყანას!

დიადი ბიბლიური გვარის ბოლო მუხლში, ებრაელთა ტყვეობის პერიოდში, დანის ვაჟს, სოლომონს ჰყავდა შვიდი შვილი: ბაგრატი, აბგავარი, მოაბალი, გურამი, სააკი, ასამი და ვარზავარდი. VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს ზეობის ჟამს, ისინი წამოვიდნენ ფილისტიმელთა ქვეყნიდან და მოვიდნენ ეკელეცს, რაქაელ დედოფალთან. ნათელ იღეს ძმებმა რაქაელ დედოფლისაგან და დედოფალმა ერთი მათგანი, ბაგრატი, თვით დაიტოვა სიძედ, ორნი - აბგავარი და მოაბალი- სომხეთისკენ წარგზავნა, ხოლო ოთხი ძმა - გურამი, ისაკი, ასამი და ვარზავარდი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისკენ გამოემართნენ. შვიდ ძმათაგან სვიანი მეფობა ერგოთ იმ ქვეყანაში დამკვიდრებულთ, რომელიც მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას იყო ნაზიარები და ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.

ერთი ამ ძმათაგანი, გურამი, დაისიძევა ვახტანგ გორგასლის ძემ, მირდატმა, განაჩინეს ერისთავად, და, როგორც მემატიანე გვამცნობს: „ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილისშვილნი და ნათესავნი არიან მის გუარამისნი..“.

ბაგრატიონთა საგვარეულო გერბზე გამოსახულია უფლის კვართი, დავითის ქნარი და შურდული (რითაც მან დაამარცხა გოლიათი) და საქართველოს მეოხი - წმიდა დიდმოწამე გიორგი.

ბაგრატიონთა ალამი მეწამული იყო, რომელსაც შუაგულში ალი ჰქონდა გაწვდილი… ბაგრატიონთა ალამი გვამცნებს: მეწამული ფერით ალამის ამმართველი ჯერ კიდევ შუანა ანუ ადამიანურ ფენშია მოქცეული, ხოლო თანვე თეთრი ზოლი მას თითქოს წინასწარ აქვს მოზმული - ზედა ანუ ღვთიური ფენი…

დედა ღვთისმშობლის სანათესაო საუკუნეებში გაბრწყინდა - ბაგრატიონთა გვარმა მრავალი დიდად ამაგდარი მამულიშვილი წარმოშვა, საკმარისია, მარტო ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულნი რომ ჩამოვთვალოთ: აშოტ კურაპალატი, დავით აღმაშენებელი, დემეტრე დავითის ძე, თამარ მეფე, დემეტრე თავდადებული, ლუარსაბ მეორე, ქეთევან დედოფალი… მათ გარდა ხალხის ხსოვნაში უჭკნობი გვირგვინი დაიმკვიდრეს: ბაგრატ მესამემ, გიორგი ბრწყინვალემ, სვიმონ მეფემ, ალექსანდრე დიდმა, სოლომონ მეფემ, საქართველოდან დაშორებით უხრწნელი სხეულით განისვენებს მეფე თეიმურაზ მეორე; თვით სხვათა ქვეყანაში - რუსეთშიც კი გაბრწყინდა ამ დიდებული გვარის შთამომავლობა - რუსეთის მეფის - ჩვენი ერეკლე პირველის ძის, პეტრე პირველის და დიდი მხედართმთავრების - უფლისწულ ალექსანდრესა და პეტრე ბაგრატიონის სახელებით.

ბაგრატიონთა გვარი იქცა ერისა და ქვეყნის სიმბოლოდ - საქართველოსთვის ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი, როდესაც საქართველოს სამეფოს სამთავროებად დაშლას ეყრებოდა საფუძველი, სვანეთის ერთ-ერთი თემი ისევ და მხოლოდ მათი მედროშეობით აღავლენდა ერთიანი საქართველოსთვის ლოცვას: „წმიდაო მთავარანგელოზო მუხერისაო... ადიდენ მეფენი ბაგრატონიანნი... ერთობილი საქართველო და ერთობილნი სვანნი“.

ბაგრატიონთა მეფობა შეწყდა ღვთის გარეგანი უფლისწულის, გიორგი მეთორმეტის ძის, ვოლტერიანული სულისკვეთებით აღზრდილი უღმერთო დავითის პერიოდში. დღეისათვის კი, ღვთისმშობლისადმი, ამ გვარისა და მთელი საქართველოს სახელით, ცდა არ უნდა დააკლოს ქართველობამ, რათა ერთობლივი სინანულით მოულბოს გული ზეციურ დედოფალს ღვთივკურთხეულ გვარიშვილთა მეფობის დასაბრუნებლად!





ზეციური ქართულით ამეტყველებული საღვთო წიგნები



ღირსმა მამამ, იოანემ, რომელსაც საერო მოღვაწეობის ჟამს მეფის ერთგული მრჩეველისა და სწორუპოვარი მხედართმთავრის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, ქრისტეს სიყვარულით მიატოვა წუთისოფელი და სამშობლოდან დაშორებით, ათონის წმიდა მთაზე სათნოებით მსახურებდა ღმერთს. უფლის განგებით იოანემ, ათონის მთაზე მოიყვანა თავისი ვაჟიც, მანამდე ბიზანტიის იმპერატორის კარზე მძევლობაგამოვლილი ექვთიმეც.

მაგრამ ყრმა ექვთიმე ათონზე მძაფრმა სენმა შეიპყრო და სიკვდილს მიეახლა, ისე, რომ აღარც სიტყვის თქმა შეეძლო და აღარც ხმის ამოღება. ღირსმა იოანემ დაკარგა მისი გადარჩენის იმედი, ჩავიდა ტაძარში და მხურვალე ცრემლებით ევედრა შეწევნას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. შემდეგ უხმო მღვდელს, რათა ამოსულიყო და ეზიარებინა მომაკვდავი, და თვითონაც სასწრაფოდ შვილის სენაკს მიაშურა.

„გავაღე სენაკის კარი - იხსენებდა შემდგომში ბერი იოანე - და შევიგრძენი საკვირველი კეთილსურნელება, რამეთუ მოხედა სნეულს ღვთისმშობელმა და ვიხილე, ექვთიმე, მისი მადლით იჯდა საწოლზე მრთელი და უვნებელი. შეკრთა ჩემი გონება და ვკითხე მას:

- რა არის ეს, შვილო?

მან მომიგო: - ახლახან წარმომიდგა ვინმე დიდებული დედოფალი და მითხრა ქართული ენით: - რა არის, რა გტკივა, ექვთიმე?

ხოლო მე ვუთხარი: - ვკვდები, დედოფალო!

ეს რომ ვთქვი, მომიახლოვდა, მომკიდა ხელი და მითხრა:

- არავითარი ვნება შენთან აღარ იქნება, ადექი, ნუ გეშინია და ქართულად უნაკლოდ ილაპარაკე! ჰოდა, როგორც მხედავ, სრულებით არაფერი მტკივა“.

ამ ჟამამდე დიდხანს უცხოობაში ნამყოფი ექვთიმე ძნელად საუბრობდა ქართულად და იოანე ფრიად სწუხდა ამის გამო, ხოლო ამ დღის შემდეგ შეუწყვეტლივ, როგორც წყარო, ამოდიოდა მისი პირიდან ქართული სიტყვა, ყველა ქართველზე უფრო წმიდად.

მამამ აკურთხა საკუთარი ძე, შედგომოდა საღვთო წიგნების ბერძნული ენიდან ქართულზე თარგმნას:

- შვილო ჩემო, ქართლისა ქვეყანაი დიდად ნაკლულოვან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლიან და ვხედავ, რომ ღმერთსა მოუმადლებია შენთვის ნიჭი სიტყვისა. იღვაწე, რათა განამრავლო სასყიდელი შენი ღვთისაგან!

და ექვთიმეც, ქებული მამის ღირსეული შვილი, „ვითარცა იყო ყოველსავე ზედა მორჩილ, მოსწრაფედ შეუდგა ბრძანებასა მისსა და იწყო თარგმნად“.

ექვთიმე გრძნობდა ბიბლიის თითოეულ სიტყვას, როგორც ცოცხალ არსებას და ხედავდა მას სხვადასხვა სულიერ განზომილებაში, რადგანაც თვით ღვთისმშობლისაგან ჩანერგილი ღვთაებრივი ქართული ენით თარგმნიდა საღვთო წიგნებს და არწყულებდა ყოველთა ქართველთ ღვთაებრივი ღვინით.

კიდევაც მეტი! როდესაც ყრმა ექვთიმე უნაკლო ქართულით აამეტყველა დედა ღვთისმშობელმა და დღეს ამ ქართულით თარგმნილი საღვთისმეტყველო წერილობითი ძეგლებით ვსარგებლობთ, ყველა საფუძველია ვარაუდისათვის, რომ იმ დამწერლობის სრულქმნაში, რომლითაც შეიქმნა ეს წიგნები, შუძლებელია მონაწილეობა არ მიეღო თავად ყოვლადწმინდას, რადგან ჩვენს სამობით ანბანს: ასომთავრულს, ნუსხა-ხუცურს და მხედრულს, ვითარცა წმიდა სამებას, ერთი საიდუმლო განშტოება აქვს - ნუსხა-ხუცური, წმიდა წერილთა საკითხავი, ხოლო მხედრული ისე გამომდინარეობს ასომთავრულისაგან, როგორც ახალი აღთქმა - ძველისაგან. და სრულყოფილებით, სინატიფითა და მომჯადოებელი სილამაზით, ჩვენი ანბანი არცერთ მიწიერ ანბანს არა ჰგავს - შორს აღარ არის ის დრო, როდესაც ქართული სიძველენი გაამხელენ, რომ დედა ღვთისმშობლის ღვთაებრივი მადლის ნაყოფია იგი!






ზღვით მოვლენილი ხატი
ივერიის ტაძრის კარიბჭეში




ათონის მთაზე, ივერონის ტაძრის კარიბჭეში, სუფევს ივერიის ღვთისმშობლის ხატი - თავისი ნებით მობრძანებული, რათა ყოველ კეთილმორწმუნეს ამცნოს ქართველთა მიმართ საკუთარი მეოხება და მფარველობა - როგორც თავად აუწყა ქართველ ბერებს: „ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას.

ეს ხატი, რომელიც გადმოცემის თანახმად, ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი, მე-9 საუკუნეში ერთი ღვთისმოშიში ქვრივი დედაკაცის კუთვნილება იყო, რომელიც ქალაქ ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა. ბიზანტიაში, ხატთმებრძოლობის ერესის დროს, როდესაც მწვალებლები მთელ ქვეყანაში დაეძებდნენ და ანადგურებდნენ ხატებს, ამ დედაკაცის სახლსაც მიადგნენ და ერთ-ერთმა მხედარმა შუბი აძგერა წმიდა ხატს. ხატის დაზიანებული ნაწილიდან, ღვთისმშობლის ღაწვიდან, სისხლი გადმოდინდა. დედაკაცმა, იმის შიშით, რომ უარესი არ ჩაედინათ, ფული შეაძლია იმპერატორის მხედრებს და სთხოვა - დილამდე მაინც ედროვებინათ და ხატისთვის ხელი არ ეხლოთ. ღამით ქვრივმა თავის ვაჟიშვილთან ერთად ხატი ზღვის ნაპირზე გააბრძანა და წყალში ჩაუშვა იმ იმედით, რომ ღვთისმშობელი თავის ხატს თავად დაიფარავდა. ეს ამბავი შემდგომში ქვრივის ვაჟიშვილმა ჩაიტანა ათონის მთაზე, და, როდესაც მრავალი ათეული წლის შემდეგ, ხატი ათონის წმიდა მთის ნაპირებთან გამოჩნდა, ბერებმა უკვე იცოდნენ მის შესახებ. თუ სად იმყოფებოდა ამ ხნის მანძილზე ღვთის დედის საკვირველთმოქმედი ხატი, უწყის მხოლოდ უფალმა...

ბერები რამდენიმე დღის განმავლობაში ხედავდნენ ზღვიდან ზეცად აღმავალ ცეცხლოვან სვეტს. ისინი ამ ხატის ბოძებას ევედრებოდნენ უფალს, მაგრამ მხოლოდ ათონის ივერთა მონასტრის კეთილმსახურ ბერს, გაბრიელს მიეცა მადლი ზღვის ტალღებზე სასწაულებრივად გავლისა და ხატის გამობრძანებისა, რომელსაც ივერთა ტაძრის საკურთხეველში მიუჩინა ნავთსაყუდარი, მაგრამ ხატმა მეორე დღეს ტაძრის კარიბჭეში გადაინაცვლა. და ასე განმეორდა რამდენჯერმე - საკურთხეველში შებრძანებული ხატი ისევ კარიბჭეს უბრუნდებოდა. ბოლოს ღვთისმშობელი ისევ გამოეცხადა ძილში გაბრიელს და უთხრა: „აუწყე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენგან მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვიყო თქვენი მფარველიცა და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც.»

ამის მოსმენამ ძმებს ენით გამოუთქმელი სიხარული მოჰგვარა. მათ ყოვლადწმიდა ქალწულის სადიდებლად სავანის კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და მისი საკვირველთმოქმედი ხატიც იქ დაასვენეს. მას შემდეგ ხატი ღვთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება „პორტაიტისად“ ანუ „კარიბჭისად“ და, რადგანაც მან ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად, ეწოდება „ივერიის ღვთისმშობელი“. ხატს ძველთაგანვე კიდევ ერთი სახელი შეარქვეს - „მწყალობელი“. მისგან შექმნილი მრავალი ასლის სახით იგი ყველა მართლმადიდებელ ერში დაემკვიდრა და ამიტომაც ივერთა მონასტერს მსოფლიოში ასზე მეტი დიდი მეტოქიონი, ანუ ქვემონასტერი ჰქონდა.

დედა ღვთისმშობლისაგან ქართველთა მონასტრისადმი მიგებული ესოდენ დიდი პატივი და თანაგრძნობიერი ყურადღება, გარდა კეთილკრძალული ქართველი ბერების ღვაწლის დაფასებისა, უთუოდ მის წილად რგებული სამწყსოს - საქართველოს მიმართ მადლიერების გამოხატულებაც იყო, რომელსაც ხატთმებრძოლობის საყოველთაო გავრცელების ჟამს ამ მწვალებლობის მწიკვლი არ შეხებია!

ივერიის მონასტერში დაცული ხატის დიდება მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში გავრცელდა. ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ათონელ მამათა მოწმობით „ყველაზე დიდი სახალხო სიყვარულით სარგებლობს“ წმიდა მთაზე. მისი დღესასწაული აღინიშნება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. საკვირველთმოქმედ ხატს ლიტანიობით მიასვენებენ ზღვის ნაპირას, სადაც იგი პირველად გამოაბრძანა ღირსმა მამამ გაბრიელმა და იქვე მდგომ ღვთისმშობლის ეკლესიაში აღასრულებენ საღვთო ლიტურღიას.



ღვთისმშობლის კვართი საქართველოში

ღვთის დედის პატიოსანი სარტყელი, კვართი და ვლაქერნის ღვთისმშობლის საწაულმოქმედი ხატი სხვა სიწმი­დეებთან ერთად ღვთის ნებით საქართველოში მოხვდა - ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ინახება ერთ-ერთი უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვია — პატიოსანი სამოსელი (კვართი) ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. გადმოცემის მიხედვით, ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინოპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმინდა ადგილების მოსალოცად. მასპინძლებთან სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს — ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის წინ, ის სხვისთვის, ქალწულისათვის გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმიდე ამ ოჯახში. ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმიდა სამოსლით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და საგვარეულო ტაძარში დააბრძანეს, რომელიც წმიდა მოციქულთა პეტრეს და მარკოზის სახელობისა იყო.

469 წლის 2 ივლისს წმინდა გენადი კონსტანტინოპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერისი პატივით გადაასვენა ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე; ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმიდა ომოფორი და სარტყლის ნაწილი.

ადგილობრივი გადმოცემით, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ვლაქერნის ტაძრის სიწმინდეები იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერში მოხვედრილა. როცა სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა ჯვრის მონასტერი განაახლა, მან იქვე მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს შესთავაზა საქართველოში, სამეგრელო­ში ჩამოსვლა და კორცხელის მონასტრის წინამძღვრობა. კორცხელის მონასტერი ჯვრის მონასტრის მეტოქიონი გახდა. ნიკოლოზი სამეგრელოში ჩამოვიდა და 1632-1657 წლებში ხობის მონასტერში მოღვაწეობდა. შინა და გარეშე ომებისაგან დაქსაქსული და ძალ-ღონისაგან დაცლილი საქართველო ვეღარ პატრონობდა ჯვრის მონასტერს, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ნიკოლოზს ჯვრის მონასტერში დაცული სიწმინდეები საქართველოში მოებრძანებინა.

ღვთისმშობლის კვართის ადგილსამყოფელი ქართველთათვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვის მატარებელია - უფლის დედის მიერ მოქსოვილი მისი მხოლოდშობილი ძის კვართი იბერიის უძველეს სატახტოში - მცხეთაშია დასვენებული, ხოლო თვით ღვთისმშობლის კვართი - კოლხეთის გულში, რაც კოლხ-იბერთა სახელმწიფოს - საქართველოს - განსაკუთრებულ საღმრთო მადლმოსილებას ანიჭებს!

რა თქმა უნდა, შემთხვევითი არც ისაა, რომ სვეტიცხოვლობის დღესასწაული ჩვენმა ეკლესიამ სწორედ იმ დღეს დააწესა, როდესაც აღინიშნება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული. ამით ეკლესიამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ ღვთისმშობლის წმიდა ხელით ნაქსოვი საუფლო კვართის ივერთა ქვეყანაში წარმოგზავნა მისი მიზეზით მოიმოქმედა საღვთო განგებულებამ და რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია მაცხოვართან ერთად ჩვენი საფარველი.

ღვთისმშობლის კვართს ბევრი სასწაული უკავშირდება. პირველი სასწაული 632 წელს არის დაფიქსირებული. ცნობილია, რომ მან ორჯერ გადაარჩინა ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი სარკინოზთა და ეგვიპტელთა შემოსევების დროს.

ერთი სასწაული საქართველოში 1891 წელს დაფიქსირდა. ყაჩაღებმა ხობის მონასტრიდან კვართი გაიტაცეს. საძებნად მთელი ხობი და სამეგრელო ფეხზე დამდგარა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, 3 დღის შემდეგ, უეცრად კვართი ცისკრის ვარსკვლავით განათებულ ადგილას იპოვეს. სიწმინდე მონასტერში დააბრუნეს.

ყოველი წლის 15 ივლისს (ძვ. სტ. 2 ივლისი), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის შემოსვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ტარდება წირვა-ლოცვა, ხდება კვართის გადმობრძანება დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან. დღესასწაულზე კვართზე სამთხვევად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მართლმადიდებლები.



ქართველი მეომრების მარადი შემწე - ღვთისმშობელი



ღვთისმშობელი მარადის შეეწეოდა ქართველებს უთანასწორო ბრძოლებში ურჯულოთა მრავალრიცხოვანი ურდოების წინააღმდეგ. საქართველოში „ოქროს ხანად“ წოდებული დროება ღვთისმშობლის ქმედითი დახმარების გარეშე როდი დამკვიდრებულა.

მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული თამარ მეფე ღვთისმშობელს ავედრებდა მისი წილხვდომილი ქვეყნის კეთილდღეობას და სწორედ დედა-ღვთისმშობლის მეოხმყოფელობით, მისი ხელმწიფობისას იქნა გარდახდილი ბრძოლის ველზე არაერთი ძლევამოსილი ომი.

როგორც ქვეყნის კეთილდღეობის ჟამს იყო სულისჩამდგმელი ქართველთა საბრძოლო გამარჯვებებისა, ღვთისმშობელი ასევე მხსნელად ევლინებოდა დროთა უკუღმართობით გარეშე ქვეყნის დროშის ქვეშ მეომარ ქართველობასაც.

მონღოლთა ბატონობის ჟამს, ქართველები დამპყრობლებთან ერთად იბრძოდნენ სპარსელების მიუვალი ალამუთის ციხე-სიმაგრის დასაპყრობად. ერთ დილას მონღოლებმა თავიანთი მეთაური - ნოინი მოკლული იპოვეს და ღალატი ქართველებს დააბრალეს, რომელთა მიმართაც ბოლომდე არ ჰქონდათ ნდობა. ქართველების წინააღმდეგ აღმდგარი მონღოლი მოლაშქრეების საპასუხოდ ქართველები ღირსეულად დახვედრას აპირებდნენ, მაგრამ რამდენიმე მხედართმთავარმა გადაწყვიტა, თავის თავზე აეღო მკვლელობა და დანარჩენი თანამოძმენი გადაერჩინა.

ამ საბედისწერო ნაბიჯის გადადგმამდე კი, სარდალმა, გრიგოლ სურამელმა, მთელ ქართულ ლაშქარს მოუწოდა უფლისათვის მიენდოთ საკუთარი ბედი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის ეთხოვათ დახმარება და ამისთვის სამჯერ მოედრიკათ ლოცვით მუხლი და ერთობლივი ვედრებით წაეკითხათ შესხმა მისი: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენა ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა“.

მოწოდებისთანავე მთელმა ლაშქარმა დაიჩოქა და ერთხმად აღავლინა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი. უეცრად, შორიახლოს ლელქაშებიდან გამოხტა კაცი, რომელსაც ხელთ ეპყრა სისხლიანი მახვილი და მთელი ხმით დაიძახა სპარსულად: - მან ქუშტემ ჩაღატა („მე მოვკალ ჩაღატა“)!

ქართველების წინააღმდეგ დაძრული მონღოლები გამოენთნენ მიწიდან ამომძვრალ სიკვდილის მაძიებელს, შეიპყრეს და თავიანთ ნოინებს მიჰგვარეს. როგორც გამოირკვა, იგი მულიდთა შორის გამორჩეული პიროვნება ყოფილიყო და ასრულებდა ასასინთა მთავრების განსაკუთრებულ დავალებას - მოეკლა ოთხ ნოინთაგან ერთ-ერთი. ხოლო როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა იყო მიზეზი, რომ დამალულმა კაცმა სწორედ ახლა გაამხილა თავისი საქციელი, პასუხად შემდეგი რამ მოუთხრო მონღოლებს მკვლელმა:

ხშირ ლერწმიანში მას უეცრად თავს წამოსდგომია უმშვენიერესი ქალბატონი, რომელსაც მკაცრად დაუტუქსავს, როგორ ჩაიდინა, რომ კაცი მოკლა და დაიმალა; ახლა მრავალი ადამიანი უდანაშაულოდ უნდა დაიღუპოს მისი მიზეზით! მას უკითხავს: - რა ვჰყო, დედოფალო? რაზედაც იმ ქალბატონს უბრძანებია, წაჰყოლოდა იქ, სადაც თავად წავიდოდა და განეცხადებინა, რომ მან მოკლა ჩაღატა და ამით მრავალი უცოდველი ადამიანი ეხსნა სიკვდილისაგან. ისიც დამორჩილებია. ქალბატონს იგი მონღოლთა მხედრობის სიახლოვეს მიუყვანია და, როგორც კი მან თავისი დანაშაული ხმამაღლა აღიარა, ქალი გაუჩინარებულა და თვით მარტოღა შერჩენილა მტრის წინაშე. მონღოლებმა მეტის თქმა აღარ დააცადეს, ხმლით განკვეთეს ნოინის მკვლელი.

ასე იხსნა თავისზე მლოცველი ერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა!



ქართველთა სარწმუნოებრივი ღირსების უწყება ღვთისმშობლისაგან უცხო გვარტომის ქრისტიანთათვის



ღვთისმშობელი თვით აუწყებდა ყოველთა ქრისტიანთ საკუთარ მფარველობას ქართველთადმი. სწორედ მისგან იცოდა დიდმა ღვთისმეტყველმა, ნიკოდიმოს მთაწმინდელმა, რომ დედა ღვთისა იყო მფარველი ივერიისა. ერთი ასეთი შემთხვევა აღწერილია წმიდა ილარიონ ქართველის ცხოვრებაშიც, სადაც გადმოცემულია ღვთისმშობლის მეოხება ამ ბერის ღვთისსათნომყოფელ საქმიანობაში.

ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, საბა წმინდის ლავრასა და იორდანეს უდაბნოში სულიერი წვრთნითა და შრომით განვლილი შვიდი წლის შემდგომ, სწორედ მარიამ ღვთისმშობელმა აღუსრულა უფლისადმი აღვლენილი თხოვნა, ეუწყებინა, თუ სად იყო მისთვის უმჯობესი მსახურება. ღვთისმშობელმა გაუმხილა, რომ იგი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო და იქ ეღვაწა ღვთის სადიდებლად.

მოგვიანებით, სამშობლოდან დიდებასა და პატივს გამორიდებულ ილარიონს ისევ დედა ღვთისმშობელმა დააფარა თავისი მოწყალების კალთა. ორ ქრისტესმიერ ძმასთან ერთად, ულუმბოს მთაზე მცირე ეკლესიას უბრალო მწირის სახით შეხიზნულს, მამასახლისი უპირებდა ეკლესიიდან განტევებას, რაკიღა არ უწყოდა უცხო ენაზე მეტყველთა ჭეშმარიტი ვინაობა.

მამასახლისს ღამით ღვთისმშობელი გამოეცხადა და წყრომით ამცნო, რომ იგი იმ ადამიანებს უპირებდა გაძევებას, რომლებიც უფლის სიყვარულისთვის ჩამოსულიყვნენ; ამასთანავე, თავისი საქციელით იგი უფლის მცნებასაც არღვევდა უცხოთა შეწყნარების შესახებ. ულუმბოს მთაზე მანამდეც ხშირად იყვნენ ნამყოფნი უცხო სტუმრების მშობლიურ ენაზე მეტყველნი, და აწმყოსა და მომავალში ვინც მათ არ შეიწყნარებდა, ისინი ყოველთვის იქნებოდნენ მტრები თვით ღვთისმშობლისა: „ჰოი, უბადრუკო, რაჲსა ინებე განძებაჲ უცხოთაჲ მათ, რომელნი მოსრულ არიან სიყუარულისათჳს ძისა და ღმთისა ჩემისა და დაუტეობია ქუეყანაჲ მათი და არა დაიმარხე მცნებაჲ იგი უცხოთა და გლახაკთა შეწყნარებისათვის, ვითარ-ეგე ეტყჳს მდიდარსა მას უფალი ჩემი და ძე ჩემი. ანუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკვიდრებულ არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი და ცხოვრებად არიან ღმრთისა მიერ? და რომელნი მათ არა შეიწყნარებენ, მტერ ჩემდა არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა ნათესავი იგი შეურყეველად მართლმადიდებლობისათჳს მათისა, ვინაჲთგან ჰრწმენა სახელი ძისა ჩემისაჲ და ნათელ იღეს“!

ასე მკაცრად აფრთხილებდა მამასახლისს ღვთისმშობელი და შეაგონებდა, რომ ის უცხო ხალხი თავის ენაზე უფალს მისი დიდების შესატყვისად ამკობდა!

მეორე დილით, ძილისაგან გამოფხიზლებული მამასახლისი ფერხთ ჩაუვარდა მამა ილარიონს და შენდობის თხოვნასთან ერთად, აფიცებდა, არ წასულიყო მათგან და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასჯელის ღირსი არ გაეხადა იგი.

წმიდა ილარიონი დაჰყვა მამასახლისის ნებას. ახალ სამკვიდროში მან მალე გაითქვა სახელი სასწაულთქმედებებითა და ქრისტიანული სწავლების ქადაგებით. მთელმა ბიზანტიამ გაიგო წმიდა ილარიონის მოღვაწეობის ამბავი, მრავალი მოდიოდა მასთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად თუ ღვთივსულიერი საუბრის მოსასმენად. მისმა სათნო ცხოვრებამ ბევრს გაუღვიძა საღვთო შური და ღირსი მამის ხელით მონაზვნობა მიიღო. მრავალი მომსვლელი ცდილობდა სხვადასხვა მოსაკითხით დაესაჩუქრებინა, მაგრამ იგი ყველას უარით ისტუმრებდა, პასუხით:

- მზრდის ჩვენ წმიდა ღვთისმშობელი და არა დამაკლებს ჩვენ ხორცთა საზრდელსა!

ხოლო რაც განსაკუთრებულად საგულისხმოა, მამა ილარიონის მამასახლისთან მომხდარი ინციდენტის მაგალითზე, ყველა ქრისტიანისათვის ცხადი უნდა გამხდარიყო, რომ ქართველები უფლის დედის განსაკუთრებული მეოხმყოფობის ქვეშ იმყოფებიან და მათს ენაზე აღვლენილი საუფლო ლოცვები სათნოეყოფიან მას!





წილხვედრი ქვეყნის მოლოდინი





არსებობს გადმოცემა, რომ სანამ კარიბჭის საკვირველთმოქმედი ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელს ქვეყნიერებას მოჰფენს მართლმადიდებლობის წმიდა ნათელს და ჯოჯოხეთის ძალები ვერ მოერევიან მას. მაგრამ დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება ისეთივე იდუმალი გზით, როგორც მოვიდა. მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმიდა მთა, როგორც ქრისტიანებმა მიატოვეს იერუსალიმი რომაელთა შემოსევის დროს. ქვეყნის აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ეს იქნება. ათონზე იყო ჩვეულება: ყოველ კვირას ივერთა სავანის კარიბჭესთან მოდიოდნენ ყველა მონასტრის წარმომადგენლები, რათა გაეგოთ, იყო თუ არა ხატი თავის ადგილას; თაყვანს სცემდნენ მას როგორც წმიდა მთის იღუმენიას და ბრუნდებოდნენ თავიანთ მონასტრებში სასიხარულო ამბით, რომ ღვთისმშობელს ჯერ არ მიუტოვებია ათონი, რომ წმიდა მთაზე მართლმადიდებლობის სული კვლავინდებურად ნათელი და წმიდაა.

ამ გადმოცემას უკანასკნელი ჟამის დადგომას უკავშირებენ და გვამცნობენ, რომ, როდესაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი და, მასთან ერთად, ღვთის სათნომყოფელი ბერები დატოვებენ ათონის მთას, მთა ზღვაში დაიძირება და თვით ხატი თავის სამშობლოს მოაკითხავს. ქართულ მართლმადიდებლურ მრევლში არსებული გამოცხადებითა და მასთან შეთანადებული ათონელი ბერების ნათელხილვებით, დედა ღვთისმშობლის ხატის სავარაუდო მასპინძლობა თბილისსა და მახათას მთას დაეკისრება, სადაც უკვე იგება დედა ღვთისმშობლის ხატის მობრძანებისათვის დასახვედრად საკადრისი სამონასტრო კომპლექსი.[1]

ამ წმიდა ნაგებობისათვის გზის დამლოცველ მომცრო ფორმატის უწყებანში ვკითხულობთ:

„ივერიის ყოვლადწმიდა ღთისმშობლის ხატის გამოცხადებაში ღვთისმშობელმა ბრძანა, რომ იგი ყველაფერს აკეთებს საქართველოს გადასარჩენად, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, თუ თვით ქართველი ერი არ გამოიჩენს ერთგულებასა და სასოებას თავისი მფარველისადმი. მან მოუწოდა ქართველ ერს ეკლესიური ცხოვრებისაკენ, ლოცვისაკენ, განსაკუთრებით ღვთისმშობლის მიმართ - და თბილისში, მახათას მთაზე, ივერიის წმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და მონასტრის მშენებლობისაკენ.

ღვთისადმი მადლიერება ქართველი ქრისტიანებისა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვლინდეს ღვთის მიერ მისთვის დადგენილი მფარველის - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი სიყვარულსა და მისდამი სასოებაში. ქართველმა ერმა, ნიშნად უღმრთოების ჟამის მონანიებისა და ღვთისადმი განახლებული სიყვარულისა, დიდებული ტახტი დაუდგა ყოვლადწმიდა სამებას ელიას მთაზე. ასევე საქართველო მოვალეა თავისი ზეციური მფარველის წინაშე გამოხატოს სინანული და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მახათას მთაზე დაუდგას ტახტი მისდამი რწმენისა და ჭეშმარიტი სიყვარულისა.“

ნიშანდობლივია, რომ ათონელი ბერები, რომლებიც, როგორც წესი, არასოდეს ტოვებენ თავიანთ ეკლესია-მონასტრებს, უკვე იყვნენ სტუმრად მახათას მთაზე, სადაც აგებული მამათა მონასტერი და ეკლესია უკვე გამზადებულია საქართველოს მფარველისა და მეოხის - წმიდა საკვირველთმოქმედი ხატის დასახვედრად!

შემთხვევითი როდია დედა ღვთისმშობლის საქართველოში ჩამობრძანება: ჯერ კიდევ მეათე საუკუნეში იწინასწარმეტყველა ქართველმა ბერმა - იოანე-ზოსიმემ, რომ ბოლო ჟამს ღმერთი ამხელდა აპოსტასირებულ მსოფლიოს - ღმერთისაგან განდგომილ მთელ ქვეყნიერებას ქართული ენით.

იოანე-ზოსიმე ამბობს, რომ „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს“, რაშიც იგი გულისხმობს, რომ საქართველო გადმოცემით ღვთისმშობლის წილხვდომილია - მხოლოდ დედა ღვთისმშობელს შეიძლებოდა სცოდნოდა, რას ნიშნავს სამყაროსათვის ქართული ენით გაცხადებული ჭეშმარიტება და რას მოუტანს იგი ცოდვებში დანთქმულ კაცობრიობას!

გიორგი ერიშვილი


[1] ნიშანდობლივია, რომ ერთ_ერთი ქართული საეკლესიო გადმოცემით, თვით ქალაქი თბილისი დაფუძნებულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობაზე, ანუ, ღვთის ნებით, ეს არის ღვთის დედის ქალაქი!


http://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=41&id=490

Комментариев нет:

Отправить комментарий