ღმერთი

ღმერთი

вторник, 21 января 2014 г.

კომპიუტერის მაუსი და თავის ტვინი

  კომპიუტერი არა მხოლოდ ცხოვრების სტილს ცვლის, არამედ ღრმა კვალს ტოვებს ტვინშიც. ერთ-ერთი მაგალითია კომპიუტერის თაგვი, ე.წ. „მაუსი“. მაუსის ერთი შეხედვით მარტივი მოძრაობები სინამდვილეში თავის ტვინისგან მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრას მოითხოვს. ტვინმა განუწყვეტლივ უნდა შეადაროს ხელის მცირე მოძრაობა მაუსის მაჩვენებლის ბევრად უფრო დიდ მოძრაობებს. ეს კი ტვინში გარკვეულ კვალს ტოვებს, როგორც ამერიკელ და ჩინელ მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა. მაუსის რეგულარული მოხმარება ცვლის თავის ტვინში მოძრაობის გადამუშავებას. როგორც ჟურნალ “Current Biology”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, ეს კომპიუტერის დამწყებ მომხმარებელთა შემთხვევაშიც ასეა. ახალი გამოკვლევა მრავალი თვალსაზრისითაა საინტერესო. მათ შორის, მოძრაობის შესასწავლად სარეაბილიტაციო მედიცინაში.

როგორც ნორთუესტის უნივერსიტეტის თანამშრომელი, კონრად კორდინგი გვიხსნის, თავის ტვინი მაუსის მაჩვენებლისა და ხელის მოძრაობებს შორის ურთიერთმიმართებას განუწყვეტლივ აფასებს და ინახავს ნეირონებში და, ფაქტობრივად, ზოგადი ფორმულა გამოჰყავს.

ნორთუესტის ჯგუფმა პეკინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებთან ერთად ჩაატარა ცდები. თავის ტვინის მიერ განზოგადებული ინფორმაცია ჯერ შეამოწმეს 18 საცდელ პირზე. ცხრა მათგანი, რომელთა საშუალო ასაკი 42 წელი იყო, კომპიუტერს რეგულარულად ხმარობდა, დანარჩენი ცხრა კი, რომელთა საშუალო ასაკი 38 წელი იყო, - დამწყები იყო. მესამე, ასევე ცხრაკაციანი ჯგუფი შედგებოდა საშუალოდ 22 წლის სტუდენტებისგან. ისინი საკონტროლო ფუნქციას ასრულებდნენ. სამივე ჯგუფს უნდა შეესრულებინა სტანდარტული ცდა: მათ ხელი დაფარული ჰქონდათ და ასე უნდა ემოძრავებინათ მაუსის მაჩვენებელი. წინასწარ დადგენილი მიმართულებით მაუსის მაჩვენებლის მოძრაობისას ისინი სწრაფად სწავლობდნენ, როგორ განსხვავდებოდა ხელის მოძრაობა მაჩვენებლის მოძრაობისგან. თუ ვინ რამდენად სწავლობდა განზოგადებას, ამას ზომავდნენ იმით, თუ რამდენად წარმატებით შეეძლოთ მაუსის მაჩვენებლის მოძრაობა სხვა მიმართულებებითაც.

ცდებმა აჩვენა, რომ ჯგუფებს შორის განსხვავება სწავლის სისწრაფეში კი არ იყო, არამედ განზოგადების უნარში. მაუსის ხმარებაში გამოცდილი პირები ახერხებდნენ, ნასწავლი საგრძნობლად სწრაფად გამოეყენებინათ სხვა მიმართულებებით მოძრაობის დროსაც. ანუ მათ წინასწარ იცოდნენ, რა მოელოდა მათ სხვა მიმართულებით მოძრაობისას. იგივე სურათი შეინიშნებოდა სტუდენტების შემთხვევაში. ამიტომ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ახალგაზრდა ტვინები უფროსებისაზე უფრო სწრაფად არ მოქმედებენ. რაც შეეხება დამწყებთა ჯგუფს, მართალია, ისინი საკმაოდ სწრაფად სწავლობდნენ მაუსის ერთი მიმართულებით მოძრაობას, მაგრამ სხვებზე უფრო ნელა ახერხებდნენ მოპოვებული გამოცდილების გადატანას სხვა მიმართულებებით მოძრაობაზე.

ამის შემდეგ კორდინგმა და მისმა კოლეგებმა ცდა ჩაუტარეს კიდევ ათ დამწყებს. ისინი ორი კვირის განმავლობაში ისხდნენ კომპიუტერთან და დღეში სულ ცოტა ორი საათი თამაშობდნენ ისეთ კომპიუტერულ თამაშებს, რომლებისთვისაც მაუსის აქტიური გამოყენებაა საჭირო. ამ ორკვირიანი ვარჯიშის წინ და მის შემდეგ საცდელ პირებს განზოგადების უნარის სტანდარტული ტესტები უტარდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ორკვირიანი ვარჯიში საკმარისი იყო საიმისოდ, რომ დამწყებთ ახალი მოძრაობების სწავლაში კომპიუტერის გამოცდილი მომხმარებლების დონისთვის მიეღწიათ.

„განზოგადება ისწავლება. არ უნდა ველოდეთ, რომ ის ავტომატურად მოდის“ - ასეთია “Current Biology”-ში გამოქვეყნებული სტატიის მთავარი ავტორის, პეკინის უნივერსიტეტის თანამშრომლის, კუნლინ უეის დასკვნა. ეს მნიშვნელოვანი დასკვნაა მედიცინისთვის. მეცნიერთა აზრით, თუკი მოხერხდა პაციენტებისთვის იმის სწავლება, რომ მათ სარეაბილიტაციო კლინიკაში ნასწავლი მოძრაობები განაზოგადონ და სხვა მოძრაობებზე, მაგალითად, ჩაის ჭიქის ხმარებაზე გადაიტანონ, მაშინ საავადმყოფოებში ვარჯიშით შესაძლებელი იქნებოდა მრავალი პაციენტის ყოფის შემსუბუქება.

მეცნიერთა აზრით, სამომავლოდ საგანგებო შესწავლას საჭიროებს ახალი ე.წ. Touchscreen-ის პრინციპი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელი მაუსის გარეშე, პირდაპირ ეკრანს ეხება და ისე წყვეტს საჭირო ამოცანებს.

ავტორი ბიძინა რამიშვილი

23.12.2013


http://www.radiotavisupleba.ge/content/kompiuteris-mausis-shesakheb/25209422.html

Комментариев нет:

Отправить комментарий