ღმერთი

ღმერთი

четверг, 27 марта 2014 г.

"ხელოვნური ჩასახვის იდეა ქრისტიანული ცნობიერებისათვის მკვეთრად მიუღებელი არ არის"

დღევანდელობის აქტუალური თემაა, არის თუ არა ხელოვნური განაყოფიერება ცოდვა და, თუ არის, რატომ? ეს საკითხი ბევრისთვის კვლავ გაუგებარი რჩება, მათ შორს იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც რწმენაში არიან და მართლმადიდებლური წესით ცხოვრებას ცდილობენ. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) განმარტავს, თუ რატომ შეიძლება იქცეს ხელოვნური განაყოფიერება ცოდვად და როგორ უნდა მოერიოს მორწმუნე ცდუნებებსა და სისუსტეებს, რომლებსაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ხვდება.

– მამაო, ეკლესია კრძალავს ხელოვნურ განაყოფიერებას და სცოდავს ექიმი ამის გაკეთებით?

– ხელოვნური ჩასახვის იდეა ჯერ კიდევ არ არის მკვეთრად მიუღებელი ქრისტიანული ცნობიერებისათვის. გაცილებით პრობლემურია იმ მეთოდების ზნეობრივი გამართლება, რომლითაც ეს იდეა ხორციელდება. თანამედროვე ტექნოლოგიები ძირითადად ორ საკითხთან მიმართებაში ეწინააღმდეგება ეკლესიურ ზნეობას: ემბრიონის ადამიანური ღირსების არცნობა და ოჯახურ ერთობაში მესამე პირის – დონორის ჩარევა.

ხელოვნური ჩასახვისას კვერცხუჯრედის განაყოფიერება შეიძლება მოხდეს დედის წიაღში ან დედის ორგანიზმის გარეთ. ქრისტიანული მსოფლმხედველობისათვის ხელოვნური ჩასახვის ერთადერთ მისაღებ ფორმად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მეთოდი, როცა დედაკაცის კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება მისივე სხეულში ქმრის გენეტიკური მასალით. ამასთან ერთად, არ უნდა ხდებოდეს ჰორმონების ზემოქმედებით ჭარბი რაოდენობის კვერცხუჯრედების წარმოქმნა შემდგომში "არასაჭირო" ემბრიონების მოცილების მიზნით. ნებისმიერი სხვა მეთოდი დაუშვებელია ქრისტიანული მორალის თვალსაზრისით.

უნდა ითქვას, რომ ხელოვნური განაყოფიერების ზემოხსენებული მეთოდი ნაკლებად შედეგიანია და ზოგ შემთხვევაში სრულიად უშედეგოც. გაცილებით მეტ შედეგს იძლევა ე.წ. ინ ვინტრო მეთოდი, როცა კვერცხუჯრედის განაყოფიერება ხდება დედის ორგანიზმის გარეთ. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი თავსდება სპეციალურ მკვებავ გარემოში, სადაც ხდება უჯრედების გაყოფა. დაახლოებით რვაუჯრედიანი მდგომარეობის მიღწევისას ჩანასახი შეიყვანება დედის ორგანიზმში. ამ მეთოდის გამოყენებისათვის ჰორმონალური საშუალებებით დედის ორგანიზმში კვერცხუჯრედების წარმოქმნა განსაკუთრებულად სტიმულირდება, ხდება ლაპაროსკოპიით მათი გამოყვანა და რამდენიმე კვერცხუჯრედის გამოყენება (ჩვეულებრივად 3–4). თუ ერთი ემბრიონი ამართლებს და ახერხებს დედის წიაღში განვითარებას, დანარჩენები ნადგურდება ან გამოიყენება საექსპერიმენტოდ, თუ არა და, დედის სხეულში შეიყვანება შემდეგი. ეს ქმედება (ემბრიონების განადგურება) თავისი სიმძიმით აბორტის ცოდვას უტოლდება, რადგან ემბრიონს ჩასახვისთანავე გააჩნია ადამიანის ღირსება. როცა ეკლესია კრძალავს აბორტს, ის არ განსაზღვრავს ემბრიონის ასაკს. რამდენიმე საათის ჩასახულსაც იგივე ღირებულება აქვს, რაც რამდენიმე კვირისას.
შესაძლოა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებამ ისეთი ფაქტის წინაშე დაგვაყენოს, როცა სხეულგარეშე განაყოფიერების მეთოდისათვის არ იქნეს საჭირო ერთ კვერცხუჯრედზე მეტი. მართლმადიდებელი ღმრთისმეტყველები ამ მეთოდის ეთიკურ მხარეზე მსჯელობენ, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ მათი უმეტესობა ამ მეთოდსაც უარყოფითად აფასებს.

სხეულგარეშე განაყოფიერებისას ხშირად ხდება ჩარევა ემბრიონში გენეტიკის "გაუმჯობესების" ან სქესის შერჩევის მიზნით. ფაქტობრივად ეს ჩარევა ღმრთის განგებულებაში ჩარევას წარმოადგენს. ის შემდგომში გაუთვალისწინებელი პრობლემების წინაშე დააყენებს კაცობრიობას.

ოჯახი არის ორი ადამიანის ერთობა. როცა ისინი არიან არა ორ, არამედ ერთხორც, შვილი კი ამ ერთობის ნაყოფია. ამ ერთობაში მესამე პირის ყოველგვარი ჩარევა ოჯახის სიწმინდის ხელყოფაა. სწორედ ასეთი ჩარევაა მესამე პირის – დონორის უჯრედების გამოყენება. ეკლესია ისეთ შემთხვევებსაც ეწინააღმდეგება, როცა გენეტიკური დედა არ არის დედა–რეციპიენტი (ანუ ის ქალი, რომელიც თავს იდებს ბავშვის 9 თვე მუცლით ტარებას), რადგან ორსულობის პერიოდში დედასა და შვილს შორის განსაკუთრებული დედაშვილური ურთიერთობა, ემოციურ–სულიერი კავშირი ყალიბდება. ბავშვისთვის ძნელი ხდება იმის გაგება, ვინ არის მისი დედა – გენეტიკური დედა თუ ის, ვინც მუცლით ატარა და გულით აღიქვამს დედად.

მართლმადიდებელთათვის მნიშვნელოვანია ამ პრობლემის სულიერი მხარე. რატომ მიმართავს ქრისტიანი ხელოვნურ განაყოფიერებას? უშვილობა, ცხადია, ტკივილია ოჯახისათვის. ეკლესია ჯვრისწერისას გამოითხოვს ოჯახის შვილიერებასა და მათ კურთხევას, მაგრამ ერთია განზრახვა კაცისა და სხვა – განგებულება ღმრთისა. უზომო მწუხარება უშვილობის გამო წარმოაჩენს ადამიანის ეგოიზმს. ადამიანი არ ურიგდება ღმრთის განჩინებას, ხელოვნურად ცდილობს წინააღმდეგობის გადალახვას. ასეთ შემთხვევაში ის იმკის სავალალო ნაყოფს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ გვყავდეს შვილი, არამედ ის, რომ შვილი იყოს კეთილგონიერი, ღმრთისმოშიში, ჯანმრთელი. ამისათვის კი არ კმარა მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფა და სწორი აღზრდა, საჭიროა ღმრთის კურთხევაც. მხოლოდ ასეთი შვილიერება ანიჭებს ოჯახს ბედნიერებას, ამიტომ უშვილობისას განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სულიერი ცხოვრების მოწესრიგება, ლოცვა, სიწმინდისაკენ სწრაფვა, მოშურნეობა, ფიქრი იმაზე, თუ რისი თქმა უნდა უფალს შვილიერების დაბრკოლებით. იქნებ მოწყალების ისეთი ფორმისაკენ მოგვიწოდებს, როგორიცაა უდედმამო ბავშვის აღზრდა.

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოჯახი იქმნება არამხოლოდ შვილიერებისათვის. მეუღლეებისთვის ოჯახი არის სიყვარულის, თავდადების, ეგოიზმის დაძლევის, ღმრთის ნებისადმი მორჩილების სასწავლებელი. ჩვენ ვეძიოთ სასუფეველი და ყველაფერი, რაც კეთილი და მისაღებია ჩვენთვის, მოგვეცემა ღმრთის მიერ.

– რა უნდა იყოს მორწმუნისათვის სწორი ცხოვრების საზომი?

– ჩვენი საზომი და იდეალი უნდა იყოს არა მაღალი თანამდებობის და სასულიერო პირთა ცხოვრება, არამედ სახარების სიტყვა და წმინდა მამათა შეხედულებანი. დიახ, ზოგიერთი სასულიერო პირი შეიძლება ერთობოდეს ერისკაცის მსგავსად, მაგრამ რატომ უნდა მოგვწონდეს ისინი, ვინც ამართლებს ჩვენს სურვილებს და არ მოგვწონდეს ისინი, ვისი ცხოვრებაც გვამხელს? წარმოგიდგენიათ, ვთქვათ, წმინდა მოციქულები ბანქოს სათამაშოდ შეკრებილნი? ან წმინდა ნიკოლოზი ფეხბურთის მოთამაშედ? (ღმერთმა შემინდოს მათი მსგავსად მოხსენიება). ლაპარაკია იდეალზე და არა ჩვენს შესაძლებლობებზე. როცა იდეალი ადამიანის სურვილთან და შესაძლებლობასთან იგივდება, ის უკვე არ არის იდეალი.

– მაგრამ ადამიანები ვართ და გვაქვს ჩვენი სისუსტეებიც. ბევრი ამბობს, რომ წმინდანობის პრეტენზია არ აქვს.

– დიახ, ადამიანები ვართ, მაგრამ დაცემული ადამიანები. ისინი, ვინც განიდევნა სამოთხიდან, რათა წუთისოფლის ხანმოკლე ჭირით სასუფეველი დაიმკვიდროს; ისინი, ვისშიც არ დარჩა სიწმინდე, რადგან ყოველივეს ცოდვის ბიწი შეერია და, ამდენად, ადამიანური სიკეთე უვარგისი გახადა ღმრთის შესაწირავად; ისინი, ვის გამოხსნას ქრისტეს ჯვარცმა დასჭირდა. შესაბამისად, აქცენტის გაკეთება კაცობრივ ბუნებაზე და ამით თავის მართლება უკვე არის შეჩერების წერტილი. რა თქმა უნდა, საზოგადოების იდეალები იცვლება, შესაბამისად იცვლება ადამიანი, ცხოვრება და ჩვენც მივყვებით მას.
ნამდვილად არ არის ადვილი, აღიარო და თქვა, დაცემული ვარო და შენი ძალით ეცადო, მოერგო მამათა სულს, მაგრამ ამ დროს წმინდა წერილი უნდა გავიხსენოთ, რომელიც გვასწავლის: "ხოლო რომელი–იგი იშუებდეს, ცოცხლივვე მკუდარ არს" (1 ტიმ. 5,6) და კიდევ: "ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისათა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი" (ლუკა, 21,34). "მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისა ამის მტერობაი არს ღმრთისაი? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების" (იაკობი, 4.4). სოფელში იგულისხმება არა დედამიწა, არამედ ადამიანთა ურთიერთობის წესები, მათი იდეალები, ზნეობრივი შეხედულებები. გასაგებია, რომ ძნელია, მოარგო თანამედროვე ცხოვრება და მამათა სწავლება ერთმანეთს, მაგრამ ვინ გვაძალებს? მაცხოვარი ბრძანებს: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ–ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე" (მათე, 16.24).

უნდა გვახსოვდეს, რისთვის მოვედით ამქვეყნად და არ დავიბადეთ პირდაპირ სასუფეველში: რომ განვიძარცვოთ ძველი კაცი და ახალი შევიმოსოთ. მამა პაისის თანახმად, იმისათვის არ მოვსულვართ, რომ როგორმე კომფორტულად მოვეწყოთ აქ, არამედ რათა განვიწმიდოთ და ქრისტესთან მივიდეთ.

– რა არის ამ ეპოქის მორწმუნეების სისუსტე?

– ბოლო ჟამის ქრისტიანების უბედურება წუთისოფელთან შემრიგებლობაშია. დაიკარგა სიმხურვალე; მიწიერმა ემოციებმა შეცვალეს სულიერი განცდები; უფრო და უფრო ცოტა რჩება ამქვეყნად ცოცხალი მისაბაძი მაგალითი ქრისტეს ერთგულებისა; ვერ იტევს წუთისოფელი ქრისტეს. ვისთან ვართ ჩვენ? შევძლებთ, ვიცნოთ და შევუდგეთ ქრისტეს? თუ აღმოვჩნდებით იმ უმრავლესობასთან, რომელმაც დაამსხვრია ქრისტეს სწავლება და მისი აგურებით თავის ტაძარს აგებს? ამ კითხვებზე პასუხი გვაჩვენებს გზას, რომელსაც მივყვებით.


მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე


sana.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий