ღმერთი

ღმერთი

четверг, 27 марта 2014 г.

სინას მთის სამჯერ მოლოცვა ცოდვებისგან გათავისუფლებას უდრის

მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ეგვიპტეში მოგზაურობა პილიგრიმული ტურის გარეშე წარმოუდგენელია. სინას მთა – ეს ის წმინდა ადგილია, რომლის მონახულებაზეც ყველა მორწმუნე ოცნებობს. არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე წმინდა მთა ქართველთა უშორესი სამოღვაწეო ადგილი იყო. ბიბლიის თანახმად, მამა ღმერთი სწორედ სინას მთაზე გამოეცხადა მოსეს, რომელსაც ებრაელი ხალხი ეგვიპტიდან აღთქმული მიწისკენ მიჰყავდა. გამოცხადების ნიშნად, ღმერთმა მოსეს ათი მცნება გადასცა. მას შემდეგ მიჩნეულია, რომ თუ ამ წმინდა ადგილამდე ფეხით ახვალ და მზის ამოსვლას შეეგებები, გზაზე კი საკუთარ ცოდვებს მოინანიებ, მიგეტევება. მოსე ამ წმინდა მთაზე ორჯერ ავიდა და ორივეჯერ 40 დღე დაჰყო. გადმოცემით, თუ მორწმუნე ქრისტიანს სრულად სურს, ცოდვებისგან გათავისუფლდეს, მაშინ ის მთის მწვერვალზე თავისი ცხოვრების განმავლობაში სამჯერ უნდა ავიდეს და მზის ამოსვლას შეეგებოს. ამიტომაც სინას, მეორენაირად მოსეს, მთის გზას მთელი მსოფლიოს ქრისტიანები ადგანან.


სინას მთა და მოსე წინასწარმეტყველი


სინას მთა ეგვიპტეში ყველაზე ცივი რეგიონია და ამიტომ მომლოცველებმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ რაც შეიძლება თბილი ტანსაცმელი წაიღონ. მთა ცნობილი კურორტიდან, შარმ–ელ–შეიხიდან, 130 კილომეტრით არის დაშორებული.
ერთ–ერთი ვერსიით, სიტყვა "სინა" სემიტური სიტყვა "სინ"–ისგან მოდის, რაც კბილს ნიშნავს. თავად სინას ნახევარკუნძულსაც და სინას მთასაც სწორედ კბილის ფორმა აქვს, მეორე ვერსიით კი, მთას სახელწოდება მთვარის ღვთაება სინის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც უხსოვარ დროში ამ ტერიტორიის ბატონ–პატრონად ითვლებოდა.
სახელი "მოსე" წყლიდან გადარჩენილს ნიშნავს. ეს სახელი მას შემთხვევით არ დაარქვეს. მოსე იმ დროს დაიბადა, როდესაც ეგვიპტეში ებრაელებს ძალიან ავიწროებდნენ. ფარაონის ბრძანებით, ყველა ახალშობილ ებრაელ ბიჭს ნილოსში ახრჩობდნენ. მოსეს დედამ ახალშობილი სამ თვემდე სახლში დამალა და, როცა დამალვა შეუძლებელი გახდა, კალათაში ჩასვა, ნილოსში გაუშვა და ღმერთს მიანდო. ღვთის ნების თანახმად, ამ დროს სანაპიროზე ფარაონის ქალიშვილი გამოჩნდა, რომელმაც ახალშობილი დაინახა, წყლიდან ამოაყვანინა და სასახლეში წაიყვანა გასაზრდელად.
მოსე კეთილი ბიჭი გაიზარდა, ვერ იტანდა უსამართლობას. ამიტომ ერთხელ, როდესაც საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ ექცეოდა ეგვიპტელი ზედამხედველი ებრაელ მონებს, გულმა ვეღარ მოუთმინა და ზედამხედველი სიცოცხლეს გამოასალმა. ამ ნაბიჯის გამო ის ფარაონისგან გაიქცა. თავი სინას ტერიტორიას, მთა ხორივუკს შეაფარა, სადაც წყაროსთან დაბინავებული მწყემსის ოჯახი გაიცნო და მისი ქალიშვილი ცოლად მოიყვანა. ამ ადგილას მოსემ 40 წელი იცხოვრა.

ერთხელ მოსე ცხვარს აძოვებდა ქორენ მთაზე. უეცრად შენიშნა, რომ მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა. გაუკვირდა, ახლოს მივიდა და ბუჩქიდან ასეთი სიტყვები გაიგონა: "მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, მე ვხედავ ჩემი რჩეული ხალხის ტანჯვას ეგვიპტეში, აწ წადი შენ და გამოიხსენი იგი ფარაონის მონობისაგან".
600 ათასი კაცი გამოიყვანა მოსემ ეგვიპტიდან, ქალებისა და ბავშვების ჩაუთვლელად და, ღვთის ბრძანებით, წაიყვანა ქანაანის ქვეყანაში, საიდანაც იაკობი გადმოსახლდა ეგვიპტეში. ეს ქანაანის ქვეყანა ერთ დროს ღმერთმა აბრაამს აღუთქვა და ამიტომ მას აღთქმის ქვეყანაც ეწოდება. ფარაონს არ სურდა ისრაელიანთა გაშვება, დიდძალი ჯარი შეკრიბა და დაედევნა. ისრაელიანები მეწამული ზღვის პირას იყვნენ, როცა ეგვიპტელები დაეწივნენ. მათ შეეშინდათ და მოსეს ყვედრება დაუწყეს ეგვიპტიდან გამოყვანისათვის. მაშინ, მოსეს ლოცვით, ზღვა სასწაულებრივად შუაზე გაიპო, წყლის ნადგომი გაშრა და ებრაელები მშვიდობით გავიდნენ მეორე ნაპირზე. ფარაონს ეგონა, თვითონაც გავიდოდა ზღვაში, მაგრამ შუამდე რომ მიაღწიეს, წყალი შეერთდა და ფარაონი თავისი ამალით ზღვის უფსკრულში შთაინთქა.

მეწამული ზღვიდან ისრაელიანნი ქანაანის ქვეყნისაკენ გაემართნენ. ღმერთი ცხადად ეხმარებოდა მათ ამ მოგზაურობის დროს: გამოვიდნენ თუ არა ეგვიპტიდან, ჰაერში გამოჩნდა ღრუბლის სვეტი, რომელიც დღისით მზისგან იფარავდა მგზავრებს, ღამით კი გზას უნათებდა. როცა ხორცი და პური შემოაკლდათ, ღმერთმა მანანა (თეთრი, თაფლნარევი პურის მსგავსი ნამცეცები, რომლებიც ცვიოდა ზეციდან ყოველდღე, გარდა შაბათისა. ამით იკვებებოდნენ ისრაელნი, სანამ აღთქმის ქვეყანაში არ შევიდნენ) და მწყერები მოუვლინა. როცა წყალი შემოაკლდებოდათ, მოსე სასწაულებრივ უხმარ წყალს სახმარად აქცევდა ან კლდიდან გადმოადენდა.


სჯულისდება სინას მთაზე


გავიდა 50 დღე ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ და ებრაელები მიადგნენ სინას მთას, სადაც დროებით დაბინავდნენ. აქ ღმერთმა მისცა მათ ათი მცნება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ღმერთი და მოყვასი. ეს მცნებები დაწერილი იყო ორი ქვის ფილაზე. დიდხანს დააგვიანდათ ისრაელიანებს აღთქმულ ქვეყანაში შესვლა. ღმერთმა დასაჯა ისინი და 40 დღის მაგივრად 40 წელიწადს იმოგზაურეს არაბეთის უდაბნოში. ასეთი სასჯელი დაიმსახურეს მათ წარამარა ყვედრებითა და თავიანთი ურწმუნოებით.


ყველა დაიხოცა ამ მოგზაურობის დროს, ვინც ეგვიპტიდან გამოსვლისას 20 წლისა ან მეტის იყო. სინას მთის მწვერვალიდან ღმერთმა მოსეს დაპირებული მიწა დაანახა, მაგრამ მასზე დაბიჯების ნება არ მისცა. იგი გარდაიცვალა მთაზე. ებრაელებს მას შემდეგ მოსე არ დაუნახავთ, არც დაკრძალვის ადგილია ცნობილი. მოსემ სულ 120 წელი იცხოვრა.


მოსეს გზის გავლის თავისებურებანი


სინას მთის 7 კილომეტრიანი კლდოვანი გზის გავლა შუაღამით იწყება, რომ მომლოცველები გამთენიისას, მზის ამოსვლამდე, მწვერვალზე მოხვდნენ. სინას მთის მწვერვალი ზღვის დონიდან 2300 მეტრზეა, პილიგრიმებს კი 800 მეტრის სიმაღლეზე ასვლა უწევთ. თავისი რელიგიური დანიშნულებისა და რთული რელიეფური მდგომარეობის გამო ამ გზას ცოდვის მოსანანიებელ გზასაც უწოდებენ. ვის არ შეხვდებით ამ ბნელ ბილიკებზე. მთელი მსოფლიოს ქრისტიანი მომლოცველები, ფარნებით შეიარაღებულნი, მდუმარენი მიუყვებიან კლდოვან გზას. ბევრის გამომეტყველებით მიხვდებით, რომ ისინი საკუთარ ცოდვებზე ფიქრობენ. სხვა საფიქრალი ამ გზის ავლისას არც უნდა გქონდეს.

მთავარი "რეკომენდაციები" ბედუინებს უკავშირდება. მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე 11 ბედუინის საცხოვრისი შეგხვდებათ. თუ ძალებმა გიმტყუნათ და გზის გაგრძელება აღარ შეგიძლიათ, მცირედი თანხის საფასურად შეგიძლიათ აქლემების სადგომში გამოიძინოთ და თქვენს ჯგუფს დილით, უკანა გზაზე შეუერთდეთ. მთელი გზის განმავლობაში ბედუინები და აქლემები მრავლად შეგხვდებიან. ისინი დახმარებას გთავაზობენ, მაგრამ ეს ეგვიპტური სტუმართმოყვარეობა არ გეგონოთ. დახმარების ხელს მხოლოდ ფულის სანაცვლოდ გამოგიწვდიან, მაგალითად, აქლემით ნახევარი გზის გავლა 20 დოლარი დაგიჯდებათ. თუმცა პილიგრიმული მარშრუტის მთელი ხიბლი ისაა, რომ მოსეს გზა ფეხით გაიარო და საკუთარ თავში ყველანაირი კომფორტის ცდუნება დაამარცხო. რთული და ბნელით მოცული ბილიკი მართლაც გაძლევს საშუალებას, თავთან მარტო დარჩე და საკუთარ ცოდვებზე იფიქრო.

ბილიკს თავისი განსაცდელიც ახლავს. ყოველ მომლოცველს ამ გზის გავლისას უჩნდება განცდა, რომ მეტი აღარ შეუძლია, მაგრამ ამ დროს ყოველთვის პოულობ ძალას, მწვერვალისკენ სვლა განაგრძო. ბილიკის ბოლო ეტაპი 749 საფეხურიანი კიბეა, რომლის ავლაც ყველაზე რთულია, რადგან ფაქტობრივად წინ საფეხურები კი არა, 749 ლოდი გელოდებათ.

მთელი ღამე არ გტოვებს შეგრძნება, რომ ათასწლეულების წინ ზუსტად ეს გზა გაიარა მოსემ და შესაძლოა, სწორედ იმ ლოდზე ჩამოჯდა დასასვენებლად, რომელსაც შენ ეჭიდები. თუმცა სხვაობა, ბუნებრივია, დიდია – მოსე 40 წელი მიდიოდა უდაბნოში, სანამ წმინდა მთას მიადგებოდა, ჩვენ კი რამდენიმე საათი სიარული ხანდახან ჯოჯოხეთად გვეჩვენება.

სინას მთის წვერზე ორი სალოცავია – ქრისტიანული, თავისი სამრეკლოთი, რომელიც დაკეტილია და მეჩეთი, რომელიც ღიაა. პილიგრიმები გაყინული და ნატანჯი სახეებით მზის ამოსვლის მოლოდინში არიან. საოცარი შეგრძნებაა – ირგვლივ სამარისებური სიჩუმე, კლდოვანი პეიზაჟი და რიჟრაჟი, საითკენაც ყველა მომლოცველი იმზირება. საოცარი მუხტია იმ წუთში, როდესაც მზე ცის კაბადონზე გამოჩნდება. მზის ამოსვლას თან ზარების რეკვა ერთვის. ის სასწაული, რომლის გამოც მთელი ღამე სიბნელეში, სიცივესა და ტანჯვაში გაიარე, რამდენიმე წამი გრძელდება. მზე ამოდის თუ არა, გარემოც და სამყაროც სულ სხვანაირი ხდება – მზით და ლოცვით გამთბარი სახეები გარშემო და წითლად აალებული უდაბნო. ეს საოცარი სანახაობაა!

მწვერვალიდან ჩამოსასვლელი გზა გაცილებით იოლია, პირველ რიგში, მზეა, ხედავ, სად მიდიხარ, გიხარია, რომ შენ ეს შეძელი და თან, ცოდვებისგან გათავისუფლებულის შეგრძნებით, ბილიკს საოცრად მსუბუქად მიუყვები.

მოსეს მთის მოლოცვის შემდეგ წმინდა ეკატერინეს მონასტერი ფართოდ გიღებთ კარს. სწორედ ამ მონასტრის ტერიტორიაზე ნახავთ ჭას, რომელიც მოსემ აღმოაჩინა უდაბნოში და შემდეგ ნაპოლეონმა მოდერნიზება გაუკეთა. ჭის გვერდით კი ათასწლოვანი მაყვლის ბუჩქია, რომელიც მოსეს სასწაულებში ალმოდებული მაყვლის ბუჩქის სახელით არის ცნობილი. მომლოცველებს მასთან მიახლოება ეკრძალებათ, რადგან ერთი პერიოდი მნახველები ბუჩქს სერიოზულ ზიანს აყენებდნენ.

დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის მმართველის, კონსტის ასული იყო. ულამაზესი ქალიშვილის ხელს ბევრი თხოულობდა, მაგრამ მან თქვა, რომ მხოლოდ იმას გაჰყვებოდა ცოლად, ვინც მასზე დიდგვაროვანი და ბრძენი იქნებოდა. ეკატერინეს დედა ქრისტიანი იყო, რომელმაც შვილს ღვთის სიყვარული ასწავლა.

ერთხელ დედამ შვილი ფარულად გამოქვაბულში მოძღვართან წაიყვანა, რომელმაც რჩევა–დარიგება მისცა და ღვთისმშობლის ხატი აჩუქა, რომ ელოცა. ღამე ეკატერინეს ღვთისმშობელი გამოეცხადა ყრმა იესოთი და უფალმა ქალწულს ბეჭედი უბოძა. როდესაც გაიღვიძა წმინდანმა, ხელზე მართლაც ბეჭედი ეკეთა, რამაც იგი უფრო დიდი მორწმუნე გახადა. სწორედ ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე თავად იმპერატორი მაქსიმიანე ჩავიდა. ვინც ქრისტეს ირწმუნებდა, ყველას სიკვდილით სჯიდნენ, დიდმოწამე ეკატერინემ კი ხმამაღლა აღიარა თავისი სარწმუნოება.

იმპერატორი მოიხიბლა ქალწულის სილამაზით და იმპერიის 50 ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუწოდა, მას სიბრძნეში შეჯიბრებოდნენ, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი მოაქცია. ნეტარმა ქალწულმა ჯვარი გადასახა აღმსარებლებს, რის შემდეგაც მათ "ახოვნად იდეს თავს სიკვდილი ქრისტესთვის". იმპერატორის ბრძანებით, მარტვილები ცეცხლში დაწვეს.

ამის შემდეგ იმპერატორმა წმინდანი საპყრობილეში გამოამწყვდია. მეორე დღეს იგი ისევ სამსჯავროზე წარადგინეს და მოკვლით დაემუქრნენ, მაგრამ წმინდა ქალწულმა თავისი სარწმუნოება არ დათმო. შემდეგ ცოლობა შესთავაზა იმპერატორმა, ხოლო ნეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ თავისი ზეციური სიძის – ქრისტეს ერთგული რჩებოდა, მისდამი ლოცვა აღავლინა და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უსჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს.

ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. გარდაცვალებიდან ორი საუკუნის შემდეგ, V| საუკუნეში, ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს უფლის სათნომყოფელის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და პატივით გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს (527–565 წ.წ. ხს. 27 ნოემბერს) მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში.

წმინდა ეკატერინეს მონასტერი – ყველაზე ხელშეუხებელი ქრისტიანული სავანე
წმინდა ეკატერინეს მონასტერში სამონასტრო ცხოვრება უწყვეტად გრძელდება. მას სწყალობდნენ არაბი ხალიფები, თურქი სულთნები, ნაპოლეონიც. მონასტერი არც ერთხელ გაძარცულა და ამიტომ იქ ყველაზე კარგად არის შენარჩუნებული ქრისტიანული სიწმინდეები. ეგვიპტის ისლამიზაციის შემდეგ, მე–10 საუკუნეში, მონასტრის ეზოში აიგო მეჩეთი. ამ ბრძნული ნაბიჯის შედეგად მონასტერი მთელი ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელ ყოფილა დაპყრობილი და დაზიანებული.

მონასტრის ეზოში მდებარე ეკლესიაში გამოსახულია იესოს მოზაიკა, რომელიც ყველაზე ძველია მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის და სრულად და უვნებლად არის შემორჩენილი. მონასტრის ტერიტორიაზე, ცნობილი მაყვლის ბუჩქის გვერდით, არის წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია, სადაც მლოცველთა შესვლა მხოლოდ ფეხშიშველაა შესაძლებელი. ეს წესი მოსეს დროიდან მოდის, როდესაც მას მამაღმერთმა უთხრა: "გაიხადე ფეხთ, რადგან მიწა, რომელზეც დგახარ, წმინდა მიწაა". მაყვლის ეს ბუჩქი ერთადერთია მთელ არაბეთის ნახევარკუნძულზე. მრავალი მცდელობის მიუხედავად, რომ მისი ნერგი სხვაგან გაეხარებინათ, ეს ვერ მოახერხეს.

მონასტრის ტერიტორიაზე ასევე არის გალერეა, სადაც გამოფენილია 2 ათასამდე უნიკალური ხატი. თითოეულ ხატს აქვს განსაკუთრებული ღირებულება, როგორც მხატვრული, ასევე ისტორიული და სულიერი კუთხით. სწორედ აქ ინახება 12 ყველაზე იშვიათი და ყველაზე ძველი ხატი, რომლებიც მე–6 საუკუნემდე თარიღდება. ასევე ცნობილია ეკატერინეს მონასტერი თავისი უნიკალური ხელნაწერების საცავით. იქ დაცული ხელნაწერთა ბიბლიოთეკა მხოლოდ ვატიკანს თუ ჩამოუვარდება. 3000 ათასი ხელნაწერიდან ორი მესამედი დაწერილია ბერძნულად, დანარჩენი – არაბულად, ქართულად, სირიულად, კოპტურად და სლავურ ენებზე.

მონასტერში მომლოცველთა შესვლა მკაცრად არის განსაზღვრული – დილის 9–დან შუადღის 12 საათამდე. ბევრი ადგილი მომლოცველებისათვის მიუწვდომელია. 2002 წლიდან მონასტერი იუნესკო–ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.


ქართველთა კვალი წმინდა ეკატერინეს მონასტერში


ქართველთა კვალი სინაზე, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, უკვე მე–6 საუკუნიდან იწყება. სინას მთაზე მოღვაწე ქართველმა მწიგნობრებმა, ერთი მხრივ, შეინარჩუნეს ხელნაწერი წიგნის შედგენა–დამზადების იერუსალიმური ტრადიცია და, მეორე მხრივ, გაამდიდრეს და შეავსეს იგი ეკლესიისა და საღვთისმეტყველო აზროვნებისა და კონსტანტინეპოლური მოთხოვნების შესაბამისად. სინას მთაზე რამდენიმე ქართული მონასტრის არსებობა საეჭვო არ უნდა ყოფილიყო, რადგან საუკუნეთა განმავლობაში იქ ქართულ კოლონიას ეხმარებოდნენ ქართველი მეფეები. მემატიანეთა ცნობით, დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე სინაზე მყოფ ქართველ მონაზვნებს მზრუნველობას და ყურადღებას არ აკლებდნენ. "ქართლის ცხოვრებაში" დავითის შესახებ ვკითხულობთ: "მთასა სინას სადა იხილეს ღმერთი, მოსე და ილია აღაშენა მონასტერი და წარსცა ოქრო მრავალათასეული და მოსაკიდელნი ოქსინონი და წიგნები საეკლესიო სრულებით და სამსახურებელი სიწმინდეთა ოქროსა რჩეულისა". მაგრამ, სამწუხაროდ, ქართველთა მიერ აგებული მონასტრების რიცხვი და ის, თუ რომელი წმინდანის სახელზეა აგებული, დღემდე გაურკვეველია, მხოლოდ მაყვლოვანის მონასტერი მოიაზრება, რომ ქართველი ბერ–მონაზვნების აშენებული და დაარსებულია.

მონასტერში ქართველებს ბიბლიოთეკისთვის სპეციალური ოთახი ჰქონდათ გამოყოფილი, საიდანაც წიგნის გატანა იკრძალებოდა. სინაზე მოღვაწე ქართველი ბერ–მონაზვნები ხელოსნურ ჯგუფებად იყვნენ გაერთიანებულები, ერთნი ეტრატს კაზმავდნენ, მეორენი – წმინდა ხელნაწერებს, მესამენი ხატავდნენ, მეოთხენი კი მოსავდნენ.

მე–15 საუკუნიდან თითქმის აღარ ჩანან ქართველები სინას მთაზე, რაც მაჰმადიანთა მომძლავრებამ განაპირობა. საქართველოდანაც აღარ იყო დახმარება, რადგან ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაუძლურდა. ისტორიულ წყაროებსა და ხელნაწერთა ანდერძ–მინაწერებში მწირია ცნობები სინაზე მოქმედი ქართული ეკლესია–მონასტრების შესახებ.

დღეს იქაურ სამონასტრო ცხოვრებაში ქართველი ბერ–მონაზვნები არ მონაწილეობენ.


ავთო ჩიტიძე, ჟურნალი სარკე


sana.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий