ღმერთი

ღმერთი

среда, 14 августа 2013 г.

1937 წელი...VII

   "ბიტოვიკებმა" ქვაბები მიატოვეს და წავიდნენ.
რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდა ზედამხედველი და "სტაროსტა" გამოიძახა. მიშა სადღაც წაიყვანეს. საღამოს ხალხმა კერძი მოითხოვა, როგორიც არის, მივიღოთო. გაცივებული "ბალანდა" სტაროსტის მოადგილემ შემოიტანა და, როგორც იყო, იოლად გავედით. ორი კვირის განმავლობაში მიშა პირველი არ ჩანდა. ბოლოს გამოჩნდა წვერმოშვებული, გაბურძგნილი; ჩვენს შეკითხვაზე, თუ სად იყო ამდენ ხანს, - თავი დამანებეთ, ერთი თქვენი "სტაროსტაცო", - ასე გვიპასუხა. თურმე კარცერში ჩაესვათ და ეთქვათ:

- თქვენ ისევ პარლამენტი მოისურვეთ? "სტაროსტა" გადაგირჩევიათ, ახლა კერძებსაც გვიწუნებთ, მალე ალბათ სხვა რამეებსაც მოგვთხოვთ. ახლა აქ ჩაჯექი და როცა დაბრუნდები, ხალხს უთხარი, რომ თუ ისევ ადამაშვილს არ აირჩევენ, დამატებით პურს სამუდამოდ დაემშვიდობოს თქვენი საკანიო. ჩვენც, სამი დღის უპურობის შემდეგ, ისევ ადამაშვილი ავირჩიეთ და მანეთნახევრიანი "პაიოკები" ისევ გაჩნდა. ალბათ, ციხის ადმინისტრაციაც იყო გარეული დამატებითი პურის გაყიდვის საქმეში. მე და მიშა პირველი მუხლმიბჯენილები ვისხედით და ერთად ვიყავით ძილშიც და ჭამაშიც - ჩვენს 30 სანტიმეტრ ფართობზე.

1938 წლის იანვრის ბოლოს თუ თებერვლის პირველ რიცხვებში ციხეში ამბავი მოვიდა: სკპ(ბ) ცეკას პლენუმი ყოფილა, მოხსენებით სტალინი გამოსულა, პლენუმს ცილისმწამებლების შესახებ უმსჯელია და დადგენილება მიუღიათ. მთელ საკანში უდიდესი საზეიმო განწყობილება გამეფდა: პარტიამ გაიგო სიმართლე, ახლა კი ყველას გაგვიშვებენო. ქუდებს ჭერში ისროდნენ, რა თქმა უნდა, გაგიჟებამდე გვინდოდა, გაზეთში წაგვეკითხა ცეკას პლენუმის მასალები. ერთ დილას საკნის კართან მოვიდა პარიკმახერი-პატიმარი, რომელსაც ქალაქში სიარულის ნებართვა ჰქონდა. ჭუჭრუტანიდან იქვე მდგომ პატიმარს უთხრა - სამ-სამი მანეთი შეაგროვეთ, ქალაქში მივდივარ და ერთ საათში გაზეთს მოგიტანთო. ერთ საათში 750 მანეთი შეგროვდა. პარიკმახერმა გაზეთი "მუშა" მოიტანა, რომელშიც პლენუმის მასალები (მოხსენება, რეზოლუცია) იყო მოთავსებული. 750 მანეთი წაიღო, გაზეთი მოგვცა და გვითხრა - ჩქარა წაიკითხეთ, ერთ საათში მოვალ და უკანვე მომეცით, სხვა საკანსაც უნდა მივცეო.
გაზეთი მოიტანეს. მასალებს გავეცანით, ვკითხულობდით, რა თქმა უნდა, ფარულად. მერე მოვიდა ის კაცი და გაზეთი წაიღო. საკანში დიდი ზეიმი ატყდა, ბევრი ამბობდა, ხვალვე გაგვათავისუფლებენ ყველასო. მე ამ აზრს არ დავეთანხმე, ვთქვი, რომ შეიძლება მომავალში რეპრესიები უფრო შემცირდეს, ასე ხელაღებით აღარ დააპატიმრონ მტყუანი და მართალი, მაგრამ ვინც უკვე ზის და, მით უფრო, რომლებსაც მისჯილი გვაქვს ვადები, ეს დადგენილება არ შეიძლება შეეხოთ-მეთქი. ამაზე პლატონ დანელიამ მითხრა:

- შენ ალბათ დამნაშავე ხარ და იმიტომ ლაპარაკობ ასე, თორემ რატომ არ უნდა გაგვათავისუფლონო.
- კარგი, პატივცემულო პლატონ, მე დამნაშავე ვარ და თქვენ მართალი. ალბათ ჩემზე ადრე გაგიშვებენ-მეთქი.
ჩემთან მოვიდა ძველი ბოლშევიკი ნიკოლოზ ამირაგოვი (ის სახკინმრეწვის და შემდეგ ცეკავშირის თავმჯდომარე იყო) და მითხრა:
- მიშა, ხედავ, როგორ გაგიჟდა ხალხი? შენ იზიარებ ამ განწყობილებას, ამ აზრს, რომ ჩვენს საქმეებს ხელახლად გადასინჯავენ და გაგვათავისუფლებენო?

- არავითარ შემთხვევაში, ბატონო კოლია! ჯერ ერთი, მაგ დადგენილებაში არსად არ არის ნათქვამი, რომ ჩვენი (ათასობით ადამიანის) დაპატიმრება შეცდომა იყო. მეორეც, კიდევაც რომ ცნონ შეცდომად ასეთი ოპერაცია (ეს ხომ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ხდება, მარტო საქართველო ხომ არ არის?), ამას ოფიციალურად არავინ აღიარებს. აბა როგორ შეიძლება ეს ირწმუნო, როცა დადგენილებაში ერთ-ერთ მთავარ ცილისმწამებლად დასახელებულია კუდრიავცევი (სკკპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის მეორე მდივანი), როდესაც ჩვენ ვიცით, რომ თვითონ კუდრიავცევი ცილისწამების მსხვერპლია, ისე როგორც ყველა ჩვენგანი.
- მართალი ხარ, - მითხრა ამირაგოვმა, - ასეთი დოკუმენტები ჩვენი აპარატის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა. ეს დოკუმენტი შექმნილია იმისათვის, რომ ვიღაცას გადააბრალონ საკუთარი შეცდომა. ახლა, ალბათ, კიდევ რამდენიმე კაცს დაიჭერენ როგორც ცილისმწამებლებს და საქმეც ამით დამთავრდებაო.
პლატონ დანელიას კი გულუბრყვილო აღტკინება ორკვირიან კარცერად დაუჯდა: მან ზედამხედველს უხეშ მოპყრობაზე უპასუხა:

- მორჩა თქვენი პარპაში, პარტიამ სიმართლე გაიგო და აწი ვეღარ იბატონებთო...
ციხეში წარმოუდგენელი სივიწროვე იყო (სივიწროვე - ამ სიტყვას არ შეუძლია გადმოსცეს ის სიტუაცია, რომელიც იქ სუფევდა). ახლა, რა ცოდვა-მადლის გაკითხვა იყო "საჭირო ოთახში" შესვლა: ორადგილიან საპირფარეშოში 15-20 კაცს ძალით შეგვყრიდა მორიგე ზედამხედველი, მიკეტავდა კარს. ჩვენ ვყვიროდით: "გაგვიშვით, არ გვინდა@!" ის კი შესჩერებოდა საათს და კვდებოდა სიცილით. როგორც კი ხუთი წუთი გავიდოდა, გააღებდა კარს, შემოვარდებოდა, როგორც ნამდვილი მხეცი და ხელდახელ გვერეკებოდა გარეთ. მეორე დილამდის, ქვეყანა რომ დაქცეულიყო, არავინ გაგიყვანდა საპირფარეშოში.

აი, ასეთ პირობებში ყველა ჩვენგანი ნატრობდა გადასახლებას, პატიმრების გამუდმებული ოცნება იყო, როდის გაგვგზავნიან ეტაპში, ხის ძირში ბუნებრივ მოთხოვნილებას მაინც მოვიხდიო.
ეტაპები მრავალჯერ შედგა, ხალხი მიჰყავდათ სადღაც ციმბირის, შორეულ აღმოსავლეთის მხარეს. ჩემი რიგი 5 მარტს დადგა. გამოგვიძახეს ციხის კანტორაში და ხელი მოგვაწერინეს განაჩენზე. მე გამომიცხადეს 10 წლის შრომა-გასწორების ბანაკში პატიმრობა. დღემდე გაუგებარია ჩემთვის, რატომ მომატყუა ოვიანმა, როცა 8 წელი გამომიცხადა. ებევრა ათი წელი და რვა ამჯობინა თუ უბრალოდ შეცდა, ვერ მივმხვდარვარ.
5 მარტს საეტაპოდ სხვებთან ერთად მეც გამომიძახეს ბარგიანად. ჩემს განაჩენში სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლი არ იყო მითითებული, უბრალოდ ვირიცხებოდი "კრე"-დ ანუ "კონტრრევოლუციურ ელემენტად". ასეთივე დღეში იყო პატიმართა უმრავლესობა, იმიტომ რომ თითქმის ყოველდღე სამეულები ასობით ბრალდებულს ასამართლებდნენ, სიჩქარეში ვეღარ ასწრებდნენ ბრალდების მუხლების დაზუსტებას, ან რაში სჭირდებოდათ, ვინ ეტყოდა, დამიზუსტე ბრალდებაო. ისიც უნდა ითქვას, რომ გამომძიებლები ტვინს არ იმძიმებდნენ იურისპრუდენციის ცოდნით, სამაგიეროდ მომარჯვებული ჰქონდათ კეტები, რომლებიც საუცხოოდ ცვლიდნენ ყოველგვარ განათლებას და გასაოცრად "ხსნიდნენ" საქმეებს.

ღამით მანქანებით გადაგვიყვანეს ნავთლუღის რკინიგზის სადგურში და ვაგონებში მოგვათავსეს. არა მგონია, სიცოცხლეშესანარჩუნებელი ადამიანი ისეთ დღეში ჩააგდოს კაცმა, როგორშიც ჩვენ აღმოვჩნდით: შეგვყარეს მანქანაში, თავზე ბარგი დაგვაყარეს და ბარგის ზემოდან კიდევ ხალხი დასვეს და მათაც ბარგი დააყარეს ზევიდან. უკვე ვიგუდებოდი, კიდევ 10 წუთს რომ გაგრძელებულიყო მგზავრობა, რამდენიმე კაცი უთუოდ სულს გავაფრთხობდით.

მანქანიდან რკინიგზის ვაგონებში გადაგვიყვანეს, გადაგვთელეს და თითო ვაგონში 65-65 კაცი მოგვათავსეს, ორსართულიან ნარებზე. გამთენიისას გააღეს ვაგონის კარი, გამოგვეცხადა ყარაულის უფროსი და მოგვმართა შემდეგი სიტყვებით:

- თქვენ ეი! კონტრებო! პარლამენტის შექმნას რომ აპირებდით, ეს გაპატიათ მთავრობამ და სიცოცხლე შეგინარჩუნათ. მაგრამ არ იფიქროთ, რომ თქვენი საქმე დამთავრებულიყოს. მატარებლის შემადგენლობას სპეციალური სამეული ახლავს, აქვე უსჯიან სიკვდილს. გირჩევთ, ჭკუით მოიქცეთ, არ იხმაუროთ, არ გაბედოთ დაცვასთან დალაპარაკება. თუ რამე მოგინდებათ, - ოღონდ ეცადეთ, ხშირად არაფერი მოგინდეთ, - ყიდვა ან სხვა რაიმე, მიმართეთ მხოლოდ იმ კაცს, რომელიც მაღლა სარკმელთან წევს. სრული სიჩუმე გზაში, თორემ რაც თბილისში გაპატიეს, იმას იქ აღარ გაპატიებენ.

ჩვიდმეტი დღე-ღამე ვიყავით მატარებელში, არავინ უწყოდა, საით მიდიოდა ჩვენი გზა. ზოგი ამბობდა, ციმბირშიო, ზოგი - შორეულ აღმოსავლეთშიო, ზოგი - კომის რესპუბლიკაშიო და, ვინ იცის, კიდევ რას არ გაიგონებდით. მაგრამ ჩვენ ერთი ვიცოდით: სადაც არ უნდა წავეყვანეთ, თბილისის ციხეს ყველაფერი სჯობდა. სჯობდა მორალურადაც და ფიზიკურადაც. სიკვდილით კი, სულერთი იყო, სად მოვკვდებოდით, თბილისში თუ სადმე ყინულეთში.

ვიატლაგის ჯოჯოხეთი

1938 წლის 22 მარტს ერთ თოვლიან ადგილას გაჩერდა ჩვენი მატარებელი, რამდენიმე საათის შემდეგ კარი გააღეს, მოვიდა უფროსი და გვიბრძანა, ბარგიანად ჩამოვსულიყავით. მერე კი გვიბრძანეს, წავსულიყავით ნაჩვენები მიმართულებით, დაახლოებით 1,5-2 კილომეტრის გავლის შემდეგ დავინახეთ რამდენიმე ხის სახლი. ამ ბარაკებში გაგვანაწილეს, იქ საკმაოდ ბლომად ხალხი დაგვხვდა. სწორედ აქ ხელმეორედ შევხვდი თბილისის შინსახკომის საპატიმროს ყოფილ სტაროსტას გოგი წულუკიძეს.

გავიკითხეთ: სად ვართ? გავიგეთ, თურმე ჩამოვსულვართ ვიატკის შრომა-გასწორების ბანაკში (ვიატლაგი), ყოფილი ვიატკის, ახლანდელი კიროვის ოლქის კაის რაიონში. რომელიღაც წიგნში მქონდა ამოკითხული - კაის რაიონში ძერჟინსკი იყო გადასახლებული. ამ ცნობის სისწორეს არ ვამტკიცებ, მაგრამ მე ეს მომაგონდა. ვიატკამ აგრეთვე გერცენის "ნამყო და ფიქრები" ("<სკჯტ ბ ლევს") გამახსენა. სამი წელიწადი დაჰყო გერცენმა ვიატკაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თავისუფალ გადასახლებაში იმყოფებოდა თვით ქალაქ ვიატკაში და არა ტყეში, კაის რაიონში... სამი დღე დავყავით ამ ე.წ. ვიატლაგის გამანაწილებელ პუნქტში. აქედან უნდა გავენაწილებინეთ და წავეყვანეთ ჩვენს მუდმივ სამყოფელ ადგილას. მართლაც, მესამე თუ მეოთხე დღეს დაიწყეს ხალხის გამოძახება, ჯგუფების (დაახლოებით 150-200 კაცის შემადგენლობით) შედგენა და გაგზავნა ბანაკის პუნქტებში (Kფუგეყრნ). ამ გამანაწილებელ პუნქტში სამი ათასზე მეტი კაცი იყო დაგროვილი გასანაწილებლად. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში მეც მოვხვდი.

რა იყო 1937?!

"ახლა, როცა პიროვნების კულტს გმობენ, მხოლოდ 1937-38 წლებს იშველიებენ ხოლმე სტალინის სისასტიკისა და დანაშაულთა საბუთად. ეს თარიღი მკაფიოდ აღიბეჭდება ადამიანთა გონებაში, თითქოს არც მანამდე და არც შემდეგ აღარავის იჭერდნენ, მხოლოდ 1937-38 წლებში... ეს კი ყველაზე ხალხუხვი, სამთაგან ერთი მძლავრი ნაკადი გახლავთ, რომლებიც პირთამდე ავსებდნენ ჩვენს, საბჭოურ საპატიმროთა სისტემის მასაზრდოებელ საკანალიზაციო მილებს.

მანამდე კი იყო -1929-30 წლების მასობრივი ნაკადი, რომელმაც 15 მილიონამდე გლეხკაცი, დედაწულიანად, ტუნდრასა და ტაიგაში ჩაიტანა. გლეხობა კი მორჩილი და მომთმენი ხალხია, ვერც საჩივრებს წერს, ვერც მემუარებს. ამიტომ მიინავლა და ლამის დავიწყებას მიეცეს მათი ხსოვნა ადამიანთა მეხსიერებაში, თუმცა ამაზე მძიმე დანაშაული სტალინს არ ჩაუდენია.

მოგვიანებით იყო - 1944-45 წლების ნაკადი, რომელმაც მილიონობით მოქალაქე და ყოფილი ტყვე (ჯერ გარეკილები გერმანიაში, მერე უკან დაბრუნებულები; აგრეთვე, სამხედრო ტყვეები) გაწირა ციმბირის ყიამეთში სასიკვდილოდ. ამ ნაკადშიც ძირითადად რიგითი ადამიანები იყვნენ... არც ისინი წერდნენ მემუარებს შთამომავლობისთვის.
1937 წლების ნაკადმა კი მაღალი რანგის ჩინოვნიკები, დიდი პარტიული სტაჟის მქონე ბოლშევიკები, რევოლუციის შემოქმედნი და მათთან ერთად ხურდაში მიყოლებული განათლებული, ინტელექტუალი პროფესიონალი მასა გაუყენა ჯოჯოხეთისკენ სავალ გზას. ჰკითხეთ, აბა, ყირიმელ თათარს ან ყალმუხელს, ჩეჩენს, რა იყო მისთვის 1937, იმასთან შედარებით, რაც საბჭოთა წყობამ არგუნა ხვედრად ან ლენინგრადელს, რომელმაც მანამდე 1935 გადაიარა, ბალტიისპირელმა კი - 1948-49. 1937-ის განუმეორებლობა იმაში მდგომარეობდა, რომ იმხანად დიდი მოხელეების თავები დაცვივდა..."

ალექსანდრ სოლჟენიცინი.
ფრაგმენტი ნაწარმოებიდან "არქიპელაგი გულაგი"


Комментариев нет:

Отправить комментарий