ღმერთი

ღმერთი

вторник, 13 августа 2013 г.

სიტყვა.

სიტყვა გონების მსახურია, რადგან გონებას რაც ნებავს, სწორედ იმას განმარტავს სიტყვა.
უმჯობესია, არა - სიტყვით მბრწყინავი სიბრძნე, არამედ - საქმით დამოწმებული.


საქმეები სიტყვებზე მეტად მეტყველებენ.


ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.


ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.


ცუდია, როცა ენა წინ გისწრებს, ჭკუა კი უკან გრჩება.


კეთილი სიტყვა მრისხანების ხანძარს წყალივით ჩააქრობს.


სადაც სიტყვა მრავლადაა, იქ, ჩვეულებრივ, მრავალი ცოდვაა.


ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.


ერთხელ გამოფრენილი სიტყვის უკან დაბრუნება შეუძლებელია.


თუ ჯერ არს თქმა და დადგა თქმის დრო, დამოძღვრის სიტყვა თქვი.


არ ილაპარაკო ბევრი, თუნდაც ყველაზე უკეთესად შეგეძლოს საუბარი.


სიტყვა ისარი არაა, მაგრამ ხშირად ისარზე მტკივნეულად ესობა გულში.


მკაცრად დააკვირდი შენს მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, შემდეგ არ ინანო.


ვინც დაუფიქრებლად ლაპარაკობს, იმის მსგავსია, ვინც უმიზნოდ ისვრის.


ღვთის შესახებ სიტყვა რაც უფრო სრულყოფილია, მით უფრო მიუწვდომელია იგი.


ჩვეულებრივად, უკეთესად საუბრობენ ისინი, რომლებიც ნაკლებს ლაპარაკობენ.


მხოლოდ ის ფლობს ბოლომდე სიტყვის მადლს, ვინც არც ერთ სიტყვას ამაოდ არ განაბნევს.


არ ილაპარაკო ყველაფერი, რაც იცი, მაგრამ აუცილებლად იცოდე ყველაფერი, რასაც ამბობ.


როცა ლაპარაკობთ, შინაგანად ილოცეთ, რათა თქვენმა სიტყვებმა ზეგარდამო მადლი შეიმოსონ.


ბრძენი ბევრს იფიქრებს, ვიდრე რაიმეს იტყოდეს, სახელდობრ: რა, ვის, სად და როდის უნდა უთხრას.


ერთ დამთმობ სიტყვას შეუძლია დააყუჩოს რისხვა, უხეშ მისალმებას კი - მრისხანებაში ჩააგდოს.


გაუაზრებლად წარმოთქმული ერთი სიტყვა ხანდახან საკმარისი ხდება, რომ უბედურება გვეწვიოს.


არ არსებობს ერთნაირი სიტყვა და ერთნაირი დრო: ზოგიერთი სიტყვა ზოგიერთ დროს ხმალზე უარესია.


ცუდი სიტყვა კეთილ საქმეებსაც კი ცუდს ხდის, კეთილი სიტყვა კი ცუდ საქმეებსაც აკეთილშობილებს.


არავითარ შემთხვევაში არ გაფლანგო სიტყვა უგუნურად, სიტყვის შექმნილი შემოქმედებითი სიტყვაა!


საქმით წარმოაჩინე თავი ბრძნად, რამეთუ არ არსებობს სიტყვა, რომელიც საქმეზე უფრო ბრძენი იქნება.


მკაცრი სიტყვა კარგსაც სულელად გახდის, მოკრძალებულ ნათქვამს კი ყველასთვის სარგებლობა მოაქვს.


თავის ნათქვამს სიტყვას კაცი უკან ვეღარ დაიბრუნებს.უნდა მძიმედ იფიქროს და მერმედ თქვას ყოველი სიტყვა.


არ არსებობს სახელი, რომელიც სრულყოფილად გამოხატავს უფალს: ასევე შეუძლებელია, სრულყოფილად ჩავწვდეთ მას.


ო, რაოდენ ცოტაა ისეთი საუბრები, თვით მათი მხრიდან, ვინც საქადაგებლადაა მოწოდებული, რისთვისაც პასუხისგება მოუწევთ!


ხმაც და მდუმარებაც ძალმოსილია, მაგრამ არა თანაბრად, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ რაზე ლაპარაკობს ან ვინ რისთვის დუმს.


ნათქვამ სიტყვას უკან ვერ დააბრუნებ: ვიდრე არ წარმოგითქვამს იგი, მისი ბატონი ხარ; ხოლო როცა წარმოთქვამ, იგია შენი ბატონი.


მართლაც, ისევე როგორც სხვაა სიბრძნე სიტყვისა და სხვა – გონივრულობა, ასევე სხვაა უსწავლელობა სიტყვისა და სხვა – უგუნურება.


შეიძლება თუ არა საუბარი მკაცრი სიტყვებით?
დაე, არც ერთი მკაცრი და უწყალო სიტყვა ნუ დასცდება შენს ბაგეთ.


საქმით იფილოსოფოსე კაცობრივი ბჭობისა და ღვთის ნაცვალგების შესახებ, რადგან არ არის სიტყვა საქმეზე უფრო ბრძენი და სასარგებლო.


 არას ავნებს სიტყვათა უცოდინარობა იმას, ვინც უაღრესად ღვთისმოსავია, ისევე როგორც სიბრძნე სიტყვისა – იმას, ვინც გონებამდაბალია.


ის კი არაა ბრძენი, ვინც ბევრს ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც იცის დრო, თუ როდის უნდა ილაპარაკოს. გონებით დადუმდი, გონებითვე ილაპარაკე.


ხელიდან გაგდებულ ქვაზე უკვე აღარ გაქვს ძალაუფლება; ისევე როგორც, თითოეულ დაუფიქრებელ სიტყვაზე, ჩვენი ბაგეებიდან რომ გამოფრინდა.


ყოველი ჩვენგანი პასუხს აგებს არა მხოლოდ თავის სწორ თუ არასწორ საქციელზე, არამედ უქმ სიტყვაზე, და იმ აზრებზეც კი, რასაც მცდარად ფიქრობდა.


ნუ იქნები ორპირი, ანუ სიტყვით ერთს რომ ამბობდე და გულში სხვა გქონდეს; რამეთუ ასეთი, წმიდა წერილის მიხედვით, წყევას ექვემდებარება (ზირ. 28, 15).


მართლად მეტყველსაც მართებს, რომ, ასე ვთქვათ, ღვთისგან მიღოს სიტყვები, რადგან ჭეშმარიტება მეტყველისა კი არ არის, არამედ შემწევნელი ღვთისა.


ნუ იფიქრებთ, ნუ ილაპარაკებთ და ნუ გააკეთებთ ნურაფერს, ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ თქვენი აზრი, სიტყვა და საქმე ღვთის სიტყვის თანხვდომილი იქნება.


სიტყვა ფიქრების სახეა და ჩვენს გრძნობებს გამოხატავს; შესაბამისად, სიტყვიდან იოლად შეიძლება შეიცნო მოსაუბრე ადამიანის შინაგანი, სულიერი მდგომარეობა.


როგორ მოქმედებს ადამიანზე ბოროტი და კეთილი სიტყვა?
ბოროტი სიტყვა კეთილსაც გააბოროტებს, კეთილი სიტყვა ბოროტსაც გააკეთილშობილებს.


ენა, მართალია პატარა ნაწილია, მაგრამ დიდ საქმეებს იქმს. ერთი კეთილი სიტყვა და მკაცრი ყინული გალღვება და პირიქით - ერთი ცუდი სიტყვა და სიცხეში კანკალს დაგაწყებინებს.


უკეთესია ალალბედზე ისროლო ქვა, ვიდრე გაუაზრებლად თქვა სიტყვა. გაიაზრე და შემდეგ თქვი, რათა არ თქვა რაიმე უსარგებლო, მავნე ან - უადგილო. უადგილოდ ლაპარაკიც სირცხვილია.


 თუკი უკეთურ სიტყვებს შეიტკბილხმოვანებ, ამის გამო საკუთარ თავს განურისხდი და არა იმას, ვინც მათ წარმოთქვამს, რადგან სწორედ უკეთური სმენა განიკუთვნებს უკეთურ მაცნეს.


ვიდრე სიტყვას იტყვი, გამოსცადე, როგორი იქნება მისი მოქმედება; და კიდევ უფრო მკაცრად: ვიდრე საქმეს გააკეთებ, გამოსცადე, რას იტყვის იგი, რამეთუ საქმე სიტყვაზე მეტად ლაპარაკობს.


ზოგიერთები ძალიან მომთხოვნნი არიან საჭმელში და არ იკარებენ პირში გარკვეულ საკვებს, მაგრამ ასე მომთხოვნად და ფრთხილად არ ეკიდებიან სიტყვას, რომლებიც მათი ბაგეებიდან გამოდის.


როდესაც ჭკვიან კაცს რაიმეს თქმა სურს, იგი ჯერ დაფიქრდება და საკუთარ თავში გააანალიზებს და უკვე შემდეგ იტყვის; სულელი - პირიქით: ჯერ ლაპარაკობს, ხოლო შემდეგ უკვე ფიქრობს იმაზე, რაც თქვა.


როგორ განირჩევა ის, ვისთანაც უფლის სულია დავანებული?
როგორც ნელსაცხებლის მქონე ვერ დამალავს კეთილსურნელებას, ასევე, სიტყვით და სიმდაბლით განირჩევა ის, ვისთანაც უფლის სულია დავანებული.


გულდამჯდარად, აუჩქარებლად, მართებულად, გულმტკივნეულად და გულწრფელად ნათქვამი სიტყვა, თუნდაც წუნისა, უფრო მჭრელია, უფრო შემძლებელი, ვიდრე ნიშნმოგებული, გაწიწმატებული და გაბოროტებული ავყიობითა და წიწლაკიანობითა.


გულში ჩამწვდომი სიტყვები და დიდი ჭეშმარიტებები მაშინ იძენენ ფასს, როცა ჭეშმარიტი ბაგეებიდან გამოდიან, და მათ მხოლოდ ის სულები იტევენ, რომლებსაც კეთილი განზრახვა გააჩნიათ და აგრეთვე წმინდა გონების მქონე დიდი ადამიანები არიან.


როგორი არ უნდა იყოს  ჩვენი საუბარი?
ნურასოდეს ნუ იყვირებ, ნუ ილაპარაკებ ძალზე ხმამაღლა და აჩქარებით, რადგან, ვინც სიტყვებს განამრავლებს, იგი დაზღვეული ვერ იქნება ცოდვისაგან. სიტყვამრავალი – კაცი ბრიყვი და უგუნურია (ეკლ. 10.14).


 არსებობს ჭეშმარიტების მთქმელი და უგუნურთაგან მოძაგებული, თანახმად მოციქულისა (იგავ.10.1), და არსებობს პირფერი, რომელიც უყვართ პირფერობისთვის, თუმცა არცერთი ეს მისაგებელი ხანგრძლივი არ არის, რადგან უფალი შესაბამი ჟამს თითოეულს თავის კუთვნილს მიაგებს.


მისაღებია თუ არა შეუფერებელი სიტყვებით საუბარი?
შეუფერებელ სიტყვებს არა მარტო ჩვენ უნდა მოვერიდოთ, არამედ მკაცრი შეხედვით, თავის შებრუნებით, შეწუხებული ემოციით შევაჩეროთ ის ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან. „რამეთუ პირისაგან გამომავალი ბილწავს კაცს“ (მათ. 15.18).


ყოველივე სიტყვა, ამბავი, რასაც გავიგონებთ, უნდა მივიღოთ დაფიქრებით, მოსაზრებით; მისთვის მოგვცა ღმერთმან ჭკუა, რომ ყოველ საქმეში მოვიხმაროთ იგი და ყოველთვინ გონიერად ვიქცეოდეთ. ადვილად დაჯერება სიტყვისა და ამბავისა, რასაც გაიგონებს კაცი, არის ნიშანი უსაფუძვლო ჭკუისა, გონების სისუსტისა და მრავალგზის ვნებას და ზარალს მისცემს კაცს.


როგორ მოქმედებს სულიერი სიტყვა ადამიანის შეპყრობილ გონებაზე?
როგორც უკეთური სულით სულშეხუთული საული დააწყნარა ქნარზე მოგალობე ნეტარმა დავითმა, ასევე ყველა სულიერი სიტყვა, ცოდნისეული მჭვრეტელობებით დატკბობილი, დააწყნარებს შეპყრობილ გონებას, გაათავისუფლებს რა მას მისი სულთამხუთავი უკეთური გულისთქმებისაგან.


მეტი ფასი აქვს სულიერი გამოცდილების მქონე მდაბალი ადამიანის ერთ სიტყვასაც კი, რომელსაც იგი თანაგრძნობით აღმოთქვამს მთელი თავისი გულის სიღრმიდან, ვიდრე შეუკავებლ მრავალსიტყვაობას გარეშე კაცისას, დიდი სისწრაფით რომ წყდება მის წიგნიერ ენას და რომელიც ვერ შეაგონებს კაცთა სულებს, რადგან ხორცს წარმოადგენს და არა წმიდა ერგასის ცეცხლოვან ენას.


 ადამიანთა შორის არაფერია სიტყვაზე უფრო უპატიოსნესი. იმგვარად ძალმოსილია სიტყვა, რომ სიტყვითა და მადლობით თვით ღმერთს ვმსახურებთ. მაგრამ უგვანი და უპატიო სიტყვების ხმარებით ჩვენს სულს ვგმობთ. ასე რომ, უგუნირი ადამიანის საქმეა, თავის წარმოშობას ანდა ვისმე სხვას დასდოს ბრალი თავის ცოდვებში, მაშინ როცა თავისი ნებით მოიხმობს იგი უკეთურ სიტყვას ანდა საქმეს.


ქრისტიანო, "ნუ გისწრებს ენა" (ეკლ. 5, 1) მიეცი თავს საშუალება, გააანალიზოს, სასიკეთო იქნება თუ არა შენთვის და სხვებისთვის სიტყვა, რომელსაც შენ შობ სამყაროში და რომელიც, როგორი მცირე და უმნიშვნელოც არ უნდა ჩანდეს, უკანასკნელ სამსჯავრომდე იცოცხლებს და წარსდგება მასზე ან შენს მოწმედ, ან - წინააღმდეგ. ვიდრე ლაპარაკს დაიწყებდე, დაფიქრდი და შემდეგ თქვი ან უპასუხე სამაგიერო.


რა არის მხოლოდ სწავლება ქმნის გარეშე, ანდა მხოლოდ სიტყვა - საქმის გარეშე, მათი ცხოვრებაში აღსრულების გარეშე, თუნდაც ეს იყოს საცხოვნებელი სიტყვები და სწავლებები, თუ არ იქნება ცოდნისა და სიბრძნის სრულყოფილება, მით უმეტეს, ვერ აცხოვნებენ იმას, ვინც ასე საუბრობს და ასწავლის, ვერც უხელმძღვანელებს მათ ცხონებას, ვისაც ამას ეუბნებიან და ასწავლიან, - ამ აზრის შესახებ საუბარია თავში "სიტყვა და საქმე"


ზოგი საქმე თითქოს კარგია, მაგრამ მისი განზრახვაა არაკეთილი; ზოგიერთი კი ისე აღესრულება, თითქოს ცუდია, მაგრამ შემსრულებლის განზრახვაა კეთილი. აღნიშნული მაგალითის თანახმად, ზოგიერთები არა მარტო საქმეს აკეთებენ, არამედ სიტყვასაც წარმოთქვამენ, რამდენადაც ერთნი საქმეს სხვაგვარ იერს აინჭებენ საკუთარი გამოუცდელობისა და უცოდინრობის, სხვანი - მზაკვრული განზრახვის, ხოლო ზოგნი - ღვთისმოსაობის გამო.


გონების მქონე და სულისმარგებელი სიტყვა საბოძვარია ღვთისა, ისევე როგორც, მეორე მხრივ, ყბედობით აღსავსე სიტყვა, ცისა და მიწის საზომთა და მანძილთა, აგრეთვე, მზის და ვარსკვლავების სიდიდეთა მაძიებელი, გამონაგონია ამაოდმოქმედი ადამიანისა, რადგან სწორედ ფუჭმედიდი ადამიანი ეძიებს იმას, რასაც სარგებლობა არაფერი აქვს, ცდილობს რა საცრით წყლის ამოხაპვას. მართლაც, ამ ყოველივეს გამოკვლევა ადამიანს არ შეუძლია.



თუკი ღარიბი ვარ და არაფერი მაქვს, მოწყალება რომ გავცე, რა ვიღონო მაშინ?
თუკი არ ძალგვიძს გასცე იმდენი, რისი გაცემაც მდიდარს შეუძლია, მაშინ ორი მწვლილი მაინც გაიღე მსგავსად ქვრივისა და დიდად შეიწირავს ღმერთი შენგან ასეთ წყალობას.
ის ორი მწვლილიც რომ არ გამაჩნდეს?
მაშინ უძლურს მოუარე. ესეც თუ არ შეგიძლია, სიტყვით ეცი ნუგეში მოყვასს შენსას და გაიხსენე წმ. წერილი, რომელიც ამბობს: „სიტყვა კეთილი უფროს არს მიცემისა“ (ზირ. 18.17).


ერთ სქოლასტიკოსს, საცხოვრებლის მამებისთვის საყვარელ, ქრისტესმოყვარე კაცს, რომელიც ღვთის გულისათვის ჩვეულებრივ ყოველთვის გულმოდგინედ ასრულებდა მათ თხოვნებს, აბბამ აუცილებელ და გადაუდებელ საქმეში დახმარება სთხოვა; მაგრამ ის, ეშმაკის მანქანებით, ამ საქმეში სიზარმაცემ შეიპყრო. შეწუხებულმა აბბამ იმავე ბერს ჰკითხა, თუ რა მიეწერა მისთვის.
მან შემდეგი წერილის დაწერა ბრძანა: „ვიცით, რომ გაჭირვებთ და გავიწროვებთ, გაბეზრებთ რა თავს ჩვენი საქმით, მაგრამ შენც შეურაცხგვყოფ, როდესაც ზარმაცობ და არაფერს აკეთებ. გულახდილად გვითხარი თუ გამძიმებთ და ამიერიდან აღარ შეგაწუხებთ; ღმერთი ჩვენი მოთხოვნილებების აღსრულებაში, შენი მეშვეობით თუ არა, სხვისი ხელით დაგვეხმარება. ასე რომ, ან ეცადე ჩვენი საქმისთვის, ან გვითხარი რომ არ გსურს ის და მაშინ თავად ღმერთი იზრუნებს ამისთვის და ილოცე ჩვენთვის.
როდესაც სქოლასტიკოსმა ეს მოისმინა, გული თითქოს ცეცხლმა აუბრიალა. მან მინდობილ საქმეში გულწრფელად იშრომა, მამების ლოცვით მალე წარმატებას მიაღწია და მათი გადაუდებელი საჭიროება ამით უზრუნველყო. ამის შემდეგ, ის მამებთან მივიდა, თავი მოუხარა და შენდობა ითხოვა.
რა დიდი ძალა აქვს ძლიერის სიტყვას, რომელსაც სულიწმინდა წარმოშობს. ის ყველაფერს სწრაფად ასრულებს, ვინაიდან: „ბრძენთა სიტყვები, - ამბობს წერილი, - წვერგამახული სოლებია“ (ეკლეს. 12, 11); ასევე მოხდა აქაც: საქმე აღსრულდა და იმ ადამიანის სული სიზარმაცისაგან განიკურნა, რომელიც ყველა ბოროტების დედაა.



როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე სიტყვა და სასწაული?
სიტყვა და სასწაული სხვადასხვაგვარად მოქმედებენ. სიტყვა უშუალოდ გულსა და გონებაზე ახდენს გავლენას, სასწაულები კი იმავე გულსა და გონებაზე ხორციელი გრძნობების გზით ზემოქმედებენ. სიტყვით მოხდენილი გავლენის შედეგი უფრო მყარი და ძლიერია, ვიდრე სასწაულისა. როდესაც სიტყვა და სასწაულები ერთად მოქმედებენ, მაშინ სასწაულების ზემოქმედება როგორღაც შეუმჩნეველი რჩება, რამეთუ სიტყვა უფრო ძლიერია, ვიდრე სასწაული. ეს კარგად ჩანს სახარებიდანაც: ნიკოდიმოსზე სასწაულმა იმოქმედა, მაგრამ აღიარა უფალი მხოლოდ ღმთისაგან მოვლენილ მოძღვრად. (იოან. 3,2). პეტრე მოციქულზე კი სიტყვამ მოახდინა გავლენა და აღიარა მაცხოვარი ქრისტედ, ძედ ღმრთისად „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოსანი გქონან შენ. და ჩუენ გურწმენა და გვიცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა?“ (იოან. 6, 68–69). წმ. პეტრე უფლის მრავალი სასწაულის მოწმე იყო. ამ აღიარებამდე მცირე ხნით ადრე მოხდა ხუთი პურის განმრავლება და ამ პურით მრავალი კაცის განძღება, მაგრამ მოციქული საერთოდ არ ახსენებს სასწაულებს, იგი მხოლოდ სიტყვის ძალასა და ზემოქმედებაზე ლაპარაკობს. იგივე ითქმის ქრისტეს ორ მოწაფეზე, რომლებიც ემაოსისკენ მიმავალნი ესაუბრებოდნენ ქრისტეს ისე, რომ ვერ იცნეს იგი, და იცნეს უკვე დაბაში, უფლის მიერ პურის განტეხვისთანავე. ამის შემდგომ მოძღვარი მყისვე თვალს მიეფარა. მოწაფეებს არც კი უხსენებიათ ეს სასწაული, მათ მთელი ყურადღება სიტყვაზე გაამახვილეს: „და იგინი იტყოდეს ურთიერთას: ანუ არა გულნი ჩუენნი განხურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ–იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა“ (ლუკ. 24,34).



Комментариев нет:

Отправить комментарий