ღმერთი

ღმერთი

пятница, 9 августа 2013 г.

ენა.

თუ ყურს გაუფრთხილდები, ენით არ შესცოდავ.



ნება არ მისცე ენას, გაუსწროს შენს ფიქრებს.


მიაჩვიე ენა, ის ილაპარაკოს, რაც გულში გაქვს.


გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.


ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას


დაიმორჩილე ენა და ყველაზე ძლიერ ციხესიმაგრეს დაეუფლები.


ენა არის ყველაზე კეთილისმყოფელი და ყველაზე მავნე ორგანო ადამიანისა.


ვისაც გულში სიავე აქვს და ენით კი მლიქვნელობს, მისი ლოცვა და ღვაწლი ამაოა.


ჰრიდე ენასა; რამეთუ მრავალ-გზის აღმოიტყვის მას, რომლისა დაფარვაი უმჯობეს არნ.


გაუფრთხილდი ენას: იგი ხშირად წარმოთქვამს იმას, რისი დაფარვაც უმჯობესი იქნებოდა.


დაფარე შენი შრომა და სათნოებანი და ფრთხილად იყავი, რათა შენმა ენამ არ მოგტაცოს ისინი.


ბინდისფერია სოფელი ესე თურ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების.


ადამიანი ისე ხშირად არაფრით სცოდავს, როგორც - ენით, განმარტოებით ყოფნისას კი ამ ცოდვას გაურბის.


მავანნი გულუხვნი და მოსიყვარულენი არიან ახლობლებისადმი, მაგრამ თავიანთი ენით ვნებენ ადამიანს.


ენა უნებლიედ გამოთქვამს იმას, რაც ადამიანის გულში და გონებაშია. ენა გულის გამცემია, გამცემი და მსაჯული.


აჩვენე, რომ ხალისით იღებ დარიგებას, არაა აუცილებელი სასწრაფოდ უპასუხო, ბუნებამ მოგვცა ორი ყური და მხოლოდ ერთი ენა.


განმკითხველის ენა ჯოჯოხეთზე უარესია: ჯოჯოხეთი მხოლოდ ბოროტებს მიიტაცებს, ის კი შთანთქავს ბოროტებსა და კეთილებსაც.


მავნე ჩვევა და მოუფრთხილებლობა იმისა, რაც ჩვენთვის სასარგებლოა - აი, რა გვიშლის, ყოველთვის მდუმარებით დავიცვათ ბაგე.


ენით შეცოდება ადვილი არის, დიდს შრომას არ მითხოვს, და თუ ენა დაიმორჩილა კაცმა, მაშინ სხვა ცოდვასაც ადვილად წინააღუდგება.


ვერ განჰკუეთს მახვილი, ვითარ-იგი განჰკუეთს ენაი, რამეთუ მახვილმან ხორცი ოდენ განჰკუეთის, ხოლო ენამან წარწყმიდნის სულნი და ხორცნი.


ზოგიერთი კაცი ისეთი სუსტი და საცოდავი არის, რომელ არა ჭკუა მისი ჰმართავს ენასა მისსა, არამედ ენა მისი წარიტაცებს ჭკუასა მისსა და ჩააგდებს ჯურღმულში.


ენა პატარა გველია, მაგრამ დიდი ვნება შეუძლია მოიტანოს, იმის მსგავსად, რომ ჩრჩილი პატარა მწერია, დიდ ნივთებს კი აზიანებს, ის კი არადა - ანადგურებს კიდეც.


ნუ იყოფინ, რომ ბაგეზე ერთი რამ გვქონდეს და გულში კი - მეორე. "ღმერთი არა შეურაცხ იქმნების" (გალ. 6, 7). იგი ერთნაირად ხედავს როგორც დაფარულს, ისე - გაცხადებულს.


საკუთარი ენა ღვთის სადიდებლად მივმართოთ. ყოველდღიურად გავარჩიოთ ჩვენი ცხოვრება, სხვისი ცხოვრების განსჯა კი მივანდოთ მას, ვინც ზუსტად უწყის დაფარული.


ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან.


ჩვენს ეროვნულ არსს, ჩვენს ეროვნულ მთლიანობას, როგორც ბრძანებს წმიდა ილია მართალი, სამი მძლავრი ფესვი ასაზრდოებს. საკუთარი მიწა, ქრისტიანობა და ენა ქართული.


პატარა გველია ენა, მაგრამ უდიდეს და მრავალ უბედურებას ჩადის; ორმაგი გალავნითაა შემოზღუდული, ანუ - კბილებითა და ტუჩებით, მაგრამ საკმაოდ მოხერხებულად გამორბის.


ენა, მართალია პატარა ნაწილია, მაგრამ დიდ საქმეებს იქმს. ერთი კეთილი სიტყვა და მკაცრი ყინული გალღვება და პირიქით - ერთი ცუდი სიტყვა და სიცხეში კანკალს დაგაწყებინებს.


როგორადაც გველისა გესლი მოსწამლავს კაცსა და მოჰკლავს, ეგრედვე ხშირად მზაკვრისა ენისა შენისა გესლმა მოსწამლა ზოგჯერ გული კაცისა და მოჰკლა მუნ სიყვარული და მეგობრობა მოყვასისა.


კაცი მრავალფერად სცდება და ხშირად სცოდავს, გარნა ვინც არ სცოდავს სიტყვითა თვისითა, ვისაც შეუძლიან აღვირსხმა ენისა თვისისა, იგი არის სრული კაცი და შემძლებელი დამორჩილებად ყოველთა სხვათა თვისთა ვნებათა.


ენითა თვისითა ყოველს კაცს შეუძლიან მრავალფერად და ხშირად შესცოდოს ღმერთსა. დიდი ყურადღება და მეცადინეობა უნდა იხმაროს კაცმან, რომელსა ჰსურს განრინება ენით შეცოდებისა და კეთილად მართვა სიტყვათა თვისთა.


განა სამარცხვინო, უკიდურესად სასაცილო არაა, რომ მსახურს, როგორც წესი, საკუთარი საჭიროებისთვის ვიყენებთ, ხოლო ენას, ჩვენი სხეულის ნაწილს, მსახურივითაც კი არ ვექცევით, არამედ ყველაზე უსარგებლო და ამაო საქმეებს ვაკისრებთ?


აჰა ესერა ვხედავთ ყოველი, რომელი ილოცავს და იგლოვს, ითხოვს, რაითა დაიცვას იგი ენისაგან. აწ უკუე ვინაითგან სიკუდილი და ცხორებაი ენისაგან იქმნების, აღვირ-ვასხნეთ მას სიმდაბლითა და ვევლტოდეთ ფიცსა, და ყოველსა საცთურსა და ვიდოდით გზასა მშვიდობისასა.


ადამიანი, რომელიც თავის გულს ვერ იმორჩილებს, მით უფრო ვერ დაიმორჩილებს ენას; თუ თავის თავში სიმშვიდეს ვერ პოვებს, მით უფრო ვერ დაამყარებს სახელმწიფოში მშვიდობას; თუ სხვის ტკივილს ვერ თანაუგრძნობს, ნაკლებად შესწევს სხვისი სიხარულის გაზიარების უნარი.


მეორესა და საშინელსა მოსვლასა იესო ქრისტესსა ყოველი კაცი მისცემს პასუხს არათუ მხოლოდ საქმეთა, არამედ ყოველთა სიტყვათა თვისთათვის. ეცადეთ, ძმანო ჩემნო, არა სცოდოთ ენითა თქვენითა, არამედ ჭკუიანად და მშვიდად ეტყოდეთ ერთი მეორესა ყოველთა თქვენთა საქმეთა.


ხიდი, რომელზეც ყველანი გადავდივართ, დამნაშავეთა პატიებაა, და თუ დამნაშავეს არ პატიობ, ანგრევ ხიდს, რომელზეც უნდა გადასულიყავი. მაშ ასე, კარგი ნიმუში და მაგალითი გახდი სხვათათვის შენი კეთილი და ღმრთისსათნო საქმეებით, და ნუ ეცდები, რომ შენი ენით მოერიო ყველას.


ენა თავისთავად არ სცოდავს, არამედ იმას იტყვის, რაც გულში აქვს კაცსა. მაშასადამე, ვინც ლაპარაკობს ყოველთვის გონიერად, მშვენიერად და მძიმედ, იმას უთუოდ გულიც და ხასიათიც კარგი აქვს, გარნა ვინც ხშირად იტყვის უშვერ სიტყვას, ხშირად აგინებს თავის მოყვასს, სჩანს, რომ იმას ხასიათიც ცუდი აქვს.


ერთმა თქვა: "ყოველთვის, როდესაც ადამიანებთან გავდივარ, უფრო ნაკლებად ადამიანი ვბრუნდები უკან". ჩვენ ხშირად ვართ ამ მდგომარეობაში, რადგან დუმილი უფრო ადვილია, ვიდრე ის, რომ საუბარში რაიმე ზედმეტი არ თქვა; უფრო ადვილია სახლში დარჩენა, ვიდრე საზოგადოებაში მოუფრთხილდე საკუთარ თავს ისე, როგორც საჭიროა.


კაცი დაიპყრობს ყოველსა ბუნებასა, მხეცთა და ფრინველთა და ქვეწარმავალთა და თევზთა; გარნა ზოგჯერ ვერ დაიმორჩილებს ენასა თვისსა; ორღანოითა მით, რომლითა აკურთხევს კაცი ღმერთსა, ხშირად სწყევლის იგი მოყვასსა თვისსა, რომელი შექმნილ არს მზგავსად და ხატად ღვთისა, ერთისა და იგივე პირისაგან გამოვალს წყევა და კურთხევა.


ცუდადმეტყველება არის ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, გამომავალი პირისაგან კაცისა. ღმერთმან ენა ჩვენ მისთვის მოგვცა, რათა ვაკურთხოთ, ვადიდოთ და ვილოცოთ. დავლოცოთ, დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. გარნა ჩვენ, ნაცვლად ამისა, ენას ხშირად ვხმარობთ ცოდვისათვის. ენითა ჩვენითა ვიტყვით სიცრუეს, გინებას, ცილისწამებას, უშვერ სიტყვას.


ქრისტიანო, "ნუ გისწრებს ენა" (ეკლ. 5, 1) მიეცი თავს საშუალება, გააანალიზოს, სასიკეთო იქნება თუ არა შენთვის და სხვებისთვის სიტყვა, რომელსაც შენ შობ სამყაროში და რომელიც, როგორი მცირე და უმნიშვნელოც არ უნდა ჩანდეს, უკანასკნელ სამსჯავრომდე იცოცხლებს და წარსდგება მასზე ან შენს მოწმედ, ან - წინააღმდეგ. ვიდრე ლაპარაკს დაიწყებდე, დაფიქრდი და შემდეგ თქვი ან უპასუხე სამაგიერო.


ბოროტადმეტყველ კაცს განუკითხველი არავინ დარჩება, რას არ დააბრალებს იგი სხვას და რაში არ შეეპარება ეჭვი! თუ ნახა, რომ ვინმე ყოველდღე დადის ეკლესიაში და ყოველდღე ევედრება ღმერთს, იტყვის, ფარისეველიაო; თუ ნახა, რომ ყოველთვის არ დადის - ურწმუნოაო; თუ ვინმე სიმართლის თქმას ცდილობს, კაცთმოძულე არისო, კაცის სიკეთე არ სურსო; მშვიდი და მდაბალი კაცი არ მოსწონს - სუსტიაო; მტკიცე და მაგარი ხასიათის კაცზე იტყვის - სასტიკი და ფიცხელიაო და ა.შ. ერთი სიტყვით, ყოველ კაცს დაიწუნებს, ყოველ საქმეს გაამტყუნებს, ანუ, როგორც იაკობ მოციქული გვასწავლის: მცირე არს ენა და დიდად მაღლოის: ნუ დაივიწყებთ, რა დიდი ცოდვაა ავად ხსენება და განკითხვა მოყვასისა და გახსოვდეთ მაცხოვრის სიტყვები: "ნამეტნავისაგან გულისა იტყვიან ბაგენი".


დაიცევ პირი შენი ფიცისაგან, დაღაცათუ სამართლად ჰფუცვიდე, რამეთუ ენისა საცთური მსწრაფლ იქმნის და მცირედნი დაიცვებიან მისგან. მოსწრაფე იყავ დაცვად თესლისაგან მტერისა, რამეთუ იგი ყოვლითურთ მოსწრაფე არს წარწყმედად სულსა ამას უბადრუკსა და უფროისად ენისა მიერ და პირისა, რამეთუ არა რაი არს ჩუენ შორის შემწე საცთურისა და წარწყმედისა ჩუენისაი უფროის ენისა ჩუენისა განტევებულისა და პირისა განღებულისა, და უფროისი და უმრავლესი საცთური დაცემისა ჩუენისაიამათ მიერ იქმნების. ამისთვის უთქუამს მეტყველსა: "უმჯობეს არს შენდა, რაითა გიბრკუმეს ფერხთა და დაეცე ქუეყანასა, ვიდრე არა ბრკუმაი ენისაი" (ზირ. 20,18). რამეთუ რომელი დაეცეს ქუეყანასა, წყლულებაი შეამთხვიის გუამსა, ხოლო რომელსაც უბრკუმეს ენითა, მან წარწყმიდნის სულნი ხორცთა თანა საუკუნოდ.


აი, უპირველესი რჩევა – დარიგება ღვთისმოსაობის შეძენისათვის: შეეცადე დაძლიო ენა, თავი შეიკავო ვერაგული ზრახვებისაგან, ბოროტებას ზურგი შეაქციო, რადგანაც ბოროტებასთან განშორება იმას კი არ შეეფერება, ვინც სრულყოფილია, არამედ იმას, ვინც ჯერ მხოლოდ იწყებს; მან უნდა აიღოს ხელი ბოროტებისაკენ სწრაფვაზე. თავდაპირველად, ვითარცა ბოროტი გზა, ისე უნდა დათმოს ჩვევა უკეთური ცხოვრებისა და შემდეგ შეუდგეს კეთილ საქმეებს, რადგანაც შეუძლებელია სიკეთის ქმნა მანამ, სანამ ბოროტებას საბოლოოდ არ განვშორდებით, ისევე როგორც შეუძლებელია ჯანმრთელობის დაბრუნება მანამ, ვიდრე ავადმყოფობას არ მოვიშორებთ, ან კიდევ გათბობა მანამ, სანამ ჟრჟოლა სრულიად არ გაგვივლის. ესენი ხომ ერთმანეთს ვერ შეუთავსდებიან; ასევე, ვისაც კეთილად ცხოვრება სურს, ჯერ ბოროტებასთან უნდა გაწყვიტოს კავშირი.

***

რა ცოდვების ჩადენა შეუძლია ადამიანის ენას?
ცოდვა, რომელსაც ენა სჩადის, ფრიად მრავალფეროვანია. განრისხდი? ენა წინ გაგისწრებს. ავხორცობამ შეგიპყრო? უწინარეს ყოვლისა შუამავლად ენა გეყოდება, რომელიც შემწეა ცოდვის ჩადენისას და მახლობელთა მაცდუნებელი. ენას იყენებ შენ, აგრეთვე, იარაღად უსამართლობისათვის, როცა იგი გულიდან როდი ლაპარაკობს, არამედ სხვათა მოსატყუებლად. მაგრამ რისთვისღა ჩამოვთვალო ყველა ცოდვა, რომელთა ჩადენაც კი ენას შეუძლია? ჩვენი ცხოვრება აღსავსეა იმგვარი შემთხვევებით, როცა ცოდვით დაცემის მიზეზს ენა წარმოადგენს: სამარცხვინო ყბედობა, სასაცილო, უგუნური, ურცხვი სიტყვები, ცილისწამება, ფუჭსიტყვაობა, ცრუ ფიცი, ცრმოწმობა, – ყველა ეს ბოროტება და კიდევ ბევრად მეტი ენისგანაა ჩადენილი. ხოლო ისინი, რომელნიც პირს გააღებენ და შესაგინებლად ღვთის დიდებისა "სიცრუვეს მაღლად ზრახვიდეს" (ფსალმ. 72, 8), განა რომელი იარაღით სჩადიან ამ მკრეხელობას, თუ არა ენით?


***

ძმამ კიდევ ჰკითხა: მითხარი, ჩემო მამაო, რატომაა რომ ზოგიერთები სხეულს თავშეკავების ღვაწლით აუძლურებენ, მაგრამ მათზე ვნებები ბატონობენ, როგორიცაა: მრისხანება, მტრობა, სიძუნწე; ზოგიერთი სათნო ადამიანი კი ჭამს და ღვინოსაც სვამს, მაგრამ მათში არანაირი ცოდვა არ ჩანს. რას ნიშნავს ეს?

ნეტარმა კი უთხრა: ფრიად მმარხველებს, მაგრამ გამოუსწორებლებს, როგორც მე ვფიქრობ, ჩემო შვილო, ეს საკუთარი ბაგეების გამო ემართებათ. რამეთუ ის, ვინც ყოველთვის არ იცავს თავის ბაგეებს, მთელი წელიც რომ იმარხულოს, არანაირ სარგებელს არ იღებს. ასე რომ, თუ ეშმაკი მრისხანებისთვის გაღიზიანებს, არაფერი არ თქვა და შენ გაიმარჯვებ ვნებაზე. თუ მტერი კვლავ შურისთვის აღგძრავს, ცილს ნუ დასწამებ და შენ დაამარცხებ ბოროტს. რამეთუ შურის ნაყოფი ცილისწამებაა. თუ მაცთუნებელი სიძვისათვის გახურვებს, ნუ გახსნი ბაგეებს ქალთან სასაუბროდ, ასევე ნუ დართავ საკუთარ თავს ზედმეტი ჭამა-სმის ნებას და შენ განმტკიცდები მასზე. ამასთანავე აიღე წკეპლა, საკუთარ თავს მოსცხე და ტკივილი განდევნის ბრძოლას; რამეთუ წერილში ნათქვამის თანახმად, შენთვის თუნდაც ერთი შენი ასოთაგანის წარწყმედა უმჯობესია, ვიდრე მთელი შენი სხეულის ცეცხლოვან გეენაში ჩაგდება (მათე 5, 29). თუ ეს ველური ღორი ძვირფასი საჭმელების სურვილს აღგიძრავს, მაშინ წადი გვერდზე გასასვლელ ადგილას და გაიგებ მათ სიმყრალეს. თუ ვინმე გისაყვედურებს და განგიკითხავს, ან უგუნურს გიწოდებს, შენ აზრები დაიმდაბლე და საკუთარი თავი, ვითარცა ცოდვილი განიკითხე. გაიხსენე, რომ ქრისტეს, ძე ღვთისას, ცოდვილებმა აფურთხეს, აგინეს, თავში კვერთხი ურტყეს და ამიტომ საკუთარი თავი სიცოცხლის ღირსადაც არ მიიჩნიო. იმ სათნო მამების შესახებ კი, რომლებიც ჭამენ და სვამენ, როგორც ჩანს თავისუფლად, იცოდე, ისინი ბუნებით მამაცი მეომრები არიან. მათ ცოდვისმიერი ვნებები დათრგუნეს და, მიიღეს რა უვნებლობის ნიჭი, ახლა ბატონები და მბრძანებლები გახდნენ. მათ თავიდან თავშეკავებით დაიწყეს და ბოლოს, მოღვაწეობით იმ მიზანს მიაღწიეს, რომელიც სურდათ. თუმცა ამას ისინი ხშირად მხოლოდ ადამიანების წინაშე აკეთებენ, მარტოობაში კი - მდუმარებასა და თავშეკავებაში იღწვიან, ინაზღარურებენ რა სენაკში მარხვით იმას, რაც მცირედი ნებართვით, ადამიანების წინაშე მოაკლდათ.

***


Комментариев нет:

Отправить комментарий