ღმერთი

ღმერთი

вторник, 6 мая 2014 г.

დეკანოზი დავით დათუაშვილი: “მომაკვდინებელი ცოდვის დაკანონება ხდება”

“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონით იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია. კანონის საბოლოო ვერსიის მიმართ შენიშვნები აქვს საპატრიარქოს, პროტესტს გამოთქვამს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც.

დეკანოზი დავით დათუაშვილი (თბილისის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი): „სამწუხაროდ, ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან საშინელი ცოდვის დაკანონება ხდება. ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება პატრიარქი, სამღვდელოება და საქართველოს მოსახლეობის 90%–ზე მეტი. მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ გაუნათლებლად და ბნელებად სურთ მონათლონ ის ადამიანები, ვინც არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს მძიმე ცოდვად მიიჩნევს, ხოლო აღნიშნულ კანონს კი ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად თვლის. სამწუხაროდ, დღეს ვერც მედია საშუალებები ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რომ იყვნენ ობიექტურები და თქვან სიმართლე, რაც ქვეყანაში ხდება.


გვეუბნებიან, თითქოს აღნიშნული კანონის მიღება ევროკავშირში შესვლისთვისაა საჭირო, მაშინ, როცა სინამდვილეში, ასეთი მოთხოვნა არ არსებობს. და ეს კარგად იციან კანონმდებლებმა. მაშ, რაშია საქმე?! რატომ ხდება ამ საკითხის ასე პედალირება და სასწრაფო წესით მიღება? სამწუხაროდ, დღეს პარლამენტში არიან ის ძალები, რომლებიც სხვადასხვა დროს იდეოლოგიურად და მატერიალურად გამოიკვებნენ სოროსის მიერ დაფინანსებული „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და „ფონდი ღია საქართველოს“ რიგებიდან. სოროსის მთავარი მოთხოვნა კი გახლავთ ასეთი: „მართლმადიდებლობა არის პროგრესისა და დემოკრატიის შემაფერხებელი და ყველა საშუალებით უნდა მოხდეს მისი დისკრედიტაცია, დაკნინება და შესუსტება.“ აქედან გამომდინარე, ყველაფერი გასაგებია, რატომ იქცევიან ეს ვაიპოლიტიკოსები ასეთი მეთოდებით.

ის ადამიანები, ვისაც დღეს კანონების მიღება ხელეწიფება, ხალხმა აირჩია იმისათვის, რომ მიღებული კანონები სიკეთის მომტანი ყოფილიყო როგორც მართლმადიდებელი მოსახლეობის, ასევე საქართველოში თითოეული მცხოვრებისათვის. დღეს კი სხვა რამ ხდება. ვუსმენ ამ ადამიანების გამოსვლებს და მახსენდება ძველი აღთქმიდან ერთი ამბავი: ლოთს ოჯახში სამი მგზავრი ეწვევა, ისინი მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა იყვნენ. როგორც ღვთის მოშიში და მდაბალი ადამიანი, ლოთი სიყვარულითა და სითბოთი მიიღებს მათ. როცა მეზობლებმა მისი სტუმრების შესახებ შეიტყვეს, კართან ძახილი დაიწყეს, რომ გამოეყვანა სტუმრები, რათა შეეცნოთ და მათთან ეცხოვრათ. ანუ დღეს როგორც ვამბობთ, არატრადიციული სექსუალური ურთიერთობა დაემყარებინათ. ისინი მამათმავლები, ლესბოსელები, ტრანსექსუალები და არაბუნებრივი სექსუალური მოთხოვნილებების მქონენი იყვნენ…

ვიღაცას, რაც ძველ აღთქმაშია აღწერილი, ზღაპარი ჰგონია, მაგრამ რა ხდება დღეს? თითოეულ ჩვენგანს გვეუბნებიან, რომ ჩვენთან უნდა იცხოვრონ, უნდა შეგვიცნონ და საზიზღრობას თავს გვახვევენ.

ქრისტიანობა არ გახლავთ ის რელიგია, რომელიც ძალმომრეობას ქადაგებს. ამ მიდრეკილებებს ვუყურებთ, როგორც ავადმყოფობას და ვეუბნებით მათ, მოვიდნენ ეკლესიაში და ვიცით, როგორ შეიძლება მათი განკურნება. მრევლში მყოფი ასეთი ადამიანები ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანია.

როცა არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების მქონე ადამიანები იქნებიან მასწავლებლები, მინისტრები, რა უნდა გვასწავლონ და რა უნდა გააკეთონ ქვეყნისათვის კარგი?!

ჩვენ უნდა მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან, შეაჩერონ ამ კანონის მოქმედება და გადაიხედოს საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმინობა. დღეს ბევრი ასეთი ორგანიზაციის პირდაპირი მიზანია მართლმადიდებლური ეკლესიის შეურაცხყოფა.

უფალი ჩვენგან მოციქულეობრივ ღვაწლს ითხოვს. ანტიქრისტე იწყებს თავის მოქმედებას. ამიტომ უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ცოდვის დაკანონება არ შეიძლება. თუ ამ მისიას კარგად შევასრულებთ, დარწმუნებული ვარ, ეს საზიზღრობა ვერ გაიმარჯვებს. ძალმომრეობისკენ არ მოგიწოდებთ, მაგრამ პროტესტის ხმა სხვანაირად შეიძლება მივაწვდინოთ. პრობლემისგან გაქცევა საჭირო არაა.

საქართველოში მაცხოვრებელი ხალხი ძალიან მომთმენია. ყველა სახის გაჭირვებას უძლებს, მაგრამ ვერასდროს შეეგუება, როცა ჩვენს სულებს შეეხებიან, მრწამსს ფეხით გათელავენ და სულში ჩაგვაფურთხებენ. სტატისტიკით საქართველოში 84% მართლმადიდებელი ქრისტიანია. მათგან მხოლოდ 10–12 %–ია ეკლესიურად მაცხოვრებელი. ამიტომ მოუწოდეთ ადამიანებს ეკლესიაში სიარულისკენ. უზრუნველობა კარგის მომტანი არ არის.

შეგახსენებთ ერთ ამბავს ფაშისტური გერმანიის ისტორიიდან. მარტინ ნიმიოლერი,
პასტორი, რომელიც ჰიტლერის მოღვაწეობისას მსახურობდა, გერმანიაში იყო და როდესაც ისიც დაიჭირეს, ასეთი რამ დაწერა:

„როცა ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირის წევრი არ ვყოფილვარ. კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო…“

ერთი მხრივ, უზრუნველი ცხოვრება თითქოს კარგია, მაგრამ ასეთი რამ რომ არ დაგვემართოს, ვიყოთ ფხიზლად. უფალი ჩვენთანაა და მას სურს ჩვენი სიმტკიცე დაინახოს. მიმტევებლები უნდა ვიყოთ, მაგრამ იმ ადამიანებს ჯერ სინანულის გრძნობა უნდა გაუჩნდეთ. თითოეული ჩვენგანი ვლოცულობთ მათთვის…

როდესაც რაიმე განსაცდელი მოდის, ეკლესია ვალდებულია, იყოს ხმად მღაღადებლისა… ვილოცოთ იმისათვის, რომ სახელმწიფოს სათავეში მოვიდნენ ის ადამიანები, ვისაც ეყვარება ღმერთი არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც. მაშინ შეიძლება ვენდოთ მათ, რამაც შეიძლება მოიტანოს საქართველოს გაბრწყინება.“

თეონა ნოზაძე


http://www.ambioni.ge/dekanozi-davit-datuasvili-momakvdinebeli-codvis-dakanoneba-xdeba

Комментариев нет:

Отправить комментарий