ღმერთი

ღმერთი

суббота, 8 февраля 2014 г.

ბიჭუნას, რომელიც მთხოვდა, მისთვის საშობაო ზღაპარი მეამბნა -

გიამბობ ზღაპარს, რომელიც ბეთლემის ახლომდებარე სოფელ ბერთჭალაში მცხოვრები მართლმადიდებელი არაბებისაგან მოვისმინე. ადრე, ძალიან ადრე, ქრისტეშობამდე დიდი ხნის წინათ, ცხოვრობდა ბეთლემში კაცი, სახელად იესე, ძე ოვიდისა, შვილიშვილი ვიპსისა და რუფისა. იესეს რვა ვაჟი ჰყავდა, ყველაზე უმცროსს დავითი ერქვა, დავითი მწყემსი იყო, ბეთლემელთა ცხვრებს მწყემსდა. წმიდა წერილი ამბობს, რომ იგი ტანადი, თმანათელი და ლამაზი ყმაწვილი ყოფილა. (იხ. 1 მეფ. 16,12). ეს ახალგაზრდა და ლამაზი მწყემსი საოცრად ძლიერი და გაბედული იყო. თუკი ლომი ან დათვი მისი ფარიდან ცხვარს მოიტაცებდა, დავითი ადვილად ეწეოდა მხეცს, გამოსტაცებდა მას სისხლსმოწყურებული ხახიდან და გამტაცებელს ჰკლავდა (იხ. 1 მეფ. 16,18; 17,34-35). და აი ასე, ჩვენი დავითი ჭეშმარიტად კეთილი და ერთგული მწყემსი იყო თავისი თოვლივით ქათქათა ფარისა. მამასაც პატივს სცემდა, ისე როგორც უფალს აქვს ნაბრძანები.

ხშირად ათევდა ღამეს მინდორში, ოქროცურვილი ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ მიწის ფართო საწოლზე. მაგრამ ის, რასაც შენ მოგიყვები, მინდორში ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ არ მომხდარა, არამედ - ბეთლემის ერთ გამოქვაბულში.

ერთხელაც ძალიან ცხელი დღე დაიჭირა (ასეთი დღეები იშვიათი არაა აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში). დავითის ცხვრები ზეთისხილის ჩრდილქვეშ დაწვნენ. მზე უმოწყალოდ აცხუნებდა, ცხვრები წყურვილისაგან კვნესოდნენ. წყურვილისაგან იტანჯებოდა დავითიც. შევიდა იგი ერთ გამოქვაბულში, რათა პაპანაქებას დამალვოდა და დაესვენა. ამ გამოქვაბულებში ზაფხულობით გრილა, ხოლო ზამთრობით კი თბილა. გამოქვაბულში შესული ახალგაზრდა მწყემსი ქვაზე ჩამოჯდა, მაგრამ რულმა დასძლია, იგი მიწვა და მიიძინა. მაგრამ ძილი ხანგრძლივი არ ყოფილა! ძილში დავითმა სხეულზე რაღაც ცივი იგრძნო, შეკრთა და გამოიღვიძა. როცა გაახილა თვალები, დაინახა, რომ საზიზღარი გველი, დაგორგლილი მის მკერდზე, ხელებზე შემოხვეოდა! აი ასწია მან თავისი ბრტყელი თავი დავითის სახესთან და ბოროტად შეაცქერდა ყმაწვილს თავისი ნაკვერჩხალივით ანთებული თვალებით. დავითი საშინელებისაგან შეკროა. მისი მდგომარეობა უიმედო იყო, საშველი თითქოს არსაით ჩანდა. საკმარისია გაინძრეს, - გველი დაეძგერება მას და სისხლში შხამს შეუშვებს. ო, რამდენად ადვილი იყო მისთვის მბრდღვინავ ლომთან და მოღრიალე დათვთან შებმა, ვიდრე - ამ მცურავ და ძლიერ ქვეწარმავალთან.

რა ქნას, და აი აქ გაახსენდა დავითს გაჭირვებაში მისი უცვლელი შემწე - ღმერთი და მთელი გულით, მდუღარე ცრემლითა და ტკივილით შეჰღაღადა მას: „ნუ მიმატოვებ, უფალო ღმერთო ჩემო, ნუ განდგები ჩემგან! ისწრაფე ჩემთვის დასახმარებლად, ჩემგან ამდენი უბედურების ამრიდებელო!“. დამთავრებულიც არ ჰქონდა ეს სიტყვები, რომ არაჩვეულებრივი შუქი აინთო გამოქვაბულის კუთხეში. ნათელს წრის ფორმა ჰქონდა, სიმაღლით ადამიანის სიმაღლისოდენა. ამ ნათელი წრის შუაგულში დავითმა მშვენიერი ყმაწვილი ქალი იხილა - ალერსიანი და სერიოზული სახით. ყმაწვილი ქალი დაჯდა, მისი თავი ოდნავ იხრებოდა ჩვილისაკენ, რომელიც ხელში ეჭირა: ასეთი მშვენიერი ჩვილი იესეს ძეს ჯერ არასოდეს ენახა. უცებ დედას ჩახუტებული ბავშვი გასწორდა, გველს ორი ღვთაებრივი გამჭრიახი თვალით შეხედა და თითით გამოქვაბულის გასასვლელისაკენ მიუთითა, თითქოს უბრძანებდა, გამქრალიყო. წამოხტა დავითი და ყმაწვილი ქალისა და ბრწყინვალე ჩვილის წინაშე დაემხო. სურდა, მადლობა გადაეხადა მოულოდნელი გადარჩენისათვის, მაგრამ პირიც არ გაეღო, რომ მიმოიხედა და - ვერავინ დაინახა. ამის მერე მთელი გამოქვაბული რაღაცნაირი საოცარი კეთილსურნელებით აივსო, საუკეთესო მირონისა და საკმევლის არომატს რომ მოგაგონებდათ.

სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე დავითმა ვერ შესძლო ამ საოცარი მოვლენის დავიწყება. მწყემსობიდან უფლის მიერ სამეფო ტახტზე აყვანილს, ყოველთვის ახსოვდა ამ სასწაულის შესახებ და უკვე მეფედმყოფმა დაწერა ორი გალობა - ერთი მიძღვნილი ადამიანთა შორის უმშვენიერესი ძისადმი, ხოლო მეორე - დედოფლისადმი მოოქროვილ სამოსში. (იხ. ფს. 44,3; 44,10). და როდესაც არფაზე უკრავდა, ამ სიმღერებს მღეროდა იერუსალიმის ციხე-სიმაგრის მაღალ კოშკში.

შენ კი ბიჭუნავ, ჩქარა გამოიცანი: რომელი გამოქვაბულია ეს? რას ნიშნავს საშინელი გველი? ვინ არის ეს ახალგაზრდა ქალი? ვინ არის ჩვილი? მე სასიხარულო მისალმებით გიკარნახებ:

უფალი იშვა!


„მისიონერული წერილები“ (წერილი 89), თბილისი, 2005 წ.


წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

Комментариев нет:

Отправить комментарий